Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თეატრი-სტუდია „არგონავტების ნავი“ და კირილე ზდანევიჩის არგონავტიკა

თეა ტაბატაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

“მენშევიზმის დროინდელ ჩემს ბიოგრაფიაში ორ
შემოქმედებით მოვლენას გამოვყოფ: პირველი – კლუბ
რესტორან “არგონავტების ნავის” მოხატულობა,
შესრულებული მატისისა და ვან დონგენის  სტილით, …
ლამაზად და ფერადოვნად”.

კირილე ზდანევიჩი. „მე - მაგონდება“


1917-21 წლების თბილისის სახელოვნებო სივრცეს „არტისტული კაფეების ეპოქაც“ უწოდეNana Kipiani, Levan Chogoshvili. "Palimsest Tiflis - Art in Tiflis" in: "Memories of Tiflis".  Fachhochschulverlag,  LAS Press New York,  p. 139, 2018, New York და, მართლაც,1917 წლიდან რუსთაველის პროსპექტის ერთ მცირე მონაკვეთზე, ერთმანეთის მიყოლებით იხსნება მოდერნისტული არტისტული კაფეები: „ფანტასტიკური დუქანი“ (1917 წლის 12 ნოებერი), „ფარშევანგის კუდი“ (1918 წლის გაზაფხული), „არგონავტების ნავი“,  „ქიმერიონი“ (1919 წლის  დეკემბერი).
კაფეები ტფილისის ავანგარდის განსაკუთრებული მიზიდულობის ცენტრი იყო - ავანგარდული ხელოვნების ექსპერიმენტული სივრცე. თბილისელი და თბილისში იმხანად მრავლად ჩამოსული მოდერნისტები ყველაზე ხშირად აქ იყრიდნენ თავს. სწორედ აქ,    კირილე და ილია ზდანევიჩების, ლადო გუდიაშვილის, იური დეგენის, სერ-გეის, ალექსანდრე პეტრაკოვსკის, დავით კაკაბაძის, სერგეი სუდეიკინის მიერ მოხატული კედლების ფონზე,ევროპისა (la Coupole, პარიზი, Café De L’Aubette, სტრასბურგი) და რუსეთის (მაწანწალა ძაღლი“  და „კომედიანტთა თავშესაფარი“,  პეტერბურგი, „პიტორესკი“,  მოსკოვი) მოდერნისტული კაფეების მსგავსად, თბილისის არტისტული კაფეებიც მოხატული იყო: „ფანტასტიკური დუქანი“: ლადო გუდიაშვილის, ილია ზდანევიჩის, სერ-გეის, ალექსანდრე პეტრაკოვსკის, იაკობ ნიკოლაძეის, იური დეგენის,  „ფარშევანგის კუდი“ – კირილე ზდანევიჩსა და ვალიშევსკის, „არგონავტთა ნავი“ - კირილე ზდანევიჩის, ლადო გუდიაშვილის, ალექსანდრ ბაჟბეუქ-მელიქოვის, ხოლო „ქიმერიონი“ - სერგეი სუდეიკინის, ლადო გუდიაშვილის,   დავით კაკაბაძის (ლადო გუდიაშვილისა და კირილე ზდანევიჩის მოგონებების თანახმად, მოხატვაში მონაწილეობას კირილე ზდანევიჩი და ვალიშევსკიც იღებდნენ) 1919 წელს და, მოგვიანებით, ირაკლი და მოსე თოიძეების მიერგაუთავებლად იმართებოდა  „ფუტურვსეუჩბისჩეს“ ხმაურიანი თავყრილობები, პოეტებისა და მსახიობების ბენეფისები, ლექციები, გამოფენები, კონცერტები, ექსპერიმენტული წარმოდგენები და როგორც ა. კრუჩიონიხი წერს, „არათუ სხვადასხვა მიმდინარეობის პოეტები გამოდიოდნენ, არამედ გამოდიოდნენ ყველა ენაზე, ზაუმისა და ესპერანტოს ჩათვლით“ А. Кручёных. ФантастическийКабачёк. жур.Куранты. N2. 1919.  Тифлис.

1. თბილისის „კრუჟოკის“ შენობა (ახლანდელი ოფიცერთა სახლი), არქ. დ. ჩისლიევი. 1916

1919 წელს, როდესაც ყველა ეს კაფე ერთდროულად ფუნქციონირებდა, რუსთაველის გამზირი, ოპერიდან დღევანდელ რუსთაველის თეატრამდე, ალბათ, ხმაურიან ხომალდს  ჰგავდა. ერთ მათგანს დაარქვეს  კიდეც „არგონავტების ნავი“.
მის შესახებ 1919 წელს ბორის კორნეევი წერდა: „ტფილისის მხატვრული ცხოვრება გასულ წელს სხვა მიღწევებთან ერთად ბოჰემური ტიპის სტუდიის _ „არგონავტების ნავის“ გახსნითაც აღინიშნა. მისი კოლორიტი პეტერბურგის ამ ტიპის დაწესებულებებს _ „მაწანწალა ძაღლსა“ და „კომედიანტთა თავშესაფარს“ გვაგონებს, სადაც ყოველივე, კედლის მხატვრობით დაწყებული, განაწესითა და მისი შინაარსით დამთავრებული, საკუთარ მაყურებელზე – პოეტზე, მხატვარსა და მსახიობზე იყო გათვლილი“ Б. Корнеев. жур. Куранты, с. 23, 1919. Тифлис
არტისტული კაფე, თეატრი-სტუდია „არგონავტების ნავი“ 1918 წლის შემოდგომაზე, ყოფილი „კრუჟოკის“ (Кружок), დღეს რომ „ოფიცერთა სახლს“ ვუწოდებთ, რუსთაველის გამზირის N 16-ში მდებარე შენობის სარდაფში გაიხსნა. მისი კედლები, როგორც ვთქვით, კირილე ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს.

2. კირილე ზდანევიჩი, „არგონავტების ნავის“ ინტერიერის მოხატულობის ფრაგმენტი. 1918

თეატრ-სტუდიის, რომელსაც „ამერიკულ ბარსა“ და, ირონიულად, „არგონავტების ვარცლსაც“„იქვე ახლო, იმავ რუსთაველის პროსპექტზე, ქვემოთ, სარდაფში, ამერიკული „ბარ“ იყო გამართული, სახელად – „არგონავტების ვარცლი“. გრ. რობაქიძე,  ფალესტრა. გვ.  237-238. 1988. თბილისიუწოდებს  გრიგოლ რობაქიძე, ერთ-ერთი სალიტერატურო ხელმძღვანელი თავად იყო. მასთან ერთად - სერგეი გოროდეცკი, ტიციან ტაბიძე და ვალერიან გაფრინდაშვილი. თეატრალურ მხარეს იაკობ ლვოვი უძღვებოდა, მუსიკალურს - სანდრო კორონა (ალექსანდრე ყანჩელი), ხოლო სახელოვნებო-ვიზუალურს - კირილე ზდანევიჩი.

3. კირილე ზდანევიჩი, „არგონავტების ნავის“ ინტერიერის მოხატულობის ფრაგმენტი. 1918

ახალი ლიტერატურული დაჯგუფება - „პოეტების ცეხი“ აქ წარუდგენია საზოგადოებისთვის ს. გოროდეცკის. იმ დროის ჟურნალ-გაზეთების ქრონიკებიდან ირკვევა, რომ “არგონავტების ნავში“ დაუდგამთ ს. გოროდეცკის მიერ თარგმნილი აკ. წერეთლის აფხაზური პოემა, რუსეთის სამეფო ცენზურის მიერ აკრძალული მიხ. კუზმინის ერთაქტიანი პიესები „ორი მწყემსი“ და „ნიმფა ქოხში“, ს. გოროდეცკის სკეტჩები - „ანერი და მონტანი“, „ტენორი და რეცენზენტი“, „ბიჭუნა ჰარემიდან“. კომპოზიტორ ნიკოლოზ ჩერეპნინის საღამო,Т. Никольская.  Фантастический город. с . 14-15. 2000 .Москва.  კირილე ზდანევიჩისა და სანდრო კორონას ბენეფისიც, იური დეგენის სიტყვებით, კირილე ზდანევიჩის „შესანიშნავი დეკორაციებით“ გაფორმებული, აქვე გამართულა.

4. კირილე ზდანევიჩი, „არგონავტების ნავის“ ინტერიერის მოხატულობის ფრაგმენტი. 1918

რატომ ან ვინ უწოდა ამ კაფეს „არგონავტების ნავი“, ჩვენთვის უცნობია. მაგრამ ეს არჩევანი შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო. გავიხსენოთ, თუნდაც, “ქიმერიონისთვის” სახელის შესარჩევად რამდენიმე დღე რომ ბჭობდნენ ცისფერყანწელები. მართალია, არგონავტების, არგოს, მედეას სახეები ქართველი მოდერნისტების, იმავე ტიციან ტაბიძის პოეზიაში არაერთხელ გვხვდება,  მაგრამ, მგონია, რომ ავტორობა მაინც უფრო  გრიგოლ რობაქიძეს უნდა მიეწეროს. იქნებ, ამ დასახელებით „მის რომანებში მუდმივად მოცემული ქრონოტოპული ორმაგობა - ემპირიული და მითოსური დრო-სივრცის მუდმივი ურთიერთგადასვლა და ურთიერთმონაცვლეობა“კ. ბრეგაძე.  გრიგოლ რობაქიძის რომანების პოეტიკა. ქართული მოდერნიზმი. გვ. 172.2013. თბილისი.  უნდა შემატებოდა ამ ტერიტორიას - მისი საკრალიზება უნდა მომხდარიყო, ოღონდ „არგონავტების ვარცლისა“ არ იყოს, თუ ირონიული არა, ღიმილნარევი ინტონაციით მაინც. „არგონავტების ვარცლში“, - წერს იგი „ფალესტრაში’’, - ‘’იყო კიდევ სხვა, უფრო მიმზიდველი: თორმეტ ჩადედლებულ ქალიშვილებს მოჰქონდათ სტუმრებთან დაკვეთილი (სასმელი თუ საჭმელი, თუ ორივე ერთად). ეს იყო ალბათ იმ განზრახვით, რომ რომელიმე სტუმარი (და განა მარტო ერთი?) თავის თავს იაზონად წარმოიდგენდა (ეს უთუოდ!) და ამ ქალიშვილებში მედეას იხილავდა (გასაცნობად, თუ...)“გრ. რობაქიძე,  ფალესტრა. გვ.  237-238. 1988. თბილისიდა,თუკი ეს ასეა, თუკი არგონავტების ნავში მყოფებს თავი არგონავტებად უნდა წარმოედგინათ, და ეს, სავარაუდოდ, ასეც იქნებოდა ჩაფიქრებული, მაშინ, ეს დასახელება ავანგარდულ განაცხადადაც ჟღერს: ზღვის - საზღვრის გადალახვის, ახალი გზების მოპოვების, ახალი სივრცეების დაპყრობის რიტორიკად.

5. კირილე ზდანევიჩი, „არგონავტების ნავის“ ინტერიერის მოხატულობის ფრაგმენტი. 1918

გრიგოლ რობაქიძე იმასაც წერს, რომ  „ნავში“ ლექსების, სიმღერისა და ფუტურისტული ესკიზების გარდა, სხვაც იყო: კოკტაილ „კახურს“ ეცილებოდაო“გრ. რობაქიძე, იქვეაქაც,  ისევე, როგორც „ქიმერიონში“, სადაც გიორგი ლეონიძის ტრადიციულ  ქორწილს ნიკოლოზ ევრეინოვის ექსპერიმენტული დადგმები ენაცვლებოდა ან „ფანტასტიკურ დუქანში“, სადაც ხაზაროვის მცდელობა, ფროიდის მეთოდით აეხსნა „ევგენი ონეგინიდან“ ტატიანას სიზმარი, ვინმე თბილისელი „მოქალაქის“ ანეკდოტური კომენტარებით დასრულდა,„…სწავლულ გიორგი არტემიჩ ხარაზოვ, სპეციალობით მათემატიკოსი და განხრით ფროიდიანელი. დრო-გამოშვებით მექანიკურ ლექსებსაც „აკეთებდა” . იგი ყველაფერს ხსნიდა ფროიდის მეთოდით. ერთხელ ამ მეთოდით პუშკინის ტატიანას სიზმარიც ახსნა. უეცრად კაბაჩოკის კარებს ვინმე ტფილისელი “მოქალაქე” მოადგა: თურმე გაკვირვებოდა სიზმარის ახსნა და ჩუმად აყუდებულ იყო იქვე. ხარაზოვმა რომ სიტყვა გაათავა, “მოქალაქემ” უეცრად მსმენელ საზოგადოებას გადასძახა: ”ვა, სიზმრი სახსნა თუ გინდათ, ავლაბრელ ვანუას ქვრივს კითხეთ, რაღა”. საზოგადოება სახტად დარჩა. ხმაური, ხარხარი”. გრ. რობაქიძე.   იქვეყველაფერი ერთად იყრიდა თავს. „არგონავტების ნავში“, ისევე როგორც თბილისის სხვა არტისტულ კაფეებში, ისევე, როგორც ტფილისურ ავანგარდსა და მაშინდელ  თბილისში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ სხვადასხვა ეროვნების ხელოვანები, იდეოლოგიურად თუ გენერაციულად ტრადიციულად დაპირისპირებული ,განსხვავებული მხატვრული აზროვნება, კომუნიკაციის ავანგარდული  ფორმები და ქალაქის ტრადიციული ყოფა .„არგონავტების ნავი“, ისევე, როგორც თბილისის სხვა არტისტული კაფეები -„ფანტასტური თბილისის“ ფანტასტიკური ქრონოტოპია, არა მხოლოდ იმ ხელოვნების ხარისხითა და თვისებრიობით, რომელიც მის კედლებში და მის კედლებზე არსებობდა, არამედ როგორც მოვლენა, მთლიანობაში როგორც ფენომენი. მართლაც, თუკი, პოლ მანინგის აზრით, ურბანული მოდერნულობის მისაკვლევად   - cherchez le Café - კაფე უნდა ვეძიოთ,P. Manning.  The Theory of the Café  Peripheral: Laghidze’s Waters and Peripheral Urban Modernity. Forum for Anthropology and Culture. no. 7.  p. 190.   2012  მაშინ, ამ მოდერნულობის წიაღში აღმოცენებული მოდერნისტული კულტურის ბუნების გასაგებად - cherchez le Artistic Café - არტისტულ კაფეს უნდა მივმართოთ.

6. კირილე ზდანევიჩი, „არგონავტების ნავის“ ინტერიერის მოხატულობის ფრაგმენტი. 1918

„სწორედ ასეთი’’, - იხსენებს იური დეგენი, - „სცენითა და კედლის მხატვრობით დაწყებული და პაწაწინა ჭიქებით მორთმეული ყავით დამთავრებული, ბოჰემური ხელოვნებით გამსჭვალული დაწესებულება აკლდა ბევრ თბილისელს. მხოლოდ ამ კვირას ჩავედი პირველად ფართო, რბილქეჩაგადაკრული კიბით „არგონავტების ნავის” ჭრელ „ტრიუმში” და, როგორც ჩანს, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საღამოზე აღმოვჩნდი. ეს „ნავის“ მხურვალე გულშემატკივრის, მთელი თბილისისათვის ცნობილი პოეტისა და კომპოზიტორის - სანდრო კორონას ბენეფისი იყო. საღამოს პროგრამა, ბოლო ნომრის (ბალეტის) გამოკლებით, ბენეფიციანტის ნაწარმოებებით იყო შედგენილი. უნებურად გიწევს გაოცება, როგორ წინ წავიდა მხატვრული განვითარების მხრივ თბილისი. მთელი ეს საღამო, <...> სავსებით დედაქალაქურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორც სცენაზე წარმოდგენილი დადგმის, კირილე ზდანევიჩის შესანიშნავი დეკორაციისა და მონაწილეთა შერჩევის მხრივ, ასევე მთელი საღამოს განმავლობაში „ნავში” გამეფებული განწყობის თვალსაზრისით“. Ю. Деген .В «Ладье аргонавтов». газ.  Тифлисский листок. # 226. 1918. Тифлис.
იური დეგენის მიერ აღწერილ „არგონავტების ნავის“ ამ სივრცეში კოლეგებთან ერთად პირველად 1999 წელს ჩავედით, ოღონდ, „ჭრელი ტრიუმის“ ნაცვალად, დიდი ავზებით გამოტენილი, თითქმის გავერანებული სარდაფი დაგვხვდა, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა საწყობად, მერე - საქვაბედ. საჰაერო-სავენტილაციო სისტემა სრულიად მოშლილი იყო, წყლისა და დაზიანებული საკანალიზაციო მილებიდან გამოჟონილი წყალი პირდაპირ კედლებზე ჩამოედინებოდა, დატბორილი იყო იატაკიც. „არგონავტების ნავის“ მოხატულობა იქამდე დაკარგულად ითვლებოდა ან კულტურის საბჭოთა პოლიტიკის მიერ დაკარგულად უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ ელექტროგაყვანილობისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო მილითა და სადენით დაზიანებული კედლის უხეში შელესილობის მრავალჯერადი ფენის  ქვეშ მოხატულობის ფრაგმენტები ჩანდა, რომლებიც რესტავრატორებს გაეხსნათ. გახსნილი ფრაგმენტი კირილე ზდანევიჩს ეკუთვნოდა. გუდიაშვილისა და ბაჟბეუქ-მელიქოვის ნამუშევრები, ჩვენი ვარაუდით, სარდაფის დანარჩენ კედლებზე შელესილობით უნდა ყოფილიყო დაფარული - ჩამოცვენილი შელესილობის მცირე ფრაგმენტების ქვეშ საღებავის ფენა მოჩანდა. 1999-2000 წლებში სარდაფის მფლობელების მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს კედლების შელესილობა ჩამოიფხიკა და მხატვრობის უდიდესი ნაწილი დაიღუპა. მაშინ, კედლის ფართობის დაახლოებით 20 კვ. მ-ზე მხოლოდ კირილე ზდანევიჩის მოხატულობის უკვე ძლიერ დაზიანებული ნაწილი გადარჩა. წლების განმავლობაში მრავალი მცდელობის შემდეგ, როდესაც მხატვრობის რესტავრაცია საბოლოოდ დაიგეგმა, სწორედ მაშინ, 2018 წლის მარტს, მოულოდნელად ირკვევა, რომ მოხატულობა აღარ არსებობს.
კირილე ზდანევიჩის „არგონავტების ნავის“ მხატვრობის შესახებ ახლა მხოლოდ ფოტოების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, ისიც მხოლოდ ვარაუდით, არსებულისა და წარმოდგენითის სიმულაციას არცთუ  მოკლებულ ზღვარზე.

7. კირილე ზდანევიჩი, „არგონავტების ნავის“ ინტერიერის მოხატულობის ფრაგმენტი. 1918

მოხატულობის ხილულ ნაწილზე ფანტასტიკური ბაღი ჩანდა. ხილით დახუნძლული ხით, ლამპიონით, ლურჯი ფონით - ლაჟვარდისფერი გარემოთი და გაზნექილი ქალებით, მათი მკვეთრი რაკურსებით, ტალღისებური ხაზებით, ხვეული თმებით, მძივებით, ჭრელი კაბებითა და გაფრიალებული მოსასხამებით - ხესთან, ნაყოფთან, მძივისებრ კოლონებთან ერთად ხალიჩასავით რომ ფარავს კედლის ზედაპირს. სულ სამი ქალის ფიგურაა: ერთი მთელი ტანით, ორი - მკერდამდეა, თაღის რკალით გადაჭრილი, მეოთხესი კი მხოლოდ სახე ჩანს კედლის მარჯვენა კიდესთან, სურათში ასევე ფრაგმენტულად შემოჭრილი. ქალები არ ცეკვავენ, მაგრამ სამივეს თავი სხეულთან ერთად, ერთნაირად, უკან აქვს გადაწეული და მზერა სადღაც ზევით მიმართული.  მათ ერთმანეთთან არ აქვთ რაიმე ემოციური კავშირი, ისინი მთელი არსებით მხოლოდ გარემომცველ ზღაპრულ გარემოს მიმართავენ. მათი პასიურობა ერთმანეთის მიმართ და, იმავდროულად, ფორმისმიერი ერთიანობა ამ მიმართებას მხოლოდ აძლიერებს. ერთგვარი  დიონისური საწყისიც იგრძნობა მათს პოზებში, ჭრელ, გაფრიალებულ ქსოვილებში, მათს მისწრაფებაში; ბახუსის თანმხლები მენადების ძალიან შორეული მითოსური ალუზიებიც კი ჩნდება. ხალიჩისებრი ზედაპირი ცოცხალია, მოძრავი. ერთადერთი მკაფიო, მყარი სტრუქტურა  მრავალწახნაგა ფორმის ლამპიონია. სხვა დანარჩენი ყველაფერი სწრაფი, „ფერწერული“ მონასმებით, გამლღვალი, დენადი ან ოდნავ ამორფული ფორმებით იქმნება. ქალების თმების, სახის ნაკვთების, ელასტიური მოძრაობის აღმნიშვნელი კონტურები კი კიდევ უფრო სპონტანურია. ჩანახატისთვის დამახასიათებელი ეს სპონტანურობა, დაუსრულებულობა, და, თანაც, სიზუსტე ძალიან ბუნებრივად და მართლაც არაჩვეულებრივი ოსტატობით ეთავსება დიდ მასშტაბს, ხალიჩისებურ ზედაპირს. ეს დაუსრულებელი, ზოგჯერ, მოუხელთებელი ფორმა არათუ  „იკარგება“ ვრცელ, სიბრტყეზე, პირიქით, მისი გამომსახველობა - ფორმისეული შინაარსი უფრო აქტიურდება და მძაფრდება. მეტიც, იგი კედელზეც იწყებს ზემოქმედებას: კონტურები, მონასმები ხან თხელდება, ხან მკვრივდება, ხან წყდება, ხან მძლავრად ირკალება, ხან მქრქალდება და ფორმას „აიძულებს“, სიბრტყეს შეეზარდოს. ხაზის, მონასმისა და, მთლიანად, ფორმის ამგვარი ცხოველმყოფელობა და ვიტალობა და, თანაც, შეჭიდულობა სიბრტყესთან, თავად სიბრტყესაც - კედელსაც აამოძრავებს. გაზნექილ სხეულებთან, გადაწეული თავების რაკურსებთან ერთად, აიძულებს, რომ ამოიბურცოს, მერე ჩაიზნიქოს - ფორმასთან ერთად დაიტალღოს. თავად კომპოზიციის სქემა, როგორც, ახლა, ფოტოზე ჩანს, თითქოს არსად უნდა ყოფილიყო „ჩაკეტილი“. იგი ასევე ტალღასავით ვრცელდება ჰორიზონტალურად, იმეორებს რა იმ თაღის ოვალს, რომლის თავზეცაა გამოსახული. სურათის ამგვარი განშლა, სიბრტყის ერთიანი დაფარვა გამოსახულებით და კიდეებში მოქცეული ფიგურების ფრაგმენტულობა კედლის ფიზიკურ საზღვრებს უგულებელყოფს - მხატვრობას საკუთარი თავი კედლის მიღმა გაჰყავს, რეალურ სივრცეში განავრცობს. ფოტოზე შემორჩენილი მოხატულობის ამ ნაწილში ლაჟვარდისფერი ლურჯი დომინანტური ფერია. ამ ფერისაა ფონი-გარემო-ცა, თავშლისა და ტანსაცმლის ნაწილები, ერთი ქალის თმაც და ზოგან კონტურიც. ტალღოვანი, მოძრავი, უსაზღვრო, ლურჯი  მხოლოდ ზღვა შეიძლება იყოს. და რატომ არ შეიძლება, რომ „არგონავტების ნავის“ ამ მოხატულობას  კირილე ზდანევიჩისა და მისი თანამედროვე მოდერნისტების - ახალი ხელოვნების არგონავტების სულისკვეთების - საზღვრის გადალახვის, ახალი გზების მოპოვების, ახალი სივრცეების დაპყრობის შინაარსი შევძინოთ. ალბათ, ამას უნდა ნიშნავდეს კირილე ზდანევიჩის არგონავტიკა. მითუმეტეს, როგორც თავადაც აღნიშნავდა მოგონებებში, „არგონავტების ნავის“ მოხატულობა მენშევიზმის დროინდელ მის ბიოგრაფიაში უპირველესი შემოქმედებითი მოვლენა იყო.

8. კის ვან დონგენი, ჰუს პრეტინგერის პორტრეტი. ფრაგმენტი. 1911. ვან გოგის მუზეუმი

როგორც ეპიგრაფში წაიკითხავდით, „ნავის“ მოხატულობა, კირილე ზდანევიჩის მიხედვით, მას „დონგენისა და მატისის სტილით“ შეუსრულებია.  მხატვრობას, თუკი ამ თვალსაზრისით შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ქალები, მანერულად უკანგადაწეული თავითა და მრგვალი მძივების აცმებით, ვარცხნილობით - დონგენის იკონოგრაფიაა, ხალიჩისებური ზედაპირი, მატისს, მაგალითად, მის „წითელ ოთახს“ გვაგონებს - წითელ ფონზე ლურჯ მცენარეულ დეკორს, რომელიც ხან კედელი, ხან - მაგიდაა. სქელი, ფერწერული მონასმები და მკვეთრად კონტრასტული ფერადოვანი ლაქებიც ფოვისტურია. მეტიც, სახეებს, განსაკუთრებით, მარჯვენა კიდეში მოოქროსფრო გამოსახულებას, ექსპრესიონიზმის სიმძაფრე ახასიათებს, ხაზისა და მთლიანად გამოსახულების ტალღოვანი დენადობა და ორნამენტულობა, კომპოზიციის ასევე ორნამენტული სტრუქტურა, „საბედისწერო ქალიც“, მარცხნივ, არ ნუვოს გვახსენებს, ლაჟვარდისფერი ფონი - ირეალური გარემო კი შუა საუკუნეების მხატვრობას - ყინცვისისას, მაგალითად. მაგრამ ეს ყოველივე, მთლიანად, იმდენად ერთიანი და ორგანულია, რომ რომელიმე „სტილი“ უცებ თვალში არც მოგვხდება და ვერც გამოაცალკევებ. ეს კირილე ზდანევიჩის „ორკესტრული ფერწერაა“ - მეთოდი ხელოვნებაში, რომლის პრინციპებსაც ილია ზდანევიჩი, ელი ეგანბიურის ფსევდონიმით, ალექსეი კრუჩიონიხთან ერთად კირილე ზდანევიჩის თბილისის 1917 წლის  გამოფენის კატალოგში აყალიბებს და რომელსაც ამ გამოფენისადმი (მენშევიზმის დროინდელი თავისი შემოქმედების მეორე მიღწევად რომ  მიიჩნევს თავად კირილე ზდანევიჩი) მიძღვნილ წერილში იური დეგენი „მხატვრის ძიებათა დაგვირგვინებად“ მიიჩნევს:Ю. Деген.  Кирилл Зданевич.  жур.Феникс.  N2-3. с. 4.  1919.  Тифлис.   „შესაძლებელია არა მარტო ხატო სხვადასხვა მანერით, არამედ ერთ ტილოზე გააერთიანო ფერწერის სხვადასხვაგვარი გაგება. ყოველი მანერა ახორციელებს ამა თუ იმ ამოცანას, მაგრამ ვერ ხსნის ფერწერას მთლიანობაში. მანერათა გაერთიანებით ოსტატი ათავისუფლებს ხელოვნებას დროით ამოცანათა ძალაუფლებისგან და, ანადგურებს რა ყველანაირი სტილის შემთხვევით ხასიათს, მით არაჩვეულებრივ სისრულეს ანიჭებს ნამუშევარს”.Э. Эганбюри, А. Кручёных. Выставка картин Кирилла Зданевича. с. 2.  1917. Тифлис.ძნელად თუ მახსენდება მეორე ნამუშევარი, რომელიც ამგვარი სისრულით ასახავდეს ორკესტრული ფერწერის თეორიას კირილე ზდანევიჩის ხელოვნებაში.

9. კის ვან დონგენი, მოცეკვავე ანიტა, 1907-1908.  ფრაგმენტი. დანიის ნაციონალური გალერეა

კირილე ზდანევიჩს თბილისის სხვა კაფეებიც უნდა ჰქონოდა მოხატული: „ფარშევანგის კუდი“ ვალიშევსკისთან, როგორც ვიცით, ერთად და „ქიმერიონი“, როგორც თვითონ წერს, დავით კაკაბაძის შესახებ წერილში, „რამდენიმე ფრიზით“. ოღონდ,  „ფარშევანგის კუდის“ მოხატულობა დაკარგულად ითვლება, ხოლო „ქიმერიონში“ რესტავრაციის შემდეგ ეს „ფრიზები“ვერ იქნა მიკვლეული. მოსკოვში მას კიდევ სასოფლო-სამეურნეო მიღწევების გამოფენის დარბაზი, რესტორანი „არაგვი“ და საქართველოს  მუდმივი წარმომადგენლობის ინტერიერი აქვს მოხატული. სამოცდათექვსმეტი წლის ასაკში, გადასახლებაში გატარებულ თორმეტ წელთან დაკავშირებით კი იგი სინანულით წერს: „აშკარაა, ამ წლების განმავლობაში შემეძლო, ფერწერაში რაიმე შთამბეჭდავი, მონუმენტური შემექმნა, რაღაც „უსახლკარო ზანგების მარშის“ მსგავსი“. ძნელი სათქმელია, „შთამბეჭდავსა და მონუმენტურში“ კირილე ზდანევიჩი მხატვრულ ხარისხს გულისხმობდა თუ დიდ ფორმას, ან, შესაძლოა, ორივეს ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისის ოთხ მოხატულ არტისტულ კაფეთაგან, სამის კედლები, უმეტესად, მის მიერ ან მისი მონაწილეობით უნდა  მოხატულიყო (თანაც დროის სულ მოკლე მონაკვეთში, 1918-1919 წლებში). ... და როდესაც, ცოტა მოგვიანებით, 1923 წელს, კოტე მარჯანიშვილმა კ. ზდანევიჩი თეატრში მიიწვია, ოცნებები ამიხდაო, - წერს. იქნებ ეს აღტაცება მხოლოდ კოტე მარჯანიშვილს არ უკავშირდებოდა, სცენოგრაფიული და კოსტიუმის ესკიზები ხომ სცენაზე „დიდდება“ და მხატვრისგანაც დიდი, მასშტაბური ფორმებით აზროვნებას მოითხოვს, ესკიზურ ფორმაში დიდ ფორმას გულისხმობას, რაც ასეთი ოსტატობით შეძლო მან იმავე „არგონავტების ნავის“ კედელზე. თუ დავფიქრდებით,  ეს ყოველივე, კირილე ზდანევიჩის კედლის, დიდი ფორმის მიმართ ერთგვარ აჩემებას, შეპყრობილობას წააგავს. კირილე ზდანევიჩის ხელოვნება არა მხოლოდ „აერთიანებს სხვადასხვა მანერას“, არამედ მხატვრობის თითქმის ყველა დარგს მოიცავს კედლის მხატვრობის ჩათვლით. თუმცა, მაინც, იგი ჯერაც მხოლოდ დაზგური ფორმატის მხატვრად და არტისტული წიგნის გამფორმებლად მიიჩნევა.

ნანახია: 6513-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani