Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ზაქარია მაისურაძე და ქართული ხალხური ხელოვნება

ნანა კიკნაძე
ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დარბაზში ამ რამდენიმე ხნის წინათ გაიხსნა მხატვარ-კერამიკოსის ზაქრო მაისურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა. გამოფენამ ცხადყო ზ. მაისურაძის როლი და ადგილი თანამედროვე ქართულ სახვით კულტურაში. ჩემი მიზანია ყურადღება შევაჩერო მისი შემოქმედების ერთ ასპექტზე, კერძოდ, მასში ხალხურ ხელოვნების ნაკადზე.
ნებისმიერი ხელოვნების დარგის განვითარების დროს დგება მომენტი, როდესაც იგი მთელი ძალით იფეთქებს, მიიპყრობს ყურადღებას და საყოვალთაო აღიარებას მოიპოვებს. XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, ქართულ კერამიკას, სწორედ ასეთი დრო დაუდგა. მასში, როგორც სარკეში, აირეკლა ეპოქის სტილი, მოთხოვნა, მხატვრულ - ესთეტიკური შეხედულებები, გემოვნება. მან პოვა საკუთარი ენა, ფორმა, შინაარსი. ფართო ნაბიჯი გადაიდგა მომავლისაკენ. იგი სისტემატური მონაწილეა საკავშირო და საერთაშორისო გამოფენების, კონკურსების, სიმპოზიუმების; დაჯილდოებულია მრავალი მედლით, დიპლომით, გამოიკვეთა თვითმყოფად, ნაციონალურ სკოლად. ქართულმა პროფესიულმა კერამიკამ კარგა ხანია გაარღვია თავისი დარგობრივი ზღვარი და მთელი ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. საყურადრებოა ისიც, რომ მისმა ასეთმა წარმატებითმა სვლამ აიყოლია გამოყენებითი ხელოვნების სხვა დარგებიც და ხელი შეუწყო ქართული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ჩამოყალიბების ერთიან პროცესს. ამ დარგის წამყვან მხატვრებს კარგად იცნობენ ჩვენშიც და ჩვენ საზღვრებს გარეთაც, როგორც საბჭოთა კერამიკული ხელოვნების გამოჩენილ ოსტატებს. ყოველივე ეს დიდი მიღწევაა. მაგრამ ამ წარმატებებმა გაგვიტაცა და თითქმის გადაგვავიწყდა იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ამ სახელოვანი მომავლის მჭედელნი იყვნენ: დავით ციციშვილი, ზაქარია მაისურაძე, ალექსანდრე ფიცხელაური, ნიკო გომელაური. დღეს ერთ-ერთ მათგანს, ზაქარია მაისურაძეს 100 წელი შეუსრულდა. ჩვენ შევეცდებით ნათელი მოვფინოთ მისი შემოქმედების ერთ მხარეს, რომლის საფუძველს ეროვნული ხალხური ხელოვნება წარმოადგენს. ზ. მაისურაძე იმ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ხალხური გენიით შექმნილ საგანძურს სათუთად, ფრთხილად, შეურყვნელად ეკიდებიან. ისინი არ ცდილობენ ზერელედ გადმოიღონ თვალში მოხვედრილი ჩუქურთმა, ფორმა თუ კოლორიტი და მექანიკურად მიატმასნონ საკუთარ კომპოზიციას.
ვიდრე ზ. მაისურაძე თავის შემოქმედებაში  ხალხურ ხელოვნებას გამოიყენებდა, მან ჯერ ღრმად შეისწავლა მისი ფენომენი და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა თავს უფლება გაყოლოდა წინაპართა ნაკვალევს, მაგრამ არა როგორც ლანდი, არამედ როგორც მათივე ხელოვნების ფესვებზე ამოზრდილი ახალი ყლორტი. მისი ინტერესი, როგორც კერამიკოსისა, პირველ რიგში, კერამიკის ხელოვნების ისტორიას, ტექნიკა-ტექნოლოგიას ეხებოდა. მან ძირფესვიანად გამოიკვლია ისტორიული, ეთნოგრაფიული, მხატვრული თუ სამშენებლო კერამიკა. ქართული დეკორატიულ- გამოყენებითი ხელოვნება ჯერაც აუთვისებელ ყამირს წააგავს, ხოლო უფრო ადრე ხომ მართლაც ხელუხლებელი იყო. ამ დროს იწყებს ზ. მაისურაძე გატაცებით მუშაობას ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის და ხელოვნებათმცოდნეობის სარბიელზე. მას რომ სხვა არაფერი მოემოქმედა, მისი ნაშრომები თუშურ საფენებზე, შორენკეცებზე, ოზაანის თუ დმანისის კერამიკაზე, ძველი საფლავის ქვებზე, ან კიდევ სამთავროს შავკრიალა კერამიკის ტექნოლოგიის საიდუმლოებაში წვდომა, საპატიო ადგილს მიუჩენდა ერის კულტურის ისტორიაში.

1-23
45

ზ. მაისურაძის, როგორც მხატვარ-კერამიკოსის, შემოქმედება არ არის რიცხვმრავალი, მაგრამ მის თითქმის  ყოველ ნამუშევარში ჩასახულია მომავალი ჟანრის ან სახეობის მზარდი მარცვალი. მისი შემოქმედების საწყისი ოცდაათიანი წლებია. მაშინ საქართველოში პროფესიული კერამიკა მხოლოდ ფეხს იდგამდა, შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდნენ აკადემიის პირველი კურსდამთავრებულნი, რომელთა შორის პირველთაგანი ზ. მაისურაძე იყო. იგი იმთავითვე გამოირჩეოდა თავისი ნიჭით და ინტერესების დიაპაზონით. ბუნებრივია, რომ სწორედ მისი შემოქმედება შეაღწევს შემდგომ თაობათა შემოქმედებაში და ზოგ შემთხვევაში განსაზღვრავს კიდეც მას. გარდა ამისა, იგი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობდა. ავიღოთ, თუნდაც, ის ორგანული სიახლოვე ტრადიციასთან, რაც ასე დამახასიათებელი და განმსაზღვრელია ჩვენი თანამედროვე კერამიკისათვის. ქართულ კერამიკას უმეტესობა სწორედ ნაციონალურ კულტურისადმი ერთგულად აღიქვამს. საიდან მოდის ეს, თუ არა მათი პედაგოგების და, კერძოდ, მაისურაძის მიერ გაკვალული ბილიკებიდან. ზ. მაისურაძის ხელიდან გამოდიოდა ნატიფი, ხალხური ხელოვნების ხიბლით მომადლებული ჭურჭელი, კერამიკული პლასტიკა, ფერადოვანი პანოები, არქიტექტურული დეტალები. იმ დროისათვის მან ქართული კერამიკისათვის ახალი ჟანრი შექმნა - მოხატული რელიეფური პანოები. ბევრის მთქმელია დიდი სპეციალისტის, მხატვრის და აღმზრდელის, დავით ციციშვილის შეფასება, რომელიც მან ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“  1954 წლის ნომერში გამოაქვეყნა: „რამდენადმე განსხვავებულია ცნობილი კერამიკოსის ზ. მაისურაძის  მცირე ზომის ფერწერული პანოები. ხაზგასმული კერამიკულობა, ძერწვის განზოგადებული მანერა, რომელიც სქემატურამდეა დაყვანილი, რაც არ უკარგავს ნახატს სიმკვრივეს, რადგან ნახატი ფერითაც არის ხაზგასმული. ზ. მაისურაძის და გ. ქართველიშვილის ნამუშევრები სრულიად ახალი მოვლენაა ქართულ კერამიკაში, ისინი მიანიშნებენ საბჭოთა მხატვრული კერამიკის განვითარების ახალ გზაზე“. ეს შეფასება სრულად ესადაგება მაისურაძის მთელ შემოქმედებას. იგი მართლაც ხალხური ოსტატის ძალის მქონე კერამიკოსია, დარგის ყველა ტექნიკისა და ტექნოლოგიის მცოდნე. ნებისმიერი მისი ნახელავი, განურჩევლად სახეობისა, პირველ რიგში, მასალის საკუთარ ენაზე მეტყველებს (იქნება ეს თიხა, ფაიანსი თუ ფაფიური). მასალას კი დიდი ხვედრითი წონა აქვს ნაკეთობის მხატვრული სახის შექმნაში. ეს მომენტი საგანგებოდ არის აღსანიშნავი დღევანდელი კერამიკის ხელოვნებასთან დაკავშირებით. ახლის ძიება, ჩაკეტილი სივრცეების გარღვევა მისასალმებელია, მაგრამ გააჩნია, რის ხარჯზე, საკუთარი სახის და არსის დაკარგვის ხარჯზე? წინსვლა გენეტიკური ჯაჭვიდან რგოლების გამოკლებას და წყვეტას როდი ნიშნავს. დედაენის ცნება ხელოვნებაზეც ვრცელდება. თავისი დროისათვის ახალი და მოდური ხელოვნებით გატაცება ზ. მაისურაძესაც შეეძლო, მაგრამ მან აირჩია უფრო ძნელი და რთული გზა - შეექმნა ახალი, მაგრამ კვლავ ეროვნული სულის მქონე ხელოვნება. ამ მისიის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საკუთარ კულტურაზე დაყრდნობით. მისი ნამუშევრები ყოველთვის მიგვანიშნებენ, თუ ვისი გორისა არიან.

67

ზ. მაისურაძის შემოქმედებაში, როგორც ფოკუსში, თავს იყრის მთელი ხალხური ხელოვნების ცნება. ეს არ არის ერთი რომელიმე დარგიდან მიღებული იმპულსი ან მათი მექანიკური აღრევა. ეს არის თვითმყოფადი, დღევანდელი ქართული ხელოვნება. მაგალითისათვის მოვიშველიებ თუნდაც მცირე ზომის სხვადასხვა ტექნიკით და მასალაში შესრულებულ ირმების გამოსახულებას. თავისი უშუალობით, თითქმის ერთი ხელის მოსმით შექმნილი ფორმით, ხალისიანი მოხატულობით, მართლაც რომ ხალხური ხელოსნის ნაკეთობად აღიქმება. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. უფრო ხანგრძლივი დაკვირვებით კი აღმოაჩენ, რომ მას პირდაპირი პარალელი საერთოდ არ გააჩნია მეთუნეთა ნახელავში. შეამჩნევ მის დახვეწილ, მოხდენილ, წვრილმანებამდე გააზრებულ ფორმას, აღმოაჩენ, რომ სამკაულად ქსოვა-ქარგულობიდან ნასესხები ჩუქურთმებია აღებული, რაც არ გვხვდება მეთუნეობაში, რომ ეს ჭურჭელი გარკვეულ ხასიათს წარმოადგენს, რომ არა მარტო სამომხმარებლო ამოცანას პასუხობს და მიხვდები, რომ ისინი მხატვრის სულიერი სამყაროს ანარეკლია - ზ. მაისურაძის შემოქმედებაა. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშ, რატომ წარმოგვიდგა თვალწინ ხალხური პლასტიკის და ზოომორფული ჭურჭლის ნიმუშები? ალბათ, იმიტომ, რომ ზ. მაისურაძეს და ანონიმ ქართველ ოსტატს გარე სამყაროს აღქმის და ხედვის ერთნაირი უნარი ჰქონიათ, ეროვნული კოდით განპირობებული. მის ამ ქანდაკებებს თუ ჭურჭელს ყველა სხვა ერის მსგავსი ნამუშევრებიდან გამოარჩევ პირველ რიგში, როგოც ქართულს.

89

ამავე სულით არის გამსჭვალული ქართული ზღაპრების თემაზე შექმნილი მცირე ზომის მოჭიქული ჯგუფური ქანდაკებები. ხალხურ საწყისებთან ეს კავშირი კიდევ უფრო რთული ფორმით ვლინდება მის ცნობილ სერიაში  „ბერიკაობა“. ამ თემამ ბევრი ჩვენი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მხატვარი გაიტაცა - მოსე თოიძე, ლადო გუდიაშვილი, ვანო ხოჯაბეგოვი, კ. იგნატოვი, ზ. ფორჩხიძე, ს. მაისაშვილი, რ. ცუხიშვილი, რ. მელიქიძე, ი. გაბაშვილი და სხვები. ბუნებრივია, რომ ეს თემა ყველა მხატვარმა თავისი ხედვის და გემოვნების მიხედვით გადაწყვიტა. ზ. მაისურაძე პირველი იყო, ვინც ეს თემა გამოყენებითი ხელოვნების საშუალებით გამოსახა.
„ბერიკაობა“ ბუნების ძალთა აღორძინებისა და ნაყოფიერების ღმერთისადმი მიძღვნილი უძველესი აგრარული დღესასწაული, სახიობა, მუსიკა, ცეკვა, ნიღბები, ტანსაცმელი - ეროვნული კულტურის მთელი საგანძურია  და ბუნებრივია, რომ ისეთი მრწამსის მქონე მხატვარი, როგორიც ზ. მაისურაძეა,  გვერდს ვერ აუვლიდა ამ ზეიმს.

1011

სერია შედგება 10 ფერადი რელიეფური პანოსაგან. ეს სერია თავისი მხატვრული გადაწყვეტით და თვითმყოფადობით ყველა სახის „ბერიკაობიდან“ განკერძოებულად დგას. მხატვრების უმეტესობა „ბერიკაობას“ ან სიუჟეტური სურათის სახით სახავს, ან ცალკეულ ბერიკებს წარმოგვიდგენს. ამასთან, აუცილებლად ცხოველის ტყავში გახვეულთ და უაღრესად ექსპრესიული მოძრაობითა და ფერით. ზ. მაისურაძე უარს ამბობს თხრობაზე, რაიმე მოქმედებაზე და თემას ხსნის მხოლოდ და მხოლოდ პერსონაჟის "პორტრეტის" შექმნის საშუალებით. თეთრი თაბაშირის ფილაში ჩასმულია ფერადოვანი ჟღერადი სახე, რომლის ხასიათმა, მიმიკამ, ატრიბუტებმა (გვირგვინები, ნიღბები, გირლანდები და სხვა აქსესუარები) უნდა გამოსახოს და განგვაცდევინოს ეს სიცოცხლით და იუმორით აღსავსე დღესასწაული. ჩვენ საქმე გვაქვს სახის გახსნის ფსიქოლოგიურ კატეგორიასთან, რაც გაცილებით რთული გზაა, ვიდრე სიუჟეტური თხრობითი სურათის შექმნა.

12

მაყურებელი პირისპირ რჩება ბერიკებთან, მოახლოებული კადრი უშუალო კონტაქტის საშუალებას იძლევა. ყველა ტიპაჟისათვის  შერჩეულია ძერწვის შესაფერისი მანერა,  მაღალი ან დაბალი რელიეფი, ფერის ინტენსიურობა, ჟღერადობა, რბილი თუ კონტრასტული შეხამება. სერიის შიგნით არის ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათები და მსგავსი პერსონაჟები. მაგალითად, „პირიმზე“ და „მზეჭაბუკი“ და მათი ანტიპოდები „დამპატიჟე“ და „კეკელა“. მათი ფერადოვანი გამა, მხატვრული შემოსვა სწორედ ამ ამოცანას ემორჩილება. თითოეული დეტალი, გვირგვინი თუ ნიღაბი ორგანულ ერთიანობაშია მოყვანილი. არ შეიძლება არ აღინიშნოს ნიღბისა და ადამიანის სახის გასაოცარი, ძალადაუტანებელი შერწყმა. გაგიჭირდება გაერკვე მელია-ადამიანია შენ წინ, თუ ადამიანი-მელია. მსგავსი გადაწყვეტა არსად შემხვედრია, ყველგან ბუტაფორიული ხასიათის მქონე სახეებია. სერიის შიგნით შექმნილი კონტრასტული პერსონაჟები, მიუხედავად ავტონომიისა, ერთ მთლიან კომპოზიციურ ჩანაფიქრს ქმნიან და სახალხო ზეიმის სრულ ასოციაციას იწვევს. ის, რაც სხვა მხატვრებთან მოქმედებით არის გამოსახული და შექმნილი, აქ წარმოდგენით იქმნება. ეს არის პროფესიული ხელოვნების ნიმუშები, სადაც შესაძლებელია არც ყოფილიყო აუცილებელი ხალხური ხელოვნებასთან სიახლოვე, მინიშნება, ბევრი მხატვრის ნამუშევარში სწორედ ასეთი მიდგომა ჩანს, მაგრამ ამ სერიის ძალა სწორედ იმაშია, რომ მხატვარმა აქაც მოახერხა მათი დაკავშირება ეროვნულ ძარღვთან, რომელიც ამ ბერიკების სიმბოლურად გადაწყვეტილ პორტრეტებშია ჩაქსოვილი. ეს სერია 1957 წელს არის შექმნილი, თითქმის 60 წელი გვაშორებს მისგან, მაგრამ ეროვნულ ფესვებზე ამოზრდილი შემოქმედება ყველა დროისათვის თანამედროვედ და გასაგებად აღიქმება.
ზ. მაისურაძის შემოქმედების ამ ასპექტის განხილვა იმიტომ არის საინტერესო, რომ იგი გვევლინება თავისებურ ესტაფეტად - სახელდობრ, ეროვნული კულტურა - ზაქრო მაისურაძე, ზაქრო მაისურაძე და შემდგომ მის მიერ აღზრდილი თაობა და ასე შემდეგ ხვალინდელ, მომავალ თაობებამდე. ეროვნული კულტურის ჩირაღდნის მატარებელი ხელი არ უნდა მოგვეშალოს. ამისათვის იღვწოდა ზაქრო მაისურაძე, პროფესიული კერამიკის ხელოვნების პიონერი.
ზ. მაისურაძის შემოქმედების სრული მეცნიერული შესწავლა ჯერ კიდევ წინ არის.



ნანახია: 12877-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani