Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ჟანი მეძმარიაშვილი

დალი ლებანიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება რთულ ისტორიულ პირობებში ჩამოყალიბდა და დღევანდელ დღემდე საინტერესო გზა განვლო.
ჟანი (ჟანგო) მეძმარიაშვილი, შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იან წლებში გამოვიდა. იგი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც „ორმოცდაათიანელებს“ უწოდებენ და საბჭოთა ხელოვნების გარდატეხის ხანაში მოუწია მოღვაწეობა. „ორმოცდაათიანელებმა“ ხმა აიმაღლეს თავისუფალი  ინდივიდუალობის გამოსახატავად და მეამბოხე თაობის სახელი დაიმკვიდრეს. ამგვარი „არასაბჭოური“ პოზიციის გამო ჟ. მაძმარიაშვილი სამხატვრო აკადემიიდან ერთი წლით გაირიცხა.
ჟ. მეძმარიაშვილი არ იყო „ხმაურიანი“ მეამბოხე. მისთვის უცხო იყო გარემოსთან კონფლიქტი და მაინც იგი შეუპოვრად იღწვოდა ახალი სახვითი ხელოვნების მეტყველების დამკვიდრებისათვის. ჟ. მეძმარიაშვილი ყველას ახსოვს, როგორც კეთილშობილი, თავაზიანი და ფაქიზი ბუნების პიროვნება. ამ თვისებებს ატარებენ მის მიერ შექმნილი ფერწერული, თუ გრაფიკული ნაწარმოებებიც.

12

ჟანი მეძმარიაშვილი დაიბადა 1926 წ. ქ. ქუთაისში. სამხატვრო განათლება თავდაპირველად თბილისის იაკობ  ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში მიიღო.  (1941-1944 წწ.) მისი მასწავლებელი ვალენტინ შერპილოვი იყო. სასწავლებელში სწავლის პერიოდში თავისი პედაგოგის მეოხებით იგი იმთავითვე  ეზიარა საბჭოთა იდეოლოგიისათვის მიუღებელ ხელოვნების ფორმებს, კერძოდ ფერის მიმართ საგანგებო დამოკიდებულებას, რაც იმპრესიონისტთა შემოქმედებაში იჩენდა თავს. ვ. შეპილოვი, სწორედ იმპრესიონიზმით იყო გატაცებული და ამ გატაცებას მხატვარი თავის მოსწავლეებსაც გადასცემდა.
დღის განათება, სივრცისა და ატმოსფეროს ბურუსიანი გარემო, მზის ცხოველმყოფელი ზემოქმედება ბუნებაზე, თავიდანვე გამორჩეულ ინტერსს იწვევდა ახალგაზრდა მხატვარში. ჟ. მეძმარიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს (1944-1952 წწ.)  ერთის მხრივ წარმატებით ეუფლებოდა ფერწერისა და ხატვის აკადემიურ მანერას, რაც უეჭველად კარგ პროფესიულ საყრდენს უქმნიდა მის მომავალ შემოქმედებას და ამავე დროს, ფერადოვნად მდიდარი ფერწერის ამოცანებს წყვეტდა.

34

შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველივე წლებში ჟ. მეძმარიაშვილის მიერ შექმნილი ფერწერული ტილო „ხევსური გოგონა“ (1956 წ.) ვენის ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს მედლით იყო დაჯილდოებული. სწორედ „ხევსურ გოგონაში“ გამოჩნდა მხატვრის მომავალი შემოქმედების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება - მისი ჰარმონიული, უსაზღვროდ მიმზიდველი გმირები, თითქოს ღრმა ფიქრებიდან წამიერად გამორკვეულები, მზერას მაყურებლისკენ მომართავენ და მასთან უშუალო სულიერ კონტაქტს ამყარებენ. ამგვარი მზერა, სურათის სივრცით ჩარჩოებს ხსნის და ჩვენ ბუნებრივად გვრთავს წარმოდგენილი ადამიანის გარემოში. ეს მხატვრული ხერხი გამორჩეულ ხიბლს მატებს ჟ. მეძმარიაშილის პორტრეტებსა და ჟანრულ კომპოზიციებს.

567

ჟ. მეძმარიაშვილის შემოქმედება რამდენიმე ჟანრს მოიცავს: პორტრეტს, ყოფითი ხასიათის სურათებს, პეიზაჟებსა და ნატურმორტებს. წამყვანი მათში უდავოდ პორტრეტია, სადაც ძირითადად ქალის სახეები ჭარბობს. მხატვარს გარკვეული ტიპის სილამაზის მქონე ადამიანები იზიდავს. მათში ბევრი კონკრეტული პიროვნების პორტრეტია, მრავლადაა იდეალიზებული, წარმოსახით შექმნილი სახეებიც. ერთგვარი რომანტიზება რეალურ ადამიანთა გარეგნობასაც  დაჰკრავს, რაც  ჟ. მეძმარიაშვილის პორტრეტთან ავტორისეულ ხელწერას ქმნის. ასეთია: „ალას პრტრეტი“, „ქალი სარკესთან“, „გამოფენაზე“, „გოგონას პორტრეტი“, „ქალიშვილის პორტრეტი“, „სოფიკო“ და სხვა. მხატვარი ამ პორტრეტებში ორგვარ განათებას იყენებს, რაც მათ კოლორისტულ ამოცანას განასხვავებს. თუ პორტრეტირებული დღის განათებითაა გასხივოსნებული, მაშინ კომპოზიციაში გამჭვირვალე, ნათელი ფერებია გამოყენებული. სივრცე ისეთივე ტონალური გრადაციითა და მდიდარი ფერადოვნებითაა დაწერილი, როგორც წინა პლანზე გამოსახული ადამიანი. ისინი ერთიან ფერწერულ ორგანიზმს ქმნიან და თავისი სიფაქიზით პიროვნების სულიერ, შინაგან განწყობას აძლიერებენ.
გარკვეული განსხვავება შეინიშნება მუქ, ნეიტრალურ ფონზე ე.წ. ხელოვნური ჩრდილისა და სინათლის კონტრასტულ შეპირისპირებაზე აგებულ პორტრეტებში. მათში  იდუმალება მატულობს - „ჩემი ირინა“, „ქალიშვილის პორტრეტი“, „გოგონა წითელში“ და სხვა.

89

მხატვარს პორტრეტულ სახეთა გასამდიდრებლად ჟანრული, ყოფითი ელემენტები შემოაქვს კომპოზიციაში: „გამოფენაზე“, „ქურთი მეეზოვე“, „ქალი სარკესთან“ და სხვა.
ყოფით სურათებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მხატვრის შემოქმედებაში. ჯერ კიდევ თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს მან რამდენიმე მრავალფიგურიანი კომპოზიცია შეასრულა: „დაკრძალვა იმერეთში“, „სცენა სარკესთან“ და სადიპლომო ნამუშევარი „ხვალ ზეიმია“ (ხელმძღვანელი უ. ჯაფარიძე).
1960-იანი წლების დასაწყისში მხატვარმა თავისი პროგრამული ტილო „აფიშების გამკვრელი“  შექმნა. ამ ნაწარმოებში გადმოცემულია თანამედროვე ცხოვრების ახალი ნიშნები და რითმები. „აფიშების გამკვრელი“ სამოციანი წლების ქართული ფერწერის ერთერთი სავიზიტო ბარათი გახდა. მასში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ჟ. მეძმარიაშვილის უნარი, როგორც თავისუფლად მოაზროვნე, მონუმენტური სტლისთვის დამახასიათებელი ფართო მონასმისა და მკაფიო ლაქობრივი, კონტრასტული ფერწერული მეტყველების ჭეშმარიტი უნარის მქონე  მხატვრის ალღო. მონუმენტალისტის ხედვა  მან   გამოავლინა აგრეთვე რობერტ სტურუასთან ერთად შექმნილ პანოში - „ზეიმი საქართველოში“  და სურათებში: „ავრორა“, „სონგმი“ და სხვა.
ამავე დროს მხატვარი მუშაობდა კამერული, დაზგური ხასიათის სურათების შექმნაზე. გასაოცარი სითბოთი და მოტივის ფაქიზი შეგრძნებით გამოირჩევა   ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში შესრულებული პეიზაჟები - „ბოტანიკური ბაღი“ და „შემოდგომის თბილისი“. ოქროსფერ, წითელ და ყვითელ ფერებს მის ადრეულ პეიზაჟებში შემოდგომისათვის დამახასიათებელი სევდა დაჰყვება.

1011

სამოცდაათიანი წლებიდან ჟ. მეძმარიაშვილი ცვლის პეიზაჟის მოტივს. მკვრივი, მყარი, კლდოვანი გარემო, მაღალი ჰორიზონტი, ან მთლიანად მისი უგულვებელყოფა, როცა კომპოზიცია მთის ფერდობებით ივსება - სურათი სიმყარისა და მონუმენტურობის შთაბაჭდილებას იძენს...
მხატვარი მუქი, ასფალტის საღებავით ფარავდა ტილოს და შემდეგ იწყებდა მასზე ფერების დადებას. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სურათის ზედაპირის ფაქტურას, მის ხაოიან, ხავერდოვან გამომსახველობას. ფერებს მასტეხინით ადებდა და მათ გამჭვირვალებას არ უკარგავდა. გრუნტის მუქი ფერადოვნება მთლიანობას აძლევდა სურათს. მიუხედავად მათი პატარა ზომებისა ეს პეიზაჟები მონუმენტურ და ამავდროულად რომანტიკულ შთაბეჭდილებას ტოვებენ.

1213

ჟ. მეძმარიაშვილი განზოგადებული სურათების ავტორიცაა. მან 1970–იან წლებში გობელენებისათვის რამდენიმე ესკიზი შექმნა. მათში ქართული ცეკვის მოტივებია გამოყენებული. ესკიზები დეკორატიული ხასიათისაა. გამოსახულება სიბრტყობრივია და ფერადოვან ლაქათა მკაფიოებასთან ერთად ხაზს დიდი პლასტიკური მნიშვნელობა ეძლევა.
დეკორატიულობის-მონუმენტურობის და დაზგური ფერწერის მხატვრული გამომსახველობის სინთეზი 1980–იანი წლების ჟ. მეძმარიაშვილის შემოქმედების ერთ–ერთ საინტერესო მიგნებებს აპირობებდა. გამორჩეულად გვინდა აღვნიშნოთ ტილო „კრიმანჭული“ (1988 წ.). მასში გადმოცემულია თაობებს შორის უწყვეტი კავშირი ერთობა და სიყვარული, სიცოცხლისა და ხელოვნების უზენაესობა. ეს ტილო მხატვრის შემოქმედების რექვიემი აღმოჩნდა. იგი მოულოდნელად გამოაკლდა ქართულ კულტურას.
ჟ. მეძმარიაშვილს მრავალი განუხორციელებელი ჩანაფიქრი დარჩა, მაგრამ ერთი კი უეჭველია, მან თავისი მხატვრობით, ფაქიზი ფერმწერისა და მაღალი ზნეობის ადამიანის სახელი დაიმკვიდრა ქართულ ხელოვნებაში.


ნანახია: 2662-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani