Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ინტერვიუ მხატვარ ლევან ცუცქირიძესთან

სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის
ეროვნული კვლევითი ცენტრი.


მხატვარ ლევან ცუცქირიძეს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება.  უკვე რამდენიმე ათეული წლებია, იგი წარმატებით მოღვაწეობს სახვითი ხელოვნების არაერთ დარგში. აქვს  მკვეთრად ინდივიდუალური, თვითმყოფადი მხატვრული სტილი, მისთვის სახასიათო „ხელწერა“. დღევანდელი გადასახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან გამორჩეულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული სახვითი  ხელოვნების განვითარების ისტორიაში. თავად ხელოვანი კი, თავის შემოქმედებით წინსვლას საკუთარ „მასწავლებლებს“ უმადლის, რომლებმაც არაერთხელ მისცეს სტიმული, „ხელოვანის გზით“ ევლო.  პირველი, ვინც მასში მხატვარი ამოიცნო, დავით კაკაბაძე გახლდათ. შემდგომ იყო სერგო ქობულაძე, პედაგოგი, რომელმაც „ნახატი“ შეაყვარა. არაერთი „შემოტევით“ გულაცრუებულ მხატვარს ლადო გუდიაშვილის სიტყვებმა „შეასხა ფრთები“ და თავიდან ააღებინა ფუნჯი ხელში. ხელოვანის შემოქმედებით ცხოვრებაში ასეთივე როლი შეასრულეს პედაგოგებმა - ვლადიმერ გრიგოლიამ, აპოლონ ქუთათელაძემ და ნიკოლოზ კანდელაკმა.
ლევან ცუცქირიძის შემოქმედება  ქართული ტრადიციების, ადათ-წესების სიყვარულითაა გამსჭვალული. მისი მთავარი მასაზრდოებელი  კი „წიგნისა“ და „ქართული ფრესკის“ სიყვარულია.
წელს ბატონ ლევანს 90 წელი შეუსრულდა. ჩვენი სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა  მხატვართან ერთად კიდევ ერთხელ გაგვედევნებინა თვალი მისი ცხოვრების და შემოქმედებითი გზისთვის, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ისტორიისათვის არაერთ საყურადღებო ფაქტს მოიცავს.
ბატონი ლევანი გულთბილი, გულღია და ხალისიანი რესპოდენტი აღმოჩნდა, რამაც გარკვეული სითამამე და დადებითი მუხტი შეგვძინა მასთან სტუმრად მისულ ახალგაზრდებს. ვფიქრობ, წინამდებარე ინტერვიუ საინტერესო იქნება ჩვენი მკითველისთვისაც.

სახელი, გვარი, მამის სახელი?
ლევან სიმონის ძე ცუცქირიძე.

დაბადების თარიღი?
1926 წლის 12 იანვარი.

დაბადების ადგილი?
დედაჩემი ნათლიებთან იყო სტუმრად  ხაშურში  და იქ შემთხვევით დავიბადე, ამიტომ, დაბადების ადგილი  ხაშური მიწერია. ისე, თბილისში ცხოვრობდნენ მშობლები. სოფელში ისე ნაწყენები არიან, რატომ წერენ ხაშურსო (იცინის). წარმოშობით კი იმერელი ვარ, ზემო იმერეთიდან. წიფის გვირაბის შემდეგ ორი გაჩერებაა, მერე, ზემოთ უნდა ახვიდეთ მთაში და ერთი–ორ კილომეტრში ჩემი სოფელია – მოლითი. საოცრად ლამაზი ადგილებია და სწორედ იქ ჩაისახა ჩემში მხატვარი, ბუნებამ შემიწყო ხელი. (ილ. 1)
01

მშობლები და ოჯახის წევრები
მამა – სიმონ ალექსის ძე ცუცქირიძე პარტიული კაცი იყო. 1937 წელს დახვრიტეს. მაშინ მათ მავნებლებს ეძახდნენ. როგორც ჩვენ ვიცით, მამა თბილისში მუშაობდა. ბერიასთან მოუვიდა რაღაც უთანხმოება, სამსახურიდან გაათავისუფლეს  და სიონში გადაიყვანეს. მის გამო, მთელი სამსახური, ოცი კაცი, მათ შორის, დარაჯიც, ყველა დააპატიმრეს, რაღაც ბანდად ჩათვალეს და დახვრიტეს. ვიცით, რომ მხოლოდ ერთი ქალი დაბრუნდა.  მამა რომ დაიჭირეს, 11 წლის ვიყავი. სახლში გვიმალავდნენ ამ ამბავს. თბილისში, მახარაძის ქუჩაძე, მე-14 საშუალო სკოლა იყო, იქ ვსწავლობდი.  მამის დაპატიმრების შემდეგ, სკოლაში, ყველა, ვინც რეპრესირებულის შვილები  ვიყავით, აგვაყენეს და როგორც ქვეყნის მოღალატეების შვილები, სასწავლებლიდან გამოგვაგდეს. მერე კანონი შეიცვალა და თქვეს, რომ ბავშვები არაფერ შუაში არ იყვენენ ამ შემთხვევასთან და ყველა დაგვაბრუნეს უკან. მოგვიანებით გაირკვა, რომ „მავნებლები“ არ ყოფილან  და ბოდიში მოიხადეს ჩემს წინაშე. ამის გამო 7 ლარით მეტ პენსიას მაძლევდნენ.
დედა - გუბელიძე ნინო სევასტის ასული, გურული ქალი გახლდათ, დიასახლისი. მყვდა  ჩემზე  ორი წლით უმცროსი და – კლარა. გარდაიცვალა,  პროფესიით სტომატოლოგი იყო - თავისი დროისთვის ძალიან ცნობილი. ფაქტობრივად დედამ მარტომ გაგვზარდა.
მეუღლე, დალი ღვინიანიძე, პროფესიით ჟურნალისტი. საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის წევრი გახლდათ. ეს მაშინ დიდი რამ იყო. გვყავს  სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი. უფროსი შვილი ვაჟა, მამუკა და ნინიკო. ნინიკო და მამუკა  მხატვრები არიან. ერთი მოქანდაკეა, მეორე – გრაფიკოსი. ვაჟა არქიტექტორია. (ილ. 2)
02

ოჯახის წევრებიდან ვინმე თუ ხატავდა?
ჩემამდე არა, არავინ ხატავდა ჩემს გვარში.

როდის გადაწყვიტეთ, რომ მხატვარი უნდა გამხდარიყავით?
უმაღლესი განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მივიღე. ისე, ბავშვობიდან ვხატავდი. სოფელში წყაროა, სადაც  დამტვერეულ დოქებს ტოვებდნენ. თიხის ნატეხები ჩემთვის საუკეთესო სახატავი მასალა აღმოჩნდა. ნახშირით ვხატავდი. ეს რაღაცით ახლოსაა ფრესკასთან.  მაშინ, დაახლოებით, 11 წლის ვიქნებოდი. მერე, რომ მოვიზარდე, სკოლის მეგობრები მყავდა და ხატვისთვის აღარ მეცალა. ვერთობოდით, ძირითადად, თეატრში დავდიოდით. ოპერა მიყვარდა ძალიან. მაშინ თეატრში  არაჩვეულებრივი მსახიობები იყვნენ. ჩვენმა თაობამ ნახა ეს ძალიან დიდი სკოლა.
ბავშვობაში ყოფილ პიონერთა სასახლეში, მხატვართა წრეზე ჩავეწერე.  გრიგოლ მესხი –იყო ასეთი ძალიან კარგი პედაგოგი და მხატავარი, სწორედ ის ხელმძღვანელობდა ხატვის ჯგუფს. პირველი რამდენიმე დღე თაბაშირის ფოთოლი დავხატე. ეს ფოთოლი ჩავაბარე და მერე მივატოვე იქაურობა. იქვე კუნთოვანი ხალხი დავინახე, რომლებიც სპორტის კლასში დადიოდნენ და იქ გადავედი. ყველაზე პატარა ვიყავი და ბოლოში დამაყენეს. ყველაზე დიდები, კუნთიანები, რა თქმა უნდა, წინ იდგნენ და ვოცნებობდი, იმათნაირი გავმხდარიყავი, მაგრამ არ გამომივიდა ეს აბმავი (იცინის). ხატვის მასწავლებელი, ბ-ნი გრიგოლი სულ მეძებდა თურმე, მომიყვანეთ ის ბიჭი, ნიჭიერი ბავშვი ჩანსო. ეს იყო სულ ჩემი მხატვრობასთან შეხება ბავშვობაში.
სამხატვრო აკადემიაშიც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ჩემს მეგობარს მოსწონდა ერთი ქალიშვილი. ამ გოგონას სამზარეულოს ფანჯრები ქუჩის მხარეს გამოდიოდა. ერთ დღეს, მე და ჩემმა მეგობარმა მას ფანჯრიდან შევუგდეთ „ბანბანერკა“ და სწრაფად გავიქეცით, გვეგონა, რომ  უაღრესად ცუდი საქციელი ჩავიდინეთ. გაქცეულები,  სამხატვრო აკადემიის სახურავზე აღმოვჩდით. მაშინ აკადემია მინით იყო გადახურული და სრულიად შემთხვევით ჩავიხედე. ვხედავ, სხედან სტუდენტები, მოლბერტი უდგათ წინ და ხატავენ. „ნანახმა“ ძალიან დამაინტერესა. იქიდან გამიჩნდა სურვილი  აკადემიაში შევსულიყავი. მაშინ, დაახლოებით, 17-18 წლის ვიქნებოდი. წინასწარ არანაირი მოსამზადებელი კურსი არ გამივლია, პირდაპირ გადავწყვიტე შესვლა აკადემიაში. პირველ წელს როცა ვაბარებდი, ნატურმორტად დაგვიდეს მშვენიერი ვაშლები და ხილი. 1945 წელია, საშინელი შიმშილის წლები.  ერთი სიტყვით, ეს ნატურმორტი შევჭამეთ მე და ერთმა ჩემმა მეგობარმა. მოსე თოიძე გახლდათ მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელი და რომ შემოვიდა, იკითხა „ვინ შეჭამა ნატურმორტიო?“. დარაჯმა დაგვინახა, თორემ ჩვენ არ ვიტყოდით, რა თქმა უნდა,  ეტყობა, უთხრა მოსეს. ამბობდა: „ნატურმორტი შეჭამეს, ესენი მაინც ვერ გახდებიან მხატვრებიო“ და გამოგვაგდო იქედან – „თქვენგან მხატვრები არ გამოვაო“. ამას ერთი საინტერესო ფაქტი მოჰყვა მერე – ნატურმორტებს ნავთს ასხამდნენ, რომ არავის შეეჭამა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მეორე წელს ისევ ჩავაბარე. მაშინ ჩვენ საგამოცდო რაღაც პერიოდი გვქონდა. შიშველი ნატურა, პორტრეტი და კომპოზიცია უნდა გაგვეკეთებინა. კომპოზიცია მე არ ვიცოდი რა იყო, რა უნდა გამეკეთებინა, ვერ მივხვდი. მეგობარს ვკითხე, რა არის კომპოზიცია-მეთქი. მან ფოტო მომცა. ეს იყო გაზეთიდან გამოჭრილი შავ–თეთრი ფოტო – კომპოზიცია ომის თემაზე. ამოვჭერი, ხელის გულზე დავიდე და ვიხატავ. ამ დროს ვიღაცამ მხარზე  ხელი დამადო. შიშით ავხედე – პედაგოგია. „აუფ, ჩამავლეს – ვიფიქრე“ და ისევ გამაგდებენ-მეთქი. მეგონა,  „შპარგალკისთვის“ თუ დამიჭირეს. თურმე, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, საიდანაც გინდა, გაგეკეთებინა, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი. ამ პედაგოგმა  გვარი შემეკითხა, მერე ნამუშევარზე მკითხა: „ეს თქვენ გააკეთეთო?“ მოლბერტზე მქონდა გამოფენილი, დიახ მე-მეთქი,  ვუთხარი. ჩაიწერა ჩემი გვარი. მერე კიდევ ჩამოიარა,  ერთი აბიტურიენტიც ააყენა, მისი გვარიც ჩაიწერა, მოტრიალდა და წავიდა. ეს ადამიანი  დავით კაკაბაძე გახლდათ, რომელმაც  ორი კაცი აარჩია, მეორე ვინ იყო, სახელი და გვარი, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს. ვნახე, რომ ხუთები დაგვიწერეს გამოცდებზე. სახლში არავინ არ იცოდა, რომ ვაბარებდი, ჩუმად წავედი გამოცდებზე. მაშინ სამედიცინო ლანცეტით ვხატავდი. იმით ხატავა წარმოუდგენელია, მე კი, რატომღაც, კარგად ავუღე ალღო. ასე შევედი სამხატვრო აკადემიაში და აი, იქიდანვე იწყება ბრძოლა ჩემს წინააღმდეგ. პირველი კურსი, რომ მოვრჩი და  მეორეზე გადავედი, დამსაჯეს და დამსვეს ისევ პირველზე. მიზეზი  ფორმალიზმი იყო. ეს იყო იდეოლოგიური  ბრძოლა ჩემს წინაარმდეგ. პირველ კურსზე რომ დამსვეს,  ფერწერას მომაშორეს და  გრაფიკის ფაკულტეტზე გადამიყვანეს. ასე მივაღწიე მეოთხე კურსამდე. მეოთხე კურსზე რომ გადავედი, ისევ დამსაჯეს და დამაბრუნეს პირველ კურსზე. იქ ერთ-ერთი პედაგოგი აღმოჩნდა, იმის გვარს არ გეტყვით, რა თქმა  უნდა, რომელმაც უთხრა დირექციას, რომ ის  აღმზრდიდა.  მოიტანდა გაზეთ „კომუნისტს“ და „მოწინავეს“ და გვიკითხავდა.  სამნი ვიყავით  „დასჯილები“. ეს პედაგოგი ასაკოვანი კაცი იყო და გაზეთი წინიდან რომ ეჭირა, ჩვენ ვერ გვხედავდა. დანარჩენებს ვუთხარი: „მე წავალ–მეთქი, და თქვენ მოუსმინეთო“. ასე მივდიოდი და მოვდიოდი. ბოლოს იმ კაცმა განაცხადა ჩემზე, ამის გამოსწორება არ შეიძლებაო. ერთი სიტყვით, აკადემიაში სასჯელებით,  ასპირანტურის ჩათვლით, თხუთმეტი წელიწადი მომიწია სწავლა, რაც ჩემთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. უფასოდ  ვვარჯიშობდი, ვსწავლობდი. 1946 წელს ჩავაბარე და 1961 წელს დავამთავრე. სასჯელი მარტო ჩემზე არ იყო, რა თქმა უნდა. დასჯილი იყო მერაბ ბერძენიშვილი, ჯიფსონ ხუნდაძე, ელგუჯა ამაშუკელი, ზურაბ ნიჟარაძე, კიდევ სხვები. ყველა, ვინც კი რამეს  განსხვავებულს აკეთებდა. ამ პერიოდში აკადემიის დირექტორი მამია დუდუჩავა იყო და ამ სასჯელებს ის განავრცობდა ყველაზე. მაშინ ჩვენ, სტუდენტებმა, მოვახდინეთ ამბოხი და გავუშვით აკადემიიდან ეს კაცი.  მანამდე  უჩა ჯაფარიძე იყო. ის ძალიან ყურადღებიანი და კარგი პიროვნება იყო, კარგი მხატვარიც გახლდათ. შემდეგ, სამხატვრო აკადემიის დირექტორი  სერგო ქობულაძე გახდა. ჩვენ ყველას გვიხაროდა ეს პერიოდი. ბ-ნ სერგოს დიდი გავლენა ჰქონდა აკადემიაში. სტუდენტები მას უდიდეს პატივს ვცემდით, მის ნიჭიერებას, მის ერუდიციას. ის იყო პიროვნება, რომელიც  გამორჩეული იყო თავისი საუბრის მანერით, გარეგნობით.  ბატონმა სერგომ აკადემიაში  ხატვის კათედრა ჩამოაყალიბა. ცალკე ხატვის კათედრა მანამდე არ ყოფილა  და თავისი ერუდიციითა და გავლენით მან მოახერხა, რომ ეს კათედრა  ხელუხლებელი ყოფილიყო, სანამ ის აკადემიაში მოღვაწეობდა. მის შემდეგ, ამ კათედრისთვის ძალიან სუსტი პერიოდი დადგა.
ბატონი სერგოს დროს ხატვის კლასში რომ შემოსულიყავით, აბსოლუტური სიჩუმე იდგა  და ფანქრის ხმა ისმოდა. აი, ისეთი დისციპლინა  და თან დიდი სიყვარული იყო. არანაირი არეულობა და გაუგებრობა არ ყოფილა, როგორიც შემდეგ წლებში მოხდა და, პრინციპში, დღესაც ხდება. ბ–მა სერგომ აკადემიის დერეფნებში ბერძნული ხელოვნების და მთელი კლასიკოსების ნამუშევრების ასლები დადგა. შესვენებების დროს  რომ გამოვიდოდით, ვუყურებდით ამ ნამუშევრებს. რამხელა სიყვარულია არა, აქ?! და აკადემიაში შემოიტანა კლასიკური  მუსიკა. საღამოს,  ხატვის საათები როდესაც გათავდებოდა, დერეფნებში ისმოდა კლასიკოსების მუსიკა. აი, ასეთ ატმოსფეროში ვიზრდებოდით ჩვენ სერგო ქობულაძის დროს. სულ რამდენიმე წელი იყო, მერე თვითონვე თქვა უარი დირექტორობაზე. თქვა, რომ დრო არ ჰქონდა. სერგო ქობულაძე  ნამდვილი პიროვნება იყო.  (ილ.3 )
03

რა იყო თქვენი სადიპლომო ნამუშევარი?
სადიპლომო თემის ხელმძღვანელი  აპოლონ ქუთათელაძე იყო. რვამეტრიან ტილოს ვხატავდი და პირველ წელს ვერ შევძელი დასრულება. ამ „გადაყვანა–გადმოყვანაში“ ფერწერას ვერ ვფლობდი ისე თავისუფლად, როგორც საჭირო იყო. ნახატი ძალიან ძლიერი მქონდა, ყველას მოსწონდა და როდესაც ფერში დავიწყე, წინა ფიგურები კარგად გავაკეთე,   მაგრამ  შემდეგი ფიგურების გაკეთება ვეღარ შევძელი და დავჭერი ეს ტილო, გავანადგურე. მერე მითხრეს, ამდენი წელიწადია  აკადემიაში ხარ და ბოლოს დაამთავრეო (იცინის). ხოდა, მქონდა რაღაც გრაფიკული ნამუშევრები, ილუსტრაციები ერთი რვა ცალი. მივიტანე, მოეწონათ, ნიშანი დამიწერეს და მივიღე დიპლომი. საასპირანტო თემა იყო „ვეფხისტყაოსანი“. ოთხი ილუსტრაცია მივიტანე მაშინ და ძალიან მოეწონათ.

მასწავლებლები, რომლებსაც წვლილი მიუძღვის  თქვენს პროფესიულ განვითარებაში?
ესენია: სერგო ქობულაძე, ლადო გრიგოლია, ნიკოლოზ კანდელაკი, ბოლოს მე  აპოლონ ქუთათელაძესთან ვიყავი და, რა თქმა უნდა, დავით კაკაბაძე. მართალია, ის ჩემი მასწავლებელი არ ყოფილა, მაგრამ  ძალიან მომწონდა და გულდასმით ვაკვირდებოდი ხოლმე მის  ნამუშევრებს. კანდელაკის გარდა, დანაჩენი სამი ჩემი მასწავლებელი  იყო. სასწაული იყო, რაც კოლია კანდელაკმა ჩემთვის გააკეთა. დიპლომზე მუშაობას მე  აკადემიაში ვერ შევძელებდი. ბევრ ხალხში ხატვა მიჭირდა. ბატონმა კოლიამ თვითონვე შემომთავაზა, რომ მის სახელოსნოში მივსულიყავი და იქ მემუშავა, ორივე მოვთავსდებით იქო. ორი წელი ვიმუშავე ამ სახელოსნოში. არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო ისიც. მახსოვს, სწორედ მაშინ კოლია კანდელაკი აკეთებდა გალაკტიონ ტაბიძის ქანდაკებას და თვითონ გალაკტიონი დადიოდა სახელოსნოში. ბატონმა კოლიამ მითხრა, გალაკტიონი უნდა მოვიდესო და შენ აქე ჩემი ქანდაკებაო. ერთხელ, დილას, მივედი ძალიან ადრე, რომ შევაღე სახელოსნოს კარები, გალაკტიონი იდგა ჩემი ნახატის წინ. ჩანახატი მქონდა საწყის სტადიაზე. ვაკეთებდი სურათს ისტორიულ თემაზე: „მეფე ერეკლეს გამარჯვება თათრებზე“. იდგა და უყურებდა ამას. არ მოუხედია, ზურგით იდგა, მაგრამ მიხვდა, რომ მე შევედი და არა კოლია კანდელაკი. დიდი პიროვნება იყო და, როგორც ჩანს, კარგი ინტუიცია ჰქონდა. ყმაწვილო, ვინ არის ესო? – მეფე ერეკლეზე მკითხა. მე ვუთხარი - ეს მეფე ერეკლეა- მეთქი.  არც მოტრიალებულა, ისე მითხრა: „არა ეს ნამდვილად მე ვარო“. ეს იყო გალაკტიონთან ჩემი შეხება.

კიდევ რას გაიხსენებთ თქვენს პედაგოგებზე?
ბატონ სერგო ქობულაძეზე მოგიყვებით: - როგორც გითხარით, აკადემიაშიც ბრძოლა მქონდა და ბატონი სერგო მიცავადა. ითხოვდა თურმე, მე მომეცით ეს სტუდენტიო, მაგრამ მამია დუდუჩავამ არაფრით არ დაუშვა, რომ სერგო ქობულაძესთან მესწავლა. ასპირანტურა კი სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით დავამთავრე. სამი წელიწადი მასწავლიდა. სამი ადამიანი ვიყავით მასთან ასპირანტურაში: მე, ჩუბჩიკა (თენგიზ მირზაშვილი) და მესამე იყო მდინარაძე –  სახელი აღარ მახსოვს. ბ–მა სერგომ სპეციალურად გამოყო ოთახი, იქირავა და იქ ვმუშაობდით.
იმ პერიოდში მე ვაკეთებდი დიდი ზომის სურათებს ვაჟა-ფშაველას პოემის „სტუმარ-მასპინძელის“ მიხედვით. გავაკეთე სურათი და გავიტანე გამოფენაზე. ჩემი სურათები გამოფენაზე გამქონდა და, როგორც წესი, სამ დღეზე ან ერთ კვირაზე მეტს არ აჩერებდნენ. ყველა დანარჩენის სურათები ჰქონდათ ჩამოკიდებული და ჩემი ნამუშევარი არ მიიღეს. ჯერ დიდხანს ფიქრობდნენ, სად ჩამოეკიდათ. ამოვარდნილი იყო სხვა ნამუშევრებიდან. ბოლოს მითხრეს, უკან წაიღეო. დახმარების სათხოვნელად  ქობულაძესთან წავედი სახელოსნოში. ბ-ნი სერგო  ამ დროს  ფარდაზე მუშაობდა.  გამიღეს კარები, შევედი სახეოლოსნოში, ძირს, მთლიან ფართზე გაფენილი იყო ტილო, ბ–ნი სერგო ზედ დადიოდა და ისეთი გაანგარიშება ჰქონდა, რომ პროპორციებს  ზუსტად იღებდა, როგორ აკეთებდა ამ კაცის გონება ამას, ეს იყო სრულიად საოცარი. მისი მათემატიკური გონი  კომპოზიციას ზუსტად  და ჰარმონიულად ანაწილებდა.  ამ დროს ვთხოვე დახმარება და ვუთხარი, იქნებ, როგორმე მომეხმაროთ, რომ ჩემი ნამუშევარი გამოფენაზე დარჩეს-მეთქი. უცებ დამიყვირა,  ხომ ხედავ ვმუშაობო და სად მცალია ეხლა მე მაგისთვისო. მაშინვე ბოდიში მოვუხადე და წამოსვლა დავაპირე. კარებთან რომ მივედი, მეძახის,  რუსულად საუბრობდა – „დაიცადეო, შენ ეხლა გალერეაში წადიო, იქ დამელოდე და მოვალო“. მართლაც მოვიდა, შეხედა ჩემს ნამუშევარს. იქ საბჭო იყო, რომელშიც უჩა ჯაფარიძეც შედიოდა. უჩას უთხრა პირდაპირ: „მე ეს სურათი მომწონს და არ  მოხსნათ გამოფენიდანო“ – მოტრილდა და წავიდა. რა თქმა უნდა, ეს სურათი დატოვეს.
აკადემიაში სწავლის დროს, ერთ გარკვეულ პერიოდში,  ორიენტაცია დავკარგე, ცოტა არ იყოს, დავიბენი შემოტევებისგან  და ბატონ სერგოს შევჩივლე, რომ ვეღარ ვხატავ და რას მირჩევ-მეთქი. იცოდა, როგორც ვხატავდი და მითხრა, იქნებ ისე გააკეთოო, რომ თითქოს   პირდაპირ, უბრალოდ, ფოტოგრაფიული თვალით  იხატავ ცოცხალ მოდელსო და არა გონების ანალიზითო. ეს იმისთვის, რომ გარკვეულ დიციპლინაში შევსულიყავი.  სამი ნამუშევარი გააკეთე ასეთიო. მე ერთი ნამუშევარი რომ გავაკეთე, მივხვდი, რომ მეტი აღარ მჭირდებოდა. ვაჩვენე ბატონ სერგოს და მითხრა, ახლა კიდევ სცადეო. მე აღარ მიცდია, იმიტომ რომ უკვე ძველებურ ფორმაში შევედი. ეს ბ–ნი სერგოსგან ძალიან დიდი პროფესიული დაკვირვების შედეგი იყო.
პირდაპირ თქმა იცოდა. ერთხელ, მე და რამდენიმე სტუდენტი ერთად ვხატავდით, შეიძლება ითქვას, რომ  უნიჭოები იყვნენ. შესვენების საათი იყო და გარეთ იყვნენ გასულები.  ბატონმა სერგომ  შეხედა ნამუშევარს და ჩვენ, ვინც აუდიტორიაში ვიყავით, გვითხრა,  ისინი, რომ შემოვლენ,  ჩემი აზრი გადაეცითო - აქ რომ იყვნენ, რა თქმა უნდა, მე თვითონ ვეტყოდიო - ჯობს სადმე სხვაგან წავიდნენ და ჩააბარონ, დროს ტყუილად კარგავენო, რადგან მათგან მხატვრები არ გამოვლენო. მაგრამ ისინი ისეთი „ცხოვრებისეული“ ხალხი აღმოჩდნენ, რომ „თავი არ დაუკარგავთ“.
აკადემია რომ დავამთავრე, პედაგოგად მიმიღეს ხატვის კათედრაზე ბატონ სერგოსთან. როცა შეფასებაზე მიდგებოდა საქმე, ბატონი სერგო მეუბნებოდა, თქვენი კლასია და თქვენ თვითონ დაწერეთ ნიშანიო. მე მაძლევდა ამის უფლებას. მეც ჩამოვყვებოდი ხოლმე და ვწერდი ნიშნებს. სერგო იზიარებდა და იღებდა ჩემს შეფასებებს. ერთხელ, ერთ-ერთმა პედაგოგმა უთხრა, თქვენ ლევანისგან ყოველთვის  იღებთ ნიშნებს და ჩემგან არაო. ბატონმა სერგომ პირდაპირ უთხრა  ლევანი რასაც მეუბნება, ყველაფერი მართალიაო და შენ ვერ ხედავ ეგეთი სიზუსტით, როგორც საჭიროა პროფესიონალისთვისო. აი, ასეთი პირდაპირი კაცი იყო. საოცარი პიროვნება იყო. მახსოვს, როგორ აშენებდა და აწყობდა თავის სახელოსნოს  - ყველაფერი მისი გონით იყო გაკეთებული.
ბოლო პერიოდში, მახსოვს, სტუდენტებს და სერგოს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ისინიც ძალიან ნიჭიერი ხალხი იყო, ვინც ეს ჩაიდინა, მხოლოდ არ ეთანხმებოდნენ ბატონ სერგოს შეხედულებებს. მაგრამ ეს მაგათი ბრალი იყო,  ხატვა არც ერთმა მათგანმა არ იცოდა ისე, როგორც ბატონმა სერგომ  და  დათანხმებოდნენ თუ არა, ბატონ სერგოს ამით არაფერი დააკლდებოდა. ის ხატავდა ბრწყინვალედ, ჰქონდა არაჩვეულებრივი გონება. აბსოლუტური მათემატიკური სიზუსტით შეეძლო აეგო მთელი კომპოზიცია.

ლადო გრიგოლიაზეც გვიამბეთ
წაგიკითხავთ სიტყვებს, რომელიც ერთ–ერთ წერილში დავწერე ბატონ ლადოზე: – „თვალწინ მიდგას მისი სიკეთით აღსავსე სახე. მას ეკითხებოდნენ ისეთებიც, რომლებიც ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ  მხატვრობაში. მაგრამ მათ აკლდათ ის, რითაც სავსე იყო ბატონი ლადოს სულიერი სამყარო. ძალიან მდიდარი სულიერი სამყარო ჰქონდა ბატონ ლადოს. სტიმულს აძლევდა ადამიანებს, არ დაეყარათ იარაღი“.
ბატონ ლადოსთან დაკავშირებით კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ - როდესაც მე დამსაჯეს და  გრაფიკის ფაკულტეტზე მოვხვდი, სწორედ ამ დროს, ფაკულტეტზე,  ლადო გრიგოლია ასისტენტი იყო. ზაფხულში წაგვიყვანეს ახალქალაქში, კასპის რაიონში.  იქ ძველი თავადების, მაჩაბლების სასახლე იყო, სადაც სტუდენტები  პრაქტიკას გადიოდნენ. იქ შეგვასახლეს და ვაკეთებდით ეტიუდებს, პეიზაჟებს, სხვადსხვა ჩანანახატებს. ბატონი ლადოც ჩამოვიდა.  „დასჯის“ გამო  ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. გაბრაზებულმა ბევრი პატარა ზომის ეტიუდი გავაკეთე ფუნჯით (უკვე, რა თქმა უნდა, ფუნჯით შემეძლო მუშაობა). მერე კედელზე მივაჭედე, რადგან სველი იყო და ვერ შევინახავდი. ასე თხუთმეტიოდე ნახატი ჩამოვკიდე. სამასწავლებლო ოთახი ჩემი საძინებელის გვერდით იყო.  ერთ მშვენიერ დღეს ბატონი ლადო გამოსულა და  ეს ჩემი ნამუშევრები უნახია. მე იქ არ ვიყავი. აუტეხია ერთი ამბავი, რა კარგი ნამუშევრებია და ვინ გააკეთაო. მერე გავიცანი, რა თქმა  უნდა, და ძალიან დავმეგობრდით. ყოველთვის ხაზგასმით მომიხსენიებდა ხოლმე და სტუდენტები ამაზე ძალიან ბრაზობდნენ. „ვეფხვისტყაოსნის“ ილუსტრაციებს რომ ვაკეთებდი, კონსულტაციები ბატონ ლადოსთან მქონდა. პირევლად როცა განვუცხადე, რომ  გადავწყვიტე,  „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების გაკეთება, მკითხა, როგორ ჩამოვაყალიბებდი ამას სიტყვიერად, ჩემი აზრი აინტერესებდა, როგორ წარმომედგინა. მე ვუპასუხე: - დასაწყისში იქნება სივრცეში, წრეზე შემდგარი ვეფხვი და დასასრულს ეს ვეფხვი დამშვიდებული, გაწოლილი იქნება ამ წრეზე-მეთქი. ეს რომ ვუთხარი,  მიპასუხა: „თქვენ გააკეთებთ ილუსტრაციებსო“. ე.ი. სტიმული მომცა ამით. მე, რა თქმა  უნდა, დავიწყე და ექვსი წელი მოვუნდი ამის კეთებას, 15 სურათი გავაკეთე.  (ილ. 4)
04

ბატონი ლადოს გავლენა ხომ არ იყო თქვენი  „წიგნისადმი სიყვარული“?
ბატონმა ლადო გრიგოლიამ გარკვეული როლი შეასრულა იმაში, რომ მე უშიშრად შევდგომოდი ჩემს საქმეს. წიგნი ჩემი შემოქმედებისთვის ერთ-ერთი დიდი სტიმული იყო. ჩვენი თაობა, საერთოდ, წიგნიერი თაობა იყო და  წიგნის განსაკუთრებული სიყვარული გვქონდა. თავიდან, ჩემი ინიციატივით ვაჟა-ფშაველა პოემების ილუსტრაციები გავაკეთე, მერე -„ვეფხისტყაოსანი“. შემდგომ ბევრი მწერალი ან გამომცემლობები მთხოვდა გამეფორმებინა მისი წიგნი. მე, რა თქმა უნდა, უარს არ ვეუბნებოდი. პირველად წიგნი  ხუტა ბერულავამ შემიკვეთა. ეს იყო  ამბავი თბილისის დაბადებისა. მხატვრებს წიგნების ილუსტრაციისთვის  ყოველთვის პატარა ნამუშევრები მიჰქონდათ, მეტი არ არის საჭირო. მე რომ შემიკვეთეს, არ ვიცოდი, პატარა ზომის ნახატი თუ უნდა გამეკეთებინა და   დიდები  მივიტანე. ხუტა ბერულავა გადაირია, გაოცებული დარჩა ამხელა ნამუშევრებით.  მერე,  რა თქმა  უნდა, დაიბეჭდა. ეს იყო პირველი შეხება წიგნთან (1964წელი).   (ილ. 5 ,6, 7, 8, 9)
0506
07
0809

ბატონ აპოლონთან დაკავშირებით თუ დაამატებდით რამეს?
ძალიან მხიარული, კარგი პიროვნება იყო ბატონი აპოლონი, უდავოდ ნიჭიერი კაცი იყო. ერთ მშვენიერ დღეს შემოვიდა ოთახში, ვმუშაობდით, შიშველ ნატურას ვხატავდით. მე დავხატე ფეხზე მდგომი ნატურა, რომელსაც ხელი ჰქონდა გაშვერილი. მთელი ტანი დახატული მქონდა, მხოლოდ ფერში არ მქონდა შესრულებული და ეს მკლავი, რატომღაც, ისე მომეწონა, რომ ფერში შევასრულე თავიდან ბოლომდე. აპოლონი რომ შემოვიდა, შეხედა, უყურა და მითხრა –„მომეცით თქვენი ფუნჯიო“– მივეცი ფუნჯი, აიღო ხელში, ვითომ შესწორება უნდოდა.  უყურა, უყურა და მერე მითხრა: „არა, მე ამას გავაფუჭებო“ ხოდა, დამიბრუნა ჩემი ფუნჯი. მერე, რა თქმა  უნდა, მე ის მოდელი შევასრულე, მაგრამ მასთან ურთიერთობის აი, ასეთი საინტერესო მომენტი დამრჩა.
ლადო გუდიაშვილს გავიხსენებ, რომელთან შეხვედრამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე: - აკადემიის სწავლის პერიოდში, რაღაც დროს, ურწმუნოება ვიგრძენი ჩემს თავში, ვფიქრობდი, საერთოდ გამეგრძელებინა თუ არა ხატვა. ამ დროს გადავწყვიტე, საკუთარი ნამუშევრები ბატონი ლადოსთვის მეჩვენებინა. მე მას არ ვიცნობდი მანამდე და ჩემს ერთ მეგობარს, ალეკო რატიანს ვთხოვე გამყოლოდა მასთან და წავიღე ჩემი ნამუშევრები. მხატვრისა და მისი მეუღლის, ნინო გუდიაშვილის თბილმა შეხვედრამ გამბედაობა მომცა, მეჩვენებინა ჩემი ნახატები. მახსოვს, ბატონი ლადო ბევრს მესაუბრა და მომიწონა ნამუშევრები. მისმა სიტყვებმა ფრთები შემასხა და თავიდან დამაწყებინა ხატვა. ამ შეხვედრას მერეც, მძიმე წუთებშიც, არაერთხელ ვიხსენებდი და ის გარკვეულ ძალას მაძლევდა ცხოვრებაში.
მეუღლე დალი ღვინიანიძე
ერთ-ერთ შეხვედრაზე  ლადო გუდიაშვილისთვის უკითხავთ, რას ფიქრობთ ლევან ცუცქირიძის შემოქმედებაზეო? მას უპასუხია: „ლევან ცუცქირიძის შემოქმედება  მოღრუბლულ ცაზე მზის სხივის გამობრწყინებას მაგონებსო“.

რომელ სამუშაო მასალას ანიჭებთ უპირატესობას?
ტემპერით ვხატავ ძირითადად. მე ვიყავი დავით გარეჯში სტუდენტობის დროს, 1953 წელს. შალვა ამირანაშვილმა მაშინ ხელოვნების მუზეუმიდან მთელი თავისი ხელოვნებათმცოდნეები ერთი თვით გაუშვა უდაბნოში სამეცნიერო ექსპედიციაში. ჩემი ასაკის ხალხი იყო. წავედით ზურგჩანთებით, მაშინ არც მანქანები გვყავდა, არც არაფერი, ძალიან მოკრძალებულად ვიყავით. იქ რომ ვმუშაობდი, ფრესკების ასლებს ვაკეთებდი, ხატვის დროს კვერცხის ემულსია გვქონდა, რის სუნზეც გველი მოდიოდა  და ამ ემულსიის მირთმევა უნდოდა. მე ვაგდებდი, მაგრამ ისევ ბრუნდებოდა და თამაშობდა ქილაზე. ეს დაინახა ერთ-ერთმა ხელოვნებათმცოდნემ, ვისაც იარაღი ჰქონდა და დაახალა თოფი ქვეწარმავალს. მე შევკრთი, რა თქმა უნდა უნდა, არ ველოდი. ეგეთი ისტორიები იყო. რომ ჩამოვიტანე ფრესკის ეს ასლი, ამირანაშვილს ძალიან მოეწონა და მთხოვა, კიდევ გამეკეთებინა იგივე ასლი და ჩემი ასლიდან ასლი გავაკეთე. მუზეუმში კიდია ახლაც. მერე კიდევ წავედი უდაბნოში, იქაც პატარა ასლები გავაკეთე. ეს უკვე ჩემთვის ვმუშაობდი. სწორედ ამან მომცა ტემპერაით მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. ეს ყველა ნანუშევარი, რაც კედლებზე მაქვს, აქ გავაკეთე, ყველა ტემპერაშია შესრულებული. ტემპერის ემულსია მე ადრე არ მქონდა. „ღრეობა“  ჩვეულებრივი საჭმელი ზეთით შევასრულე. ზეთი გარკვეულ დამუშავებას საჭიროებდა, რა თქმა უნდა. ადრე, ჩემს ახალგაზრდობაში, ჩემი ნამუშევრების სანახავად მოჰყავდათ  მხატვრები „გოქსიდან“. ერთი იუგოსლაველი მხატვარი მოიყვანეს ჩემთან სახლში. მითხრეს, დალევა უყვარსო და ორი ბოთლი კონიაკი ვიყიდე. ეს კაცი მობრძანდა, თავისი ნახატების ალბომი მოიტანა და  მაჩვენა. მერე თვითონაც შემეკითხა ჩემს ნამუშევრებზე. მე ვუთხარი, რომ ტემპერის ემულსია არ მქონდა.  რეცეპტს მოგცემთო, მითხრა. ამ რეცეპტით ჯოტო მუშაობდაო. ესე იგი, ჯოტოს რეცეპტი შემორჩენილი ყოფილა. ჩამომიყალიბა, ჩავიწერე. იქ რამდენიმე კონპონენტი შედიოდა და გავაკეთე, რა თქმა უნდა. ეს იყო ჩვეულებრივი სელის ზეთი, გადადუღებული, გაციებული წყალი და კვერცხის გული, კანი უნდა მოგეცილებინა და ხელში უნდა გაგეშრო. ძალიან საინტერესო მასალაა. მერე, ამ რეცეპტით შესრულებულ ნამუშევრებს ვახვევდი კიდევაც, სადმე რომ მიმქონდა და არაფერი არ მოსდიოდა. (ილ. 10)
10

როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო?
აკადემიაში სწავლის დროს ძალიან მიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უფრო მაღლა იდგა აკადემია თავისი დისციპლინით, მაინც მიჭირდა  იქ მუშაობა. როგორც ვთქვი, დიპლომსაც ვერ გავაკეთებდი, კოლია კანდელაკას რომ არ შემოეთავაზებინა  თავისი სახელოსნო და ეს იყო ჩემთვის შვება. მერე ჩემი საკუთარი სახელოსნოც მქონდა. ახლა იქ სიარული მიჭირს და დღეს ჩემი სახელოსნო ჩემი სახლია.

როგორია ოჯახის წევრების დამოკიდებულება თქვენი პროფესიული საქმიანობის მიმართ?
ძალაინ კარგი დამოკიდებულება აქვს ჩემს ოჯახის წევრებს ჩემს პროფესიასთან. მეუღლე ძალიან მიწყობს ხელს.
მეუღლე დალი ღვინიანიძე: – ხელოვანთან ცხოვრება ძალიან ძნელია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოც, ბავშვები იშვიათად მოდიან, ფაქტობრივად, აქ ეს არის სახელოსნო.

კედლის მხატვრობაზე გვიამბეთ
უწმინდესი ჩვენი პატრიარქი ილია II ახალი არჩეული იყო, 1977 წელს იყო აღსაყდრება. მან  ხელოვანებთან შეხვედრა მოაწყო. მიმართა მხატვართა კავშირს, სამხატვრო აკადემიასაც და, ერთი სიტყვით, გარკვეული ჯგუფი ვესტუმრეთ. იქ იყო ელგუჯა ამაშუკელი, თამაზ თევზაძე (არქიტექტორი) და ბევრი სხვა, ვინც რამეს წარმოადგენდა მაშინ ამ დარგში. დაგვხვდა სუფრით. სუფრაზე იყო ხილი და შამპანური. გვითხრა ასეთი ამბავი, სიონის ტაძრის მოხატვა გვინდაო და მთელ ჩვენს ჯგუფს მოგვმართა, მხატვარს ხომ არ შევურჩევდით. იქ მყოფებმა სუყველამ ჩემზე მიუთითა. იცოდნენ, რომ დავდიოდი დავით გარეჯში. ვხატავდი ტემპერით, ამიტომ შესთავაზეს ჩემი თავი. პატრიარქი დათანხმდა და მთხოვა, რომ მომეხატა. ასე დავიწყე სიონში მუშაობა და დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს პატრიარქთან. დიდუბის ეკლესიას  შურა ბანძელაძე ხატავდა (ჩემზე ადრე დაიწყო) მე კი – სიონის ტაძარს. მაგრამ მანდ ცუდი რამ მოხდა, ტაძრის კედლები გაჯით შელესეს. სანამ მუშაობა დავიწყე, ავად გავხდი და ვთხოვე, რომ არ შეელესათ ჩემს მისვლამდე. პატრიარქს, რა თქმა უნდა,  არ ეხებოდა ეს ამბავი. მაგრამ მაინც შელესეს ორი დიდი კედელი, შესასვლელიდან მარჯვენა მალი და დასავლეთის კედელი. დანარჩენი გადარჩა, მივუსწარი. მე მქონდა რეცეპტი - კირით უნდა შემელესა. გაჯით შელესილი კედელი სულ მთლად ჩამოიშალა, ამდენი ნაშრომი გაფუჭდა. კირით რაც იყო შელესილი, ის შერჩა. ჯერ სახლში ვმუშაობდი, ესკიზები გავაკეთე, დიდი ზომის „კარტონები“. ქაღალდზე ვხატავდი და მერე უკვე გადამქონდა კედელზე. სულ შვიდი წელი ვიმუშავე. სანამ მუშაობას დავიწყებდი, ექიმებმა ამიკრძალეს მოძრაობა. შვიდი წლის განმავლობაში ხარაჩოზე თავდაყირა ვიდექი და დღემდე არ დავწოლილვარ.

რომელიმე ნამუშევარი თუ გიყვართ გამორჩეულად?
მე ყოველთვის  ჩემი ბოლო ნამუშევარი მიყვარს.

გაგინადგურებიათ თუ არა თქვენი ნამუშევარი?
ერთ შემთხვევაზე უკვე გიამბეთ. ერთხელ კიდევ იყო ასეთი შემთხვევა: გავაკეთე დაახლოებით  მეტრიანი ტილო, რომელიც  საერთო გამოფენიდან გამოაგდეს. იქედან მოვდივარ ნერვებმოშლილი, მომაქვს ნამუშევარი. გზაში შემხვდა პრეზიდენტის დედა, მზია გომელაური, მკითხა, სად მიდიხარო?  ვუთხარი,  ეს ნამუშევარი გამომიგდეს გამოფენიდან და მივდივარ, მტკვარში უნდა გადავაგდო-მეთქი. გეხვეწები, არ გადააგდო და მე მომეციო. მართლაც  ვაჩუქე და  დღესაც აქვთ, რა თქმა უნდა.

გამოფენებში მონაწილეობა
პირველი პერსონალური გამოფენა არქიტექტორთა კავშირში მქონდა, პატარა სივრცეში გამოიფინა დაახლოებით სამოცი ნამუშევარი. მერეც რამდენიმე პერსონალური გამოფენა მქონდა. სისტემატიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა გამოფენებში, მათ შორის - საზღვარგარეთაც:  გერმანია, ბელგია, ჰოლანდია. ავსტრიაშიც მქონდა გამოფენა.

მეუღლე დალი ღვინიანიძე
1973 წელს პირველი დიდი პერსონალური გამოფენა ჰქონდა ლევანს. ბატონმა უჩა ჯაფარიძემ გახსნა გამოფენა და  მაშინ მან ასეთი სიტყვებით დაახასიათა ლევანის შემოქმედება: „ლევან ცუცქირიძე გადებული ხიდია ქართული ფრესკებიდან დღევანდელობასთანო“.

თუ გაგიყიდიათ ან გაგიჩუქებიათ საკუთარი ნამუშევარი?
უფრო მეტი გამიჩუქებია, ვიდრე გამიყიდია, ახალგაზრდობაში განსაკუთრებით. დაკარგვითაც დამიკარგავს. სტუდენტობის დროს რომ მოგიყევით ჩანახატეზე, თხუთმეტი რომ გამოვფინე, თხუთმეტივე დავკარგე, ვიღაცამ მომპარა. „ვეფხისტყაოსანიც“ ფერში რომ გავაკეთე, თავიდან სამი თუ ოთხი ნამუშევარი მომპარეს.

სად ინახება თქვენი ნამუშევრები?
ჩვენთან, ეროვნულ მუზეუმში, ლიტერატურის მუზეუმში, გალერეაში. ვაჟა ფშაველას „გველის მჭამელი“ გავაკეთე საკმაოდ დიდი ზომის ოთხი ტილო, ახლა ამერიკაშია. პიროვნება, ვინც ჩამოვიდა აქ, ნახა ეს ნამუშევრები და შემიკვეთა ოთხი სურათი. ძალიან სწრაფად გავუკეთე, სხვათა შორის. წაიღეს და ამერიკაშია კერძო საკუთრებაში. სხვა ქვეყნებშიც არის კერძო კოლექციებში. „ფაუსტის“ ილუსტრაციები გერმანიაში, ვაიმარში გოეთეს სახლ-მუზეუმს ვაჩუქე. იქ არის გამოფენილი.

რას განიცდით, როცა გაკრიტიკებენ?
ისე მივეჩვიე კრიტიკას, აბსოლუტურად აღარ მოქმედებს ჩემზე - არც დადებითად და არც უარყოფითად.
რა ადგილი ეჭირა თქვენს ცხოვრებაში პედაგოგიურ მოღვაწეობას და თუ შეგიშალათ ხელი შემოქმედებით საქმიანობაში? მე აკადემიაში ვასწავლიდი სერგო ქობულაძის დროს, როდესაც დისციპლინა  უმაღლეს დონეზე იყო. შემდეგ გადავედი გეპეიში (ტექნიკურ უნივერსიტეტში) არქიტექტურის ფაკულტეტზე. როცა გოგი თოთიბაძე გახდა აკადემიის რექტორი, მომიწვია აკადემიაში და ისევ იქ დავბრუნდი,  რადგან აკადემია  ჩემთვის მაინც მშობლიური  იყო. ხატვას ვასწავლიდი, რომელსაც  დიდი ყურადღება ექცეოდა ჩვენს დროს. გამორჩეული მოსწავლეებიც მყავდა, ვისაც უყვარდათ ხელოვნება და კარგად სწავლობდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო, მაგალითად, შალვა მათიაშვილი.
პედაგოგიურ მოღვაწეობას ხელი ნამდვილად არ შეუშლია. ლექციებზე ხომ გარკვეული პერიოდი დავდიოდი და, შეიძლება ითქვას, ვისვენებდი კიდეც. აკადემიაში ათასნაირი საუბრები და შეხვედრები გვქონდა  მხატვრობაზეც, მწერლობაზეც, მუსიკაზეც და რა ვიცი, ყველაფერზე. და ეს ყველაფერი ჩემთვის მეტად საინტერესო იყო.

ვისთან მეგობრობდით?
დიმა ერისთავი, გივი გიგაური, პიკო (ზურა ნიჟარაძე). მე, დიმა ერისთავი, ჩუბჩიკა (თენგიზ მირზაშვილი) და თენგიზ კიკალიშვილი ერთად ვიყავით მთაში ჩვენი სურვილით წასულები. მაშინ საინტერესო იყო მთის ცხოვრება და მთიელები. ბევრი მაშინდელი შთაბეჭდილება, საინტერესო ტრადიციები დღესაც მახსოვს.

მოთხრობა ან ლექსი თუ დაგიწერიათ?
ჩემთვის დღიურებს ვწერ, ზოგჯერ  ლექსებსაც ვწერ ხოლმე. ჯერჯერობით მაგაზე არ ვისაუბროთ, საიდუმლოა.

მეუღლე დალი ღვინიანიძე
– 2007 წელს მე ძალიან ვიავადმყოფე, შეიძლება ითქვას, სასწაულმა გადამარჩინა. ამ წელს  ჩემს ქალიშვილთან აგარაკზე ვისვენებდი. ლევანი ამოვიდა ერთ დღეს. ისეთი ამინდი იყო, არ ეხატებოდა, არ ეწერებოდა  (პროზაულ ტექსტებს წერდა) და მეუბნება: იცი რა, რაღაც უნდა გითხრაო – ლექსი დავწერეო. მე ვუთხარი: არა უშავს,  ყველა წერს თითო ლექსს ცხოვრებაში-მეთქი. ერთი კი არა, ოცი დავწერეო. მაგრამ ეს მერე იყოს, სხვა დროს.

ქართველი ხელოვანებიდან ვის შემოქმედებას აფასებთ?
ფიროსმანი - თავისთავად, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და ყველად, ვისაც თავიანთი „მეობა“ აქვს გამოკვეთილი. უცხოელი მხატვრებიდან - კლასიკოსები: ლეონარდო, მიქელანჯელო, განსაკუთრებით მიყვარს იმპრესიონისტები.

ყოფილხართ თუ არა რომელიმე მხატვრის გავლენის ქვეშ?
ძალიან ვცდილობდი, რომ ლეონარდოს და მიქელანჯელოს გავლენის ქვეშ მოვქცეულიყავი, ვიხატავდი მათ ნახატებს. გავლენის ქვეშ მაინც ვერ მოვექეცი.

თქვენი დამოკიდებულება ხელოვნებათმცოდნეობისადმი?
ხელოვნებათმცოდნეებთან მე დიდი მეგობრობა მაკავშირებს. მყავდა ძალიან ახლო მეგობრებიც. აუცილებელია, რომ ეს პროფესია არსებობდეს. მე ასე ვთვლი. მხატვარზეც ხომ უნდა ითქვას რაღაც. ხელოვნებისმცოდნის გარეშე ეს როგორ მოხდება?!

თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართულ ხელოვნებასთან დაკავშირებით
მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ხელოვნება ძიების პროცესშია. ჩვენთან სკოლა არ არსებობს. მე ასეთი შეხედულება მაქვს. ჩემი თაობის მხატვრები, რომლებსაც  დიდ პატივს ვცემ, ვიტყვი, რომ ისინიც ძიების პროცესში არიან, როგორც მე.
რა აზრის ხართ აკადემიური სწავლების შესახებ? ის, რომ მხატვარს აკადემიური განათლება არ სჭირდება, ეს არის უდიდესი შეცდომა. ეს, მე მგონი,   ისეთმა ხალხმა მოიგონა, ვისაც ხატვა არ უყვარს და არ იცის. ხატვა აუცილებელია, დაწყებული ბერძნებიდან და თქვენ იცით ბევრი სხვა სკოლა, სადაც ნახატი პირველია. კლასიკოსების ცოდნა აუცილებელია. მერე შეიძლება აბსტრაქციაც გააკეთო, მაგრამ საფუძველი უნდა გქონდეს.

რას იტყვით დღევანდელ აკადემიაზე, როგორ უნდა აღიზარდონ სტუდენტები?
აკადემიამ სახე იცვალა, რა თქმა უნდა,   ცუდისკენ. ისე იცვალა, რომ ძალიან ძნელია რაიმეს თქმა ჯერჯერობით. ქანდაკების ფაკულტეტი, რომელიც ცალკე იყო გამოყოფილი, აღარ არსებობს... და კიდევ ბევრი რამ. დღეს მთლიანად მოშლილია სწავლების სისტემა.

მეუღლე დალი ღვინიანიძე
– ლევანს „ქობულაძის დროის აკადემია“ უნდა, რომ დაბრუნდეს.
ქობულაძის დროინდელი აკადემია მართლაც  ბრწყინვალე იყო.

თქვენ რა მოგცათ სამხატვრო აკადემიამ?
მე  საოცარი პედაგოგები მყავდა. ის სხვაა, რომ ჩემს ნამუშერვრებს არ იღებდნენ და ნიშნებსაც დაბალს მიწერდნენ ისე, რომ სტიპენდია თითქმის არ მქონდა, მაგრამ სხვა მხრივ, ისეთი თავისუფლება იყო, ყველა ისე აკეთებდა, როგორც გრძნობდა  და მეც, რა თქმა უნდა, ისე ვაკეთებდი, როგორც ვგრძნობდი და როგორც ვხედავდი. ამ მხრივ ჩვენ  თავისუფლები ვიყავით.

თავიდან რომ დაბადებულიყავით, იგივე გზას გაივლიდით, ისევ ხელოვანი იქნებოდით?
კი, ალბათ, იმავე გზას გავივლიდი.

როგორ ფიქრობთ, მიაღწიეთ იმას, რაც გინდოდათ?
„მიღწევა“, როგორც ასეთი, არ არსებობს. სულ, მუდმივად, ბოლო ნამუშევრიდან ახალ ნამუშევრამდე ფიქრობ, რომ „მიაღწევ“ და ასეა გამუდმებით. ესაა, გარკველწილად, სტიმული.

რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას?
კლასიკოს მხატვრებს მიაქციონ მეტი ყურადღება იმისთვის, რომ ნახატი ისწავლონ კარგად. და ყველაფერ ამის მერე აუცილებლად იტყვიან თავის სიტყვას.

რის გაკეთებას გეგმავთ მომავალში?
გეგმები განუწყვეტელია. ახალ-ახალ ნახატებს სიამოვნებით გავაკეთებდი და ვაკეთებ კიდეც. ხატვას  ნახატის კარგი ცოდნა სჭირდება. ეს არის ჩემი მიზანი.  (ილ. 11)
ბატონ ლევანს დავემშვიდობეთ, ხანგრძლივი სიცოცხლე და უხვი შემოქმედებითი იდეა  ვუსურვეთ. ინტერვიუს კი მისი დღიურიდან ამონარიდი სიტყვებით დავასრულებთ.
„როდესაც ვარსკვლავი მოსწყდება ზეცას, ის ტოვებს კვალს, რომელიც თავისი სილამაზით შეუდარებელია.
ასე მეტეორივით გადაუფრენს ჩვენს ცხოვრებას ნიჭიერი კაცის ფიქრები და იმკვიდრებს ადგილს მარადიულ კანონთა წესრიგში. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ერი ასეთ კაცთაგან არ არის ღარიბი. ალბათ, მათი წყალობით, ჩვენი ყოფა მარადისობის წრებრუნვის ძალებს ემორჩილება და სული ჩვენი დიდი მთელის ნაწილი ხდება.
ჩვენი სიმღერა, ჩვენი ცეკვა, ჩვენი ლექსი და ჩვენი ფრესკა ჩვენ შეგვინახავს. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ეს სილამაზე!“ინტერვიუ ჩაწერილია გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის სტაჟიორ ქეთევან მაჭავარიანთან ერთად, 2016 წლის 27 თებერვალს.
11


ძირითადი გამოფენები:
1958- რესპუბლიკური გამოფენა. თბილისი. საქართველო
1959- პერსონალური გამოფენა. საქართველოს არქიტექტორთა კავშირი. თბილისი. საქართველო
1961-პერსონალური გამოფენა.ხელოვნების მუშაკთა სახლი. თბილისი. საქართველო
1968- პერსონალური გამოფენა. საზღვარგარეთთან კულტურული კავშირის საზოგადოების სახლი. ბერლინი. გერმანია
1972-სსრკ-ს 50 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. მოსკოვი. რუსეთი
1973-პერსონალური გამოფენა. გამომცემლობა „მერანი“. თბილისი. საქართველო
1974-ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა (ლევან ცუცქირიძე, ზურაბ ნიჟარაძე, დინარა ნოდია, ირაკლი ოჩიაური). ბელგია
1975-ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა (ლევან ცუცქირიძე, ზურაბ ნიჟარაძე, დინარა ნოდია, ირაკლი ოჩიაური). ავსტრია
1976-ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა (ლევან ცუცქირიძე, ზურაბ ნიჟარაძე, დინარა ნოდია, ირაკლი ოჩიაური). გფრ
1977-პერსონალური გამოფენა. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. თბილისი. საქართველო
1977-პერსონალური გამოფენა. სწავლულთა სახლი მოსკოვი. რუსეთი
1977-პერსონალური გამოფენა. ლიტერატორთა სახლი. მოსკოვი. რუსეთი
1979-პერსონალური გამოფენა. სურათების სახელმწიფო გალერა. ბათუმი. საქრთველო
1981-იოჰან ვოლფრანგ გოეთეს დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა. ვაიმარი. გერმანია
1982-პერსონალური გამოფენა. ილუსტრაცია. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. თბილისი. საქართველო
1982-პერსონალური გამოფენა. საბჭოთა კულტურის სახლი. ბელგრადი. იუგოსლავია
2004-პერსონალური გამოფენა. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. თბილისი. საქართველო
2007-პერსონალური გამოფენა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი. საქართველო.
2014-პერსონალური გამოფენა. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. თბილისი. საქართველო
2015-ჯგუფური გამოფენა. აკაკი ქართველი მხატვრების შემოქმედებაში. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზი  `Ars Georgica~. თბილისი. საქართველო
2016-ლევან ცუცქირიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ხელოვნების სასახლე. თბილისი. საქართველო

ძირითადი ბიბლიოგრაფია:
1. ჩხარტიშვილი ა. მზარდი ხელოვანი. „საბჭოთა ხელოვნება“, 1967, № 9.
2. ვასილკოვსკი ი. „ჩვენი უღრმესი მადლობა“.  „ლიტერატურული საქართველო“, 1969, 18 აპრილი
3. ლევან ცუცქირიძის ნამუშევართა გამოფენა. „ლიტერატურული საქართველო“, 1973,  27 მარტი
4. საერთაშორისო დიპლომი - ქართველ მხატვარს. „კომუნისტი“, 1974, 25 დეკემბერი
5. Беридзе В., Езерская Н. Искусство Советской Грузиию 1921-70. М., 1975
6. კერესელიძე მ. მხატვრის სამყარო. „საბჭოთა ხელოვნება“, 1977, № 9.
7. ჩხარტიშვილი ა. გულწრფელი შემოქმედი.  „საბჭოთა ხელოვნება“, 1977, № 9.
8. კინწურაშვილი ქ. ლევან ცუცქირიძე - წიგნის ილუსტრატორი. „ცისკარი“,1978, № 7.
9. ლეკვეიშვილი ი. ფუნჯით ამეტყველებული გმირები .  „თბილისი“,  1982, 3 თებერვალი
10. მეტრეველი ნ. ლექსი და მხატვარი. „საბჭოთა ხელოვნება“, 1988, № 8.
11. Карбелашвили М. Леван Цуцкиридзе. М., 1991
12. კიკილაშვილი ლ. პასუხისმგებლობა მარადიულობის წინაშე – ლევან ცუცქირიძე. „მნათობი“, 1998, № 11-12.
13. ჭილაძე თ. ღმერთის შეგირდი. „მნათობი“, 1998, № 11-12.
14. ანდრიაძე დ. მისტიკური გეომეტრია.  ლიტერატურა და ხელოვნება, 2007, №10.
15. კიკილაშვილი ლ. როდესაც სული გალობს (ლევან ცუცქირიძის სახელოსნოში). „ლიტერატურა და ხელოვნება“,  2007, № 10
16. ქარდავა ხ. ჭაღარა მხატვარი „ტროსტით“ და განვლილი გზა.   24 საათი, 2007, 24 მაისი,  № 112 (1556)
17. ცუცქირიძე ლ. საგანი სივრცეში და მისი კონსტრუქცია. თბ., 2008.
18. ჭიტაძე თ. „ვეფხისტყაოსანი“ ლევან ცუცქირიძის შემოქმედებაში. „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“, № 1 (42). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, 2010
19. აფხაზიშვილი ს. ილუსტრატორები (ლევან ცუცქირიძე, მამია მალაზონია, თამაზ ვარვარიძე, სანდრო ასათიანი, დათო მაჭავარიანი (კაკადუ), მაია სუმბაძე). „ცხელი შოკოლადი“,  2013,  მაისი,  № 90
20. დოლიძე ნ. „მაგთიკომის“ ინიციატივით ლევან ცუცქირიძის ნამუშევართა ალბომი გამოიცა. „კვირის პალიტრა“,  2014,  9 - 15 ივნისი, № 24 (1036)
21. კინწურაშვილი ქ. გამორჩეული ხელწერის დიდოსტატი. „მუდმივი კავშირის სამყარო“, 2014,  № 3 (63)
22. კინწურაშვილი ქ.,  გოცაძე თ.  ლევან ცუცქირიძე . ფერწერა, გრაფიკა. თბ.,  2014


ნანახია: 1469-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani