Georgian (Georgia)English (United Kingdom)
იუზა ხუსკივაძის მოსაგონარად

დიმიტრი თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევთი ცენტრი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მოდით, ვიმსჯელოთ...
(უახლესი არქიტექტურის შეფასების კრიტერიუმების გამო)

ძვირად თუ მოიძებნება ვინმე, თავისი დროის კმაყოფილი რომ იყოს. თვალი ვის ნამყოსკენ გაურბის, ვის _ მყოფადისკენ, აწმყოსთვის კი სამდურავი თუ გვემეტება. სასაყვედურო დღევანდელობასთან ჩვენ მრავლადა გვაქვს და არცა ვტყუით _ ახლანდელ ჟამს დიახაც, აქვს საკუთარი სატკივარი. ვერ იტყვი, ასე მძიმე ცხოვრება არასოდეს ყოფილაო _ ომიანობაც, თუ მეტი არა, არანაკლებ საზარელი უნახავს დედამიწას და ჟამიანობაც, ერთი კი არის _ იგი უმაგალითოდ არეულია.  ალბათ, არასოდეს ყოფილა ასე ძალადაკარგული ყოველივე, რასაც საყოველთაო და აბსოლუტური ეთქმის, შესაბამისად კი _ ასე ძნელი ურთიერთგაგება და თანხმობის მიღწევა. ყოფითსა და ნივთიერ დარგებში საქმეს, ასე თუ ისე, შედეგიანობა, გამოსადეგობა შველის _ ტექნიკოსის, გნებავთ, ქიმიკოსის მიგნება მაშინ იკიდებს ფეხს, თუკი მისი მოშველიებით რომელიმე მანქანა, საღებავი ან მედიკამენტი გაუმჯობესდება.
აი, თუ ჯერი გონებითსა და სულიერზე მიდგება, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, დიდი გაურკვევლობის პირისპირ აღმოვჩნდებით ხოლმე. ერთი ურთულესთაგანი მხატვრული შემოქმედების მდგომარეობაა. ძველად ყოველთვის იცოდნენ, რა არის მოსაწონი და რა _ არა, ოსტატობა რას ნიშნავს, რას კი _ უხელთურობა. მაგრამ XVIII საუკუნის ბოლოსკენ გადამწყვეტად ხელოვანის „გრძნობა“ გამოცხადდა, ასი წლის მერე _ მისი „ხედვა“, კიდევ საუკუნით გვიან კი, XX ს-ის მეორე ნახევარში ითქვა, ხელოვნების ქმნილება ის არის, რასაც მხატვარი თუ „კურატორი“ ამად ჩააგდებენო, მაგ., გალერეაში შეტანილი სანაგვე (ეს ჩემი მაგალითი არ არის! 1980-იანი წლების ბოლოს ასე უთქვამს ვერნერ შმალენბახს, 1962წ-დან დÁუსსელდორფის ნორდრაინ-ვესტფალიის სამხატვრო კოლექციის დირექტორს). Kunsthistoriker in eigener Sache. Zehn autographische Skizzen, hrgs. von M.Sitt, Berlin, 1990, გვ. 191. პარადოქსულია, რომ  ამავდროულად, „უსაგნო ხელოვნების“ მებაირახტრეებივით, მისთვისაც უმთავრესი „ხარისხოვნებაა“ (Qualität). „რანგი“ ხარისხოვნება განისაზღვრება, როგორც გრძნობა „განაცადისა, fait accompli“ და ემყარება „ხელოვნების ცხოვრებისმიერ განცდას და ერთგვარ ბუნებრივ მიდრეკილებასაც“ (იქვე, გვ.192-193). ამ ვითარებაში, წესით, საერთოდ აღარ უნდა ჰქონდეს აზრი რაიმეგვარ შეფასებას და მოვლენებისადმი თანდაყოლილ ღირებულებით დამოკიდებულებასღა უნდა ვუმადლოდეთ, რომ კვლავაც მოიპოვებიან ე.წ. „არტ-კრიტიკოსები“, რომელთაც, სინამდვილეში სარეკლამო ხმაურის ატეხის მეტი აღარაფერი ევალებათ, არც რაიმე მყარი თვალსაზრისი მოეთხოვებათ და არც რისამე ცხადი კრიტერიუმები. სანამ განსასჯელი დაზგური ნაწარმოები ან, ვთქვათ, სიმფონიაა, ეს, ასე თუ ისე, მოითმინება, _ ბოლოს და ბოლოს, ყოველი ჩვენგანის გადასაწყვეტია, რომელიმეს შეხედოს ან მოუსმინოს თუ არა. ხოლო ამას ვეღარ ვიტყვით საჯარო სივრცის ხელოვნებასა და, მით უმეტეს, არქიტექტურაზე, რომელნიც ჩვენს საარსებო გარემოში იჭრებიან და უკეთესობისა თუ უარესობისკენ ცვლიან მას _ არადა, მსჯელობის განზომილებანი აქაც შერყეულ-მორყეულია. პოსტმოდერნისტსა  თუ „დეკონსტრუქტივისტს“ ვერც ეკლექტურობას (ე.ი. შინაგან ულოგიკობას) უსაყვედურებ, ვერც კონსტრუქციულ გაუმართავობას და ვერც რამე სხვას _ რაც გინდა თქვი, „კონცეფციასა“ ანდა „თვითგამოხატვის თავისუფლებას“ შემოგაგებებენ და სალაპარაკოც აღარაფერი იქნება...
თითქოს უფრო მარტივადაა ყველაფერი, როდესაც საუბარი ისტორიული სამოსახლოებისთვის რისამე მოკლება-შემატებაზე ჩამოვარდება. ცხადია, ცხოვრების მდინარება გარდუვალად იწვევს ქალაქ-დაბა-სოფლების იერის ცვლილებას. ასე ყოფილა მუდამ, მაგრამ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, მეტადრე კი XX-ში, როგორც ცნობილია, გამოჩნდა, რომ გადაგეგმარება იქნება თუ ახალი ნაგებობები (მათი გაზრდილი ზომები და, მერე და მერე, უთავსებადი ფორმებიც) სახესა და ინდივიდუალობას აკარგვინებს მათ _ ამ  მოვლენის უმჭერმეტყველესი გამოვლენა II მსოფლიო ომის შემდგომი დიდი საცხოვრებელი უბნებია. ამის კვალად შემუშავდა თითქოსდა მარტივად შესასრულებელი მოთხოვნები, რომელნიც, ისე ჩანს, შეფასების კრიტერიუმებადაც გამოდგება. მათგან უმთავრესი ჩამოყალიბებული მასშტაბის _ უპირველესად, სიმაღლის დაცვაა, მოცულობათა და სიბრტყეთა დანაწევრების, ფერ-ფაქტურების, შეძლებისგვარად, მასალათა არსებულთან შეთანადებაა. ვიმეორებ, აქ ყველაფერი სავსებით გასაგებად გამოიყურება, სინამდვილე კი საგრძნობლად სხვაა _ მეტ-ნაკლებობით ყველგან, ჩვენში ხომ შემზარავი თვალნათლობით, ვერ ხერხდება ამ, ერთი შეხედვით, ეგზომ რაციონალური წესების დაცვა. არაფერი დასამალია, რომ კულტურულ-ტრადიციისმიერის ტრფიალნი და ქომაგნი ძნელად მოსარევი ძალების, ეკონომიკისა და პოლიტიკის პირისპირ დგანან, რომელთა მოთხოვნები _ ძირფესვიანად მატერიალური, ადამიანთა ყოფის ნაკლებად მოსახელთებელ, არადა, უარსებითეს მოთხოვნილებებს დიდად არ დაგიდევენ. არ კი ღირს ასე ერთიანად სხვა დაადანაშაულო, ხომ შეიძლება არქიტექტორების, მენაშენეებისა, თუგინდ, მაცხოვრებელთა მხრიდან ჩვენი საბუთიანობისადმი უგულისყურობას თავად მისი არასაკმაო დიფერენცირებულობა, სიხისტე და მოუქნელობაც იწვევდეს. ამას ისიც მაფიქრებინებს, რომ ჩვენი საზომების მოშველიებით არა მარტო ვერ ხერხდება აშკარად დაუშვებელი არქიტექტურული მონაფიქრების მოგერიება, არამედ, ისინი საგულისხმო, თვალსაჩინოდ ღირებული პროექტების უარყოფის მიზეზი თუ საბაბიც ხდება.
მე თავადაც რამდენიმე ასეთი შემთხვევის მომსწრე გავხდი ვერ დამივიწყია, როგორ იქნა „ჩაძირული“ ბ-ნი გია აბულაძის შემოთავაზებული იდეა ქეთევან წამებულის მოედნის რეკონსტრუქციისა _ უთუოდ პიროვნული მიზეზებით, თუმც, ურბანისტულ-ძეგლთადაცვითი პრინციპების მომიზეზებით.და ამ ვითარებაში გასარკვევად უპრიანი მომეჩვენა მეცადა გამერკვია, რა და როგორ ხდება არქიტექტორთა ერთი ჯგუფის მუშაობის მაგალითზე. მხედველობაში მყავს ბატონები ნიკოლოზ სეფისკვერაძე და დიმიტრი ელიკაშვილი, რომელთა ნამუშევრები საკმაოდ ფასობს არქიტექტორთა თუ ხელოვნებათმცოდნეთა წრეებში, თუმცა, კარგა ხანია, მათ პროექტებს, ერთი მეორის მიყოლებით, ხან საბჭოები იწუნებენ, ხანაც დამკვეთები. ვფიქრობ, ეს უარყოფითი მსჯავრი, უპირატესად, გაუგებრობის შედეგია ხოლმე, რასაც, ვიმედოვნებ, ზოგიერთი მათგანის გარჩევა გამოაჩენს.
პირველად ე.წ. „სამაიას ბაღის“ სახეცვლის პროექტზე შევჩერდებით, სადაც ათიოდე წლის წინათ ნ. სეფისკვერაძეს და დ. ელიკაშვილს დიდრონი საზოგადოებრივი შენობის ჩადგმა დაუკვეთეს. ორ ბაქანზე განფენილი ეს გამწვანებული არე მიხ. ჯავახიშვილის ქუჩის მოსახვევში მდებარეობს და ყოფ. მელიქ-აზარიანცის სახლთან ერთად ნარჩენია „ზემელად“ ცნობილი უბნისა, რომელიც XX საუკუნის, მეტადრე, 1980-იანი წლების არცთუ გონივრულ ქალაქმშენებლობით ღონისძიებებს შეეწირა.იხ. ნ. ასათიანი, თბილისის არქიტექტურა 1970-1980-იანი წლები. ელექტრონული ჟურნალი Ars Georgica, სერიაბ B, 2016. http://www.georgianart.ge.მის ზედა სიბრტყეზე მრგვალი აუზია, მასში სამი მოცეკვავე ქალის ბრინჯაოს 1957 წელს ჩადგმული ჯგუფით (მოქანდ. ნ. ალექსიძე, გ. ქართველიშვილი, თ. ჭყონია, არქიტ. ზ. თავართქილაძე), ბ. ქუთათელაძე, თბილისის ქანდაკება, თბ., 2013, გვ. 67.რომელმაც შესძინა ბაღს მისი აწინდელი სახელი. როდესაც გავიგე ამ დაკვეთის შესახებ, სიმართლე ვთქვა, შევკრთი _ ბეტონის კონსტრუქციებით შექმნილი გვირაბ-გადასასვლელების, „აივან-მოედნის“ (მისი მომფიქრებლის, არქიტ. ოთარ კალანდარიშვილის სიტყვებია) მიერ დამახინჯებულ გარემოში, სადაც თითქმის მთელი ძველი განაშენიანებაც განადგურებულია,იხ. ამის შესახებ: ლ. ანდრონიკაშვილი, „ზემელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის _ მიხეილ ჯავახიშვილის სახ. დაღმართისა და საქანელას ქუჩის _ რეკონსტრუქციის პროექტის შესახებ, კრებული ურბანული მემკვიდრეობის დაცვა: „ძველი თბილისის იდენტობა და სული“, თბ., 2010. ფრიად სამწუხაროა, რომ, ეტყობა, არავის მოსვლია აზრად, გაეთვალისწინებინა ამ ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებანი.ჩვენი დღევანდელი გამოცდილებით, მაღალი სახლი უნდა წამომართულიყო. ამის კვალად კიდევ მეტად უნდა შეთხელებულიყო ისედაც გამეჩხერებული მწვანეც და ქანდაკებაც _ არცთუ შედევრთაგანი, ალბათ, თან კი უპრეტენზიოდ „ისტორისტულიც“ და რიტმულადაც გამართული, გინდაც სულ არ გამქრალიყო, უთუოდ მიიჩქმალებოდა. ჩვენმა პროექტანტებმა სულ სხვა რამ მოიფიქრეს. (ილ. 1, 2) მათ მიერ შემოტანილი სიახლე ზოგადი ხედების თვალიერებისას შეიძლება უცებ ვერც შენიშნოთ _ იგივ ორი დონე, იგივ მცენარეულობა ქვედა და ქანდაკებიანი აუზი ზედა დონეზე, იგივ ლ. ქიაჩელის ქუჩიდან ჩამომავალი კიბე მათ იქით. მერე და მერე შეამჩნევთ, რომ ზემოთა ტერასაზე მოშანდაკება და ორთავეს უკანა შვეული კედლების გაყოლებით შემინული დერეფნები გაჩენილა, აუზის მოზღუდვა კი მსუბუქ-გამჭვირვალე გამხდარა. მთავარი კი, თურმე, წყალსატევში ჩახედვისას დაინახება _ აღმოაჩენთ, რომ წყლის სარკე, ჭასავით, სადღაც ქვემოთაა; მასა და მროკველ ასულთა შორის ექვსსართულიანი თაღედია, რომელიც, კაცმა რომ თქვას, ბრინჯაოს ჯგუფის თავზე დადგმული, არადა, არარსებული ნაგებობის ანარეკლი უნდა იყოს, რაკიღა თაღები ქვემოთკენ მრგვალდება, კორინთული, კოზმიდების მზიდავი პილასტრების ბაზის-სვეტისთავებსაც ადგილი აქვს შენაცვლებული; რომაული ფასადების, უფრო კი რენესანსული შიდა ეზოების მინაგვანი ეს შენობა ქართულ წარსულსაც ეხმიანება _ კაპიტელები კორინთულის ადრექრისტიანულ გარდანასახს მოგაგონებთ _ ამით კი ჩვენებურ ბანას და 1930-1940-იანი წლების ჩვენი არქიტექტორების, მაგ., არჩილ ქურდიანის ორნამენტულ ფანტაზიებსაც.

1.
2.

როგორ შეიძლება შეფასდეს ეს მონაფიქრი? თვალსაჩინოა მისი კავშირი „პოსტმოდერნულობასთან“ _ ე.წ. „ციტატურობა“, ერთგვარი ექსტრავაგანტულობა, „კონცეფციურობა“ _ სადაც შერჩეული ფორმა ანტიკურ-რენესანსული ფორმათმეტყველებით იდეალურ-ესთეტიკურის საუფლოს უნდა ჩაგვაგონებდეს და მით დანიშნულებას გვიმხელდეს, ვითარცა „თანამედროვე ხელოვნების გალერეისას“. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მახასიათებლებია და არა ღირებულებები. ვცადოთ ახლა ღირსებებიც განვსაზღვროთ. უპირველესად ზოგადად _ რადგანაც ეს არაა ჩვენი განხილვის ძირითადი საგანი და ქვემოთ ამ საკითხებს ვეღარც და აღარც დავუბრუნდებით _ სავარაუდო გამოყენებასა და ტექნიკურ შესრულებასთან მიმართებაზე უნდა მოგახსენოთ. ზემოთ გაკვრით ითქვა, რომ ბოლო ათწლეულებში ფუნქციურ-კონსტრუქციული მხარე დიდად აღარ მნიშვნელობს. ეს გარკვეული პასუხი უნდა იყოს XX საუკუნის პირველი ნახევრის „თანამედროვე“ არქიტექტურაში ამ ორის უზომო წინწამოწევაზე, თუმც კი _ როგორც წინათაც მომხდარა და ახლა ხომ ხდება და ხდება, _ არცთუ თანაზომადი და მართებული. 1960-1970-იანი წლების სტუდენტებს კარგად გვახსოვს „ფუნქციურია“ და „კონსტრუქციულია“ როგორ შეიძლებოდა ფასეულობითი, თვითკმარ-გაერთადერთებულიც ყოფილიყო და ყოველივე სხვის მონაცვლეც. პირადად მე ასეთი ცალმხრივობა ყოველთვის მაეჭვებდა და არასოდეს მჯეროდა, ვითომც სიმყარე და ყოფითი საჭიროების დაკმაყოფილება თავისთავად მოიტანს ადამიანზე განსაზღვრულ ზემოქმედებას, რაც იყო ოდით-ოდით ხუროთმოძღვრების, ვითარცა ხელოვნების მოვალეობაცა და ამოცანაც. ქართული ხელოვნებათმცოდნეობისთვის ეს არც რამ ახალი ყოფილა და არც გამორჩეული _ ესთეტიკურის და მატერიალურის თანაყოფნა, როგორც „ხარისხიანი“ არქიტექტურის წინაპირობა ცხადლივ იკითხება, თუნდაც, გიორგი ჩუბინაშვილის 1936 წლის მოხსენებაში „ქართული არქიტექტურის გზები“ და ამგვარი მიდგომა, ყველა ნიშნით, იმ წელს როდი უნდა გაჩენილიყო. მაგრამ მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, საწინააღმედო უკიდურესობა თუ მეტად არა, არანაკლებ გაუმართლებელი რომაა _ ახლა ხომ არქიტექტურას ვინ ჩივის, ე.წ. „მცირე ხელოვნების“ წარმომადგენლებიც თაკილობენ „გამოყენებითობას“ და მეთუნეცა და ლამისაა თვით თერძიცა და მეწაღეც შეურაცხყოფად ღებულობენ, თუ მათ ნახელავს ვინმე „მოსახმარობას“ მოსთხოვს. დღეს ფუნქციურად არასაჭირო თუ კონსტრუქციულად უმიზნოდ რთული აღარავის გააკვირვებს და მათ ნაკლად დასახელებასაც, ალბათ, ბევრი მოერიდება. მე კი მგონია, რომ ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა დიდხანს ვერ გასტანს და ნაგებობებს აუცილებლად მოეკითხება სამშენებლო თუ ცხოვრებისეული მიზანშეწონილება. ამიტომაც ბ-ების ნ. სეფისკვერაძისა და დ. ელიკაშვილის ნამუშევრების ღირსებათგანად მიმაჩნია, რომ ისინი, უგამონაკლისოდ, დანიშნულებასაცაა მორგებული და ასაგებადაც შესაძლებელი. ამ შემთხვევაშიც გათვლილია, რა ზომაზე გაანათებს მზე სადგომებს, როგორ იქნება ისინი დაცული ნიადაგის ტენისგან და ა.შ. ცოტა კი მაფიქრებს ავტორების _ საერთოდაც თანამედროვე არქიტექტორთა, _ უპირობო ნდობა ახალი მასალებისადმი, რომელნიც, სხვა თუ არაფერი, დროით ვერაა გამოცდილი და არავინ იცის, წლების მერე როგორ „მოიქცევიან“, ხოლო, იმასაც ვერ დავუკარგავთ, რომ ამ მხრივ ყველა წვრილმანი აქვთ გააზრებული და ნებისმიერ კითხვაზე საფუძვლიანი პასუხიც მოეპოვებათ.
ახლა წმინდა მხატვრულ ამბებს რაც შეეხება. ჯერ ერთი, ხომ ახირებულია, თითქოს, შენობის ასე „ჩაპირქვავება“, ოღონდ, მოდით, მეორე მხრიდან შევხედოთ. რას უნდა მოელოდოს ადამიანი აუზში ჩახედვისას, თუ არა ანარეკლს? შეიძლება ითქვას, რომ ამნაირი „გადაბრუნება“ ფსიქოლოგიურად ლოგიკურია, სწორედაც _ ბუნებრივი; თანაც ძირში მდგარ, უმოძრაო წყალში ამ კონსტრუქციების „სწორი“ ანასახი მოჩანს. (ილ. 3, 4) ახლა დამუშავება ვნახოთ: მოდაბლო-მოგანივრო, დაუსაფეხუროვნებულ-უარქივოლტო, სწორ კედელში მომსხო ელემენტებით „ანაწყობი“ თაღები, განიგან გადგმული სადა პილასტრები, კოზმიდის შუა, მოფართოო ზოლი საერთო უბრალოების და სიხალვათის სურათს იძლევა, სიმწირის შესაძლებელ აღქმას კი ბაზის-კაპიტელების გამომყოფი თარაზული ხაზები და დაჭვირული სვეტისთავები ანელებს. ოდნავ სიგანეში წასული ფორმები მხარს უბამს კონცენტრული წრეების მშვიდ რიტმს, აუზის ზღუდით დაწყებულს და ნამდვილი წყლის სიღრმეში მისივ რგოლით დასრულებულს. ასეთი გადაწყვეტის გონივრულობა იმწამსვე ნათელი გახდება, თუ წარმოვიდგენთ ღიობ-სვეტებშორისების გავერტიკალურებას და ზედაპირის მეტ დანაკვთას _ ერთიცა და მეორეც დავიწროების, შეხუთულობა-უსივრცობის განცდას გააჩენდა, მოცემული თანაფარდობებით არიდებულს. დასასრულ, სათვალავშია ჩასაგდები ამ იდეის თავი-ამოსავალიც: _ დიდრონი ახალი მოცულობის დამატებით არ ჩაიხერგოს ისტორიულად თავისუფალი უბე, არ გაუჩნდეს მეტოქე ლ. ქიაჩელის #7ა/8  მტკვრისკენა, აივნებითა და ხვეული კიბეებით გაწყობილ ფასადს, ბოლოს, არ მოისპოს მწვანე ნარგავები.

3.
4.

ბედის ირონიასავით არის, ნამდვილი კია: სწორედ მცენარეული საფარის მოფრთხილება შეიქნა ბ-ების ნ. სეფისკვერაძისა და დ. ელიკაშვილის კიდევ ერთი პროექტის „ჩაგდების“ საფუძველი. ამ ჯერზე მათ „დედაენის“ ბაღის განაპირას, იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ, პატარა სასტუმროს ჩადგმა დაავალეს.
არქიტექტორთა გადაწყვეტილებით ეს იქნებოდა მრგვალი, მომცრო ოთხსართულიანი მოცულობა ბანითა და მასზე გამართული ხელოვნური ბაღით. (ილ. 5, 6) საგულისხმოა, რომ უკანასკნელი მდგმურებზე მეტად პარკში მოსეირნეთათვის არის გამიზნული _ მასზე მიწის პირიდან სამმარშიანი, მკვეთრად დატეხილი მოხაზულობის კიბე ავიდოდა.  გარე ზედაპირი ორ ვერსიადაა მოაზრებული _ ის შეიძლებოდა შემინულ ცილინდრად წარმომდგარიყო სართულებისა და დგარების მეჩხერი ჰორიზონტალ-ვერტიკალებით, ან კიდევ ვიწრო-ვიწრო, ერთმანეთს მიჯრილი თაღებით შემოსილიყო, მათში გაჭრილი სწორკუთხა შესასვლელით და მათსავე სიბრტყეში ჩაწერილი კიბის ორი (მოაჯირი და ზედა გადამხურავი ფილები) ზიგზაგით. უნდა ითქვას, რომ თავად არქიტექტურა განსაკუთრებით არავის გაუკიცხავს _ საცილო (ადრევე მივანიშნე: ამ წერილის ფარგლებში პროფესიულ მხარეზე ვისაუბრებთ და არა შესაძლო „გარეთა“, ეკონომიკურ თუ პარტიულ-ძალაუფლებით, ყოველჟამ ჰიპოთეტურ შემაპირობებლებზე) მისი ადგილმდებარეობა გახდა. ისე მოხდა, რომ სწორედ იმხანად მენაშენეებმა რამდენიმე მწვანე არეს „შეუტიეს“ და თითქმის თანადროულად მუშტაიდის პარკსაც დაუპირეს ნაპირის ჩამოჭრა დიდრონი „ჰოტელის“ ჩასადგმელად. ჩემთვის გასაგებია, რატომ უთხრა უარი მერიის საბჭომ უკანასკნელთან ერთად ჩვენს განსახილველ პროექტსაც _ მისმა წევრებმა ჩათვალეს (ეს ვარაუდი არ გახლავთ, ფაქტია) რისიმე ან ვისიმე მიმართ შეღავათი, რაიმეგვარი გამონაკლისი სამომავლოდ დამღუპველი იქნება, წინ ვერასოდეს და ვეღარაფერს დავუდგებითო. ამაში, უთუოდ, არის თავისი სიმართლე და არც ისაა გასამტყუნარი, თუ ადამიანებმა სამომავლოდ გარემოს სიჯანსაღის უზრუნველყოფაზე იზრუნეს. ესეც გავიხსენოთ: საბჭო ყოველ სხდომაზე ათობით პროექტს განიხილავს, რომელთა წინდაწინ ნახვა, როგორც წესი, ვერ ხერხდება და, შესაბამისად, მათ ხელთ რაც შეიძლება მარტივი და ადვილად მოსახმარი კრიტერიუმები უნდა ჰქონდეთ, თუ გნებავთ, ხისტ-პრიმიტიულიც.

5.
6.

ახლა კი საქმეს სხვანაირად შევხედოთ _ საქმე ეხება ჩვენი ქალაქის მყოფადს, ერთი, და მხატვრულ შემოქმედებას, მეორე მხრივ, სადაც, მოგეხსენებათ, ორჯერ ორი ოთხი იშვიათად თუ არის. ეს კი, გინდა არ გინდა, მეტ ჩაძიება-გამოწვლილვას მოითხოვს საერთოდაც და ამ ჯერზეც. მოვსინჯოთ, რა გამოგვივა, წარმოდგენილ წინადადებას უფრო გულდასმით თუ ჩავუკვირდებით. დავიწყოთ ყველაზე _ არქიტექტურისთვის! _ ნაკლებ არსებითით: განა დამპროექტებელმა უნდა ზღოს, თუ ვიღაცამ მშენებლობის ნებართვა იმ ნაკვეთზე გასცა, სადაც ნაგებობის გაჩენა დაუშვებელია _ ლაპარაკი ხომ თითქოს სავსებით ფორმალურ, ერთმნიშვნელოვან რამეზეა ამდაგვარივე, წმინდა კანონმდებლობითი დაუდევრობის  (თუ მომიზეზების?) „მსხვერპლი“ შეიქნა ბ-ების ნ. სეფისკვერაძისა და დ. ელიკაშვილის კიდევ ერთი იდეა _ სასტუმრო „სკალა“ (ასე უწოდებენ, თურმე, ადგილობრივ სალალაკის ქედზე აქვე ამავალ კიბეს!) ლ. ასათიანის ქუჩაზე. (ილ. 7, 8, 9)  აქაც წუნი თავად ნაგებობას კი არ დასდეს (მკაცრი მოცულობების გეომეტრიულობა აქ თავისებურად ეხამება უბნისთვის დამახასიათებელი შეულესავი აგურით მოპირკეთებასა და ეზოს სტილიზებულ ნახევარწრედ მოხაზულ აივნებს, რომელთა მოყვანილობა სიტყვა „სკალას“ მილანის საოპერო თეტრის „ლა სკალას“ ასოციაციამ დაბადა) არამედ ადგილის შერჩევას: სიახლოვეს რაღაც გასაიდუმლოებელი ობიექტი ყოფილა. მერედა, ეს არქიტექტორს უნდა ერკვია? მე თუ მკითხავთ, ეს დამკვეთის გასაკითხიც არაა _ არ დაეთმოთ მისთვის ეს ნაკვეთი და ხომ სხვას იპოვიდა მაშინვე...ოღონდ, „თითქოს“-საც მიაქციეთ ყურადღება _ არის კი ამ შემთხვევაში  ეს ნორმა საერთოდაც მოსატანი? ის აკი გულისხმობს ქუჩების მოშენების გამწვანებულ არეებზე შეღწევას, რაც მათ იმავ ბედს უქადის, რაც XIX საუკუნეში ჩვენივ სალალაკ-გარეუბნის ოდინდელ ბაღებს ეწია. საამისო მაგალითი სადღაც სხვაგან საძებარი სულაც არ გვაქვს _ საკმარისია ის სახლი ვნახოთ, კუთხე რომ „მოაგლიჯა“ 9 აპრილის (ისტორიულად _ ალექსანდრეს) ბაღის ქვედა ნახევარს. ამგვარი კია ჩვენი სასტუმრო? ის არაფრით წააგავს ქუჩისპირა ნაგებობებს _ არც მოყვანილობით, არც ხაზგასმულად „ადამიანური“ მასშტაბით (სიმაღლით ის არ აღემატება ანდა ჩამოუვარდება კიდეც ირგვლივ მოჯარულ ხეებს, კიბის სქელ ზოლად გამომზირალი მოაჯირის სიმაღლეც გამოაჩენს მის თითქმის რომ „მინიატÁურულობას“) თუკი ის რასმე მოგაგონებთ, ეს, ეჭვს გარეშეა, XVIII-XIX საუკუნეების არქიტექტურაა. მაშინ ხომ მრავლად აშენებდნენ ერთსართულიან როტონდულსა, გინდა მრავალწახნაგა ფანჩატურებს _ „ანტიკურ“-სვეტნარებიანსა თუ „გოთურ“ ანდა „ისლამურ“-თაღებიანს, ან კიდევ ორ-სამსართულიან სახლაკებსაც, ასევე, ცენტრულს (მაგ. „ჩინური“ სახლი ორანიენბაუმში, ს. პეტერბურგის მახლობლად), ზოგჯერ კი პარალელეპიდურსაც (მაგ., „მცირე ტრიანონი“ ვერსალში). ყველა ამათგანს ორი რამ აქვს საერთო _ კომპაქტურობა და გამოკვეთილი „მეორადობა“ სიმწვანესთან მიმართებით. ვგონებ, „დედაენის ბაღის“ სასტუმროს ერთიც ეთქმის და მეორეც, ის უდავოდ ამ არქიტექტურულ-კომპოზიციური ხაზის გამგრძელებელია. ისტორიული გამოცდილებით ისიც შეგვიძლია ვთქვათ, ნაგებობა მცენარეულობას კი არ „დაჩაგრავდა“, „ბაღობას“ მეტადაც გაუსვამდა ხაზს _ ამ კუთხით გასახსენებელია, თუნდაც, აწ ასე „გაქუცული“ ვერეს პარკის ქვედა ნაწილში ადრე მდგარი სასაუზმეს მრგვალი შენობა, 1930-იანი წლებისა. მხატვრულად სრულიად უღიმღამო, ის, უბრალოდ, „როტონდისებურობით“ მატებდა სიმყუდროვეს მიმდგომ ნეკერჩხლის ხეივანსა თუ ფიჭვის ჭალას, უმისოდ ბევრად უფრო „არაბუნებისმიერთ“. თვალნათლივია, რომ დამგეგმარებელთ გათვალისწინებული აქვთ როგორც საპარკო პავილიონების ფორმა, „ზომა-წონაც“ (ქ-ნ მაია მანიას დავესესხები გამოთქმას) ასევე, დამუშავებაც _ თაღებით „დაჭვირულ“ ფანჩატურებს უნდა ეხმიანებოდეს ეს ფასადის თაღედიანი ვარიანტი. ის, სხვა ყველაფერთან ერთად, ამხელს უსაფუძვლობას ჩვენს არქიტექტურაში ფეხმოკიდებული ცრურწმენისა, ვითომცდა შემინვა აუცილებლად სიმსუბუქის შეგრძნების გამომწვევი უნდა იყოს. მე თუ მკითხავთ, შუშით შექმნილი გეომეტრიული „სხეულები“, თავისი „კრისტალურობით“ არცთუ იშვიათად გამოხატულად მკვრივი, მეტიც, შემაშინებლად ბასრიც შეიძლება ჩანდეს, სულ ცოტა, ყინულისებრი მაინც. მოცემულ ორ ვერსიაშიც, თაღთა აღნაგობის გამო, ნაკლებ „წონადი“ თაღედიანია, „შიშველზე“ კი ჩაბინდული მინები ძალუმად ააშკარავებს ბეტონის კონსტრუქციათა, განსაკუთრებით კიბის ძალას და პლასტიკას _ ისიც კია, რომ ავტორებისა და არაერთი შემფასებლის (მათ შორის, ჩემი) აზრით, ეს უკანასკნელი ბევრად უფრო გამომსახველია. ასეა თუ ისე, წარმოდგენილ პროექტთან, როგორც ჩანს, ბაღ-პარკების „შევიწროება“ არაფერი მოსატანია და მისი მიღება-არ მიღება სხვაგვარ განსჯას მოითხოვს.

7.
8.
9.

არაფერია გაუგებარი და, ზუსტად ასევე, ზოგადი პრინციპის მხრივ, გასაზიარებელიც ის ამოსავალი, რამაც განსაზღვრა 2013 წელს, ამ ჯერზე უკვე კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უარყოფითი პასუხი ბ-ების, ნ. სეფისკვერაძის და დ. ელიკაშვილის კიდევ ერთ შეთავაზებაზე. ეს გახლდათ პროექტი საცხოვრებელი სახლისა მ. ბროსსეს ქუჩის ქვედა მტკვრის სანაპიროზე გამავალ ბოლოში. (ილ. 10,11,12) ამ შენობასაც არაერთი თვალდათვალ დასანახი ღირსება აქვს. აი, მაგალითად: ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ბეტონის შვერილი აივნები ან კიდევ სამ-ოთხ-ხუთსართულიანი ერკერები ვითომცდა სწორკუთხა მოცულობების „შემამსუბუქებელი“ იყოს. სინამდვილე პირდაპირ საწინააღმდეგოა _ ეს „წამონაზარდები“, მით უმეტეს ვიწრო ქუჩებზე, სახლების წინ, ადამიანთა თუ მანქანების სავალზე „გამოსვლის“, ზოგჯერაც მათი „გამობურცვის“ არცთუ სასიამოვნო განცდას ბადებს. სულ სხვაა   მ. ბროსსეს ქუჩის სახლი _ თბილისური ბინათმშენებლობის ტრადიციის გასიგრძეგანებით, აივნების (ცვალებადი!) სიგანე ისეთია, რომ ისინი მართლაც ჰაეროვან გარსად შემოსდგომია საკუთრივ სათავს-სადგომებს; ამასვე უწყობს ხელს მესამე სართულიდან ზეაღმავალი ერთი მეორის ასწვრივ, ხალვათად დაყენებული თხელი, მხოლოდ ზედ ბანთან ე.წ. „ფარდით“ აღჭურვილი საბჯენები _ თითქოსდა „გიგანტური“ ორდერის უწვრილეს სვეტებს მიმსგავსებული (ლ. გუდიაშვილის მოედნის ცნობილი სახლის ეზოს აივნების მონათესავე); თანაცვე, ქვედა ორი სართული ღიობებიანი კია, ხოლო ამასთან აივნების ინტერკოლუმნიებთან და მოაჯირის ტალღოვან-ხორკლიან, ნახევრად გამჭვირვალე მინის ფილებთან შედარებით ნივთიერ-„მძიმეა“ - ისევ და ისევ „ძველთბილისურ“ ყაიდაზე: იქაც ხომ, როგორც წესი, გადმოკიდებული აივნის ქვეშ მცირესარკმლებიანი კედელია. ფრიად მნიშვნელოვანია, რომ სახლის შემადგენელი ორი მოცულობიდან უმთავრესი, მდინარისკენა, სოლისებრი გეგმის მქონე, სანაპიროზე ვიწრო წახნაგით გამოდის, თითქოს მტკვრის ხეობაში ხომალდივით „შემოცურებულაო“. ეს ფორმისმიერად მეტყველი მონაფიქრი „პოსტმოდერნულად“ შინაარსობრივადაცაა დატვირთული _ მდინარის სიახლოვემ მოანდომა კიდეც არქიტექტორებს ეს „გემისებურობა“ (თვითონ ისინი სახლს „კიდობანსაც“ კი ეძახიან) და სხვა „ნიშნისებრი“ ნაკვთებიც შემოატანინა: _ ზემოხსენებული „ფარდები“ ნავის ნიჩბების მოხაზულობისაა. ხით გაწყობილი აივნების ჭერზე ამდაგვარივე ნახატი ჩნდება, მათი მოზღუდვის აციმციმება  კი წყლის ტალღებს უნდა შეხმიანებოდა. ასეთი „ლიტერატურულობა“ შეიძლება შემაწუხებელიც იყოს, თუმცა, მთლიან სახეს შეწყობილი, აქ იგი, ვფიქრობ, არაფერს ვნებს და, ეგების, თავისებური რომანტიკულობის შემმატებელიც იყოს და სულ ცოტა, ნაგებობის მხატვრულობას თუ არ ზრდის, არც ამცირებს. არის კი ერთი დამაბრკოლებელი რამ, რაც ლამისაა ყველას, პროექტისათვის თვალის შევლებისასვე აკრთობდა და წამოაძახებინებდა _ „რა მაღალია“-ო... და მართლაც, თუ ძველი სახლები ირგვლივ, სულ-სულ ბევრი, ოთხსართულიანია, ჩვენ აქ თერთმეტს ვხედავთ და ვინ გვისაყვედურებს, უნიადაგოდ გაშფოთებთო მასშტაბის უზომო გაზრდის კიდევ ერთი, მორიგი მაგალითი.

10
11.
12.

და კვლავ გვმართებს თვით ამ უარსებითესი მაჩვენებლის, აბსოლუტური სიმაღლის იქითაც გავიხედოთ. უნდა ითქვას, რომ ავტორებმა სცადეს კიდეც სართულების მოკლებით ზომის შემცირება. მსგავსი მოთხოვნა _ „ამდენი და ამდენი სიმაღლე დააკელითო“ _ საკმაოდ ხშირად გაისმის ისტორიულ უბნებში ასაშენებელი ნაგებობების მისამართით და, თუმცა, ის მეც წამომიყენებია, დროდადრო მაკვირვებდა, რანაირად თანხმდებიან ამას არქიტექტორები. მართლაცდა, სიმაღლე ხომ რამ თავისთავად, აბსტრაქტულად არსებული როდია _ ის გარდუვალად თანაფარდობათა სისტემაში არის (უნდა იყოს მაინც!) ჩართული. რაკი ასეა, თუგინდ, ერთი სართულის მოცილება, სინამდვილეში მთელი განაფიქრის გადახედვა-გადასხვაფერებას უნდა იწვევდეს. ამიტომაც, გასაკვირალი ის კი არ მგონია, რომ ბ-ები ნ. სეფისკვერაძე და დ. ელიკაშვილი სახლის დაპატარავების რჩევას უწადინოდ დაჰყვნენ, არამედ ის შედეგი, რაც მისმა შესრულებამ მოიტანა. არ იყო ერთი ადამიანიც, ვისაც განცვიფრებით არ აღენიშნოს, რომ ცოტაც და განახევრებული შენობა გარემოში უკეთესად კი არ „ჩაჯდა“, მისდამი გაცილებით აგრესიული შეიქნა. უწინარესად ყოვლისა, არ მეეჭვება _ თუმც, ამას არც და ვერც გამოვეკიდები, _ საქმე როგორც სამი ძირითადი განზომილების, ასევე, შიდა დანაწევრების ფაქიზი გააზრებაა. არის კი სხვა გარემოებანიც, რომელთაგან ვგონებ, რომ ძირითადს სანაპიროს ამ მონაკვეთის მოსალოდნელი ხედის მონტაჟი დაგვანახებს. ის სრულად გვაცნობიერებინებს: არქიტექტორებს მოქმედება მარტოოდენ XIX საუკუნის ნაშენის გარემოცვაში არ უწევთ, როგორც ეს მ. ბროსსეს ქუჩაზე მავალთ შეიძლება მოგვეჩვენოს, არამედ გვარიანად შეცვლილ არქიტექტურულ გარემოში. მ. ბროსსეს ქუჩის გადაღმა კუთხეზე და შემდეგ, ს. ვირსალაძის ქუჩის გაყოლებაზე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ხუთსართულიანი სახლებია და, რაც მთავარია, მარცხნივ 1983-1984 წლების ადმინისტრაციული თერთმეტსართულიანი შენობა (არქიტ. ლ. ბოკერია) არის ამოზიდული.საყურადღებოდ მიჩნეულ ამ ნაგებობაზე იხ. მაგ., ნ. ასათიანი, დასახ. ნაშრ., ასევე _ Т. Р. Квирквелия, Н.М. Мгалоблишвили, Архитектура Советской Грузии, Москва, 1986, გვ. 193.შესაბამისად, არქიტექტორებს ჰქონდათ საფუძველი ჰგონებოდათ, ჩვენსას რომ ჩავდგამთ დაბალსართულიან განაშენიანებაში, ეს ოცდაათი წლის წინანდელი შენობა უფრო ლოგიკურად გამოჩნდება, აშვერილი მოცულობების გარკვეული რიტმი გაჩნდებაო. ეს მით უფრო აზრიანია, რომ რეალობაში ჩვენ არც ქალაქის მარტო ამ ნაწილს აღვიქვამთ და არც მხოლოდ ამ ერთ მომაღლო ნაგებობას. მთაწმიდიდან მტკვრისკენ დაშვებულ ფერდობს შეფენილ უბნებს თავს ნახევარი საუკუნის განმავლობაში რამდენი რამ წამოადგა: _ ჯერ სასტუმრო „ივერია“ (არქიტ. ო. კალანდარიშვილი, ი. ცხომელიძე, 1967წ.), შემდგომ _ აწინდელი სახელმწიფო კანცელარია (თავიდან _ საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი (არქიტ. ვ. აბრამიშვილი, ლ. ჯანდიერი, გ. მირიანაშვილი, 1981წ,),იხ. თუნდაც,  Т. Р. Квирквелия, Н.М. Мгалоблишвили, დასახ. ნაშრ., გვ. 140-142, 178-182.ბოლოს, შარშან (2016წ.) _ ყოველ მხრივ არადამაკმაყოფილებელი ახალი სასტუმრო, სასტუმროდვე გარდაქმნილი ყოფ. მარქს-ენგელს-ლენინის საქართველოს ფილიალის უკან. აქედან გამომდინარე, ახლაც და მომავალშიც ვერტიკალურად განვითარებული რაგინდარა ნაგებობის პროექტის ავ-კარგის გამორკვევის პირობა მისი ამ მახვილებთან ერთობით დანახვა და მათთან ურთიერთობის დადგენააარის და იქნება.
ოღონდ, მარტოოდენ ამით ფონს ვერ გავალთ. რადგან ისიც ხომ უნდა ვიცოდეთ, თავად ეს მახვილები რადა ღირს _ როგორია ყოველი მათგანი, როგორც არქიტექტურული ნაწარმოები; რა ზომაზე ამჩნევიათ მათ სათითაოდ და ერთობლიობაში, ასე ვთქვათ, „ანსამბლური მოაზრება“ საზრისისა თუ ფორმალურ ურთიერთკავშირთა თვალსაზრისით; ერთისა და მეორის დაჯამებით, არგო თუ ავნო მათმა გამოჩენამ ქალაქს, როგორც რამ მთლიანობას. მაგრამ საკმარისი არც ეს გახლავთ. შვეული აქცენტების შემოსვლა, კაცმა რომ თქვას, კერძო გამოვლენაა უფრო ზოგადი მოვლენის, სახელდობრ, განაშენიანების მასშტაბის ზრდისა თუ მთლიანად ქალაქში, თუ მის ისტორიულ ზონაში. კიდევ მეტი, ამის უბრალო დადასტურება ბევრს ვერაფერს გვიშველის, თუ ვერ შევთანხმდით, რა პირობებშია ეს, თავისთავად წინაღუდგომელი რამ სასიკეთო ან ღირებულებით ნეიტრალური მაინც, როდის კიდევ _ საზარალო. ეს, თავის მხრივ, იმაზე ჰკიდია, თუ გვაქვს თანხმობა თბილისისა თუ სხვა ქართული ქალაქების მუდმივი და ღირებული მახასიათებლების თაობაზე. ქართველი ხელოვნების ისტორიკოსების უკვე ოთხი თაობა კი ცდილობსთბილისის ხუროთმოძღვრული სახის რღვევის მსვლელობა, ნაწილობრივ, თავმოყრილი მაქვს წერილში: „სად იწყება და სად მთავრდება ძველი თბილისი“ _ „ძველი ხელოვნება დღეს“, 2, 2011._ საბუთიანადაც! _ დაარწმუნოს საზოგადოება, ჩვენი სატახტოს (იქნებ, სხვა ქართული, თვით „ევროპული“ ზღვისპირა დასახლებების) თავისებურება „ველურ“ ბუნებასთან თანაყოფნააო, ყოველივე ნაგების გვერდიგვერდ სერ-კორტოხებისა და ფლატეების მოტოვება, თან კი მათზევე, ასევე გარკვეულ ხელქმნილ დომინანტებზე სწორება. ისე კი ჩანს, ბევრი ვერავინ დავაჯერეთ, ვერც დამკვეთთ დავუმტკიცეთ და ვერც დამგეგმავ-მგეგმარებელთ, საკუთარი მხატვრული სახე-იერის განუმეორებლობა მეორეხარისხოვან-ხელწამოსაკრავი ოდნავადაც არ არის, არსებრივი რამაა; ვერც ის დავანახეთ, რას და რაგვარად უნდა მოვუფრთხილდეთ _ თუ არადა, ვერ გაჩნდებოდა ამდენი უგვანი შენობა და უბანი, არ გაიფურჩქნებოდა მეგალომანია, რომლის დროით უკანასკნელი გამოხატულება ცნობილი „თბილისის პანორამაა“, რომელმაც, ახლა უკვე უცილობლად, წერტილი დაუსვა ისტორიული (დაცულ ზონებში მოხვედრილი) თბილისის სივრცით-ესთეტიკურ მთლიანობას. ჩემი შეხედულებით, „თბილისი-პანორამას“ გამხორციელების მერე აღარ აქვს აზრი ისტორიული თბილისის შესანარჩუნებლად დაცვითი ზონების სისტემას ჩავებღაუჭოთ, რადგან ვერც საკუთარ თავს დავუსაბუთებთ და ვერც გარეშეთ, რომ ისინი ჯერაც არსებულია. წინანდელი ნაშენობის ძლიერ დაცოტავებული ნაშთების გადასარჩენად რაღაც სხვა არის საღონებელი და ეს აღარაა გადასადები.ეს იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, ამ მიმართულებით საკეთებელი კვლავაც რომ დაგვრჩენია. ამის მიღმა კი კიდევ ერთი, ასე ვიტყოდი, კითხვათა კითხვა იმალება _ რანაირად და რის გამოისობით ხდება ესა თუ ის ნიშანი, მათ შორის მასშტაბიც რომელიმე სამოსახლოს, გინდაც, მისი ამა თუ იმ შემადგენლის მიუცილებელი თანმდევი. ეს კიდევ ერთხელ გამითვალსაჩინოვა ქ-ნი სოფიო გაბადაძის სადოქტორო შრომამ შოთა რუსთაველის გამზირის არქიტექტურული ისტორიის შესახებ. მკვლევარი მას ორ საფეხურად გვისახავს. პირველი _ თუ არა XVIII საუკუნიდან, XIX-ს დასაწყისიდან 1991 წლის დეკემბერ-1992-ის იანვრის, ე.წ. „თბილისის ომამდე“ გრძელდება, მეორე _ 1992 წ-დან დღევანდლამდე მოდის. პირველ ეტაპზე „პროსპექტის განაშენიანება თანმიმდევრულია და თანდათან იძენს როგორც ადმინისტრაციულ, ისე საგანმანათლებლო, საკულტო და კულტურულ ფუნქციებს“, უცხო ტომის არქიტექტორთა მეცადინეობით კი შეიქმნა „ბუნებრივ რელიეფს მორგებული ჰარმონიული და ესთეტიკური არქიტექტურულ-სივრცითი გარემო“. მეორე ეტაპზე, წანააღმდეგ ამისა, სამოქალაქო დაპირისპირების დროს დაზიანებული უბნების რესტავრაცია-ადაპტაციის „კონკურსზე გამარჯვებული პროექტების ნაწილობრივმა განუხორციელებლობამ და ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ გამოიწვია ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების რღვევა. შედეგად მივიღეთ სტიქიური, უსისტემო, მსხვილმასშტაბიანი არქიტექტურული სივრცული გარემო“.ს. გაბადაძე, რუსთაველის პროსპექტის არქიტექტურულ-სივრცული და კომპოზიციური ფორმირების საკითხი. [დისერტაცია] არქიტექტორის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2014, გვ.126-127.განზოგადებულად ამნაირი დაყოფა მიუღებელი, რასაკვირველია, არ არის, ჩემთვის არც მთლიანობაში შეფასებებია საკამათო; თუმც, ზოგი რამ დასაზუსტებელი მგონია. არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს მეორე ეტაპის დამახასიათებლად „მსხვილმასშტაბიანობა“ რომაა ნახსენები. ეს რომ ცალკე აღებული სწორია, თქმადაც არ ღირს. ამავდროულად კი, მასშტაბის ზრდა 1990-2000-იან წლებამდეც ხომ არაერთხელ მომხდარა, რაც ქ-მა ს. გაბადაძემაც ჩინებულად იცის და ამას არაერთგზის ამბობს კიდეც. ჩემთვის განსაკუთრებით არსებითი  დღევანდელი მეცნიერებათა აკადემიის (1953წ. არქიტ. მიხ. ჩხიკვაძე, კ. ჩხეიძე) 55-მეტრიანი კოშკის და „მსხვილმასშტაბიანი“, „მძიმე და მასიური ფორმების“ მქონე ყოფ. ფოსტა-ტელეგრაფის (არქიტ. ვ. ალექსი-მესხისვილი, თ. მიქაშავიძე, 1978-1980-იანი წწ.) ხსენებაა, რომელნიც „ჰარმონიული და ესთეტიკური“ გარემოს შემქმნელ არქიტექტურულ-რიტმულ სურათში ჩაწერილად იგულვება.იქვე, გვ.64-65, 100, 103. საზოგადოდ, პირველ ეტაპზე რაიმე ხარვეზის შესახებ საუბარი არ არის _ ყრუდ კი ითქმის „ადრე“ (ე.ი. 1991-1992 წწ.- მდე) „დაშვებული ქალაქგეგმარებითი შეცდომებიო“ _ „ვარდების რევოლუციის მოედნის“ დასახელებით (გვ.70), მეორე ეტაპზე კი დადებითად იხსენიება „მაკდონალდსის“ ნაგებობა (გვ.100) _ ერთიცა და მეორეც, ცხადია, გასაზიარებელია, თუმც, „მაკდონალდსის“ (არქიტ. ვ. და ზ. ორბელაძეები, 1999წ.) შენობის ამბავი ასე ცალსახა არ უნდა იყოს: პროექტის დონეზეც ნათელი იყო და განხორციელების მერე, ვიმედოვნებ, სადაო აღარაა, მან რომ მნიშვნელობა დაუკარგა შოთა რუსთაველის ძეგლს (იქით იყოს, იგი რამდენად მოსაწონი გვგონია). ამის თავისებური გაგრძელება ჩანს პროფ. სამსონ ლეჟავას მოსმენილი პასუხი ვინმე გამვლელისა კითხვაზე, რუსთაველი ვინ არისო _ „სავარაუდოდ, მაკდონალდსის დამაარსებელიო“. სხვა მრავალთან ერთად, აქ შეგვიძლია ვთქვათ, აი, „არქიტექტურამ რა ჰქმნა“-ო.აქ წამოიჭრა ორი კითხვა: ერთი, ზოგად-თეორიული _ რატომაა, რომ ერთგან ზომის მომატება არაფერს აფუჭებს (მაგ., ერთ-ორსართულიანი კალადან სამ-ოთხსართულიან სალალაკში გადასვლისას, ვეჭვობ, ვინმე ამჩნევდეს, ერთი დასრულდა და მეორე დაიწყოო), მეორეგან კი დამთრგუნველ-გამანადგურებელი ზემოქმედების მქონეა (შდრ. თუნდაც, ტ. შევჩენკოს ქუჩაზე ერთმანეთს შემეზობლებული XIX ს-ისა და 1990-2000-იანი წლების სახლები). მეორე _ ნიშანდობლივ ამ ქუჩას ეხება და, თუ გნებავთ, სუბიექტური ბუნებისაა _ ჩემს წარმოდგენაში ორივე ამწამს ხსენებული ნაგებობა სწორედაც არღვევს რუსთაველის გამზირის სივრცით კომპოზიციას, მეტიც, ამ მხრივ ჩემთვის ალ. შჩუსევის „იმელი“ (1938 წ.) და ვ. კოკორინ - გ. ლეჟავა - ვ.ნასარიძის მთავრობის სახლის (შემდგომ _ საქართველოს პარლამენტი, 1953 წ.) პროსპექტისპირა კორპუსიც კი სათუოა, ისინიც, ეგების, არც მთლად ორგანული გამოდგეს. ოღონდაც, ეს მაშინ, თუ ხელთ გვექნება რაიმე სანდო კრიტერიუმი, თორემ იმას, რაც ახლა ვთქვი, ვერაფრით შევამტკიცებ. ისიც კი არაა გამორიცხული, თავი და თავი თაობათა მეხსიერება იყოს _ ქ-ნ ს. გაბადაძეს თბილისი ტელეგრაფიან-მეცნიერების აკადემიიანად ახსოვს, ხოლო ჩემს მეხსიერებაში პირველის ადგილზე აივნებშეკიდული საცხოვრებელი სახლი, ქვედა სართულზე სახელგავარდნილი ყავახანითურთ, მეცნიერებათა აკადემია კი დაუმთავრებელია, თბილისელთაგან საკმაოდ ათვალისწინებულიც. რასაკვირველია, ასე არ უნდა იყოს _ როგორიც შეიძლება იყოს გემოვნებითი (პირადულ-პიროვნული იქნება თუ მიმართულებისა თუ მიდრეკილებისმიერი) მსჯავრი, ანსამბლურობა თუ არაანსამბლურობა, ქალაქური ქსოვილისთვის კეთილისმყოფელობა თუ მაწყინარობა მეტ-ნაკლებად დადგენადი უნდა იყოს და საამისოდ, რაღა თქმა უნდა, დამატებითი კვლევა-ძიებაა ჩასატარებელი. იმედია, ამ „გადახვევას“ უადგილოდ არავინ ჩამითვლის _ შოთა რუსთაველის გამზირის მოშენების მხატვრულ-ისტორიული ავ-კარგის განსაზღვრა უუშუალოეს კავშირშია იმ ხუროთმოძღვრული გარემოს რაგვარობის გაგებასთან, რომლისგანაც იქნება დამოკიდებული მ. ბროსსეს ქუჩის კუთხის სახლისა და, ვინ იცის, რამდენის კიდეც სხვისაც, უფრო კარგად დასაფუძვლებული შეფასება, რისი პირობაც, როგორც დავინახეთ, ჩვენი ხუროთმოძღვრების საისტორიო ცოდნის დაზუსტება, მასში დარჩენილი „თეთრი ლაქების“ შევსებაა.

13
14.
15.
16.

ისტორიული ნაკვლევის უკმარობა გახლავთ, ჩემი აზრით, ბ-ების ნ. სეფისკვერაძის და დ. ელიკაშვილის კიდევ ერთი მონაფიქრის _ სასტუმროს „გოგილოს აბანო“ შეჩერების უპირატესი მიზეზი. (ილ. 13,14,15,16) სამშენებლო მოედნად აქ არქიტექტორებს მტკვრის მარცხენა ნაპირის ის ადგილი მიეცათ, სადაც მეტეხთა ღვთისმშობლის ტაძრის იქით მოკიდებული, მდინარის კალაპოტს მიყოლებული ფლატე ოდნავ შეიზნიქება და ერთგვარ უბეს წარმოქმნის. ოცდაათიოდ წლის წინათაც აქ, კედლის გამონაშვერზე თეთრად „გოგილოს აბანოს“ შენობა ხვდებოდა თვალს, ახლა კი სასტუმრო „მეტეხი-პალასი“ და მის გვერდით კიდევ ერთი მომაღლო სახლი ბატონობენ. ბ-ების ნ. სეფისკვერაძის და დ. ელიკაშვილის წარმოსახული ახალი ნაგებობა ნახსენებ უბეში, სანაპიროს დონეზეა „შედგმული“. ფერდობის შერკალვის მიმართებით ის, ასე ვთქვათ, მხებადაა გაშლილი, თანაც, სწორი ხაზებით კი არა, გეგმაზე საფეხურ-საფეხურ „დაჭრილი“ კონტურით იფარგლება, რაც მესამე განზომილებაში ერთმანეთს მიჯრილი ვერტიკალური მოცულობების მწკრივს წარმოქმნის. ისინი სიმაღლეშიც საფეხუროვნდება _ ქვედა სართული „დამატებით“ პატარ-პატარა შვერილებად გამოდის წინ, მარცხნიდან  (თუ მტკვრის ხევიდან შევხედავთ) მეორე და მარჯვნიდან მეორე და მესამე „საფეხურებზე“ კიდევ შვეული „წამონაზარდები“ ამოიზიდება, ყოველივე ეს ერთად კი, მქრქალი მინის მოპირკეთებასთან ერთად, გამოკვეთილი „კრისტალურობის“ სურათს ქმნის. ამას გარდა, თუ ქვემოდან ცხრა სართულად სასტუმრო ერთიანად აიმართება, ზედა, მეათე მდინარისპირა კიდიდან შეწეულია და ბანზე „დადგმულად“ იკითხება. ზემოთქმული საკმარისი უნდა იყოს განზრახული შენობის მასშტაბურობის წარმოსადგენად და, ისევ და ისევ, ვერ გავმატყუნებ ექსპერტებს, ამან რატომ შეგაცბუნათ და შეგაშფოთათ-მეთქი. თუმცა, უპირველესი საბუთი მიღებული უარისა „გოგილოს აბანოსთვის“ მინიჭებული ძეგლის სტატუსი გახდა. თავისთავად, სევდიანად გაგეღიმება ადამიანს, რომ ვითარებაში, როდესაც „ძეგლობის“ მინიჭება-მოხსნა ზოგჯერ უცნაურ თამაშს ემსგავსება და არცთუ ძალიან „დაფარულად“ ერგება ინვესტორების და ვინ იცის კიდევ ვის სურვილებს და განზრახვას, ასეთი არგუმენტი შეიძლება „წყალგაუვალად“ მოგვევლინოს. ეს მით უფრო ირონიულია, თუ თავად ნაგებობის რაობას ჩავაგდებთ სათვალავში _ წინანდელი „გოგილოს აბანოც“ ვერაფერი არქიტექტურით გამოირჩეოდა და არც ისე შორეული წარსულიდან მოდიოდა, ახლანდელი კი საერთოდაც 1980-იანი წლებისაა, ულაზათოც და გავერანებულიც; შეფარდებითი „სიძველის ღირებულება“ მასში წინამორბედისგან გადმონარჩუნებულ მცირე მონაკვეთებსღა აქვს, რომელნიც, სხვათა შორის, განსახილველი პროექტის მიხედვით დაცული იქნება. საკითხავია, რატომ გადმოვიდა ამ, რაიმე ღირსებას მოკლებულ შენობაზე აღარარსებულის სტატუსი და შერჩება თუ არა მას იგი თბილისის ძეგლთა ნუსხების მომავალი გადასინჯვებისას _ ასეა თუ ისე, ეს ჩვენში სიძველეთა აღრიცხვის სიძნელეთა და ხარვეზთა კიდევ ერთი მაჩვენებელია.
ის კი ცხადია, რომ „გოგილოს აბანოს“ _ უფრო „ნააბანოვარის“ ძეგლობა პროექტის განმხილველთ იმ ხავსად მოეჩვენათ, ჩვენებურ ანდაზაში წყალწაღებულნი რომ ეჭიდებიან ხოლმე. ნამდვილი მიზეზი კი _ ეს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გამართულ ჩვენებაზეც წარმოჩნდა, _ სხვაა, ასე შეიძლება ითქვას „ორმუხლედი“: დაპროექტებული სასტუმროს ა) ისან-ავლაბრის განაშენიანებასთან და ბ) ბუნებისმიერ მოცემულობასთან თანაფარდობა. ფორმალურად, განყენებული „რაოდენობრივი“ მონაცემებით (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე...) შემფასებელთა შეშფოთება (იქნებ _ აღშფოთებაც) აზრსმოკლებული სულაც არ არის _ სხვაც რომ არ იყოს რა, მოგვაბეზრა თავი აქეთ-იქიდან თავწამოყოფილმა ნაშენმა „მონსტრებმა“. და მაინც, მოდით, უფრო გულდამშვიდებით ჩავუკვირდეთ არქიტექტორთა ჩანაფიქრს. ჯერ მეორე მუხლი მოვითავოთ, პირველზე ადვილად მოსასტუმრებელი _ ნავარაუდევი სასტუმრო არსებულ კლდეს საერთოდ არ ეხება, მას ხელუხლებლად ტოვებს, ისევე, როგორც არ ამოივსება, უბედ რჩება მისი ზემონახსენები შენაზნექი. შეიძლება კი ვისურვოთ, ოდნავი წინ გამოწევით ნაგებობა მას კიდევ მეტად დაცილდეს და მისი „ჩაყენებულობა“ უფრო გამოიკვეთოს, უფრო თვალნათლივ წარმოსდგეს. აი, პირველი მუხლის საფუძვლიანობის გამოსარკვევად მეტი კირკიტი მოგვიწევს. მართლაც, სად ისნის სიმაღლით და სიგრძე-სიგანით მოკრძალებული სახლები და სად ეს მრავალსართულიანი, სიგრძეზე გადაჭიმული მოცულობა! კონტრასტი იმგვარია, რომ ძნელი უნდა იყოს შეთანხმება-შეთანადებაზე სიტყვის ჩამოგდება. მეორე მხრივ კი, შემდეგიც გვაქვს გასათვალისწინებელი. ჯერ ერთი, არცთუ ძნელი შესანიშნია, ბ-ების ნ. სეფისკვერაძის და დ. ელიკაშვილის მოსაზრებით, სასტუმროს „ტანი“ გვერდით არსებულ ძველთბილისურ საცხოვრებლებს სულაც რომ არაა შეტოლებული. იგი მუქი ფერისაა, მისი ძირითადი ცხრასართულიანი ნაწილის ზედა ხაზი მეტეხის პლატოსასაა გათანაბრებული, დანაწევრება კი, როგორც ითქვა, კრისტალისებრი თუ ფიქლის ქანისებრია. შემდგომ, ყოველივე ეს, ერთობით, ერთსღა შეიძლება მოწმობდეს _ მაღალი ძირითადი კორპუსი სასტუმროსი კლდის „მეტაფორაა“ და მტკვრის ღრანტეებიანი ნაპირის „ჩანაკერებია“, ისტორიულ განაშენიანებას კი ზედა, „დანაშენი“ სართული ესიტყვება (იქნებ, ღირდა _ ღირდეს კიდეც! _ მისი ქვედა მასისგან რიტმული დამოუკიდებლობის უფრო ცხადლივ გამოვლენაც _ რასაკვირველია, აუცილებელი შეწყობისას). ვგონებ, ეს მიდგომა უკვე გულისხმობს განსჯის კუთხის შეცვლასაც _ საფიქრალი ახლა ის კი არაა, ეპასუხება თუ არა ნაგებობა მეზობლად არსებულთ, არამედ დამაჯერებლად თუ განსახოვნდა არქიტექტორთა ფუძე-მონაგონი, მიღწეული თუა მის ხორცშესასხმელად საჭირო ფორმათმეტყველება თუ გამომსახველობა (პირადად ჩემი ხედვით _ დიახ, მიღწეულია...). მაგრამ ამ, პროექტშივე ჩადებული აზრის იქით კიდევ დიდძალი სარკვევი რჩება. პირველ ყოვლისა, არცთუ ისე ერთმნიშვნელოვანია, აქვს თუ არა აზრი, ახლა და ამ ადგილისათვის მასშტაბურ შეუსაბამობა-შესაბამისობაზე ჩვენთვის ჩვეულ თარგზე მსჯელობას. რუსთაველის გამზირისა და მისი მიმდგომი ქუჩებისა არ იყოს, თბილისის ამ უბნებში უკვე იმდენი დიდრონი შენობა წამოიჭიმა, რომ თავიდათავი საზრუნავი ის უნდა შეიქნას წესით, ძველ, მცირესართულიან მოშენებას მნიშვნელოვნება როგორ შევუნარჩუნოთ. საამისოდ, ეგების, ერთ-ერთი გზა ისიც შეიძლება იყოს, ძველი განაშენიანების „ქსელში“ შეტანილი განარღვევები _ მაგ., ქეთევან წამებულის ან ვარდების რევოლუციის მოედნები, მეტეხის ხიდის მიდამო და ა.შ. _ თუ მასში „შეჭრილი“ არათანაზომადი მახვილები კარგად მოფიქრებული, ოღონდ, ასევე ზომამოჭარბებული მოცულობებით „განეიტრალდეს“ თუ „შემოირაგოს“ (ასე „მუშაობს“ რეკონსტრუქციის შემდეგ, ჩემი აზრით, სასტუმრო „ივერია“ ვარდების რევოლუციის მოედნის ყურეში, ამდაგვარი რამ აქვს მოაზრებული ბ-ნ გ. აბულაძეს ქეთევან დედოფლის მოედნისთვისაც). ამდენად, ჩვენ, სხვა ყველაფერთან ერთად, ხელოვნებათმცოდნეობითად გვაქვს გასაფიქრებელი თბილისის ხუროთმოძღვრული სახის, როგორც გერმანელები იტყვიან „შტადტ-ბილდ“-ის აწინდელი მდგომარეობა, რაც, თანაცვე, ისტორიულ განასერში დანახვასაც მოიცავს.
უკანასკნელი მოცემულ შემთხვევაშიც გარდუვალია, მეტიც, იქნებ, მომეტებული სიმწვავით მოსათხოვიც. საქმე შემდეგია: თუ ძველ ფოტოსურათებს, თუგინდ, 1898-1900 წლების გადაღებულ ვრცელ, პანორამულ ხედს დავაკვირდებით,იხ. მაგ., თ. გერსამია, ძველი თბილისი, თბ., 1984, სურ.62 –შდრ. იქვე, სურ. 61.ძნელია, არ დაგებადოს ეჭვი, ეკუთვნის კია ეს არემარე საერთოდაც ძველ თბილისს. ვგულისხმობ არა ადმინისტრაციულ დაყოფას, რაც რუკების გადათვალიერებითაც გაირკვევა, არამედ, თუ ასე შეიძლება ითქვას, „არქიტექტურულ საზღვრებს“. კალა იქნება, მთაწმიდა, კუკია-ჩუღურეთი თუ ავლაბარი, ქუჩაბანდებს თუ ბოლომდე გავუყვებით, ვნახავთ, რომ ძალზე ხშირად განაშენიანება თითქოს განილევა, „იძენძება“, კარგავს მოწესრიგებულ სახეს. ეს გარემოება, იმის გათვალისწინებითაც, თბილისის გარეუბნების ნახევარი მაინც, მისი მთა-გორიანობის გამო, პირდაპირი აზრით, თავზე რომ დაგვცქერის, საცა სამართალია, ჩვენი „არქიტექტურული საზოგადოების“ თუ ქალაქის მესვეურთა საგანგებო ზრუნვის საგანი დიდი ხანია უნდა გამხდარიყო_ მაგრამ ეს აქ განსაბჭობი ვერ იქნება. ახლა საყურადღებო აი, რაა: ასეთივე „აშლილი“ ჩანს ასი წლის წინანდელი მდგომარეობით ჩვენი სამსჯელო მონაკვეთიც. სწორედაც ზედ შერკალვასთან ისნის მჭიდრო განაშენიანება ერთბაშად წყდება, თითო-ოროლა კენტად მდგომი „თბილისური“ სახლის გარდა, აქ, აშკარად ახალი აშენებული და აშკარადვე სახაზინო ზორბა შენობები ჩანს, მათ იქით ბევრი უშენი ნაკვეთიც (მაგ., არსებითად ტრიალ მინდორში აღიმართება წმ. გრიგოლ განმანათლებლის 1895 წლის მერე აშენებული ეკლესია)მის შესახებ: მ. ლილუაშვილი, თბილისის XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის სომხური საეკლესიო არქიტექტურა. კრ-ში: „არქიტექტურა და იდენტობა. საეკლესიო მშენებლობა თბილისში (1801-1918)“, თბ., 2016, გვ. 122-123, სურ. 86-88.თუ ასეა, წამოიჭრება კითხვა, უადგილო ხომ არ არის პირდაპირ არგუმენტად ისნის არქიტექტურის თვისებრიობის მოტანა, შესაძლოა, სულაც მის გარეთ ასაგები შენობის ბედის გადაწყვეტისას. საკითხი, რა უნდა ჩაითვალოს, რა კიდევ არა ამა თუ იმ ისტორიული უბნის კუთვნილებად, სხვაფრივაც საყურადღებო რომაა, თუნდაც, შემდეგი რამ გვეუბნება: „პანორამა-თბილისის“ გეგმის ერთ-ერთი შემადგენლის, სალალაკის ქედზე გადამჯდარი სასტუმროს გაჩენის მთავარი საფუძველი სამართლებრივად კალას მითვლილი რამდენიმე ქოხმახის არსებობა გახდა, ამ დროს კი, არათუ ვერავინ შეუდგება იმის მტკიცებას, ისინი ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით ამ უბანში შედისო, ეს სახლაკები, როგორც ძველი თბილისის იერის შემრყვნელ-დამაკნინებელი, მოსაცილებელიც გახლდათ... ამრიგად, თავს იჩენს კიდევ ერთი საჩხრეკ-გადასაწყვეტი, ხელოვნების-საისტორიო გამოკვლევის კიდევ ერთი ასპარეზი.
ამისა თუ იმ უბნის მახასიათებლების, მათი გასრულება-განვითარების ბოლომდე გამოუწვლილველობას უნდა ჰქონდეს წილი ბოლო ხანს, 2016 წლის დეკემბერის უარყოფით გადაწყვეტილებაში, რომელიც იქნა გამოტანილი ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ზემო წელში ასაშენებელი სასტუმროს თაობაზე. არსენას ქუჩასთან გადაკვეთის აღმა, მორღვეული უსახური სახლის ჩამნაცვლებელი ეს შენობა სწორედ იქ უნდა განთავსებულიყო, სადაც ქუჩა-შესახვევები ფერდობს აუყვება რა, შეფენისას ირევა, ალაგ არათუ მანქანისთვის, ფეხმავლისთვისაც ძნელად სავალ ბილიკებად გადადის, რაც, სხვათა შორის, საჩქაროდაა მოსაგვარებელი, რადგან მთაწმიდის კალთაზე უკვე საკმაოდ გვაქვს რაიმე ერთიანობად მოუყვანელი უახლესი ნაშენი. ამის თაობაზე, გავიმეორებ, იქნებ, ვინმემ რამე იცოდეს, დაწერილ-დასტამბული კი არაფერი ჩანს, თუმცა კი, ამ ჯერზე ვერ ვიტყვი, რომ ეს, თუ რამ სხვა, მაგებინებდეს, რას ემყარება მერიის შესაბამისი საბჭოს მსჯავრი. ზემოთ მუდამ ვამბობდი, შემფასებელთა ყოყმანისა მესმის-მეთქი, მოცემული პროექტის ათვალისწუნება კი ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

17.
18.
19.

აი, როგორია, ნიშანდობლივ, ბ-ების ნ. სეფისკვერაძის და დ. ელიკაშვილის ეს, ჩემს მიერ გადმორჩეულთაგან, ბოლო მონაფიქრი. სასტუმრო საკმაოდ ფიცხელ შეღმართზეა შედგმული, რის გამოც სართულიანობა (ქვედა ბოლოში _ ოთხია) ზემოთკენ კლებულობს. (ილ. 17,18,19) სულ წინ, წინამორბედი შენობისგან დატოვებულ ცალსართულიან სადგომზე ღია კიბის პირველი, წინვე წამოსული მუხლია დაბჯენილი, რომელიც ზედ სახლზე მიდგმული, თხელ დგარებზე გადაყვანილი შემდგომი მარშებისკენ მიემართება. ძირითადი მოცულობა მუქი მზიდ-საზიდი კონსტრუქციების „ჩონჩხად“ წარმოგვიდგება, რომელიც ქვედა სართულზე ასეთივე მუქი ზედაპირებით, ზემოთკენ კი, ბანური სახურავის მოზღუდვის ჩათვლით, ზედაპირდახორკლილი მინისებრი ფილებითაა შევსებული, რომლებშიც ღამ-ღამობით შიგნიდან შუქი სჭვივის. მთავარი, ქუჩისპირა ფასადი სამწახნაგათა წყებად ეწყობა, რომლებზედაც მაღალი, მუქ-ალათიანი სარკმლებია დატანებული. „განაჩენი“ ამ შენობის მიმართ ვითომდა ამ უბნისთვის მიუღებელი გადაჭარბებული მასშტაბურობის გამო იქნა გამოტანილი. ჩემს თვალში ეს პირწმინდა გაუგებრობაა. დავიწყოთ იმით, რომ ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე _ მაშინაც, თუ არად ჩავაგდებთ აქვე, ღობის მიღმა მდგომ უშველებელ საბჭოურ სასკოლო ნაგებობას, - თუ მეტი არა, არანაკლები სიგრძე-სიმაღლის არაერთი შენობა გვაქვს. ამას გარდა, კუთხეზე, აღმართის დასაწყისში თითქმის რომ „კოშკურად“ ამართული და ზემოთკენ სამაღლედაკლებული სახლები ვერე-მთაწმიდაზე არცთუ გამონაკლისია. მთავარი კი ისაა, რომ, როგორც ეტყობა, შეუნიშნავი დარჩა ბევრი რამ, რითაც დაპროექტებული ნაგებობა საერთოდ XIX საუკუნის თბილისურ, სახელდობრ კი, ახლომდებარე სახლებს ეხმიანება. მუქი „ჩარჩო“ მინისებრი შევსებით, მაგ., მუშარაბებსაც მოგაგონებთ და შუშაბანდებსაც; დაწახნაგება ერკერების ასოციაციას ბადებს და უშუალო სიახლოვეს მდგომ მომცრო სახლებთან მოსალოდნელ კონტრასტულ დაპირისპირებასაც არიდებს მას; ფილების „კენჭოვანი“ ზედაპირი ნაძერწ „რუსტიკას“ წააგავს და მათ შორის სარკმლების რიტმიც გარშემო შენობებისას ენათესავება; ჩვენებური ეზოების აივან-ასასვლელების პირდაპირი „ალუზიაა“ სახანძრო კიბე, თანაცვე, კუთხეზე სასურველი, მსუბუქ-გამჭვირვალე, ამასთან კი, ვერტიკალებით გაჯერებული მახვილის შემქმნელიც. სწორი გითხრათ, არც კი ვიცი, ამაზე მეტი არქიტექტორებს კიდევ რა უნდა მოვთხოვოთ...
კარგად მაქვს შეგნებული, ჩემი განსჯანი მრავალთათვის, მათ შორის, ალბათ, ჩემთვის ფრიად პატივსაცემი ადამიანებისთვისაც, რბილად თუ ვიტყვი, საკამათო რომ იქნება. იმის იმედით კი ვარ, გარჩეული პროექტების მხატვრული რაგვარობის განსაზღვრისას დიდად სადაო არაფერი გამეპარებოდა ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ხელოვნებათმცოდნის მთავარი სამუშაო, მხატვრული ნაქმნის დახასიათება პროფესიულ დონეზე მექნება შესრულებული. ოღონდ, ამჯერად, საკეთებლად ხომ შეფასება მაქვს, რომელიც უცილობელი, თავში როგორც ითქვა, ძვირად თუ შეიძლება იყოს. რასაკვირველია, არც მქონია აზრად საბოლოო, სიტყვაშეუბრუნებელი მსჯავრის მიგნება, არც საკუთარი შეუცდომლობის რწმენა მქონია როდესმე. ჩემი მიზანი ბევრად მარტივი გახლავთ _ ვაჩვენო, რომ მარტივი, თითქოსდა, „ობიექტური“ კრიტერიუმები უზოგადეს მაორიენტირებლად თუ გამოგვადგება და ყველა ცალკე შემთხვევაში, ზუსტად ისევე, როგორც რესტავრაციასა ანდა მედიცინაში, სხვა, წინდაწინ ძნელად გამოსაცნობ მხარეებსა თუ ძალთა ტოლქმედებს უნდა მიექცეს ყურადღება. ასეც შეიძლება გამოითქვას: ყოველ ჯერზე, ამა თუ იმ გარემოს თვისება-თავისებურებებსაც უნდა ჩავუჯდეთ და ამა თუ იმ ჩანაფიქრისასაც _ მით უფრო, თუ ის მართლაც ნაფიქრია, რის მაგალითადაც მეჩვენება ბ-ების ნ. სეფისკვერაძის და დ. ელიკაშვილის ნამუშევრები, რომელნიც ამიტომაც აღმიძრავს ფიქრს და ფიქრის სურვილსაც. ყოველჟამ კერძოობითი გარემოებების ჩაკირკიტებით შესაძლებელი უნდა გახდეს, ჯერ ერთი, იმ დამატებითი საზომების მოძიება, რომელნიც დაზუსტებით დაგვანეხებს შემოთავაზებულის ღირსება-ნაკლოვანებებს და საბუთიანობას შემატებს ჩვენს დადებითსა თუ უარყოფით დამოკიდებულებას. და მეორეც, არც ისაა გამორიცხული და შეუძლებელივ ოდნავადაც არ არის, ნაწილობრივ-ინდივიდუალურის გამოდევნებით, დროთა განმავლობაში, ახალი ზოგადი პარამეტრებიც შემუშავდეს.
არის კი ერთი, საამისოდ აუცილებელი პირობა _ აზრთა მუდმივი გაცვლა-გამოცვლა, თან უბრალოდ შეხედულებათა შეჯახება კი არა, ერთი და იმავე ლოზუნგისებრი დებულებების გამეორებით, ახალ-ახალი კითხვების დასმითა და მათ საპასუხოდ ახალივე არგუმენტების გამოძებნით. ასეთი საუბარი, რომელნიც ანალიზური ოსტატობის კიდევ და კიდევ დახვეწასაც მოიტანს უთუოდ და პოლემიკურისაც, ბევრნაირად შეიძლება წარიმართოს და კარგი იქნებოდა, თანადროულად სხვადასხვა სახითაც. რომელიღაც ხუროთმოძღვრული იდეის ავ-კარგის ნათელსაყოფად, ეგების, საჯარო პაექრობა უფრო გამოგვადგეს, სხვის გასაგებად _ ბეჭდური სიტყვისგება ან, საერთოდაც, უახლესი ინტერნეტული საშუალებები.  ასეცა და ისეც, წარმატების მისაღწევად მიუცილებელი საჭიროებაა, რაგინდა იყოს მკვახე შეძახილსაც სარჩულად კეთილგანწყობა ჰქონდეს და რაოდენ გინდა მოზღვავებული გრძნობა ლოგიკურ დასაბუთებად გადმოიშალოს. თუკი ეს გამოგვივა ოდესმე _ ღმერთმა ინებოს, არც ისე შორეულ მომავალში, _ იქნებ გაგვიჩნდეს არა დაპირისპირების (თანმდევი გადაჭარბება-წატყუილებით), არამედ ბაასის სივრცე, სადაც სხვადასხვა მოსაზრება საერთო, ურთიერთმისაღებ ენაზე გამოითქმება, კამათის შედეგად კი, როგორც ოდესღაც ხდებოდა, ჭეშმარიტება დაიბადება.

 


 


ნანახია: 1222-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani