Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი - უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კერა

სამსონ ლეჟავა
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი



აგერ თითქმის ოთხმოცი წელია, რაც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი (ამჟამად ცენტრი), ემსახურება ქართული ხუროთმოძღვრების, სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფუნდამენტური შესწავლის საშვილიშვილო საქმეს. ამ დაწესებულებას უზარმაზარი როლი ეკუთვნის ქართული კულტურის იდენტობის შემეცნებასა და მისი თვისობრივობის წვდომაში.
ინსტიტუტის დამფუძნებელი, დიდი პიროვნება და მეცნიერი, ბატონი გიორგი ჩუბინაშვილი, იყო საერთაშორისო რანგის, უმაღლესი დონის, უცხოეთშიც და ჩვენშიც დიდი ავტორიტეტის მქონე მკვლევარი, რომელმაც საიმედო საფუძველი ჩაუყარა ქართულ სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებას. სწორედ მან შექმნა საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობის ბრწყინვალე სკოლა.
არაერთი თაობა მოღვაწეობდა გიორგი ჩუბინაშვილის მიერ დაარსებულ ინსტიტუტში. თავად უშუალოდ დამაარსებელთა, პირველხარისხოვან პროფესიონალთა არაჩვეულებრივი პლეადა, უდიდესი ერთგულებითა და შინაგან მოწოდებად ქცეული თავდადებით ამოუდგა მხარში გიორგი ჩუბინაშვილს.
ამ დაწესებულებაში ღირსეული ტრადიციებისადმი პატივისგება აერთიანებს უკვე ხანდაზმულთაც და სრულებით ახალგაზრდებსაც, ანუ თავს იჩენს თაობათა ძალისხმევის უწყვეტი მიზანდასახულობა.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრში არა მხოლოდ მიმდინარეობს ღრმა ანალიზი ქართული ხელოვნების ძირეული მახასიათებლებისა, არამედ ეს პრობლემატიკა განიხილება ფართო კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში. ამასთანავე, თავს იჩენს კრიტიკული, პრინციპული და მაღალი კონპეტენციით გამორჩეული პოზიცია ჩვენი ხელოვნების არაადექვატურ, ტენდენციურ შეფასებათა მიმართ.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი (მოგვიანოდ ცენტრი) დღიდან მისი დაარსებისა, იმთავითვე სათანადოდ ზრუნავდა საერთაშორისო კავშირებზე, რამაც XX საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე, უკვე ძალიან დიდ მასშტაბს მიაღწია ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმების სახით (ამ საქმეში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის აკადემიკოს ვახტანგ ბერიძეს).

01

ქართული ხელოვნების კვლევაში ცნობილ უცხოელ მეცნიერთა აქტიური ჩართვა (რაც მისი საერთაშორისო რანგისა და ხარისხის დიდ აღიარებასაც გულისხმობს), დღესაც ინტენსიურად გრძელდება. ამის დასტურია უკანასკნელ დროს ჩატარებული კონფერენციები (ასეთია ბოლო პერიოდში ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენციების არასრული ჩამონათვალი: `ფიგურა და ორნამენტი: ესთეტიკა, ხელოვნება და არქიტექტურა კავკასიის რეგიონში 400 წლიდან 1650 წლამდე~ (საერთაშორისო კონფერენცია თბილისი, IX-1.X.2011); `მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში~ (საერთაშორისო კონფერენცია ახალი და თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე. თბ., 27.X-28.X.2011); `ბიჭვინთა~ (კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად. 17.XII.2012); `ფიროსმანი და ქართული კულტურა~ (საერთაშორისო კონფერენცია. თბ., 5-7.XI.2014); მერი კარბელაშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული საიუბილეო კონფერენცია და გამოფენა (თბ.,28-30.XI.2012); აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია და გამოფენა (11-12.XII.2014); საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა (22-23.XII 2018) და სხვ.)
ამავე დროს ცენტრის საგამოფენო დარბაზში - „Ars Georgica“, სისტემატურად იმართება მხატვართა გამოფენები.

02

2019 წლის ზაფხულში გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი ახორციელებს პროექტს `ტაო-კლარჯეთის საზაფხულო სკოლა~. პროექტის პარტნიორია სამი უდიდესი საერთაშორისო კვლევითი დაწესებულება (ფლორენციის, ფრიბურგისა და ბაზელის).
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის – ჯერ ინსტიტუტში, შემდგომ კი მის უშუალოდ მემკვიდრე – ცენტრში, 1940-იანი წლებიდან დღემდე - სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებაში ახალი ჰორიზონტისა და სივრცის გამხსნელი, თავისი ხარისხით უნიკალური, ფუძემდებლური შრომები იქმნება, რომლებშიც მაღალ მეცნიერულ დონეზე გაანალიზდა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება (ევროპულსა და აღმოსავლურ კონტექსტში), ფრესკული მხატვრობა და ხატწერა, ჭედურობა, ადრექრისტიანული სტელები, სატაძრო რელიეფი, მინიატურა და ხელნაწერი წიგნის გაფორმების მხატვრული პრინციპები, შუა საუკუნეებში მოღვაწე ოსტატთა საქმიანობის სპეციფიკა, ორნამენტულ სისტემათა კანონზომიერებანი და სხვა.

03

ფაქტობრივად, მრავლისმომცველად იქნა გააზრებული საქართველოს, ქრისტიანული კულტურის ამ უადრესთაგანი კერის უზარმაზარი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. ჯერ კიდევ გიორგი ჩუბინაშვილმა და მისმა მოწაფეებმა - შეისწავლეს წინარექრისტიანული ქართული ხელოვნების მახასიათებლები.

04

ხელოვნების ინსტიტუტში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხალხური ხელოვნების შესწავლას, რაც კვლავაც გიორგი ჩუბინაშვილისა და მისი დიდი თანამდგომის, ნიკოლოზ სევეროვის ძალისხმევით გამოვლინდა XX ს-ის 20-იანი წლებიდან და ინტენსიურად გრძელდებოდა ინსტიტუტის დაფუძნების პერიოდიდან დღემდე, რისი დასტურიცაა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ფენომენის – დარბაზული ხუროთმოძღვრების, კოლხური ოდა სახლის, და აგრეთვე მემორიალური კულტურის ძეგლთა მრავალმხრივი შესწავლა; სულ ახლახან ცენტრში გამოიცა ფუნდამენტური მონოგრაფია საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ საცხოვრებელ და სათავდაცვო ხუროთმოძღვრებაზე. ინსტიტუტში საფუძვლიანად შეისწავლება კლდეში ნაკვეთი ნაგებობანი და საფორთიფიკაციო ხუროთმოძღვრება.
სატაძრო რელიეფის შესწავლის სრულებით ახალ ეტაპზე მეტყველებს ახლახან გამოცემული სქელტანიანი, დიდი ინფორმაციის დამტევი, საგულდაგულო გამოკვლევა შუასაუკუნოვან რელიეფზე, რომელიც ისევ და ისევ საერთაშორისო გამოცდილების ფონზე აანალიზებს ჩვენი ხელოვნების ამ საგულისხმო სფეროს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევის ახალ ეტაპზე მეტყველებს შუასაუკუნეთა რელიეფის ტრადიციათა განმგრძობი, მემორიალური კულტურის ფიქსაცია-შემეცნებისათვის განკუთვნილი ახალი პროექტი, რომელსაც პროგრამულად ახორციელებს ცენტრი.
ამ სფეროსადმი ინტერესის გამოვლენაა ისიც, რომ ცენტრში ჩატარდა ხალხური ხუროთმოძღვრების შემსწავლელი მასშტაბური კონფერენციები, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ფართო რეზონანსი შეიძინეს. ცალკე მსჯელობის თემაა თბილისის, ქუთაისის, თელავის, სიღნაღისა და საქართველოს სხვა ქალაქების, ასევე თავადაზნაურთა სასახლეებისა თუ სხვა სახის ტრადიციული საცხოვრებელი ხუროთმოძღვრების საფუძვლიანი წვდომა ცენტრის თანამშრომელთა მიერ. ამ თვალსაზრისითაც, ისევე როგორც ქართული საბჭოთა ხუროთმოძღვრების შემეცნების თვალსაზრისით, სწორედ გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრს იმთავითვე მიუძღვოდა განსაკუთრებული დამსახურება. ამ მხრივ ხაზგასასმელია მთლად ბოლოდროინდელი, საფუძვლიანად აკადემიური მონოგრაფიებიც - თბილისში მოღვაწე უცხოელ არქიტექტორებზე, ქალაქ დუშეთის ურბანულ მემკვიდრეობაზე და სხვა.

05

რაც შეეხება XIX საუკუნისა და XX საუკუნის ქართულ ხელოვნებას, აღნიშნული კუთხით აგრეთვე ძალიან სერიოზული სამუშაო ჩატარდა, რაზეც მეტყველებს XX ს-ის 70-იან წლებში გამოცემული ქართული საბჭოთა მხატვრობის ისტორია; 2013 წელს დასტამბული, იმვე სახის ახლად დაწერილი ისტორია; ასევე – მონოგრაფიები XX საუკუნის ქართული საბჭოთა არქიტექტურისა და ქანდაკების შესახებ; მრავალი ცალკეული მონოგრაფია თუ მასშტაბური პუბლიკაცია ინსტიტუტის თანამშრომლებმა მიუძღვნეს თბილისურ ფერწერულ სკოლას; ისეთ დიდ ოსტატებს, როგორნიც არიან: ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, პეტრე ოცხელი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, ალექსანდრე შერვაშიძე, შალვა ქიქოძე, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, იოსებ გაბაშვილი, დავით (დუდა) გაბაშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, ალექსანდრე ბანძელაძე და სხვები.
ამასთანავე არა მხოლოდ ცენტრის გამოცემულ შრომებში, არამედ სხვათა ინიციატივით დასტამბულ გამოკვლევებში, სწორედ ცენტრის თანამშრომლების უშუალო თანამონაწილეობით იქნა შესწავლილი კირილ ზდანევიჩის, ირაკლი გამრეკელის (საზოგადოდ ქართული ავანგარდის წარმომადგენელთა) და აგრეთვე ლევან ცუცქირიძის, ნატალია ფალავანდიშვილის, გურამ ქუთათელაძის, გურამ გელოვანის, ჯიბსონ ხუნდაძის, ედმონდ კალანდაძის, დიმიტრი ხახუტაშვილის, ლალი ზამბახიძის, ვახტანგ ქოქიაშვილის, გიორგი ოჩიაურის, მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის და სხვათა შემოქმედება.

06

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს ამჟამად აქვს ორი პერიოდული გამოცემა: `საქართველოს სიძველენი~ და ელექტრონული ჟურნალი `Ars Georgica~, სერია-B (georgianart..ge), რომლებშიც ერთი მხრივ, ვხედავთ ჯერ კიდევ 1940-იან წლების ფასეულ ტრადიციათა განგრძობას, ხოლო მეორე მხრივ, ახალ ამოცანათა დასახვას.
უდიდესი მნიშვნელობისაა სახელოვნებათმცოდნეო მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, თეორიული მხარის შესწავლა, რისი თვალსაჩინო მაგალითიც არის კაპიტალური მონოგრაფია ხელოვნების ისტორიის ისტორიაზე. საზოგადოდ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს ჩვენი კულტურის თვითწვდომისათვის განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება.
საკუთრივ ინტელექტუალური და პროფესიული დონე ამ ცენტრისა მეტად სერიოზულია და საფუძვლიანი.
ცენტრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ახალგაზრდა სპეციალისტთა პროფესიული კადრების აღზრდის საქმეში ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ. მათი ნაშრომები ქვეყნდება მრავალ საერთაშორისო პერიოდულ გამოცემაში და ყველგან ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული დონე და ავტორიტეტი ფართოდაა აღიარებული.
დღიდან დაარსებისა, ამ დაწესებულებას არაერთგზის განუცდია ზეწოლა და შევიწროვება, მაგრამ ყოველთვის მედგრად იცავდა თავის პრინციპებს; ურთულეს პირობებში და დიდ სივიწროვეში, შეუპოვრად, დაუზარელად ეწეოდა თავის საქმიანობას. უკვე შემდგომში, მრავალგზის მოუხდა სამუშაო ადგილის გამოცვლა. ბოლოდროინდელი ეკონომიკური სიდუხჭირის დროს, არასოდეს დამორჩილებია არასახარბიელო ვითარებებს, არ უარუყვია საკუთარი გზა. ერთხანს შეკედლებული იყო მეცნიერებათა აკადემიის შენობას; განიცადა სხვა მძიმე პერიპეტიებიც, მაგრამ უკანდახევის და აპათიის გზას არასოდეს დასდგომია!

07

უკლებლივ ყველა თაობამ ინსტიტუტისა, მომდევნოდ კი ცენტრისა – უანგაროდ იღვაწა, რათა მსახურებოდა თავის სამშობლოს, ქვეყნის განვითარებას, რათა ღირსეულად განეგრძო გიორგი ჩუბინაშვილის სკოლის დიდი მონაპოვრები. ახალი სიცოცხლე მიენიჭებინა ჩვენი ჰუმანიტარული მეცნიერების ამ დარგისათვის, რომელსაც საყოველთაო აღიარება აქვს დამსახურებული.
სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ გავხდით ევროკავშირის ასოცირებული წევრი, როდესაც ევროპული მეცნიერული ელიტის წარმომადგენლები აღიქვამენ გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრს ნამდვილ, დიდ სიმბოლოდ დასავლურ კულტურასთან რეალური ინტეგრირების გზაზე, როდესაც ცენტრი გახდა RIHA-ს - ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესში კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა.
ისიც გასახსენებელია, რომ ინსტიტუტი, შემდგომ კი ცენტრი, დასაბამიდანვე მეთოდურ, თეორიულ გააზრებას ახორციელებდა ძეგლთა დაცვის სფეროში, მათ შორის მონოგრაფიული შესწავლით, რაც სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს თეორიული საქმიანობა რაიმედაგვარად იგივეობრივია კულტურული მემკვიდრეობის უშუალოდ მოვლისა და წმინდა პრაქტიკული, სარეალიზაციო ქმედებებისა.
მაინც რა წამყვანი დებულებები დაამტკიცა გიორგი ჩუბინაშვილის სკოლამ?
პირველყოვლისა ეს იყო იმის დასაბუთება, რომ ქართული კულტურა არის უნიკალური, მრავალათასწლიანი ფესვებისა და დიდი სულიერი განზომილების მქონე მოვლენა; ამ სკოლის მეშვეობით სარწმუნოდ წარმოჩინებულია ჩვენი კულტურის მთლიანობა, უწყვეტობა, და ისიც, რომ თანამედროვე ხელოვნებაც – დასაბამს უთუოდ იღებს ჩვენი უძველესი მემკვიდრეობის ფესვებიდან, რასაც აქვს არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც (რომელიც ამყარებს ჩვენი ერის ცნობიერებას, მის თვითშეფასებას). ამავე სკოლამ სავსებით ნათელყო ისიც, რომ ქართული კულტურა დამცველია კაცობრიობის მარადიული ღირებულებებისა, რაც ამასთანავე, გამოიხატა სრულებით განუმეორებელი, ეროვნული სამყაროს სურათის მატარებლობით.
ამ დიდ შედეგთა გათვალისწინების გარეშე, წარმოუდგენელია როგორც ევროპული, ისე აღმოსავლური კულტურების ობიექტური შემეცნება, რასაც ცენტრთან დაკავშირებით  ხაზგასმით აღნიშნავენ მსოფლიოს წამყვანი მკვლევარნი.


ნანახია: 1685-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani