Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ნიკოლოზ კანდელაკი

ვახტანგ ბერიძე (1914-2000)
აკადემიკოსი, გიორგი ჩუბინაშვილის ქართული
ხელოვნების ისტორიის დირექტორი


ჩვენი დროის ქართული სახვითი ხელოვნების გამოჩენილ წარმომადგენელთა შორის მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და მონუმენტური ფიგურათაგანია. თითქმის ორმოცდახუთი წელი გრძელდებოდა  მისი დაუღალავი, დაძაბული მოღვაწეობა. ამ ხნის განმავლობაში მან ღრმა კვალი გაავლო, როგორც შემოქმედმა და პედაგოგმა, რომლის ხელშიაც გამოიარა ყველაზე თვალსაჩინო ქართველ მოქანდაკეთა რამდენიმე თაობამ. მარტო მის მოწაფეთა ჩამოთვლაც კი საკმარისია, რომ გავითვალისწინოთ ნიკოლოზ კანდელაკის როლი და მნიშვნელობა ეროვნული ხელოვნების განვითარებისათვის. ნიკოლოზ კანდელაკი ქართული საბჭოთა ქანდაკების ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მისი ბიოგრაფია მხატვრისთვის ტიპური არ არის. მის შესახებ ვერ ვიტყვით, რომ უკვე ბავშვობის წლებში გამოაჩნდა მხატვრის ნიჭი და მხატვრობისადმი დაუოკებელი სწრაფვა, რომ სკოლის წლებშივე გარდუვალი ჩანდა მისი მომავალი, როგორც მხატვარ-შემოქმედისა. პროფესიულ მხატვრობასთან მისი პირველი კონტაქტები, ისიც ეპიზოდური, არა სისტემური - სტუდენტობის წლებს მიეკუთვნება, ხოლო, ქანდაკების პროფესიულ შესწავლას იმ ასაკისა შეუდგა, როდესაც სხვებს სწავლაც უკვე დამთავრებული აქვთ და შემოქმედების გარკვეული საფეხურებიც გავლილი. სამაგიეროდ, შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ნიკოლოზ კანდელაკისტატია დაიწერილია 1989 წელს, მოქანდაკის შემოქმედების შესახებ გამოსაცემი წიგნისთვის, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო 100 წლის იუბილესთვის. სამწუხაროდ წიგნი არ დაბეჭდილა. მასალა ნიკოლოზ კანდელაკის არქივიდან მოგვაწოდა  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ქალბატონმა მაია იზორიამ. შემოქმედების ასპარეზზე გამოვიდა, როგორც მოქანდაკე, იგი თავიდანვე მტკიცედ იდგა ფეხზე, მაღალი პროფესიული მომზადებაც ჰქონდა და სავსებით გარკვეულად დასახული შემოქმედებითი ამოცანებიც; უკვე მოწიფული ადამიანი იყო და ამიტომ მოასწრო კიდეც ბევრის გაკეთება.

1

(ილ. 1) ნიკოლოზ კანდელაკი დაიბადა 1889 წლის 18 ოქტომბერს ქვემო იმერეთის დაბა კულაშში, სამტრედიის მახლობლად. მამამისი, პორფილე, მღვდელი იყო, დედა - აბაშიძის ქალი, დიასახლისობდა. მათ ექვსი შვილი ჰყავდათ. ნიკოლოზი უფროსი იყო. 1900 წელს ბავშვი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. ათი წელი, რომელიც მან ამ ქალაქში გაატარა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი, როგორც პიროვნების, ჩამოყალიბებისათვის: ერთი მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინდელი ქუთაისი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი იყო - იქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მწერლები, მსახიობები, პედაგოგები, პუბლიცისტები; პროგრესულად განწყობილი ინტელიგენცია, პრესა, თეატრი (მას ლადო მესხიშვილი ედგა სათავეში) აქტიურად ერეოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქმნიდა ატმოსფეროს, რომელსაც არ შეეძლო, განსაკუთრებული გავლენა არ მოეხდინა ახალგაზრდის სულიერ ფორმირებაზე; მეორე მხრივ - ეს ხომ ჩვენი ახალი ისტორიის ურთულესი, დიდად დაძაბული ხანა იყო - პირველი რევოლუციის მოლოდინი. თვით რევოლუცია, რეაქციის წლები... ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობა გულგრილი არ დარჩენილა სოციალური ცხოვრების მოვლენებისადმი (ამ ახალგაზრდათა შორის ბევრი მომავალი რევოლუციონერიც იყო, ბევრი მომავალი, გამოჩენილი მოღვაწე ქართული მწერლობისა, მეცნიერებისა და ხელოვნებისა); იგი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ მოძრაობაში, მონაწილეობდა გაფიცვებში, დემონსტრაციებში, ავრცელებდა პროკლამაციებს, პოლიტიკურ მოთხოვნილებებს აყენებდა, აწყობდა მიტინგებს. იმდროინდელი პრესა გვიამბობს პოლიციისა და ქუთაისელ მოსწავლეთა შეტაკებების ამბებს.
ჭაბუკი ნიკოლოზ კანდელაკიც არ ჩამორჩენია თავის ამხანაგებს. და საქმე იმით დამთავრდა, რომ გიმნაზიის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე იგი გარიცხეს სასწავლებლიდან ე. წ. „მგლის ბილეთით“, რაც მას საშუალებას უსპობდა სწავლა გაეგრძელებინა. საჭირო გახდა გავლენიან პირთა დახმარება, რომ იგი პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის თავისუფალ მსმენელად მიეღოთ (1910 წელს). ბუნებისმეტყველებისადმი ინტერესს ნიკოლოზი ადრევე, საშუალო სკოლაში იჩენდა, ასე რომ, ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტს მეთაურობდა გამოჩენილი რუსი ფსიქოლოგი და ნევროპათოლოგი ბეხტერევი, პროფესორთა შორისაც ბევრი იყო სახელგანთქმული მოწინავე მეცნიერი. კანდელაკი გულმოდგინედ სწავლობდა ინსტიტუტში. სწორედ ამ დროს გამოიკვეთა პირველად მისი ნამდვილი ინტერესი ხატვისადმი. ხატვით გატაცებას, თავდაპირველად, ხელი შეუწყო მცენარეთა ანატომიის შესწავლამ და სათანადო ნახატების შესრულების საჭიროებამ. იმ დროს პეტერბურგში სწავლობდა, ჯერ კიდევ ქუთაისის დროიდან ნაცნობი, მისი ტოლი, დავით კაკაბაძე, რომელმაც იგი მხატვარ ლ. დმიტრევ-კავკაზსკის სახელოსნოში მიიყვანა. ეს იყო პირველი ნაბიჯები, მაგრამ პროფესიონალი ხელოვანის კარიერის დაწყებამდე, ნ. კანდელაკს, ჯერ კიდევ შორი გზა ჰქონდა გასასვლელი. 1912 წელს იგი ინსტიტუტიდანაც გარიცხეს, რადგან ლენის მუშების დახვრეტის გამო მოწყობილ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა. ერთ ხანს დაპატიმრებულიც იყო. მერე, მსოფლიო ომი დაიწყო და იგი მობილიზაციით სამხრეთის ფრონტზე მოხვდა. იყო ხან ტრაპიზონში, ხან რიზეში, ხან „წითელ ჯვარში“ მსახურობდა, ხან - საინჟინრო ნაწილებში; 1919 წელს იგი ახალციხესა და ბათუმთან იბრძვის თურქების წინააღმდეგ, შემდეგ, ცოტა ხანს გაგრაში ცხოვრობს, ოციანი წლების მიჯნიდან კი თბილისში გადმოდის საცხოვრებლად.
ამ მძიმე წლებმა, გაჭირვებამ, ხეტიალმა, ეტყობა, ვერ ჩაკლა ხელოვნებისადმი ინტერესი, რომელიც მას სტუდენტობის დროიდან ჩაესახა: ეს მისწრაფება შემთხვევითი და წარმავალი კი არა, არამედ სერიოზული და საფუძვლიანი გამოდგა. ნიკოლოზი „თავისთვის“ მუშაობდა - იგი ძერწვამ გაიტაცა და აი, 1922 წლის გამოფენაზე, თბილისში, მან წარადგინა წინა წელს ცვილით შესრულებული „უცნობი მამაკაცის პორტრეტი“.
ამ ნამუშევარმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ცნობილი თბილისელი მხატვრები ერთსულოვნად მიიჩნევდნენ, რომ მის ავტორს აუცილებლად უნდა მიეღო სპეციალური სამხატვრო განათლება. მას სტიპენდია დაუნიშნეს და იმავე წელს გაგზავნეს პეტროგრადს, უმაღლეს სამხატვრო-ტექნიკურ ინსტიტუტშიმაშინ სამხატვრო აკადემია გაუქმებული იყო - მისი მემკვიდრე იყო ეს ინსტიტუტი, რომელსაც შემოკლებით „ვხუტეინს“ უწოდებდნენ,სადაც იგი გამოჩენილი რუსი მოქანდაკის, ალექსანდრე მატვეევის ხელმძღვანელობით სწავლობდა 1926 წლამდე. რა თქმა უნდა, ახლა, პეტროგრადის ამ „მეორე პერიოდში“, ნ. კანდელაკი სულ სხვა თვალით უყურებდა და აღიქვამდა ხელოვნების ნიმუშებს, რომლებითაც ასე მდიდარია ეს ქალაქი - მის ხუროთმოძღვრულ ანსამბლებს, სკულპტურებს, მუზეუმებში დაცულ მხატვრულ განძეულობას, ყურადღებით სწავლობდა. ძალიან არსებითი იყო მასზე მატვეევის გავლენა. ნ. კანდელაკმა მოქანდაკის შემოქმედებითი პრინციპები იწამა და სულ ბოლომდის დარჩა მათი ერთგული.
შენახულია 1926 წლის ერთი საბუთი - ქანდაკების ფაკულტეტის საგნობრივი კომისიის სხდომის ოქმი. სხდომის საგანი იყო IV კურსის სტუდენტის, ნიკ. კანდელაკის ნამუშევრის განხილვა. მატვეევის გარდა, ესწრებოდნენ ცნობილი მოქანდაკეები: ვსევოლოდ ლიშევი, ლეონიდ შერვუდი და მატვეი მანიზერი. სხდომამ ნამუშევარს პირველი კატეგორია მიანიჭა და დაადგინა: აღიძრას შუამდგომლობა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სახალხო კომისარიატის წინაშე, სამხატვრო განათლების დასასრულებლად საზღვარგარეთ მიავლინონ სტუდენტი, ნიკოლოზ კანდელაკი, რომელმაც დიდი ნიჭი და  სიბეჯითე გამოამჟღავნა.
იმავე წელს, ნიკოლოზ კანდელაკი, დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ უცხოეთში მივლინებაზე კი უარის თქმა მოუხდა. აღმოჩნდა, რომ უფრო მიზანშეწონილი იყო სამშობლოში დარჩენა და მის მხატვრულ შემოქმედებით ცხოვრებაში იმთავითვე ჩაბმა. 1926 წელსვე იგი მიწვეულ იქნა პედაგოგად საქართველოს სამხატვრო აკადემიაში (მაშინ ასე ეწოდებოდა), სადაც, ერთხანს, ის მონუმენტური ქანდაკების სახელოსნოს განაგებდა. აკადემიაში, ნ. კანდელაკი, სიცოცხლის ბოლომდე ასწავლიდა (1944 წელს იგი პროფესორად აირჩიეს).
ოციანი წლები ქართული საბჭოთა ხელოვნების ფორმირების ხანა იყო. ამ დროს შემოქმედებით ასპარეზზე იღწვოდნენ მხატვრები - ქართველები და არა ქართველებიც, რომელთაც განათლება რევოლუციამდე ჰქონდათ მიღებული. მათ შორის იყვნენ ახალი ქართული მხატვრობის პიონერები, რომელნიც ჯერ კიდევ წარსული საუკუნის ბოლო ათეულ წლებში და ორი საუკუნის მიჯნაზე დგამდნენ პირველ ნაბიჯებს; იყვნენ უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც, რომელთაც რუსეთში ჰქონდათ განათლება მიღებული. საქართველოს სამხატვრო აკადემიის პირველი გამოშვება მხოლოდ ოციანი წლების ბოლოს მიეკუთვნება. ის მხატვრები, რომელთაც სულ მალე, ოცდაათიანი წლებიდან იტვირთეს ქართულ საბჭოთა ხელოვნებაში ახალი გზების ძიებისა და გაკვალვის მთელი სიმძიმე - ჯერ კიდევ არ გასცილებოდნენ აკადემიის კედლებს.
მაგრამ, თუ ფერწერის დარგი არაერთი მნიშვნელოვანი მხატვრით იყო წარმოდგენილი, ქართულ ქანდაკებას ამ დროს, არსებითად, ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა - მისი ფუძემდებელი იაკობ ნიკოლაძე. მისი მოწაფე, გიორგი სესიაშვილი მხოლოდ იწყებდა, შემოქმედებით ცხოვრებას - ოციანი წლების ნახევრამდე მან სულ რამდენიმე ნამუშევრის შესრულება მოასწრო. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ლენინგრადში განათლება მიღებული ახალგაზრდა ქართველი მოქანდაკის დაბრუნებას, თბილისში, სიხარულითა და იმედით შეხვდნენ. ისიც გასაგებია, რომ შეუძლებლად ჩათვალეს მისი „ხელიდან გაშვება“, თუნდაც, უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად წასვლა.
1926 წლიდანვე იწყება ნიკოლოზ კანდელაკის დაუცხრომელი შემოქმედებითი და პედაგოგიური შრომა, რომელიც მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე ოდნავადაც არ შენელებულა. როგორც პედაგოგი - დაუღალავი და დაუზარელი იყო, ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიმცემი. ყოველთვის თვითონაც მუშაობდა სტუდენტების გვერდით, მტკიცე პროფესიულ ჩვევებს უნერგავდა მათ, უღვივებდა პლასტიკურობის შეგრძნებას. შემთხვევითი არ არის, რომ მისი მოწაფეები,  მომდევნო ათეულ წლებში, დღევანდელ დღემდე - ქართული ქანდაკების სახეს ქმნიდნენ და საქვეყნოდ უხვეჭდნენ მას სახელს (აი, ზოგი მათგანი: ვალენტინ თოფურიძე, შოთა მიქატაძე, თამარ აბაკელია, ელენე მაჩაბელი, გიორგი ოჩიაური, ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, ბორის ციბაძე, ჯუანშერ მიქატაძე, გულდა კალაძე, გია ჯაფარიძე, ვიქტორ ჭუმბურიძე, გიორგი შხვაცაბაია, გურამ ქაჯაია და ბევრნი სხვანი). ნიკოლოზ კანდელაკი ყოველთვის ძალიან აქტიურად, გულმხურვალედ მონაწილეობდა სამხატვრო აკადემიის ცხოვრებაში, გულთან ახლოს მიჰქონდა ყველაფერი, რაც არა მარტო სასწავლო პროცესს, არამედ საქმის ორგანიზაციულ მხარესაც ეხებოდა. როდესაც 1929-33 წლებში, წინდაუხედავი რეფორმების წყალობით, აკადემია ჯერ სამხატვრო-ტექნიკურ ინსტიტუტად, შემდეგ კი პედაგოგიური ინსტიტუტის ფაკულტეტად გადაკეთდა, როდესაც, არსებითად, უმაღლესი სამხატვრო განათლების საქმე ჩვენში დაღუპვის პირას იდგა, ნიკოლოზ კანდელაკი ერთი იმათგანი იყო, ვინც აკადემიის აღსადგენად იბრძოდა. 1933 წელს აკადემია აღდგა კიდეც და ნ. კანდელაკიც კვლავინდებული ენერგიით დაუბრუნდა ახალგაზრდების აღზრდის საქმეს, რომელსაც მუდამ დიდი სიყვარულით ეკიდებოდა.

2.

საკვირველია მისი შემოქმედების ინტენსიობა, მოუღლელობა. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს რესპუბლიკურსა და საკავშირო გამოფენებში, კონკურსებში, ქმნის ძეგლების ესკიზებს, ფიგურებს, პორტრეტებს, ქმნის ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს შენობის ინტერიერისთვის ბარელიეფს - მისი ნაწარმოებთა რიცხვი მრავალ ათეულს აღწევს. მაგრამ, არ შეიძლება აღინიშნოს პარადოქსიც: ნ. კანდელაკი სამართლიანად ითვლება ქართული მონუმენტური ქანდაკების ფუძემდებლად; დიდი უმეტესობა ფიგურული ძეგლებისა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მისი მოწაფეების დადგმულია. მაგრამ მოხდა ისე, რომ თვით კანდელაკის მხატვრულ მემკვიდრეობაში მონუმენტურ ნაწარმოებთ უმნიშვნელო ადგილი უჭირავთ: მისი ესკიზით ერთადერთი ძეგლია შესრულებული (ფილიპე მახარაძისა ქ. მახარაძეში)ამჟამინდელი ქ. ოზურგეთი; ფილიპე მახარაძის ძეგლი რკინიგზის სადგურის წინ დაიდგა 1958 წლის 21 მარტს. მისი დემონტაჟი 1989 წელს განხორციელდა. იხ.: http://aboutguria.blogspot.com/2015/03/blog-post_13.html, (ილ. 2) ისიც, ნაკლებად დამახასიათებელი; სხვა საკონკურსო ნამუშევრები ან ესკიზის ფარგლებს არ გასცილებია, ან დღემდე არც შენახულა (მაგალითად, ელბაქიძის ძეგლის ესკიზი, რომელიც 1931 წელს „სარმას“ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი). დარჩა სულ რამდენიმე მცირე ფიგურა (ქალის ტორსი, შიშველი ქალი - რამდენიმე ვარიანტი, სიმძიმეების ამწევი, მსოფლიო რეკორდსმენი, ბადროს მტყორცნელი, ნინო დუმბაძე და კიდევ ორიოდე), ძირითადი კი მისი პორტრეტებია, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ქანდაკების ისტორიაში.

3
4
ამ სერიას ნ. კანდელაკმა ჯერ კიდევ ოცდაათიან წლების პირველ ნახევარში ჩაუყარა საფუძველი, მაგრამ ნამუშევართა უმეტესობა ორმოციან-სამოციან წლებს მიეკუთვნება. მოხუცებულობის დროსაც, ოთხმოც წელს მიტანებული, იგი ძველებური შთაგონებითა და გატაცებით მუშაობდა. მან შექმნა დიდად საინტერესო გალერეა ქართველ მწერალთა, მეცნიერთა, მსახიობთა, (ილ. 3) სპორტსმენთა, სამხედრო პირთა პორტრეტებისა. როდესაც ამ გალერეას ეცნობი, ნათელი ხდება, რომ ავტორი, წლების მანძილზე, მას გეგმაზომიერად და მიზანდასახულად ქმნიდა ისე, რომ მოეცვა თანამედროვე საქართველოს ცხოვრების ფართო სპექტრი, მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი პიროვნებებით წარმოეჩინა კულტურის მრავალი დარგი. აი, ეს პირები: მწერლები - (ილ. 4) შალვა დადიანი, (ილ. 5) გალაქტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ირაკლი აბაშიძე, პოლიკარპე კაკაბაძე, ალიო მაშაშვილი, კარლო კალაძე, ვეფხსიტყაოსნის გერმანულად მთარგმნელი - ჰუგო ჰუპერტი; მეცნიერები: (ილ. 6) აკაკი შანიძე, ნიკო ბერძენიშვილი, ნიკო მუსხელიშვილი; ექიმები: ალექსანდრე ალადაშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, გრიგოლ მუხაძე, ალექსანდრე წულიკიძე, იოსებ ასლანიშვილი, იოველ ქუთათელაძე; მსახიობები: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, აკაკი კვანტალიანი, ნიკო ქუმსიაშვილი, დავით ანდღულაძე, (ილ. 7) ნატო ვაჩნაძე, (ილ. 8) ალექსანდრა თოიძე, დოდო ჭიჭინაძე; მუსიკოსები: დიმიტრი არაყიშვილი, შალვა მშველიძე; მხატვარი ლადო გუდიაშვილი, პარტიზანი დავით ბაქრაძე, სპორტსმენი ნინო დუმბაძე; სამხედრო პირთა შორის, გენერალ ლეიტენანტ ვლადიმერ ჯანჯღავას გარდა, არიან მარშალი ტოლბუხინი და არმიის გენერალი ანტონოვი, რომლებიც, ერთხანს, საქართველოსთან იყვნენ დაკავშირებულნი. ეს სია შეიძლება გაგრძელდეს, მას დაემატებიან ჩვენი სახალხო მეურნეობის მუშაკნი, სოციალისტური შრომის გმირნი...

5
6

ეს ჩამოთვლაც საკმარისია იმის ნათელსაყოფად, რომ ნიკ. კანდელაკის პორტრეტებს, გარდა მხატვრული ღირებულების, დიდი ისტორიულ-დოკუმენტური მნიშვნელობაც აქვს, ეს ხომ მხატვრულად აღბეჭდილი დღევანდელი საქართველოა.
ნ. კანდელაკის ხანგრძლივ შემოქმედებით გზაზე რაიმე მკვეთრი ტეხილები არ შეინიშნება. რა თქმა უნდა, მისი ყოველი პორტრეტი თავისებურია, ინდივიდურად საინტერესოა, მაგრამ მათ ავტორს ახასიათებს ზოგი არსებითი, სტაბილური თვისება, რომლებიც თავიდან ბოლომდის უცვლელი რჩება.

7
8

უპირველეს ყოვლისა: ნიკოლოზ კანდელაკის ყველა პორტრეტული ბიუსტი ნატურით არის შესრულებული (გამონაკლისი ორია: სტალინისა და ორჯონიკიძის პორტრეტები). იმიტომ კი არა, რომ იგი ვერ შეძლებდა უნატუროდ რისამე გაკეთებას, არამედ იმიტომ, რომ მას პრინციპულად მიაჩნდა თავისი ხელოვნების საფუძვლად მატერიალური, რეალური სინამდვილე, ბუნება. მას არა აქვს ისტორიული, ე. ი. შეთხზული პორტრეტები, არც ალეგორიული და სიმბოლური ფიგურები, რომლებიც პოპულარული იყო ევროპულ სკულპტურაში და რევოლუციის მომდევნო წლების საბჭოთა ქანდაკებაშიაც, მით უფრო, რაიმე ზოგადი და განყენებული ცნებების გამომხატველი ქანდაკებები. მას მხოლოდ ცოცხალ, ნატურალურ მოდელებთან კონტაქტი იზიდავდა, იზიდავდა კონკრეტული ადამიანი, რომლის განუმეორებელი ინდივიდუალურობის გახსნა, რომლის ფსიქოლოგიაში ჩაწვდომაც, ამ ფსიქოლოგიური სახის პლასტიკურად ხორცშესხმა მისი ძირითადი ამოცანა იყო.
სწორედ პლასტიკური ხორცშესხმა, ამ ცნების სრული და ღრმა მნიშვნელობით: ისევე, როგორც მისი მასწავლებელი მატვეევი, ნ. კანდელაკი ყოველთვის წმინდა პლასტიკურ საწყისებს ანიჭებდა უპირატესობას, წინააღმდეგ ცხოველხატულ-იმპრესიონისტული ძერწვისა, რომელიც ჩვენი საუკუნის პირველ ათეულ წლებში საკმაოდ გავრცელებული იყო, თუნდაც როდენის გავლენის წყალობით. მისი პორტრეტები ყოველთვის სპეციფიკურად სკულპტურულია, მკვრივად შეკრული და, იმავე დროს, რბილად მოდელირებული, თითქოს მოქანდაკის თითები ცოცხალი, თბილი სხეულის შეხებას გრძნობდა. ეს განსაკუთრებულ სიცხოველეს ანიჭებს მის მიერ შექმნილ სახეებს. დროთა განმავლობაში მოდელირება რამდენადმე იცვლება: ადრინდელი ნამუშევრების განზოგადებული სიბრტყეები (ლ. გუდიაშვილის ბიუსტი) ადგილს უთმობს სახის ზედაპირის უფრო დეტალურ დამუშავებას (ფ. ტოლბუხინის, ნ. მუსხელიშვილის, გრ. მუხაძის ბიუსტები), მაგრამ ამგვარი დამუშავება არასოდეს იწვევს დაქუცმაცებას, ძირითადი სტრუქტურის მიჩქმალვას.
კომპოზიციის მხრივ, ნიკოლოზ კანდელაკის პორტრეტები, მარტივია, ყოველგვარი გარეგნული ეფექტების გარეშე - თვითმიზნური, ნაწარმოების არსს მოწყვეტილი, ფორმალური ხერხები სრულიად უცხოა მოქანდაკისათვის. ერთადერთი, არსებითი რამ მისთვის თვით სახეა, სხვა ყველაფერი მას ექვემდებარება; იგი არასოდეს იყენებს გამოსახული პიროვნების დასახასიათებლად მისი ხელობის მიმანიშნებელ რაიმე საგნებს, აქსესუარებს - დახასიათება მხოლოდ „შინაგანია“, ფსიქოლოგიური.
უფროსი თანამედროვის, იაკობ ნიკოლაძის პორტრეტებისაგან განსხვავებით, ნ. კანდელაკის პორტრეტები ნაკლებ ინტიმურია, მცირე გამონაკლისით, ნაკლებ ლირიკული. ავტორს სახეთა ერთგვარი მონუმენტალიზაცია იზიდავს და მრავალ შემთხვევაში, მისი ბიუსტები, რომლებიც ღია ცის ქვეშ დასადგმელად კი არ არის ნავარაუდევი, არამედ ინტერიერისთვის, დარბაზისთვის არის შექმნილი, მართლაც „ამაღლებულსა“ და მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვეულებრივ, ნ. კანდელაკი გადმოგვცემს თავსა და გულმკერდს. მკლავები, უფრო სწორად, წინამხარი, მხოლოდ მინიშნებულია. ხელები არასოდეს არის ნაჩვენები. ზოგჯერ კომპოზიცია კიდევ უფრო ძუნწია - მხოლოდ თავი და კისერია გამოძერწილი. ბიუსტების უმეტესობას საყრდენად მცირე კვარცხლბეკი აქვს: ან სულ მარტივი - კუბი, კვადრატული ფილა, ან, უფრო ხშირად, მრგვალი, პროფილირებული, როგორც ანტიკურ რომაულ ქანდაკებებს ჰქონდა. ისეთი ხერხი, როგორსაც ხშირად მიმართავდნენ როდენის მიმდევრები  (თავი ან ფიგურა, რომელიც დაუმუშავებელი ქვის ქაოსური მასისგან ამოდის (ან ჩაფლულია ამ ქვაში), ნ. კანდელაკს არასოდეს  გამოუყენებია - ეს მისი უბრალო, „მატერიალური“ ხელოვნებისთვის ორგანულად უცხოა.
პორტრეტის აგებისას, მით უფრო ადრეულ ნამუშევრებში, ნ. კანდელაკი ხშირად არღვევს სიმეტრიას (თავი შემობრუნებულია, მხრების სიმაღლე - ხშირად განსხვავებული), სიმეტრია იშვიათად  მკვეთრად (ლ. გუდიაშვილის, ა. ხორავას, ალ. თოიძის, დ. ჭიჭინაძის, მეუღლის პორტრეტები), უმეტესად კი - ოდნავ შესამჩნევად ირღვევა, მაგრამ ესეც საკმარისია, რომ ქანდაკებას მოძრაობა, დინამიზმი მიენიჭოს.
მაგრამ პორტრეტში - ფერწერული იქნება იგი, თუ სკულპტურული, მთავარი ხომ პიროვნების შინაგანი სამყაროს ჩვენებაა, ამას უნდა ექვემდებარებოდეს ყველა კომპოზიციური და ფორმალური ხერხი. და მართლაც, როცა ნ. კანდელაკის პორტრეტებს ეცნობი, გიზიდავს გადმოცემულ ხასიათთა, პიროვნულ თვისებათა მრავალფეროვნება, სიმდიდრე, მოქანდაკის მახვილი თვალი, რომელიც ყველა სახეში ყველაზე არსებითს, ყველაზე მეტის მთქმელ შტრიხებს გამოარჩევს, თანაც - ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.

9

როგორი მახვილია, როგორი „მისწრაფებულია“ ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილის ბიუსტი; როგორ შინაგან დაძაბულობას გამოხატავს მხატვრის გამოხედვა, თვალები, რომლებიც თითქოს ხარბად ეწაფებიან გარემო სამყაროს; როგორ უდრეკ შინაგან ძალასა და ფიზიკურ სიმტკიცეს გადმოგვცემს იმერელი მემაღაროელის ბიუსტი - ზოგადი პლანებით დამუშავებული თავი, მძლავრი კისერი; ან აკაკი ხორავას (ილ. 9) ცნობილი პორტრეტი: ფართოდ გაშლილი ათლეტური გულმკერდი, შორისკენ მიმართული, მკაცრი, ამაყი მზერა - ჩვენს წინაშეა მსახიობი-ტრაგიკოსი, რომლის სამყაროსაც ამაღლებული აზრები და ძლიერი ადამიანური ვნებათა ღელვა შეადგენს; და სრული კონტრასტი: მეორე ცნობილი ხელოვანი, შესანიშნავი სახასიათო მსახიობი-კომიკოსი აკაკი კვანტალიანი: თითქოს დამცინავი, ეჭვიანი გამომეტყველება, რამდენადმე აქცენტირებული ნაკვთები სახისა (მაგრამ როგორი დამახასიათებელი სახეც არ უნდა ჰქონდეს გადმოსაცემი, ნ. კანდელაკი მკაცრად იფარგლავს თავს - არასოდეს მიმართავს გროტესკს); ასევე, რაღაც სარკასტულია გამოჩენილი დრამატურგის, კომედიოგრაფის, პოლიკარპე კაკაბაძის სახეში; უკვე ხანდაზმული, თითქოს ცხოვრებისგან დაღლილი კონსტანტინე გამსახურდიას სახის გადმოსაცემად კი მოქანდაკე თავისთვის რამდენადმე უჩვეულო ხერხსაც მიმართავს: მწერლის თავი წინისკენ არის დახრილი, თვალების მზერა ქვემოთკენ მიმართული, ღრმა ფიქრებში წასული ადამიანის სახეს ტრაგიზმის ელფერი დაჰკრავს... და შეადარეთ ამას კარლო კალაძის პორტრეტი - ზემოთ აწეული თავი, სახე, რომელიც სიცოცხლის სიხარულს გამოხატავს, თითქოს ვიღაცას მიმართავს, დალაპარაკებას აპირებს... ღრმად შინაარსიანია ნიკო მუსხელიშვილის პორტრეტი - მოაზროვნე ადამიანის ტიპური სახე, ასევე - ნიკო ბერძენიშვილისა და მეცნიერ-მედიკოსთა სახეებიც, რომელთა შორის სიცხოველით, პლასტიკური გამომსახველობის ძალით განსაკუთრებით შესანიშნავია გრიგოლ მუხაძისა და იოსებ ასლანიშვილის პორტრეტები.
რამდენადმე განცალკევებით დგას მოქანდაკის მეუღლის პორტრეტი.   ნ. კანდელაკი, ჩვეულებრივ, ძალიან თავშეკავებულია, შეიძლება ითქვას, ძუნწიც გრძნობების უშუალო გარეგნული გადმოცემის მხრივ. თუმცა, მის ყოველ პორტრეტში გარკვეული ემოციური დატვირთვა იგრძნობა. მეუღლის პორტრეტში კი ემოციურობა გარეგნულადაც გამოვლენილია. თავის ძლიერი შემობრუნება, ზემოთკენ ამართული სახე, გახსნილი ბაგეები (ერთადერთი შემთხვევა ნ. კანდელაკის ნაწარმოებთა შორის), თითქოს შეშფოთებული მზერა - ეს ყველაფერი წუთიერი განცდით შეპყრობილ ადამიანს გვიხატავს. ეს ნ. კანდელაკის შესაძლებლობათა კიდევ ერთი, თუმცა კი, ნაკლებ გამომჟღავნებული მხარეა.
ნიკოლოზ კანდელაკი მის სიცოცხლეშივე იყო აღიარებული ქართული ხელოვნების დიდ ოსტატად, მას სავსებით დამსახურებულად ჰქონდა მინიჭებული საქართველოს სსრ სახალხო მხატვრის საპატიო წოდება.
იგი პოპულარული იყო, როგორც პიროვნებაც. ეს საინტერესო, სრულიად თავისებური კაცი, გარეგნულადაც იპყრობდა ყურადღებას თავისი მძლავრი, მონუმენტური ფიგურით, ოქროსფერი ფაფარით; შინაგანად კი მშფოთვარე, ბობოქარი ბუნებისა იყო; გარემო ცხოვრების მოვლენებისადმი, მით უფრო, თუ საქმე ხელოვნებას ეხებოდა, გულგრილი ვერასოდეს რჩებოდა, კამათისა და „შეტაკებათა“ უეჭველი მონაწილე იყო, ხშირად - წამომწყებიც. თვითონაც მოუსვენარი იყო და სხვასაც უფრთხობდა მოსვენებას. მაგრამ მისი ეს მოუსვენრობა, ეს „შფოთი“ თავისი საქმის, პროფესიის სიყვარულით, გულმხურვალებით იყო გამოწვეული. ძნელი იყო სამხატვრო აკადემიის, საერთოდ, საქართველოს მხატვრული ცხოვრების წარმოდგენა მის გარეშე. მის პირველ პერსონალურ გამოფენას, თავის დროზე, დიდი გამოხმაურება ხვდა წილად.ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა მრავალი წერილი. გამოიცა კატალოგი - იხ.: ნიკოლოზ კანდელაკი. ნამუშევართა გამოფენა (შემდგენელი და შესავალი წერილის ავტორი შალვა კვასხვაძე). თბ., საბჭოთ საქართველო, 1969 დღეს, ჩვენს ფართო საზოგადოებრიობას საშუალება ეძლევა კვლავ ეზიაროს ამ შესანიშნავი მოქანდაკის, მაღალი დონის პროფესიონალისა და შთაგონებული შემოქმედის ხელოვნებას, ნათლად წარმოიდგინოს მისი ადგილი ჩვენი ეროვნული ხელოვნების ისტორიაში.



ნანახია: 705-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani