Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მხატვარ სერგო ქობულაძის სახელოსნოში დაცული კერამიკული ნიმუშები

სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

მხატვარ სერგო ქობულაძის სახელოსნოში დაცული კერამიკა, თავისი შემადგენლობით, მრავალფეროვანია. მოიცავს როგორც ეთნოგრაფიულ  და პროფესიულ კერამიკის ნიმუშებს, ისე, ქარხნულ ტირაჟირებულ ნაწარმსაც. კოლექციის მთავარ ღირებულებას კი მხატვრის მიერ შექმნილი კერამიკული მედალიონები წარმოადგენს.


12
სახელოსნოში დაცული ეთნოგრაფიული ჭურჭლის ნაწილი მე–19 საუკუნით თარიღდება, ხოლო უმრავლესობა მე–20 საუკუნეშია დამზადებული. წარმოდგენილია მოუჭიქავი და ფერადი (ერთი ფერის) ჭიქურით დაფარული წყლის ტოლჩები, დოქები, მაწვნის ქილა, განსხვავებული ზომის ქოთნები და ა. შ. (ილ.1) მათგან ყურადღებას ერთ კოკურაზე შევაჩერებ. (ილ.2) ტერაკოტის მასალით ნაძერწი ჭურჭელი  წითელი წერნაქითაა მოხატული.  კოკურს პირზე, ყელზე, მხრებსა და მუცელზე განსხვავებული სიგანის სარტყელი შემოუყვება. მას სარტყლებს შორის, მხრების არეზე მთვარის ფორმის ნახევარრკალები გასდევს. მსგავსი ზომის, ფორმისა და მოხატულობის ჭურჭელი მრავლადაა დამოწმებული მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის კახეთის მეჭურჭლეობაში. მისი ანალოგები სემ, დ. შევარდნაძის სახელობის სურათების ეროვნული გალერეის გამოყენებითი ხელოვნების კერამიკის ფონდშიც იძებნება. დასახელებულ ფონდში, ხალხური ჭურჭლის კოლექცია,  საქართველოს კერამიკული წარმოების ცნობილი კერებიდან (როგორიცაა:  თელავი, კასპი, ქსნის ხეობა, შროშა და ა.შ.), 1970–იან წლებში, პროფესორ დავით ციციშვილს შეუკრებია.  აღნიშნულ ნაკეთობათა შემსრულებელ ოსტატებზე ზუსტი და სრული მონაცემები ჯერ–ჯერობით არ მოგვეპოვება. ამჟამად, მხოლოდ რამდენიმე მეჭურჭლის გვარის დადგენა მოხერხდა. ერთ-ერთი მათგანი თელაველი ოსტატი, 1926 წელს დაბადებული ი. ღარიბაშვილია. სავარაუდოა, რომ მხატვარ სერგო ქობულაძის სახელსნოში დაცული კოკურაც მასვე ეკუთვნოდეს, რადგან ჭურჭელი, მოყვანილობითა და შემკულობით  ერონული გალერეის ფონდში დაცულ ი. ღარიბაშვილის ნიმუშებთან ძლიერ მსგავსებას იჩენს.
3
45

პროფესიონალი კერამიკოსების შესრულებული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია 1950–იან წლებში შექმნილი, ფერადი ანგობით მოხატული და გამჭვირვალე ჭიქურით დაფერილი ფიალები, მინიატურული  ლარნაკები. (ილ. 3,4,5) ნაკეთობების ავტორები უცნობია. მსგავსი ტექნოლოგიით შექმნილი ნიმუშები მრავლად გვხვდება 1950–იან წლებში გიორგი (გოგი) ქართველიშვილის, ნიკოლოზ გომელაურის, ნანა კიკნაძისა და სხვათა შემოქმედებაში. სახელოსნოში, ასევე, წარმოდგენილია აკადემიის კერამიკულ სახელოსნოში დამზადებული აღდგენითი ჭიქურით დაფარული ნიმუშები: ლარნაკები, დოქი, ჭინჭილა და სხვა ჭურჭელი. (ილ. 6,7,8)


67
8

კოლექციის ერთ–ერთი გამორჩეული ნაკეთობაა 1950-იან წლებში შექმნილი ზაქრო მაისურაძის პანო „ქალი შველით“. (ილ.9) საზოგადოებისთვის ცნობილია ზაქრო მაისურაძის (1912-1971), როგორც მხატვრის, მკვლევრისა და პედაგოგის როლი ქართულ თანამედროვე კერამიკის ისტორიაში. მისი რელიეფური, ფერადი ჭიქურებით მოხატული, ერთი ან რამდენიმე ფიგურიანი პანოები ქართული კერამიკისთვის სრულიად ახალ სახეობას წარმოადგენს. სახელოსნოში დაცული ნაკეთობა  ფაიანსის მასალითაა შესრულებული და შემკულია კომბინირებული კერამიკული მხატვრობით. სწორკუთხა ფორმის სასურათე სიბრტყეზე, მუქ ლურჯ ნეიტრალ ფონზე ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალია შველთან ერთად გამოსახული. ქალისა და შველის ფიგურები აყვავებული ხეების გარემოცვაშია წარმოდგენილი. პანოს ფერები მკვეთრია, მუქი ფონიდან ამონათებული. ლოკალური, მეტ-ნაკლებად პირობითი და კონტრასტული ფერების გამოყენებით ხაზგასმულია ნამუშევრის დეკორატიული ფუნქცია. მკაფიოდ იკითხება კერამიკული მასალის სპეციფიკა და ფაქტურა.  როგორც ჩანს, მხატვარმა,  მცირე ნიუანსებითა და ფერადოვანი გამით, რამდენიმე განსხვავებული მსგავსი ნიმუში განახორციელა. მათგან ერთი დაბეჭდილია 1954 წლის ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ჟურ. საბჭოთა ხელოვნება, თბ. 1954, №3და მეორე -  სემ, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახემწიფო მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფონდსაცავში ინახება.

9

ყურადღებას შევაჩერებთ კერამიკოს ნიკოლოზ გომელაურის (1918-1964) ორ ნამუშევარზე. მხატვარი 1940-იანელ კერამიკოსთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. თანამედროვე ქართული კერამიკის ისტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა კერამიკოსის ტექნოლოგიური ძიებები და მიგნებები, რაც მის შემოქმედებაშიც აისახა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური ძეგლების შესწავლის საფუძველზე, ხელოვანმა დაამუშავა და პრაქტიკულად განახორციელა მხატვრული კერამიკის შემკობის ზოგიერთი ისეთი ტექნიკური მეთოდი, რომელიც მანამდე უცნობი იყო ქართული მხატვრული კერამიკის ისტორიისთვის. მან, ასევე, დაადგინა კერამიკული კეცის მოსახატი საღებავის რეცეპტები, რითაც გაამდიდრა შემღებავი მასალების პალიტრა. მათ შორის, ნ. გომელაურმა, საკუთარ ტექნოლოგიურ და თეორიულ კვლევებში, დიდი ადგილი ანგობის  (იგივე წერნაქის) ტექნიკის შესწავლა დაუთმო. მხატვრის მიერ დამუშავებულ  საღებავებში, თავისი თვისებებით,  შავი ანგობი გამოირჩეოდა. როგორც თავად კერამიკოსი აღნიშნავს: „ამ ფერით შესრულებული მხატვრული ნაწარმი მაღალმხატვრული ეფექტურობის მატარებელია.“განმარტებითი ბარათი. შედგენილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკული ფაკულტეტის ასპირანტ ნ. გომელაურის მიერ საასპირანტო კურსის დამთავრების გამო. უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება. ფონდი №87, ანაწერი № 3, საქმე № 77, გვ. 4. სწორედ შავი ანგობის გამოყენებითაა შექმნილი სახელოსნოში დაცული  ნიკოლოზ გომელაურის ლარნაკი. (ილ.10) სადა, შავზედაპირიანი ნაკეთობა მარტივი  სილუეტით ხასიათდება. ძირზე, კეცში ჩაკვეთილი მხატვრის სახელის და გვარის ინიციალები იკითხება. აღსანიშვანია ის გარემოება, რომ სამუზეუმო ფონდებში დაცულ კერამიკოსის ნამუშევრებში, დასახელებული ტექნოლოგიით  შესრულებული ნაკეთობა ჯერჯერობით არ დასტურდება.

10

1950–იანი წლების მიწურულს, აღდგენილი შებოლვის ტექნიკითაა შესრულებული კერამიკოსის მეორე ნაკეთობა. (ილ.11) ანალოგიური ფორმის და დეკორის ფიალა სემ. დ. შევარდნაძის სახ. სურათების ეროვნული გალერეის კერამიკის ფონდშია დაცული. ნ. გომელაურის შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან, ამ ეტაპზე მოძიებულ მასალაში, აღნიშნული ნიმუშები შებოლვის ტექნოლოგიით შესრულებული ერთადერთი მაგალითია და იგი მხატვრის შემოქმედების ბოლო პერიოდს მიეკუთვნება.  ფიალების ფორმები ჭურჭლის სტანდარტულ მოყვანილობას იმეორებს. შავად შებოლილი ნაკეთობების შიდა მხარე მუქი მოშინდისფრო აღდგენითი ჭიქურითაა დაფერილი. ჭურჭელის კიდეს გარედან, ფაქიზად ჩაკვეთილი ხაზით შესრულებული გეომეტრიული, ორნამენტული სარტყელი ამკობს, რომლის  ნახატის დეტალები შიდაპირზე გამოყენებული ჭიქურითაა გამკვეთრებული.

11
12

ნიკოლოზ (კოლია) გომელაურის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, ჩვენთვის, თითქმის უცნობია. საარქივო დოკუმენტებში მათი ჩამონათვალი არცთუ მცირეა, თუმცა, მათგან საქართველოს სამუზეუმო ფონდებში ძალზე ცოტა რაოდენობაა წარმოდგენილი. შესაბამისად, მხატვარ სერგო ქობულაძის სახელოსნოში მოძიებული კერამიკოსის ნამუშვერები მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

13
14
15

ასევე, საინტერესოა კერამიკოს სულხან სულხანიშვილის (1925-1989) მიერ შესრულებული მცირე პლასტიკის ნიმუშები. ხელოვანი ინდივიდუალური, სახასიათო ხელწერით გამოირჩევა, ის, ძირითადად, ანიმალისტია. შექმნილი აქვს მცირე ზომის სკულპტურები და ანიმალისტური ჭურჭლის ნიმუშები. მხატვარი საოცარი ძალით იჭერს და გადმოსცემს ცხოველებისა თუ ფრინველების ხასიათს. 1950-იანი წლებში, კერამიკოსს, განსხვავებული მასალით, რამდენიმე მინიატურული ზომის ქანდაკება აქვს განხორციელებული.  მათ შორის:  იხვი, მაიმუნი, შველი, მელა და სხვა.  1950 - იან წლებშია  შექმნილი სახელოსნოში დაცული მცირე პლასტიკა „გნოლი“. (ილ.13) ნაკეთობა შესრულებულია წითელი თიხით და დაფერილია აღდგენითი ჭიქურით. ფრინველი გამოძერწილია ხელოვანისთვის დამახასიათებელი ლაკონიზმით  – ძირითადი ფორმის მინიშნებით, დეტალიზაციის გარეშე. ჩიტი წარმოდგენილია მჯდომარე, ჩვეულ, მშვიდ პოზაში. გნოლის წინ გამოსახული ბალახით მინიშნებაა მის საარსებო გარემოზე. მინიმალური მხატვრული საშუალებებით შექმნილი მინიატურული ქანდაკება, მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. სავარაუდოა, რომ სულხან სულხანიშვილსვე ეკუთვნოდეს მცირე პლასტიკა – ხარის ფიგურაც. (ილ.14) კერამიკოსს ცხოველის რამდენიმე განსხვავებული სკულპტურული ვარიანტი აქვს შექმნილი. მწოლიარე ხარის ფიგურა შეკრულ „ბლოკურ“ ფორმას წარმოადგენს. დაუნაწევრებელ ფორმაზე მხოლოდ მინიშნებებია სხეულის ძირითად დეტალებზე. ცხოველის სიძლიერის მაჩვენებელია ზურგზე მკვეთრად ამოზრდილი ქედი და მასიური რქები. მონუმენტურობის განცდას აძლიერებს ნიმუშის  არაპრიალა, „ჩამქრალი“ შავი შეფერილობა. მხატვრის მესამე ნაკეთობა 1968 წლით დათარიღებული დეკორატიული ლარნაკია. ნაკეთობა შებოლვის ტექნოლოგიითაა შესრულებული და  წელში გამოყვანილ ცილინდრულ ფორმას წარმოადგენს. ლარნაკს პირსა და ძირზე ნაჭდევი ორნამენტული ზოლი, ხოლო, შუა არეზე, ოთხი რელიეფური კოპი შემოუყვება. ზედა ნაწილი დიდი ზომის, გამჭოლი სამკუთხა ფორმებითაა შემკული. (ილ.15)

16

1960–იან წლებშია შესრულებული კერამიკოს ნანა კიკნაძის ლარნაკი. (ილ. 16)  აღდგენითი ჭიქურით დაფარული ნაკეთობის ძირზე ხელოვანის სახელის და გვარის ინიციალებია დატანლი. ჭურჭელი წრიული ფორმისაა, სფეროსებური მოყვანილობის მუცლით, განიერი ყელითა და მსუბუქად გადაშლილი პირით. ნაკეთობას, მუცელსა და ყელზე რელიეფური ზოლი შემოუყვება, რომელიც სინქრონულ თანხვედრაშია ძირისა და პირის მომრგვალებულ პროფილებთან. ერთგვაროვანი შეფერილობის ლარნაკისთვის, რელიეფური ზოლები ერთადერთი „სამკაულია“, რომელიც, ამავდროულად, მის სადა, პროპორციულ ფორმასაც გამოკვეთს.

17

აღსანიშნავია, კერამიკოს მერაბ ქობულაძის ნამუშევრები. (ილ. 17) მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მცირერიცხვოვანია. მათი ძირითადი ნაწილი სახელოსნოშია დაცული. ნიმუშები შესრულებულია წითელი თიხით, შემკულია ფერადი ჭიქურებით. გვხვდება შებოლილი და აღგდენითი ჭიქურებით მოხატული ჭურჭელიც. მათ შორისაა შავკრიალა კეცის წყლის ტოლჩა. ნაკეთობის ტანი ძირიდან მხრებამდე თანდათან ფართოვდება. მხრები ზომიერად ამობურცულია და ცილინდრული ფორმის განიერი ყელითაა დასრულებული. ტოლჩას, წინა მხრიდან, მცირე ზომის სამკუთხა მოყვანილობის ტუჩი, ხოლო მოპირდაპირე მხარეს - მორკალული, წრიული გარშემოწერილობის, მასიური სახელური აქვს მიმაგრებული. ჭურჭლის შებოლილ, გაპრიალებულ კეცზე, მუცლის არეზე, ირმის სტილიზებული გამოსახულებაა. სიბრტყობრივი ფიგურა ჩაკვეთილი ხაზითა და მუქი შინდისფერი აღდგენითი ჭიქურითაა შექმნილი. იგივე ჭიქური ფარავს ნაკეთობის შიდა მხარესაც. დასრულებულ ნამუშევრებთან ერთად, სახელოსნოში ინახება მხატვრის მიერ შესრულებული ჭურჭლის არაერთი ყალიბი, ღუმელში გამოსაწვავად გამზადებული ფორმები და მოდელების გრაფიკული ჩანახატები.

18

მნიშვნელოვან ნამუშევარს წარმოადგენს მოქანდაკე-კერამიკოს ბორის შებუევის მიერ შესრულებული მხატვარ სერგო ქობულაძის ბარელიეფური პორტრეტი. (ილ. 18) ბორის შებუევი (1879-1964) ქართული სახვითი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა.  მან დიდი როლი ითამაშა მცხეთის კერამიკული სკოლისა (1912წ.) და შემდეგომ, თბილისის სამხატვრო აკადემიაში კერამიკული სახელოსნოს დაარსებაში (1922წ.), რომელიც მოგვიანებით ფაკულტეტად გარდაიქმნა. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი პირველი პედაგოგია და 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ათწლეულების მანძილზე, სიცოცხლის ბოლომდე დიდი წვლილი აქვს შეტანილი სამხატვრო კადრების აღზრდაში. ბ. შებუევის საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პედაგოგიური მოღვაწეობით. იგი კერამიკული ჭურჭლის, მცირე ზომის ქანდაკებებისა და ბარელიეფების ავტორია. სისტემატიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. ბორის შებუევის შემოქმედებითი მემკვიდრეობაც, ფაქტობრივად, შეუსწავლელია და, შესაბამისად, უცნობია პროფესიული თუ ფართო საზოგადოებისათვის. სემ, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახემწიფო მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების ქანდაკებისა და კერამიკის ფონდებში მოქანდაკე-კერამიკოსის მიერ შესრულებული რამდენიმე ჭურჭლის ნიმუში და ბარელიეფური პორტრეტი ინახება. მათ შორისაა: აკაკი წერეთლის, ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ნიკოლაძის,  შალვა დადიანის, აპოლონ ქუთათელაძის, მოსე თოიძის, უჩა ჯაფარიძის და სხვათა პორტრეტები.
სერგო ქობულაძის სახელოსნოში დაცული კერამიკული ბარელიეფი-პორტრეტი 1961 წლითაა დათარიღებული. შესრულებულია სწორკუთხა მოყვანილობის კერამიკულ ფილაზე. მხატვარი წარმოდგენილია პროფილში, მხრებს ზემოთ. ფონი ნეიტრალუია, მასზე გამოსახულება დაბალი რელიეფითაა ამოზრდილი. ფორმა დამუშავებულია ზოგადად. მხატვარი ყურადღებას ამახვილებს პორტრეტირებულის ხასიათზე, შინაგან განწყობაზე, რაც ხელოვანის ფიქრიანი გამომეტყველებით,  მისი პირდაპირი და  არაკონკრეტული, საკუთარ თავშივე ჩაკეტილი მზერითაა გადმოცემული. ბარელიეფის ზედაპირი მონაცრისფრო–მოიასამნისფრო აღდგენითი ჭიქურითაა დაფარული. ნამუშევრის უკანა მხარეს დატანლი რუსულენოვანი საავტორი წარწერა გარკვევით არ იკითხება.  ავტორის  იდენტიფიცირება კველევის შედეგად მოხდა.
სახელოსნოს კერამიკული კოლექციიდან განსაკუთრებულ ყურადრებას  მხატვარ სერგო ქობულაძის მიერ კერამიკული მასალით შესრულებული სამედალო ნიმუშები იმსახურებს, რომლებსაც ხელოვანის გამორჩეულ შემოქმედებით მემკვიდრეობაში მოკრძალებული ადგილი ეთმობა. შეიძლება ითქვას, რომ იგი, ძირითადად, მხატვრულ-ტექნოლოგიური ექსპერიმენტებით შემოიფარგლა.  თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებიაში სამედალო ხელოვნებით გატაცება 1950-იან 1970–იან წლებში ნათლად იკვეთება. ამ დროს მხატვრული მედლის შექმნით პროფესიონალ მხატვართა ჯგუფი დაინტერესდა. მათ შორის ბევრმა ცნობილმა მოქანდაკემ, გრაფიკოსმა, ფერმწერმა, კერამიკოსმა თუ სხვა დარგის სპეციალისტებმა მოსინჯა ძალები და თითოეულმა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა სამედალო ხელოვნების განვითარების საქმეში. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კერამიკა, როგორც მასალა, იშვიათად გამოიყენება სამედალო ხელოვნებაში, თუმცა, იგი, თავისი მრავალსახეობითა და მხატვრულ-ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, სახვით-დეკორატიული ნაწარმის შესაქმნელად, საუკეთესო საშუალებას იძლევა. ალბათ, ამან განაპირობა ჩვენი კერამიკოსების სამედალო ხელოვნებით დაინტერესებაც. 1970 -იან წლებში მედლის ნიმუშები შექმნეს: ეკატერინე ბაბლიძემ, გიორგი (გოგი) ქართველიშვილმა, ლეონა ნაკაშიძემ, თენგიზ გობეჯიშვილმა, ნანული ალადაშვილმა, თამრიკო კუპრაშვილმა და სხვებმა. 1970-იან წლებში, ხელოვნების ამ მინიატურული სახეობით სერგო ქობულაძეც დაინტერესდა. მხატვრის მაძიებელი ბუნებიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მან მცირე პლასტიკის ნიმუშთა განხორციელებისთვის საჭირო კვლევაც დაიწყო და საკუთარი ცდებით შეეცადა ახალი მხატვრული შესაძლებლობების მიღწევას. იგი სამედალო ხელოვნების შესწავლასაც რენესანსის პერიოდისა და მომდევნო ხანის იტალიური მედლის კლასიკური ნიმუშების მიხედვით იწყებს, საიდანაც, ზოგადად, მომდინარეობს კიდეც  მედლის, როგორც დამოუკიდებელი მხატვრული დარგის ისტორია.
სერგო ქობულაძის სახელოსნოში ინახება ყუთებში განთავსებული სამედალო ნიმუშების ასლები. როგორც ჩანს, ეს ნიმუშები, ხელოვანს, სპეციალურად ჰქონდა შეძენილი, რათა  მოეხდინა დაკვირვება, როგორ მიეღო  მისთვის სასურველი პლასტიკური, ამოზრდილი ფორმები. ჩატარებული ექსპერიმენტების მრავალფეროვნებაზე კი მის მიერ აღებული თაბაშირის ყალიბებისა და დამზადებული მოდელების ურიცხვი ოდენობაც მიანიშნებს. მრავლადაა წარმოდგენილი როგორც პორტრეტული, ისე, სიუჟეტურ-კომპოზიციური ტიპის ნიმუშების ასლები, თუმცა, თავად მხატვრის მიერ განხორციელებული ნაკეთობები მცირერიცხვოვანია. აქვე აღვნიშნავთ, რომ მხატვარი მედალის კლასიკურად მიჩნეულ ფორმას არ ქმნის, იგი უფრო სამკაულად გამიზნულ დეკორატიული ტიპის ბარელიეფ-მედალიონებს გვთავაზობს. სამედალო ნიმუშები ცალმხრივია, თითოეულ ნაკეთობას, უკანა მხარეს, ჩაჭდევით დასმული აქვს  დამღა-მონოგრამა, რომელზედაც მხატვრის სახელის და გვარის ინიციალები იკითხება.

19

გრაფიკოსი-მხატვარი სერგო ქობულაძე დიდი ინტერესით სწავლობდა სხვადსხვა თიხის ქიმიურ შედგენილობასა და ნაკეთობის დამზადების ტექნოლოგიურ მეთოდებს.  მხატვრული გამომსახველობის მისაღწევად, ხელოვანი ეძებს ფორმას, ფერს, ფაქტურას. ამისთვის სხვადასხვა კერამიკულ მასალას  და ტექნოლოგიურ მეთოდს  მიმართავს და ამგვარი ცდების საფუძველზე, ერთი და იმავე ფიგურის უამრავ ვარიანტს ქმნის. ასეთია ანტიკური მოტივებზე შექმნილი მედალიონი „ათენა პალადა.“ (ილ.19) ნიმუში მცირე ზომის, წრიული მოყვანილობის, ცალმხრივი ბარელიეფია. ათენა გამოსახულია პროფილში, მუზარადით თავზე. აღნიშნული სერიიდან გამორჩეულია ერთ-ერთი მედალი, სადაც მხატვარმა ქალღმერთის მუზარადზე დეკორატიული ყვავილოვანი ორნამენტი დაამატა. აღნიშნული დეტალით ხელოვანს, ნაკეთობაში, ლირიკული განწყობა შემოაქვს და მას ერთგვარ დასრულებულ სახეს ანიჭებს.

20

მხატვრის მიერ შესრულებულ მეორე ნიმუშს, პლაკეტი „გოგონას თავი“ წარმოადგენს. (ილ.20) ნაკეთობა სწორკუთხა ფორმისაა. ბრტყელ, ნეიტრალურ ფონზე მკაფიოდ იკითხება დაბალი რელიეფით ნაძერწი გოგონას პროფილი. ახალგაზრდა ქალის განზოგადებული ტიპაჟი მძაფრი სახასიათო ნაკვთებითაა წარმოდგენილი. მხატვარმა, აღნიშნული ნაკეთობის, ასევე, რამდენიმე განსხვავებული ნიმუში შექმნა. მათ შორისაა კლინკერის თიხაში შესრულებული გოგონას იგივე გამოსახულება, რომელიც საიუველირო აქსესუარებითაა შემკობილი.
მხატვარ სერგო ქობულაძის სახელოსნოში წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალა, მათ შორის, კერამიკული კოლექციაც, ხელოვანის ფართო ინტერესეგების კიდევ ერთი დასტურია. ერთ სივრცეში ამ რანგის მხატვრების ნამუშევრების თავმოყრა კი, გარკვეულწილად, ზრდის მის მნიშვნელოვნებასაც. სახელოსნოში წარმოდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები საინტერესოა მნახველისთვის, ხოლო ქართული კერამიკის მკვლევარი სპეციალისტებითვის, იგი მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და ღირებულების მატარებელია.

ნანახია: 1197-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani