Georgian (Georgia)English (United Kingdom)

2019 წლის 7 თებერვალს საქართველოს სახალხო მხატვარის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, სერგო ქობულაძის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო     თარიღი შესრულდა. (ილ.1)
1

ამ თარიღთან დაკავშირებით, ცოტა მოგვიანებით, 22-23 ოქტომბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა. (ილ. 2,3)

 

 

2

3

22 ოქტომბრის დილის სხდომა დაეთმო უშუალოდ სერგო ქობულაძის შესახებ მისი მოსწავლეების, დღეს უკვე ცნობილი, წამყვანი ხელოვანების მოგონებებს თავიანთი მასწავლებელზე.
დამსწერე  საზოგადოება   გაეცნო სერგო      ქობულაძის სახელოსნო-მუზეუმის დაარსებასთან დაკავშირებულ     პრობლემებს. (ილ. 4,5) მოხდა, ასევე,  კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ჩართულობით სერგო ქობულაძის რამდენიმე  რესტავრირებული ნამუშევრის  წარდგენა.

4
5

შემდგომ  სხდომებზე მომხსენებელთა მიერ განხილულ იქნა XX საუკუნის სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგთან და თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა ნაწილიც წარმოდგენილია სერგო ქობულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩვენი ჟურნალის 2019 წლის ნომერში.
კონფერენციის პარალელურად, ცენტრის საგამოფენო დარბაზში „Ars Georgica“ გაიმართა გამოფენა, რომლის ექსპოზიციაშიც ხსენებული, რესტავრირებული ნამუშევრების გარდა, წარმოგდენილი იყო ბატონი სერგოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-მასალა და მის შემოქმედებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.  (ილ. 6,7,8)

6
7..
8.

ყველა ადამიანის, მათ შორის, შემოქმედის და მით უფრო, მასწავლებლის ცხოვრების კვალის სიღრმე და მნიშვნელოვანება მისი შემდგომი თაობის შესაფასებელია. შეფასებისას კი ყველაზე ობიექტური მსაჯულნი მის მიერ აღზრდილი მოწაფეები არიან. სწორედ ამ მიზნით შევკრიბეთ და ერთიანად     წარმოვადგინეთ ჩვენი თანამშრომლების მიერ უკვე გამოქვეყნებული ინტერვიუებიდანაც მასალები და სხვა მოგონებებიც სერგო ქობულაძეზე. ამგვარი თავმოყრით გვსურს, კიდევ უფრო ნათლად გამოვკვეთოთ სერგო ქობულაძის, როგორც პიროვნებისა და საზოგადო მოღაწის წვლილი. კიდევ ერთხელ გავახსენოთ იგი ადამიანებს, ვინც მას იცნობდა და, ასევე, გავაცნოთ ახალგაზრდებს, მისივე  მოწაფეების მიერ შეფასებული  სერგო ქობულაძე, როგორც მომავალი თაობის აღზრდაზე მზრუნველი, მოამაგე და  დაუვიწყარი მასწავლებელი.
„ჩემი სერგო ქობულაძე“
მასწავლებლის გახსენება

ლევან ცუცქირიძეამონარიდი ინტერვიუდან. იხ. http://georgianart.ge/index.php/ka/component/content/article/191.html?ed=17
ჩემი სტუდენტობის დროს სამხატვრო აკადემიის დირექტორი  სერგო ქობულაძე გახდა. ჩვენ ყველას გვიხაროდა ეს პერიოდი. ბ-ნ სერგოს დიდი გავლენა ჰქონდა აკადემიაში. სტუდენტები მას უდიდეს პატივს ვცემდით, მის ნიჭიერებას, მის ერუდიციას. ის იყო პიროვნება, რომელიც  გამორჩეული იყო თავისი საუბრის მანერით, გარეგნობით.  ბატონმა სერგომ აკადემიაში  ხატვის კათედრა ჩამოაყალიბა. ცალკე ხატვის კათედრა მანამდე არ ყოფილა  და თავისი ერუდიციითა და გავლენით მან მოახერხა, რომ ეს კათედრა  ხელუხლებელი ყოფილიყო, სანამ ის აკადემიაში მოღვაწეობდა. მის შემდეგ, ამ კათედრისთვის ძალიან სუსტი პერიოდი დადგა.
ბატონი სერგოს დროს ხატვის კლასში რომ შემოსულიყავით, აბსოლუტური სიჩუმე იდგა  და ფანქრის ხმა ისმოდა. (ილ. 9) აი, ისეთი დისციპლინა  და თან დიდი სიყვარული იყო. არანაირი არეულობა და გაუგებრობა არ ყოფილა, როგორიც შემდეგ წლებში მოხდა და, პრინციპში, დღესაც ხდება.

9

ბ–მა სერგომ აკადემიის დერეფნებში ბერძნული ხელოვნების და მთელი კლასიკოსების ნამუშევრების ასლები დადგა. შესვენებების დროს  რომ გამოვიდოდით, ვუყურებდით ამ ნამუშევრებს. რამხელა სიყვარულია არა, აქ?! და აკადემიაში შემოიტანა კლასიკური  მუსიკა. საღამოს,  ხატვის საათები როდესაც გათავდებოდა, დერეფნებში ისმოდა კლასიკოსების მუსიკა. აი, ასეთ ატმოსფეროში ვიზრდებოდით ჩვენ სერგო ქობულაძის დროს. სულ რამდენიმე წელი იყო, მერე თვითონვე თქვა უარი დირექტორობაზე. თქვა, რომ დრო არ ჰქონდა. სერგო ქობულაძე  ნამდვილი პიროვნება იყო.
ბატონ სერგო ქობულაძეზე მოგიყვებით - მამია დუდუჩავას რექტორობის დროს, აკადემიაში ბრძოლა მქონდა და ბატონი სერგო მიცავადა. ითხოვდა თურმე - მე მომეცით ეს სტუდენტიო, მაგრამ რექტორმა არაფრით არ დაუშვა, რომ სერგო ქობულაძესთან მესწავლა. ასპირანტურა კი მისი ხელმძღვანელობით დავამთავრე. სამი წელიწადი მასწავლიდა. სამი ადამიანი ვიყავით მასთან ასპირანტურაში: მე, ჩუფჩიკა (თენგიზ მირზაშვილი) და მესამე იყო მდინარაძე (სახელი აღარ მახსოვს). სპეციალურად გამოყო ჩვენთვის ოთახი, იქირავა და იქ ვმუშაობდით.
იმ პერიოდში მე ვაკეთებდი დიდი ზომის სურათებს ვაჟა-ფშაველას პოემის „სტუმარ-მასპინძელის“ მიხედვით. გავაკეთე სურათი და გავიტანე გამოფენაზე. როდესაც ჩემი სურათები გამოფენაზე გამქონდა, როგორც წესი, სამ დღეზე ან ერთი კვირაზე მეტს არ აჩერებდნენ. ყველა დანარჩენის სურათები კი ჩამოკიდებული  ჰქონდათ. ამ გამოფენაზე ჩემი ნამუშევარი არ მიიღეს. ჯერ დიდხანს ფიქრობდნენ, სად ჩამოეკიდათ. ზომით იყო „ამოვარდნილი“ სხვა ნამუშევრებიდან. ბოლოს მითხრეს - უკან წაიღეო. დახმარების სათხოვნელად  ქობულაძესთან წავედი სახელოსნოში. ბ-ნი სერგო  ამ დროს  ფარდაზე მუშაობდა.  გამიღეს კარი, შევედი სახეოლოსნოში. ძირს, იატაკის  მთლიან ფართზე გაფენილი იყო ტილო, ბ–ნი სერგო ზედ დადიოდა და ისეთი გაანგარიშება ჰქონდა, რომ პროპორციებს  ზუსტად იღებდა, ამას როგორ აკეთებდა ამ კაცის გონება, ეს იყო სრულიად საოცარი. მისი მათემატიკური გონი  კომპოზიციას ზუსტად  და ჰარმონიულად ანაწილებდა.  მე კი ამ დროს შევედი, დახმარება ვთხოვე. ვუთხარი - იქნებ როგორმე მომეხმაროთ, რომ ჩემი ნამუშევარი გამოფენაზე დარჩეს- მეთქი. უცებ, დამიყვირა: -  ხომ ხედავ, ვმუშაობ და სად მცალია ეხლა მე მაგისთვისო. მე მაშინ ბოდიში მოვუხადე და წამოსვლა დავაპირე. კარებთან რომ მივედი, მეძახის (რუსულად საუბრობდა) – დაიცადეო! - შენ ეხლა გალერეაში წადი, იქ დამელოდე და მოვალო. მართლაც მოვიდა, შეხედა ჩემს ნამუშევარს. იქ საბჭო იყო, რომელშიც უჩა ჯაფარიძეც შედიოდა. უჩას უთხრა პირდაპირ: „მე ეს სურათი მომწონს და არ  მოხსნათ გამოფენიდანო“ - მოტრილდა და წავიდა. რა თქმა უნდა, ეს სურათი დატოვეს.
აკადემიაში სწავლის დროს, ერთი პერიოდი, ორიენტაცია დავკარგე, ცოტა არ იყოს, შემოტევებისგან  დავიბენი და ბატონ სერგოს შევჩივლე: - ვეღარ ვხატავ და რას მირჩევთ- მეთქი. იცოდა, როგორც ვხატავდი და მითხრა, რომ იქნებ, ისე გააკეთო, თითქოს   პირდაპირ, უბრალოდ, ფოტოგრაფიული თვალით  იხატავ ცოცხალ მოდელს და არა გონების ანალიზითო. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ გარკვეულ დიციპლინაში შევსულიყავი.  სამი ნამუშევარი გააკეთე ასეთიო. ერთი ნამუშევარი რომ გავაკეთე, მივხვდი, მეტი აღარ მჭირდებოდა. ვაჩვენე ბატონ სერგოს და მითხრა - ეხლა კიდევ სცადეო. მე აღარ მიცდია იმიტომ, რომ უკვე ძველებური ფორმა აღვიდგინე. ეს ბ–ნი სერგოსგან ძალიან დიდი პროფესიული დაკვირვების შედეგი იყო.
პირდაპირ თქმა იცოდა. ერთხელ, მე და რამდენიმე სტუდენტი ერთად ვხატავდით, შეიძლება ითქვას, რომ  უნიჭოები იყვენ. შესვენების საათი იყო და გარეთ იყვნენ გასულები.  ბატონმა სერგომ  შეხედა ნამუშევარს და ჩვენ, ვინც აუდიტორიაში ვიყავით, გვითხრა,  ისინი რომ შემოვლენ,  ჩემი აზრი გადაეცით,  აქ რომ იყვნენ, რა თქმა უნდა, მე თვითონ ვეტყოდიო, - ჯობს სადმე სხვაგან წავიდნენ და ჩააბარონ, დროს ტყუილად კარგავენ, რადგან მაგათგან მხატვრები არ გამოვლენო. მაგრამ ისინი ისეთი „ცხოვრებისეული“ ხალხი აღმოჩდნენ, რომ კარგადაც მოღვაწეობდნენ.
აკადემია რომ დავამთავრე, ბატონ სერგოსთან პედაგოგად მიმიღეს ხატვის კათედრაზე. როცა შეფასებაზე მიდგებოდა საქმე, ბატონი სერგო მეუბნებოდა - თქვენი კლასია და თქვენ თვითონ დაწერეთ ნიშანიო. მე მაძლევდა ამის უფლებას. მეც ჩამოვყვებოდი ხოლმე და ვწერდი ნიშნებს. სერგო იზიარებდა და იღებდა ჩემს შეფასებებს. ერთხელ, ერთ-ერთმა პედაგოგმა უთხრა - თქვენ ლევანისგან ყოველთვის  იღებთ ნიშნებს და ჩემგან არაო. ბატონმა სერგომ პირდაპირ უთხრა - ლევანი რასაც მეუბნება, ყველაფერი მართალიაო და შენ ვერ ხედავ ეგეთი სიზუსტით, როგორც საჭიროა პროფესიონალისთვისო. აი, ასეთი პირდაპირი კაცი იყო. საოცარი პიროვნება იყო. მახსოვს, როგორ აშენებდა და აწყობდა თავის სახელოსნოს, ყველაფერი მისი გონით იყო გაკეთებული.
ბოლო პერიოდში მახსოვს, სტუდენტებს და სერგოს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ისინიც ძალიან ნიჭიერი ხალხი იყო, ვინც ეს ჩაიდინა, მხოლოდ არ ეთანხმებოდნენ ბატონ სერგოს შეხედულებებს. მაგრამ ეს მაგათი ბრალი იყო -  ხატვა არც ერთმა მათგანმა არ იცოდნენ ისე, როგორც ბატონმა სერგომ  და გინდაც დათანხმებოდნენ და გინდაც არა, ბატონ სერგოს ამით არაფერი დააკლდებოდა. ის ბრწყინვალედ ხატავდა და ჰქონდა არაჩვეულებრივი გონება. აბსოლუტური მათემატიკური სიზუსტით შეეძლო აეგო მთელი კომპოზიცია.

ნანა კიკნაძენაწყვეტი ინტერვიუდან. 2016 წ.; ხელნაწერის უფლებით
სერგო ქობულაძე  მეტად საინტერესო პიროვნება, მხატვარი და პედაგოგი იყო. რამდენიმე წელი იგი სამხატვრო აკადემიის რექტორი გახლდათ. მის რექტორობის პერიოდში (1952-1959)  აკადემიაში  სიწყნარე, სიმშვიდე და უაღრესად სასიამოვნო ატმოსფერო იყო. სტუდენტებისთვის და პეგაგოგებისთვის სერიოზული, შემოქმედებითი, საქმიანი გარემო იყო შექმნილი. არავითარი უსამართლობა,  უსიამოვნება. მისი „დროის აკადემია“ გამორჩეული პერიოდია სამხატვრო აკადემიის ისტორიაში, ყოველგვარი შიდა ინტრიგების გარეშე.
შემიძლია ერთი კარგი რამ მოვიგონო - პირველი წელია, დაინიშნა სამხატვრო აკადემიის  რექტორად,  მისაღები გამოცდებია.  ჩვენდა საუბედუროდ, მაშინაც ხდებოდა ე. წ. „ჩაწყობა“ (უსამართლობა) და, როგორც წესი, ეს ყველაფერი  ზედა ეშელონებიდან - ცეკადან და ასე შემდეგ, მოდიოდა. გათავდა  მისაღები გამოცდები და ნიშნების შეჯამების დროს, როგორც ყოველთვის, ცენტრალური კომიტეტიდან (თუ საიდანღაც) მოვიდა კომისია. შევიდნენ ქობულაძესათან და მისაღები აბიტურიენტების თავისი სია წარუდგინეს. ბატონმა სერგომ ბოლომდე მოუსმინა მათ, ბოლოს, მოკიდა ხელი  გამოცდების მთელ დოკუმენტაციას, მისწია მათკენ და უთხრა: - თქვენ იყავით რექტორი და თქვენვე გადაწყვიტეთ, ვინ უნდა მიიღოთ და ვინ არაო! - ადგა, გაიხურა კარები და გავიდა. ვინ გააკეთებდა ამას? ისინიც ისხდნენ, ისხდნენ და წავიდნენ. ბ-ნმა სეგომ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. უფრო მეტიც, თუ ვინმე ნიჭიერი ახალგაზრდა იყო და ნახევარი ქულის გამო რჩებოდა გარეთ, ამაზე დარბოდა, რომ ეს ქულა როგორმე არ ჩაეთვალათ მისთვის და რამდენიმე ასეთი სტუდენტი დამატებით მიიღო მაშინ აკადემიაში. და კიდევ მეტს გეტყვით, რაიონებში მცხოვრებ ჩარიცხულ აბიტურიენტებს თვითონ, საკუთარი ხელით უგზავნიდა ტელეგრამას ტექსტით: „ჩამობრძანდით თქვენ მიღებული ხართ აკადემიაში“, ასეთი რამ გაგიგიათ როდესმე, ხომ არ გაგიგიათ? მე ასეთი წერილი ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომელიც  მან ნაზიკო ჯალაღანიას გაუგზავნა- „ნაზი ჩამობრძანდით მიღებული ხართ აკადემიაში“.
ბ-ნი სერგო გადაყოლილი იყო სტუდენტებზე. მისთვის არც დრო იყო, არც საათი. თუ საჭირო იყო, მათ გვერდით  იჯდა და უხატავდა. ყველას მიმართ  სამრთლიანი, თბილი, ძალიან ადამიანური იყო. ამ ბოლო დროს, ხშირად ისმის კითხვა, საჭიროა თუ არა მხატვრისთვის აკადემიური განათლება, მე გიამბობთ, როგორი სწავლების მეთოდი ჰქონდა სერგო ქობულაძეს - პირველი, რასაც  სტუდენტს სთხოვდა - ეს იყო ნატურის სწორი აგება, ჩონჩხი უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად ზუსტი და მერე   ეუბნებოდა მათ: - შენს გემოვნებაზე გინდა გაასუქე და გინდა გაახდუნე ეგ შენი ნატურაო. ასეთი იყო სერგო ქობულაძის სწავლების  მეთოდი: პირველ რიგში ცოდნა - აკადემიურად სწორი ნახატი და, ამავე დროს, სტუდენტს ჰქონდა შემოქმედებითი თავისუფლება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მიდგომაა.
სამართლიანი იყო. თუ რამე საკამათო იყო, არასოდეს უკან არ იხევდა, მახსოვს, ედმონდ კალანდაძემ ღიად გამოთქვა თავისი აზრი, რომ იგი უწუნებდა სერგო ქობულაძეს ნახატს, რომ მან ხატვა არ იცოდა. სხვას, ალბათ, ეწყინებოდა ეს, მაგრამ ბატონმა სერგომ ძალიან მშვიდათ მიიღო ახალგაზრდა პედაგოგის გამოსვლა და გამოიწვია შეჯიბრში - ერთად შევიდეთ კაბინეტში და დავხატოთო, მერე ხალხმა ნახოს, ვინ უფრო კარგად გადაწყვიტა თავისი ამოცანაო. ე.ი ჩხუბზე და დავიდარაბაზე კი არ მიდიოდა, არამედ, როგორც შემოქმედი შემოქმედს, შეჯიბრში იწვევდა. საოცარი პიროვნება იყო.
ყველაფერთან ერთად, ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. მახსოვს, მოსკოვიდან ჩამოიტანეს  ბ-ნი სერგოს  „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები  და გალერეაში გამოფინეს. მიდის ბ-ნი სერგო გალერაში, მირბის და შეხვდა ჩემს მეგობარს, მედეა ჩიხლაძეს და ებუნება: - მედეა ძალიან ვღელავო, - რატომ ღელავთ ბ-ნო სერგო - შეეკითხა მედეა, - ჩემი ნახატები ჩამოიტანეს მოსკოვიდანო, გალერიაში გამოფინეს და ვნერვიულობ, როგორ გამოიყურება ნამუშევრები და საერთოდ, თუ ღირს გამოსაფენადო.
ამავე დროს, იუმორის გრძნობა ჰქონდა ძალიან კარგი. აკადემიაში ერთი ფიზკულტურის ლაბორანტი იყო, სახელად ვალია. რუსული არ იცოდა და ბ-ნი სერგო კიდევ უფრო რუსულ ენოვანი იყო. ერთ დღეს მიდის სერგო, ეს  ვალია  უკან მისდევს  და ეძახის - «Сергеи Соломонович, Сергеи Соломонович что такое летающая талерка (тарелка)» - მაშინ ძალიან მოდაში იყო ეს. კიდევ ეკითხება, შეუწუხა გული, მობრუნდა ბ-ნი სერგო და ეუბნება - «Слушай Валя, если ты мне спросишь, что такое летающая бутылка - я знаю, а ето летающая тарелка - я не знаю»
სხვათა შორისб მეგობრობდა ყველასთან, მისთვის არ არსებობდა განსხვავება. იყო ჩვენთან ერთი მოქანდაკე ლოვა, რომელმაც, მოგვიანებით, ფოტოგრაფიას მოჰკიდა ხელი. ბატონი სერგოს გულითადი მეგობარი იყო. ერთხელ, რაღაცის დაბეჭდვა სთხოვა ბატონმა სერგომ და მან, რატომღაც, გაუჭიანურა. ყველა მოსვლაზე კითხულობდა - გააკეთა თუ არ გააკეთაო. ერთხელ, ლოვას უთხრეს - ძალიან გაბრაზებული, გამეხებული მოდის ბ-ნი სერგო და გეძებსო. ლოვა დაბალი ტანის ბიჭი იყო, თავის ოთახში კარადაში შეძვრა და დაიმალა. შემოვიდა ბ-ნი სერგო და იკითხა, სად არის ლოვაო? არ არისო - უთხრეს. დაჯდა ბ-ნი სერგო და თქვა: - ეხლა მე აქედან არ გავალ, სანამ არ მოვაო. იჯდა რამდენიმე საათი, ბოლოს, კათედრიდან მოვიდნენ,  რაღაც საკითხზე დაუძახეს და გავიდა. საწყალი ლოვაც იჯდა კარადაში, რა თქმა უნდა, იმ დღესვე დაუბეჭდა, რაც სჭირდებოდა.
არ შეიძლება, არ გავიხსენო ბ-ნი სერგო ქობულაძის ერთ-ერთი საინტერესო გამოსვლა აკადემიის სააქტო დარბაზში. ეს დაახლოებით 1955 წელი იყო. ამ დროს, ასე ვთქვათ, ახალი ნაკადი „შემოვარდა“ ჩვენს ხელოვნებაში, მთელი აკადემიის ახალგაზრდობა გატაცებულია დასავლური ხელოვნებით და აღარავინ უყურებს ქართულს, ეროვნულს. ქართული ხელოვნება აღარ არსებობდა მათთვის. ერთხელ, ბატონმა სერგომ სტუდენტები მოიწვია, მათ შორის რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდა თაობა (ჯიბსონ ხუნდაძე, კოკი მახარაძე, ედმონდ კალანდაძე, გოგი თოთიბაძე, მიტო ხახუტაშვილი, მერაბ ბერძენიშვილი და სხვები...)  სავსეა დარბაზი. გამოდის ბატონი სერგო ძალიან მშვიდად და დარბაზს მიმართავს - მე ხელში ავიღე ბოთლი, ამის გაგონებაზე მთელმა დარბაზმა სიცილი დაიწყო, ყველამ იცოდა, რომ ბ-ნი სერგო პერიოდულად არაყს სვამდა, თვეში ერთი-ორი დღე გამოითიშებოდა ხოლმე, უყვარდა ალკოჰოლი, მაგრამ ლოთი კი არ იყო. - ეს ის ბოთლი არ არის, თქვენ რომ გგონიათო, - გააგრძელა მან - ეს წყლით სავსე ბოთლია და აი, ამ ბოთლში, მე ერთი წვეთი ფრანგული სუნამოს დასამზადებელი ესენცია ჩავაწვეთე და აქ წყალი უკვე ნამდვილ ფრანგულ სუნამოდ იქცა. ამასა გთხოვთო, რაც გინდათ სიახლე აკეთეთ, მაგრამ „ერთი წვეთი ქართული“ არასოდეს დაკარგოთო. აი, ასეთი გენიალური სიტყვებით გადაწყვიტა ეროვნულობის საკითხი ბატონმა სერგომ, ჭკვიანი კაცი იყო. დარბაზში ტაშმა იგრიალა. ყველა დაწყნარდა, ახალგაზრები მიხვდნენ, რომ ბევრი არ იყო საჭირო, მხოლოდ „ერთი წვეთი“. მეც, რა თქმა უნდა, იგივეს ვუსურვებ ახალგაზრდა და მომავალ მხატვრებს.
აი ასეთი საინტერესო პიროვნება იყო ბ-ნი სერგო ქობულაძე. არა მხოლოდ მხატვარი, არამედ მთლიანად პიროვნება - სადა, უბრალო, სამართლიანი, პრინციპული, თავმდაბალი, უაღრესად კულტურული და განათლებული ადამიანი იყო. ვფიქრობ, ეს უკვე საკმარისია მისი პიროვნების  დასახასიათებლად.

რადიშ თორდიანაწყვეტი ინტერვიუდან. 2016 წ.; ხელნაწერის უფლებით
ბევრი მოგონება მაკავშირებს სერგო ქობულაძესთან. (ილ. 10) ბატონი სერგო აკადემიის რექტორი იყო, როცა მე იქ ჩავაბარე. ეს იყო 1956 წელი. ეს ის დრო იყო, როდესაც ინსტიტუტებში ან ნაცნობობა იყო საჭირო, ან ფულით  ხდებოდა ჩაბარება. კონკურსიც დიდი იყო - 44  ჩამბარებლიდან 4 უნდა მოხვედრილიყო ფერწერის ფაკულტეტზე. მე ნიკოლაძის სასწავლებელში ვსწავლობდი მანამდე. ბევრნი ვიყავით ერთად, ვინც იმ წელს დავამთავრეთ ნიკოლაძე და რახან ვნახეთ, რომ ცოტა ადგილები იყო, დავნაწილდით სხვადასხვა ფაკულტეტზე, რომ ერთმანეთისთვის ჩაბარებაში ხელი არ შეგვეშალა  – ოთხი ფერწერაზე, ოთხი გარაფიკაზე, კერამიკაზე, ქანდაკებაზე. მაშინ, სამხატვრო აკადემიაში მისაღები გამოცდები ერთი თვე მიმდინარეობდა. ტორსს ვხატავდით, პორტრეტს, კომპოზიციას,  შიშველ ფიგურას და ა.შ.  დავალებებს ვასრულებდით. ჩვენ, ოთხივე, მოვხვდით იმ ოთხ ადგილზე. მერე, სხვათა შორის,  ქობულაძემ ჩვენ გვითხრა, რომ ცეკადან დამირეკესო, რომ ვიღაც ორის მოწყობა უნდოდათო და მე ვუთხარი, რომ ვისაც მაღალი ქულები აქვს, ის უნდა მივიღო და თქვენ თუ გინდათ სხვების მოწყობა, მაშინ დაამატეთ ორი ადგილი კიდევო. დამატების საკითხს კი ცენტრალური კომიტეტი წყვეტდა, თუ რამდენი უნდა მიეღოთ. მერე, მართლა დაამეტეს ორი ადგილი და ის ორი სტუდენტიც შემოგვიერთდა. ქობულაძე მე მასწავლიდა ხატვას.  მეორე კურსიდან მეექვსე კურსის ჩათვლით. სხვათა შორის, მისი რჩევები დღესაც მახსოვს, ისე კარგად გეტყოდა, ისე დაგარიგებდა, არასოდეს დაგავიწყდება ადამიანს.

10.

მაგალითად, გავიხსენებ ერთს. მართალია, ბატონი სერგო ხატვას მასწავლიდა, მაგრამ, ამავე დროს, ფერწერაზეც შემოდიოდა ხოლმე. შეხედავდა, როგორ ვმუშაობდით ან რას ვაკეთებდით. ჰოდა, მახსოვს, კურსიდან კურსზე რომ გადავდიოდით, რაიმე კომპოზიცია უნდა გაგვეკეთებინა საკურსო ნამუშევრად. ბოლო დღეებია დარჩენილი, ვმუშაობ, საღამომდე ვრჩები, რომ მოვასწრო ნამუშევრის დასრულება, კომისიას ჩავაბარო და ნიშანი მივიღო. ერთ დღეს, შემოვიდა ბატონი სერგო და შემეკითხა, რას ვაკეთებდი. ვუპასუხე - საკურსოს ვაკეთებ მეთქი. ეს ნამუშევარი მოზრდილი ტილო იყო. აბა, ესკიზი მაჩვენეო -მითხრა. ესკიზი არ მაქვს- - ვუპასუხე,  პირდაპირ დავიწყე ხატვა- მეთქი. ჯერ ფანქრით პატარა ფორმატზე ესკიზი  უნდა დახატო, მერე ცოტა გაზარდო და მერე უნდა გადაიტანო დიდ ტილოზეო. რატომ-მეთქი? ვუთხარი, ძალიან მეჩქარება და სამ დღეში უკვე მზად უნდა მქონდეს- მეთქი.  „კაცო სამი დღე რომ არის დარჩენილი, იმიტომ უნდა გააკეთო წინასწარ ესკიზი, თორემ, ერთი წელი თუ გაქვს დრო, აიღე ეს ფუნჯი და უსვი და უსვი, რამდენ ხანსაც გინდაო“.
კიდევ ერთს გავიხსენებ – ერთი ბიჭი იყო ჩვენს ჯგუფში, კარგი მხატვარია, გვარს არ დავასახელებ. ერთხელ, ხატვის გაკვეთილია და დაგვისვეს შიშველი ნატურა, იყო ასეთი მენატურე რუსის ქალი, კაწია (შედარებით ასაკოვანი იყო მაშინ). ამ ბიჭის ძალიან მოსწონდა ანტიკური ქანდაკებები, იდეალური ფორმები, საერთოდ, გატაცებული იყო ანტიკური ხელოვნებით. ზის, ხატავს და საერთოდ არ უყურებს ამ ნატურას. ზეპირად ხატავდა ანტიკური ხანის შიშველ ფიგურას.  რამდერჯერმე უთხრა ბატონმა სერგომ - ნატურა დახატე, შენ ახლა გაზეპირებული გაქვს ანტკიური ხანის ფორმები და იმას ზეპირად ხატავო, მაგრამ თუ  ხატვა გინდა ისწავლო, ადექი და ეს დახატეო. ის  მაინც თავისას განაგრძობდა. ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა ბატონმა სერგომ, ერთ დღეს ეკითხება – „შეყვარებული გყავსო?“ – „კიო უპასუხა“; –„პაემანზე ხომ დადიხარო?“ – „კიო“; –„ვთქვათ, პაემანზე უნდა მიხვიდე შვიდ საათზე, მაგრამ  არ გქონია ისეთი მომენტი, გიფიქრია, რომ ცოტა რაღაც ინტრიგა ჩააგდო, ათი–თხუთმეტი  წუთი დააგვიანო და მერე მიხვიდე?“ არაო, მაგრამ ისე კი მიფიქრიაო -უპასუხა. სერგომ უთხრა:  შენ გადაწყვიტე მხოლოდ თხუთმეტი წუთის დაგვიანება.  უფრო დიდხანს თუ დააგვიანებ, შეიძლება ის გოგო გაბრაზდეს და წავიდეს. მაგრამ იმისთვის, რომ მხოლოდ თხუთმეტი წუთი დააგვიანო, ჯერ ზუსტად შვიდი საათი, ხომ უნდა იცოდე, რომელიო? ეს უსმენდა და თავს უქნევდა. – „ჰოდა, შვიდი საათია ახლა ეს ნატურა და  ჯერ ეს დახატე და დაგვიანებაზე მერე იფიქრეო“.
კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ, რასაც ბატონი სერგო თვითონ გვიყვებოდა ხოლმე ხშირად. ბატონი სერგო  საბჭოთა კავშირის მხატვართა აკადემიის წევრი იყო. 1956 წელს, მოსკოვიდან, აკადემიის  წევრი მხატვრები წაიყვანეს იტალიაში ბიენალეზე და ამ ჯგუფში შედიოდა სერგო ქობულაძეც. მოსკოვიდან რომ მიემგზავრებოდნენ, გაზეთ „პრავდაში“  დაიბეჭდა: იტალიაში მიემზავრებიან ჩვენი ცნობილი მხატვრები და ჩამოთვლილი იყო რუსი  აკადემიკოსების გვარები და „ი დრუგიეო“ და აი, ამ „სხვებში“ ვიყავი მეო. იტალიაში გამოფენის შემდეგ უკან რომ ვბრუნდებოდითო, იტალიურ გაზეთებში დაიწერა -სამშობლოში გაემგზავრენ საბჭოთა მხატვართა ჯგუფიო - ჩამოთვლა  სერგო ქობულაძით იწყებოდა და „ი დრუგიეო“. იქ რომ ნახეს, ვინ რას აკეთებდა  რა თქმა უნდა, სერგომ წინ გადმოინაცვლა.
ყველასთვის ცნობილია მისი ოპერის ფარდა. თვითონ გვიყვებოდა ხოლმე - ოთხი წელი ვმუშაობდი ფარდის ესკიზზე და თერთემეტ თვეში დავხატეო. ოპერის ზემოთ იყო დიდი სახელოსნო, სადაც ბატონი სერგო მუშაობდა. მე ვიყავი იქ, როდესაც მუშაობდა, თვითონ წამიყვანა და მაჩვენა. ფარდა იატაკზე იყო გაფენილი და სერგო ზედ დადიოდა და ხატავდა. უზარმაზარი იყო ეს ფარდა - თოთხმეტი მეტრი. დადიოდა დიდი ტარიანი ფუნჯით და ზევიდან ხატავდა. რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, რას ხედავს აქ მეთქი, მაგრამ ისე ჰქონდა გამჯდარი თითოეული დეტალი, რომ არ უჭირდა აღქმა. ბოლოს გავიგე, რომ ფარდის გახსნა იყო. წავედით ოპერაში. ფარდა რომ ჩამოუშვეს, რაღაც დამემართა მე და ჩემს მეგობარსაც ვისთან ერთადაც ვიყავი. გავოგნდი, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – ან როგორ ფერში იყო, ან როგორი ნახატი, სასწაული იყო ჩემთვის. მახსოვს, ეს იყო შაბათი დღე. ორშაბათს დილით სერგო ქობულაძის ლექციაზე მივედი. ჩემმა მეგობარმა მითხრა, მოდი მივულოცოთო. მილოცვა, ალბათ, უკვე ყელში აქვს-მეთქი და ჩვენი მილოცვა რაღა საჭიროა -ვუთხარი მე. ის მაინც მივიდა და მერე მეც დამიძახა ბატონმა სერგომ, მოდი ჩემთანო. მივედი და ვუთხარი: მე არ მინდოდა მოსვლა და თქვენი შეწუხება მოლოცვით, ამის ბრალია-მეთქი - ჩემს მეგობარზე მივუთითე, თქვენ იმდენ მოლოცვას მიიღებდით... და უცებ, მიპასუხა: პირველები ხართ, ვინც მომილოცეთო. მე არ ვყოფილვარ ფარდის გახსნაზე, სპეციალურად არ წავედიო, ბალერინა არ ვარ, სცენაზე რომ გამოვსულიყავი და თავი დამეხარა მაყურებლისთვისო და ამიტომ არ წავედიო. იმ საღამოს არავის არაფერი უთქვამს, არც დაურეკავს, არც კვირას შემეხმიანა არავინო და ცოლს ვუთხარი, წადი, ნახე თუ არის ფარდა ჩამოკიდებული ისევ, ალბათ, არ მოეწონათ და ჩამოხსნეს-მეთქი და ცოლისგან შევიტყვე, რომ ფარდა ისევ ეკიდა, მოლოცვით კი არავის მოულოციაო.
ფარდის დაწვამ ძალიან იმოქმედა მასზე. სხვათა შორის, თვითონ უნდოდა აღდგენა.  მოამზადა კიდეც ტილო, საღებავები, ყველაფერი რაც სჭირდებოდა. მოსკოვიდან ჩამოიტანა პიგმენტები. მაგრამ, როგორც ჩანს, ვეღარ შეძლო. ვერც ვერავინ ვეღარ შეძლებდა. ბატონ სერგო ძალიან რთული ტექნიკით მუშაობდა. ძველი იტალიური ტექნიკა შეისწავლა, ძველი რენესანსის მხატვრები რითაც მუშაობდნენ და თავისი ტექნიკა ჰქონდა. პიგმეტებსაც თავის ტექნოლოგიით შექმნილ გამხსნელებში აზავებდა. კიდევ იცით, რას შვრებოდა? ვთქვათ, ვერცხლისფერები ჰქონდა ფარდაზე - თვითონ მომიყვა - ამ ვერცხლისფერზე ინგლისურ წითელს ადებდა ზემოდან და ვერცხლისფერები გამოსჭვიოდა ქვემოდან, ის ქვედა ფერი, ან კიდევ პირიქით - წითლის ზემოდან ადებდა ვერცხლისფერს. და ამით ისეთ ფერს იღებდა, რომელსაც პირდაპირ, ერთი საღებავით ვერ მიიღებ. ფარდის აღმდგენი არავინ არის, გამორიცხულია, არავინ არის მაგის გამკეთებელი.
სერგო ქობულაძე ადვილი გასაგები მხატვარი არ იყო. მე მსგავსი გენიოსი და უზადო ოსტატობის მქონე მხატვარი არ მინახავს. ეს არის უდიდესი ხელოვანი, სამწუხაროდ დღემდე სათანადოდ არ არის დაფასებული. თვითონ ბატონმა სერგომაც კარგად იცოდა ეს ყველაფერი.

რომა ცუხიშვილიამონარიდი ინტერვიუდან. იხ. http://georgianart.ge/index.php/ka/component/content/article/211.html?ed=18

11

სერგო ქობულაძე პირველად 1957 წელს გავიცანი. (ილ. 11) ამ  წელს, სამხატვრო აკადემიაში, მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი. ბ-ნი სერგო აკადემიის რექტორი (დირექტორი) იყო მაშინ. გამოცდებზე შემოდიოდა, გვათვალიერებდა, კითხულობდა, რამე პრეტენზია ხომ არ გვქონდა გამოცდების მიმდინარეობის დროს. საშინელი სიცხე იყო, რაღაც აუტანელი. ჩვენ ვუთხარით, ძალიან გვცხელა-თქო. ბუნების მოვლენებში მე ვერ ჩავერევიო და დანარჩენს ყველაფერს გაგიკეთებთო - გვითხრა. პრეტენზია არ გვქონდა გარდა იმისა, რომ  ძალიან დიდი კონკურსი იყო. ათი ადამიანი მოდიოდა ერთ ადგილზე. ორმოცი კაციდან ოთხი უნდა მიეღოთ. სწორედ მაშინ, საკავშირო ცენტრალურმა  კომიტეტმა მიიღო დადაგენილება, რომ პირველ რიგში, ჯარმოვლილი და ორი წლის სტაჟის მქონე პირები უნდა ჩაერიცხათ უმაღლეს სასწავლებლებში.  ასეთი აბიტურიენტები ორმოც კაცში ოთხი, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა. ისინი ჩაირიცხნენ და ჩვენ, დანარჩენები, დავჩით გარეთ. იმათ ნიშნებს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სამები ჰყავდათ და ჩაირიცხნენ. გამოცდას ვაბარებდით ექვს საგანში: ორს - ფერწერაში, ორს - ხატვაში, კომპოზიციასა და ინტერიერში. უნდა მოგვეგროვებინა 30 ქულა და მე  29 მოვაგროვე და დავრჩი გარეთ. ხუთი ხუთიანი მქონდა და ერთი ოთხიანი ინტერიერში. ეს საგანი არც ვიცოდი, რა იყო და რამდენიმე დღით ადრე გავერკვიე, რას გულისხმობდა ინტერიერი. მეტსაც გეტყვით, იყვნენ ისეთებიც, ვისაც 30 ქულაც ჰქონდათ და ისინიც გარეთ დარჩნენ. სერგო ქობულაძე, ამის გამო, გაგიჟებული იყო. ამბობდა, რომ ეს კანონი პატარა ინსტიტუტებისთვის  არ იყო სწორი. დიდ ინსტიტუტებში, მაგალითად, პოლიტექნიკურში, სადაც 100-150 კაცს იღებდნენ, 10 კაცი თუ იქნებოდა ჯარმოვლილი და სტაჟის მქონე, არ დაეტყობოდა. ამის შესახებ რაღაც განმარტებას გვპირდებოდნენ და ველოდებოდით, რომ აღარაფერი ისმოდა, მე მაშინ ბათუმში ვცხოვრობდი, მივედი ბ-ნ სერგოსთან და ვთხოვე, ჩემი საბუთები გაეტანებინა. არაო - მითხრა, (რუსულად იცოდა ლაპარაკი) მე ვცდილობ, დავამატებინო ადგილები და  შენ დოკუმენტებს ვერ მოგცემო. რაღას ვიზავდი, აგვისტოს თვე იყო, წავედი ბათუმში, ზღვაზე. ერთ დღეს, პლაჟზე ვწევარ და ვხედავ, მორბის ერთი ჩემი მეზობელი ბიჭი. მორბის და რაღასაც აფრიალებს ხელში, მეძახის: „რომა ტელეგრამაა, შენ ჩაირიცხე“. ვნახე დეპეშა ‹‹Зачислен на первий курс, явитсья 30-го сентября›› Сергей Кобуладзе.  პირველ ოქტომბერს იწყებოდა სწავლა. ე. ი. იმდენი ირბინა ბატონმა სერგომ, იმდენი, რომ ცეკაში დაამატებინა ადგილები. თურმე, ეუბნებოდა, - მე პირველ რიგში მხატვრები მჭირდება  და არა მუშებიო. მისცეს ადგილები და ამიტომ იმ წელს, ჩვენს კურსზე, კერამიკის ფაკულტეტზე, ყველაზე ბევრი სტუდენტი იყო, ყველა ჩაირიცხა, ვისაც მაღალი ქულები ჰქონდა. ეს იყო ათი კაცი და სულ თოთხმეტი სტუდენტი ვსწავლობდით ერთ ჯგუფში. პირველივე შეხვედრიდან შეგვიყვარდა ეს ადამიანი. ერთი შეხედვითვე იგრძნობოდა მისი ერუდიცია,  კულტურა.
პირველ კუსზე ხატვას გვასწავლიდა ნინო ზაალიშვილი (უფროსი). ძალიან კარგი პედაგოგი იყო, რომ იტყვიან, როგორც დედა, ისე გვივლიდა ყველას. მეორე კურსიდან მეოთხე კურსამდე  სერგო ქობულაძე იყო პედაგოგი და ჩვენთვის ეს  რაღაც საოცრება იყო, პირდაპირ ვგიჟდებოდით. გეტყვით, როგორი იყო მისი ახსნის მანერა.  სადაც ხატავდი ნატურას, მის გვერდით თვითონ დაგიხატავდა. მაგალითად, როგორაა ფეხი, ძვალი სად ერთდება, კუნთი როგორ მოდის, ყველაფერს ზუსტად აგიხსნიდა. მაგალითად, ვასილ შურხაევი - ყველამ ვიცით, უდიდესი მხატვარი იყო, მაგრამ ის როგორ აკეთებდა. დაჯდებოდა, დახატავდა ერთ ფეხს მთლიანად, ოსტატი იყო და, რა თქმა უნდა, უმაღლეს დონეზე აკეთებდა ამას. მერე, ჩვენ გვეუბნებოდა - მიდი ეხლა და თქვენ გააკეთეთო. რას გავაკეთებდით? რა თქმა უნდა, ისე ვერ გააკეთებდი ვერაფრით. სერგო აგიხსნიდა ძალიან კარგად დაწვრილებით, მაგალითები მოhყავდა ხელოვნების ისტორიიდან.  ძალიან კარგად იცოდა ხელოვნების ისტორია და გამორჩეულად უყვარდა კლასიკა.
ერთ შემთხვევასაც მოვყვები, როგორ იცოდა ახსნა. მასთან ვხატავდი და ძალიან მოსწონდა ჩემი ნახატები. ერთხელ მითხრა - შენ კარგად ხატავო და მოდი, ახლა მე რაკურსში დავაყენებ ნატურას და ასე დახატეო. მაგიდაზე მაღლა დამიყენა ქალი, ლია - იყო ასეთი ქართველი ნატურა, ძალიან კარგი ტანი ჰქონდა. ხელი აქვს ზემოთ აწეული და იდაყვში მოხრილი. ვხატავ და ხელი არ გამომდის, ვერაფრით ვერ დავხატე, მოვა, გაეცინება „ნუ დავაი, დავაი“ მეტყვის, წავა. სამი დღე გავწამდი, გავგიჟდი კინაღამ, ვფიქრობ, რა არის ეს, ვერაფრით ვერ ვხატავ. მოვიდა მეოთხე დღეს და მითხრა – მე, რა თქმა უნდა მინდოდა, რომ შენ თვითონ გაგეკეთებინა, მაგრამ ახლა მე გასწავლი, როგორ უნდა გააკეთოო. სახურავიდან ჩამოშვებული მილი იციო? შემეკითხა. როგორ არ ვიცი - ვუპასუხე, ქალაქში ყველგანაა, სადაც არ უნდა გაიხედო. კარგიო - მისი მოხრილი მუხლი თუ იციო? კი, როგორ არა-მეთქი - ვუპასუხე. ხოდა, დამიხატე ახლა ეგ ზეპირადო. მეც, რა თქმა უნდა, დავხატე. ახლა გადაატრიალე და რაკურსში, როგორც ეს ხელია - ისე დახატეო.  ისეც დავხატე. ახლა მიაბი კუნთები და გამოგივაო.  ათ წუთში გავაკეთე. აი, ასე ადვილად და მარტივად ამიხსნა, როგორ უნდა გამეკეთებინა ხელი ამ რაკურსით.
ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მე ვგრძნობდი, რომ ძალიან ვუყვარდი, მაგრამ არასოდეს ამას სხვა სტუდენტებთან არ იტყოდა და არც ჩემთან, რომელიმე სხვა გამორჩევით თუ უყვარდა.
მოვიდა ერთხელ და გვითხრა: მე თქვენთან კვირაში სამი დღე დავდიოდი და ახლა შოთა კუპრაშვილი გასწავლითო. ყველას გული დაგვწყდა, ვიფიქრეთ, სად სერგო და შოთა კუპრაშვილი, არც ვიცოდით, ვინ იყო. მოიყვანა ვიღაც ახალგაზრდა კაცი, გამხდარი, პატარა. ვიფიქრეთ, ეს ვინ არის, ამან რა უნდა გვასწავლოს სერგოს შემდეგ, მაგარამ, მერე ისე შეგვიყვარდა ყველას, ჯერ ერთი, კარგად ფლობდა ნახატს და კარგი პედაგოგიც იყო. სულ რაღაცას მასხრობდა, ლაპარაკობდა. ბატონი სერგო შოთა კუპრაშვილთან ერთად დადიოდა ყველგან, სათევზაოდ ან სადმე, ძალიან უყვარდა შოთა.
ძალიან ბევრი კარგი რამ მახსოვს და ყოველთვის ვიქნები მისი მადლიერი  და უზომოდ ბედნიერი ვარ, ასეთი პედაგოგი რომ შემხვდა. მე, სხვათა შორის, ვასილ შურხაევთანაც დავდიოდი პარალელურად სავარჯიშოდ. რეპინის სტიპენტია მქონდა და მეშინოდა მისი დაკარგვის. მამა არ მყავდა, დედა გვზრდიდა სამ შვილს და არ გვქონდა მატერიალური საშუალება. აკადემიაში საღებავებსაც გვაძლევდნენ, სახატავ საშუალებებსაც, მაგრამ კვება, ჩაცმა - ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი სტიპენდია არ მეყოფოდა.  ზედმეტს ვმუშაობდი, ისედაც მინდოდა,  მეტი მესწავლა. თან, ისეთი სწავლა იყო, რომ ზოგი მხატვარი ზოგჯერ  ორიანს სპეციალურად იღებდა თეორიაში, რომ კურსზე დარჩენილიყვნენ და კიდევ ერთი წელი  ესწავლათ და ემუშავათ სამხატვრო აკადემიაში. მივედი ერთხელ და ვუთხარი: ბ-ნო სერგო შეიძლება, რომ მე პარალელურად  საღამოობით შურხაევთანაც  ვიარო-მეთქი (დილის საათებში გვქონდა ბატონ სერგოსთან გაკვეთილი და საღამოს იყო შურხაევთან).  ვიფიქრე, არ წყენოდა, რადგან მისი მოსწავლე ვიყავი და მასთან ვმუშაობდი. კი ბატონოო - მითხრა, იარეთ, ნებას გრთავთ, მეტიც, ეს ძალიან კარგი იქნება, ის დიდი ოსტატი, დიდი მხატვარია და ბევრ რამეს ისწავლით მისგანო. და მე, ასე პარალელურად ვსწავლობდი ორივესთან და თუ ხატვა ვიცი, სერგო ქობულაძისა და ვასილ შურხაევის დამსახურებაა.
ყველა პატივს ვცემდით, ვიცოდით, რომ მას დახატული ჰქონდა ოპერის ფარდა. მე არ დავსწრებივარ, მაგრამ მახსოვს, ასე საუბრობდნენ,  როდესაც იხსნებოდა ფარდა მჟავანაძე მოვიდა გახსნაზე და ხომ უნდა ეთქვა რამე ფარდის შესახებ. გაიხსნა, შეხედაო და  ამბობს - ყველაფერი კარგია, მაგრამ რაღაცაა მგონი მაინც ზედმეტიო. ფარდის ზემოთ ლენინის ორდენი იყო გაკეთებული და ბატონ სერგოს უთქვამს - ეს გამოსახულება მოაშორეთ და ზედმეტი აღარაფერი იქნებაო. მარტო სერგოს შეეძლო ამის თქმა! ეს ისეთი პერიოდი იყო, მაგის გამო ყველას დააპატიმრებდნენ. როდესაც ოპერაში ფარდა დაიკიდა,  ჩევენ, სტუდენტები, დავდიოდით და ვუყურებდით ფარდას. იქ ადმინისტრატორს (გვარი, სამწუხაროდ, არ მახსოვს) ვეტყოდით ხოლმე - ჩვენ სერგოს სტუდენტები ვართ, შეგვიშვით, ვნახოთ-თქო და გვიშვებდნენ.  სპეციალურად მივდიოდი ერთი საათით ადრე, რომ კარგად მენახა. ფერიც მახსოვს - დამჯდარი შინდისფერი იყო, მონაცრისფრო ტონები ჭარბობდა. არაჩვეულებრივად ჰქონდა გადმოცემული ხალიჩის ფაქტურა.
როგორც უკვე ვთქვი, გამორჩეულად უყვარდა კლასიკოსი ოსტატები. არასოდეს  დამავიწყდება, უკვე ასპირანტურაში ვსწავლობდი და ბ-ნი სერგო დამინიშნეს ხელმძღვანელად. ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, ძალიან მიყვარდა ეს პედაგოგი. მაშინ, ასპირანტებს რუსეთში აგზავნიდნენ  და მეც,  მოსკოვში, სურიკოვის და სტროგანოვის ინსტიტუტებში გამაგზავნეს, რომ იქ ასპირანტების სწავლების მეთოდი მენახა. მაშინ პირველად ვნახე ძალიან კარგი ხარისხის რეპროდუქციები. ჩვენთან მხოლოდ შავ-თეთრი რეპროდუქციები იყო. ახლაც მაქვს გუდიაშვილის წიგნი, 1947 წელს ვიყიდე, თითქმის სულ შავ-თეთრია, ერთი-ორი ფერადი ნამუშევარია შიგ, მაგრამ მისი ხარისხიც ძალიან დაბალია. უცებ, ვნახე  ლაიფციგში დაბეჭდილი ლეონარდო და ვინჩის „მადონა ბენუას“ რეპროდუქცია. ვიცოდი, რომ ბ-ნ სერგოს  ძალიან უყვარდა ეს მადონა.  საკმაოდ ძვირი ღირდა, მაშინ 10 მანეთი სტუდენტისთვის დიდი ფული იყო, მაგრამ ორი ცალი ვიყიდე - ერთი ჩემთვის (ახლაც მაქვს) და მეორე ბ-ნი სერგოსთვის. რომ ჩამოვიტანე და მივუტანე, რაღაცას რომ მისცემ პატარა ბავშვს და  გაუხარდება, ისე გაუხარდა ბატონ სერგოს, იჯდა, ჩაიხუტებდა ‹‹Спасибо тебе Рома, большое спасибо›› - თან მეკითხებოდა, რომელი ჩარჩო მოუხდებოდა ნამუშევარს. ბოლოს, გადაწყვიტა მონაცრისფრო ფერის ჩარჩოში ჩაესვა. აი, ასეთ დღეში იყო კაცი. ძალიან უყვარდა კლასიკა.
ეს ის პერიოდია, როცა ძალიან ბევრი გატაცებულია იმპრესიონისტებით, პიკასოთი, სალვადორ დალით და  სხვებით. ზუსტად მაშინ  „მონა ლიზა“  ჩამოიტანეს, მთელი ევროპა მოატარეს და საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც იყო გამოფენილი. მოჰქონდათ გემით სპეციალური ცეცხლგამძლე სამხედრო ყუთით, რომელიც არ იძირებოდა, ათი სამხედრო გემი  და ზემოდან თვითმფრინავები აცილებდა. მაშინ შევეკითხეთ, პიკასოზე რა აზრის იყო ბატონი სეგგო - ‹‹Я, не отрицаю, что он хороший художник, но я верю, что никогда его работы не будут в несгораемом ящике, и не будут сопровождать десять военных кораблей и десять военных самолетов››. ამით  ყველაფერი თქვა და გაჩერდა.
ახლა, სერგო ქობულაძესთან დაკავშირებით ასეთ ამბავს მოვყვები.  ედმუნ კალანდაძე ცნობილი მხატვარია, მე მიმაჩნია, რომ კარგი მხატვარია, გენიოსი არაა, სერგო ქობულაძე გაცილებით უფრო მაღლა დგას, მაგრამ, კარგი მხატვარია და ვერ წაართმევ ამას. მხატვართა საკავშირო ყრილობაზე, ერთ შეხვედრაზე, ედმუნდს უთქვამს, რომ პოლიტიკური განცხადებით გამოსვლა სურდა. გამოსულა და უთქვამს, რომ რაც საბჭოთა კავშირი დაარსდა, იმის შემდეგ, საერთოდ სურათი არ შექმნილა, ხელოვნება სულ უკან წავიდა და კიდევ უამრავი რამ. გაგიჟდნენ, რა თქმა უნდა, ამას ვინ აპატიებდა? საკავშირო მხატვართა  კავშირიდან მოვიდა ბრძანება, გაერიცხათ კავშირიდან, არ მიეცათ მისთვის სამუშაო, არავითარი ხელშეკრულებები, არ მიეცათ გამოფენის უფლება და ეს ყველასთვის კანონი იყო. ერთი იყო, რომ ნიკოლოზ კანდელაკმა  დაჭერას გადაარჩინა, თორემ, ის ისეთი პერიოდი იყო, ხრუშოვის დრო, რომ   ასეთ შემთხვევაზე დააპატიმრებდნენ. კანდელაკს უთქვამს: მართალია, ნიჭიერია, მაგრამ ფსიქიკურად დაავადებულიაო, ჩვენ ვიტანთ, რადგან ვიცით მაგის მდგომარეობა და დაანებეთ თავიო. მაშინ კოლიას სახელი ჰქონდა და დაუჯერეს, არ დააპატიმრეს. და ასე, იყო ეს ედმუნდ კალანდაძე გაგდებული, მშიერი, არავითარი ხელშეკრულებები, არაფერი, გამოფენებზე ვერ იღებდა  მონაწილეობას და ამ დროს სერგო ქობულაძემ (მე მგონი მაშინ კათედრის გამგე იყო)  მოიყვანა აკადემიაში, მოაწყო და დააწყებინა მუშაობა ჯერ ნახევარ განაკვეთზე. მერე სერგომ, როგორც კათედრის გამგემ, კიდევ გამოუძებნა საათები, კიდევ ერთი განაკვეთი მოუმატა და მეხუთე კურსზე, ედმუნდ კალანდაძე, ერთი წელიწადი მასწავლიდა. მე რომ მასწავლიდა ედმუნდი, უკვე დოცენტი იყო, დოცენტად გახადა, წარადგინა და გაიყვანა ბოლომდე. მე ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ ძალიან კარგად მასწავლა. თვითონაც ძალიან კარგად ხატავდა სტუდენტობის დროს. არის სამხატვრო აკადემიის წიგნი და იქ არის მისი მამაკაცის შიშველი ფიგურა, ძალიან კარგადაა გაკეთებული. ნელ-ნელა დაუწყო სერგო ქობულაძეს ჩხუბი. ეუბნებოდა, რომ იგი არასწორი მეთოდით ასწავლიდა. თვითონ რაღაც ახალი მეთოდი მოიგონა - ფორმას ამრგვალებდა. მაგალითად, თავს  სფეროს  ფორმისას აკეთებდა  და ამტკიცებდა, რომ ეს მეთოდი ბევრად უკეთესი იყო. ითმინა, ითმინა ბატონმა სერგომ და რამდენი უნდა მოეთმინა, სულ ამაზე იყო ლაპარაკი. უნდა ვთქვა, რომ თვითონ ედმუნდი არ იქცეოდა კარგად, მიუხედავად იმისა, რომ განათლებული იყო და  ხელოვნების ისტორია იცოდა.  სტუდენტები, რომლებიც პირველად იგებდნენ, ვინ იყო პიკასო, დალი და სერგო მათ დიდი გატაცებით  უხსნიდა ყველაფერს, ღმერთი ეგონათ. და ამ დროს ედმუნდი სტუდენტებს ეუბნებოდა, რომ სერგო ქობულაძემ ხატვა არ იცისო, მე გასწავლით თქვენ ხატვა როგორ უნდაო. ეს, რა თქმა უნდა, გაიგო სერგომ. რამდენიმე წელიწადი ერთმანეთში ასეთი ურთიერთობა გრძელდებოდა. ესე იგი საქმე იქამდე მივიდა, რომ  ერთ დღეს დამიბარა გოგი თოთიბაძემ (აკადემიის რექტორი იყო მაშინ) და მითხრა, ამ საქმის განხილვა მოგვეწყო კათედრის წევრების დასწრების. სტუდენტები არ შეიყვანოთო, იქ შეიძლება ერთმანეთს შეურაცხოფა მიაყენონ და შენ როგორც დეკანმა, როგორც კი ნახავ, რომ სიტუაცია იძაბება, მაშინვე შწყვიტე სხდომაო. შევკრიბე ყველა, დაიწყეს საუბარი. ედმუნდ კალანდაძემ სერგოს უთხრა, რომ თქვენ არასწორი მეთოდით ასწავლითო და სტუდენტები ასე ხატვას ვერასოდეს ისწავლიანო. აი, ჩემი მეთოდია სწორიო. ახალ აკადემიაში მიდიოდა ეს სხდომა. დერეფანში თავისი მომხრე სტუდენტები ჰყავდა შეკრებილი, გავიდა ედმუნდი და უთხრა - მომიტანეთ ჩემი ნახატი თქვენთან ერთად რომ დავხატეო. შემოიტანეს ნახატი. შევხედეთ ნახატს და მართლაც უამრავი შეცდომა იყო ზედ დაშვებული. არ ვიცი, რა დაემართა,  კარგად ხატავდა. ამ ნამუშევარში მოუვიდა ეს შეცდომები თუ რა იყო - არ ვიცი. იქ ჩაეცინა სერგოს და თქვა: თუ ეს არის კარგი ნამუშევარი, მაშინ სტუდენტები ვერაფერს ისწავლიანო. სხდომაზე იჯდა შესანიშნავი მხატვარი, დუდა გაბაშვილი. იმან უთხრა ‹‹Эдмунд, какие у вас очки?›› (ედმუნდი დიდი სათვალეებით დადიოდა). ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი, პლიუს  ხუთი უპასუხა. დუდამ თავის სათვალე მიაწოდა და უთხრა - აბა, ამ სათვალით შეხედეო, იქნებ, შეცდომები დაინახოო, როგორც ჩანს, ექიმმა თქვენ არასწორი სათვალე დაგინიშნათო. ედმუნდი ამაზე გაბრაზდა, დაიწყო ყვირილი - თქვენ მოკალით დავით კაკაბაძე და ახლა ჩემი მოკვლაც გინდათო. ამაზე დუდა გაბაშვილმა ასე უპასუხა: „ედმუნდ, შენ ძალიან ბევრს იღებ შენს თავზე, შენ დავით კაკაბაძის ფრჩხილადაც არ ღირხარ და გაჩუმდიო“. შემდეგ სერგო ქობულაძეს მიუბრუნდა ედმუნდი და ეუბნება: - თქვენ არაყს სვამთ და, ამის გამო, სტუდენტებს არ უყვარხართო. სერგომ უთხრა: „კი, მართალია, მე ვსვამო, მაგრამ აუდიტორიაში არასოდეს დამილევია სტუდენტებთანო. მაგრამ ნასვამიც რომ ვიყო და ამ ოთახში მე და შენ ერთად ჩაგვკეტონო, მე კიდევ ერთ შოთა რუსთაველს გავაკეთებო, კიდევ ერთხელ დავხატავ „იგორის ლაშქრობის“ და შექსპირის ილუსტრაციებს  და შენ მარტო სახურავების ეტიუდს თუ გააკეთებ, ამ ფანჯრიდან რაც მოსჩანსო“. და მართლაც, ედმუნდი მართლა კარგი პეიზაჟისტი იყო, მეც მომწონდა მისი ფერწერა. ნახატი ძლიერი ჰქონდა, მარგამ კომპოზიციაში სუსტი იყო, სურათები საერთოდ არ ჰქონდა. ბატონმა სერგომ ზუსტად უთხრა, რაც ეკუთვნოდა. მერე, ცოტა რომ დაიძაბა ვითარება და ედმუნდი შეურაცხყოფაზე  გადავიდა, მე მაშინვე შევწყვიტე სხდომა და სხვა დღისთვის გადავდეთ, მაგრამ, მერე უკვე აღარ გაგრძელებულა.
მოგიყვებით როგორი ობიექტური იყო - მისი ქალიშვილი აბარებდა სამხატვრო აკადემიაში. მე  მიმღები კომისიის მდივანი ვიყავი. ვღელავ, ჩემი საყვარელი პედაგოგის ქალიშვილი აბარებს  და რა ვქნა, როგორ დავეხმარო. შევედი და ვნახე, რაღაც საშინელება დახატა. ფიგურა ვერ დგას, ვარდება, კუნთები არაა ადგილზე, კონსტრუქცია მთლიანად დანგრეულია. რას ვიზამთ, უნდა დაუწერონ ორიანი. შიფრის გაცემა, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა, მე მქონდა. იძულებული გავხდი მეთქვა,  რომ ეს სერგოს ქალიშვილის ნამუშევარი იყო, მაგრამ ვერც ერთმა პედაგოგმა ვერ დაწერა სამიანიც კი. დაუწერეს ორიანი. მეორე დღეს ბატონი სერგო მოვიდა ჩემთან და მითხრა - „რომა მე ვიცი, რომ შენ უფლება არ გაქვს მაჩვენო ჩემი შვილის ნამუშევარი, მაგრამ მეგობრულად გთხოვ, მაჩვენეო. მე ვუთხარი: - რას ამბობთ, ბატონო სერგო, რომც გამაგდონ აკადემიიდან, მე მაინც გაჩვენებთ ნამუშევარს, ნამდვილად ორიანზეა დაწერილი-მეთქი. ვაჩვენე,  შეხედა - ‹‹И все-таки необъективно написали отметку›› - თქვა, შემობრუნდა და წავიდა. კინაღამ იქვე ჩავიკეცე, ცუდად გავხდი, ვიფიქრე, მშობლები თავის შვილებზე ასე როგორ გიჟდებიან-მეთქი. ბოლოს მაინც გავეკიდე,  კარებში დავეწიე:  „ბატონო სერგო თქვენ თვლით, რომ ჩვენ არასწორად შევაფასეთ? - ვკითხე. ‹‹Ей единица была положенна, а вы двойку написали›› - ასე მითხრა ზუსტად. მერე არც ჩაუბარებია იმ გოგონას. მეორე შვილი, მერაბი, აკადემიაში კერამიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
ოქროს კვეთასთან დაკავშირებით შემიძლია გავიხსენო. დავით ციციშვილი მასწავლიდა ამ საგანს და დავინტერესდი, ვსწავლობდი, რას წარმოადგენდა  ოქროს კვეთა, რა იყო მცირე ოქროს კვეთა, ირაციონალური პროპორციები. ერთხელ, სერგო ქობულაძე და დავით ციციშვილი აივანზე იდგნენ და საუბრობდნენ. მე იქვე ვიდექი რაღაც საქმეზე. როგორც უკვე ვთქვი, დაინტერესებული ვიყავი მცირე ოქროს კვეთით. მცირე ოქროს კვეთას კიდევ ეძახიან ოქროს კვეთის ფუნქციას. მე მივედი და ვკითხე, შეიძლება, რაღაც გკითხოთ-მეთქი. აი, მცირე ოქროს კვეთის ფუნქცია რომაა, მე წიგნში ვნახე მისი აგების წესი და სწორია თუ არა-მეთქი და თან იქვე დავუხაზე. ბატონი სერგო დიდი თვალებით მიყურებდა, რადგან მხატვრები იშვიათად ინტერესდებოდნენ  ასეთი საკითხებით. მაშინ მითხრა, მე თითქმის დავამთავრე ნაშრომი ოქროს კვეთაზე და მალე, ალბათ, გამოვცემო. თვითონ მცხეთის ჯვარზე ამტკიცებდა, რომ ირაციონალურ პროპორციაში იყო გაკეთებული. სულ თვითონ იძრომიალა და თავის ხელით, თოკით გაზომა ყველაფერი - სიმაღლე, სიგანე. მუშაობდა ატენის ანგელოზის ფიგურაზე. ამბობდა, რომ ჩვენთან ამ საკუნეებში, თამარის დროს უკვე იცოდნენ, რა იყო ოქროს კვეთა, ოსტატები ამ პროპორციების საშუალებით მუშაობდნენო. რომ გაიგო, ეს საკითხი მაინტერესებდა, რამდენი მნახავდა, გამაჩერებდა და მელაპარაკებოდა ამ თემაზე, როგორ მუშაობდნენ ძველი ოსტატები. თვითონ ძალიან ბევრს მუშაობდა ამ საკითხებზე.
რაც შეეხება მეორე ფარდას, მახსოვს, ჩემს სახელოსნოში იყო მოსული - რაღაც კონსულტაციებს მიტარებდა. ვკითხე - ბატონო სერგო,  რამდენი ხანია, თქვენ ეს შეკვეთა გაქვთ და რატომ არ აკეთებთ-მეთქი. ლენინგრადიდან ჩამოატანინა საღებავები, ტილოები, ფუნჯები, ყველაფერი, რა მასალაც სჭირდებოდა. მითხრა - მე  ფულზე მევაჭრებიან, სულ 1000 მანეთს ვითხოვ ზედმეტსო. ოპერა რომ გადიდდა, სცენის ზომამ თითქმის ორჯერ მოიმატა  და ფარდაც ორჯერ დიდი უნდა იყოსო. მერე, აღარც ისეთი ახალგაზრდა ვარ, როცა პირველ ფარდას ვხატავდიო, მე ეხლა რამდენიმე მხატვარი უნდა ავიყვანო, ვინც დამეხმარებაო. იმათაც ფული უნდა მივცეო. მასალაც ძვირია და მეც ხომ მხოლოდ 1000 მანეთით მეტს ვითხოვ და ამაზე ცეკა უკვე ერთ წელზე მეტია, მევაჭრებაო. მღებავი რომ მოიყვანონ, ის უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე მე მიხდიანო. ეს არ დამავიწყდება. სკამზე იჯდა და თქვა - ზურაბ წერეთელი მარცხენა ფეხის მანიპულაციით რაღაცას დახატავს და მას მილიონს გადაუხდიან და მე 1000 მანეთზე მევაჭრებიანო. ალბათ, მართლა რომ მიეცათ ის ფული, იქნებ დაგვრჩენოდა ეს ბრწყინვალე ფარდა. გულნატკენი იყო იმაზე, რომ ფარდაზე ამდენს ევაჭრებოდნენ. ჩვენი პატარა ქვეყნის უბედურებაც ეს არის, საფრანგეთს, იტალიას ან რომელიმე სხვა ქვეყანას რომ ჰყოლოდა ასეთი დონის მხატვარი, როგორიც  ბატონი სერგო იყო, ის  პიკასოზე და ბევრ სხვა მხატვარზე უფრო დაფასებული იქნებოდა.
ბევრი რამის მოგონება შემიძლია. ძალიან საინტერესო  პიროვნება იყო და ყველას გვიყვარდა. გვიყვარდა იმიტომ, რომ კარგი მხატვარი და, რაც მთავარია, კარგი ადამიანი იყო - კულტურული, მოწესრიგებული და განათლებული, რაც, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, მე თვითონ მხატვარი ვარ - მხატვრებში იშვიათია. ეტყობა, მხატვრები მთელ თავის ენერგიას თავის შემოქმედებაზე ხარჯავენ, დანარჩენზე აღარ აქვთ დრო და ძალა.
ბევრი კარგი რამ ვისწავლე მისგან და მისი მადლიერი ვიქნები ყოველთვის, მთელი ცხოვრება. სერგო ქობულაძეს მხოლოდ იგორის ლაშქრობის და რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები, ოპერის ფარდა და დანტე რომ გაეკეთებინა, ესეც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ხელოვნების ისტორიაში  უდიდეს მხატვრად დარჩენილიყო.

თეიმურაზ (თემო) გოცაძეთეიმურაზ გოცაძე - მოგონება სერგო ქობულაძეზე. 2019 წლის 22 ოქტომბერი. ჩანაწერი მომზადდა გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრში ჩატარებულ სერგო ქობულაძე-110 წლის საიუბილეო  კონფერენციაზე  წარმოთქმული სიტყვის მიხედვით. ვიდეო ჩანაწერი იხ.
https://www.youtube.com/watch?v=s9cjcvLGE3M&t=15s

12

სამხატვრო აკადემიაში, ძირითადად, ორი მიდგომა არსებობდა. (ილ. 12) ძალიან განსხვავებულად ხატავდნენ მოქანდაკეები და ძალიან განსხვავებულად ხატავდნენ ფერმწერები, კერამიკოსები, არქიტექტორები და დანარჩენები... ჩვენი ნახატები იყო ბევრად უფრო „რბილი“, ვიდრე მოქანდაკეების. მოქანდაკეების - ქვა გეგონებოდათ, რეალურად. თან, იმ მომზადების პერიოდში, ძირითადად, შტრიხით ვაკეთებდით ყველაფერს. სერგოსთან ცოტა სხვანაირი მოდელირება იყო და იმ მოდელირებას არ ვღებულობდით, მით უმეტეს, 16 წლის „ლაწირაკი“ ხარ, არაფერი არ გესმის ფაქტoბრირად. და ვაკეთებ ორმეტრიან ფიგურებს... შემოვიდა, შეხედა და "что это такое"-ო „ты что, обалдел? 25 сантиметров, ни больше, иначе рисовать не сможешь. Ты же когда рисуешь, должен думать. Когда голову рисуешь, надо ноги подразумевать. Двухметровые рисуешь, какие ноги, где ноги? Где пропорции? Поэтому - 25 сантиметров, когда голову отрисуешь, ноги видишь, фактический“ - თქვა და ჩაიარა... მე მაინც ჩემ ორმეტრიან ფიგურას ვაგრძელებ, ისე, როგორც იყო. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ბოლოს, რომ ძალიან „გახურდა“, ვუთხარი: "Сергей Соломонович, садитесь рядом с нами, рисуйте, посмотрим и так или иначе научимся" - "Ишь, чего захотел, сам копайся". მე ვუთხარი: "Тогда сам буду копаться, пройдет пятнадцать-двадцать лет и я дойду. Сегодня же гораздо легче я могу это получить, если ..."  - "Нет – говорит – сам копайся, если сам не докопаешься, вряд ли ты что нибуть сделаешь" – მოკლედ, ამანაც ჩაიარა. მეორე წელს უკვე სხვა პედაგოგი გვყავდა. ისიც ძალიან საინტერესო კაცი იყო - სოსო გაბაშვილი, საოცარი პიროვნება გახლდათ, უმაღლესი რანგის ინტელიგენტი და, ასე თუ ისე, დავამთავრეთ, გავდივართ უკვე დიპლომის დაცვაზე. ესკიზი მაქვს დიპლომის და ჩამოიარა კომისიამ, მათ შორის სერგოც არის. ჩამოიარა და - პორტრეტი მქონდა, მეუღლე ჯერ არ იყო, მომწონდა და მხატვრის სახელოსნოში მისი პორტრეტი მქონდა გაკეთებული. ჩამოიარა და „ზიგმუნდ ვალიშევსკი!“ თქვა და ჩაიარა... ვდგავარ იქ. მოკლედ, ახალგაზრდა ხარ „ნაგლი“ ხარ, ფაქტობრივად,  „ნაგლი“ ხარ და ვეტაკე "Зигмунд Валишевский в 20 веке валяется, живет и жил, а я знаю художников, которые из пятого века еще не вышли" - გაიარა, მობრუნდა და მითხრა "Кого подразумеваешь"-ო მკითხა და "Кого я подразумеваю, он понял", ესე იგი, აი, ასეთი წიოკის ურთიერთობებია... დამთავრდა აკადემია, ის ნამუშევარი არ დაუშვეს დიპლომზე, ამიტომ, იძულებული ვიყავი, პორტრეტი გამეკეთებინა ერთ დღეში, ბებიაჩემის პორტრეტი გავაკეთე ერთ დღეში და დავიცავი დიპლომი. დავიცავი და წამოვედი.
გაიარა რამდენიმე ხანმა, მე უკვე ტელევიზიის მთავარი მხატვარი ვარ და მირეკავს მერაბი და მეუბნება - თემო, ბატონი სერგო აღარ არის უკვე აკადემიაში რეალურად და მოდი რა, შენც შემოუერთდი, არის ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი, ვისაც აინტერესებს ოქროს კვეთასთან დაკავშირებით საკითხებიო. შეიკრიბა ეს ჯგუფი, გივი მეტრეველი იყო არქიტექტორი, კიდევ იყო ერთი-ორი არქიტექტორი, ვოვა იყო კანდელაკი, მახსოვს, მეც ვიყავი მათ შორის და მოკლედ, შვიდი-რვა კაცი ვიყავით.  მიგვიღო სერგომ ... შემომხედა და "Ты что делаешь?" – მე ვუთხარი "С  молодежью пришел. Мне тоже интересно", "А ты не поймешь"-ო მითხრა. არა, ყველაფერს გასცდა, უკვე ისეთი სიტუაციაა. "Хорошо - ვუთხარი - Сергей Соломонович, можно, все равно останусь и послушаю?". დაგვსვა და გვითხრა: „აბა, მიდით, ამიგეთ პენტაგონიო“. და აი, იმ რვა კაციდან პენტაგონი ააგო მარტო გივიმ და ავაგე მე.  და გაუკვირდა... "Откуда"-ო? მე ვუთხარი „გავდიოდი ხაზვას, ვსწავლობდი ხაზვას და პენტაგონიც მაჩვენეს - ხაზვაში, ჩვეულებრივი მოცემულობაა“. ეს იყო პირველი ვარიანტი, იმ დღეს აგვიხსნა ციფრთა მატემატიკური შედარებები, ეს ყველაფერი დააკავშირა იმ სქემასთან, რომელიც მას დამუშავებული ჰქონდა და რომელშიც ჩასმული ჰქონდა დორიფორის თავი. აგვიხსნა ეს, ნახაზი გაგვიკეთა, ჩვენს გაგვაკეთებინა, წამოვედი სახლში... მოკლედ, ყელში მაქვს მობჯენილი და მთელი კვირის მანძილზე, იმ მოცემულობაში, გირლანდაიოს თავი ჩავსვი, პინტურიკიოს თავი ჩავსვი, პირო დელა ფრანჩესკას თავები ჩავსვი, ლეონარდოს და მიქელანჯელოს თავები ჩავსვი, მოკლედ, ათამდე თავი ჩავსვი მის მიერ მოცემულ სქემაში, რომელშიც მხოლოდ დორიფორი ჰქონდა გაკეთებული თვითონ. მერე დავსვი ნატურები - მეუღლის პორტრეტი გავაკეთე, გია ბადრიძის პორტრეტი გავაკეთე, თემო ჭიჭინაძის პორტრეტი გავაკეთე, კიდევ ჩემი ძმების პორტრეტი გავაკეთე ნატურიდან ხატვით, იმ წერტილების გათვალისწინებით და ათი ფურცელი გავაკეთე. წერტილები როცა იცი, მერე ცხვირი გინდა, დიდი გააკეთე, ყური საიდანაც გინდა, მიაბი და ა.შ. რაც გინდა ქენი, დაარღვიე როგორც გინდა... მოკლედ, გიჟს ვგავდი, ისე ვმუშაობდი. დავამუშავე ეს ყველაფერი და მივედი. - რა არისო? - მკითხა. მე ვუთხარი "То. что вы нам объяснили, я постарался понять" და გადაშალა, დაათვალიერა, არაფერი არ უთქვამს, ნახევარი საათი გველაპარაკა, მერე თქვა რომ - "Ну сегодня все" და  მომმართა "Ты вот останься", გივის უთხრა დარჩიო, ვოვას უთხრა კიდევ კანდელაკს და მგონი, გოგოლაშვილს, ამირანს. გადმოიღო საქაღალდეები და გვანახა აბსოლუტურად ყველა შაბლონი, რაც კი ჰქონდა გაკეთებული ფარდასთან დაკავშირებით. ეს იყო, ფაქტობრივად, პირველი შეხვედრა ცოდნასთან. ჩემთვის პირველი შეხვედრა იყო ცოდნასთან, იმიტომ, რომ ყველაფერი დანარჩენი აგებული იყო „ალა პრიმაზე“, ემოციაზე, თუ გააკეთებ - გააკეთებ, არადა - არა. ანუ, ყველა წერტილი იყო გათვლილი, ისეთი მატემატიკური გაანგარიშება, ისეთი გეომეტრიული ნახაზები იყო, ცუდად გახდებოდი. და აი, ის დღე იყო და ის დღე... მერე, როცა არ მივდიოდით, მერაბი რეკავდა და „ბიჭო, გელოდებათო და როცა არ მოდიხართ, სმას იწყებსო“.
და გავიხსენებ ახლა, ის პერიოდია, როცა ფარდის მეორე ესკიზსს აკეთებს. ტელევიზიის მთავარი მხატვრი ვიყავი მაშინ და მქონდა ურთიერთობა ცენტრალურ ტელევიზიასთან, ვთხოვე ჩემ კოლეგას, მთავარი მხატვარი ვინც იყო ტელევიზიის, რომ ცხენზე რაცა გაქვს გადაღებული, დოკუმენტური ფილმები ან ფოტოები, ყველაფერი „გადმოქაჩეთ“ ფირზე. ყველაფერი „გადმოქაჩეს“. თვითონ ნატურაზე ვეღარ მიდიოდა, ასაკოვანი იყო, რომ ცხენი ნატურიდან ეხატა. ამიტომ, ეკრანზე ნახულობდა ცხენზე გადაღებულ ყველა სიტუაციას, თანაც, ისეთი ტექნოლოგია იყო, რამე რომ მოგეწონებოდა, წერტილს დააჭერდი და კადრი ჩერდებოდა, იქვე ფიქსირდებოდა ფოტო, ის მერე იბეჭდებოდა და რახან გჭირდებოდა, გაძლევდნენ. აი, ამ სიტუაციაში შევიყვანეთ მაშინ ტელევიზიაში. მერე იყო ესეთი ამბავი - ერთხელ, მე და კოკა იგნატოვი მივედით, ფარდას აკეთებდა მაშინ.  კოკამაც და მეც ვთხოვეთ, რომ იქნებ, ნება დაგვრთოთ, დაგეხმარებით. - არაო - თქვა "Я – говорит – буду платить. Если я платить не буду, я вас не приму и вообще вы Венская школа"-ო. გამოვედით ეხლა და,  მოკლედ, „ვენსკაია შკოლა“, ანუ როკოკოს ვარიანტია. ეს არის პერიოდი, როცა ბახის მუსიკა ჩნდება, როცა ჩნდება ვაგნერი და სიმფონიურ მუსიკაში ჩნდება პარალელური კედელი. როცა ერთი თემა კი არ არის წამყვანი, არამედ, იმ ერთ თემას უამრავი შენაკადი ერთვება გვერდიდან და მონუმენტური მხატვრობაც როგორღაც მივიდა მანდ, იმიტომ, რომ ყველა სიტუაციაში თუ ეს არ იქნება, ეს პარალელური თემატიკა მხატვრობაში, ჩვეულებრივი დაზგური ფერწერა გამოდის კედელზე. ჰოდა, შეაფასა, როგორც „ვენსკაია შკოლა“. მე ვუთხარი - სერგეი სოლომონოვიჩ, შეიძლება ესეა, მაგრამ ჩვენ გამოფენას ვაკეთებთ, დავამთავრებ ამ გამოფენას და მერე თავიდან ბოლომდე მაინტერესებს, რასაც თქვენ აკეთებთ, ოღონდ მომეცით უფლება ის ფურცლები გამოვფინო. „კი გამოფინეო“ - მითხრა. მოვიდა მერე პერსონალურ გამოფენაზე, გალერეაში იყო ის გამოფენა, მომილოცა და იმ ზაფხულს წავედი, ჩამოვედი და აღარ იყო...
"Мораль басни такова" – ვინაიდან ახალგაზრდა ასაკში ძალიან ძნელია რაიმე სტაციონალურის, რაიმეს ჩარჩოში მოქცეულის, რაიმეს მათემატიკური სიზუსტით გაზომილის მიღება და გათავისება, ამიტომ, აუცილებლად უნდა არსებობდეს, ჩემის ღრმა რწმენით, აი, რა - არ იქნება ასეთი ადამიანი და არ იქნება ეს ცოდნა. ეს ყველაფერი არის დაგროვილი. ერთი წიგნი გამოიცასაუბარი ეხება წიგნს „უცნობი სერგო ქობულაძე“. თბ., 2016და ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ეს არის საოცარი გამოცემა, მართლა საოცარი გამოცემა არის, ყოველ შემთხვევაში - ჩემთვის. ადრე, დიდი წიგნი იყო გამოცემული და ორი-სამი ნახატი იყო შიგნით. ყველა ნახატი არ იყო. მაგრამ ის, რა ძიებებიც ჰქონდა,  როგორ იყო ეს მიღწეული და რანაირად „ჯდებოდა“, როგორ ეძებდა  სიდიდეებს, ზომებს, როგორ აკავშირებდა ამას ერთმანეთთან, სუყველაფერი ეს არის ამ წიგნში მოცემული. კიდევ ძალიან მინდოდა მეც და  კოკასაც, რომ გვენახა, როგორ „კეთდებოდა“ ეს  "многослойная живопись", რომელზეც თვითონ უყვარდა ლაპარაკი, და ვთხოვეთ, ხომ არ შეიძლებოდა,  შეგვეხედა ამ პროცესისათვის. არაო, აი, რომ ვიმუშავებ ფარდაზე, მერე ნახავთ, რა და როგორ არისო. მე ვიცი, რომ არსებობდა დღიურები, თითქმის ყოველდღიური,  მე ვიცი, რომ იყო ფერების აბსოლუტურად ყველა შეფარდება, მათი ერთმანეთთან დაკავშირება და რანაირად და როგორ კეთდებოდა ის ფარდა. სულ გვეუბნებოდა ერთ ფრაზას "Слушайте, неужели непонятно, что колорит сделать из четырех цветов гораздо легче, чем из стапятидесяти" და ამიტომ მეუბნებოდა: "Вот, попадешь в Венецию, обязательно посмотри школу роха". ტინტორეტოს ნახავ! იმპრესიონიზმს ხომ ღებულობდა, მაგრამ მისი გადახრები სხვაგან იყო - უფრო კლასიკურ შემოქმედებასთან, იმ  ზომასთან და ყველაფერ იმასთან, რამაც შექმნა მსოფლიო კულტურა. ნახავო, რომ კონტრაჟურში არის ფერი, სურათი, ამ დროს ყველა ფიგურა ჩანს აბსოლუტურად, როგორც არის დაწერილი თავის ვარიანტით, სხეულებს შორის ურთიერთობაში ხელი არის აწეული, ხელის შიგნით, ფეხებს შორის გამონათებებში, თავს შორის გამონათებებში შემოდის სიღრმე. რუანის ტაძარი ხომ გახსოვთ, მონესი, იმაზე უფრო ძლიერიაო. ანუ აი, უკანა ფონი, რომელიც გამოდის ამ კონტრაჟურიდან.. სასწაულია და მაგაზე ამბობდა ხოლმე, იმპრესიონიზმიო, აი, ის არის ნამდვილი იმპრესიონიზმიო.   წადითო, ტიციანის როხას სკოლა ნახეთ და მიხვდებით, რა და როგორ არისო. სწორია! სწორი იყო! მართლა დაჭირდა ამას ათი და ოცი წელიც ყველა ჩვენგანისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. იმისთვის, რომ მე საკუთარი ძიებებით მივსულიყავი იმასთან, თუკი მივედი ელემენტარულად რამესთან და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ სწორი იყო. საუბედუროდ, ეს ბევრად უფრო გვიან აღმოვაჩინე, როცა შეიძლებოდა ბევრად უფრო ადრე დაწყებულიყო ეს ყველაფერი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც არის დატოვებული, დაწყებული დღიურებიდან, დამთავრებული ჩანაწერებით, ჩანახატებით, ცალკე უნდა გამოიცეს - ის დღიურები, რომლებიც ფარდასთან დაკავშირებით ჰქონდა გაკეთებული, ფარდის ესკიზები და ყველაფერი, ისევე როგორც, მე მაინც მგონია, მგონია კი არა, ცალკე უნდა გამოიცეს ოქროს კვეთის კანონთან დაკავშირებული მთელი ის ძიებები, რაც მას ჰქონდა. და მერე ერთი კიდევ საინტერესო დეტალი - გავაგზავნეო ის ჩემი გამოკვლევაო სამხატვრო აკადემიაში, მოსკოვში და მომივიდა წერილიო და წაგვიკითხა წერილი - ხომ არ შეიძლება, რომ ცოტა უფრო გასაგები ენით დაგვიწეროთო. მერე იცინოდა და იძახდა, ამათ უნდათ, მეოთხე, მეხუთე კლასის დონეზე დავუწერო და ისე მივაწოდო, მეცნიერული ვარიანტის გაგება საერთოდ არ შეუძლიათო.
არ ვიცი, ძალიან დიდი დანაკლისია! დანაკლისი არის არა მარტო პიროვნული, დანაკლისი არის კულტურული, ისეთი დანაკლისია, რომელსაც ვერაფრით შეივსებ და გული გწყდება იმაზე, რომ არ იყო საზოგადოება იმ დონის, რომელსაც შეეძლო სწორად გაეაზრებინა მისი ნაფიქრი და ადეკვატურად ყოფილიყო აღქმული ყველაფერი ის რის გაცემაც მას შეძლო. ასე რომ ყოფილიყო დამერწმუნეთ, რომ აბსულუტურად სხვანაირი თაობა გაიზრდებოდა. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და რა ვიცი, ვისაც გვიყვარს, გაგვატარეთ! გმადლობთ!

ნუგზარ (ნუკრი) ალხაზაშვილი
თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის
ფაკულტეტის კურსდამთავრებული (1955-61) (ილ. 13)
13

ჩემი სერგო ქობულაძე  -
რჩეულთა შორის რჩეული შემოქმედი და მოქალაქე ...
ახალგაზრდების მოყვარული და თანამდგომი ...
სტუდენტთა მოძღვარი, მესაიდუმლე და მათზე მზრუნველი ...
პრინციპული და თანმიმდევრული პიროვნება სამსახურებრივ, პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ...
მეგობრებთან თანადგომის, მოლხენისა და იუმორის მრავალფეროვანი უნარის მქონე ...
სწორედ ჩვენ მიერ მრავალგზის განცდილმა ამ თვისებებმა აქცია ბატონი სერგო ყველა ჩვენგანის ახლობლად! და, რაც უმთავრესია - ამგვარი ღირსებით რჩეულმა რექტორმა აქცია
თბილისის სამხატვრო აკადემია სტუდენტებისთვის ძვირფას მშობლიურ კერად, სადაც ყოველი ფაკულტეტის ყველა კურსის სტუდენტი (ერთმანეთის მეგობარი!) ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, ვსწავლობდით, ვკამათობდით, სამშობლოს ავ-კარგს ვიაზრებდით, ვვარჯიშობდით, ვმღეროდით და ვიზრდებოდით ...

თბილისი - 27.IX.2016 წ.

„ბატონი ნუკრი ალხაზაშვილი თბილისში, 1956 წელს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებულ უმძიმეს დღეებს იხსენებს: მართალია, პირადად მე სტალინის ღირსების დამცველთა პოზიციებს ვერ ვიზიარებდი, მაგრამ მეგობრების მდგომარეობას გულწრფელად განვიცდიდი. 9 მარტს, მიტინგის მონაწილე ქართველი ახალგაზრდები დახვრიტეს. მეორე დღეს შევიკრიბეთ აკადემიაში, რომ ერთმანეთი გვენახა. შევხვდით ერთმანეთს და გავარკვიეთ, რომ საბედნიეროდ არც ერთი „აკადემიელი“ არ მოუკლავთ. მაგრამ მომხდარი ტრაგედიის გამო, ყველანი საშინლად აღელვებული და აბობოქრებუნლი ვიყავით. ბატონმა სერგომ აკადემიის სააქტო დარბაზში შეგვკრიბა და გვესაუბრება. დაახლოებით 12 საათი იყო და იქვე, გრიბოედოვის ქუჩაზე, აკადემიის ფლიგელთან სროლა ატყდა. წამოვიშალეთ. რომ გავვარდით და - მე ესეთი რამე არ მინახავს - ისე ხმამაღლა დაიყვირა, გაგვაჩერა, სწრაფად ჩაირბინა კიბეები, მივარდა აკადემიის შემოსასვლელ კარებს, ჩაკეტა, დადგა იქ და ხმამაღლა დაგვიყვირა – „მხოლოდ ჩემს გვამზე გადაივლითო!!!“ – ვინ გაბედავდა მის წინააღმდეგ წასვლას, გავჩერდით...
ცოტა მოგვიანებით დაადგინა, რომ გარეთ მყოფ პატრულს უმიზნო გასროლა მოუხდენია და რეალური საშიშროება არ იყო. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცა აკადემიიდან გასვლის უფლება. თითქოს არაფერი, მაგრამ რომ დაფიქრდები, რაზე წავიდა, რა ქნა?! ჩვენ რომ მოგვენდომებინა გასვლა, ხომ უნდა გადაგვექელა – ზუსტად ასეთი განწყობა ჰქონდა ახალგაზრდებს – „გვამზე გადავლის!“, და არ შეშინდა! ასეთი ანთებული კაცი იყო, წესიერი, პატიოსანი, საოცრად სუფთა....“უცნობი სერგო ქობულაძე. წიგნი I. თბ., 2016, გვ. 29


ნანახია: 385-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani