Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-მეთოდოლოგიური პროცესები

დავით ციციშვილი (1901-1986)
თბილისის სამხატვრო აკადემიის
კერამიკის ფაკულტეტის კათედრის დოცენტი

თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-მეთოდოლოგიური პროცესები მოხსენება წაკითხული იყო სსრკ სამხატვრო აკადემიის პრეზიდიუმისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის დირექციის ორგანიზებთ გამართულ კონფერენციაზე - 1955 წლის 30-31 მაისს. რუსულიდან თარგმნა სოფიო ჩიტორელიძემ (მოხსენება ინახება საქართველოს სახალხო მხატვრის სერგო ქობულაძის არქივში).
Cicishvili_036
თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტენთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც  1940 წლიდან დღემდე (1955 წ.), 15 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შედეგებია წარმოდგენილი, ყველას აძლევს საშუალებას (და, მათ შორის, ჩვენც!), მკაფიოდ დავინახოთ ის პერსპექტიული გზა, რაც კერამიკის განყოფილებამ განვლო ამ წლების მანძილზე.
უნდა შეგახსენოთ, რომ 1939 წლამდე, თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტის სასწავლო გეგმა შედგებოდა იმდენად ცოტა მხატვრული და იდმენად ბევრი  ტექნოლოგიური დიციპლინებისგან (როგორებიცაა: ზოგადი ქიმია, სილიკატების ქიმია, ანალიტიკური ქიმია, კერამიკის ტექნოლოგია და ა.შ.), რომ კერამიკის ფაკულტეტის სტუდენტები, თავისი პროფილით, უფრო ინჟინრებად შეიძლება ჩათვლილიყვნენ, ვიდრე მხატვრებად.
უდავოა, რომ მხატვარი-კერამიკოსისთვის ქიმიის ცოდნა საკმაოდ სასარგებლოა,  მაგრამ მას არ შეუძლია არასაკმარისი მხატვრული განათლებიდან წარმოქმნილი ხარვეზების შევსება. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია ის გარემოება, რომ ამჟამად, კერამიკის განყოფილებაზე  მხატვრული დისციპლინები (ნახატი, ფერწერა, ქანდაკება და კომპოზიცია) იმდენივე მოცულობით ტარდება, რამდენიც დანარჩენ განყოფილებებზე და, შესაბამისად, ტექნოლოგიური საგნების სასწავლო საათებიც შემცირებულია.
აღსანიშნავია, რომ დიდი ხნით ადრე, სანამ ჩვენ, სსრკ ხელოვნების სასწავლო დაწესებულების საქმეთა კომიტეტის მთავარი სამმართველოდან  ფაკულტეტის პირველ ტიპურ  სასწავლო გეგმას მივიღებდით, დოცენტმა ა. ი. ფიცხელაურმა, რომელსაც კერამიკის კათედრის ხემძღვანელობის მრავალწლიანი  გამოცდილება ჰქონდა და კარგად ესმოდა კერამიკოსი-მხატვრისთვის მხატვრული დისციპლინების პრიორიტეტული მნიშვნელობა, აკადემიის დირექციის წინაშე დააყენა საკითხი დასახელებული საგნების მოცულობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ. ასევე, მოითხოვა კვირაში ორი საათი დატვირთვით კომპოზიიციის კურსის დამატება კერამიკის ფაკულტეტის  IV და V კურსის სტუდენტებისთვისაც. ეს მოხდა 1939/40 სასაწავლო წელს. აქედან მოყოლებული, კათედრის ხელმძღვანელობა, უკლებლივ მთელ კოლექტივთან ერთად, იბრძვის საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებშის მხატვრული დონის ასამაღლებლად.
რა ხდებოდა 1939 წლამდე?! როდესაც კომპოზიცია საერთოდ არ ისწავლებოდა! ხოლო ნახატის, აკვარელის და ქანდაკების სწავლებას  არასრული კვირა  ეთმობოდა! (კვირაში სამი დღე ორ-ორი საათი) დანარჩენი დრო ზოგადი განათლებისათვის იყო საჭირო და ასევე,- ტექნოლოგიური საგნებისთვის  განსაზღვრული.
აქვე ჩნდება კითხვა, რა სახის მხატვრულ-კერამიკულ ნამუშევრებს ქმნიდნენ კერამიკის ფაკულტეტის სტუდენტები ამ დროს?! ისინი ამზადებდნენ ანგობს ადგილობრივი თიხებისთვის, ადგენდნენ ფერადი და აღდგენითი ჭიქურების რეცეპტებს, სწავლობდნენ ადგილობრივი კაოლინის თვისებებს და იკვლევდნენ მათ კერამიკულ წარმოებაში გამოყენების შესაძლებლობებს. ჭურჭლის ნიმუშებს ისინი, მხოლოდ მოსკოვის ოლქის კერამიკულ ქარხნებში  საწარმოო პრაქტიკებზე მივლინების დროს ამზადებდნენ. შექმნილი ნაკეთობების მხატვრული გაფორმების დონე კი, უმეტესად,  სტუდენტის ინდივიდუალურ შესაძლებლობაზე იყო დამოკიდებული და არა კომპოზიციის სფეროში მიღებულ  პროფესიულ ცოდნაზე, რომელსაც  მათ  აკადემიაში ვაძლევდით. საწარმოო პრაქტიკაზე უკლებლივ ყველა ნამუშევარი ფაიფურისა და ფაიანსის მასალით იქმნებოდა, ხოლო სამხატვრო აკადემიის კერამიკულ სახელოსნოში, მხოლოდ აღდგენითი ჭიქურით დაფარული ნიმუშები სრულდებოდა.
ჩვენთან (თბილისის სამხატვრო აკადემიაში), აღდგენითი ჭიქურით მუშაობა  1927 წლამდე დაიწყო, როდესაც, ჯერ კიდევ, არ იყო კერამიკის ფაკულტეტი და კერამიკული სახელოსნოს სახით იგი ქანდაკების ფაკულტეტთან არსებობდა. ამ დროს, აღდგენითი ჭიქურით იფარებოდა ფაკულტეტის პედაგოგებისა და სტუდენტების ნამუშევრები. შეგახსენებთ, რომ ამ სახელოსნოს შექმნის ინიციატორი და კერამიკული ქანდაკების პროპაგანდისტი,  აკადემიკოსი იაკობ ნიკოლაძე იყო. საქართველოში აღნიშნული ჭიქურის ტექნოლოგიის ფუძემდებელი კი,  ჩენი პედაგოგიური კოლექტივის უხუცესი წევრი, საბჭოთა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დოცენტი ბ. გ. შებუევი გახლდათ.
თბილისის აკადემიის კერამიკის ფაკულტეტის ჩამოყალიბების შემდეგ, მხატვრული ნაკეთობების წარმოებისთვის წამყვანი როლი აღდგენითი ჭიქურის ტექნიკამ   შეასრულა. აღნიშნული ტექნიკით შესაძლებელია  განუმეორებელი სილამაზის, მაღალი მხატვრული ღირებულების ნაკეთის შექმნა. მაგალითად, საათობით შეიძლება დატკბე ჩვენს გამოფენაზე წარმოდგენილი, მსგავსი ტექნიკით შესრულებული შესანიშნავი ნიმუშის ცქერით. იგი გამორჩეულია თვალწარმტაცი ნახატითა და მოჭიქული ზედაპირის გარდამავალი ტონების ბზინვარებით. თუმცა, კომპოზიციის სწავლებასთან კავშირში, აღდგენით ჭიქურს ერთი არსებითად მნიშვნელოვანი ხარვეზი აქვს. ტექნიკა მეტისმეტად ზღუდავს ხელოვანის როლს. მხატვარი მხოლოდ ნაკეთობის   ფორმას ქმნის. საკმარისია, რომ მან ლარნაკის, დოქის ან სხვა ნაკეთობის კონტურის მხოლოდ „ერთი ხაზი“ მოხაზოს და მიანიშნოს საგნის მოცულობა -ყველაფერ დანარჩენს ტექნოლოგია აკეთებს. ნაკეთობაზე ჭიქურის ტონების  „ლივლივი“, ლაქების გასაოცარი განლაგება, უმეტესად, გამოწვის შემთხვევითობითობაზე - ღუმელში ცხელი აირების ნაკადის განაწილებასა და, ნაწილობრივ,  ჭიქურის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ჭიქურის რეცეპტი  აქ მხოლოდ ძირითად კოლორიტს განსაზღვრავს.
ამ ისტორიული ექსკურსით მინდოდა, თქვენთვის მეჩვენებინა, როგორ და რის საფუძველზე ჩამოყალიბდა ის მეთოდიკური დებულებები, რომელსაც ამჟამად ემყარება კერამიკის განყოფილებაზე კომპოზიციის კურსის სწავლება.
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის კერამიკის ფაკულტეტზე, კომპოზიციის კურსი   1939/40 სასწავლო წელს, IV კურსზე -  70 საათი, ხოლო V კურსზე -105 საათი წელიწადში მოცულობით შეიტანეს. კურსის ხელმძღვანელის მოწვევისას, აკადემიის დირექტორის გადაწყვეტილებით, არჩევანი ჩემზე შეჩერდა - მაშინდელი აკადემიის გრაფიკის განყოფილების მასწავლებელზე.
აქედან მოყოლებული, კერამიკის კათედრის ხელმძღვანელ დოცენტ ა. ფიცხელაურთან  და ჩვენს კოლექტივს შემდგომში შემომატებულ კერამიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან  ზ. მაისურაძესთან, ნ. გომელაურთან, ე. ბაბლიძესთან და  ს. სულხანიშვილთან ერთად დავიწყეთ მუშაობა  ფაკულტეტზე კომპოზიციის სწავლების მეთოდიკის გარდაქმნაზე.
როგორც უკვე აღვნიშნე, კომპოზიციის სწავლების საათების რაოდენობა 1939 დან 1942 წლამდე IV კურსზე კვირაში მხოლოდ ორს, ხოლო V კურსზე კვირაში 3 საათს  შეადგენდა. კომპოზიციის კურსი მაშინ, ჯერ კიდევ, არ იყო გაყოფილი ორ ნაწილად, რაც პროექტირებას და მასალაში მუშაობას გულისხმობდა. უფრო მეტიც, ამ დროისთვის, მასალაში კომპოზიციური მუშაობა საერთოდ არ ხდებოდა, რადგან ერთადერთი მასალა - აღდენითი  ჭიქური, რისი პრაქტიკაც   ჩვენთან იყო შესაძლებელი, როგორც უკვე აღვნიშნე,  არ მოითხოვდა რთულ კომპოზიციურ პროექტირებას. აქედან გამომდინარე, კომპოზიციის კურსს მე ვკითხულობდი, როგორც თეორიულ დისციპლინას, რომელიც ფაკულტეტის პრაქტიკულ მუშაობას სრულებით მოწყვეტილი იყო. მსოფლიო სახვითი ხელოვნების ისტორიის - ფერწერის, გრაფიკის, სკულპტურისა და დეკორატიული-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებიდან აღებული მაგალითებით, სტუდენტები სწავლობდნენ კომპოზიციის ისეთ ცალკეულ ფორმალურ საკითხებს, როგორიცაა პროპორცია, წონასწორობა, რიტმი, კოლორიტი და ა.შ. გარდა ამისა, ფაკულტეტის სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, სტუდენტებს ეძლეოდათ სავარჯიშოები მარტივი დავალებების სახით. ქმნიდნენ ესკიზებს საწარმოო პრაქტიკისთვის, რომელიც ვერბილკის ან დულევოს ქარხნებში ტარდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ   კომპოზიციის სწავლების მსგავსი მეთოდის  დიდი ნაკლოვანების მიუხედავად (მათ შორის მთავარი - მასალით პრაქტიკული მუშაობის შეუძლებლობა იყო!), მას, როგორც თეორიულ დისციპლინას,  თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა. სტუდენტები სწავლობდნენ რა კლასიკური მემკვიდრეობის ნიმუშებიდან მოყვანილი მაგალითებით, ამავდროულად, ვარჯიშობდნენ  ხაზის, ლაქის, რიტმის და ა.შ. სხვა კომპოზიციურ  თვისებებზე. შედეგად, ისინი იწყებდნენ უკეთ გარკვევას რთულ კომპოზიციურ მოთხოვნებსა და ამოცანებში. მოგვიანებით, როდესაც იმ პერიოდის სტუდენტებს ვეკითხებოდი, საკუთარ პრაქტიკულ საქმიანობაში თუ რამდენად დაეხმარათ მათ კომპოზიციის კურსის თეორიული სწავლებისას მიიღებული ცოდნა, პასუხი ყოველთვის დადებითი იყო.
1942 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიამ ცენტრიდან მიიღო კერამიკის ფაკულტერტის ახალი სასწავლო გეგმა, რომელიც  მხატვრული და სპეციალური დისციპლინების სასწავლო საათების მკვეთრ გაზრდას და, შესაბამისად, ტექნოლოგიური საგნების შემცირებას ითვალისწინებდა.  მაგალითად, ქიმია, რომელიც ადრე პირველიდან ბოლო კურის ჩათვლით უამრავ საათს იკავებდა, ფაკულტეტურ საგნებში გადაიტანეს და ისიც, მხოლოდ პირველ და მეორე კურსებზე. ხოლო კომპოზიციის სასწავლო საათების რაოდენობა  ხუთი წლის განმავლობაში - 175 -დან 1400 საათამდე გაიზარდა.
ახალი სასწავლო გეგმით, კომპოზიციის კურსი სწავლების მთლიან პერიოდში იკითხებოდა. კურსი გაიყო ორ დამოუკიდებელ ნაწილად - პროექტირება და მასალაში მუშაობა. კომპოზიცია გახდა ფაკულტეტის წამყვანი საგანი, სტუდენტების ცოდნის შემაჯამებელი, რომელსაც  ისინი ნახატის, ფერწერის, ქანდაკების, არქიტექტურული ფორმების თეორიის, სტილის ისტორიის სწავლის საფუძველზე იღებდნენ. კათედრის წინაშე  კომპოზიციისა და მისი მომიჯნავე დისციპლინების სწავლების მეთოდიკის საფუძვლიანი  ცვლილებების საკითხი დადგა. კათედრის სხდომებზე მსჯელობის  შედეგად და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შემდეგი ძირითადი წანამძღვრები:
ა) სტუდენტმა პროექტი მხოლოდ ისეთი კერამიკული ნიმუშისთვის უნდა შეასრულოს,    რომლის მასალასა და დამზადების ტექნოლოგიასაც  ის უკვე გაცნობილია.
ბ) რაც უფრო ღრმად გაერკვევა იგი კერამიკის დამზადების ტექნოლოგიურ საკითხებში, ამის შესაბამისად, უნდა შეიცვალოს კომპოზიციის კურსის - პროექტირების თემატიკა და დავალების  სირთულეც გაიზარდოს.
გ) ყოველ ჯერზე, სტუდენტისთვის მიცემული დავალება, რომელიც ათვისებული, გავლილი იქნებს - სასწავლო კურსიდან უნდა იყოს აღებული და ამავე დროს, ახალი კომპოზიციური მოთხოვნებით გართულებული.
დ) პედაგოგის სპეციალური მითითების მიუხედავად, სტუდენტი დავალებას ქართული ნაციონალური სტილის გამოყენებით ასრულებს.
ე) პროექტზე მუშაობისას, როდესაც სტუდენტი ხელმძღვანელობს ქართული ხელოვნებიდან აღებული ფორმებითა და მოტივებით, საჭიროა, გაითვალისწინოს, რომ მის მიერ შექმნილი „ფორმით ნაციონალური“ ნაკეთობა უნდა იყოს სოციალისტური შინაასის და შეესაბამებოდეს თანამედროვე სოციალისტური საზოგადოების მოთხოვნებს.
ვ) კომპოზიციური ესკიზის დამუშავების დროს, სტუდენტს ყოველთვის უნდა ახსოვდეს დავალების კონკრეტულობა და იგი მასალის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით შეასრულოს.
ზ) კომპოზიციური მუშაობის დროს, სტუდენტმა  არავითარ შემთხვევაში არ უნდა ისარგებლოს ალბომიდან ამოღებული მზა მოტივებით, განაზომებითა და ასლებით. გამოყენების შემთხვევაში მასალა შემოქმედებითად უნდა გადაამუშავოს. მან, უმჯობესია, შექმნას შედარებით სუსუტი კომპოზიცია, მაგრამ - თავისი, ვიდრე, შესანიშნავი ასლი შეასრულოს. (რეკომენდირებულია მასალის სწრაფი დათვალიერება, ჩანახატის გაკეთების გარეშე და შემდგომ  მისი ზოგადი შთაბეჭდილებით კომპონირება).
ქვემოთ მოყვანილია ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების მეთოდიკის ძირითადი დებულებები, სადაც სასაწავლო დავალებები გადანაწილებულია სირთულის ზრდის მიხედვით - პირველი კურსიდან დამამთავრებელ სადიპლომო პროექტამდე. აქვე უნდა აღვნიშნოს რომ, ჩვენი სამუშაო პირობებიდან გამომდინარე,  სასაწავლო დაწესებულებების მთავარი სამმართველოს მიერ დადგენილ დებულებებში რამდენიმე იძულებითი ცვლილება შევიტანეთ. მაგალითად, დებულებით გათვლილი იყო ისეთი ტიპის დავალებები, რომლებიც     ჩვენს ტექნიკურ ბაზაზე ვერ შესრულდება. და  მეორე, დებულების თანახმად, პირველი კურსის სტუდენტისთვის ტექნოლოგიურად ისეთი სირთულის დავალებებია გათვალისწინებული, რაც შეუძლებელია, მან ამ დროს იცოდეს.
I - რელიეფური შორენკეცის კომპოზიცია. გამოწვის შემდეგ შორენკეცის ზომა - 20 x 20 სმ. სტუდენტები ასრულებენ პროექტს ქაღალდზე და მოდელს - თაბაშირში. ორნამენტი იკვეთება სიღრმეში. კომპოზიცია წარმოადგენს შორენკეცის ჩარჩოში ჩაკეტილი ჩუქურთმის მოტივს, რომელიც გათვლილია 3-4 მეტრის დაშორებიდან  აღქმაზე.
II - არქიტექტურის ორნამენტირებული კარნიზების, ფანჯრის ჩარჩოებისა ან კარების ღიობების კომპოზიცია. სტუდენტები პროექტს ასრულებენ  ქაღალდზე  და ნატურალური ზომის მოდელს კვეთენ თაბაშირში. კომპოზიცია   სიგრძივ ზოლურებს შორის მოთავსებულ ორნამენტის ერთ რაპორტს წარმოადგენს. კომპოზიცია, ამ შემთხვევაში,  სიბრტყის ნაცვლად,  ჩაღრმავებულ, პროფილირებულ ზედაპირზე იგება. ორნამენტი გათვლილი უნდა იყოს 10-12 მეტრი დაშორებიდან აღქმაზე.
III - რელიეფური ორნამენტით შემკული ფაიანსის ლანგრის კომპოზიცია. პროექტი სრულდება ფურცელზე.  თაბაშირის მოდელი - სახარატო ჩარხზე. მოდელი იმკობა პლასტილინის დაძერწილი ორნამენტით. მოგვიანებით, საწარმოო პრაქტიკის დროს, ლანგარი მზადდება ფაიანსის მასალით. კომპოზიცია სრულდება სფერულ ზედაპირზე როტაციით. წინა დავალებებთან შედარებით, ორნამენტი გაცილებით რთულია და გათვლილია 1-2 მ.-ის დაშორებიდან აღქმაზე.
IV- უბრალო სამეთუნეო ნაკეთობის ფორმის კომპოზიცია - ძირითადად, მზადდება მცირე ზომის ლარნაკი, რომელიც უნდა შეიმკოს აღდგენითი ჭიქურით, ანგობით ან ჩაჭდეული ორნამენტით. ნაკეთობის ნატურალური ზომის პროფილური გამოსახულება სრულდება ქაღალდის შავ ფონზე.
V- სამეთუნეო ნაკეთობის შესამკობი ორნამენტულ მოტივებზე აგებული კომპოზიცია. ნედლ კეცზე ჩაჭდევის მეთოდით მიღებული გამოსახულება. მოდელი სრულდება პლასტილინზე ჩაჭდევით.
VI - ანგობზე ფაქიზი ნაკაწრით (სგრაფიტო) მიღებული დეკორატიული კომპოზიცია. სრულდება პროექტის სახით ფურცელზე და შემდეგ - მასალით. ამ დავალებით სტუდენტი პირველად ეხება ფერს (იგულისხმება ორი ფერი - ანგობისა და კეცის).
VII - სამეთუნეო თეფშის შესამკობი ორნამენტული დეკორის კომპოზიცია.  იქმნება ფერადი ანგობის საღებავების გამოყენებით.  პროექტი სრულდება ფურცელზე და შემდეგ - მასალით. ამ დავალებით სტუდენტი პირველად ეხება პოლიქრომიას.
მომდევნო სამი დავალება ქარხნული მასიური პროდუქციის დეკორირებისთვის გათვლილ მარტივი მეთოდების სწავლებას ეთმობა:
VIII - ტრაფარეტზე აეროგრაფით მოხატვის ხერხით შემკული ფაიფურის ფინჯნის ორნამენტული დეკორის კომპოზიცია.  თავდაპირველად, პროექტის სახით სრულდება ქაღალდზე  და მოგვიანებით - მასალით. ამ დავალებით სტუდენტი პირველად ეცნობა ფაიფურის ჭიქურზედა საღებავით მოხატვას. ტრაფარეტისთვის გათვლილი ორნამენტი სრულდება ხელით, ფუნჯის გამოყენებით.
IX - ბეჭდვის ტექნიკით შემკული ფაიფურის ფინჯნის ორნამენტული დეკორის კომპოზიცია. სრულდება პროექტის სახით ფურცელზე და მასალით. ორნამენტი იქმნება ხელით, ფუნჯის გამოყენებით.
X - ჭიქურზედა მოხატვის ტექნიკით (პროზოლოტი) შემკული ფაიფურის ფინჯნის  ორნამენტული დეკორის კომპოზიცია. სრულდება პროექტის სახით და მასალაში.
XI - დესერტის თეფშის შესამკობი კომპოზიცია. მოხატულობის თემა: ყვავილებისა და ხილის ნატურმორტი. ნახატი უნდა შეიქმნას მეხსიერებით. სრულდება პროექტის სახით და მასალაში.
XII - ფაიფურის ჩაის ფინჯნის ფორმის კომპოზიცია. სრულდება პროექტის სახით. საწარმოო პრაქტიკაზე - მასალით.
XIII - პორტრეტული გამოსახულების შექმნა ჭიქურზედა მონოქრომული ფერწერის ტექნიკის გამოყენებით. სრულდება ასლი. სავარჯიშოს მიზანს წარმოადგენს - ფაიფურის მასალაზე ფერწერის ტექნიკის განვითარება.
XIV - საქარხნო ნიმუშის - ფაიფურის ფინჯნის ორნამენტული დეკორირების ორი კომპოზიცია. ნახატი იქმნება აეროგრაფით დაფარვის ტექნიკისა და ჭიქურქვედა მოხატულობისთვის. ნაკეთობა სრულდება მასალით, საწარმოო პრაქტიკის დროს.
XV - საიუბილეო ჩაის სერვიზის კომპოზიციის დამუშავება. თემატურად სერვიზი უნდა ეძღვნებოდეს რაიმე ისტორიული მოვლენას ან გამოჩენილი ისტორიული პირის იუბილეს. სრულდება: ა) პროექტად - სერვიზის ძირითადი ნაწილების ფორმები (ფინჯანი ლამბაქით, ჩაიდანი, საშაქრე და სარძევე); ბ) მასალაში - ერთი ფინჯანი ლამბაქით.
XVI - პორტრეტის შესრულება ფაიფურის ჭიქურქვედა პოლიქრომული მხატვრობით. სავარჯიშო მხატვარს ეხმარება ფერწერული ოსტატობის ამაღლებაში.
XVII - ჭიქურზედა ან ჭიქურქვედა მხატვრობის ტექნიკით შემკული დეკორატიული შორენკეცული პანოს კომპოზიცია;
XVIII - კერამიკული მხატვრობის ტექნიკის გამოყენებით სიუჟეტური კომპოზიციის შესრულება;
XIX - სიუჟეტური კომპოზიციის შესრულება კერამიკული სკულპტურით;
XX - დავალების შესრულება, რომელიც თავისი შინაარსითა და ხასიათით მიახლოებულია სადიპლომო თემასთან.
XXI - სადიპლომო პროექტის ესკიზის შედგენა (წინასადიპლომო სამუშაო).
XXII - საწარმოო პრაქტიკისთვის ესკიზების შესრულება, რომელიც თავისი ხასიათით მიახლოებულია სადიპლომო თემასთან.
XXIII - სადიპლომო პროექტის შედგენა.
XXIV - სადიპლომო პროექტის შესრულება.
აღნიშნულ ჩამონათვალში მოცემულია სასაწავლო დავალებების პირობითი, სავარაუდო ნუსხა, რომელიც პრაქტიკული მუშაობის პროცესში მიმდინარე პირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რამდენადმე შეიცვალოს.
სასაწავლო-სამუშაო თემატიკა და ნიმუშთა შესრულების ტექნიკური მხარე, ასევე, მორგებულია ჩვენ სასწავლო დაწესებულების საწარმოო პირობებთან.
აქვე უნდა აღინიშნოს (თუმცა, ეს არ შედის უშუალოდ ჩვენი კონფერენციის სამუშაო თემაში!), რომ კერამიკის განყოფილების პროდუქტიულობა (სამუშაო შესაძლებლობები) შეზღუდულია სუსტი ტექნიკური ბაზით. სინამდვილეში, მთელი ჩვენი თერმოაღჭურვილობა რამდენიმე ღუმლისაგან შედგება. მათ შორისაა 1–2 კუბ. დიამეტრის ტევადობის ღუმელები, სადაც შესაძლებელია ჩაის ლამბაქის გამოწვა, ხოლო სადილის თეფში მასში აღარ თავსდება. მართალია, აკადემიაში არის კიდევ ორი მაზუთის ღუმელი 1–1/2 კუბ. მ. ტევადობის, მაგრამ მათი გათბობა შეუძლებელია იმისთვის, რომ გამოიწვას ათიოდე სტუდენტის ნამუშევარი – ეს ეკონომიურად არამომგებიანია, მუფელის გასავსები ასობით ნამუშევარი კი, ერთდროულად, აკადემიაში არასდროს არაა.
ამასთანავე, აკადემიის სახელოსნოს არ აქვს ფაიფურ-ფაიანსის დასამზადებელი აღჭურვილობა და გამოსაწვავი ღუმლები. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ფაიფურის ნაკეთობის ფორმის დამზადება და მასალაზე ჭიქურქვედა მოხატულობის შესრულება. ამის გამო, მსგავსი სამუშაო  მხოლოდ და მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში საწარმოო პრაქტიკის დროს სრულდება.
სასწავლო დავალებების თანმიმდევრობის განხილვისას, მე არ შევხებივარ თემატიკის საკითხებს. განმარტების მიზნით  მოგახსენებთ - კომპოზიციური სირთულის ზრდის შესაბამისად,  ასევე თანდათანობით იზრდება, მდიდრდება და რთულდება კომპოზიციის აზრობრივი შინაარსიც. პირველ ორ კომპოზიციაში სრულდება მარტივი ლენტისებური ორნამენტი - იმ ტიპისა, რომელიც კარგადაა ცნობილი ძველ ქართულ არქიტექტურაში და რომელიც მოდიფიცირებული სახით ფართოდ გამოყენება თანამედროვე მშენებლობაში; შემდეგ დავალებებში შემოდის მცენარეული და ცხოველური ორნამენტი, მეტ-ნაკლები სტილიზაციით; იმ დროს, როდესაც სტუდენტები  ფაიფურის მოხატვაზე იწყენებ მუშაობას, დავალების თემატიკაში  ნატურმორტი, პეიზაჟი და პორტრეტი შედის. მოგვიანებით ემატება სიუჟეტური - ფერწერული და სკულპტურული (ბარელიეფი) კომპოზიციები.
იმისთვის, რომ სტუდენტებისთვის  ნათელი გახდეს მათთვის მიცემული დავალება და წინამდებარე სამუშაოს მოთხოვნები კომპოზიციის სწავლების მთლიანი კურსის განმავლობაში, ჩვენ მათ კომპოზიციის თეორიულ საფუძვლებს ვაცნობთ.
თავდაპირველად, პირველ კურსზე, პირველი სამი ლექცია დასახელებული საგნის ძირითადი საკითხების მოკლე მიმოხილვას ეძღვნება. სახელდობრ: წონასწორობა, პროპორცია, რიტმი, სტატიკა-დინამიკა, მოძრაობის ფუნქცია, ფაქტურა, კოლორიტი, ხაზის სილამაზე  (დინამიკური სიმეტრია), ხაზების კომბინაცია, მათი გადაკვეთა და ა.შ. კომპოზიციური გადაწყვეტის მაგალითები ძველ და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებიდან მოგვყავს.
ყველა შემდგომი ახალი დავალების დაწყებამდე ტარდება შემაჯამებელი განმარტებითი ხასიათის ლექცია, განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც მოცემულ დავალებაში გარკვეულ როლს ასრულებს.
მუშაობის პროცეში, როდესაც პედაგოგი  სტუდენტის ხარვესზს ამჩნევს, მიუთითებს, რომ გამოასწოროს ის. იგი აძლევს რჩევას, როგორც სუბიექტური გემოვნებიდან გამომდინარე, ასევე, ითვალისწინებს და ეყრდნობა კომპოზიციის თეორიის საკითხების ცოდნას.
ამავდროულად, მთლიანი კურსის განმავლობაში სტუდენტს მიუთითებ, რომ ძირითადი კრიტერიუმი, რითაც  მხატვარი ნამუშევრის შექმნის პროცეში სარგებლობს, არის  პირადი სუბიექტური მონაცემები - საკუთარი გემოვნება და სილამაზის აღქმა. კომპოზიციის თეორიული ცოდნა საჭიროა მხოლოდ იმისათვის, რომ მან ნათლად გაიგოს მისთვის შესასრულებული დავალების შინაარსი და საბოლოოდ შეეძლოს ჩატარებული სამუშაოს სრულფასოვანი შეფასება (მაგალითად, განსაზღვროს, როგორია პროპორციის ურთიერთშეფარდება).
გადავდივართ რა კომპოზიციის საგნის პედაგოგიური სწავლების მეთოდებზე, უნდა აღვნიშნოთ ის შემდეგი ძირითადი დადგენილებები, რითაც   ჩვენს კათედრაზე პრაქტიკული მუშაობისას ვხელმძღვანელობთ.
ა) სტუდენტმა ესკიზი დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს;
ბ) პედაგოგმა შეიძლება, შესთავაზოს იდეა ან მოახდინოს სტუდენტის იდეის პროვოცირება. ასევე, უჩვენოს ანალოგიური კომპოზიციის გადაწყვეტის მაგალითები;
გ) მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია პედაგოგს, სტუდენტს კომპოზიციის (პროექტის) გარკვეული ნაწილი შეუსწოროს. ამ დროს, უმჯობესია, შეასწოროს ნახატი ან გააკეთოს ორნამენტი და სტუდენტს დაანახოს  განსხვავება, შემდეგ, წაშალოს თავისი ნახატი და კვლავ დაავალოს მას, თავად დაასრულოს დაწყებული სამუშაო;
დ) მასალით მუშაობის დროს კი პირიქით, პედაგოგმა თავად უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა სტუდენტს უჩვენოს სამუშაოს შესრულების ტექნიკური ხერხები (მაგალითად, როგორ ზავდება საღებავი, როგორ დავდოთ მონასმი, როგორ ხდება ტუშის დადება და ა.შ.)
ე) აქ კათედრა, ასევე, თვლის, რომ დაე, სტუდენტმა არ შეასრულოს სრულყოფილად სამუშაო, მაგრამ, უმჯობესია, მთლიანად მხოლოდ მან იმუშაოს (დახმარების გარეშე!), ვიდრე,  ის უნაკლოდ და პედაგოგის დახმარებით შეასრულოს;
ვ) დავალებული სამუშაოს შესრულების  პროცესში,  სტუდენტის  დამოუკიდებლობის ხარისხს და შესრულების სიმარტივეს  პედაგოგი ითვალისწინებს სემესტრული და წლიური შეფასების დროს.
ყველაფერი, რაც ზევით მოგახსენეთ, წარმოადგენს სამუშა-საორეანტაციო სქემას. პრაქტიკული მუშაობის პირობებში გვიხდება  მთლიანი კურსისა და ცალ-ცალკე თითოეული სტუდენტის ხასიათისა  და ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება. ასევე, ნაწილობრივ გასათვალისწინებელია სხვა შემთხვევითი გარემოებებიც. მაგალითად, წელს აკადემიას  სერიოზული ხარვეზი ჰქონდა თაბაშირის მასალის მოწოდებაზე. ამან სამუშაო პროცესის თანმიმდევრობის ცვალებადობა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, შესაბამისია შესრულების ხარისხიც და აქედანვე გამომდინარეობს სტუდენტების შეფასებებიც.
ამგვარად გამოიყურება კერამიკის ფაკულტეტზე კომპოზიციის სწავლების ზოგადი მონახაზი (პროექტირება და  მასალაში მუშაობა), მეთოდილოგიური დებულებები და მეთოდები.
მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, რასაც კათედრის პედაგოგებიც ნათლად ვხედავთ და რომლთა აღმოსაფხვრელადაც ძალისხმევას არ ვიშურებთ, მიგვაჩნია, რომ მთლიანობაში, კერამიკის კათედრამ, ბოლო 15 წლის განმავლობაში, შეძლო მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა, რაც პრესასა და ჩვენს ხელოვანთა საზოგადოებაში არაერთხელ აღინიშნა კიდეც.
რა შეეხბა სტუდენტთა ნამუშევრებში ზემოთხსენებულ ნაკლოვანებებს,  ჩვენი მოსაზრებით,  იგი, ძირითადად, შემდეგში მდგომარეობს: ნაკეთობის ორნამეტით გადატვირთულობა; სიუჟეტური და თემატური ნამუშევრების სიმცირე; სიუჟეტურ კომპოზიციებში სუსტი ნახატი; ხარვეზები შემკულობაში; ნიმუშის დაუსრულებლობა. ყველა ამ ნაკლოვანებას თავისი მიზეზი აქვს, რომელსაც, ამჯერად, დაწვრილებით  არ განვიხილავ. თუმცა, როგორც მაგალითს მოგახსენებთ: ნიმუშების დეკორით გადატვირთულობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: იმისთვის, რომ სტუდენტმა სრუlფასოვნად წარმოაჩინოს შესრულებული სამუშაო, იგი  მაქსიმალურად ცდილობს, აითვისოს ნიმუშის კეცის ზედაპირი. თუ არა ეს, სხვა შემთხვევაში, მოხდენილი, დახვეწილი ფორმითაც შეიძლება, შექმნას ულამაზესი ნაკეთობა, რომლის შესამკობად 4-5 მმ სიგანის მქრქალი ოქროს ზოლიც იქნებოდა საკმარისი. მხოლოდ მსგავსი მეთოდით იგი ვერ გამოამჟღავნებს ქართული ორნამენტული სტილის ცოდნას, ვერ აჩვენებს ნახატის შესრულების სინატიფეს და ტექნოლოგიურ ოსტატობას.
რამდენიმე სიტყვით შევეხებით კერამიკის კათედრის სასაწავლო გეგმასთან სხვა დისციპლინების ურთიერთკავშირსაც. მოგახსენებთ, რომ კერამიკოსებისთვის გათვალისწინებული სპეციალური დისციპლინების უმეტესობა, კერამიკის კათედრის მუშაობის შედეგად, შეთავსებულია ზოგად დებულებებთან. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით სხვა კათედრების მიერ წარმათულ დისციპლინებზე. განსაკუთრებით კი, ეს  აკვარელით ხატვის  კურსს ეხება. სსსრ კულტურის სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების სამმართველოდან მიღებული, ტიპური კალენდარული გეგმები და პროგრამები  არ ითვალისწინებს  სპეციფიკურ დავალებებს კერამიკოსებისთვის. ჩემი აზრით, პროგრამის მიხედვით ძალიან დიდი დრო ეთმობა პორტრეტსა და შიშველ ნატურაზე მუშაობას. სამაგიეროდ, მეტისმეტად უმნიშვნელო ადგილი უკავია ყვავილების, ხილისა და პეიზაჟების ხატვას, რომელიც კერამიკულ დეკორში ასე ფართოდაა მიღებული და გავრცელებული. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მინიატურული მხატვრობის სწავლების სრული უგულებელყოფა, რომელიც, ასევე, გადამწყვეტ როლს თამაშობს კერამიკულ ხელოვნებაში.
უნდა აღვნიშნოთ ერთი გარენოებაც, ფაიფურის მასალის ჭიქურზედა მხატვრობა, თავისი შესრულების მეთოდებით, ყველაზე ახლოსაა აკვარელის ნახატთან. მათ აახლოებთ ისიც, რომ ორივე მასალის შემთხვევაში, თეთრი ფერი თეთრ ფონს ემსახურება. ერთ შემთხვევაში, ეს ქაღალდია, მეორეში კი - კეცის ზედაპირი. თუმცა, ფაიფურის მხატვრობა არ იძლევა „ჩამორეცხვის“, პასტოზური წერის, სველ ფონზე მუშაობის, ტონების შერევის და ა.შ  შესაძლებლობებს. ფაიფურის მხატვრობა მოგვაგონებს მე-19 საუკუნის შუა ხანების ოსტატთა: ფ. ტოლსტოის, გაგარინის, სოკოლოვის, ვილეს მიერ შერულებულ აკვარელებს. ეს შეიძლება იყოს რამდენადმე მშრალი მანერა, თუმცა, ჩვენი სტუდენტებისთვის სასარგებლო იქნებოდა. ახლა აკვარელის გაკვეთილებზე სტუდენტი სწავლობს პასტოზურ წერას, ფაიფურის მოხატვა კი მან ამ მანერიდან თავად უნდა შეისწავლოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენმა კერამიკის კათედრამ  მოხატვის ახალი მეთოდი შეიმუშავა, რაც განსხვავებული გამხსნელების გამოყენებაზეა დაფუძვნებული (როგორიცაა - წყალი, აცეტონი, სკიპიდარი და  სხვადასხვა მაკავშირებლები - გუმი, აცეტილი, ცელულოზები და ზეთი). დასახელებული მეთოდი, აკვარელის ტექნიკაში მიღებული პასტოზური წერის მანერის გამოყენების შესაძლებლობას ფაიფურის მასალაზეც გვაძლევს. ამის დასტურია ჩვენს გამოფენაზე წარმოდგენილი დეკორატიული პანო. ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ამ ნამუშევრის ნაკლოვანებებს (სტუდენტი მ. ბაიდაშვილი), თუმცა, იგი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ არქიტექტურაში ჭიქურზედა მხატვრობის გამოყენების შესაძლებლობებს ზრდის.
აქედან გამომდინარე,  აკვარელის პასტოზური წერის მანერა მომგებიანია დიდი ზომის დეკორატიული საგნებისთვის. ფაიფურის მინიატურული მხატვრობისთვის კი ის მხოლოდ დამხმარეა, რითაც სტუდენტი ისწავლის, რა არის კოლორიტი და გაიგებს ტონების ურთიერთდამოკიდებულებას. რაც შეეხება კერამიკის განყოფილებაზე ქანდაკების სწავლების მეთოდს, აქაც გასათვალისწინებელია კერამიკის დარგის სპეციფიკური მოთხოვნები. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ბარელიეფს, როგორც სკულპტურულ მეთოდს, რომელსაც  კერამიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
იმ საგნებიდან, რომელიც კერამიკის განყოფილებაზე ადრე იკითხებოდა, ერთ-ერთი იყო - სტილის ისტორია.  ამჟამად, იგი პროგრამიდან ამოღებულია და მხაზველობითი გეომეტრიის კურსითაა ჩანაცვლებული. ვაღიარებ რა გეომეტრიის საგნის მნიშვნელოვნებას, უნდა ითქვას ისიც, რომ სტილის ისტორიის გაუქმება არ იყო გამართლებული. თუმცა, მისი  წაკითხვა ისე, როგორც ეს ჩვენთან მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, არასწორია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ამ კურსის სწავლება  დორენცოს ალბომიდან ტაბულების ასლების გადაღებით ჩანაცვლდა. სინამდვილეში კი სტილების განვითრების კანონზომიერების შესწავლა უნდა მომხდარიყო. ნიმუშის ან რეპროდუქციის მექანიკური გამეორებით შეუძლებელია რომელიმე კონკრეტული სტილის ნაწარმოების შექმნა.  ჩინური მანერის მიბაძვით, მე-18 საუკუნეში  წარმოიშვა ე. წ. „ჩინური სტილი.“  იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობდა ძველი ოსტატი, ჩვენი თავი მის ადგილზე უნდა წარმოვიდგინოთ და ვეცადოთ, ვიფიქროთ ისე, როგორც  ის მხატვარი ფიქრობდა, ამგვარი მიდგომა შესაძლებელს გახდის, სტილის თვალსაზრისით სწორი ნაწარმოები შევქმნათ. ასევე უნდა წარგვემართა ჩვენთან ამ საგნის სწავლება.
კომპოზიციის საგნის სწავლებას, ასევე, დიდ სირთულეს უქმნის კერამიკული ხელოვნების სპეციალური საკითხებისადმი მიძღვნილი სახელმძღვანელოების არარსებობა. ამის გამო, ჩვენ გვიწევს სალექციო საათების დროს განვმარტოთ ყველაფერი ის, რისი გაგებაც სტუდენტს წიგნიდან შეუძლია.
სასიხარულოა, რომ დოცენტმა ფიცხელაურმა, კათედრის სამეცნიერო სამუშაო გეგმით დაწერა წიგნი „დეკორატიული კერამიკა“, რომელიც ახლახანს გამოვიდა დღის შუქზე გამომცემლობა „ხელოვნება“-ს მიერ. ნაშრომი მხატვრული კერამიკის ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე  ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს. გარდა ამისა, ასევე, ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ჩვენი კათედრის წევრის, მეცნიერებათა კანდიდატის, ზ. მაისურაძის წიგნი ქართული კერამიკის ისტორიის შესახებ. თუმცა, ამ ორ ნაშრომს არ შეუძლია, აღმოფხვრას სპეციალური ლიტერატურის ესოდენ დიდი საჭიროება.
მოხსენების დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კათედრის არც ერთi წევრი არაა კმაყოფილი თავის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგებით. ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულებიც ვართ,  აკადემიის კურსდამთავრებულებს უკეთესად მუშაობა ვასწავლოთ. მაგრამ, ჯერ კიდევ,  ბევრი სირთულის წინაშე ვდგავართ. მათ შორის მთავარია ის, რომ მცირე დროში ჩვენ სტუდენტებისთვის ძალიან ბევრის სწავლება გვიწევს. კერამიკოსი უნდა ფლობდეს ფორმას - როგორც არქიტექტორი, წერდეს - როგორც ფერმწერი, ძერწავდეს - როგორც მოქანდაკე,  ორნამენტს და შრიფტს ხატავდეს - როგორც გრაფიკოსი და, ამასთანავე, შესანიშნავად უნდა ესმოდეს თავისი დარგის სპეციფიკაც. აღნიშნული მდგომარეობა შესაძლებელია, მეტ-ნაკლებად  გაამარტივოს სპეციალიზაციამ. თუმცა, ეს უკანასკნელი ჩვენთან ჯერ არ დაუმტკიცებიათ.  ჩვენი მოსაზრებით, სადიპლომო ნამუშევრის დონის ასამაღლებლად, სწავლების IV წლიდან საჭიროა სპეციალიზაცია.
კერამიკის განყოფილებას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს კათედრასთან არსებული, სტუდენტური სამეცნირო-კვლევითი წრე. აღნიშნულ წრეზე მუშავდება აქტუალური თემები, რომლთა ჩართვა  განყოფილების სასაწავლო გეგმაში შეუძლებელია. მაგალითად, წრის წევრების მიერ ფაიფურის მასალაზე ახალი მოხატვის ტექნიკა შემუშავდა.
და მაინც, მთავარი ისაა, რომ აკადემიაში შემოსული ახალგაზრდებისთვის  საუკეთესო მხატვრული განათლების მიცემაა საჭირო.  ყოველივე ამას კი  მხოლოდ  მაშინ მივაღწევთ, როდესაც ჩვენს რესპუბლიკაში საშუალო მხატვრული სკოლების   ქსელი განვითარდება.
დასასრულს, კიდევ რამდენიმე სიტყვა ქართული კერამიკის  სამომავლო განვითრების  გზაზე. კათედრის წევრების აზრით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჩვენი ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, რაც საშუალებას მოგვცემს მუშაობის დიაპაზონი ფაიფურით, ფაინსითა და მხატვრული კერამიკის სხვა სახეობებით გავაფართოოთ. გარდა ამისა, უნდა დავუბრუნდეთ აღდგენითი ჭიქურის ტექნიკას, მაგრამ უნდა დავუბრუნდეთ ფაიფურისა და ფაინსის მასალების ცოდნით გამდიდრებულები. მომავალში განყოფილების სამუშაო დიაპაზონი იმითაც უნდა გავზარდოთ, რომ კერამიკასთან ერთად,  მინასა და მინანქარზე მუშაობაც დავიწყოთ. თუმცა, ჯერ-ჯერობით, ეს შორეული მომავალის საქმეა.
ჩვენი პირველი რიგის  ამოცანაა, ავამაღლოთ სწავლების დონე. სტუდენტებს შორის მხატვრულ-აღმზრდელობითი და იდეურ-აღმზრდელობითი მუშაობის შედეგად, ჩვენი კურსდამთავრებულების  მომზადების  დონის  შემდგომ საერთო ზრდას უნდა მივაღწიოთ.

დავით ციციშვილის შესახებ იხ:

მარიამ გაჩეჩილაძე. დავით ციციშვილის ექსლიბრისები. ალმანახი „მწიგნობარი-05“, საქართველოს ილია ჭავჭავაძის მწიგნობართა ასოციაცია. თბ., 2005, გვ. 163-174
В. Беридзе, Н. Езерская. Искусство Советской Грузии, 1921-1970. М., 1975, с. 669
Генриетта Юстинская. Путь поиска и достижений. Памяти профессора Академии художеств Грузии Давида Цицишвили. ж. "Русский клуб", № 10, Октябрь, 1913
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007713/
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/110821/1/Cicishvili_036.jpg
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/110815/1/Cicishvili_029.jpg

ნანახია: 966-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani