Georgian (Georgia)English (United Kingdom)
„სად წაიყვან სადაურსა...“, ანუ ხელოვანთა ერთი საგვარეულოს ისტორიიდან

ირინე აბესაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი

შოთა რუსთაველის ეს სტრიქონები გამახსენდა, როდესაც   ერთი   არისტოკრატული წარმომავლობის  ქართული  საგვარეულოს - გუგუნავების ხელოვანთა დინასტიის წარმომადგენელთა  კულტურულ  მემკვიდრეობას  ვეცნობოდი. ამ შესანიშნავი საგვარეულოს წარმომადგენელთა შესახებ მრავალ მეცნიერს დაუწერია. საკმარისია, გავიხსენოთ   ცნობილი ისტორიკოსის იოსებ მეგრელიძის   1987  წელს  ბათუმში  გამოცემული  ნარკვევი „გუგუნავები“, რომ  დავინახოთ,  ხსოვნა ამ საგვარეულოს წარმომადგენლებზე ქართველ ხალხს ლეგენდებშიც კი  შემოუნახავს. ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ  ბარათაანთ  გუჯარში  იკითხება: „...მეფემან  ალექსანდრემ, ძემ გიორგი მეფისამან, გაჰყარა სამი ძმანი - აბაში, გუგუნა და დავით. აბაშისაგან-აბაშიშვილები, გუგუნასაგან - ბარათიანნი და დავითისაგან - ყაფლანიშვილები არიან…“ვახუშტი, აღწერა  სამეფოსა საქართველოისა (საქართველოს გეოგრაფია) ნ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბ., 1941, სახელი გუგუნი მოხსენიებულია, ასევე,  თედო ჟორდანიას „ქრონიკებში“(წიგ.2, ,გვ.190), „ტბეთის სულთა მატიანეში“  და ბოლოს, თვით უმნიშვნელოვანეს  ისტორიულ წყაროთა კრებულში,  „ქართლის ცხოვრებაში“ (ტ.4. თბ., 1979, გვ.39). ისტორიკოსმა  იაკობ ახუაშვილმა  მთელი გამოკვლევა  მიუძღვნა ამ წარჩინებულ  გვარს. ავტორი სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე  დაყრდნობითმათ შორის ალ. ღლონტის „ქართველური საკუთარი სახელები“ თბ., 1986,  გვ.181,  ავთანდილ სილაგაძესა და ანზორ თოთაძეს  „გვარსახელები საქართველოში“ თბ.,  1997,  საკუთარი გამოკვლევის  წინათქმაშივე  ასკვნის : „გუგუნავები თავიანთი სოციალური მდგომარეობითა და სიბრძნე-სიქველით ფრიად დაწინაურებული  საგვარეულოა“.(ი.ახუაშვილი, გუგუნავები,  თბ.,  2002, გვ 5)აღნიშნულის დასტურად, ავტორს დავით გურამიშვილის სიტყვებიც მოაქვს,  სიმონ გუგუნავას მისამართით ნათქვამი:  „კარგ კაცს როგორ დავუკარგო, რაც რამ სიკარგკაცე აქვსო“დასახ. ნაშრომი, გვ.204როგორც ირკვევა, საქართველოს  მოსახლეობის მიგრაციის პროცესი აღნიშნულ გვარსაც შეეხო  და აჭარის მიდამოებიდან გურიასა და სამეგრელოში გადმოსახლებულმა გუგუნავებმა შექმნეს ამ ძირძველი საგვარეულოს ორი შტო. ლაზური ძირის მქონე  წარჩინებული საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი კი, საქართველოს ისტორიის ძნელბედობის ხანაში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოხვდა. აღსანიშნავია ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც  ერთი  ძირისგან  წარმომდგარ ამ ორივე  განაყოფის (გურულის და მეგრულის) წარმომადგენლებს  ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს. ეს არის  ხელოვნებისადმი, ზოგადად შემოქმედებისადმი  მიდრეკილი  ძლიერი,  ერთიანი გენეტიკური კოდი. ლექსის თხზვა თუ სიმღერა-გალობა, ჩონგურზე დაკვრა თუ   ფერითწერა, ქვაზეკვეთა თუ  სამხედრო  ხელოვნება, აი, ის ასპარეზი, რომელშიც თავს  საუკეთესოდ ავლენდნენ ამ  ბრწყინვალე საგვარეულოს ღირსეული წარმომადგენლები.  ამის დასტურია  ქართველ ერში აგრერიგად გავრცელებული ისტორიული პოემის, „თამარიანის“ ავტორი სიმონ გუგუნავა, ამ პოემამ  10  გამოცემას გაუძლო და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა.
0102
03
ხელოვნებათმცოდნე  ოთარ ფირალიშვილის დამსახურებაა, რომ მან შთამომავლობას არ დაუკარგა სახელი  თავის დროზე, რუსეთში საკმაოდ აღიარებული მხატვრის,  ივანე  (ჩითან)  გიორგის ძე გუგუნავასი (1860- 1919).  მხატვარს ბედმა არგუნა სამშობლოდან შორს,  რუსეთში ცხოვრება, თუმცა,  მშობლიურ გურიას ივანე თითქმის ყოველ ზაფხულს სტუმრობდა. ივანე გუგუნავა სწავლობდა ჯერ მოსკოვის „ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში“  ოქრომჭედლობის განხრით, შემდეგ  კი, პეტერბურგის  საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის მიმართულებით. პეტერბურგის  აკადემიაში  ყოფნისას, ქართველი  მხატვრის  მიერ შესრულებული ერთ-ერთი ფერწერული ქმნილება  ვერცხლის  მედლითაც  დაჯილდოვებულა. აღსანიშნავია, რომ  ივანე გუგუნავა   ქართული სახვითი ხელოვნების  ისტორიაში პირველ პეიზაჟისტ  მხატვრად  ითვლება.  მის ფუნჯს ეკუთვნის   არაჩვეულებრივი  პოეტურობით გამთბარი   პეიზაჟური მხატვრობის ნიმუშები, რომელთაც მშობლიური ბუნების მხატვრისეული ლირიკული განცდა  გამოარჩევთ.  ივანე გუგუნავას  დიდი წვლილი მიუძღვის „მოსკოვის მხატვართა ამხანაგობის“ დაარსებაში. ცნობილი რუსი მწერლის, ვლადიმერ  გილაროვსკის  ნაწარმოებიდან „Москва и москвичи“ (М.,1926), ისიც ირკვევა, რომ  ივანე  მოსკოველ მხატვართა გაერთიანება „Среда“-ს  ერთ-ერთი თავკაცი ყოფილა.  რუს მხატვართა წრეში  დიდად დაფასებული ქართველი მხატვრის სახე  კი, შთამომავლობას, მხატვარმა  თ. რერბერგმა შემოუნახა, მის მიერ შესრულებული ფერწერული პორტრეტი  არისტოკრატული  გარეგნობის   ინტელიგენტ  ქართველ ხელოვანს ასახავს, რომლის დაახლოებით 200-მდე ნამუშევარი  (როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული ) დღეისათვის  გაფანტულია რუსეთის  და საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.  მათ შორის  არის:  „წმ. ეგორის დღეობა“,  „შემოდგომის  დილა“, „მდინარე ოკაზე“, „მოსკოვური ეზოები“, „გურული ოდა“, „ჩონგურზე დამკვრელი ქართველი ქალი“, „სალომეს პორტრეტი“, „პატარა სიმონ ჯახუტაშვილი“,  „შემოღამება ბახვის წყალზე“, „კარმიდამო“, „ნაადრევი თოვლი“  და სხვა.ო. ფირალიშვილი, ივანე გუგუნავა, თბ., 1964არც ისე დიდი ხანია, რაც  აღმოჩნდა, რომ  ივანე გუგუნავას  11 გრაფიკული ილუსტრაციით  შეუმკია   ისტორიული რომანი „ბასურმანი,“, რომელიც  მწერალ  ივანე ლაჟეჩნიკოვს ეკუთვნის და რომელიც გამოიცა პეტერბურგში 1901 წელსიხ. ი.ახუაშვილი, „გუგუნავები“, თბ., 2002, გვ. 203.
0405
06
ამჯერად, მინდა გაგაცნოთ  ჯემალ გუგუნავას შემოქმედება, რომელიც ღირსეულად აგრძელებს  ამ სახელოვანი გვარის შემოქმედებით ტრადიციებს, თუმცა მას  ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს მხატვარი   თითქმის 30 წელია, რაც  ევროპულ  ემიგრაციაშია  და სამშობლოსგან შორს, ბრისტოლში მოღვაწეობს, წელიწადის გარკვეულ დროს კი, პრაღის  სახელოსნოში  ატარებს.
07
ჯემალ  გუგუნავა  ჩემი თაობის მხატვარია. მე კარგად მახსოვს  მისი შემოქმედების ადრეული ეტაპი, როდესაც იგი, თავისი ინდივიდუალური ხელწერის ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი, 1970-80-იანი წლების დასაწყისში თბილისში გამართულ  ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენებზე გამოტანილი მეტად ორიგინალური არტეფაქტებით ამახსოვრებდა თავს  მხატვრობის  დამფასებელ საზოგადოებას.
0809
10.11.
12.
ჯემალი  1950 წელს, თბილისში  მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როდესაც  მამა, ოპერის მომღერალი - ევგენი გუგუნავა გარდაიცვალა. ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნისას, ჯემალმა   ხატვისადმი  მიდრეკილება გამოავლინა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია მის  პირველ მასწავლებელს - თამარ  გოგიტიძე - ბეიერს, რომელმაც მომავალ  ხელოვანს ხატვასთან ერთად,  კლასიკური  მუსიკისადმი სიყვარული ჩაუნერგა. თავის სასკოლო ხატვის წრეს, სადაც არაჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევდა,  ჯემალ გუგუნავა ხუმრობით  „მცირე მონპარნასს“ უწოდებს. სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი თბილისის სამხატვრო აკადემიაში - ხის და ლითონის  დამუშავების  ფაკუტეტზე შედის. მას ბედმა გაუღიმა და ხატვის  საფუძვლების შესწავლა მოუხდა  მსოფლიო მნიშვნელობის მხატვარ სერგო ქობულაძესთან. შემდეგ  კი, უჩა ჯაფარიძის  შემოქმედებით სახელოსნოში გადავიდა. იგი სამხატვრო აკადემიაში 1967-1974 წწ სწავლობდა, მაშინ, როდესაც  მასთან ერთად სწავლობდნენ შემდგომში აღიარებული ისეთი მხატვრები, როგორებიც ირაკლი ფარჯიანი, ჯოვანი ვეფხვაძე, გივი აღაპიშვილი, ანატოლი რიაბუშენკო, დალი ფოდიაშვილი, ომარ კაჭკაჭიშვილი, გოგი ჩაგელიშვილი, ვლადიმერ ადვაძე,  ვალერი მარგიანი და სხვები იყვნენ. უჩა ჯაფარიძის რეკომენდაციით, სამხატვრო აკადემიის დიპლომის დასაცავად  ჯ. გუგუნავამ  სამი პორტრეტი წარმოადგინა. მათში, ხაზგასმული იყო  პორტრეტული ხელოვნებისადმი სრულიად არატრადიციული მიდგომა, რამაც საატესტაციო კომისიის წევრთა უკმაყოფილება გამოიწვია. იმ დროს, სადიპლომო ნამუშევრად, როგორც წესი, საბჭოური ნარატივით გაჟღენთილ მრავალფიგურიან   კომპოზიციებს  ირჩევდნენ. აღნიშნულის გამო,  ჯემალს არ მისცეს დიპლომის დაცვის შესაძლებლობა და დაცვა გაურკვეველი დროით  გადაუტანეს, მკაცრი რეკომენდაციით, რომ დიპლომის მომზადებისას დაიცვას ის წესები, რომლებიც გაბატონებული იყო სამხატვრო აკადემიაში. მაგრამ  ჯემალი არ აპირებდა არაფრის გამოსწორებას.  საბოლოო ჯამში, უჩა ჯაფარიძის ავტორიტეტმა გაჭრა  და    უკომპრომისო  ახალგაზრდამ  სამხატვრო აკადემიის დიპლომი  მაინც  აიღო.  საკუთარი  შემოქმედებითი პრინციპების დაცვა   მას,  ელენე ახვლედიანთან   ახლო  ურთიერთობამ  ასწავლა.  როგორც  ჯემალ  გუგუნავა იგონებს, ამ  დიდი მხატვრის რჩევებს  განსაკუთრებული  მნიშვნელობა ჰქონდა, მისი შემოქმედებითი მრწამსის ჩამოყალიბებაზე.
13.14.
15.16.
მეოცე საუკუნის  70-80-ანი წლების  ქართული ფერწერის განვითარებაში ირაკლი ფარჯიანის, გოგი ჩაგელიშვილის, კარლო კაჭარავას, ლევან ჭოღოშვილის, მერაბ  აბრამიშვილის  და ამ თაობის სხვა  ნიჭიერ შემოქმედთა  გამოჩენამ ახალი ფურცელი გადაშალა  ქართული სახვითი  ხელოვნების ისტორიაში.  მათ  შემოქმედებაში  თანმიმდევრული  ასახვა პოვა პოსტმოდერნისტულმა  მისწრაფებებმა. თუ  კარლო კაჭარავას იდეური წინამძღოლობით „მეათე სართულის“ და   „მარჯანიშვილის თეატრის მხატვართა“  გაერთიანების  ხელში   იწრთობოდა და ძალას იკრებდა   პოსტმოდერნული  ე.წ. „ახალი ფიგურაცია“, ჯემალ გუგუნავა სხვა გზით წავიდა.  იგი, შესაძლოა,  ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს,  გარკვეულწილად, თანაუგრძნობდა კიდეც, მაგრამ არასოდეს უცდია მხატვართა რომელიმე დაჯგუფებას შეერთებოდა.  ჯემალი, იმთავითვე, ინდივიდუალურად ეძებდა საკუთარ გზას ხელოვნებაში. ეს იყო მტკივნეული ძიება  საკუთრივ მისი,  სხვათაგან გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერისა. ცხადი იყო, რომ ახალგაზრდა მხატვარს სურდა დამოუკიდებლად  დაედგინა  საკუთარი მიმართება, როგორც წარსული, კლასიკური მემკვიდრეობის, ისე, თანამედროვე - ე.წ. Contemporary  art-ის მიმართ. იგი, სხვათაგან განსხვავებული, საკუთარი ხელწერის და შემოქმედებითი კრედოს ჩამოყალიბებაზე ოცნებობდა. დღეს, რეტროსპექციაში რომ გადავხედოთ  ჯემალ გუგუნავას შემოქმედებას, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ   განვლილ დროში  მან   ეს    წარმატებით  შესძლო. ამაში მხატვარს,  რასაკვირველია,  ზურგს უმაგრებდა    ჯერ კიდევ თბილისის სამხატვრო აკადემიის სწავლისას შეთვისებული    პროფესიონალიზმი და ოსტატობა.
17.18.

1950-იანი წლების  პოსტსტალინური ლიბერალიზაციის მიუხედავად, რომელიც  70-იან წლებსაც გადასწვდა, ანუ იმ პერიოდს, როდესაც  ჯემალ გუგუნავა და მისი თაობა სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ, თავისუფალი მრწამსის ხელოვანთ, მათ რიცხვში  ჩვენს მხატვარსაც, ბუნებრივია, ვერ დააკმაყოფილებდა  ის სანახევროდ გადაწეული „რკინის ფარდა“, რომელიც  საბჭოური  იდეოლოგიური სისტემით შემოსაზღვრულ   ტერიტორიაზე  მყოფთ,  თავისუფლების ფრთებს აჭრიდა. დაახლოვებით ისე, როგორც ეს  ჯემალ გუგუნავას ერთ-ერთ ადრეულ  ფერწერულ კომპოზიციაშია. ტილოზე, ღრმა მოჩარჩოების ფარგლებში  შემომწყვდეული ფრთოსანი ნიკეს  ტორსს, თითქოს  ფრთები  ნახევრად  ჩამოაჭრესო.  აშკარა იყო, რომ ჯემალ გუგუნავას   მიერ  ფერწერულად  „კონსტრუირებული“ ჩარჩოს საზღვრებში  მოქცეული  გამარჯვების  ბერძენი ქალღმერთის თავისუფლებისმოყვარე  სულის მსგავსად, საბჭოური რეჟიმი  სულს უხუთავდა იმ დროს ახალგაზრდა მხატვარს. მხატვარმა, პროფესიული წვრთნის შედეგი  საჯაროდ არაერთხელ წარმოადგინა, როგორც  ჯგუფურ, ისე პერსონალურ გამოფენებზე. პერიოდული გამოცემების ფურცლებზე, მისი მისამართით   გამოთქმული დადებითი შეფასებები, სრულ საფუძველს იძლეოდა იმისა, რომ   გვეფიქრა, ახალგაზრდა მხატვარს  სამშობლოში  წინ, დიდი   მომავალი ელოდა. მაგრამ ფორტუნამ  სხვაგვარად  გადაწყვიტა  და 1990-იანი წლების საქართველოს  პოლიტიკურ-ეკონომიკურ და მძიმე  სოციალურ კრიზისს განრიდებულმა ჯემალ გუგუნავამ,  როგორც ითქვა,  უცხოეთში  გააგრძელა  საკუთარი თავის  დამკვიდრება  და  სრულიად განსხვავებულ სოციუმში  ადაპტირება. ევროპაში მყოფ მხატვარს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ახლის შეცნობის წადილით, კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალსაწიერი, შესაძლებლობა მიეცა,  მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ მუზეუმში ეხილა იმ დიდ მხატვართა  ორიგინალები, რომელთა რეპროდუქციებიც სკოლის მერხიდან  მისი  თაყვანისცემის საგანი  გამხდარიყო.  წიგნებს დაწაფული ახალგაზრდა აშკარად გრძნობდა, რომ  ჭეშმარიტ მხატვრობასთან  მისასვლელი გზა ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, რელიგიის,  კულტუროლოგიის   ძირითადი პოსტულატების  შეცნობა-გათავისებაზე გადიოდა. ლიტერატურის, პოეზიის, მუსიკის სიყვარული  უფრო  უკეთ  გაუკვალავდა  გზას  დიდი ხელოვნებისკენ.  ასე  დაეწაფა  ბუნებით ინტროვერტი ახალგაზრდა   მხატვარი  ცოდნას, რამაც  მეტი სიღრმე და შინაარსი მისცა მის შემოქმედებას. 1992 წ. ჯემალ გუგუნავა  ჯერ   ჩეხეთში, კერძოდ, პრაღაში  გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო  ქართველ მხატვართა  ნამუშევრების ორ ჯგუფურ გამოფენაში. პირველი ხუთი წელი პრაღაში, ხელოვანისთვის, არანაყოფიერი გამოდგა, რადგანაც უცხოეთში ოჯახით მყოფი  მხატვარი  ფიზიკური  გადარჩენისათვის  იძულებული  იყო, წმინდა  კომერციული  ხასიათის შეკვეთებზე ემუშავა  და  მომხმარებლის მოთხოვნათა დაკმაყოფილებისათვის ეზრუნა, რაც მას, როგორც შემოქმედს, სრულიადაც არ აკმაყოფილებდა. შემდგომში  კი,  როდესაც მატერიალური მდგომარეობა  გაიუმჯობესა, მხატვარი მხოლოდ ისეთ დაკვეთებს თანხმდებოდა, რომელიც მას შემოქმედებით თავისუფლებას არ  შეუზღუდავდა.
19.
2003 წლის   იანვრიდან  კი,  ჯემალ  გუგუნავა  საცხოვრებლად  დიდ ბრიტანეთში  გადადის  და   ბრისტოლში,  კლიფტონის გალერეის სპეციალური დაკვეთით  ქმნის   მრავალრიცხოვან პეიზაჟებსა და ნატურმორტებს. ამ დროიდან   ათვლილი,  მხატვარი, როგორც თავად ამბობს, საკუთარ შემოქმედებით დროს  ბრისტოლსა და პრაღას შორის  ანაწილებს. 2012 წელს   ჯემალ გუგუნავა მიწვეული იყო  თავისი ნამუშევრებით ერთ-ერთ  პრესტიჟულ გამოფენაზე: „2012- Holburne Portrait Prize“ რომელიც გაიმართა  ჰოლბურნის მუზეუმში,  ქალაქ ბათში (ინგლისის სამხრეთ-დასავლეთი). იმავე წელს, მხატვრის მიერ შესრულებულმა  ერთ -ერთმა   პორტრეტმა, ლონდონის ნაციონალური  პორტრეტების გალერეის   მიერ  გამოცხადებულ  კონკურსში BP Portrait Award 2012 წარმატებით გაიარა  შესარჩევი ტური. ქართველ  მხატვარს არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა უცხოეთის ქვეყნებში, მისი ნამუშევრები   მსოფლიოს მრავალი ქვეყნის  სახელმწიფო თუ  კერძო  კოლექციაშია დაცული. იგი დღემდე მონაწილეობს მრავალ აუქციონსა და  საქველმოქმედო   ხასიათის გამოფენებში. ასე მაგ. 2017 წლის იანვარში, ჯემალ გუგუნავამ თავისი ნამუშევარი „ბროწეული“ შიდსით დაავადებულთათვის განკუთვნილ საქველმოქმედო ჩვენებაზე, ნიუ-იორკის გალერეა „მეტრო-პიქჩერსში“ წარმოადგინა, სადაც  უცნობმა კოლექციონერმა იგი საკმაოდ მაღალ  ფასად შეიძინა. 2018 წლის სექტემბერში კი, ჯემალ  გუგუნავამ  მონაწილეობა  მიიღო ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ  ღონისძიებათა ფარგლებში თბილისში, საქართველოს ეროვნული სამუზეუმო გაერთიანების - თბილისის ისტორიულ მუზეუმში (ქარვასლა), გამართულ გამოფენაზე.  ეს გამოფენა დეკემბრის თვეში ბრისტოლშიც იყო წარმოდგენილი. აქ   ქართველმა მხატვარმა, თბილისში და ბრისტოლში შესრულებული  კონცეპტუალური   ხასიათის  ნამუშევრები „აღმა-დაღმა“ და „დასასრული“ გამოფინა.
20.
ჯემალ გუგუნავას შემოქმედება მრავალჟანრობრივია,  ის ხატავს ყველაფერს, რაც მის წარმოსახვას იმპულსს აძლევს და მასში შემოქმედებით ინსპირაციას  იწვევს, დაწყებული პეიზაჟიდან, ნატურმორტის, „ნიუ“-ს თუ პორტრეტის ჩათვლით. თემატიკის ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, მხატვრის ნამუშევრები  უყოყმანოდ შეიძლება ამოიცნოთ ტექნიკით, კოლორიტითა და ინდივიდუალური სტილით. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მხატვარს განსაკუთრებით  პორტრეტული ჟანრი  იზიდავს. როგორც ირკვევა,  თავისი პირველი პორტრეტი ჯემალ  გუგუნავას 1968 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში,  საკურსო ნამუშევრის სახით  შეუსრულებია და ეს  პირველი პორტრეტი, იმ დროს ჯერ კიდევ  სკოლის მოწაფის, შემდგომში კი, მისი ერთგული მეუღლის, წარმატებული  ექიმის  - ნინა ბენდუქიძის  გამოსახულება ყოფილა.
21.
22.
ამას მოჰყვა მთელი პორტრეტული გალერეა. მხატვრის პორტრეტები,  შესრულების დროისა და ხელწერის მიხედვით, ორ ეტაპად იყოფა: ადრეული, ძირითადად, სამშობლოში შესრულებული პორტრეტები და უცხოეთში  ყოფნისას შექმნილი  არტეფაქტები.  პირველი  ეტაპის  პორტრეტებში  მეტია  სკოლური პრინციპების დაცვის იმპერატივი, რომელიც  უფრო მეტად    ე.წ. კლასიკური პორტრეტული მემკვიდრეობის (ვერმეერი, ჰალსი)  შემოქმედებითი გადამუშავებისაკენ  იხრება.  მათში  მხატვარი  პორტრეტირებულთა სახის უზადო დამუშავება - მოდელირებასთან ერთად,  მეტ  ყურადღებას ისეთ  დეტალებს უთმობს, როგორიცაა  სამოსის აქსესუარი - მაქმანისებრი საყელო,  გულისპირი ან  თავსაბური,  ფონზე კი, პირობითად მოხაზული  ინტერიერის  საგნების მინიშნებაა მოცემული. აღსანიშნავია, რომ მხატვარი პორტრეტირებულის  სამოსის დეტალების ფაქტურულ-დეკორატიული  დამუშავებისას, ზომიერების შეგრძნებას  არ  კარგავს.  ხასიათის  ეს ძალიან მნიშვნელოვანი  ნიშანი  მხატვარს არასოდეს ღალატობს.  მეორე ეტაპზე შესრულებული პორტრეტები  კი გაცილებით უფრო თამამი და თავისუფალია,  ისინი მთლიანად ბინარულ ოპოზიციებზეა  აგებული და ამ კონტრასტების ჰარმონაზაციის გზით, მხატვარი აღქმის მთლიანობის შენარჩუნებას აღწევს.  ხშირად იგი საკუთარ  თავს საკმაოდ რთულ ამოცანას უყენებს  და, ძირითადად,  ნეიტრალურ თეთრ  ფონზე  პორტრეტირებულის სახის დამუშავებისას, ოდნავ ოქრაშერეულ თეთრას  იყენებს. თეთრით-თეთრზე მუშაობა კი  არც ისე იოლია. კლასიკური  პორტრეტული მემკვიდრეობიდან ჯემალ გუგუნავა, ცნობილი ინგლისელი მხატვრის  უილიამ ჰოგარტის მიერ, ზოგადად  კლასიკური მხატვრობის მისამართით  კომპოზიციის ღერძად აღიარებული ლათინური  ასო -  „S“-ს  მსგავსი  აგების პრინციპის ერთგული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პორტრეტირებულთა სხეულების აღნიშნული  პრინციპის ფარგლებში მოქცევისა, მოდელი შინაგან თავისუფლებას მაინც ინარჩუნებს. ჯემალ გუგუნავას პორტრეტებში, ძირითადად, ძლიერი ნებისყოფის ადამიანები არიან  წარმოდგენილნი, თუმცა,  ისინი  თითქოს   ექზისტენციური  ყოფიერების კონტექსტიდან   აშკარად  „გაუცხოვებულად“ გამოიყურებიან. სწორედ ამის გამო, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი  მხატვრის მიერ შექმნილ თითოეულ ამ პორტრეტში  გარეგნული  მომხიბვლელი სახე-ნიღბის  მიღმა  დაფარული, სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების, გამორჩეული  ხასიათის მქონე განსხვავებული ბედისწერის ადამიანები ამოიცნო. ჯემალ გუგუნავას მიერ   შესრულებული ყველა ეს პორტრეტი („ელენე“, „გოგონა კიკინებით“, „ქალი წითელში“,“  ქალი ლურჯი შარფით“, „კლარა“, „ის არ არის ვინც გგონიათ“, ან  „მელანქოლია“, „ნინა“)  გამოირჩევა  ფსიქოლოგიური  დახასიათების,  სულის უფაქიზესი  ნიუანსების  გადმოცემის   ფართო დიაპაზონით.  ამავდროულად ამ პორტრეტებს  აერთიანებს  ერთგვარი სტერეოტიპი  სახე - ნიღბისა,  პორტრეტირებულის  შინაგანი მღელვარების დაფარვას უშედეგოდ რომ ცდილობს.  ნუშისებრი მოყვანილობის ოდნავ ალმაცერად მომზირალი თვალების: ხან ლურჯი, ხანაც წაბლისფერი, ან ზურმუხტისფერი ელვარება ქალთა სახეების  გამომეტყველებას   საოცარ  სევდანარევ, ზოგჯერ  მელანქოლიურ    განწყობას  მატებს.  ამავდროულად, თითოეული პორტრეტი ავლენს  მხატვრის  უნარს, მათში პიროვნული  ღირსების (virtu)   შეგრძნება  დაგვანახოს.   ჯემალ გუგუნავა  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს   სასურათე  ფორმატს. მას  უყვარს  მოგრძო, ზოგჯერ ვიწრო ფორმატზე მუშაობა და ასეთ შემთხვევაში, პორტრეტი საოცარ ექსპრესიულობას იძენს. ასეთია ახალგაზრდა ქალის  პორტრეტი „ტატა“  (1981, 40x90 სმ., ტ.ზ.).  მხატვრის პორტრეტულ გალერეაში ერთ-ერთი საუკეთესოა მისი მეუღლის, ნინას  პორტრეტი. ამ პორტრეტში, ქალურობასთან და სინატიფესთან ერთად, გვხიბლავს პორტრეტირებულის არაჩვეულებრივი უშუალობა. მხატვრის მიერ გამოყენებული ყოველი შტრიხი, ხაზი, ლაქა ზუსტია, შეუცდომლად მეტყველი. განსაკუთრებით  ეს ეხება  პირობითად მოხაზულ  თვალთა  გამომეტყველებას.   ამადეო  მოდილიანის პორტრეტების მსგავსად, გუგის გარეშე გამოსახულ  თვალთა ადგილას   ჩაღვრილი  ორი ცისფერი  ლაქა  ახალგაზრდა ქალის სულის სისპეტაკეზე  მიგვანიშნებს და  ბუნებრივობას ანიჭებს პორტრეტს. ჯემალ გუგუნავას პორტრეტებში ყურადღებას იპყრობს ის ლაპიდარულობა, როდესაც პორტრეტირებულის ინდივიდუალობის გადმოცემას მხატვარი  ზედმეტი დეტალების გარეშე აღწევს. მხატვრის მიერ მოხმობილი  ყოველი ხაზი, ფერი და ლაქა  ხასიათის  გახსნისკენაა  მიმართული.  მხატვრის მიერ შერჩეული მოდელების სხვადასხვა ხასიათი კი სულაც არ არის მარტივი, თუმცა, ყოველთვის საინტერესო.  შეიძლება თამამად ითქვას, რომ  სწორედ   მხატვრის  ამ  მინიმალიზმმა მოგვცა  მაქსიმალური ეფექტი. როგორც აღვნიშნე, იმისათვის, რომ  ყურადღება სახეზე იყოს კონცენტრირებული, ჯემალ გუგუნავა  პორტრეტებს, ძირითადად, ნეიტრალურ  ფონზე ათავსებს,  რაც  მათ ერთგვარ  რელიეფურობას უსვამს ხაზს. რელიეფურობას ქმნის თვით ტექნიკა „Impasto“, რომელსაც მხატვარი იყენებს.
23.
ჯემალ გუგუნავას  სხვადასხვა დროს  შეუსრულებია  „ნიუ“-ს  ფერწერული  სერია. აღნიშნულ სერიაში მხატვარი ძირითად დატვირთვას ფერს ანიჭებს და ფერის ნიუანსირებით აღწევს ქალთა სხეულების სილუეტურ რიტმიკას. „ნიუ“-ს ციკლის მხატვრისეული  მოდელები  გვხიბლავენ  სხეულის  ოდნავ  დაგრძელებული  პროპორციებით,  ფორმების შემომსაზღრვრელი პლასტიკური მოძრავი კონტურებით, ქრომატულად დატვირთული  ფერთა გამით, სადაც  ჭარბობს ოქრა, რომელიც არამხოლოდ  „ათბობს“ კომპოზიციას, არამედ  კრავს და  ადუღაბებს   ტილოზე გამოყენებულ  ფერთა პალიტრას.  ოდნავ სტილიზებული ხაზი კი გრაციოზულობას ანიჭებს ქალთა შიშველ სხეულებს.
რაც შეეხება პეიზაჟურ მხატვრობას, აქაც  ჯემალ გუგუნავას  ნამუშევრები  ორ  ჯგუფად შეიძლება დაიყოს  (ადრეული  და გვიანი  პერიოდის), თუმცა, მათ შორის განსხვავება  მცირედია.  მხატვრის პეიზაჟები თითქოს მისივე  გრძნობების ანაბეჭდებია, სხვადასხვაგვარი ჟღერადობის  მუსიკალური იმპროვიზაციების მსგავსი. ჯემალ გუგუნავა  ცდილობს გადმოსცეს ბუნების განსაკუთრებული მდგომარეობა. შესაძლოა,  ამიტომაცაა, რომ  მის  პეიზაჟებში დიდი ადგილი უჭირავს ცას, ხშირად უღრუბლო ზეცას, ზოგჯერ კი, მოქუფრულს, საავდროდ გამზადებულს. მხატვარი,  ამ შემთხევაშიც,  ოპერირებს  ტილოზე ზეთის საღებავებით და მასტეხინის გამოყენებით. იგი ფუნჯის მოკლე პასტოზური მონასმებით, ხანაც გრძელი ერთმანეთის პარალელური  ფერწერული ნაკვალევით  ქმნის პეიზაჟური მოტივის მფეთქავ,  ცოცხალ  სტრუქტურას. დიდწილად, მხატვრის პეიზაჟები დაცლილია ადამიანებისგან (რამაც შესაძლებელია, მორის უტრილოსა და ჯორჯო დე კირიკოს ურბანული პეიზაჟებიც კი გაგვახსენოს). ლანდშაფტური კომპოზიციები დიაგონალურად იშლება და მთელი დატვირთვა ფერთა  ორკესტრირებაზეა გადატანილი.  მხატვარი, ძირითადად,  თბილ, მჟღერ  ფერებს იყენებს, რომლებიც  ჰარმონიულ  სინთეტურ  ტექსტურას ქმნის. მხატვრის მეხსიერება საოცარი სიცხადით ინახავს მშობლიური გარემოდან  ადევნებულ ბავშვობის  და სიყრმის  შთაბეჭდილებებს, რომელთა გაცოცხლებასაც,  შემდეგ,   ტილოსა და ფუნჯს ანდობს. ასე შეიქმნა  თბილისის პეიზაჟების სერია. მოგზაური-მხატვარი, სადაც არ უნდა წავიდეს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, ბოლოს, მაინც საქართველოს ეწვევა ხოლმე. ჯემალს ხიბლავს  ბუნება წელიწადის სხვადასხვა  დროს.  მეჩვენება,  თითქოს თეოფილ გოტიეს ე.წ. „გეოგრაფიული კლიმატის თეორიას“, მხატვარმა, თავისი პეიზაჟური მხატვრობით პრაქტიკულად შეასხა ხორცი. ყველა პეიზაჟს მისთვის დამახასიათებელი   კლიმატური მდგომარეობა შეუხამა, იქნება ეს: ლონდონური ნისლი, შემოდგომის ოქროსფერი პრაღა, ბრისტოლის ნაწვიმარი  ქვაფენილი,   ბერლინური მოქუფრული ზეცა თუ  მზით განათებული ძველი თბილისის უბანი გაზაფხულის პირზე. ერთ-ერთ  პეიზაჟზე    პრაღის  (2001, 30x40სმ.) თბილი ზამთარია ასახული, ისეთი თბილი, თბილისში რომ იცის და ელენე ახვლედიანის ფუნჯმა რომ შემოგვინახა. ჯემალ გუგუნავამ ამ პეიზაჟურ კომპოზიციას, რომელზეც  ძველი პრაღის  ურბანული სივრცის  საინტერესო რაკურსია  დაფიქსირებული, ტილოს  ვიწრო  სასურათე ფორმატი  შეურჩია. ტილოზე  წარმოდგენილ,  ვერტიკალზე ორიენტირებული გოთური სტილის სახლების ადეკვატური კომპოზიცია    ადამიანებისგანაა  დაცლილი.  თუმცა,  ამ  პეიზაჟურ  მოტივში საოცარი მყუდროება  შეაქვს   ძველებურ ნათურას, რიმელიც კომპოზიციის მარცხენა კიდეზეა ასახული და თავისი სხივებით  დამრეცად  ანათებს  ფრანც კაფკას  ქალაქის  ჭირხლით დაფარულ ქუჩას.
24.
კომპოზიცია „მზის ჩასვლა“ ( 2017, 30x40სმ.) მდინარე ეივონზე გადებული  ბრისტოლის  ცნობილ  კიდულ  ხიდს  ასახავს. მხატვრის  მიერ შერჩეული  ხედვის კუთხე  წარმოგვიდგენს  მდინარეში შეჭრილ  მცენარეული  საფარით დაფარულ  ხეობას.  უკიდეგანო    ფირუზისფერ  ცაზე,  ჩამავალი მზე  უკანასკნელ სხივებს ჰფენს არე-მარეს. ეს  პეიზაჟური მოტივი კიდევ ერთხელ   გვარწმუნეს, რომ  მხატვარს ხელეწიფება  მცირე ფორმატის ტილოზე   სივრცისა და ჰაერის მასების გადმოცემით  ვიზუალურად გააფართოვოს  სასურათე სიბრტყე და სიღრმის შთაბეჭდილება შექმნას.  მხატვრის პეიზაჟები  ერთმანეთისაგან   განსხვავებულ  განწყობას  გვაზიარებს. ასეთია ლონდონურ ნისლში გახვეული ტაუერის ხიდი, ბიგ-ბენი, ვესტმინსტერის სასახლე, თუ  ნაწვიმარზე, მდინარე ეივონის ხეობა ან  მტკვრის სანაპიროზე  ჩამწკრივებული  სახლების თავზე  ტყვიისფერი ზეცა ან,  თუნდაც,  დროისა და გეოგრაფიის  მიღმა დარჩენილი „თეთრი  ლანდშაფტის“ ერთგვარი სიზმრისეული ხილვა. მეჩვენება, რომ მხატვრის ფუნჯი ამა თუ იმ განწყობის შესაბამისად,  სწრაფად დანავარდობს ტილოს ზედაპირზე, თითქოს ეშინია არ განელდეს ის იმპულსი, რომელმაც  ხელში ფუნჯი  ააღებინა. მისი სურვილია,  ისე  მოიხელთოს მოტივი, რომ დაფიქსირებისას  შინაგანი  „თრთოლვა“ და „სიცოცხლე“ შეუნარჩუნოს მას. ჩვენს წინ, თითქოს,  ერთგვარი  უტრილოსეული  ზმანებებია, რეალურის და ირეალურის ზღვარზე  შექმნილი  მოტივები.
25.
ჯემალ გუგუნავას ნატურმორტის ჟანრშიც მრავალი ნამუშევარი აქვს შექმნილი და  ძირითადი  მათგანი Contemporary  art -ს ნიმუშია.  როდესაც ჯემალი ნატურმორტის საგნების  კომბინაციას ქმნის, ცდილობს, ლაკონიურად  გადმოგვცეს საკუთარი მიმართება იმ   სრულიად ტრივიალურ, ყოფით საგანზე, რასაც ყოვედღიურად ვიყენებთ. ასე მაგ,  ერთი ადამიანისთვის განკუთვნილ  კედელთან მიყუდებულ  თეთრ  თეფშზე და  მის წინ  ამაყად მოყელყელავე ღვინის ბოთლზე; ორმაგ მოჩარჩოებაში ჩასმულ მხოლოდ ბოთლის  სახურავის მოსახსნელზე; კომპოზიციის ცენტრში არტეფაქტად ქცეულ თოკზე ლაყუჩებით ჩამოკიდებულ ორ ტარანზე,  ანდა,  სულაც,   მხოლოდ  თევზის  ფხიან კუდზე  და ბოლოს, ერთერთი  კომპოზიციის ცენტრში  ჩამოკიდებულ ავისმომასწავებელ თოკის მარყუჟზე.       სემანტიკური დატვირთვის მქონე ეს ტოპოსები მხატვრის სულის ისტორიის, მისი  გრძნობების დრამატული კოლიზიების შესატყვისი მეტაფორული ხასიათის ნიშან-სიმბოლოებად იქცნენ. თუ  გავიხსენებთ  ცნობილი ფილოსოფოსის, ლუდვიგ ფოიერბახის სიტყვებს  „ადამიანი  საკუთარ  თავს  ობიექტის საშუალებით შეიცნობს“, დავრწმუნდებით, რომ თავად არჩევანი ობიექტისა და მასში ჩადებული შეტყობინებისა, მესიჯისა  მაყურებლისადმი,  ცხადჰყოფს მხატვრის  ღირებულებით ორიენტაციებს.  ჯემალ გუგუნავას  ნატურმორტების  ყოფითი საგნები, ბიომორფული თუ ზოომორფული  სხეულები, ოდნავ ირონიული ქვეტექსტით, მხატვრის  მიერ ასასახი ობიექტისადმი ორგვარ დამოკიდებულებას სახავს: ერთი, ილუზიურობის კლასიკური გაგებით, მეოცე საუკუნის მოდერნისტი მხატვრების გამოცდილების გაზიარებისკენ იხრება, როდესაც საოცარი, თითქმის ფოტოგრაფიული სიზუსტით არის დახატული საგანი, ამავდროულად მის გარშემო შექმნილი აურა  ავტორის სულის გამოხატვის საშუალებად იქცევა,  მეორე   მიდგომა კი,   Contemporary  art-ისთვის დამახასიათებელი, საკუთრივ, გუგუნავასეული  გააზრებაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხატვარი  ემიჯნება  ნატიუმორტისთვის   ტრადიციული  საგნების  გამოყენებას. გუგუნავასთვის  საგანი - ნიშანია, ის  კონცეპტია, რომელმაც აზრობრივი   ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მაყურებელს. ეს ერთგვარი დიალოგია  ავტორისა  ნაწარმოების რეციპიენტთან, ამ შემთხვევაში, ორმაგი კოდირება თვით სახელწოდებაშია ჩადებული („Life is a Joke“,  „Beware  Sudden Drop“, „Think Outside the Loop“, „I Wanted to Be A Butterfly“  და სხვ.)  და ეს ვერბალური კოდი, ხშირ შემთხვევაში, გადაფარავს კიდეც ვიზუალურს. ამ  ნატურმორტებით,  ჯემალ გუგუნავამ,  შეძლო ფეხი აეწყო  დროის მაჯისცემისთვის. უნდა ითქვას, რომ  ჯემალ გუგუნავას  შემოქმედებითი სამზარეულო, ისევე, როგორც მისი  სტილი,  კომერციული ინტერესებით  არასოდეს საზრდოობდა, ამიტომაც,  იგი  თავის თავს უფლებას აძლევს ხატოს ის და ისე, რაც თავად სურს და როგორადაც მიიჩნევს საჭიროდ.  მხატვრისთვის დამახასიათებელია  ე.წ. იმპასტო  ტექნიკა, რომელიც „სველით-სველზე“ მუშაობას გულისხმობს და „ალა პრიმას“ ტექნიკის მსგავსად,  ერთი ამოსუნთქვით  დაწერილის ეფექტს იძლევა.
რაც შეეხება, მხატვრის  შემოქმედებით მრწამსს, იგი მდგომარეობს ჰარმონიის და  მშვენიერების აღქმისაკენ მიმართულ  თვითრეფლექსიაში. მხატვარს ხიბლავს  საგნის არსი და ადამიანის  სულის სიწმინდე,  პიროვნების დაცულობის შეგრძნება და მარტივ, მაგრამ საოცრად ტევად ფორმებში  გამოვლენილი ცხოვრების სისავსე. ამავდროულად, როგორც   ტემპერამენტიან ქართველს,  სურს   ერთგვარი დრამატულობა შესძინოს  ასასახ  ყოფიერებას,  რადგან   მხატვრისათვის  მიუღებელია,  აღწერისა და ნარატივის  დონემდე დაიყვანოს  ამა თუ იმ მოტივისადმი თუ მოდელისადმი საკუთარი მღელვარე განცდა. აკადემიური  განათლების გავლენით ნაკვები  ხელოვანის ცხოვრებისეული დევიზი კი,  მისივე სიტყვებით  შემდეგნაირად  არის  არტიკულირებული: „მე ყოველთვის ვხატავდი, ვხატავ და დავხატავ  რაც მსურდა, მსურს  და მომესურვება მომავალში და არა  იმას, რაც დღესაა პოპულარული და მოდაშია“. ვფიქრობ, სწორედ ამით შეინარჩუნა მხატვარმა მკვეთრად გამოხატული   ინდივიდუალობა. შესაბამისად, ჯემალ გუგუნავას  შემოქმედება, მხატვრის   პრინციპული  ხასიათის  ნიშნებით  გაჯერებული, მისთვის ექზისტენციალურად ერთგვარად „გაუცხოვებულ“ გარემოშიც  ინარჩუნებს  საოცრად  ცოცხალ   და  ყოველთვის  თანამედროვე   შემოქმედებით იმპულსებს.
26-27.
როდესაც  გუგუნავების საგვარეულოს შემოქმედებით ტრადიციებს ვეხებით, არ შეიძლება ერთი-ორი სიტყვით არ ვახსენოთ ჯემალ გუგუნავას ვაჟის - გიორგის სკულპტურული შემოქმედება.  გიორგი გუგუნავამ უცხოეთში  მიიღო შესანიშნავი განათლება  ქანდაკების განხრით. თუმცა, მასაც ისევე, როგორც  ჯემალს, არასოდეს დავიწყებია, რომ ის  წარმოშობით  ქართველია. გიორგი დაინტერესებულია თავისი შესანიშნავი გვარის წარმომავლობით, შედგენილი აქვს კიდეც გენეალოგიური  ხის ორი შტო, სადაც   საპატიო ადგილს იკავებენ  როგორც გურული, ისე  ლაზურ-მეგრული შტოს გუგუნავები, რომელთაც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას მრავალი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლი თუ  პოეტური ქმნილება, მუსიკალური ნაწარმოები თუ სახვითი ხელოვნების უნიკალური ნიმუში   შესძინეს.
28.
გიორგი (გიგა) ჯემალის ძე გუგუნავა დაიბადა თბილისში 1979 წელს. 1992 წლიდან   ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადადის ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში. 1995-1999 წწ. - სწავლობს ქალაქ  ჰორიცეში ქანდაკებისა და ქვის   მხატვრული დამუშავების სასწავლებელში. 1999 წელს კი იგი პრაღის უნივერსიტეტში, ქანდაკების სპეციალობას ეუფლება. 2000 წლიდან  მოქანდაკე უკვე დამოუკიდებელ სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის  ქვის მხატვრული დამუშავების ოსტატის კვალიფიკაციით. პარალელურად, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა პროფესიულ წვრთნას  პრაღის სახვითი ხელოვნების აკადემიაში  აგრძელებს და არც ამით კმაყოფილდება, მეტი სრულყოფისთვის მიემგზავრება გერმანიაში. იქ, ბერლინის მარტინ ლუთერის  სასწავლო კოლეჯს ასრულებს. 2002 წლიდან, როდესაც  გუგუნავების ოჯახი  დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, გიგა გუგუნავამ  დაიწყო   სპეციალიზაცია სამედალო ხელოვნებაში. იგი  ხდება  ბრიტანული სამედალო ხელოვნების საზოგადოების წევრი და მონაწილეობას იღებს  ლონდონში მოწყობილ გამოფენებში, სადაც ექსპონირებული იყო ქართველი ოსტატის მიერ შესრულებული თანამედროვე სტილის  მედლები. 2003 წელს გიგა გუგუნავამ თავისი მედლები წარადგინა "Window Gallery"-ს  ექსპოზიციაზე, ლონდონში. იმავე წელს, იგი მონაწილეობას იღებს გერმანიაში, კერძოდ,  საქსონიაში არსებულ სამხატვრო მუზეუმში BAMS - თანამედროვე ხელოვნების მედლებით.   მცირე პლასტიკის ეს ნიმუშები,  ქართველმა მოქანდაკემ, მორტსბურგის (გერმანია) ეროვნულ გალერეაშიც წარმოადგინა. 2004 წელს, გიგა გუგუნავას მნიშვნელოვანი დაკვეთის  შესრულება მოუხდა, მან  ჰალეს  წმ. პავლეს ეკლესიისთვის  წმინდა პავლეს განზოგადებული ქანდაკება შექმნა და მას უწოდა „მსოფლმხედველობა-1“. 2012 წ. გიგა გუგუნავამ, პროფესორ ბრუნო რეჩის ხელმძღვანელობით  წარმატებით დაიცვა სამაგისტრო შრომა  და  ხელოვნების მაგისტრის წოდება მოიპოვა. ამას მოჰყვა  გერმანიაში, კერძოდ კი, რიდელჰოფში,  ხის ქანდაკებების   საერთაშორისო სიმპოზიუმზე „Flur 2012“   გიგას ნამუშევართა  პრემირება, შემდეგ  იყო  ავსტრიაში,  მარმარილოს ქანდაკების სიმპოზიუმზე „უტერსბერგი 2012“,  წარმატებული მონაწილეობაც. 2013 წლიდან, გიგა გუგუნავა მთლიანად დაფუძნდა  გერმანიის მიწა-წყალზე, სადაც  დღემდე აქტიურ  შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა.  ორი წლის წინ კი, მან მონაწილეობა მიიღო  შპრეიერში სახალხო ბანკის მიერ ორგანიზებულ  გამოფენაზე, სახელწოდებით „მუზა ქმნის მონეტებს“. აღნიშნული გამოფენის  მთავარი გზავნილი იყო - „ხელოვნება აყალიბებს ფულს: ქმნის მონეტებს“. აქ მოპოვებულმა წარმატებამ განაპირობა ის, რომ ქართველი მოქანდაკის მიერ შესრულებულმა   ორიგინალურმა მონეტამ ბინა დაიდო ბერლინის სახელმწიფო მუზეუმის მონეტების კაბინეტში. ის, რომ  ახალგაზრდა ქართველის მიერ შექმნილი მედალი შეძენილ იქნა  ბერლინის სახელგანთქმული  ბოდეს მუზეუმის  მუდმივმოქმედი ექსპოზიციისათვის,  გიგა გუგუნავას დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. მნიშვნელოვანი იყო ქართველი მოქანდაკისათვის მიცემული დაკვეთა,  ერფრუტში წარმოებული ფილმის  „Löwenzahn“ (ლომის კბილი), MCA, გადასაღები პავილიონისათვის  სკულპტურული დეკორაციების შესრულების თვალსაზრისით. გიგა გუგუნავას მიერ  სკულპტურული  კომპოზიციების შექმნამ, სახელწოდებით  „ტროპიკულ კუნძულებზე“,  განაპირობა ქართველი მოქანდაკის   ის წარმატება, რომლის შემდეგაც საკუთარ ძალებში  თავდაჯერებულ ხელოვანს  გამოაქვს  თავისი ნამუშევრები ლაუხჰამერის (გერმანია) კუნსტგუსის მუზეუმში  გამართულ გამოფენაზე.  აღსანიშნავია ისიც, რომ  გიორგი გუგუნავას ნამუშევრები, ხშირად ექსპონირებული  გერმანიის სხვადასხვა  ქალაქებში, ყოველთვის   კრიტიკოსთა მხრივ მაღალ შეფასებას იმსახურებდა და იმსახურებს. მაინც რა არის  ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის   შემოქმედების ასეთი თავბრუდამხვევი წარმატების მიზეზი, როდესაც  მოქანდაკეს, ფაქტობრივად, ყოველი წელი საოცრად პროდუქტული და შემოქმედებითი შეკვეთებით აღსავსე  აქვს. გიგა გუგუნავას წარმატების ფორმულა კი,  ჩემი აზრით, მდგომარეობს პირველ რიგში, მისი ქანდაკებებისა და მცირე პლასტიკის ნიმუშების ესთეტიკაში. სხვადასხვა მასალაში შესრულებული  გიორგი გუგუნავასეული ქანდაკებებისათვის დამახასიათებელია   დიდი გულისყური, მიმართული პლასტიკურ ფორმათა როგორც შინაგან  სტრუქტურირებაზე, ისე  მასათა ზედაპირულ დამუშავებაზე, ზოგადად  თანამედროვე  ფორმადქმნადობასა და  საოცრად ექსპრესიულ სილუეტურ გამომსახველობაზე.   ქანდაკების  ამ ნიმუშების მხატვრული გამომსახველობა სრულად პასუხობს თანამედროვე პოსტმოდერნული პლასტიკის ხასიათს. გიორგის კარგად ესმის, რომ თანამედროვე  ქანდაკების  მეინსტრიმულ  ტენდენციას  განზოგადებისკენ სწრაფვა წარმოადგენს. რაც ნიშნავს უშუალო პლასტიკის ენით მეტყველებას, ყოველგვარი ნარატივისა და ბელეტრისტიკის გარეშე. სწორედ პლასტიკის გამომსახველი ძალის უშუალობით  გვხიბლავს  ქართველი მოქანდაკის შემოქმედებაც - მასში სკულპტურულ მასათა ბალანსირებით, მოცულობითი ფორმების  წონადობით, მოქანდაკემ შეძლო ქანდაკებისთვის მისი  პირველადქმნილი გამომსახველობითი ძალის მინიჭება. მნიშვნელოვანია, რომ გიგა გუგუნავას გამახვილებული აქვს მონუმენტურ-სკულპტურული სამეტყველო ენის სპეციფიკის შეგრძნება  და  ქანდაკების ტექნოლოგიის მეთოდური ცოდნა, რომელიც  ქართველმა მოქანდაკემ უცხოეთში შეიძინა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გიგა გუგუნავასთვის  ყველაზე უკეთესი მასწავლებელი  მაინც მისი დაკვირვებული თვალი და მარჯვე ხელი აღმოჩნდა, რომელიც იზიარებდა იმ საერთაშორისო გამოცდილებას, დაგროვილს მსოფლიო პლასტიკაში, რომლის საუკეთესო ნიმუშების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა მას  არამხოლოდ გერმანიის მიწა-წყალზე არსებულ მუზეუმებში, არამედ პრაღასა და გაერთიანებულ სამეფოს სამუზეუმო გალერეებსა და საცავებში, აგრეთვე, შეერთებული შტატების საექსპოზიციო სივრცეებშიც. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოქანდაკის სკულპტურულ ნიმუშებს, ერთგვარი მაარქაიზებელი ნიშნები გამორჩეულ, ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს. გიგა გუგუნავა ავლენს მხატვრული ინფორმაციის ორგანულად  შეთვისების  კულტურას, სამხატვრო   ერუდიციას და დახვეწილ გემოვნებას. მას ხელეწიფება მხატვრულ-ნოვატორული ხერხების  ფართოდ გამოყენებით და  შუამდინარულ, ეტრუსკულ,  კოლხურ-კობანური ტორევტიკის ნიმუშების  გადამუშავებით სამედალო ხელოვნების, მცირე პლასტიკის საინტერესო მხატვრული ფორმის შექმნა.  გიგა გუგუნავას, როგორც მოქანდაკეს,  თავისი თემატური რეპერტუარი აქვს, რომელსაც ხშირად უბრუნდება ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ახლებური გადაწყვეტით. მოქანდაკეს ხიბლავს  ცხენებისა და მხედრების მოძრავი პლასტიკური გამოსახულებები, ასევე, უძრავ, მასიურ  ე.წ. სტატომობილებში შინაგანი დაუნჯებული ენერგიის გამონთავისუფლებისაკენ სწრაფვა.  იგი საოცრად ახერხებს სკულპტურული ფორმის  გარეგნული სტატიკის შენარჩუნებით,  მასის შიგნით არსებული  ენერგეტიკული ველის დაძაბვას, რაც, თავის მხრივ, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს  სკულპტურული მასის გარეგნულ სტატიკაში შიდა  მოძრაობის განფენა ხდება. უძრავ სტატიკაში დაუნჯებული ამგვარი მოძრავი ენერგეტიკა რემინესცენციას უძველეს ცივილიზაციათა, მათ შორის, ეგვიპტურ, თუ  ეგეოსურ-არქაულ  ნიმუშებთან და   არქეოლოგიურ ინვენტართან პოვებს. ამ სკულპტურულ ფორმებში თუ სამედალო ხელოვნების ფორმადქმნადობაში მოქანდაკე ცდილობს  ამა თუ იმ  მასალაში  შინაგანი ექსპრესია - ერთგვარი სასიცოცხლო ძალა „გამოაფხიზლოს“. საფიქრებელია, რომ ახალგაზრდა მოქანდაკისათვის იმთავითვე მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე ქანდაკების ისეთი მეტრების გამოცდილების შემოქმედებითი ათვისება, როგორებიც იყვნენ: მარინო მარინი,  გასტონ ლაშეზი, ჰენრი მური, კონსტანტინ ბრანკუსი, ჰანს არპი,  პაბლო სერანო, ჟაკ ლიფშიცი, ფრედერიკ კისლერი და სხვები.  მათი გამოცდილებით  გიგა გუგუნავა ახერხებს  პლასტიკურ მასებზე სიმძიმის გადანაწილებით, მოუხელთებელი, უცნაური რაკურსებით  წარმოაჩინოს  ერთმანეთში ჩახრახნილი, ერთგვარად სტრუქტურირებული  სკულპტურული ფორმები (Flur 12), რომლებშიც მომწყვდეული ენერგია თითქოს ეს-ესაა შიგნიდანვე ააფეთქებს მასებს. შეიძლება, ამიტომაცაა მისი ქანდაკებათა ზედაპირი  ხაოიანი, ხორკლებით დაფარული, უსწორმასწოროდ დაღარული (Vogel, Maske), იშვიათად - გლუვი და  ფაქტურულად   დამუშავებული (der kleine engel).  მოქანდაკე  ხაზს უსვამს მასალის ბუნებას.   მას თითქოს მოსწონს კიდეც მისი ბუნებრივი დეფექტებიც. იგი მათ გამომსახველობას ანიჭებს და სასურველ ჟღერადობას ანიჭებს. გიგა გუგუნავა აქტიურად იყენებს ე.წ. სივრცობრივ ხვრელებს, რომლებიც გარემომცველ ჰაერის მასებთან საინტერესო  შეპაექრებას ქმნის. თანამედროვე საპარკო სივრცეებში, სარეკრეაციო ზონებში დასადგმელ განზოგადებულ სკულპტურულ ფორმებს  გარკვეულ ხიბლს მატებს   მასალაში გაკეთებული ღრმულები, უსწორმასწოროდ ნაკვეთი  სილუეტები. აღსანიშნავია, რომ  გიგა გუგუნავას თითქმის ყველა  ნამუშევარი  ე.წ. „ნონ-ფინიტოს“ პრინციპითაა შესრულებული, განზრახ დაუსრულებელ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც, თავის მხრივ, დამატებითი ეფექტია და ორიგინალობას მატებს ჩანაფიქრს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს  ეს ნამუშევრები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, რითიც სიცოცხლის მფეთქავ ძალას ინარჩუნებენ (Portraits, Januskopf). მის ზოგიერთ ქანდაკებათა ზედაპირზე ხაოიანი თუ მჩხვლეტავი,   წახნაგოვანი ნაწიბურები  და მათი ხაზგასმულად წარმოჩენა, თითქოს ერთგვარი საწარმოო კონსტრუქციების და მისი ნარჩენების შთაბეჭდილებასაც კი ქმნის (Statomobile), მათში იკითხება თავად მოქანდაკის მსუბუქი ირონიით გამსჭვალული დამოკიდებულება ზოგადად სამყაროსადმი და მისი საოცარი უნარი,  სხვადასხვა  მასალაში   დაიმორჩილოს   მარადიული  ბინარული ოპოზიციები. თანამედოვე  ევროატლანტიკური პლასტიკის  გამოცდილებასთან  ერთად, როგორც აღვნიშნე, ქართველი მოქანდაკის თვალსაწიერშია ძველი აღმოსავლური ცივილიზაციების, განსაკუთრებით - ძველი ეგვიპტის და შუმერულ-ხეთური, თუ ეტრუსკული პლასტიკური მემკვიდრეობა, რომელთა  სტილური  ნიშნების ერთგვარი  მიქსით შექმნილი გიგა გუგუნავასეული ნამუშევრები პოსტმოდერნისტული ინტერტექსტუალური  ეკლექტიზმით გვხიბლავს.
ამრიგად, ვფიქრობ, მამა-შვილი ჯემალ და გიორგი გუგუნავების შემოქმედება ღირსეული შენაძენია არამხოლოდ ევროპული, არამედ, საკუთრივ ქართული  სახვითი ხელოვნების  ისტორიისათვის   და იგი  კიდევ უფრო ამდიდრებს  ამ   ძირძველი ქართული საგვარეულოს  მიერ ქართველი ერისათვის დატოვებულ კულტურულ მემკვიდრეობას.

ნანახია: 1452-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani