Georgian (Georgia)English (United Kingdom)
დავით კაკაბაძე - კულტურის ფენომენი

ლიანა ანთელავა
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

დავით კაკაბაძის,  როგორც კულტურის ფენომენის განხილვა ვარაუდობს მის სააზროვნო კონცეპტად წარმოდგენას. ანუ,  მის, როგორც ხელოვნების (მხატვრული) მოვლენის არა მხოლოდ  სახელოვნებათმცოდნეო კვლევის ჩარჩოებში განხილვას, არამედ  ჰუმანიტარული მეცნიერების სპეციფიკური კვლევების გამოყენებით მასზე მსჯელობას. კვლევის ჰერმენევტიკული, ანუ, აზრის წვდომის, გაგებისა და ინტერპრეტაციის მეთოდის გამოყენება, გულისხმობს კულტურის ფენომენის, ამ შემთხვევაში - მხატვრობის - არა მხოლოდ სახვითი ფორმის მეტყველებად გააზრებას, არამედ მის განხილვას აზრის მატარებელ ფენომენად. ჰერმენევტიკული ინტერპრეტაციები შეიძლება განიმარტოს, როგორც ვიზუალურ (ან სხვა) ნიშან-ფორმათა საზრისების გაგება-ახსნის ხელოვნება,  რაც იმას გულისხმობს,   რომ კულტურა ფენომენოლოგიურად განიხილება -  როგორც ადამიანის   აზრობრივ - ღირებულებითი ცენტრი. დავით კაკაბაძე - კულტურის ფენომენი  - ნიშნავს ამ კულტურული მოვლენის ფენომენოლოგიურ ინტერპრეტაციას.
ჰერმენევტიკა, როგორც მოძღვრება ტექსტის განმარტების შესახებ, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში განვითარდა და, დროთა განმავლობაში, ინტერპრეტაციის დახვეწილ ხერხად იქცა. XVII-XIX  სს-ის მიჯნაზე მოღვაწე გერმანელი ფილოსოფოსი შლეიერმახერი ამუშავებს უნივერსალური ფილოსოფიური ჰერმენევტიკის, როგორც გაგების ზოგადი თეორიის იდეას. მასვე ეკუთვნის „ჰერმენევტიკული წრის“ თეორია. XXსაუკუნეში გერმანელმა ფილოსოფოსმა ვილჰელმ დილთაიმ გააფართოვა ჰერმენევტიკული კვლევების სფერო და მის ფარგლებში, ტექსტთან ერთად, საზრისის მატარებელ ფენომენთა ერთობლიობა მოაქცია. მისი აზრით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საფუძველია განცდა, გამოხატვა და გაგება. ამასთან, გაგება სხვისი განცდის გათავისებაა, განცდის უნარი კი -  გაგების ანთროპოლოგიური წინაპირობა. ჰერმენევტიკული კვლევების იდეას ავითარებდა მარტინ ჰაიდეგერითავის ფილოსოფიაში. ენათმეცნიერებაში, სემიოტიკასა და სოციალურ მეცნიერებებში ამ საკითხით დაინტერესებულები იყვნენ ფილოსოფოსები ჰუმბოლდტი, გადამერი და სხვები. გადამერთან და ჰაიდეგერთან ერთად, ფილოსოფიური ჰერმენევტიკის დამფუძნებლად ფენომენოლოგიური ჰერმენევტიკის ავტორი, ფრანგი ფილოსოფოსი პოლ რიკერიც ითვლება.
01
ხელოვნების მეცნიერებაში ფილოსოფიური იდეების გამოყენების შესაძლებლობაზე მსჯელობას ჯერ კიდევ XXსაუკუნის 30-იან წლებში ვხვდებით. ჰანს ზედლმაიერის ნაშრომში „სტრუქტურული ანალიზი“ ჰერმენევტიკული მიდგომა „ინტერპრეტაციის პრობლემაზე ფოკუსირებაში“ ვლინდება. თუმცა, ჰერმენევტიკული მეთოდის პროგრამული და სისტემური განვითარება ხელოვნების ისტორიაში მხოლოდ XXსაუკუნის 70-80-იან წლებში ხდება. ერთ-ერთი იმ მკვლევართაგანი, ვინც ხელოვნებათმცოდნეობაში ჰერმენევტიკულ ინტერპრეტაციებს მიმართავს, ცნობილი გერმანელი ფილოსიფოსი, ხელოვნების ისტორიკოსი  გოტფრიდ ბოემია. „სურათის ჰერმენევტიკა იწყება იქ, სადაც ვიზუალური გამოცდილება სიტყვის მედიუმში გადადის“ - ასე იწყება ბოემის პროგრამული ტექსტი.  ჰერმენევტიკულ ინსპირაციებს  მიმართავენ მაქს იმდალი, ოსკარ ბაჩმანი, მიჰაელ ბროთიე  და სხვ.
კაკაბაძის ფენომენზე მსჯელობისა და მის ვიზუალურ ფორმაზე დაკვირვებისათვის მოვიხმეთ მხატვრის ორი ციკლი/სერია: „იმერეთი“ და „ბრეტანი“.კლასიკური სტილისტურ-ფორმალური ანალიზისა და ჰერმენევტიკული ინტერპრეტაციის მეთოდის  გამოყენებით,შევეცდებით დავით კაკაბაძის კულტურული ფენომენის კანონზომიერებაში გარკვევას.
„იმერეთი“ - ეს არის მოტივი, რომელსაც დავით კაკაბაძე პერმანენტულად უბრუნდება. ამ ფერწერული ტილოების ერთობას ძნელია უწოდო ციკლი ან, თუნდაც, სერია. ეს მხატვრის სამყაროა, სიცოცხლის მისეული ხატია, რომელშიც ფორმადქმნილია მისი ცოდნა-წარმოდგენები სამყაროზე. მხატვრის მთელი ცხოვრების განმავლობაში, ათწლეულების მანძილზე განმეორებადი მოტივი მიგვანიშნებს, რომ საქმე, მხატვრისთვის, ემოციურად, კონცეპტუალურად და ღირებულებითად, რაღაც ძალზედ მნიშვნელოვანთან გვაქვს (თბილისის, სვანეთის კოჯრის და საქართველოს სხვა კუთხეების მისი პეიზაჟების სარიებს ასეთი დატვირთვა აშკარად არ აქვს).
02
მნიშვნელოვნებასთან ერთად, ეს არის მიგნებაც, რომელიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ კაკაბაძის ცხოვრების მთავარი საკითხი სწორედ ამ მრავალფეროვან (ხშირად, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ) ტილოებში ვლინდება. და ეს მთავარი საკითხი - საქართველოა; ქართული იდენტობა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მოსვენებას არ აძლევს ამ, ყველაზე უფრო „ევროპელ“ ქართველ მხატვარს. შესაძლოა სწორედ, იმერეთის პეიზაჟებით იხსნება დავითში რაღაც ძალზედ სიღრმისეულად მშობლიური, ქართული. ეს ზოგადი სახეები, საოცარი სიზუსტით რომ გვიხატავენ იმერეთის ხედებს, სავარაუდოდ, რაღაც სხვა, უფრო ღრმა საზრისების მატარებელია.
სურათებზე, მაყურებლის თვალწინ ბუნების ფართო პლანით გადაშლილი პანორამული ხედებია მოცემული, რომლებზეც ძალზე მაღალი ჰორიზონტის გამო, ცა გამოსახული არ არის (ზოგიერთ ტილოზე ცის მხოლოდ ძალიან ვიწრო ზოლია მოცემული). უმთავრესად, ეს მთაგორიანი პეიზაჟია. სასურათო არე ბრტყელი, ფერადი გეომეტრიული ფორმების  ლაქებითაა დაფარული. ეს არ არის კუბიზმისათვის სახასიათო გეომეტრიული სიბრტყეები. კაკაბაძესთან იმერეთის პეიზაჟების რეალური ხედებით ნაკარნახევი მიწის ფერადი ნაკუწების გამომსახველი სიბრტყეები უფრო ცოცხალი და ხალისიანია, ვიდრე კუბიზმში (სადაც კონცეპტუალური იდეის კონსტრუირება ხდება ტილოზე და არა ცოცხალი გამოსახულების).
03
სურათის კომპოზიციური აგება მყარი, ტექტონიკურია. მხატვარი სასურათო სიბრტყის ორგანიზებისათვის ორი სახვითი სისტემის ელემენტებს იყენებს. ერთი -  სტრუქტურირების კლასიკური პრინციპია: მკაფიოდ ტექტონიკური, მყარი კომპოზიციები დიდი, სტაბილური ჩრდილების მეშვეობით იგება, რომლებიც სურათის ნათელ ნაწილებს აბალანსებს. შუქ-ჩრდილით ორგანიზებული სასურათო წყობა, ფერწერული პლანებით სივრცის კონსტრუირების პრინციპი და სხვა - ეს კლასიკური ხელოვნების სახვითი სისტემის ელემენტებია. მცირე ზომის ბრტყელი, გეომეტრიული ფორმის მქონე ფერადი სიბრტყეებით შედგენილი სასურათე ზედაპირი კი პირობით, აბსტრაჰირებულ გამოსახულებას  ქმნის.
04
სივრცის ორგანიზების კლასიკურ და არაკლასიკურ ხერხებსა და მათი ერთობლიობით განხორციელებულ სახვით მეტყველებაში ევროპული მოდერნიზმისათვის სახასიათო სტილისტიკა მჟღავნდება. უმბერტო ეკოს მეტაფორული ფრაზა რომ ვიხმაროთ, წესრიგისა და ქაოსის ნაერთით იქმნება მოდერნისტული მეტყველებისათვის სახასიათო სამყაროს სურათი, მსოფლგანცდა.  პირობით-დეკორატიული სახვითი ხერხებით სურათის ორგანიზებას, თავად მხატვარი, „სივრცის აღმოსავლურ კონცეფციას“ უწოდებს და მას აბსტრაჰირებისთვის მეტად მოსახერხებელ მეტყველებად მიიჩნევს.
დეკორატიული ხალიჩისებრიობით  შექმნილ სურათზე არც დღე-ღამის მონაკვეთია მინიშნებული და არც წელიწადის დროა ფიქსირებული. მოცემული მომენტის მუდმივობის, მარადიული აწმყოს შთაბეჭდილება სურათის საერთო გადაწყვეტით  იქმნება.ამ შთაბეჭდილებას ისიც ამყარებს, რომ ეს უადამიანო სივრცეა. პეიზაჟებში არა მხოლოდ ადამიანის გამოსახულება არ ჩანს, არამედ თითქმის არ გვხვდება არქიტექტურა (გამონაკლისია 1929 წლის „პეიზაჟი ციხე-სიმაგრით“, 1934  წელს შესრულებული „რიონჰესი“ და „მიტინგი იმერეთში“-1941 წ.)
05
ადამიანი, ისევე, როგორც კულტურის არტეფაქტები უცხოა ამ არქაული იდუმალებით მოცულ სივრცეში. ეს მითოსის სამყაროა. ქართული კულტურული ცნობიერებისათვის, მიწა სუბსტანციაა, არქეტიპია. ქართველობის თვითშეგნება - ქართველობა - მიწასთან იდენტობაა. „ქართული მიწა“ დროის კულტურული ფორმის მიღმაა. დავით კაკაბაძის „იმერეთი“ ამგვარი მსოფლშეგრძნების ვიზუალური მეტაფორაა.
ვ. ბერიძის თქმით, „იმერეთი“ უფრო სიუიტაა,ვიდრე ციკლი ან სერიაო.  ამით ის არა ფორმას, არამედ მის სიღრმისეულ საზრისს განსაზღვრავს. მე ვიტყოდი, რომ ეს უფრო არქაული ეპოსია „ქართულ მიწაზე“, სადაც მიწა ხელშესახები, მატერიალური, მაგრამ „ხელთუქმნელია“, ეს გასულიერებული მატერიაა. ასეთია ქართული კულტურის თვითშეგრძნება. დ. კაკაბაძის მიერ შექმნილ ამ ვიზუალურ მეტაფორაში ქართული კულტურის მითოლოგემა იკითხება, რომელსაც პოეტურად განსაზღვრავენ, როგორც „ქართულ მიწას - ამქვეყნიურ სამოთხეს“.
06
1921 წელს დავით კაკაბაძე ქმნის თავის ერთ-ერთ გამორჩეულ სერიას „ბრეტანი“. საფრანგეთის ეს რეგიონი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზეა განთავსებული და ამავე სახელწოდების ნახევარკუნძულსაც მოიცავს. საფრანგეთის ამ ულამაზესი სანაპირო ზოლის მშვენიერებით მიღებული შთაბეჭდილება მხატვარმა აკვარელის საღებავებით შესრულებულ ჩანახატებში გადმოსცა. სერიის ყველა ფურცლის მხატვრული გადაწყვეტა ერთმანეთის მსგავსია - ერთგვაროვანია. გამოსახულება მხოლოდ ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული. ირგვლივ კი სუფთა ფურცლის სიცარიელეა, საიდანაც თითქოს ამოდის, აქედან იბადება ცალკეული, ეულად ჩენილი იალქნიანი ნავი, ან შატო; ზოგან - ქარის წისქვილი ან ქვები, ქვის ლოდები, რაც ბრეტანის სანაპირო ლანდშაფტის დამახასიათებელი ატრიბუტია. გამოსახულების გარეშე დატოვებული თეთრი,სუფთა ფურცლის არეები,ზოგიერთ სურათზე, გამოსახულების ნახევარს შეადგენს და ნაწარმოების მხატვრულ მეტყველებაში - სახვითი გამომსახველობის შექმნაში იმავე დატვირთვის მატარებელია, რაც გამოსახულება, ფერი, ხაზი ან ლაქა. მოქნილი, ძალოვანი ხაზი ოსტატურად მოხაზავს გამოსახულების კონტურებს. შავი საღებავით (ტუშით) გაკეთებული ნახატი მყარ, მდგრად საგნებს ქმნის. შავი ტუშის კონტურულ ხაზებს აკვარელის საღებავით გაკეთებული ფერადი ლაქა-ხაზები მიუყვება. წყალში ხსნადი საღებავით სველ ქაღალდზე დატანილი ხაზ - ლაქებით იქმნება ფერადი მირაჟის, სიმყიფის შთაბეჭდილება. სველ ქაღალდზე დაღვრილი, „გათხაპნილი“ ფერადი ხაზებით განქარწყლდება ტუშის კონტურებით შექმნილი ნახატის სიმყარე და გამოსახულება გამჭვირვალე, მსუბუქი, ჰაეროვანი ხდება. გამომსახველობით ფორმასთან - სამეტყველო ენასთან აკვარელის ტექნიკის სპეციფიკის (საღებავით გაჟღენთილი სველი ქაღალდი) თანხვედრა და, ამით,აბსტრაქტული    პირობითობის გაძლიერება, მხატვრული ხერხია, მიგნებაა. ფაქიზად „დაღვრილი“ხაზები/ფერები,  ქაღალდის თანაბრად გაჟღენთილ  ფურცელზე   წყლის, ცის,   ზოგან - ღრუბლების, მიწის, ნიადაგის, ხის ან ბუჩქის, ზოგჯერ კი ჩრდილის მიმანიშნებელ ფიგურა-ფორმებად გარდაისახება. პირობით- აბსტრაქტული ფურცლის გამომსახველობითი მეტყველება, განყენებული გარემო, მხოლოდ ერთი, ეული არტეფაქტის (ნავის ან შენობის) გამოსახვა სიმსუბუქისა და სიმყიფის, წარმავალობის  შთაბეჭდილებას ემსახურება.საოცარი ხიბლი აქვს ამ სერიის ფერადოვნებას. ლურჯები,  ცისფრები და „ზღვისფერი“ - ანუ ლურჯ-მწვანე, რომელიც არც მწვანედ ითქმის და არც ლურჯად, დაბალანსებულია თბილი ოქრას სხვადასხვა ტონალობით, მათ შორის, ოქრა-წითლით. აკვარელის საღებავისათვის,ფერები საკმაოდ ნაჯერი, ინტენსიურია.
საგანგებოდ აღსანიშნავია გამოსახულების გარეშე დატოვებული სუფთა ფურცლის ესთეტიკა. ზოგიერთ ფურცელზე გამოსახულება  მხოლოდ მის 50 %-ს იკავებს, დანარჩენ ნაწილზე სიცარიელეა და ეს არის ის ერთ-ერთი უმთავრესი ხერხი, რომელიც ამ სერიის განსაკუთრებულ მიმზიდველობას ქმნის - სამყაროს არახილული შემადგენელი მეტყველებს როგორც  სიჩუმე, როგორც იდუმალება. გამომსახველობის ამგვარი ხერხი დამახასიათებელია ჩინური და იაპონური მხატვრობისათვის, სადაც, ხშირად, სურათის 80% -ზე გამოსახულება დატანილი არ არის - სიცარიელეა. ასეთი მხატვრობა მეტადრე სულიერად მიიჩნევა, რადგან გამოსახული ფორმა კი არ მეტყველებს თავის თავზე, არამედ მიანიშნებს იმაზე,  რაც მის მიღმაა, მიანიშნებს „არარა“-ზე. მეტყველი „სივრცის სიცარიელე“ მუსიკალური პაუზის დარად,  ხშირად, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ბგერათა წყობა. გამოსახულებისაგან დაცლილი სუფთა ფურცელი ყოფიერების განყენებული სურათის შეგრძნებას ბადებს.
07
„იმერეთის“ მსგავსად, ესეც უადამიანო სამყაროა, მაგრამ დასავლური კულტურის ჰუმანისტური  პარადიგმა ირიბად მინიშნებულია. ფურცლების „მთავარი გმირები“ არტეფაქტებია, ანუ  კულტურის პროდუქტი -  ადამიანის შემოქმედების ნაყოფი. გამოსახულების ერთგვარი რეპრეზენტაციულობით, ჩაკეტილი კომპოზიციებით მხატვარი  მაყურებლის დისტანცირებას ახდენს - უშუალო მოწმე/მონაწილედ არ ხდის. კაკაბაძე თავის პიროვნებაზე „გავლით“ წარმოგვიდგენს მის მიერ ნანახს. ეს მხატვრის მიერ განცდილი „ბრეტანია“.ეს სერია დავით კაკაბაძის ფიგურატიულ  მხატვრობაში სტილურ - ფორმალურად ყველაზე მთლიანია.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ამ მხარის განცდა დავით კაკაბაძის მიერ სულიერია - კულტურული სივრცე შორსაა „მაშინისტური“ ეპოქის რეალობისაგან. აქ ყველაფერი მიღმიერზე, ტრანსცენდენტულზე მიანიშნებს. ფურცლის  სისუფთავე, საგანთა დენადობა, ფერთა თამაში, გამოსახულების მსუბუქი გამჭვირვალება სიცოცხლის წარმავლობისა და დენადობის შეგრძნებას ქმნის. სიცოცხლე არ დგას,  ის მიედინება: სუფთა ფურცლის სითეთრე დუმს,წყალზე ირხევიან იალქნები, ჭრიალებს წისქვილის ბორბალი;  სიცოცხლე ფეთქავს ამ მშვიდ და უდრტვინველ სიჩუმეში. ყველაფერი არარაა.  წარმავალი ფორმები  მიედინებიან. ასე, ერთგვარად სიმბოლურად მიგვანიშნებს კაკაბაძე  დასავლური კულტურისათვის დამახასიათებელ დინამიზმზე. მობილური, სწრაფცვლადი დასავლური ცივილიზაცია მუდმივი განახლების პროცესშია, მუდმივ მოძრაობაშია,  გზაშია.  დასავლეთისათვის „გზა“ - გზისეულობა ტოპოსიც არის და ქრონოსიც. ანუ, „გზა“სივრცე/დროითი კონტინუალური მოდელის აღმნიშვნელი მითოლოგემაა. დავით კაკაბაძის „ბრეტანი“ მობილური დასავლეთის სიმბოლური ვიზუალური  სახე/ხატია.
დავით  კაკაბაძე    კულტურის  სენსორული   ბარომეტრია.   ის სუპერმგრძნობიარეა ზოგადად   კულტურის  მიმართ - როგორც  მშობლიური, ისე ევროპული კულტურის მიმართ.  კულტურის ფენომენად,  სააზროვნო კონცეპტად დავით კაკაბაძის წარმოდგენისას,კულტურის ფენომენოლოგიურ ნიშანთა ფართო  წრიდან გამოვყოფ ორს: კაკაბაძე -„კულტურის  პროდუქტი“, კულტურული  საზრისების ერთობლიობაში შექმნილი ფენომენოლოგიური ნიშანი და კაკაბაძე - „კულტურის   შემოქმედი“, ახალი კულტურული საზრისების,  ახალი  პარადიგმების,   სამყაროს ახალი  ხატის  შემოქმედი.
კაკაბაძე - „კულტურის პროდუქტი“ ნიშნავს იმას,  რომ ეს ფენომენი დეტერმინირებულია, განპირობებულია  არსებული პარადიგმებით. ანუ, ტრადიციული  ქართული  კულტურის  მსოფლგანცდის  მატარებელია.  ამასთან, აშკარაა, რომ   დასავლური  კულტურის  მისეული  განცდაც  ამ კულტურის  თვითაღქმის ადეკვატურია.
კაკაბაძე „კულტურის შემოქმედი“ ფენომენი ინდივიდუალური   მხატვრულ - სახვითი ფორმის  ავტორია.   „იმერეთი“   და  „ბრეტანი“  ვიზუალურად ერთმანეთისაგან  სრულიად  განსხვავებული  მხატვრული  სახეებია -  ერთმანეთის არმგვანი.  ასევე  სრულებით  განსხვავებულია  კულტურის  ის საზრისები,  რომლებიც ფორმადქმნილია ამ სერიებში. ეს საზრისები  სხვადასხვა  კულტურულ  პარადიგმებს,  სამყაროს განსხვავებულ სახეებს აჟღერებს,  მსხვაობარ  კულტურულ   იდენტობებს  მანიფესტირებს. თუმცა,  სახვითი -  მხატვრული  ფორმა,  რომლითაც  „იმერეთი“ და „ბრეტანი“ იქმნება,  ტიპოლოგიურად  იდენტურია.  ნიშან-ფორმათა    წყობის  უზოგადესი  სქემა  შემდეგია:   სივრცის  განცდა  ორივე  შემთხვევაში    პირობითია,   განყენებული,  თუმცა,  სახვითი -  მხატვრული  ფორმა,  რომლითაც  „იმერეთი“ და „ბრეტანი“ იქმნება,  ტიპოლოგიურად  იდენტურია. ხელოვნების   ფორმადმეტყველებაა, ეს  წესრიგია.   ფორმის „მოდელირებაში“   პირობითი  წყობის  ელემენტების სიჭარბე კი  არაკლასიკურია.   ფერადი  გეომეტრიული  სიბრტყეებით  აწყობილი  „იმერეთი“   და  აკვარელის   ტექნიკის  თავისებურებების   გამოყენებით  შექმნილი  მყიფე  მირაჟი  -   თავისუფლებაა, ანუ,  „ქაოსია“.   კლასიკური  და  პოსტკლასიკური  სახვითობა,  „წესრიგისა“ და  „ქაოსის“  შეთანხმებით  შექმნილი  ფორმა - მოდერნიზმის   სტილისტიკაა.ეს დავით  კაკაბაძის თანამედროვე   დასავლეთის  ფორმათმეტყველებაა.   ამ  ფორმით  იქმნება  როგორც  ქართული  იდენტობის  ამსახველი    მეტაფორები  - „იმერეთი“,  ასევე, ჰუმანისტური დასავლური კულტურის მობილურობაზე სიმბოლურად  მიმანიშნებელი  მხატვრული  სახეები - „ბრეტანი“. სხვაგვარად  რომ  ვთქვათ: სახვითი  სამეტყველო   ფორმის  შესაქმნელად მხატვარი ტიპოლოგიურად  ერთნაირ  ფორმას იყენებს.  მისი  სტილისტიკა  - მოდერნიზმის  პარადიგმაა,რომლითაც  განსხვავებული  საზრისების  მქონე  მხატვრული ნიმუშები  იქმნება.  რეალობასთან  მსგავსების  მაღალი  ხარისხის  მიუხედავად,  ორივე  სერიაში, სივრცის  აბსტრაქტული კონცეფციაა  რეალიზებული და,  მიუხედავად  სტილისტურ - ტიპოლოგიური მსგავსებისა,  „იმერეთი“  „ქართული  მიწის“  არქაული,  სტატიკური  მითოლოგემა - ხატის ვიზუალური მეტაფორაა,   ხოლო   „ბრეტანი“ -  ცვლადი,  მობილური  დასავლეთის დროის დენადობის  განცდის  შეგრძნებით  გაჯერებული სიმბოლური ცხადია,  რომ  ფორმა საზრისს  პირდაპირ, სწორხაზოვანი  მიმართებით  არ  გადმოსცემს (თუმცა, გარკვეული  კოორელაცია  უდავოდ  არსებობს), რაც  იმაზე  მეტყველებს,  რომ  მატერიალურ  ფორმაში (ვიზუალურ, ბგერით, ვერბალურ, გინდა, კონცეპტუალურ აზრ-ფორმებში) კულტურული იდენტობების  ძიების  მცდელობა  უსაფუძვლოა. მხოლოდ  აზრის  შეგრძნებამ/გაგებამ/ ახსნამ,   ანუ,  საზრისის ინტერპრეტაციამ   შეიძლება  მიგვაახლოოს  ანთროპოლოგიურ  საზრისებთან;  ისტორიული,  ანუ,  დროში   ცვლადი,  მუდმივ  ევოლუციაში  მყოფი  კულტურული  საზრისების გაგებასთან.
ამდენად, კაკაბაძე, როგორც კულტურის შემოქმედი ფენომენი, ქმნის სამყაროს ახალ სახე-ხატებს. კაკაბაძის მიერ შექმნილი ვიზუალური ფორმა პერსონალური (ინდივიდუალური) მხატვრული ფორმაა. ის კრეატიული, ანალიტიკური აზროვნების პროდუქტია, რომელიც შეიქმნა მხატვრის შეგრძნებების ადეკვატურად  გადმოცემისათვის. ეს კულტურის ფორმები  ახალი კულტურული საზრისების განსახორციელებლად, ახალი მსოფლშეგრძნების გადმოსაცემად  შეიქმნა.  კაკაბაძე - კულტურის შემოქმედი ქმნის სამყაროს ახალ  სახეს,  აჩენს ახალ  პარადიგმებს.  სხვაგვარად რომ ვთქვათ, კულტურ-შემოქმედი ფენომენის მიერ კულტურულ-მენტალური საზრისებით დეტერმინირებული  სახვითი ფორმა საზრისების შეცვლის  კვალდაკვალ ტრანსფორმირდება. შემოქმედი პერსონა ცვლის კულტურულ საზრისებს, ქმნის ახალ ფორმებს, საიდანაც დასაბამი ედება ახალ კულტურულ ცნობიერებას - ახალ პარადიგმებს.
ასეთი გარღვევის კუნძულია დავით კაკაბაძის 1942 წელს შესრულებული „საქართველოს ზეცა“,  სადაც   მთელ სასურათე სიბრტყეს ცის გამოსახულება იკავებს; მიწის მხოლოდ ვიწრო, პატარა ზოლია ქვედა კიდის მარჯვენა კუთხესთან; ეს, კვლავ, წითელ-ყვითელი ნაკვეთებით შედგენილი მიწის ზოლია - დანარჩენი კი ცაა. უფრო სწორედ კი, ეს არის „კაკაბაძისეული  საქართველოს ცა“ -  როგორც თავისუფლება , როგორც აღმაფრენა. თავისუფლება არჩევანია. „ ქართული ცა“ დავით კაკაბაძის  ცნობიერი არჩევანის მანიფესტაციაა - მატერიისაგან, ნივთიერი ფორმებისაგან, ძველი პარადიგმებისაგან გათავისუფლების არჩევანი. ეს ცა  თავისუფლების მეტაფორაა - სულის განავარდება არარაში და  ეს კაკაბაძის პიროვნებაში განხორციელებული აქტია. დავით კაკაბაძის ფენომენი გარღვევაა ქართული კულტურის ცნობიერებაში. მისი შემოქმედება მაღალგანვითარებული გონების მოძრაობაა, ახალი კულტურული ცნობიერების, ახალი ქართული პარადიგმის დაბადების კუნძულია. ეს ტილო ქართული  კულტურული  ცნობიერების  ტრანსფორმაციის  დემონსტრაციაა.

ნანახია: 435-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani