Georgian (Georgia)English (United Kingdom)
დავით კაკაბაძე და კოლხური ოდა-სახლი

სამსონ ლეჟავა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია


აქ წარმოდგენილი მომცრო ნარკვევი შეეხება ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - იმას, თუ რაგვარ ზემოქმედებას ახდენს (როგორც ჩანს, მთელი ცხოვრების მანძილზე თანამდევს) ადამიანზე ის პირველადი გარემოცვა, რომელიც დიდწილად აფუძნებს მის გადამწყვეტ „მხვედრობას“ სამყაროსთან. ამგვარი „მხვედრობა“ საფუძველდებულია ბავშვობის ასაკში - იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი არის მაქსიმალურად ალალი და კრეატიული. იგი არაიდეოლოგიზებული, გახსნილი ხედვით გამოირჩევა და ინტენსიური მიმღეობის უნარის მეშვეობით მის არსებაში სამყაროს მთლიანი, ერთობილი ხატი იბადება. ოღონდაც, ასეთი სახის ხატი მაშინ აღმოცენდება სრულფასოვნად, როდესაც ბავშვი ეკოლოგიურად სუფთა, შეურყვნელ გარემოში ცხოვრობს. ამდაგვარი „კაცთსამყოფელის“ კვალი არსებითია მაშინაც, როცა პიროვნება თანდათან განეშორება და, ბოლოს, მოსწყდება კიდეც ამნაირ - შემოქმედებითობით, სიხალასე-უბრალოებითა და განსულიერებულობით აღსავსე, „ავთენტურ“ სივრცეს, იწყებს რა პირველდასაბამიერი ალაგის არედან გასვლას და ადგება ძნელ, შორ, „ინიციაციურ“ გზას ხანგრძლივი პიროვნული თვითდგინებისა თუ თვითშემეცნების პროცესში. ოღონდაც, გულის მეხსიერება იმავ პირველდასაბამიერთან კონტაქტისა, მისთვის მარადაქტუალობას ინარჩუნებს, როგორც რამ არდასავიწყებელი, სულ მუდამ თანამყოფი, აღმოუფხვრელი...
აი, სწორედ ამ საფიქრალმა მიმიყვანა აზრთან, რომ დავით კაკაბაძის პირველი მხვედრობა დიდ სამყაროსთან შედგა რურალური, სწორედ რომ „მიწის“ კულტურის სივრცეში და, მათ შორის, ოდა-სახლის „შინაშიც“, როგორც უძლიერეს სულიერ ნავთსაყუდელში. მოგეხსენებათ, რომ საცხოვრისის, სახლის, როგორც მოწესრიგებულად სპირიტუალიზებული (მ. იკონნიკოვი) გარემოს, სამყაროს მოდელის, საიმედო თავშესაფრის, აღზრდის კერის, თვითჩაღრმავების ალაგისა და მთელ კოსმოსთან კომუნიკაციის სიმბოლიკა, ამოუძიებელი სიღრმეების მაგულვებელია. ოღონდაც, აქ როდი იგულისხმება მარტოოდენ ცალკერძ მყოფი სახლი, არამედ მთელი კარ-მიდამოც და, არსებითად, „ჰომეოსტაზური“ თვისებრიობის მქონე სოფელიც - ნაყოფი მკვიდრი, ბუნების რიტმებთან შეხმობილი, ტრადიციული კულტურისა, რომელიც ახორციელებს გარემოცვის „კეთილ-დაკვალვას“. სწორედაც ამ „კეთილ-დაკვალულ“ კარმიდამოთა ბუნების მიმართ არაძალმომრე „ბადე“ (იმავდროულად, მაუწყებელი ქართველი, მესაკუთრე, „გიორგიანელი“, მიწის მუშაკის პასუხისმგებლობისა) საკვირველი ჰარმონიულობით ეფინება კაკაბაძისეული იმერული ლანდშაფტების ხალვათ, მსუნთქავ, მისანდობელ სივრცეებს.
01
დიახ, თავად სამყარო კაკაბაძისა, უცნაურად „სამოთხისებრი“ ნოსტალგიით რომაა გამსჭვალულ-გაჯერებული (წალკოტს დავითი ხომ თვითვე იხსენიებს), განსაკუთრებული სისრულით მოწვდილია მის წარმოუდგენლად ტევად სურათში „იმერეთი - დედაჩემი“. აქ, სწორედ ოდა-სახლის უფაქიზესად მოვლილ კარმიდამოში, მთელი სამშობლოს ხატებაა დაუნჯებული. აქვეა თავმოყრილი, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ადგილის დედობის განაცადი; ამ გარემოშივე მსხმოიარობს სიცოცხლის ხის სივრცეთამაერთებელი, მარადისობის შემომკრები ხატება; აქვე სუფევს გარინდება, გამოუთქმელი მდუმარება; უკლებლივ ყველაფერში იხილვება გამჭვირვალება, სივრციერება, სიხალვათე, ნივთიერისა და ზენივთიერის ურთიერთშემსჭვალულობა; შორეთში კი, ისევ, უმსუბუქესი ზღუდარისა და „მიმპატიჟებელი“ კარბიჭის მიღმა, იხილვება შინდისფრად შეფერილი, იქაურობის სიმწვანეებთან ჰარმონიულად შეხმობილი სახურავი მშობლიურად აღქმული ოდური საცხოვრისისა.
ამ რიგის, ფართოდ პანორამული, თვალსაწიერის ტევადობით გამორჩეული (გაიანე ალიბეგაშვილი) ხედები, თავად ძველებური ოდის აივნიდანაც გვიხილავს მრავალგზის. ოღონდაც, დავით კაკაბაძესთან, მგვან ხედთა „შემოკრება“ ხორცშესხმულ იქნა უტევადესი მრავლისმომცველობით და, თანაც, ცხადია, არათუ მხოლოდ ამ ქმნილებაში: ეს თემა მრავალგან განიშალა და განივრცო... და, მაინც, ალბათ სწორედ „იმერეთი - დედაჩემია“ ამოსავალი მხატვრის მსოფლგანცდის მოსახელთებლად.
02
ჩვენი თხრობის ლოგიკისათვის უცხო არ იქნება იმის მოთხოვნა, რომ უფრო ახლოსმყოფად შევეზიაროთ ოდა-სახლის აგებულებას და, ზოგადადაც, დავით კაკაბაძისათვის ამ მართლაცდა მახლობლურ ფენომენს მთელ თავის მთლიანობაში. შევეცადოთ იმასაც, რომ თავად ოდის „შინაგნობიდანაც“ დავინახოთ კაკაბაძისეული „შესაქმის“ სპეციფიკა.
ვინც დავითის ქმნილებებს დაჰკვირვებია, ალბათ გაიზიარებს იმას, რომ ოდაში ჩენილი ნათელ, თუ გიორგი ჩტაიასეული ცნებით - „კეთილ-აღნაგობა“ (ერთგვარი ანალოგი ბერძნული კალოკაგატიისა), უმწყობრესი აგებულება, სიხალვათე და ხსნილობა (რაც, ძირეულად, უთუოდ, ხსნის იდეასაც უკავშირდება), უზღვარო სივრციერებისა და თავმოყრილობის იშვიათი ბალანსი თავისებური გამონაკვთულობის მატარებლობასთან ერთად, გრავიტაცია-ძლეულობის განცდა, უზადოობა „შიგნიდან ამომავალი“ ტექტონიკურობისა, ცოცხალი „პერფექტულობა“, მოქნილი ბუნებითობა და, თანაც, „კლასიკურად“ აღქმული, ვახტანგ ცინცაძითა და ლონგინოზ სუმბაძით - თავად „დაკრისტალებულობაც“ სტრუქტურისა, რაღაც უღრმეს მონათესავეობასა და, მეტიც, თვით ერთძირიანობასაც კი ადასტურებს დავით კაკაბაძის ხედვასთან.
ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, აღარც კი გვიკვირს, რომ დავითი კინემატოგრაფის სივრცეშიც (მაგ., დავით რონდელის „დაკარგულ სამოთხეში“), თეატრშიც (მაგ., შალვა დადიანისა და დოდო ანთაძისეულ „ნინოშვილის გურიაშიც“) და, ბოლოს, სამეცნიერო-ეთნოლოგიური ექსპედიციების დროსაც (როგორც უჩა ჯაფარიძემ მაუწყა, ის, რაჭაში, ცხენზე ამხედრებული, მაღალმთიან სოფლებშიც ფოტოგრაფიულად აფიქსირებდა და იკვლევდა ოდა-სახლებს), არაერთგზის მიუბრუნდა ამ ტიპის ნაგებობას. მანვე დახატა ოდის უაღრესი სიმყუდროვისა და თან ბუნებისადმი „მინდობილობის“ შემცველი, სივრცეტევადი ინტერიერი... უკლებლივ ყველგან, დავითმა ბოლომდე მოიხელთა ოდა-სახლისავე არსობრივი მახასიათებლები და განსაკუთრებული ესთეტიკური სისავსის ნიშნები.
03
თუმცაღა, ჩვენ ამ საცხოვრისთან მიმართების კიდევ უფრო მეტად შეფარულ კვალზე გავდივართ, რაც მდგომარეობს შემდეგში: თუკი ბევრგან მაინც, ოდა-სახლის სივრციდან (სახელდობრ - აივნიდან), ანდა თვით ოდური კარ-მიდამოებიდან დანახულ „იმერულ“ (სინამდვილეში კი, თანადროულად - „სამყაროულ“) ხედებს დავაკვირდებით (ამასთანავე - მაგ., რომელიმე მთის წვერიც შეიძლებოდა ქცეულიყო ათვლის წერტილად), მყისვე შევიგრძნობთ, რომ ამ მთათა „ფარდაგისებრ“, უაღრესად მაღალ წესრიგიანობამინიჭებულ სიბრტყეებშიც ამოიკითხება ვახტანგ ბერიძის მიერ აქცენტირებული, იმავგვარი მკაფიო ნათელსტრუქტურიანობა, რაც თავად კოლხური ოდის უშინაგანესი მახასიათებელიც არის (იმთავითვე აღსაქმელი და ეჭვმიუტანლად არსებითი). ოღონდაც, ამ შემთხვევაში, კიდევ სხვა რამ არის გამოსაკვეთი: კერძოდ, ესაა „იმერულ“ ხედთა უცნაური გასხივოსნებულობა, შუქმფენობა (ლევან რჩეულიშვილი), რის შედეგადაც, თითქოსდა „ღირსებააღვსილად“ კულტივირებული, „ანთროპოგენულლანდშაფტიანი“ მიწის ხატება „იძენს“ დიდად თავისებურ გასპეტაკებას, ერთგვარ ამაღლებას. სავარაუდოა, რომ ამდაგვარი ნათლით გაჯერება ღრმა სიმბოლურ დატვირთვასაც უნდა ატარებდეს. აქ, ეგების გუმანითაც, გაშინაგანებული ჩანს მთის ერთგვარად „მედიატორული“ როლი, მისი „სამყაროს ღერძისეული“ საზრისი, ანუ ის, რომ მთა თავისებურ axis mundi-ს წარმოადგენს. ამასთანავე, ეს „ხატისებრი“ (ასმათ ოქროპირიძე) ნათება ჩვენ წამსვე შეგვახსენებს იმასაც, რომ ოდის აივნის შიდა სივრციდან აღქმისას, მისი აჟურულად გამოხერხილი ორნამენტი „ვიტრაჟისებრია“, დემატერიალიზებული და „გაჩირაღდნებული“ იერის მქონეც - იგი ბრიალაა, ნათლითაღვსილი თუ ნათლითმოსილი...
ყოველივე ეს, თუმც კი ოდა-სახლთან, უფრო „ახლო ტერიტორიებს“ გულისხმობს. ახლა, რაც შეეხება დავითისეულ, პარიზის სივრცეში დაბადებულ ე.წ. „აბსტრაქციებს“ 20-იანი წლებისა: ეს ნიმუშები, თავისი ძალზე დახვეწილად ხელნაკეთი მოჩარჩოებებით, ერთგვარად „ობიექტებადაც“ აღიქმება, და არა მხოლოდ, და არა იმდენად - სურათებად... ისინი („აბსტრაქციონისტულობისადა“ მიუხედავად, თითქოსდა „პოლიპერცეპციული“ სახით), გარკვეული „გადართვის“ შემთხვევაში, იმავდროულად, საკრალიზებული ზეცის უტევადეს ხატებადაც მოჩანს. აქ ლამის მთელი უკიდეგანო „ვარსკვლავეთია“ წარმოჩენილი - მართლაც რომ „ცისმეტყველებაა“! ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დავით კაკაბაძე „მიწის “ პარადიგმატული ხილვიდან, სწორედაც პარიზში გავიდა მეტად შთამბეჭდავ და ერთობ მასშტაბურ „კოსმოგრამებზე“. მანვე (ეს „მეტაფორულად“ ითქმის), თითქოსდა ჰაბლის, ანდა სულაც უახლესი კოსმოსური ხომალდის სუპერ-ტელესკოპიდან (ოღონდაც თავისებური წინასწარგანჭვრეტით), გეგონება, „მოიზიდაო“ მთელი თვალშეუდგამი „გალაქტიკეთი“ (თანაც, ცხადია, ამავე დროს ეს მოხდა არაპირდაპირ, არამიმეტურად). ამ მართლაცდა საკვირველმა, ლეონარდოს დარად უნივერსალმა ბუნებისმეტყველმა, სციენტისტმა და დიდმა მხატვარმა, ჩვენ შემოგვთავაზა ხილული შეხვედრა დემატერიალიზებული ენერგიების მისტიკურ სამყაროსთან, რომელიც უშორესი სივრცეთამიღმიერებიდან გვიმზერს! ამასთანავე, სხვა რამესაც ვუშვებ: არ გამოვრიცხავ, რომ დავითისეული მეხსიერების „კუნჭულებში“ შემონახული თუ შეფარული ოდინდელი „მხვედრობა“ ოდა-სახლთა ჭვირული ფარდების თაღნარში „ამომზეურებულ“ ურანომორფულ სტრუქტურებთან, თუ ასტრალურ-სოლარულ მნათობებთან, მის გულში, ალბათ, ბავშვობიდანვე დატევნილ სტრიქონებს შეეხმიანებოდა: „მზე დედაა ჩემი, მთვარე  - მამა ჩემი; ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი“...
04
შესაძლოა, ეს გადაჭარბებადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ ეს ე.წ. „აბსტრაქციების“ სერია, მიუხედავად იმისა, თავად აღარებდა თუ არა, ღრმად რელიგიურ განცდასაც გულისხმაყოფს, და აი, სწორედ აქ ჩნდება ამგვარი ხედვა: კოლხური ოდა, ეკლესიურ, ქრისტიან ქართველთა მიერ აღნაგი (მაგ., მოგზაური რაჭველი ხითხურონი ხომ ხის ეკლესიებსაც უთუოდ თავადვე აშენებდნენ), ძალზე მძლავრ განაცადს მართლმორწმუნეობისა ატარებს არათუ მხოლოდ ამ შენობის ჩვენებურივე ტაძრის სიმწყობრესთან აშკარად „გაერთსულოვანებულ“ აგებულებაში, არამედ სემანტიკურად გაჯერებულ მორთულობაშიც, სადაც სიწმინდის მგულისხმობელ მნათობთან ერთად, სწორედაც „სხივთაშემომკრებელი“ ჯვარია უპირატესი, გარდამწყვეტი სიმბოლო.
დავით კაკაბაძის „აბსტრაქციონისტულ“ ქმნილებებში, ასე მგონია, თითქოსდა წმინდა ნათლით აღსავსე ზეცის საკრალურობის ის შინაგანი მატარებლობა ამოტივტივდა, რაც ოდის აღმშენებლთათვის, იმთავითვე, გარდაუვალად ნაგულისხმები იყო.
გამოდის, რომ დავითი, წარმოუდგენელი ინტენსივობით მაძიებელი, პარიზის ურბანული სივრცეებიდან, ახალ, საკმარისად პარადოქსულ, „ავანგარდულ - მნემონიკას“ ქმნის, რომელიც, ამასთანავე, საკუთარ თავში ინახავს, თუ აყურადებს მრავალათასწლეულგამოვლილ, მოუხელთებელ სიღრმეებში ჩაუნჯებულ ცოდნა-გამოცდილებას ჩვენი ერის დიდი კულტურული მეხსიერებისა. იმ მეხსიერებისა, რომელიც ბევრწილად საზიარო აღმოჩნდა უბრალო, ოღონდაც შინაგანად „მხილველი“ რაჭველი, ანდა იმერელი, ანონიმი სახლთა აღმშენებელთათვისაც და XX საუკუნის ავანგარდისტული „სთრიმის“ ჩვენი დიდი წარმომადგენლისათვისაც, რომელიც მთელი კაცობრიობის კულტურული ფესვების მაძიებელი იყო. ოღონდ, ამ გამორჩეული უნივერსალიზმის გზაზე, ერთი ძირეული ამოსავალთაგანი აღმოჩნდა სწორედ მისი სამშობლო, მისი მიწა, დაბოლოს, მისივე პირველსაცხოვრისიც, როგორც, თუგინდ მრავალთაგან ერთ-ერთი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი „კომპასი“, ორიენტირი, გნებავთ, ათვლის სისტემაც - მარადი მეხსიერების დამტევნელი...
კუპიურებიანი დანამატი:
1910 წელს, ანუ დაახლოებით იმ დროს, როდესაც იქმნებოდა დავით კაკაბაძისეული, ზემოდან „მოხილული“, ტევადსივრციანი, ძლიერ მასშტაბური იმერული ლანდშაფტები (რომელნიც ვიწროდ გაგებული „პეიზაჟურობის“ ფარგლების რადიკალურად გადამლახველიც უთუოდ არის), მეტად ნიჭიერი ქართველი მწერალი, პოეტური პროზის ჩინებული ოსტატი, გულმხურვალე და შინაგანად სუფთა პიროვნება ჭოლა ლომთათიძე თავის თხზულებას „უბის წიგნიდან“ ასე აგვირგვინებს: „მე მაღლობზე ვდგევარ და გადავცქერი ჩემს... ქვეყანას... ჩემს... ქვევით მოჩანს ძველი სიმაგრის... სურათი. მე მაღლობზე ვდგევარ და დავცქერი... სამშობლოს, სადაც თვითეული სურათი სავსეა გაუთავებელი და ამოუშრეტელი შინაარსით... სადაც თვითეულ ნანგრევში ბუდობს... მიმტაცი და მშვენიერი მოგონებანი... აქავე მუშაობდა გულისთქმა და მარჯვენა... თავგანწირვა, სიყვარული და იმედი... თვითეული ნაბიჯი აქ სავსეა დიდი შინაარსით და მე ვკითხულობ ყველაფერს, მე დიდებულ წიგნს ვკითხულობ და ვამაყობ, რომ ეს წიგნი ჩვენი დაწერილია, რომ არც ჩვენ ვმჯდარვართ უსაქმოდ ცის ქვეშ... იქავე ცხოვრობს დრამა ჩვენი ცხოვრებისა, მიუწვდომი იდეალიზმით გაჟღენთილი მოგონებანი... მე მგონია, რომ ჩვენი ისტორიის დასაწყისიდან ცოცხალი ვიყავი მე, რომ ფეხდაფეხ, კვალდაკვალ, მხარდამხარ დავდევდი ჩვენს ბედს... მაღლობზე ვდგევარ მე, გარინდებული ვდგევარ და მღვიძარე სიზმარს ვხედავ მე... ვდგევარ მაღლობზე მე... და იკარგება საზღვარი...“
ასეთი - სულიერად „სამყაროული“ სიმაღლისაა, ეჭვმიუტანლად, თვით სიდიადის შემცველია კაკაბაძისეული ლანდშაფტები (შეადარეთ ვახტანგ ბერიძის ნააზრევი), თან მშობლიური, თანაც პლანეტარული თუ „დედამიწური“. სწორედ ამ სახის სივრცეებიდან გავიდა დავითი უზარმაზარი, ევროპული, უპირველსად კი პარიზული გამოცდილებით ესოდენ გამდიდრებული, კოსმოსის თვალშეუდგამ, საღვთო დიდებულებით აღვსილ, ამაღლებული სულისკვეთებით სულისშემძვრელ „კოსმოგრამებზე“, რომელნიც მღელვარეცაა თითქოს, მაგრამ იქვე, დავითის ზოგადი მსოფლხედვისათვის შესაფერად, საბოლოოდ გარინდებული და მარადიულობას მიმყურადებელიც არის. მათში, ამასთან, „სივრცეტევადი“ ვიბრაციებიცაა და არაუმისამართო, თითქოსდა „ენტელექიური“ დინამიზმიც ცნაურდება, მაგრამ გადამწყვეტია სწორედაც ხილულს მიღმა საგულვებელი - უხილავის პირველაღმომაცენებლობა და დაუსაბამობა... დამატებითი, შიდა მოჩარჩოება აქ ძლიერ მაღალწესრიგიანობასაც გულისხმობს, რომელიც საბოლოოდ, აღემატება ფორმათნაკადიანობასა და პოლირიტმულ „ფეთქვას“, როგორც უსაზღვროებაში შემოტანილი გამწმენდი და, გნებავთ, უზენაესისადმი მიმმართველი საწყისი. ამ მსუბუქად, მაგრამ ხელმტკიცედ დაკვალულ კონფიგურაციას თუ მთლად იზომორფულობა არა, შესაბამისობა მაინც ახასიათებს ოდა-სახლების ჭვირულ ფარდათა მთელი ბუნებითი „თვალსახილველის“ მომაგვარებელ, თავისებურად შემკვრელ კონფიგურაციებთან...
მთლიანობაში, ეს ნააზრევი შთაგონებულია იმის განცდით, რომ ჩვენებური ტრადიციული საცხოვრისის აღმშენებელნიც და დიდი ქართველი შემოქმედიც, ორსავ შემთხვევაში, უმაღლეს სულიერ განზომილებებთან თანამოზიარეობისაკენ მიმსწრაფველნი არიან, როგორც მიუწვდომელ ჭეშმარიტებასთან და უზადო მშვენიერებასთან წილნაყარობის მთელი არსებით, წრფელად და გულმართლად მოსურნენი...

ნანახია: 2004-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani