Georgian (Georgia)English (United Kingdom)
რელიგიური თემა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში დავით სულაკაურის ფრესკა „ქორწილი კანში“

მარიანა ოკლეი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

რელიგიური თემა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში დავით სულაკაურის ფრესკა „ქორწილი კანში“
აღქმა, ინტერპრეტაცია, კონტექსტი.

ქართული ხელოვნების განვითარების, მხატვრული სახის ჩამოყალიბებისა და სულიერი რაობის დადგენისათვის ქრისტიანულ სარწმუნოებას და მის მოძღვრებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. რელიგია მეტწილად  ყველა დროსა და ეპოქაში ადამიანის ცხოვრების წესის, მათი წარმოდგენების, შეფასებებისა და საზრისის მაჩვენებელია. ის საზოგადოების  მსოფლშეგრძნების გამომხატველია, რომელიც ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ აღქმაზეა დაფუძნებული.
აღსანიშნავია, რომ მას თავისი არსი არც თანამედროვე კულტურაში დაუკარგავს.პირიქით, ის ახალი ძალით, ახალი ენერგეტიკით და გამოსახვის ახალი ფორმით შეივსო.
საეკლესიო-მონუმენტური ფერწერის განახლების პროცესი ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაიწყო.ერთ-ერთი პირველი ნიმუში ქაშუეთის ეკლესიის აფსიდის მოხატულობაა, შესრულებული ლადო გუდიაშვილის მიერ. მოგვიანებით, კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხელშეწყობით ხდება რამდენიმე ეკლესიის მოხატვა. მათი ავტორები ცნობილი ქართველი მხატვრები - ალექსანდრე ბანძელაძე (დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია) და ლევან ცუცქირიძეა (სიონის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია).
1
ალ.ბანძელაძის მიერ შექმნილი მოხატულობა მეტ-ნაკლებად ტრადიციული აღმოჩნდა, თუმცა, ძირითადი სივრცის იკონოგრაფია ახლებურად არის გადაწყვეტილი.
ტაძრის მხატვრობა ბანძელაძის შემოქმედების იმ პერიოდს ემთხვევა, როცა მისი ხელოვნება, უმეტესად, აბსტრაქტული სურათებითაა წარმოდგენილი. მოხატულობაში წარმოჩენილი მხატვრული გადაწყვეტის ერთგვარი „ახლებურობის“ მიუხედავად, საეკლესიო მხატვრობა ერთგვარი „თავშეკავებით“ გამოირჩევა. „...აქ ხომ მხატვრობაში საკუთარი თავის, როგორც მხატვრის უარყოფაა, პირველ რიგში, საჭირო,კანონიკის მორჩილება და ოსტატობის დაუფლება“....
შესაბამისად, მეტ სიახლოვეს შუასაუკუნეების ოსტატის ხედვასთან დიდუბის მხატვრობა ამჟღავნებს და პირობითად ატარებს აღმსარებლობისაკენ მიწოდების „პროგრამას“. ალ.ბანძელაძე საეკლესიო მხატვრობას ცალსახად ფიგურატიულ გამომსახველობაზე აგებს და სიუჟეტის თხრობას ესწრაფვის.
ლევან ცუცქირიძის საეკლესიო მხატვრობის უჩვეულობა ვლინდება ფრესკის ფორმის უკიდურესად განზოგადებულ გადაწყვეტაში. ამასთანავე,  თემის გახსნისას, ის გამოდის საკუთარი მსოფლშეგრძნებიდან და ქვეცნობიერთან არის დაკავშირებული. მისი განცდით, მატერიალური თვისებრივად მიჯნავს ღვთაებრივს. „მატერია არ არის გათვლილი სრულყოფისათვის. სრულყოფა ღვთაებრივი ფორმულა... ინტუიცია დავარქვით ჩვენ იმ ამაღლებულს, რაც ჩვენს პიროვნებაში ღვთაებრივი ცეცხლით არის მოწოდებული“-ლევან ცუცქირიძის ჩანაწერებიდან.
სიონის მოხატულობაში „ძველს“ „ახალი“ უპირისპირდება. თეოლოგიას - მითოსურ-ჰეროიკული სულისკვეთება.
thumbnail_IMG_1582-4thumbnail_IMG_1583-5
მაშასადამე, რელიგიური თემა ცუცქირიძესთან შინაგან განცდას უკავშირდება და აბსტრაქტულისაკენ გარდამავალ გამომსახველობით ფორმას მოითხოვს. სიუჟეტური „დახასიათება“  ღვთაებრივის ქვეცნობიერ განცდას უკავშირდება.
საეკლესიო ხელოვნებისადმი მხატვრების განსხვავებული მიმართება მეტყველებს შემოქმედთა არა მარტო ყოველმხრივ ინდივიდუალურობაზე, არამედ, განაპირობებს ამ ეტაპზე საეკლესიო მხატვრობის ძიების პროცესს.
„შუა საუკუნეების ოსტატის ამოცანას გამოსახულებათა იმგვარ განაწილებას წარმოადგენს, რომ მკაფიო თეოლოგიური იდეის გამოხატვასთან ერთად, ის ინტერიერის სივრცით დანაწევრებას პასუხობდეს, თავისთავად,  ხაზობრივ და ფერადოვან ჰარმონიას, თვალისთვის კი საამო დეკორაციას ქმნიდეს. ეს ამოცანა ყოველ ეპოქას თავისებურად ესმოდა“-თ.ვირსალაძე.
XX საუკუნის მხატვრები ამ პრობლემას თავისებურად წყვეტენ. ასეთი არაერთგვაროვანია, ჩვენს დროში, მხატვართა მიდგომა ტრადიციისადმი.
ინტერესი რელიგიური თემისადმი და საეკლესიო მოხატულობისადმი დღესაც ძალიან აქტუალურია. აქაც იკვეთება მრავალმხრივი შემოქმედებითი ხედვა. გიორგი მაღლაკელიძე, მამუკა მიქელაძე კვლავ უფრო ტრადიციულ ხაზს მიჰყვებიან. დავით სულაკაური გვთავაზობს ამ თემის აბსოლუტურად განსხვავებულ წაკითხვას,სადაც თავს იჩენს მისი აზრობრივი ბმა იმ პოსტმოდერნისტულ ეპოქასთან, რომელშიც მხატვარი არსებობს.
thumbnail_IMG_1587-6thumbnail_IMG_1590-7
შემოქმედი გვთავაზობს მარადიული ფასეულობების თავისებურ აღქმას და მათ განცდას თვითმყოფადი „ვიზუალური ინტერპრეტაციით“. ეს არ არის უბრალოდ ამბის გადმოცემა, დახვეწილი შთაბეჭდილების შექმნა, არამედ, ზემოქმედების მოხდენა ცნობიერებაზე, მიმართული როგორც ავტორის, ასევე, მაყურებლის პიროვნებისეული „ეგო“-ს წარმოჩენაზე.
სულაკაურის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობის ნიმუშები - ეს არის სულიერი ფილოსოფია. ეს არის ობიექტური, გონებრივად და ემოციურად აღსაქმელი  სულიერი სამყარო, რომლის წვდომა შესაძლებელია გრძნობადი განცდით. ეს არის თავისუფალი ინტერპრეტაცია, დაფუძნებული შინაგან მგრძნობელობაზე. სულაკაური თითქოს პასუხობს  ფილოსოფოს რუდოლ შტაინერის კითხვას „... როგორ ვიპოვო გზა, რომ გამოვხატო ის, რასაც მე შინაგანად, პირდაპირ, ცხადლივ აღვიქვამ ჩემი თანამედროვეებისათვის გასაგები ცნებებით“...   მისი ხელოვნება არის მაგალითი ამ გზის პოვნისა, რომელიც ჩვენს შეგრძნებებზე გადის.
დავით სულაკაურის მთელი ხელოვნება აღნიშნულია მოვლენების შეფასების მისეული, განუმეორებელი გადმოცემის უნარით. მათი ხილვისას ჩვენში იბადება რაღაც ახალი. შესაძლოა, ეს არაერთგვაროვნად იყოს აღქმული, გამოიწვიოს აზრთა მრავალგვარობა, თუმცა უდავოა, რომ ჩვეული სახარებისეული სიუჟეტი სხვა იპოსტასში არის გადაყვანილი, დაფუძნებული მის ხატოვან აზროვნებაზე და იმ ენერგიაზე, რომლითაც ნამუშევარია გამსჭვალული.
სულაკაურის კედლის მხატვრობას ახასიათებს საოცარი ემოციური ძალა და თანაგანცდის უნარი. მისი პლატფორმაა ძლიერი რწმენა, სულის უკვდავება, უბრალოება და ღრმა გააზრება.ბიბლიური თემისადმი „ცოცხალი“ დამოკიდებულება მაყურებელში აღძრავს ხატოვან-სიმბოლურ, ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, რაც გულისხმობს მაყურებლის აქტიურ ჩართულობას კომპოზიციის „მატერიალურ მგრძნობელობაში“. ეს არის უკვდავი ფასეულობის აქტიური სახე. მხატვრობა მეტყველი და გამომსახველობითია. მონუმენტური რეპრეზენტატიულობა დიდების განწყობას ქმნის, ხოლო პერსონაჟთა განზოგადებული, ლაკონიური ფორმა, მასშტაბურად, ოდნავ უხეშად მოწოდებული, თავისი ცოცხალი, ინდივიდუალური ნიშნების მატარებელი მხატვრული პორტრეტებით - თანამედროვეა.მუდმივობისა და გამოსახული მომენტის შეგრძნებას ახალი დროითი ფაქტორი შემოაქვს მოხატულობაში.
სულაკაური აბსოლუტურად წრფელია თავის შემოქმედებაში. ის ჰუმანისტური იდეებით და სულიერების პრობლემატიკით არის გამსჭვალული.
ამის დასტურია, მის მიერ ქალაქ მილუოკიში (ვისკონსინის შტატი), შერმან პარკის რაიონში, ევანგელისტური ეკლესიის ცენტრალური ნავის გვერდით მდებარე, მისაღებ ოთახში შესრულებული მონუმენტური ფრესკის,  „ქორწილი კანში“ მხატვრული გადაწყვეტა.
ეკლესია აგებულია ნეოგოთურ სტილში 1925-1928 წლებში. ის 70-იანებში იქნა რესტავრირებული. მოგვიანებით, საუკუნის მიწურულს, გამოცხადდა კონკურსი ეკლესიის ერთი კედლის მოხატვაზე და იმ ხნად, იმ ქალაქში მყოფი დავით სულაკაური იღებს მასში მონაწილეობას და გამარჯვებულად ცხადდება. ასე გაჩნდა ამ ადგილას ქართველი შემოქმედის საოცრად შთამბეჭდავი და, ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, აბსოლუტურად განსხვავებული ნაწარმოები.
მხატვრის მონაყოლიდან, საინტერესო ამბავზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეკლესიაში, პადრესთან საუბრისას, დათოს მხრიდან წამოიჭრა კითხვა, რამდენად მისაღები იყო, რომ კედელი მართლმადიდებლური რწმენის ადამიანს მოეხატა. პადრემ აღნიშნა, რომ ეს იქნებოდა თავისებური მესიჯი ლუთერანული, ქრისტიანული, პროტესტანტული სარწმუნოების მიმდევრებისათვის მართლმადიდებლური აღმსარებლის მქონე ხელოვანისაგან.
ფრესკასთან პირველსავე შეხებისას, აბსოლუტურად მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას ახდენს მისი ფერწერული სიძლიერე, კოლორიტული სიმძაფრე და მრავალფეროვნება. ინტენსიური, ღია, ღრმა დიდი ფერადოვანი ლაქები თითქოს ანათებს სპილოსძვლისფერი ოთახის შეფერილობის, ნეიტრალური კედლის ფონზე. სიცოცხლის იმპულსი გიაქტიურდება, გებადება საოცარი მაჟორულობის განცდა, და მკაფიო აღქმა ახლისა. გასაგებია, რომ XXI  საუკუნის მხატვრობისათვის მისაღებია ციტირების პრინციპი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ამუშავებს დაგროვებულ ცოდნას მხატვარი. მარტივად წასაკითხ კომპოზიციაში ძალიან ბევრი მესიჯი არის ჩადებული. იბადება გარკვეული ასოციაციური მსგავსება. კომპოზიციის თვალსაზრისით, ჩნდება პარალელი რენესანსულ მხატვრობასთან.  განცდის დონეზე, გამომსახველობის სიმძაფრით ჯოტოს სკროვენის კაპელასაც უახლოვდება. ეს ერთობლიობა გამოისახა იმ თვალსაზრისით, რომ განსხვავებულ ეპოქებში, ორივე შემთხვევაში შეცვლილია ხატვის კულტურა და დამოკიდებულება სიუჟეტის, თემის ასახვის მიმართ. ეს არ არის წმინდანთა რელიგიური პერსონაჟები, ეს მიწიერი ადამიანებია, თავისი ძლიერი შინაგანი სტრუქტურით და ხასიათით. ლაკონიურობით, სიბრტყისადმი დამოკიდებულებით ანალოგი შეიმჩნევა ქართულ და აღმოსავლეთის ქვეყნების ადრეული შუასაუკუნეების მხატვრობასთან. მაგიდაზე განლაგებული საგნებით, მათი ფორმათქმნადობით იხსენებ ფიროსმანის ტილოებს. შავი გამომსახველი კონტურით შემოხაზული ფორმა, შორეულად, ჯორჯ რუოზე გვაფიქრებინებს. ჯამურად, ურთიერთმონაცვლე მხატვრული პრინციპები და შემოქმედის პიროვნებისეული დამოკიდებულება განსაზღვრავს მხატვრულ ფორმას. ძველის ახლებურად ამეტყველება, ჩვენს შემთხვევაში, თანამედროვე ჟღერადობის ერთ-ერთი მაჩვენებელი და ნიშან-თვისებაა.
ფრესკა სულაკაურისათვის დამახასიათებელ მხატვრული სტილისტიკითაა შესრულებული,  ენკაუსტიკის ტექნიკით, ოღონდ - ცივი.  გამოკვეთილია მისი „საყოველთაობა“. ამ შემთხვევაში, ნაგულისხმებია მატერიალური და სულიერი სამყაროს ურთიერთქმედების ხასიათი და მისი „ხელმისაწვდომობა“.
thumbnail_IMG_1607-10
თავიდანვე ვერც იაზრებ, რა სიუჟეტთან გაქვს შეხება. ეს არის მრავალფიგურიანი კომპოზიცია, რომლის პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან. ისინი ამ ეკლესიის მრევლის ნაწილს წარმოადგენენ. მხატვარი ხაზგასმით იძლევა მათ სხვადასხვა ადამიანთა რასებისადმი მიკუთვნებას. აქ ვხვდებით აფრო-ამერიკელ ტიპაჟს, მექსიკელის, ინდოელის, ევროპული წარმომავლობის სახეებს. მხატვარს აქცენტირებული აქვს, რომ ადამიანთა ერთობა ქმნის სამყაროში ჰარმონიას. დღევანდელი გადასახედიდან, ეს ჩანაფიქრი, პოლიტიკურ აქციადაც შეიძლება ჩაითვალოს.  თუმც,ა ზოგადად, ადამიანთა შორის სიყვარული და ურთიერთგაგება, დედამიწაზე სიმშვიდის და მშვიდობის მომტანია.
ყოველი ტიპაჟი განუმეორებელია, ინდივიდუალური და შეულამაზებელი. ისინი დამოუკიდებლად, ჯგუფურად და მთლიანობაშიც თანაბრად იკითხებიან. ფიგურები მაგიდის უკან არიან გამოსახულნი.წინა პლანზე უშუალოდ სუფრაა, რომელიც პლანებად ყოფს კომპოზიციას, თუმცა, ფრესკა, თავისი მოცულობით-განზოგადებული ფიგურებით, ერთ სიბრტყეში იკითხება. აქ რელიგიური თხრობა შეფარვით არის წარმოდგენილი. ამაში ნამუშევრის კონცეპტუალური ხასიათი ვლინდება. ერთი ნახვით, ქრისტე არსად ჩანს. მხოლოდ დაკვირვების შემდეგ,  მაყურებელი პოულობს მის ფიგურას, რომელიც საერთო მასიდან შარავანდედითაა გამოყოფილი. მას თავი დაფარული აქვს და თითქოს ჩუმად გვიმზერს და ცოდვებში ჩავარდნილ ადამიანთა მოდგმას თვალყურს ადევნებს, სინანულით უმზერს. ის მეორე პლანზეა გამოსახული. ჩანაფიქრით შენ უნდა იპოვო იგი, ანუ, შენ უნდა ეძებო ღმერთთან მისასვლელი გზა. აღმოაჩინო იგი შენთვის. ქრისტეს ფიგურის დაფიქსირების შემდეგ, თითქოს ყველაფერი უკანა პლანზე გადადის და რჩები შენ და შენი სულიერი მრწამსი. სულიერება, ამ შემთხვევაში, არა მხატვრობაშია მოცემული, არამედ, ხდება შენი აზროვნებისა და ფიქრების მიმართვა მისკენ. მხატვრის ინდივიდუალურობა საკრალური იდეის არსებობაზე არის დაფუძნებული, რომელიც შემოქმედის ცხოვრებისეული აზროვნების მაჩვენებელია, მაგრამ არა გარეგნულად, არამედ, მისი შინაგანი საზრისის, მსოფლმხედველობის მატარებელია. ხელოვნების დანიშნულებაა მსოფლგანცდის გაჩენა. თუ რა ფორმას ირჩევს მხატვარი, ეს სრულად მის პიროვნებისეულ „მე“-ზე და საერთო ჩანაფიქრზეა დამოკიდებული.
თანამედროვე მხატვარი ცვლის მიდგომას თემისადმი. ყველაფერი შენგან შორს კი არ არსებობს და თითქოს მიუწვდომელია, არამედ, შენთან მოდის, შენშია, ირგვლივ არის, ყველგან არის ხელშესახები და შეგრძნებადი.
thumbnail_IMG_1608-11
დავით სულაკაური, თავისი შემოქმედებით, გვევლინება თემის ინტერპრეტატორად. ის ცდილობს, ვიზუალური ხერხებით შეგიყვანოს თავისი აზროვნების პროცესში და წარმოაჩინოს საკუთარი გზავნილები. ის ხაზს უსვამს ზედაპირის მიღმა არსებულ სიღრმისეულ არსს, რომელიც შეიძლება ინტუიციურად შემეცნებული იყოს სახვითი ფორმის ფარგლებში. აზრობრივად ეს არის კოდირებული მეტაფორა.
ამ ერთ ფრესკაში ერთობლიობაშია მოყვანილი, როგორც დასავლური ფორმების შეთვისება, ასევე, ეროვნული ტრადიციების აქცენტირებაც.  საბოლოოდ, მიღებულია ყველა დროის თანაარსებობის განცდა, რომელიც ინტერტექსტუალურ აზროვნებასთან არის კავშირში. ხელოვანი იყენებს სხვადასხვა ქვეყნისათვის დამახასიათებელ კულტურულ მონაპოვარს, აქცევს თავისებურ მხატვრულ ფორმაში, ახლებურად იაზრებს, მსჭვალავს პრობლემატიკით და აღწევს ნაწარმოების „ცოცხალ“ აქტუალურობას.
მრავალ ჩამონათვალთა შორის, ფრესკის ხატოვანებაში უდიდეს როლს თამაშობს ინტენსიური ფერადოვნება. კოლორიტი აძლიერებს აღქმის ექსპრესიულობას და გარკვეულ დეკორატიულობასაც სძენს მას. ფერის გამომსახველობა სიმძაფრეს ანიჭებს ნამუშევარს.   ფერთა გამით მიღწეულია სიუჟეტის საერთო „დინჯი“ მნიშვნელოვნება. ღია ფონზე მხატვარი იყენებს  ღრმა იასამნისფერის, მწვანის, ლურჯის დიდ ფერწერულ ლაქებს, ვარდისფრისა და ყვითლის შერევით. დეტალებად -  წითელი გამის აქცენტებს.  ფერთა ჰარმონიული წონასწორობა სინთეზში   ფიგურათა განლაგებასთან, მათ თავდაჭერილ ჟესტიკულაციასთან, ფრესკაზე ქმნის სტატიკურობის, მდგრადობის შეგრძნებას. ამავდროულად, ადამიანთა სახეების, მათი მზერის, გამომეტყველების გამომსახველობის შედეგია გარკვეული მოქმედების შეგრძნების გაჩენაც, რომელიც დაკავშირებულია თემის  „ცხოვრებისეულ“ ასახვასთან.
დავით სულაკაურმა, ფრესკით „ქორწილი კანში“ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თავისი მხატვრული და შემოქმედებითი ხედვის, აზროვნების განუმეორებლობაში. ის  თავისუფალია ხატოვან არჩევანში, რაც  გამორჩეულ ხიბლს სძენს მის მთელ შემოქმედებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ინტერვიუ ალ. ბანძელაძესთან "სპექტრი" N 2, 1999
2. ლ. ცუცქირიძის პირადი ჩანაწერები.
3.Т. Вирсаладзе  "Фресковая Роспись в церкви Архангелов села Земо- Крихи".
ARS Georgica N 6.стр 131.
4.თ. ინწკირველი "საეკლესიო მონუმენტური მხატვრობა კომუნისტური ეპოქის საქართველოში". (სამაგისრტო ნაშრომი), 2007;  და ასევე - 2022-ის #1-ში პაატა იაკაშვილის ჩასმაც არ გამოგრჩეს.

ნანახია: 1954-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani