Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გიორგი ჩუბინაშვილის მეცნიერული კრედო

გიორგი ხოშტარია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

გიორგი ნიკოლოზის ძე ჩუბინაშვილი გვევლინება ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერად, რომელმაც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაამკვიდრა დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინა - ქართული ხელოვნების ისტორია, რომლის ბაზაზეც 1941 წელს გაიხსნა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. მანამდე იგი ხელმძღვანელობდა ხელოვნების კათედრას, ახლად ჩამოყალიბებულ უნივერსიტეტში. რაც მთავარია, მან თავის კლასიკურ ნაშრომებში „Пути развития архитектуры в Кахетии“, „Памятники типа Джвари“, „Архитектура Кахетии“ და ა.შ. მოგვცა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი სფეროს, შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების მეცნიერული მოაზრება, ევოლუციური სურათი, ის მხატვრული ლოგიკა, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ა) ქართული ხუროთმოძღვრების კანონზომიერი ევოლუცია და ბ) მან შემოიკრიბა ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი, რომლებმაც შექმნეს ინსტიტუტის ბირთვი.  ესენი იყვნენ: რენე შმერლინგი, ვახტანგ ბერიძე, თინათინ ვირსალაძე, ლეო რჩეულიშვილი და სხვები. ვ. ბერიძე, ჩუბინაშვილის მერე, წარმატებით უძღვებოდა მეცნიერულ-კვლევით მუშაობას ინსტიტუტში. ლ. რჩეულიშვილმა ჩამოაყალიბა სამხატვრო აკადემიაში, პირველად საქრთველოში, ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი, რომელმაც არაერთი მეცნიერი, მკვლევარი გამოზარდა.  თ. ვირსალაძემ საფუძველი ჩაუყარა შუა საუკუნეების მონუმენტური კედლის მხატვრობის კვლევას.

იმისთვის, რომ ნათელი გახდეს გიორგი ჩუბინაშვილის მეცნიერულ-ეროვნული ღვაწლი ქართული კულტურაში, საჭიროა მოკლედ მაინც გავიაზროთ ის ურთულესი პრობლემები, რომელთანაც შეჭიდება მოუხდა მას. კერძოდ, მან შეძლო ხელოვნების ფენომენის კვლევა მეცნიერული მეთოდოლოგიით და ამ გზაზე მას ბევრი წინაღობის დაძლევა მოუწია. პირველი იყო იმის მოაზრება, თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი და როგორ უნდა მომხდარიყო ხელოვნების ფენომენის კვლევა არა სუბიექტურ ემოციურ-ფსიქოლოგიური მიდგომით, არამედ, მეცნიერული ლოგიკის მიხედვით. ამ ურთულესი პრობლემის მოსააზრებლად უნდა გადავხედოთ ევროპულ ფილოსოფიასა თუ მეცნიერებაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, ხედვას, პოზიციონირებას, დაწყებული იმანუელ კანტიდან, გათავებული ჰუსერლის ფენომენოლოგიით (მე-18 საუკუნის დასაწყისიდან - მე-20 საუკუნის დასაწყისამდე). კანტის ფილოსოფიიდან, ცხადია, პირველ რიგში, ჩვენ გვეხება მისი სამი კრიტიკა ანუ მისი გნოსეოლოგია, ეთიკა და ესთეტიკა. კერძოდ, თითოეული ამ სფეროს საკუთარი ენის, საკუთარი ლოგიკის ანუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ქონა. ლოგიკის ცნება, პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებას ამახვილებს მეცნიერებაზე, რაც უმაღლეს დონეზეა ნაჩვენები სუფთა გონების კრიტიკაში. ჩვენ, ცხადია, არ განვიხილავთ მის სამ ფუნდამენტურ ნაშრომს, არამედ, ყურადღებას გავამახვილებთ ერთ ფაქტორზე - თითოეული სფეროს ავტონომიურობაზე, საყოველთაობის და აუცილებლობის ანუ აპრიორიზმის თვალსაზრისით. ამ ფაქტორმა, სფეროს ავტონომიურობამ, ბევრ რამეში განაპირობა ხელოვნების და, კერძოდ, მხატვრობის ისეთი ისტორიული მეთოდების ჩამოყალიბება, როგორიც არის: რომანტიზმი და, განსაკუთრებით, ის ხაზი, რომელიც მოდერნიზმის სახით არის ცნობილი. იგი გულისხმობს დარგის თუ სფეროს ენობრივი სპეციფიკის გათვალისწინებას. მე-19 საუკუნის მეცნიერულ მიგნებებში, ხელოვნების ისტორიის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, აგრეთვე, ისეთმა მეცნიერულმა მეთოდოლოგიამ, როგორიც იყო: სტრუქტურის ცნება, ჩამოყალიბებული შვეიცარიელი ფერდინანდ დე სოსიურის მიერ 1878 წელს. მართალია, ეს ეხებოდა ლინგვისტიკას, რომლის საფუძველზეც ყალიბდება ენათმეცნიერება, მაგრამ აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია სტრუქტურის ანუ გარკვეული მთლიანობის ცნება. არ შეიძლება ითქვას, რომ წინა საუკუნეების მეცნიერულ კვლევაში სრულიად არ იყო ამ ცნების ამა თუ იმ სახით მოაზრება. მე-15 საუკუნეში, დიდი ფლორენციელი ხუროთმოძღვარი და თეორეტიკოსი ლეონ ბატისტა ალბერტი იყენებს არისტოტელეს „რიტორიკიდან“ დებულებას: „კარგი ნაწარმოები არის ის, რომელსაც ვერაფერს ვერ მიუმატებ და ვერ გამოაკლებ“ ფაქტობრივად, აქ უკვე მოცემულია მთლიანობის ცნება. ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში, ავსტრო-გერმანულ სფეროში ყალიბდება გეშტალტფსიქოლოგია, რომელიც გეუბნება, რომ ადამიანი ხედავს ჯერ მთლიანობას და მერე ნაწილს - მთლიანობა განსაზღვრავს ნაწილების კონსტიტუციას. გეშტალტფსიქოლოგიასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი მიმართება და განსხვავება სუბიექტურ ფსიქოლოგიზმთან, რომელსაც, ასევე, ფუნდამენტურად ებრძოდა ჰუსერელი და სავსებით სწორიც იყო. მაგრამ იმის უარყოფა, რომ ხელოვნების აღქმა არის აღქმის ფსიქოლოგიის სფეროც, უბრალოდ შეუძლებელია. ცნობილია გეშტალტფსიქოლოგიიდან მოყვანილი ექსპერიმენტი, როდესაც ადამიანი ხედავს ან ერთი ტიპის მთლიანობას  - ლარნაკს ანორ პროფილს. ორივეს ერთდროულად ვერ აღიქვამს.  გეშტალტფსიქოლოგიის მნიშვნელობაზე, საკმარისია, მოვიყვანოთ ხელოვნების ისტორიის და თეორიის მსოფლიოს ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც იყვნენ ჰენრიხ ველფლინი მე-20 საუკუნის დასაწყისში და, მოგვიანებით, რუდოლფ არნჰაიმი. ველფლინი განიხილავს ორ არსებით მიმართებას: I თვითონ ხელოვნების ავტონომიურ თვისებებს, გამოხატულს კანონზომიერ ევოლუციაში ისეთი ცნებებით, როგორიც არის ეპოქალური სტილი კლასიკა-ბაროკო, როგორც მთელის ორგანიზების ორი განსხვავებული ვარიანტი, რომელიც ეტაპურად მოსდევს ერთი მეორეს. ბუნებრივია, არსებობს სტილის მოსამზადებელი და გარდამავალი ეტაპები, ასევე, ეროვნული უპირატესობის პრინციპი, რომელიც ველფლინს ბრწყინვალედ აქვს ნაჩვენები თავის კლასიკურ ნაშრომში „იტალიური რენესანსი და გერმანული ფორმის გრძნობა“. მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავდა მხატვრული ნაწარმოების ინდივიდუალურ, ერთადერთ და განუმეორებელ სახეს, იყოს ეროვნული ხედვა და ის სახეზეა (საქართველოში, საბერძნეთში, იტალიაში, სომხეთში, საფრანგეთში). გარდა ამისა, ჩუბინაშვილი ზუსტად აყალიბებს ეროვნული ესთეტიკური პრიორიტეტის პრინციპს, რასაც ბრწყინვალედ გვიდასტურებს  რუსული, ფრანგული და სხვა ქვეყნების მასალა.
სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა ჩუბინაშვილს და ეჩვენებინა მხოლოდ ტეტრაკონქის ტიპის განვითარების ევოლუციური ხაზი: - ძველი გავაზი (მარტივი ტეტრაკონქი), ნინოწმინდის კათედრალი (მკლავებ შუა ჩადგმული დამატებითი სათავსოებით) და შემდეგ ამის ლოგიკური სტილისტური დასრულება - მცხეთის ჯვრის ტაძარი (რომელიც ან უნდა განმეორებულიყო (ატენის სიონი) ან უნდა ევოლუცია განეცადა (წრომი), უკვე დიდ სახელოვნებათმცოდნეო აზრს მოგვცემდა.
ქართული ეპოქალური სტილის და ფორმის ეროვნული გრძნობის შესახებ ჩვენ გაკეთებული გვაქვს მოხსენება, რომელიც წაკითხულ იქნა ინსტიტუტში 2018 წ., სადაც გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ ჯვრის ტიპის კლასიკურად განსაზღვრისას საჭიროა გარკვეული დაზუსტებები. კერძოდ, როდესაც ვლაპარაკობთ კლასიკურობაზე, ქართული სპეციფიკის დასანახად საჭიროა დამატებითი წყობისეული ფაქტორის მითითებაც (ჩუბინაშვილი სრულიადაც არ თვლიდა, რომ კვლევა ამოწურულია).  კერძოდ, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ კლასიკურ სტილთან დამატებით უნდა გვეხსენებინა მონუმენტურის ესთეტიკური კატეგორია. სუფთა კლასიკა იყო ერთხელ საბერძნეთში და აღარ გამეორებულა. ბერძნული კლასიკა აუცილებლად გულისხმობს ზომიერების პრინციპს, რომელიც სრულებით არ არის უცხო საქართველოსთვის, როგორც მედიტერიანასთან დაკავშირებული კულტურისთვის. ხოლო, მონუმენტალიზმი, გარკვეულად, ეწინააღმდეგება ამ პრინციპს. ამდენად, ჯვრის ტაძარში სინთეზირებულია ორი მკაფიოდ განსხვავებული ესთეტიკური კატეგორია - კლასიკური და მონუმენტური. ანუ, უფრო ზუსტად - ზომიერება და ზომიერებიდან გასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯვრის ცნობილი რელიეფები ვერ იქნებოდნენ სინთეზში ფასადთან.
ზემოთქმულთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გავიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინტელექტის მქონე და, ამასთან, მხატვრული ინტუიციის მქონე გენიოსი სეზანი, რომელიც სწორედ კანტთან დაკავშირებით ამბობს: მხატვრებსაც აქვთ თავიანთი ლოგიკა, მაგრამ ეს არის თვალის ლოგიკა, რაც გამომდინარეობს მთლიანობის პრინციპიდან - გენიალურ ნაწარმოებში თითოეული ფორმა, ტონი, ხაზი თუ ფერი აბსოლუტური აუცილებლობით იმყოფება ანუ არის აპრიორული, აუცილებელი და საყოველთაო. ამ ფაქტს ემყარება იგივე გეშტალტფსიქოლოგია, იგივე ველფლინის თუ არნჰაიმის ფუძემდებლური ნაშრომები და, შესაბამისად, ჩუბინაშვილიც (რომელიც მათ შუა მდებარეობს ქრონოლოგიურად) ანუ მთლიანობა, სტრუქტურა თუ გეშტალტი გამორიცხავს სუბიექტივიზმს. ფსიქოლოგიზმის საფრთხე ამაშია, სწორედ ეს ფუნდამენტური პრინციპები ვერ გაითვალისწინეს ზურაბ კიკნაძემ და მისმა მიმდევრებმა, როდესაც ჩუბინაშვილს ბრალს სდებდნენ ფსიქოლოგიზმში (რჩევის სახით: როდესაც ხელოვნებაზე მსჯელობ, სასურველია, გქონდეს თვალი ან სმენა,  სწორედ მაშინ მიხვდები რა მკაცრი ლოგიკა კრავს სურათს, ქანდაკებას, მუსიკალურ ნაწარმოებს თუ ლექსს. ამ ლოგიკასთან არის კავშირში დასავლეთ ევროპულ, კერძოდ, ფრანგულ პოეზიაში ერთი ტიპის კავშირების შეცვლა მეორით. ვგულისხმობთ სიმბოლისტების მუსიკალურობის მიუღებლობას ლექსში, რომელიც პირველად წარმოაჩინა არტურ რემბომ და, შემდგომ, მაქს ჟაკობმა, აპოლინერმა და სხვებმა).
როდესაც ეპოქალურ სტილზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული ცვალებადობა ისეთი მიმართებების, როგორიც არის სკოლა და ინდივიდი (ამაზე ლაპარაკი იყო საფრანგეთში, არლში, კონფერენციაზე ნ. ფიროსმანაშვილთან დაკავშირებით).
ამდენად, ჩუბინაშვილმა მკაფიოდ დაგვანახა შუა საუკუნეების ძეგლების მაგალითზე, რომ ხელოვნებას თავისი მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირები აქვს. მაგრამ ეს არის, როგორც სეზანი ამბობს, თვალის ლოგიკა. ეს ხდის შესაძლებელს მეცნიერულ კვლევას ისეთ სფეროში, რომელიც კლასიკური ლოგიკისგან აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა, თავისი აუცილებლობა და საყოველთაობა აქვს. კიდევ საკითხავია, სად მეტია ეს აუცილებლობა - მეცნიერებაში თუ ხელოვნებაში.

ნანახია: 648-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani