Georgian (Georgia)English (United Kingdom)
საბჭოთა არქიტექტურის ნაციონალური ელფერის საკითხისთვის

თამარ ამაშუკელი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბჭოთა პერიოდში, დასაწყისიდანვე  ნათლად ვლინდება ქართული ხუროთმოძღვრების, განსაკუთრებით კი, სასულიერო ხუროთმოძღვრების ცალკეული კომპონენტების საერო ნაგებობებზე გამოყენების ინტერესი.
ნაციონალური თემის გაღვივებას და აღორძინებას საბჭოთა კავშირი საკუთარ მიღწევად მიიჩნევდა, თუმცა, ეს მხოლოდ იმ პროცესის გაგრძელება იყო, რომელმაც  ჯერ კიდევ XIX  საუკუნის ბოლო მეოთხედში იჩინა თავი. ნაციონალური თემების აქტუალიზაცია მსოფლიოში გავრცელებული ტენდენციის ნაწილია და არა მხოლოდ საქართველოსათვისაა დამახასიათებელი. ამის საფუძველი ამ პერიოდში დაწყებულ სოციალური პროცესებში უნდა ვეძიოთ. სოციალურ თეორიებში კარგად არის ცნობილი, რომ XVIII-XIX საუკუნეებში ძალას იკრებს და ფართოდ ვრცელდება  ე.წ. ერი-სახელმწიფოების ჩამოყალიბება.
ერი-სახელმწიფოების შემთხვევაში, განსაკუთრებულ როლს იძენს  ნაციონალიზმის იდეა  და ე.წ.  ნაციონალური იდენტობის მარკერები და დუღაბები. ამ ნიშანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არის საერთო წარსული, ერთად შექმნილი  ისტორია.  ფრანგი მოაზროვნე ერნესტ რენანი (1823-1892 წწ.) მიიჩნევს, რომ  ერს ერად ქმნის საერთო წარსულის მეხსიერება და აწმყოსა და მომავალში ერთად ცხოვრების სურვილი.  აქვე შეგვიძლია მოვიყვანოთ ილიას ნააზრევი: „ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძური, საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონეს, თავისი სულის ბგერას, თვის ზნეობითს ... თვის ვინაობას, თვის თვისებას“ილია ჭავჭავაძე, ოსმალოს საქართველო. ივერია, 1877. #9.წარსულის ერის  გამაერთიანებელ კომპონენტად, ისტორიული მემკვიდრეობისა კი - მის მატერიალურ  ნივთმტკიცებად მოაზრებამ,  ისტორიული და  კულტურული მემკვიდრეობა  სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა.
ვფიქრობ, ზუსტად ამას უნდა უკავშირდებოდეს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სიძველეთა დაცვის ეგიდით გააქტიურებული  საქმიანობა, რომელსაც ეწეოდნენ დიმიტრი ბაქრაძე, პლატონ იოსელიანი, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი და სხვანი.
როგორც  აღვნიშნეთ, ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების  განსხვავებულ, ახალი ტიპის არქიტექტურასთან დაწყვილების მცდელობა, ჩვენში, საბჭოთა კავშირამდე ჩნდება. მე-19 საუკუნეში ეს გზაც  ორ განშტოებად შეგვიძლია გავყოთ: პირველი და უფრო ადრეული -  რუსეთის იმპერიის შემოსვლის შემდეგ ევროპული არქიტექტურის   ქართულ ტრადიციებზე, ცხოვრების წესზე, ფორმებზე მორგება. მეორე კი ეროვნული ხუროთმოძღვრების, ყველაზე ძლიერი  ხატების, იდენტობის ყველაზე ძლიერი მარკერის, საეკლესიო არქიტექტურის განსხვავებული ფუნქციის ობიექტებზე გადატანა. აქ ცვლილება არსობრივია,  საკრალური შინაარსის არქიტექტურული ხატი ადგილს იცვლის და ღვთის სახლიდან ადამიანის სამყოფელზე ინაცვლებს.   
იყო კი ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენში ამ ტიპის არქიტექტურა მეტად იყო შენარჩუნებული და მისაბაძი და მხოლოდ ესღა იყო შემორჩენილი?  არა მხოლოდ! ვფიქრობთ, ეს იმ პროცესის ნაწილია, რომელსაც ზემოთ შევეხეთ.  

ნაციონალური თემის  არქიტექტურაში ასახვის  საკითხი აქტუალობას არ კარგავს  საბჭოთა პერიოდშიც. ახალი საბჭოთა სახელმწიფოს არსებობის პირველი ათწლეული, როგორც ვიცით, სავსე იყო კონცეპტუალური და იდეოლოგიური დისკუსიებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თვისობრივად სრულიად განსხვავებული, თანასწორობაზე დამყარებული ინტერნაციონალური სახელმწიფოს არქიტექტურა. დღეს, 1920-1930-იანი წლების საბჭოთა არქიტექტურა, ძირითადად, ასოცირდება კონსტრუქტივიზმთან.  თუმცა, მის პარალელურად, საკმაოდ  ხშირია ნაციონალური ხუროთმოძღვრების  თანამედროვე მშენებლობაში გადატანის მცდელობები, როგორც ჩვენში, ასევე, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში.
აღნიშნულ ტენდენციას მაშინდელი  „ცენტრალური“ და ადგილობრივი ხელისუფლებაც  უწყობდა ხელს, ეს კი  დასტურდება არაერთი ფაქტით. მაგალითია,  1923 წელს, მოსკოვში ჩატარებული   სოფლის მეურნეობის გამოფენა, სადაც პავილიონების იერ-სახის თაობაზე  პირდაპირი მოთხოვნა არსებობდა, მათ უნდა ჰქონოდათ ნაციონალური ნიშნები.
თუ ისტორიული მემკვიდრეობის ნაციონალური იდენტობის სიმაღლემდე აყვანას მოდერნისტული ერი-სახელმწიფოების  ჩამოყალიბების პროცესის   ნაწილად განვიხილავთ, რა შეიძლება იყოს ამ ტენდენციის გაგრძელების საფუძველი გასაბჭოების შემდეგ, განსაკუთრებით, მის პირველ ეტაპზე, როდესაც  მთავარ მიზნად  უკლასო ინტერნაციონალური სახელმწიფოს შექმნა სახელდებოდა?  
ერების ნებაყოფლობით ასიმილაციამდე და ერთიანი, უკლასო, თანასწორობაზე დაფუძნებულ სახელმწიფომდე გრძელი გზა იყო გასავლელი.
ეროვნულობის თემა, საბჭოთა იდეოლოგებისათვის, კლასობრივთან შედარებით, მეორეხარისხოვანია. პირველი რიგის ამოცანა  უკლასო საზოგადოების შექმნა იყო, ამიტომაც, პირველი და ყველაზე რთული ბრძოლა კლასების „განადგურებისთვის“ წამოიწყეს. მეორე მიზანი, რომელიც უკლასო საზოგადოების ინტერნაციონალურ სახელმწიფოდ შეკავშირებაში აისახებოდა - მხოლოდ „პროელეტარიატის დიქტატურის დამყარების“ შემდეგ იყო შესაძლებელი. შესაბამისად, პირველი მიზნის მიღწევამდე   სისტემა გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა და აღიარებდა საზღვრებს, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლებას, ნაციონალურ ენებს  და კულტურას. ეს კი რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, იმპერიის მიერ ჩაგრული  „ერების თვითგამორკვევისა და ავტონომიზაციის“  მონაპოვრად  „იფუთებოდა“.
1920-იანი წლებში, საბჭოთა კავშირში  თანაარსებობს „ნაციონალური ელფერის“ მქონე არქიტექტურა (პლეხანოვის სახ. კლუბის,  ნაძალადევის რაიონი, გ. დანდუროვი 1928წ; ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს შენობა - არქ. ნ.მადათოვი, 1930წ.) და   კონსტრუქტივიზმი (პურის ქარხანა - არქ. ი.ნესტროვი 1928-1929წწ; კავშირგაბმულობის სახლი - არქ. კ. სოლომონოვი, 1929წ; საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი - არქ. ნ. სევეროვი, 1930წ. ).  საქართველოში, ხშირად,  ეს ორი მიმდინარეობა ერთიანდება და იქმნება სრულიად სპეციფიკური „ქართული კონსტრუქტივიზმი“ („ზარია ვოსტოკა“  დ. ჩისლიევი, 1930; ტუბერკულოზის ინსტიტუტი, კ.ლეონტიევი, 1927-1930წწ; ვენ. დისპანსერი. გიორგი ჩუბინაშვილის ქ. 7/44;  ე.წ. „ტრამვაელთა დასახლება“, არქ. დ. ჩისლიევი, 1926წ. ).
მნიშვნელოვნად გაიზარდა თანამედროვე არქიტექტურაში საერო ხუროთმოძღვრების  გადმოტანის მცდელობები: სვანური კოშკის, აივნებისა და შუშაბანდების თემა, ასევე, არაერთგზის არის გამოყენებული დედაბოძის, გვირგვინის თემები. ამ საკითხზე არ შევჩერდები, რადგან მასზე არაერთი სტატია დაწერილა, მხოლოდ დავამატებ ერთს, სავარაუდოდ, ამ ტენდენციასაც, გარკვეულწილად, იდეოლოგიური არსი უდევს საფუძვლად. ბოლშევიკების პირველი პლეადა მიიჩნევდა, რომ კულტურაც ზუსტად ისევეა კლასობრივი, როგორც საზოგადოება, ამიტომ, დიდწილად, „ბურჟუაზიული ეროვნული  კულტურიდან“ უნდა  აღებულიყო  „მხოლოდ მისი დემოკრატიული და სოციალისტური ელემენტები“, ეს კი იყო მუშათა და გლეხთა საცხოვრებელი და არა „ბურჟუაზიული“  სასახლე.  საგულისხმოა, რომ „სტალინური არქიტექტურის“ ეტაპზე სწორედ მდიდრული, პომპეზური, უხვად დეკორირებული სასახლეები გახდა არქიტექტურის  მთავარი თემა და არა ღარიბი გლეხის სახლი. ამ ცვლილებას კარგად ასახავს ერთი საინტერესო ფაქტი: სსრკ-ს პირველივე ეტაპიდან სოფლებსა და ქალაქებში ინტენსიურად მიმდინარეობდა საგანმანათლებლო და კულტურული კერების მოწყობა და, რიგ შემთხვევაში, მშენებლობა. მათ, თავდპირველად, ქოხ-სამკითხველოებს უწოდებდნენ, შემდეგ კი - კულტურის სასახლეებს.    
მიუხედავად საერო ხუროთმოძღვრების თანამედროვეობაში გადმოტანის არაერთი მცდელობისა, არქიტექტურის ეროვნული ელფერისთვის საჭირო ელემენტები, უმეტესწილად, სასულიერო ხუროთმოძღვრებიდან არის ნასესხები, ისევე, როგორც საუკუნეების მიჯნაზე.  იმ შემთხვევებში, როდესაც ერწყმის მოდერნული და  „ქართული“ არქიტექტურა, ყურადღება გადატანილია სტრუქტურულ-ტექტონიკურ გადაწყვეტაზე (შეისრული თაღები, ღიობებისა და კედლის სიბრტყის თანაფარდობა,  თლილი ქვის წყობის იმიტაცია, ფრონტონებით აქცენტირებული მოცულობები, ღრმა „ნიშების თემის“ ტრანსფორმაცია). შუა საუკუნეების ტაძრებიდან ნასესხები გეომეტრიული და მცენარეული  წნულებისა და ორნამენტების გამოყენება მომდევნო, „სტალინური არქიტექტურის“ გავრცელების ეტაპთან შედარებით - მწირია. მათ, ძირითადად, ვხვდებით  აივნის მოაჯირზე, სვეტის თავზე, ნაკლებად - კარნიზზე,  საპირეზე. ამ ეტაპზე, ძირითადად, ჩუქურთმას არქიტექტურული კომპოზიციის ცალკეული ელემენტების ხაზგასასმელად მოიხმარენ.
პირველ წლებში არქიტექტორები ცდილობენ,  მოძებნონ სტრუქტურული მსგავსებები ტრადიციულ არქიტექტურასთან, არ შემოფარგლონ არც მხოლოდ სასულიერო ნაგებობებიდან აღებული თემებით და არც მხოლოდ დეკორატიული ელემენტების, კონკრეტულად,  ორნამენტების გამოყენებით.   
ეს პროცესიც არ ყოფილა მარტივი. პრეტენზიებს შერჩეულ თემათა, ხერხთა და დეტალთა თანამედროვე არქიტექტურისთვის შეუფერებლობის შესახებ; ასევე აქცენტების არა არსობრივ, არამედ ვიზუალურ მსგავსებაზე გადატანაზე 1920-იან წლებშიც და უფრო ადრეც ვხვდებით: მათი  ნაწილი სამართლიანია - რიგ შემთხვევებში შუა საუკუნეების სხვადასხვა ტიპოლოგიის არქიტექტურულ ელემენტთა აღრევას და თანამედროვე ფუნქციის შენობაზე განთავსებას არც თუ  სახარბიელო შედეგი მოჰქონდა. თუმცა, ეს იყო ძიების პროცესი, რომელიც, გარკვეულწილად, აგრძელებდა წინა საუკუნეში დაწყებულ ტენდენციას.

ზემოთ ჩამოთვლილი, ერთ დროს არქიტექტურულ მიღწევად აღიარებული ობიექტები და  ტენდენციები 1930-იანი წლების დასაწყისში შეცდომად მონათლეს, „არქიტექტურულ აჯაფსანდალში“ ვერ დაიბადებოდა ჭეშმარიტად საბჭოთა არქიტექტურაო, ასე დასძინეს და ახალი კურსიც დასახეს: „შინაარსით პროლეტარული, ფორმით ნაციონალური, - ასეთია ზოგადსაკაცობრიო კულტურა, რომლისკენაც ისწრაფოდა სოციალიზმი.
რამ განაპირობა ისტორიისადმი, მათ შორის, ნაციონალური თემისადმი მიდგომის ცვლილება?
ეროვნულობის თემა იდეოლოგიური ბრძოლისა თუ ერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით რომ ძლიერი იარაღია, ამას  ადასტურებდა გერმანიაში მიმდინარე პროცესები.  1930-იან წლებში, საბჭოეთშიც დაიწყო ნაციონალური თემის გააქტიურება. რომლის მიზანი  იყო არა უკლასო ინტერნაციონალური სახელწიფოს, არამედ, ახალი საბჭოთა ნაციის შექმნა (ნაციისა, რომელიც გაერთიანდებოდა „დიდი რუსეთის“ გარშემო).
სტალინმა დროებით უარი თქვა „მსოფლიო რევოლუციის“ იდეაზე - მან დაავიწროვა  უტოპიური მსოფლიო მასშტაბი და განაცხადა: „ახლა ჩვენ გვაქვს სამშობლო“. იწყება ახალი სახელმწიფოს საძირკვლის ჩაყრა, მისი ტრადიციის, ისტორიის, ეროვნული იდენტობის შექმნა. და ეს კეთდებოდა არა სუფთა ფურცლიდან, არამედ, ახლებურად წარმოჩენილი ძველის გამოიყენებით. აქ მოვიშველიებთ ფრიდრიხ ჰაიეკის ფრაზას - „ყველაზე მარტივი ხერხი, დაარწმუნო ადამიანები... ფასეულობათა ღირებულებაში, რომელთაც ისინი უნდა ემსახურონ, იმის ახსნაა, რომ ეს იგივე ფასეულობებია, რომლისაც მათ ყოველთვის სწამდათ, უბრალოდ, ადრე მათ შეცდომით ესმოდათ ამ ფასეულობების რაობა“.Friedrich von Hayek , „The Road to Serfdom“ 11. The End Of Truth. 1944. Routledge Press UK  
1932-1954 წლებს ახასიათებს ეროვნული მოტივების აღმავლობა არა მარტო არქიტექტურაში, არამედ, კულტურის თითქმის ყველა დარგში. ამით მოცულია ფოლკლორული ანსამბლები, ნაციონალური ცეკვები. გაჩნდა ისტორიის სრულიად ახლებური მიდგომა, იწერება ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები, რის საშუალებითაც ხდება საბჭოთა სოციალისტურ სახელმწიფოში შემავალი ერების და რესპუბლიკების ისტორიიდან საბჭოთა ოდეოლოგიისთვის „საინტერესო“ მოვლენებისა ამოკრეფა და პოპულარიზაცია, რაც ძალიან ჰგავს არქიტექტურის ნაციონალური ელფერით გაჯერება-გამრავალფეროვნების მეთოდს. ორივე შემთხვევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი მოვლენები თუ ფორმები მთავარს - არსს, შინაარსს უკარგავს. შედეგად კი ვიღებთ ზედაპირულ მსგავსებებს, შეფასებებს, ღირებულებებს. ათწლეულების განმავლობაში წარმოებულმა ასეთმა პოლიტიკამ საბოლოოდ შექმნა საბჭოთა ადამიანი, რომლის მთავარი პრობლემა ზუსტადაც რომ მოვლენების ისტორიულ კონტექსტში ჩასმის და ანალიზის უნარის ნაკლებობაა.
არქიტექტურაში სოცრეალიზმის ფორმულა ასე გამოიყურებოდა: შინაარსით სოციალისტური, ფორმით კლასიკური, ელფერით კი ნაციონალური.
„სტალინური არქიტექტურის“ განვითარების  ამ ეტაპზე   თითქმის სრულად ქრება ქართულ ხუროთმოძღვრებასთან სტრუქტურულ-ტექტონიკური მსგავსებების ძიება და თანამედროვე არქიტექტურაში გადმოტანის მცდელობა. ერთადერთი დაშვებული სტილი - ეს არის ეროვნული  შტრიხებით გაჯერებული კლასიკური არქიტექტურა.
არქიტექტურული ობიექტები ერთიანი სტილისტური თვისებებით ხასიათდება: მონუმენტური, მასიური, პომპეზური, მონოლითური მოცულობები, ცენტრალური, სიმეტრიული კომპოზიციებით, ფასადის სამნაწილიანი დაყოფის სისტემით (საძირკველი, ტანი, ლავგარდანი), ორდერით. საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას, უპირატესობა ენიჭება ჰორიზონტალურ კომპოზიციებს, მოპირკეთებისას ქვა, ძირითადად, გამოიყენება პირველ და მეორე სართულზე, ამ ტიპის ნაგებობებიდან ნელ-ნელა ქრება ორდერი, რადგან ჩაითვალა, რომ ის არ შეესაბამება საცხოვრებელი სახლის „ინტიმურ ხასიათს“. “სტალინური საცხოვრებლის პროტოტიპად შერჩეულ იქნა  იტალიური პალაცო. რაც შეეხება  სამთავრობო და საზოგადოებრივ მშენებლობებს, აქ გამოიყენება მასიური ორდერი, პორტიკები, ფრონტონები. საცხოვრებელი სახლისგან განსხვავებით, მთავარი ფასადი სრულად არის მოპირკეთებული ქვით, ხშირად გამოიყენება ტრადიციული ქვა. საბჭოთა ქალაქის იერს ქმნიდა სამი ძირითადი არქიტექტურული სახეობა: „ფსევდო-სასახლე“ (სამინისტროები, პარტიული რეზიდენციები), „ფსევდო-ტაძარი“ (საზოგადოებრივი შენობები: თეატრები, კლუბები, ბიბლიოთეკები), „ფსევდო პალაცო“ (საცხოვრებელი სახლი).
რაც შეეხება ნაციონალურ თემატიკას - ან როგორც ამბობდნენ, ელფერს, ყურადღება გადატანილია დეკორატიულ ელემენტებზე: სვეტისთავები, გრეხილი ლილვები, ფრიზთა და პარაპეტთა ორნამენტები, დეკორატიული მედალიონები. ჩნდება სტილიზებული, გამარტივებული, ქართული ორნამენტით დაფარული სიბრტყეები, პანელები, სტილიზებული აივნის პარაპეტები, არის მცდელობა ტრადიციულ ორნამენტში საბჭოთა თემატიკის ჩართვისა. მათი გამოყენებისას, არქიტექტორები ცდილობენ შეინარჩუნონ მრავალფეროვნება და  სხვადასხვა არქიტექტურულ ელემენტებზე, ასევე, მომიჯნავე  სვეტისთავებზე განსხვავებული ნახატის რელიეფი განათავსონ.  მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ეს აღარ არის ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ნაირგვარობა, სადაც ოსტატი წნულის სახეობის ნაირნაირად შეჯერების გზით აღწევს „უსასრულო“ მრავალფეროვნებას. მცირდება დენადი, ერთმანეთში გარდამავალი წნულებით შექმნილი საოცარი დინამიკაც. ელფერი   მხოლოდ  საერთო  შთაბეჭდილებას უნდა ემსახურებოდეს და იგი არ საჭიროებს ცალკეულ ნაწილთა ინდივიდუალიზაციას. შერჩეულია რამდენიმე თემა, რომლის ტირაჟირებაც ხდება. იქმნება ერთგვარი უნიფიცირებული მიდგომა, სად და როგორ უნდა განთავსდეს არქიტექტურულ ობიექტზე ადგილობრივი „კოლორიტული“ დეტალები.
ქართული არქიტექტურის განვითარების ძირითად ხაზს თუ გავყვებით, გარკვეული პარალელები შეიძლება ვიპოვოთ საფასადე დეკორის გამოყენების კუთხით. მაგალითად, თუ ქართული ფეოდალური ხუროთმოძღვრების აყვავების პირველ ეტაპზე „ორნამენტს არა აქვს თავისთავადი მნიშვნელობა, იგი ექვემდებარება შენობის არქიტექტურას და გამოყენებულია მხოლოდ არქიტექტურული კომპოზიციის ცალკე ელემენტების ხაზგასმისათვის“, მსუბუქი ჩუქურთმით შემკული შესასვლელები, თავსართები, ნიშები „ხაზს უსვამს არქიტექტურულ ფორმებს და მოხდენილობის ელემენტი შეაქვს ძეგლის მკაცრ სისადავეში“შმერლინგი რ., „ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი“, [თბ.]: სახელმწიფო გამომცემლობა, 1954წ..  
X საუკუნიდან,  ხუროთმოძღვარი აფართოებს შენობის ფასადზე ორნამენტული დეკორის გამოყენების არეალს, “ორნამენტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ემსახურებოდა მხოლოდ არქიტექტურული ფორმების აქცენტირებას, სრულუფლებიანი კომპონენტი ხდება ფასადის მხატვრულ კომპოზიციაში, რომელიც გამდიდრებული და გართულებულია მთელი რიგი დეკორატიული მოტივების შეტანით.
საბჭოთა კავშირის არქიტექტორები, ორივე ეტაპზე, ნაციონალური ელფერის მისანიჭებლად მიმართავენ საკულტო არქიტექტურას.  ფოკუსი აშკარაა, რომ სხვადასხვაა და ეს განპირობებულია, პირველ ეტაპზე, 1920-იან წლებში გავრცელებული კონსტრუქტივისტული არქიტექტურის თავისებურებით, მისი მიდრეკილებით სადა, შეულესავი, ყოველგვარ დეკორს მოკლებული კედლის სიბრტყისა და ობიექტის არქიტექტონიკის მიმართ, მისი კონსტრუქციის ხაზგასმით, რისი ანალოგებიც ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების მეტად ადრეულ ეტაპზე შეიძლება მოიძებნოს. სოცრეალისტური, „ხალისიანი“ არქიტექტურის ყურადღების ცენტრში კი მოექცა სხვა ეტაპის, დეკორატიული თვალსაზრისით მეტად უხვი ქართული ხუროთმოძღვრება.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე ეტაპი პირველს ბრმა კოპირებასა და ეკლექტიზმში ადანაშაულებდა, „სტალინური ამპირი“, პრაქტიკულად, სრულად უგულველყოფს ეროვნული ფორმების გააზრებული და სტრუქტურული ინტეგრირების მცდელობასაც კი. ეს იყო სავსებით შეგნებული, გამიზნული ხერხი ნაციონალური დეკორის ფასადური, ზედაპირული გამოყენებისა. ახალს უნდა გამოეყენებინა ძველი, მაგრამ ეს ბმა უნდა ყოფილიყო ზედაპირული, შემთხვევითი. „ძველი ფორმების გადადნობაში“ იგულისხმებოდა მისი შინაარსისგან, ფესვებისგან, ტრადიციისგან განთავისუფლება. ერთი კონკრეტული სტილის შერჩევისას, რთული იქნებოდა მისი შინაარსისაგან დაცლა. ეს კი დაუშვებელი იყო, რადგან ქმნიდა წინააღმდეგობას ობიექტის შინაარსს, მის მნიშვნელობასა და სტრუქტურას შორის,  შესაბამისად, მთავარია, ყოფილიყო არა „ამა თუ იმ სტილის სუფთა, რაფინირებული სტრუქტურა“,  არამედ სტილთა კომპილაცია, ნაზავი. საჭიროა ყველაფრის გადმოტანა, მაგრამ არაფრის - სუფთა სახით, არა ერთი, ან მეორე და მესამე, არამედ, ერთიც, მეორეც და მესამეც - ასეთი გახლდათ მიდგომა ახალი არქიტექტურული სტილის შექმნისას.
თითქოსდა, ეკლექტიზმთან მებრძოლი იდეოლოგია, თავად იქცა შემთხვევითი ელემენტების ნაზავზე დაფუძნებული „სტილის“ შემქმნელად, სადაც, სტილთა აღრევა ტრადიციებთან წყვეტის გარანტი იყო. შემთხვევითი კავშირებით შექმნილი სტილი თავად იმ იძულებით ერთობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ჰგავდა, რომლისათვისაც ის შეიქმნა. დეტალებზე ყურადღების გადატანით, მათი მხოლოდ გარეგნული, უშინაარსო არსებობით და, რაც მთავარია, მუდმივი ღირებულებების უგულებელყოფით დაიკარგა  კავშირები იმ ტრადიციებთან, სამყაროს აღქმასთან, რამაც შექმნა ეს კონკრეტული დეტალები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდშიც არ იქმნებოდა  საინტერესო, ღირებული და მნიშვნელოვანი ობიექტები. კაზუსი  ზუსტადაც  რომ ამაშია, იქმნებოდა და თან, არც თუ ცოტა  ნამუშევრები, რომლებიც ზუსტად, თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით პასუხობდნენ ახალ მოთხოვნებს. ემსახურებოდნენ ახალ მიზანს,  მოჩვენებითი რეალობის შექმნას: კეთილდღეობაზე,  თავისუფლებაზე,  ეროვნულ ღირებულებაზე, თვითმყოფადობაზე და დღესაც აქტუალურ „ქართველობაზე“. ეს ხელოვნებაში, მათ შორის, არქიტექტურაში, მისთვის  არსის გამოცლით და მხოლოდ გარსის დატოვებით აისახა.  
ეროვნული, ნაციონალური მახასითებლები არქიტექტურაში მრავალი პლასტისაგან შედგება და მას საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციები, ცხოვრების წესი უდევს საფუძვლად. განსხვავებულ (კულტურა, ლანდშაფტი,  კლიმატიურ ...)  პირობებში ჩამოყალიბებული ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და მოიხმარენ სივრცეს, რაც  აისახება  როგორც ქალაქგეგმარებაში, ასევე, არქიტექტურულ ფორმებში,  ზომებში, სივრცის იზოლაციის სპეციფიკაში, ინტერიერის ორგანიზებაში, კერძო და საჯარო   სივრცის აღქმაში,  მათი შერწყმის თუ გამიჯვნის  თავისებურებაში.
ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებიც საფუძვლად უდევს ქართულ ხუროთმოძღვრებას  და რასაც, ალბათ, გიორგი ჩუბინაშვილი გულისხმობდა, როდესაც მუდმივი ღირებულების  დადგენის აუცილებლობაზე წერდა და  რომლის გააზრების გარეშე ვერ მოხდება მისი გაგრძელება. ასეთი პრობლემური არც იქნებოდა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ღირებულებების გაგრძელება, მისი თანამედროვეობაში გადასვლა, რომ არა მისი   წყვეტა, უფრო სწორად კი,  მისი არასწორად გაგება,  რაც ბევრად უფრო სავალალო აღმოჩნდა, ვიდრე მისი აკრძალვა იქნებოდა.

ნანახია: 102-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani