Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თბილისური სახლი (თაბუკაშვილის ქუჩა № 51) Array ბეჭდვა Array

ლალი ანდრონიკაშვილი
გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული  ცენტრი


სხვასთან ერთად თბილისს ერთი უცნაური  თავისებურებაც ახასიათებს, თითქოს უკვე ბოლომდე ნაცნობი ქუჩა ახალ საიდუმლოს გაგანდობს და როგორც ძველი ზარდახშის ძირზე მიკარგული ძვირფასეულობა, უეცრად აელვარდება შენს თვალწინ.
წინათქმა: ამ სახლს ბავშვობიდან, მოპირდაპირე სანაპიროზე მდებარე სახლის ფანჯრიდან ვხედავდი, ჯერ როგორც მხოლოდ ლამაზ სურათს, - კლდეზე დაკიდებულ თბილისურ სახლს. ხშირად მიფიქრია მისი განათებული სარკმლების მიღმა მობინადრე ადამიანების თავგადასავალზე. მერე და მერე  დავაკვირდი მის დასამახსოვრებელ აბრისს და ერთხელაც (აღტაცებული მოეგობრის რჩევით), სახლის სადარბაზოს მივადექი.
არქიტექტურული სახე: თაბუკაშვილის №51 შესასვლელი ქუჩის მხრიდან აქვს, რომელზედაც ის ორსართულიანი ნაწილით გამოდის. სახლი ქუჩიდან შეწეულად დგას, რაც უტყუარი ნიშანია, რომ ის უფრო ადრე აშენდა, ვიდრე თაბუკაშვილის  (ყოფილი მესანგრეთა) ქუჩის რეგულარული დაგეგმარება მოხდა. სახლს წინა მხარეს მცირე ბაღის „კურდონერის“ ნაშთი შემორჩა. დაკვირვებული თვალი ადვილად აღიდგენს ადრე არსებული ყვავილების კლუმბების, ღობის ქვის სვეტების და სხვა დაკორატიული ელემენტების ნახატს. შუა ნაწილში ნაგებობას მცირე სახლი ე.წ. „მეზონინი“ ადგას, ამიტომაც სამეცნიერო ენაზე მას „სახლი - მეზონინით“ ეწოდება. ქუჩის მხარეს სახლის ფასადი არაფრით გამოირჩევა, მეტიც, საერთოდ არ გააჩნია მხატვრული გაფორმების ელემენტები. ეს ხაზგასმული სისადავე უცნაურია XIX ს. მეორე ნახევრის შემოსავლიანი თბილისური სახლისათვის. ვერც კი განსაზღვრავ, რომელ სტილს განეკუთვნება ეს არქიტექტურა, თუმცა, თავად მოცულობების ურთიერთმიმართება პროფესიონალი არქიტექტორის ხელწერას ავლენს.

b
ca

განსაკუთრებით საინტერესოა სახლის კლდეზე გადაკიდებული მხარე, რომელზედაც ორ შვერილ წახნაგოვან ნაწილს - „ერკერს“ შორის, შემინული ხის შუშაბანდებია განთავსებული და მაინც გარეგნული სახიდან გამომდინარე, სრულიად წარმოუდგენელია ის, რაც სახლის შიგნით გვხვდება.
ინტერიერი: შესვლისთანავე გავოგნდი, - ამ, ერთი შეხედვით, უპრეტენზიო, ყოველგვარ კაზმულობას მოკლებული სადა ნაგებობის შიგთავსი სასახლის ფუფუნებით გამოირჩევა.
მისაღები ოთახი, არა მხოლოდ ძველებურად მაღალი 4-5 მ. არის, არამედ განსაკუთრებული პროპორციით - კვადრატულობით გხიბლავს. დარბაზს უზარმაზარი ფანჯრებიდან უხვად ეფინება შუქი.
ბინის ამჟამინდელი მეპატრონეების - ცნობილი არქიტექტორის სვიმონ ფიცხელაურის შთამომავლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ განსხვავებით უმეტესი თბილისური ინტერიერებისა, ამ ბინის შიგთავსი განსაკუთრებით მოვლილია არა მხოლოდ ფიზიკურად, (ადგილზეა თანადროული კარ-ფანჯარა, ლითონის სახელურები, კარნიზები და პლინტუსები), არამედ გემოვნებით შერჩეული ავეჯის შესაფერისობის მხრივადაც.

006007

აღმოსავლური ოთახი: სახლის მთავარი ღირსშესანიშნაობა აღმოსავლური ოთახია, რომელიც ჭერიდან იატაკამდე უნიკალური ხელითნახატი შპალერით არის შემკული, ოთახში შესვლისთანავე თავი ათას ერთი ღამის ზღაპრულ სამყაროში გგონია, აქ შედარებით ბნელა და მხოლოდ ნელ-ნელა ამჩნევ ღირებულ დეტალებს: ოთახის კედლებზე დატანილ მოცულობით სვეტებს, (რომლებიც განსაკუთრებულ მონუმენტურობას სძენს ინტერიერს და კიდევ მეტად ამძაფრებს შთაბეჭდილებას, რომ აღმოსავლელი მბრძანებლის სასახლში იმყოფები),  აღმოსავლური მოჭიქული ფილებით შემკულ ბუხარს, მოხატულ ჭერს და მცენარეებითა და ფრინველების გამოსახულებებით შექმნილ კედლის ორნამენტს. ოთახში, ასევე ,აღმოსავლური ჭვირული ლითონის ჭაღია შეკიდული, (ესეც ფიცხელაურის შეძენილი), რომელიც ზედმიწევნით უხდება ინტერიერს.
პირველი აღტაცების შემდეგ ვცდილობ გავერკვე, თუ ვის შეეძლო ასეთი მდიდრული ინტერიერის დაკვეთა იმ დროს.

0102

ბინადარნი: ამჟამად ბინაში მცხოვრები მაჭავარიანების ოჯახი ცნობილი ქართველი არქიტექტორ-თეორეტიკოსის სვიმონ ფიცხელაურის შთამომავლები არიან. ბატონი სვიმონი მეტად დაფასებული არქიტექტორი იყო 40-50-იან წლებში - აკადემიკოსი, შავი ზღვის სანაპიროს განვითარების პროექტის თანაავტორი სახელგანთქმულ შვიდკოვსკისთან ერთად. ფიცხელაურის ოჯახს XX საუკუნის 20-იანი წლებში შეუძენია ბინა თაბუკაშვილის 51-ში. როგორც შემოქმედი ადამიანი, ის დიდი გულისხმიერებით მოეკიდა სიძველეს. მისი მეუღლე დარო - წერეთლის ქალი იყო. ამჟამად ბინაში მათი ქალიშვილი ნათელა ცხოვრობს თავისი ვაჟის ოჯახთან ერთად. სწორედ ქალბატონმა ნათელამ მოგვითხრო სახლის აშენების შესახებ.

0304

ლეგენდა: „ეს სახლი მეფისნაცვალმა გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა აუშენა თავის საყვარელ ქალს“-ო. სამწუხაროდ, ქალის სახელსა და გვარს ვერ იხსენებს. ისე, იმ დროს ქალაქის განაპირას ე.წ. „ოსობნიაკის“ საყვარელი ქალისთვის აშენება დიდებული გრაფისთვის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ერთი, მაგრამ . . .  ძველ თბილისში, თითქმის ყველა უბანში შეხვდებით რომელიმე წარჩინებულის მიერ თავისი საყვარლისათვის ვითომდა აგებულ სახლს (თბილისური ლეგენდა). ამასთან, საბედნიეროდ, სახლის შემონახულ ორიგინალურ პროექტზე კარგად ჩანს თარიღი 1895წ. ანუ, ვორონცოვის მმართველობიდან ათწლეულების შემდგომი პერიოდი. ამავე პროექტით ირკვევა, რომ სახლი ეკუთვნოდა მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილს, - კოლეგიის მრჩეველს და ამ ცნობას სწორედ ჭეშმარიტ მეპატრონესთან მივყავართ.

05

მეპატრონე:  ისარლიშვილების - ხურსიძეების გვარი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. წოდებით აზნაურები, ისინი სამცხეში ძალზე მნიშვნელოვან მოღვაწეობას ეწეოდნენ როგორც საერო, ასევე სასულიერო ასპარეზზე (მარტო ზარზმის ტაძრის აღმშენებლობა საკმარისია ამ ღვაწლის დასტურად). „1626 წლიდან, როდესაც ახალციხეში საფარ-ფაშა გაბატონდა და სრულიად ოსმალური წეს-ჩვეულებანი შემოიღო, ყველა მოხელეს ოსმალური სახელი ეწოდა - ბეგი, ალიბეგი და სხვ. ახალციხის მცველთ, ანუ „ციხის-თავთ“ - ოსმალურად „ისარ-ლი აღასი“ ეწოდათ და ეს სახელწოდება შემდგომ მათ გვარადაც კი დაერქვათ“. (ზაქარია ჭიჭინაძე, „ისტორია ხურსიძე-ისარლიშვილების გვარისა“, თფილისი, 1904წ.) ამავე წიგნში წერია, რომ „თფილისს ხურსიძე-ისარლიშვილების გვარს უცხოვრნიათ XVIII საუკუნის ნახევრიდამ“.

0607

ეს წიგნი ისევე, როგორც პროექტი და საოჯახო ფოტოები მომაწოდა არქიტექტორმა ქეთევან ჭანტურიამ, რომლის დედა – ელისაბედ (ლიზიკო) ისარლიშვილი უკანასკნელი წარმომადგენელი იყო ამ უნიკალური ქართული გვარისა.

1209111008

ხურსიძე-ისარლიშვილების კიდევ ერთი შთამომავალი, არქიტექტორი მარინე თუმანიშვილი თვითონ ცხოვრობდა ამ სახლში XX ს-ის 70-იან წლებამდე. მარინეს მონათხრობით, XX საუკუნის დასაწყისში, გასაბჭოების შემდგომ, ისარლიშვილებმა ვაჩნაძიანიდან გამოდევნებული თავადი ჯანდიერების ოჯახი შეიფარეს და, ამასთან ერთად, სახლში სხვა შემოსახლებული ხალხიც გაჩნდა. სახლში უკანასკნელი მცხოვრები მიხეილის შვილთაშვილი, მარიამ ლუკას ასული ისარლიშვილი, როგორც იმ დროის თითქმის ყველა წარჩინებული, საკუთარი სახლის სარდაფის სართულში ერთ ოთახში ბინადრობდა და ათასგვარ შევიწროებას განიცდიდა დაუპატიჟებელი ახალმოსახლეებისაგან. მარინეს ვარაუდით, მარიამ ლუკას ასულის მამა შესაძლოა ის ლუკა ისარლიშვილიც ყოფილიყო, რომელიც ინდოეთში მსხვილ კომერციულ საქმიანობას ეწეოდა (იქნებ, სწორედ ამის გამოძახილია აღმოსავლური ინტერიერი?) სახელგანთქმული იყო, აგრეთვე, რაფიელ ისარლიშვილი, ავტორი წიგნისა „საქართველოს ისტორია“ ფრანგულად. "Histoir de la Georgie" 1900წ., რომელიც პარიზის მსოფლიო გამოფენისთვის დაიწერა. ხოლო, იაკობ პეტრეს ძე ისარლიშვილი ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანია.
აი, სწორედ ამ უძველესი მცირერიცხოვანი გვარის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ ეს უნიკალური სახლი, რომლის ზუსტი ისტორიის დასადგენად ჯერ კიდევ თბილისის არქივების ლაბირინთებში მოგვიწევს მოგზაურობა, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სადა ნაგებობის შიგნით უნიკალური ღირსშესანიშნაობა ინახება და ამ მემკვიდრეობის გაფრთხილება ჩვენი თაობის ვალდებულებაა წინაპრების ხსოვნის წინაშე.


ნანახია: 10330-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani