Georgian (Georgia)English (United Kingdom)
დეკორატიული პანოები ზაქარია მაისურაძის შემოქმედებაში

მარინე მაისურაძე

ქართული თანამედროვე პროფესიული კერამიკა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს მოიცავს. ხელოვნების ამ დარგის აღორძინება და განვითარება ჩვენს დროში დაკავშირებულია 1928 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში გახსნილ კერამიკის კათედრასთან.
ზაქარია მაისურაძე ქართველ პროფესიონალ კერამიკოსთა პირველი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ეს ის თაობაა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული კერამიკის ხელოვნებას.
ზ. მაისურაძის შემოქმედებითი მოღვაწეობა (1940-იანი წლებიდან 1960-იანი წლების ბოლომდე) გამოირჩევა მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობით, შეიძლება ითქვას, საკუთარი ხაზით ქართულ კერამიკაში. მის მიერ შექმნილია ოთხმოცზე მეტი მხატვრული ნაწარმოები. აქედან ათიოდე თასი შემოქმედების დასაწყისში, ოციოდე ნიმუში მცირე ზომის კერამიკული პლასტიკისა, ხოლო ნაწარმოებთა უმეტესობა დეკორატიული პანოები და კერამიკული ფილებია.
ზ. მაისურაძის შემოქმედებაში ჩანს აშკარა მიდრეკილება პოეტურ-ხატოვანი აზროვნებისაკენ; ჭარბობს ზღაპრების თემაზე შექმნილი ნაწარმოებები და ცხოველთა სამყარო. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი გამოსახავს ადამიანთა კონკრეტულ სახეებს - პორტრეტებს, - აქაც მას იზიდავს პერსონაჟთა პოეტური თუ რომანტიკული ბუნება. ამ ბუნებით არის გამსჭვალული ზ. მაისურაძის მთელი შემოქმედება - მისი სკულპტურული ნაწარმოებები და კერამიკული პანოები.
პანო ზ. მაისურაძის შემოქმედების მთავარი თემაა. ეს ის სფეროა, რომელშიც მხატვარმა ყველაზე სრულად შეძლო გამოეხატა თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობები; გამოემჟღავნებინა კერამიკის მხატვრული ენა და წარმოეჩინა საკუთარი დამოკიდებულება დეკორატიული ხელოვნებისადმი.
პანოს ფორმის მხატვრულ ნაწარმოებებს მხატვარი 50-იანი წლებიდან ქმნის. პირველი პანოები დათარიღებულია 1952 წლით.

118

ზ. მაისურაძის დეკორატიული პანოები, რომლებიც თავისი ხასიათით უფრო კერამიკულ „სურათებს“ მოგვაგონებენ, შესრულებულია გრაფიკულ-ცხოველხატული ხერხებით და კედელზე ჩამოსაკიდებლად, ინტერიერის მოსართავად არის განკუთვნილი. ამა თუ იმ „სურათის“ შექმნაში მხატვრული ნაწარმოების ყოველ კომპონენტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება: ფორმას, ხაზს, ფერს, ჭიქურს. ყველაფერი ეს მთლიანობაში, იძლევა იმ სიცოცხლით და ხალისით სავსე მხატვრულ სახეებს, რომლებიც ჩვენ გვხვდება მხატვრის ამა თუ იმ თემაზე შექმნილ ნამუშევრებში. 
ზ. მაისურაძე ერთ-ერთი პირველი მხატვარი კერამიკოსია საქართველოში, რომლის შემოქმედებითმა მოღვაწეობამ კერამიკულ ნაწარმს შესძინა დეკორატიული, მორთულობითი ხასიათი, შეიტანა მასში სურათოვანი, სახვითი საწყისი და ამით გამოიყვანა იგი ვიწრო გამოყენებთ-ფუნქციონალური ჩარჩოებიდან.
მხატვრის მიერ შექმნილი პანოები რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს. გარდა ქრონოლოგიური დაყოფისა, ეს ნაწარმოებები იყოფა თემატიკის და განსხვავებული მხატვრული მიდგომის მიხედვით. პირველ ჯგუფში ჩვენ ვაერთიანებთ 50-იან წლებში შესრულებულ ნამუშევრებს. ესენია - „ქალიშვილი ხონჩით“, „ქალიშვილი შვლით“ (1952 წ.), „უხვი მოსავალი“, „დიადი გაზაფხული“ (1953 წ.), „შველი და ნუკრი“ (1954 წ.), „მანდარინის მოსავალი“ (1957 წ.), „ბერიკაობა“ (1957 წ.), და სხვა. ჩვენ აქ ყველას არ ჩამოვთვლით. ვიტყვით მხოლოდ, რომ ამ ნაწარმოებებს, გარდა „ბერიკაობისა“ აერთიანებს შესრულების მსგავსი მხატვრული ხერხები. ყოველი მათგანი რელიეფური და პოლიქრომიულია. ყოველ მათგანს აქვს კერამიკული ფონი, რომელიც ზოგან ნეიტრალურია, ზოგან კი პეიზაჟის ნაწილს გამოსახავს. ამ ნაწარმოებებს ახასიათებს თხრობითობა, დიდი ყურადღება დეტალებისადმი. სხვადასხვა ვარიანტში მეორდება უხვი მოსავლისა და შრომის ზეიმის თემა. ამ ადრინდელი პანოების თავისთავადი მხატვრული ღირებულების მიუხედავად, მათი ევოლუციურ პლანში განხილვისას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველი მათგანი თითქოს მოსამზადებელი ეტაპი იყო „ბერიკაობის“ შესაქმნელად. როგორც თემატურად, ისე მხატვრული შესრულების თვალსაზრისით „ბერიკაობამ“ დაასრულა შემოქმედების ადრეული პერიოდი. ამ ნაწარმოებში სრული და დამთავრებული სახით გამოჩნდა ის, რისკენაც მიიღწვოდა მხატვარი. თითქოს დასრულდა მხატვრული ძიებები და მათ სრულყოფა პოვეს „ბერიკაობაში“. „ბერიკაობის“ თემა ისეთი მხატვრისთვის, როგორიც ზ. მაისურაძე იყო, მისი შემოქმედებითი ფანტაზიის ფართოდ გაშლის საშუალებას იძლეოდა.
ვინც იცნობს ზ. მაისურაძის შემოქმედებას, მისთვის ცნობილია,

119

რომ თავიდან მან დაიწყო როგორც მხატვარ-ანიმალისტმა. შემდგომ მის ნამუშევრებში ჩნდება ადამიანის გამოსახულება. იქმნება პანოები მოსავლის აღებისა და შრომის ზეიმის ამსახველ თემაზე. მრავალი ნაწარმოები შექმნილია ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით, სადაც მთავარ პერსონაჟებად ცხოველები და ფრინველებია. მხატვრის ნამუშევრებში ყოველთვის გადაჭდობილია ზღაპრული და რეალური სამყარო.
ყოველივე ამან თითქოს თავი მოიყარა „ბერიკაობაში“ (ათი დამოუკიდებელი პანო-პორტრეტისაგან შემდგარ ნაწარმოებში), რომელიც თემატურად ერთ მთლიან პანოს წარმოადგენს. აქ გამოსახული ბერიკების უმეტესობა ცხოველთა ნიღბებითაა, ხილის გვირგვინები კი უხვი მოსავლის სიმბოლოდ გვევლინება. მხატვრული თვალსაზრისითაც მოჭიქული, პოლიქრომიული კერამიკა „ბერიკაობაში“, სხვა ადრეულ ნაწარმოებებთან შედარებით, თავის სრულყოფას პოვებს. თუ ადრინდელი პანოები რელიეფური იყო, „ბერიკაობა“ სრულიად ბრტყელია. ამ ნაწარმოებში პირველად მოხდა გადასვლა სკულპტურული ფორმებიდან სიბრტყოვან-სურათობრივზე, რამაც გააძლიერა ფერის და ხაზის ფუნქცია. კონტურის მიხედვით გამოჭრილი პორტრეტული სახეები ჩასმულია თაბაშირის ფონში. თეთრი ნეიტრალური ფონი ხელს უწყობს ამა თუ იმ სახის ცხოველხატული ფერადოვნების გამომჟღავნებას. მოცულობა მიღებულია ფერთა მსუბუქი გრადაციით. სგრაფიტოს ხერხით შესრულებული კონტურებიც გარკვეულ მხატვრულ დატვირთვას ატარებენ. საღებავები და ჭიქური სუფთაა, გამჭვირვალე, ფერადოვანი გამა - ინტენსიური, მაჟორული, ჟღერადი.
„ბერიკაობაზე“ აღარ გავაგრძელებთ მსჯელობას, რადგან ეს ნაწარმოები, ჩვენი აზრით, ცალკე განხილვას მოითხოვს.
მეორე ჯგუფი აერთიანებს ქართული ხალხური ზღაპრების თემაზე შექმნილ რამდენიმე პანოს.
ქართული ხალხური შემოქმედება ეს ის უშრეტი წყაროა, რომლითაც საზრდოობდა მხატვარი მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე. ხალხური ზღაპრებისა და იგავ-არაკების მიხედვით ზ. მაისურაძემ 50-იან წლებში შექმნა მცირე პლასტიკის რიგი ნამუშევარი. თითქმის იგივე ზღაპრები გამეორებულია 60-იან წლებში უკვე პანოების სახით: „დათვი და მელა იერუსალიმს მიდიან“, „მელია და ყურძენი“, „მელია და ქოთანი“, „მელია და მწყერჩიტა“, „მელია და მამალი“, „დედალ-მამალი წიწილებით“.
რა თქმა უნდა, მცირე პლასტიკა და პანოები სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს. ამ ნაწარმოებებს შორის განსხვავება თავისთავად დიდია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თუ მცირე პლასტიკაში შესრულე-

120

ბული ზღაპრები რამდენადმე დეტალიზებული იყო, იმავე თემაზე შესრულებულ პანოებში მეტია განზოგადება, თავისუფლება, კომპოზიციური აგება მკაფიო, ლაკონური და ნათელია. გამოსახულია მხოლოდ ის აუცილებელი დეტალები, რომლებიც ამა თუ იმ ზღაპრის არსზე მიუთითებენ. მატულობს დეკორატიულობაც.
მხატვრული თვალსაზრისით ამ ნაწარმოებებს ახასიათებს იგივე ნიშან-თვისებები, რაც „ბერიკაობას“ - ბრტყელი ზედაპირი, ფერთა მოდელირებით გადმოცემული მოცულობა, უმეტესად შავი ქსოვილის სადა ფონი, რომელზედაც ნახატის კონტურის მიხედვით გამოჭრილი კერამიკული ფილაა დამაგრებული. ყოველი მათგანი მდიდარია ძალზე ინტენსიური ფერებითა და ტონთა გრადაციით. ფერი სუფთა და გამჭვირვალეა. ეს პანოები ყველაზე უფრო დიდია თავისი აბსოლუტური ზომებით. უმეტესი მათგანი დაახლოებით 60 X 80 სმ. ზომისაა.
ამ ზღაპრულ თემაზე შექმნილ ნაწარმოებებში ზ. მაისურაძისათვის ჩვეული ნათელი, მაჟორული ფერადოვანი გამა განსაკუთრებული ძალით ჟღერს.
ქართული ხალხური ზღაპრებისა და იგავ-არაკების მიხედვით შექმნილი ნამუშევრებიდან თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ დეკორატიულ პანოზე, სახელწოდებით „მელია და ყურძენი“ (ზომები 84 X 63 სმ.).
ძირითადი გამოსახულებები მოცემული ფერადი კერამიკული ფილების სახით ეფექტურად იკითხება შავი ტილოს ფონზე. კომპოზიციური აგება ლაკონური, მკაფიო და კონკრეტულია. მითითებულია მხოლოდ ძირითადი და აუცილებელი, რითაც ეს სახეები უფრო მნიშვნელოვანი ხდება და უფრო მძაფრად აღიქმება მათი დამახასიათებელი ნიშნები.
„სურათის“ ქვედა ნაწილში გამოსახული რამდენიმე მწვანე რკალი ნიადაგზე მიუთითებს. მათზე მარცხნივ მუხის ხე და ვაზის ტოტია გამოსახული, მარჯვნივ კი უკანა ფეხებზე შემდგარი მელიას ფიგურა. ეს ორი მხარე ნაწარმოებში კონტრასტულად უპირისპირდება ერთმანეთს. ხე და მასზე ასული ვაზი თავისი ნახატით - მუხის ხის ტანის ძლიერი, გაღუნული მოხაზულობით, ვაზის ტოტის მიხვეულ-მოხვეული ფორმებით, ერთმანეთზე გადაჭდობილი განსხვავებული მოხაზულობისა და ფერის ფოთლებით, მწიფე, მომხიბვლელი, სოსანისფერი ყურძნის მტევნებით, თბილი, ყვითელი მზით ძალზე ცხოველხატულ, მსუბუქ, აჟურულ და ამავე დროს „სურათის“ მარჯვენა მხარესთან შედარებით, რამდენადმე დატვირთულ შთაბეჭდილებას ქმნის.
ამის საპირისპიროა პანოს მარჯვენა მხარეს გამოსახული მელიის ფიგურა. თავისი პოზით იგი თითქოს ეხმაურება ხის გაღუნულ მოხაზულობას - უკანა ფეხებზე შემდგარი, წელში ძლიერ გაზნექილი,

121

ყურებდაცქვეტილი, თავაწეული და კუდშემოგდებული. განსხვავებით ნაწარმოების ინტენსიური, ცხოველხატული მარცხენა ნაწილისა, მელიის ფიგურა უფრო ლაკონური ფერებით არის მოდელირებული და უფრო გრაფიკული ხერხებით შესრულებული.
პანოს მარჯვენა და მარცხენა მხარეები, გარდა გამოსახულების საგნის სხვაობისა, მხატვრული თვალსაზრისითაც უპირისპირდება ერთმანეთს. აქ არის ცხოველხატული და გრაფიკული მიდგომის კონტრასტული დაპირისპირება, რაც არ თუ არღვევს ნაწარმოების შიდა ჰარმონიას, არამედ ამდიდრებს კიდევაც მას, ამ კონტრასტით ხელს უწყობს მის დეკორატიულობას და ზღაპრული განწყობილების შექმნას.
ასევე უპირისპირდება ერთმანეთს ამ ნაწარმოების სიბრტყობრივი ხასიათი და, მეორე მხრივ, საერთო შთაბეჭდილებით შექმნილი სივრცობრივობა. ფონი ერთი მხრით აშკარა სიბრტყეა - ერთნაირი ინტენსივობის შავი ტილო, რომლის სიბრტყოვანი, ეკრანული ბუნება ხაზგასმულია იმითაც, რომ იგი ნიადაგის ქვემოთაც მოჩანს. მეორე მხრით, შავი, თავისი ბუნებით, გარკვეულ სიღრმეს, სივრცეს გულისხმობს, რომელიც მოიცავს გამოსახულებებს, ქმნის პირობით, ზღაპრულ, მაგრამ მაინც გარემოს შთაბეჭდილებას. თვით გამოსახულებებშიც, სიბრტყოვანთან ერთად, სივრცობრივი მომენტიცაა ხაზგასმული. ერთი მხრივ აჟურული გამოსახულებების სიბრტყობრივობა, რომელიც გარკვეულ დეკორატიულ რიტმში აერთიანებს საგნებს, თუ მათ შორის ღიობებს და ამასთან მცდელობა ნაწარმოების სიღრმითი - პლანობრივი გადაწყვეტისა. ამისი მაგალითია ყურძნის მტევნებისა და ტოტების უკან გამოსახული მზე, რომელიც ნაწარმოებს მატებს სიღრმეს და საერთო გარემოს კონკრეტიზაციის შეგრძნებას.
ამ პანოს წყობა, მისი სტრუქტურა იმგვარია, რომ თავის თავში ათავსებს როგორც უფრო ზოგად, პირობით დეკორატიულ წყობის, ისე კონკრეტულ სახვით ნიშნებს. უფრო მეტიც, მხატვარი ხშირად ამძაფრებს კონტრასტს ამ ორ განსხვავებულ ნიშანს შორის, მაგრამ ყოველთვის ისე, რომ არ დაირღვეს მხატვრული მთლიანობა. ამ ორი საწყისის გამოვლენა, მათი კონტრასტი თუ შერწყმა, ყოველივე ეს ემსახურება დასრულებული მხატვრული სახის შექმნას.
ერთ ჯგუფშია გაერთიანებული პორტრეტები და პორტრეტული სახეები, ტიპები, რომლებიც აგრეთვე 60-იან წლებშია შესრულებული. ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. საკუთრივ პორტრეტი მხოლოდ ორია - ნიკო ფიროსმანის და იროდიონ სონღულაშვილის. დანარჩენი კი პორტრეტი-ტიპებია, ზოგი კენტი, ზოგი წყვილი. ეს განზოგადებული პორტრეტი-ტიპები საოცრად ზუსტად გადმოსცემენ ამა თუ იმ ჯგუფის თუ ეროვნების ადამიანებისათვის დამახასიათე-

122

ბელ ნიშან-თვისებებს. დამაჯერებელი პორტრეტული სახეა მოცემული კახელი კაცის ჯიუტ გამოხედვაში, მსუბუქი იუმორითაა გადმოცემული აღმოსავლელი კაცი წითელ ქუდში, საინტერესოა ყარაჩოხელთა პორტრეტული სახეები. განსაკუთრებული მომხიბვლელობით ხასიათდება ქალ-ვაჟის წყვილი პორტრეტი,

1


რომელთა დასათაურებაც კი გარკვეულ პოეტურ განწყობას ქმნის - „ქალო ქანდაკებას გევხარ“, „ბატონს რომ ერთი გოგო ჰყავს, არსენას შეუყვარდება“. ერთ-ერთი პანო ვაჟა-ფშაველას გმირებს - ზვიადაურს და აღაზას აცოცხლებს. ყურადღებას არსენას და გოგოს წყვილ პორტრეტზე შევაჩერებ (ზომები 21 X 47 სმ). ეს არის იუმორით გადმოცემული შეყვარებული ქალ-ვაჟის სახეები.

2

ნახატი ხაზგასმულად გამარტივებულია, რაც გარკვეულ განწყობილებას ქმნის და ხელს უწყობს ნაწარმოების მოქმედ პირთა მხატვრული სახეების გახსნას.
მხატვრული შესრულების მხრივ, აქ საქმე გვაქვს გრაფიკული და ფერწერული ხერხების შერწყმასთან. კონტურის მიხედვით გამოჭრილი თავები დამაგრებულია ქსოვილზე, რომელიც ნაწარმოების ფონად გვევლინება. ღრმად ჩაჭრილი, მკაფიო კონტური შავი საღებავითაა გაძლიერებული. წყვილის სახის ოვალი, სახის ნაკვთები, თავსაბურავი - გრაფიკულადაა გადმოცემული, ხოლო მოცულობა ფერის მსუბუქი გრადაციით, ფერწერულად არის მიღებული.
ამ ნაწარმოების, როგორც გარკვეული მხატვრული მთლიანობის, აღსაქმელად აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ამ მთლიანობის შემადგენელ, კონტრასტულად დაპირისპირებულ თუ ხაზგასმულად განმეორებულ რიტმულ ელემენტებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს განსხვავებული მხატვრული საშუალებების ჩართვა ერთიან სტრუქტურაში. ერთი მხრით ფონისა და სახეების განსხვავებული მატერიალური, ფაქტურულ-საგნობრივი ბუნება: ფონი - ქსოვილი, სახეები - კერამიკული ფილები. მეორე მხრით გრაფიკული და ფერწერული ხერხების შერწყმა.
გოგოს სახის მხატვრულ გადაწყვეტაში ნათლად ჩანს გრაფიკული საწყისის ხაზგასმული რიტმული ერთიანობა, რასაც ქმნის ერთმანეთის პარალელურად თუ საწინააღმდეგოდ მიმართული ხაზების მონაცვლეობა. (მაგ., წარბისა და თვალის, ლეჩაქისა და ყელსაბამის მოხაზულობები).
არსენას სახე უფრო ექსპრესიულია. სახის დიდი, რამდენიმე მასიური და ძლიერი მოხაზულობა, იმავე ძალით განმეორებული მარცხენა წარბის, ტუჩების, თვალების და კახური ქუდის კონტურებში და უეცარი დაძაბული ტალღოვანი თმისა და მარჯვენა წარბისა. ეს ტალღოვანი, უფრო სწორად დატეხილი ხაზი მეორდება ფონის

123

ფოთლის შავ კონტურში. ტეხილ და მომრგვალებულ ხაზებს უპირისპირდება ნახატის რამდენიმე აბსოლუტურად სწორი ხაზი, რომელიც თითქოს გამოსახულების ღერძის და საფუძვლის ფუნქციას ასრულებს (ქალ-ვაჟის ცხვირის აღმნიშვნელი ვერტიკალები და მათი კისრის ქვედა ჰორიზონტალები).
გრაფიკულ საწყისს ემატება კოლორიტული ელემენტები, რომლებშიც აგრეთვე თავისებურადაა შერწყმული დეკორატიული და ფერწერული მიდგომა. ერთი მხრით ლოკალური ფერადოვანი ჭიქურით აჟღერებული ლაქები - ქუდის, თმის, კულულების შავი, ვაჟის პერანგის საყელოს წითელი და მეორე მხრით - ფაქიზად ნიუანსირებული, ფერწერული გრადაციებით მოცემული ჩიხტიკოპის ლურჯი, ლოყების ოქრის ლაქები, ტუჩებისა და ყელსაბამის სოსანის ფერები და სახეების მსუბუქი ტონალური გრადაცია.
ყველა აღნიშნული ხერხი ძალიან ზუსტ და ლაკონურ გამომსახველობით ფუნქციას ასრულებს; ემსახურება მხატვრული სახის გახსნას, დახასიათებას. რა ზუსტად არის მოცემული არსენას განიერი სახე და კისერი, ძლიერი პირი, ფართოდ გახელილი თვალები, ნერვიულად დატეხილი წარბი, ქალის მორცხვად დახრილი თვალები, ლოყებზე დალაგებული წამწამებით, შეფაკლული ღაწვებით, პატარა კოპწია ტუჩებით და კოხტა ხალით.
ამდენად ამ პანოში მისი ყველა კომპონენტი - პირობით დეკორატიული თუ სახვით-სურათოვანი, მოყვანილი ერთ მთლიანობაში, ქმნის ორიგინალურ და ზუსტ, დამაჯერებელ მხატვრულ სახეს.
ეს ნაწარმოები თავისი გამარტივებული და თითქოს მოუხეშავი ნახატით, იუმორით, ნათელი ფარადოვნებით და დეკორატიულობით იწვევს ასოციაციას ხალხურ შემოქმედებასთან. ხოლო კერამიკული ნაწარმის შესრულების დონე, მხატვრული სახის ორიგინალურობა და ინდივიდუალურობა, მხატვრის მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.
ჩვენ ყველგან აღვნიშნავთ, რომ ზ. მაისურაძის ფერადოვანი გამა ხასიათდება ძლიერი, ინტენსიური ფერების სიმრავლით. უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება შავი, წითელი, ყვითელი, ლურჯი ფერები. ძირითადად ასეა. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც თავისი ჟანრით უფრო თავშეკავებულ ფერადოვან გამას მოითხოვს. ასეთია ნაწარმოები, რომელსაც მხატვარმა „ნიკო ფიროსმანი“ უწოდა. პორტრეტი 1968 წელს არის შექმნილი. ეს არის ზ. მაისურაძის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი. თავისი ჟანრით, მხატვრული ხერხებით, კოლორისტული გადაწყვეტით ეს ნაწარმოები განსხვავდება ამავე პერიოდის სხვა ნამუშევრებისაგან.
ფიროსმანის პორტრეტი თითქოს თავისთავად კარნახობდა

124

მხატვარს პოეტური, შთაგონებული და ამავე დროს სევდიანი სახის შექმნას.
საკუთრივ პორტრეტი წარმოადგენს კერამიკულ სწორკუთხა ფილას (28 X 20 სმ), რომელიც მონაცრისფრო ტილოზეა დამაგრებული. მუქი ლურჯი ფერით დაფარულ ბრტყელ ფილაზე პორტრეტული სახე რელიეფურადაა ნაძერწი, მუქი და ღია სოსანის ფერითაა მოდელირებული. ეს არის ხანშიშესული კაცის თავის გამოსახულება სამ მეოთხედში. სახის აგებაში, ნაკვთების გადმოცემაში გამოყენებულია ზუსტად მოძებნილი კომპოზიციური ხერხები. ყოველი ნაოჭი, ყოველი ნაკვთი კარგად გააზრებულ მთლიანობას ქმნის. თავის შეფარდება ფილის ზომებთან, მისი მჭიდროდ ჩასმა კერამიკული პანოს ჩარჩოებში, ზოგიერთი დეტალის გადაწყვეტა (წვერი კვეთს ქვედა ჩარჩოს, თმა ზემოთ ჩამოჭრილია) ამ სახეს განსაკუთრებულ მონუმენტურობას ანიჭებს.

3


პორტრეტული სახის გახსნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პლასტიკური ფორმების გარკვეული სტილიზაცია: ხაზგასმულად წაგრძელებული სახე, მისი სილუეტის მკაფიო, ემოციური ხაზი, იმავე ხასიათის შუბლის ნაოჭები, თვალის შეშუპებული უპეების ფორმები. მთლიანად მთელ პლასტიკას ახასიათებს მოძრავი ფორმები, რაც სიცოცხლეს მატებს მთელ სახეს, მხატვრულ ენაზე აზუსტებს და აღრმავებს მის დახასიათებას.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაწარმოების კოლორისტულ მხარეს და ფაქტურას. მუქი ფონისა და ნათელი სახის კონტრასტული დაპირისპირება პორტრეტული სახის მკაფიო წარმოჩენას ემსახურება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი ფერია გამოყენებული, ეს ნაწარმოები მდიდარ ფერადოვან შთაბეჭდილებას ახდენს, რაც ამ ფერების ტონალურ გრადაციაზეა დამყარებული. ამასთან, ფონი შედარებით უფრო ლაკონურია. მუქი ლურჯი დეკორატიული ფონიც არის და ამასთან გარკვეულ სიღრმის, პირობითი სივრცის მატარებელი და აშკარა ასოციაციას იწვევს ფიროსმანის ლურჯ ფერთან. თავი უფრო ფერწერულია, ნიუანსირებული, ტონთა გრადაცია ძლიერდება ჭიქურის რბილი ბზინვარებით. სახე, ზოგადად, თითქოს ხორცისფერია და ამასთან მის კოლორისტულ გადაწყვეტაში აშკარა პირობითობაც არის; ყველაფერი ერთ ფერშია მოცემული - იქნება ეს თმა, კანი, თვალები თუ პერანგის საყელო. მიუხედავად ამისა, ფერის ეს პირობითობა ბუნებრივად ერწყმის გამოსახულებას - ძალზე ლამაზი სადაფივით მოლივლივე სოსანის ფერი კეთილშობილურ იერს სძენს ფიროსმანის სახეს, არის გარკვეული სიმბოლური ხასიათის მატარებელი.

125

დამახასიათებელი ტიპი, მისი სახის გამომეტყველება, კომპოზიციური და კოლორისტული გადაწყვეტა - ყველაფერი ერთად - ქმნის სევდიანი, შთაგონებული, მძიმეცხოვრებაგამოვლილი, ნიჭიერი, მაგრამ სიცოცხლეში დაუფასებელი დიდი მხატვრის სახეს, ისეთ სახეს, როგორადაც წარმოუდგებოდა ზ. მაისურაძეს ნიკო ფიროსმანი.
თუ ზემოთ განხილული ნაწარმოებები ტიპიურია ზ. მაისურაძის შემოქმედებისათვის, ფიროსმანის პორტრეტი თავისი თემატიკით და მხატვრული მიდგომით გამორჩეულია.
აქ ჩვენ შევეცადეთ რამდენიმე ნაწარმის მაგალითზე წარმოგვედგინა ზაქარია მაისურაძის მხატვრული სამყარო, მისი თემატიკა, ის მხატვრული ხერხები, რომლებიც დამახასიათებელი იყო მისი შემოქმედების ამა თუ იმ პერიოდისათვის. გვეჩვენებინა სიკეთით, სიცოცხლის სიყვარულით, მსუბუქი იუმორით და ხალისით გამსჭვალული ნაწარმოებები, რომელთაც საფუძვლად უდევს მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული ხალხური შემოქმედება.


МАРИНЕ МАЙСУРАДЗЕ

ДЕКОРАТИВНЫЕ ПАННО В ТВОРЧЕСТВЕ З. П. МАЙСУРАДЗЕ

Захарий Петрович Майсурадзе является одним из тех грузинских профессиональных художников-керамистов с чьим именем связаны первые шаги грузинской советской керамики. Творчество З. П. Майсурадзе отмечено ярко выраженной индивидуальностью, собственной линией в современной грузинской керамике. Основной сферой его творчества является керамическая скульптура и декоративные панно. Самыми многочисленными являются произведения, выполненные в форме панно, наиболее полно отразившие творческие возможности художника.
Панно З. П. Майсурадзе отличаются тематическим и композиционным многообразием. Для их создания художник отбирал сказочно-поэтическую романтическую тематику.
З. П. Майсурадзе расширил изобразительные возможности керамики, внес в керамические произведения картинное, изобразительное начало, обогатил живописностью и подчеркнутой декоративностью. В его творчестве керамика вышла за рамки узко-прикладного назначения и в новой форме утвердилась в грузинском прикладном искусстве.
Анализ произведений З. П. Майсурадзе выявляет своеобразие художественных приемов: оригинальное и органичное слияние керамических, графических и живописных приемов для создания керамической „картины“, художественного образа.

126


სტატიის ბეჭდური ვერსია: ჟურნალი „ქართული ხელოვნება“, სერია – B, N 9, 1991

ნანახია: 5582-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani