Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თეატრალური მხატვრობა: XX საუკუნის ქართველ შემოქმედთა თავშესაფარი. პარიზი - ბერლინი - თბილისი Array ბეჭდვა Array

2011 წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით - „თეატრალური მხატვრობა: XX  საუკუნის ქართველ შემოქმედთა თავშესაფარი“, რომელიც მოეწყო ევროპის სახლის აქტიური ხელშეწყობით, საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტისა და რობერტ ბოშის ფონდის დახმარებით.
გამოფენის კურატორი იყო გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომელი მარიანა ოკლეი, რომელსაც დიდი დახმარება გაუწიეს: თეატრის, მუსიკის ქორეოგრაფიისა და კინოს მუზეუმის დირექტორმა ბატონმა გიორგი კალანდიამ, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობამ და ამ თეატრებთან არსებული მუზეუმების თანამშრომლებმა.

0102

გამოფენის მნიშველოვნება მისი მხატვრული ღირებულებით გამოიხატებოდა, ასევე იმ მხრივაც იყო იგი საყურადღებო, რომ ექსპონირებული ხელოვნების ნიმუშები თვალნათლივ გვაძლევდა საერთო წარმოდგენას, თუ როგორ ვითარდებოდა ხელოვნების ეს დარგი XX საუკუნის დასაწყისიდან 90-იან წლებამდე.
ქართული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების თავისებური სახე განაპირობა როგორც ქართული ხელოვნების ისტორიულმა ტრადიციამ, ასევე თვით ქართველი ხალხის თეატრალურმა ბუნებამ, კერძოდ კი იმ ფაქტმა, რომ ქართველი ადამიანის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი თავისთავად თეატრალურ ესთეტიკას ეფუძნება. ქართული სცენოგრაფიის განუმეორებელ ხასიათს  საქართველოს გეო-პოლიტიკური მდგომარეობაც განსაზღვრავდა: ერთი მხრივ ემოციური, დეკორატიული აღმოსავლური სამყარო, მეორე მხრივ კი რაციონალური, მუდამ წინმავალი დასავლური სამყარო.
თეატრალური მხატვრობა თითქმის მთელი XXს.-ის განმავლობაში იდგა ქართული ხელოვნების ავანგარდში. ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდში თეატრი მხატვრებისათვის იქცა იმ თავისებურ „ნიშად“ სადაც მათ შეეძლოთ თავისუფლად გამოევლინათ თავიანთი დამოკიდებულება ხელოვნების ფორმისა და არსისადმი. თეატრალური სივრცე ექსპერიმენტების  ერთგვარ დახურულ „ლაბორატორიად“, თავშესაფრად იქცა, რომელიც შედარებით დაცული იყო უხეში რეალობისაგან.

0304

გამოფენა სწორედ ამ ჭრილში, ევროპაში დამკვიდრებულ  ზოგად მხატვრულ პრინციპებთან მიმართებაში წარმოაჩენს ქართულ თეატრალურ მხატვრობას.
თავისი განვითარების საუკუნოვან გზაზე ქართული თეატრალური მხატვრობისათვის დამახასიათებელი იყო სივრცულ-მოცულობითი თუ აბსტრაგირებული ფორმების არსებობა, ფუტურიზმის მოძრავი დაუოკებელი რიტმი, ექსპრესიონიზმის მძაფრი ფერადოვანება, რომელიც სპექტაკლში არსებულ ემოციებს, მღელვარებასა და დრამატიზმს მიესადაგებოდა.
ქართველ თეატრის მხატვართა შემოქმედებაში გამორჩეული ძალით გაიჟღერა მოდერნის სტილის ნიშნებმა, არქიტექტონიკის, რომანტიკული და ნატურალისტური ელემენტების თავისებური ნაზავის სახით, რომელიც განუმეორებელ დეკორატიულობაში ვლინდებოდა. თუმცა ქართულ თეატრს არასოდეს დაუკარგავს ამ დარგისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი თვისება: პირობითობა.
გამოფენაზე მთელი მრავალფეროვნებით წარმოგვიდგება მე-20 საუკუნის ქართული თეატრალური მხატვრობა, ნათლად იკვეთება თითოეული მხატვრის ინდივიდუალობა და თვითმყოფადობა. ვალერიან სიდამონ-ერისთავის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, კირილე ზდანევიჩის,  სოლიკო ვირსალაძის, სერგო ქობულაძის, ირინა შტენბერგის, გიორგი გუნიას, კოკა იგნატოვის, თეიმურაზ მურვანიძის, მირიან შველიძის და სხვათა  ნამუშევრები წარმოაჩენს ქართულ სცენოგრაფიას, როგორც „მხატვრის თეატრს“, სადაც შემოქმედი სცენის სრული ბატონ-პატრონია.

0506

ამგვარი კონცეფციის მქონე გამოფენა წინა წლებშიც იყო ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანილი, კერძოდ პარიზსა (2010) და ბერლინში (2011), თუმცა აღსანიშნავია, რომ პარიზში ის გაცილებით უფრო მასშტაბურ სახეს ატარებდა. თეატრალური ესკიზების ექსპონირების ინიციატორი იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კერძოდ იდეის ავტორი: მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ცხადაძე და ამ გამოფენებსაც მარიანა ოკლეი უწევდა კურატორობას.
გამოფენამ უდავოდ დიდი ინტერესიი გამოიწვია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც. აქ  ექსპონირებული იყო ნამუშევრები, რომლებიც ქართული ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია და ქართული ხელოვნების ერთ-ერთ ბრწყინვალე ფურცელს წარმოადგენს.

ნანახია: 12050-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani