Georgian (Georgia)English (United Kingdom)
არტ-ხიდი

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა პროექტი „არტ-ხიდი“, რომელიც მიზნად ისახავდა სომეხი ეროვნების თბილისელი მხატვრების ისეთი ნამუშევრების ექსპონირებას, რომლებიც შექმნილია 1980-იანი წლების შემდეგ და საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი.
ორ დღიანი გამოფენა გაიმართა მიმდინარე წლის 4-5 მაისს (საგამოფენო ცენტრი - „მუზა“), წარმოდგენილი იყო ოცდაერთი მხატვრის ასოცი ნამუშევარი; გამოფენა გაიხსნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა გია ბუღაძემ; გ. ჩუბინაშვილი სახელობის ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა მარიამ დიდებულიძემ; სიტყვით გამოვიდნენ სომხეთის დელეგაციისა და ქართული საზოგადოების წევრები. გამოფენაზე გავრცელდა ბეჭდური პროდუქცია: პლაკატები, ალბომ-კატალოგი: „არტ-ხიდი“, თბილისელი სომეხი მხატვრები (თბ., 2010; ტექსტი - ქართულ და ინგლისურ ენაზე); ჟურნალში „Русский клуб“ (2010, № 4, გვ. 48-50) დაიბეჭდა მარინა მეძმარიაშვილის სტატია: „Идеи добра и любви“, დარიგდა ასევე ქ-ნ ჟანა დაფთიანის ხელით ნაკეთი მინიატურული სუვენირები.

1

გამოფენის გახსნის შემდეგ საკონფერენციო დარბაზში მოხსენებებით წარდგნენ გ. ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები. დალი ლებანიძემ ისაუბრა გამოფენის მონაწილე მხატვრების შემოქმედებაზე, ხაზი გაუსვა მათ მიერ შეტანილ წვლილს ქართული კულტურის განვითარებაში, ყურადღება გაამახვილა თბილისის მკვიდრი სომეხი ეროვნების კოლექციონერის ალექსანდრე პირადოვის დამსახურებაზე; მეცნიერებათა დოქტორმა მარინა მეძმარიაშვილმა ისაუბრა მხატვარ გაიანე ხაჩატურიანის შემოქმედებაზე; სიტყვით გამოვიდა ასევე ალექსანდრე პირადოვი. კონფერენციაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმები მხატვრების: გ. ხაჩატურიანის, გ. დაფთიანის შემოქმედებაზე; მუსიკალური კომპოზიციები შეასრულა ტრიომ - „ბრავო“.

23
45

მეორე დღეს მოეწყო მასტერკლასი ხატვაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სომხური და ქართული სკოლის მოსწავლეებმა, რომელთაც დაევალათ შეესრულებინათ ნახატი თემაზე: „ჩემი ეზო, ჩემი მეგობრები“. მასტერკლასს უძღვებოდა მხატვარი-გრაფიკოსი გურამ ქლიბაძე. ხატვის დასრულების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიის სამი სტუდენტისგან შედგენილმა ჟიურიმ კონკურსის სახით გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით, ყველა დანარჩენ მონაწილეს კი გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები; ბავშვებისათვის მოეწყო ასევე გარი დაფტიანის მარიონეტების სპექტაკლი, რომელიც წარმართა ქალბატონმა ჟანა დაფთიანმა, ხოლო ტრიომ არტიომ ალაბულიანცის ხელმძღვანელობით შეასრულა მუსიკალური ნომრები.
პროექტს ხელმძღვანელობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი მარინა მეძმარიაშვილი; პროექტის წევრები იყვნენ აგრეთვე: ამავე ცენტრის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგე, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი მარიამ გაჩეჩილაძე და მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი თამარ ბელაშვილი.

67
89

პროექტი განხორციელდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის და მ. ბარძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურული ფონდის „მუზა“, თანადაფინანსებით და ხელშეწყობით.
ჩატარებულმა ღონისძიებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში. სიუჟეტები გაშუქდა ტელევიზით (http://www.1k-tv.com/);  ინფორმაცია განთავსდა გ. ჩუბინაშვილის ცენტრისა და კულტურის სამინისტროს საიტზე (http://gch-centre.ge/; http://www.mcs.gov.ge; http://www.art.gov.ge/); დაიბეჭდა გამოხმაურებები ინტერნეტ სივრცეში (http://www.ghn.ge/; http://www.svobodnaya-gruzia.com/culture/;http://gazeta.aif.ru/; http://www.golosarmenii.am/ru/; http://www.rcmagazine.ge/; http://www.armtown.com/;)  და სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში („მუზა“ თბილისელ სომეხ მხატვრებს მასპინძლობს“ - ინტერვიუ მ. გაჩეჩილაძესთან (ჟურნ. „პირველი“, 2010, № 2(34), გვ. 96).


ნანახია: 9547-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani