Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ეკატერინე ბაბლიძე

მაია იზორია
ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ეკატერინე ბაბლიძე(1916-1991)

ეკატერინე (კატო) ბაბლიძე მიეკუთვნება იმ თაობის ხელოვანთა რიგს, რომელიც 1960-იანი წლების ქართული თანამედროვე კერამიკის სახელგანთქმული სკოლის სათავეებში იდგა და სარკესავით აირეკლა ამ დარგის ეპოქალური მოთხოვნები თუ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობითობისა და ტრადიციის გაგრძელებისკენ მიმართული მხატვრული ძიებები. ამ ხანებში დასმული და გადაწყვეტილი ამოცანების მასშტაბურობა განაპირობებს 1960-იანი წლების ქართული კერამიკისადმი დღემდე არსებულ ცხოველ ინტერესს, რასაც არა მხოლოდ სპეციალისტები და თეორეტიკოსები, არამედ საზოგადოებაც იჩენს. თუმცა, დროთა განმავლობაში დავიწყებას ეძლევა იმ მხცოვან მხატვართა სახელები, რომელთა ნახელავმა და მრავალმიმართულებიანმა კვლევებმა ქართული კერამიკის საყოველთაოდ აღიარებულ სკოლას საფუძველი ჩაუყარეს და მისი მომავალი მიღწევები განსაზღვრეს. მათ ღვაწლს მხოლოდ ამ დარგისადმი მიძღვნილი წინარეხანების გამოცემებისა და პერიოდული პრესის ფურცლების გადახედვისას თუ ვიხსენებთ.
ეკატერინე (კატო) ბაბლიძე ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც თბილისის სამხატვრო აკადემიის კედლებში (1936-1942 წ.წ.) ზაქარია მაისურაძის, ბორის შებუევისა და დავით ციციშვილის ხელმძღვანელობით დაეუფლა პროფესიულ კერამიკას და მთელი არსებით, დაუღალავად ემსახურა ამ დარგის აღორძინებას. კერამიკა იყო მისი ერთადერთი მოღვაწეობის სფერო, რომლის მიმართაც განვლილი ცხოვრების მანძილზე უსაზღვრო ერთგულებას იჩენდა. ხელოვანის სიცოცხლე, თითქოსდა, სამხატვრო აკადემიის მაჯისცემასთან იყო შეწყობილი. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, იგი ჯერ კერამიკის კათედრის ლაბორანტია (1945-1959 წ.წ.), ხოლო შემდეგ, თითქმის ბოლო წუთამდე - ამავე კათედრასთან არსებული ექსპერიმენტული სახელოსნო-ლაბორატორიის მხატვარი. ყოველი დღე ამ სახელოსნოს პატარა, მყუდრო ოთახში თიხითა და ფუნჯით ხელში იწყებოდა და მხოლოდ შებინდებისას სრულდებოდა. იმ ხანებში ეკატერინე ბაბლიძეს ამიტომაც აღიქვამდნენ სამხატვრო აკადემიის ყველაზე კოლორიტულ ფიგურად, რომელიც გარშემომყოფთ საოცრად ხიბლავდა თავისი გულღია, კეთილმოსურნე დამოკიდებულებითა და რომანტიკული ბუნებით. თუმცა, ამ ლირიზმით გამსჭვალულ სიმშვიდეს მუდამ შინაგანად გაცნობიერებული ძლიერი ემოცია ახლდა თან, რომლის გარეშეც არ შექმნილა არც ერთი მისი ნახელავი.
მხატვრის არქივშიავტობიოგრაფიული ცნობები, ეკატერინე ბაბლიძის პირადი არქივი, ქეთევან რუხაძის საკუთრება, ნაბეჭდი ფურცელი შემონახული წერილები და პირადი ჩანაწერები კიდევ ერთხელ გვაზიარებენ კერამიკის ფაკულტეტის ძიებებითა და ექსპერიმენტებით გაჯერებულ შემოქმედებით ატმოსფეროს, რომლის სულისჩამდგმელიც 1950-იანი წლების დასაწყისამდე, იქამდე სანამ სამხატვრო აკადემიაში უწევდა მოღვაწეობა, ზაქრო მაისურაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინე ბაბლიძე სადიპლომო ნამუშევარს დ,ციციშვილის ხელმძღვანელობით ასრულებს, თავის ჩანაწერებში მისთვის ჩვეული გულწრფელობით აღიარებს, რომ სწორედ ზ. მაისურაძის უშუალო გავლენით ინტერესდება გამოყენებითი ხელოვნების ეროვნული ტრადიციებით, განსაკუთრებით კი - ხალხური შემოქმედებით. ამიტომაც ხდება კერამიკოსის მიზანი სხვადასხვა მასალაში შესრულებული ძველი ქართული უტილიტარული ფორმებისა და დეკორირების ხერხების თავისებურებათა და ორნამენტული მოტივებისა თუ გამოსახულებათა სახეების ფენომენის შესწავლა, რაშიაც საგანგებო ყურადღებას უთმობს არქიტექტურულ დეკორს. იგი საკუთარ შემოქმედებაში მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავს მისეული მხატვრული ხედვისა და ხელწერის საფუძველზე გარდასახულ და თანამედროვე ენაზე ამეტყველებულ მათ სახეობებს. მხატვრის ინტერესების სფეროში, აქედან გამომდინარე, ექცევა ტრადიციული კერამიკული ტექნოლოგიებიც. ეკატერინე ბაბლიძის პირადი არქივიდან ირკვევა, რომ სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტის საცდელი ლაბორატორიის სხვა თანამშრომლებთან ერთად, იგიც მონაწილეობდა იმ მრავალმხრივ ექსპერიმენტებში, რომლებიც 1940-იანი წლებიდან მოყოლებული ძველი კერამიკული ტექნოლოგიების აღსადგენად ტარდებოდა. ყოველივე ამის საფუძველზე მხატვარმა სათავეშივე შეიძინა კერამიკულ მასალათა პროფესიულად ფლობის სიღრმისეული გამოცდილება. ამგვარად, ეკატერინე ბაბლიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია თითქმის ზედმიწევნით ასახავს 1940-1950-იანი წლების სამხატვრო აკადემიის  კერამიკის ფაკულტეტის და, საზოგადოდ, ამ დარგის მხატვრული ცხოვრების წარმმართველ იდეებსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებს.
მიუხედავად იმისა, რომ კერამიკოსი შემოქმედებითი პრობლემების გადაწყვეტას რაციონალურად უდგება, იგი მაინც არა ანალიტიკოსი, არამედ ემოციებს `მინდობილი~ ხელოვანია. კერამიკის დარგის იმ ხანად პოპულარულ ზოგად ტენდენციებში მხატვარი საკუთარი სულიერი იმპულსების შესატყვის ვარიანტებსა და მათი სრულფასოვნად გადმოცემის გამომხატველობით ფორმებს ეძიებს, რასაც საბოლოო შედეგად მოაქვს მეტად თავისებური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერის ჩამოყალიბება.
სამწუხაროდ, ეკატერინე ბაბლიძის გარდაცვალების შემდეგ (1991 წ.) მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი უკვალოდ გაქრა ჩვენი ქვეყნისთვის ავადსახსენებელ 1990-იან წლებში.  მხოლოდ მათი გარკვეული რაოდენობის მოძიება მოხერხდა ეროვნული მუზეუმის სურათების გალერეისა და ხელოვნების მუზეუმის ფონდებში. თითო-ოროლა ნამუშევარი შემორჩა სამხატვრო აკადემიის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. დღესდღეობით ჩვენთვის მიუწვდომელია მოსკოვის სამხატვრო ფონდში, აღმოსავლეთის ხელოვნებისა და საბჭოთა გამოყენებითი ხელოვნებისა თუ კუსკოვის კერამიკული მუზეუმების კოლექციებში დაცული ექსპონატები, რომელთა არსებობასაც მხატვრის პირად არქივში დაცული საკმაოდ გრძელი ნუსხა გვაუწყებს. ამიტომ, ეკატერინე ბაბლიძის შემოქმედების უფრო სრულყოფილად წარმოსადგენად კერამიკისადმი მიძღვნილ გამოცემებში, კატალოგებსა და პირად არქივში შემონახულ ფოტოებსაც მივმართეთ. თუმცა, ადრეული ხანის, 1940-1950-იანი წლების I ნახ-ისა და ბოლო პერიოდის, 1980-იანი წლების II ნახ-ის თითქმის მთლიანად გაფანტული ნაკეთობების შესახებ ვიზუალური მასალა ამ გზითაც ვერ მოვიპოვეთ.
1930-1940-იანი წლების I ნახევრამდე ყველა კერამიკოსისა და მათ შორის კატო ბაბლიძის მოღვაწეობის სფეროც, ძირითადად, ფაიფურ-ქაშანურის ფორმების მოხატვით შემოისაზღვრება. ამ პერიოდის სხვა ავტორების დეკორით დატვირთული ნამუშევრებისგან განსხვავებით, ეკატერინე ბაბლიძის ნახელავებს (ჩაის სერვიზი) გამოარჩევს ფორმასთან შეთანხმებული ზომიერად დატანილი მოხატულობა, ფაქიზად მოვარაყებული თხელი, მოქნილი ნახატისა და თავშეკავებული ხმოვანების ფერადოვანი ელემენტების მსუბუქი თანწყობით გაძლიერებული ფაიფურის მასალის ნაზი, ჰაეროვანი თვისებები. ამავე ნაკეთობებში თავს იჩენს მცენარეული მოტივებისა და შუა საუკუნეების ქართული მოჭიქული კერამიკისა თუ ნაქარგობის სახეებით შთაგონებული ზღაპრული ფრინველის თემატიკისადმი მხატვრის განსაკუთრებული დამოკიდებულება. შესაძლოა, სახვითი მოტივებით აგებულმა დეკორმა და ამ პროცესის ინტიმურმა ხასიათმა გადააფიქრებინა მყუდრო გარემოს მოყვარულ, გრაფიკით გატაცებულ მხატვარს ფაკულტეტის შეცვლა. მით უფრო, რომ ფაიფურის მოხატვას იმ ხანებში საკმარის დროს უთმობდნენ სახვითი ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლებიც (ს. კაკაბაძე, გ. სესიაშვილი, ნ. წერეთელი, შ. მიქატაძე, ირ. ოქროპირიძე, ნ. ალექსიძე, დ. გაბაშვილი ვ. გრიგოლია, ლ. გუდიაშვილი და სხვანიН. Кикнадзе, Современная грузинская керамика и гобелен,  ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977 გვ. 2მხატვრის პირად არქივში შემონახული აკვარელით შესრულებული აკადემიური ნატურმორტები ცხადად გვარწმუნებენ კატო ბაბლიძის გრაფიკის სფეროში მოღვაწეობის შესაძლებლობებში. ამ ნიმუშებში, რომლებიც, სავარაუდოდ, საკურსო მოცემულობებია, ნათლად ჩანს მყარი, გაწონასწორებული კომპოზიციის, პლასტიკური ფორმისა თუ ფერის მკაფიოდ შეგრძნებისა და გამოსახულებათა მტკიცე, ლაკონიური ნახატით გადმოცემის უნარი.

1

ეკატერინე ბაბლიძის ადრეული ნამუშევრებიდან ჩვენს ხელთაა ქაშანურის ფილებით მოგებული დეკორატიული ბუხრის (ხელმძღ. დ. ციციშვილი, 1942წ.)) დიპლომის ფოტოც, (ილ. 1) რომელიც 1940-იანი წლებიდან ქართულ კერამიკაში განვითარებული, ნაგებობის მხატვრულ გაფორმებასთან დაკავშირებული მონუმენტური ძიებების ერთგვარი გამოძახილია. შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული პლასტიკის ტრადიციების შესაბამისად, ზომიერად შემკული მცირე არქიტექტურული ფორმა, თავისი ლაკონიური მხატვრული გადაწყვეტით ეკატერინე ბაბლიძის ხელწერის ანაბეჭდსაც ატარებს. ავტორი მას ქვის ფილებით მოგებული კედლის ხასიათს აძლევს, რომლის ტექტონიკურობასაც კონსტრუქციულად მნიშვნელოვან ელემენტებზე დასმული არქიტექტურული დეკორის საშუალებით აძლიერებს. რელიეფური მცენარეული ჩუქურთმით გამახვილებულ საბაზისო და დამაგვირგვინებელ კარნიზებს შორის მოქცეულ კედლის ფასადებზე მკაფიოდ იკითხება ზედა არეზე ბარელიეფურად გამოყვანილი პირობითად დეკორირებული სტილიზებული შეწყვილებული ფრინველები. მათ ძლიერ დეკორატიულ გამომსახველობას ქვედა არეზე ფართო ოვალურ წრედ შეკრული ვაზის ყლორტისა და ცენტრში შეკიდული ფოთლის ელემენტების სისადავეც  უსვამს ხაზს. კომპოზციის პირობითი, მკაფიოდ სიმეტრიული გადაწყვეტა  და გამოსახულებათა კვეთილობის გრაფიკული ხასიათი ეკატერინე ბაბლიძის ხელოვნების ის თვისებებია, რომელთაც იგი ბოლომდე ინარჩუნებს. სადიპლომო ნაშრომში გამოყენებულ მცენარეული ორნამენტისა და ფრინველთა მოტივების თემატიკასაც მხატვარი მთელი შემოქმედების განმავლობაში მიმართავს: თუმცა, დიპლომი მონუმენტური კერამიკის სფეროში ეკატერინე ბაბლიძის მიერ შექმნილ ერთადერთ ნიმუშად რჩება, რადგან შემდგომში მყუდრო, ინტიმური საქმიანობისკენ მიდრეკილი მხატვარი, თავისი მობილურობით შეუდარებელი უტილიტარული ფორმებისკენ იხრება. 
მიუხედავად იმისა, რომ 1940-1950-იანი წლების I ნახევრამდე შესრულებული ნამუშევრები მოძიებული არ არის, ამ პერიოდის მისწრაფებებზე გარკვეულ წარმოდგენას მხატვრის პირადი ჩანაწერები გვიქმნის. პირველ რიგში, მას სრულიად ჩამოყალიბებული აქვს თავისი შემოქმედებითი კონცეფცია, რომლის თანახმად ქართული კერამიკის მომავალი თანამედროვე ტექნიკური ხერხებით შესრულებული და ყოფით ფუნქციასთან შეთავსებული ეროვნული ხალხური ფორმებით ესახება და თითქმის ბოლომდე ძველი ჭურჭლის სრულყოფამდე მიყვანილ ნიმუშებს იყენებს. როგორც ჩანს, თანამედროვე ტექნიკურ ხერხებში ეკატერინე ბაბლიძე ნაკეთობის გამომსახველობით მხარეს, მის გაძლიერებას გულისხმობდა, რასაც უნდა განესაზღვრა საკუთარი პალიტრის შესაქმნელად მიმართული ძიებები. ამით მხატვარი, გარკვეულწილად, ეხმიანება 1940-1950-იან წლებში თიხის მასალებისა და კერამიკული საღებავების ტექნოლოგიურ, ძალზე აქტუალურ  კვლევებს. სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტის ლაბორატორია-სახელოსნიშიაც ინტენსიურად ტარდება ცდები წერნაქის (ანგობა), ფერადი და აღმდგენელი ჭიქურების, ჭიქურქვედა საღებავებით მოხატვის ხერხების პრაქტიკაში დასანერგად.О традициях грузинской керамики, ეკატერინე ბაბლიძის პირადი არქივი, ქ. რუხაძის საკუთრება, ნაბეჭდი ფურცელისასურველი ფერადოვანი ეფექტების მისაღებად ეკატერინე ბაბლიძე უპირატესად წერნაქის, გამჭვირვალე და აღმდგენელი ჭიქურების შერეულ ტექნიკას შეიმუშავებს და თავისი შემოქმედების გზაზე საკმაოდ მდიდარ პოლიქრომიულ გამას ქმნის. თუმცა, ფერწერულ ძიებებთან ერთად არ „ნელდება“ მხატვრის გრაფიკული ხელოვნებით გატაცება. თუ ნაკეთობას ჩაკვეთილ-ჩაღარული, ან სგრაფიტოს ტექნიკით დატანილი ნაკაწრი  ანდა რელიეფური ნახატი არ ამკობს, გრაფიკულ ხასიათს მოხატვისას გამოყენებული  ფუნჯის მონასმი იძენს. (ილ. 2)

2

1950-იანი წლების შუახანებიდან, სხვა მხატვრებთან ერთად ეკატერინე ბაბლიძეც ინტერესდება არქეოლოგიური მასალით. პირად არქივში შემორჩენილ წერილშიСовременная грузинская керамика, альбом, автор текста и составитель Алде Какабадзе, М., Сов. Худ., 1984 с.7მცხეთის კერამიკის ისტორიის განზოგადების საფუძველზე მას სურს სიღრმისეულად ჩაწვდეს ამ სკოლის კერამიკის თავისებურებათა წარმოშობის საფუძვლებს. როგორც თავად აღნიშნავს, იგი საკუთარ ნამუშევრებშიაც, უპირატესად, მცხეთური კერამიკის მხატვრულ-ტექნოლოგიურ ტრადიციებს იყენებს.  ცნობილია  ეკატერინე ბაბლიძის აქტიური თანამშრომლობა მცხეთის კერამიკულ ქარხანასთან, რომლისთვისაც იგი წლების მანძილზე დეკორატიული ჭურჭლისა და სუვენირული ზოომორფული პლასტიკის ეტალონის ნიმუშებს ამზადებდა.
1950-იანი წლების მიწურულიდან, უკლებლივ ყველა კერამიკოსის და ეკატერინე ბაბლიძის ხელოვნებაშიაც შებოლვის ტექნიკა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მხატვარი თავის ჩანაწერებში ამგვარ შეფასებას აძლევს მას: „შებოლვის ტექნიკა უპირველესია იმ მრავალფეროვან საფუძველთა შორის, რომელსაც თანამედროვე მხატვრული კერამიკის ეროვნული სახე ეყრდნობა“.О традициях грузинской керамики, ეკატერინე ბაბლიძის პირადი არქივი, ქ. რუხაძის საკუთრება, ნაბეჭდი ფურცელიკერამიკოსის შემოქმედებაში ჯერ კიდევ სადიპლომო ნაშრომში გამოვლენილ პლასტიკურ ძიებებს, პლასტიკურ ფორმას შებოლვის ტექნიკით მიღებული შავად ბზინვარე თიხის ზედაპირი სკულპტურულობას მატებს. ნამუშევრების რაციონალურად აგებულ, განზოგადებულ მოცულობებს ეს ტექნიკა სიმარტივეს, სიმკვრივეს და გამოკვეთილად გრაფიკულ სილუეტს სძენს. ფორმათა სკულპტურულობის გაძლიერების კვალდაკვალ, დეკორის სტილიზებული მოტივებიც არცთუ იშვიათად დაბალი რელიეფით ან გრავირებასთან ერთად პლასტიკურად ამოზიდული ნახატითაც დაიტანება. ამ თვისებების მატარებელნი ხდებიან როგორც ხალხური ხელოვნების საწყისებზე შექმნილი უტილიტარული ნაკეთობები, ასევე, ზოომორფული მცირე პლასტიკის ნიმუშებიც (ილ.3, 4). მმიუხედავად ამისა, ე.ბაბლიძის ნახელავები, თავისი უშუალო მეტყველებით მაინც არ იწვევს იმ სიმკაცრის განცდას, რაც ზოგადად, თიხის შავპრიალა ნიმუშებს ახასიათებს. უფრო მეტიც, ფოლკლორის სამყაროსთვის ტიპური სახეების გადმოცემისას, ფერადოვანი ეფექტების შეტანის შედეგად, ისინი საოცრად ცოცხალ, ხალისიან გამომხატველობას აღწევენ. ამ რიგის ნამუშევრები, ძირითადად, 1960-იან წლების შუახანებში შესრულებული, მეტწილად დიდი ზომის საექსპოზიციო სივრცობრივი ფორმებია, რომლებიც ძველი ყოფითი ნიმუშების საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ აღნაგობასა და მოყვანილობას ინარჩუნებს და თანამედროვე მეტყველებას სახელურების დეკორატიული იმპროვიზებით აღწევს (ილ. 5). დეკორის ელემენტების კომპოზიციური განლაგებით მხატვარი მუდამ ხაზს უსვამს ნაკეთობათა სტრუქტურის რაციონალურ ხასიათს. ნაკეთობების შავ ზედაპირს კი ოსტატურად იყენებს ტვიფრის მეთოდითა და ფერადოვანი ლაქებით გამოყვანილი ორნამენტული მოტივებისა და ხატოვნად გადმოცემული ზღაპრული ფრინველის პირობითი გამოსახულებების გასამახვილებლად (ილ.6). მათი მეტად გამარტივებული, ერთგვარად ინფანტილური სტილიზაცია, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ეკატერინე ბაბლიძის ნამუშევრების ეროვნულ ელფერს.

34
56

თემატურად და ტიპოლოგიურად ამავე ჯგუფში ერთიანდება სხვადასხვა ზომის კედლის საკიდი თეფშები, რომელთა კომპოზიციაშიც ხალხური მოტივები  მეტი სიჭარბითაა წარმოდგენილი. (ილ.7) ამ შემთხვევაშიც ეკატერინე ბაბლიძე დეკორის ელემენტებს გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების დარგებიდან იღებს  და კერამიკული მასალების (წერნაქი, აღმდგ. ჭიქა, მარილი) მხატვრულ-ტექნიკური  შესაძლებლობებით (სგრაფიტო, გრავირება, ძერწვა, მოხატვა) ფაქტურულ-ფერადოვანი და გრაფიკული ეფექტების ძლიერ გამომსახველობასა და მრავალგვარობას აღწევს. (ილ.8, 9). ეს ნიმუშები ქართული ფარდაგის, ნაქარგობის, ფერადი გრავიურისა და თანამედროვე მხატვრობის შორეულ ასოციაციებს ამიტომაც იწვევს. თეფშების კომპოზიციის კლასიკური წესითა და რიგით გადაწყვეტაც არაერთგვაროვანია: გამოსახულებები ორგანულად ერწყმიან ფორმას _ ხან კადრებად დაყოფილ ზედაპირის არეებზე გადმოცემულნი, ხან ხალიჩისებურად დაფარულ ფრიზებს შორის მოთავსებულნი და ხანაც ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულად განლაგებულნი (ილ.10, 11).

78
910
11

1970-იან წლებში ეკატერინე ბაბლიძეს მთელი ყურადღება ნაწარმოების გამომსახველობით მხარეზე გადააქვს და სხვადასხვა კერამიკულ მასალაში, თითქოსდა, ერთი ამოსუნთქვით ქმნის ნამუშევრებს. მხატვრის შეფასებითაც იგი მათ „ერთი სულით“ ასრულებს. ამ პერიოდის შავპრიალა და წითელკეცა კერამიკის ნიმუშები დიდი ზომის საექსპოზიციო სივრცობრივი ფორმებია, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებს ფრიზებად განლაგებული დეკორის სახეების ჩაკვეთილ-ჩაღარული, ან რელიეფურ ნახატთან შეწყობილი თბილი ტონალობის ფერთა შეხამებებით გადმოცემა და დინამიკით სავსე ხალისიანი მეტყველება. თიხის შავი ზედაპირისა და ტერაკოტის განსხვავებული ხმოვანებიდან გამომდინარე, მხატვარი ამ ეფექტებს სხვადასხვა გზით იღებს. შავპრიალა კერამიკის ნიმუშებში იგი ჭიქურის პრიალა ზედაპირზე მოლივლივე შუქით აძლიერებს თბილი გამით გაერთიანებული ინტენსიური ფერების თიხის ქალასთან კონტრასტებს, (ილ. 12) რის შედეგადაც ხალხური ორნამენტის საკრალური ელემენტები და ზღაპრული სამყაროდან `გადმოსული~ ფიგურები თავადაც საოცარ სითბოს ასხივებენ. კოლორიტის გამთლიანებისაკენ მიმართული ძიებები ფაქიზად ნიუანსირებულ ფერწერულ ეფექტებს წარმოშობს და ეხმიანება ნახევრად შებოლვის ტექნიკით მიღწეულ მოყავისფრო-მონაცრისფრო ტონალობის თიხის ქალას, რომლის ზემოქმედებითაც სილუეტის კონტურები რბილ გადასვლებს იძენს. წითელკეცა ნიმუშებში იგივე ძიებები მსუბუქად გრავირებული ნახატით დატანილი, ან თითქმის სკულპტურულად გამოყვანილი და პასტელისებური ფერადოვნების ჭიქურით დაფარული დეკორის ელემენტებითაა გადაწყვეტილი. ამ ტიპის ნაკეთობებში  გამოსახულებათა უკიდურესი პირობითობა და ნახატისა თუ ფერის ჰაეროვნება ნაქარგობისთვის დამახასიათებელ აჟურულობას ანიჭებს მხატვრის რომანტიკული განწყობით გამდიდრებულ  ნახელავებს. (ილ.13, 14)

121314

ეკატერინე ბაბლიძე ამ ეტაპზე კერამიკულ მასალებს თითქმის ტექნოლოგის დონეზე ფლობს, მაგრამ სიმწიფის ხანაშიაც დასმულ ამოცანებს მხოლოდ ხანგრძლივი ექსპერიმენტების საფუძველზე ახორციელებს. ამის დასტურია კერამიკოსის არქივში შემორჩენილი, მის მიერ პუნქტებად გაწერილი შამოთის დისკოს მოხატვის ტექნოლოგიური პროცესი. ინტერიერის გასაფორმებლად გათვალისწინებულ ნაკეთობის ზედაპირზე ახალი ძალით იჩენს თავს ფერწერულ-გრაფიკული ხერხების სინთეზირებით მიგნებული მხატვრული ეფექტები, რომლებიც, ამჯერად, შამოთის მასალის მონუმენტური თვისებების გამახვილებისა და გამძაფრებისკენაა მიმართული. (ილ. 15)

15

1970-1980-იან წლების მიჯნიდან ეკატერინე ბაბლიძის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიურ თუ ტექნიკური ხერხების სისტემას დეკორატიული ამოცანები განსაზღვრავს. არაერთგზის გადაწყვეტილი მხატვრული პრობლემების იმპროვიზებითა და ახლებური ინტერპრეტაციით კერამიკოსის ნახელავები კიდევ უფრო გამომსახველნი, თავისი აღნაგობით ტექტონიკურნი და სივრცობრივნი ხდებიან. დეკორატიული ძიებების წამყვანობის მიუხედავად, თიხის შავპრიალა ნიმუშების კრაკლეს ტექნიკასთან მიახლოებული, თავისუფლად დასერილი ზედაპირის დინამიკა და მასთან შეწყობილი დეკორის სარტყლის საზღვრებიდან გამოსული ფიგურების რიტმი კვლავინდებურად სადა, ლაკონიური ხასიათის რჩება, დეკორატიული ტენდენციებისთვის სახასიათო სიბრტყობრიობის საპირისპიროდ, მხატვარი გამიზნულად აძლიერებს .ნაკეთობისა და ზედ დატანილი გამოსახულებების ფორმათა პლასტიკურობას, (ილ. 16) რასაც წითელი თიხით დაძერწილ ნიმუშებში გრაფიკულ-ფერწერული ხერხების სრული უგუვებელყოფა და რელიეფური დეტალებისა და გლუვი ფონის დაპირისპირებით მიღწეული მხატვრული ეფექტებისადმი მიდრეკილება მოაქვს. (ილ. 17, 18) კერამიკოსის შემოქმედებითი ძიებების ამ მიმართულებით განვითარება 1980-იანი წლების I ნახ-ში თითქმის ყველა დარგის მხატვართა შორის ძალზე პოპულარულ სამედალო ხელოვნებით გატაცებასაც შეიძლება მივაწეროთ.სამედალო ხელოვნების მეორე რესპუბლიკური გამოფენის კატალოგი, ტექსტის ავტორი და შემდგენელი ნ.ყიფიანი, თბ., მხატვრის სახლი, 1982 წ.ცნობილია, რომ ამ პერიოდში იგი  შთაგონებით მუშაობს `ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების~ მედლების სერიაზე და მცირე პლასტიკის ამ ჟანრისადმი მიძღვნილ გამოფენებს მონაწილეობის გარეშე არ ტოვებს.

161718

სამომავლოდ, იმედი გვაქვს, რომ ეკატერინე ბაბლიძის შემოქმედების დამაგვირგვინებელი ეტაპის, 1980-იანი წლების II ნახ-ის ნამუშევრებიც მალევე გამოჩნდება და საშუალებას მოგვცემს ბოლომდე გავადევნოთ თვალი მისი მეტად თავისებური მხატვრული სტილის  ძიებებით გაჯერებულ ევოლუციას.
დასასრულს, კერამიკოსის შესახებ კიდევ ერთხელ ვიტყვით: არაერთი საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური  გამოფენების მონაწილე ეკატერინე ბაბლიძე, რომელიც 1950-იან წლებში უკვე რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარია, მუდამ გამოირჩეოდა თავისი ხალასი ნიჭით, პროფესიონალიზმითა და მოჭარბებული ემოციურობით. სიცოცხლის ბოლო წუთამდე იგი თავმდაბალი, მოკრძალებული და კერამიკის მიმართ გულანთებული დარჩა. ამიტომაც მივიჩნიეთ საშურ საქმედ ეკატერინე ბაბლიძის ხელოვნების ერთგვარი `ჩრდილიდან~ გამოყვანა. განსაკუთრებით კი, ზაქარია მაისურაძის საიუბილეო თარიღის დღეს, რადგანაც პირად არქივში ყველაზე დიდი მადლიერებით სწორედ მას იხსენიებს კერამიკოსი თავის პედაგოგთა შორის.



ნანახია: 11763-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani