Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მხატვრის გახსენება (ლადო ქუთათელაძე)

მარიამ გაჩეჩილაძე

2009 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, ლესელიძის ქუჩის № 30-ში მდებარე ახალ სამხატვრო გალერეაში „რჩეული“ გაიხსნა მხატვარ ლადო ქუთათელაძის გამოფენა. მცირე ზომის საგამოფენო დარბაზში მოკრძალებული პიროვნებისა და მაღალი  რანგის ხელოვანის შემოქმედებითი მემკვიდრეობა  „მოკრძალებულად“ იქნა წარმოდგენილი.
გამოფენის მასპინძლად მხატვრის ქალიშვილი რუსუდან ქუთათელაძე შემოგვეგება, რომელიც ძალზე ღელავდა, გამოფენის თითოეულ დამთვალიერებელს სათუთი ყურადღებით ანებივრებდა და ემოციურად უხსნიდა თითოეული წარმოდგენილი ნამუშევრის შექმნის ისტორიას.

21

გალერეაში შესულ მნახველს ექსპოზიციასთან ერთად ბ-ნი ლადოსა და მისი მეუღლის ქ-ნი მარგარიტა თუშმალიშვილის ფოტო-სურათი დაგვხვდა - ორი განუყრელი ადამიანის, ერთმანეთზე მზრუნველი, ოჯახზე და სამშობლოზე შეყვარებული ორი შემოქმედის ფოტო, ყველა იქ მისული დამთვალიერებლისათვის ნაცნობი და თბილი სახეები, რომლებიც წარსულში,  მოგონებებში გვაბრუნებენ. მახსენდება მათ ოჯახთან ურთიერთობის დღეები, ჩემთვის, როგორც იმ დროისთვის დამწყები ხელოვნებათმცოდნისთვის ბევრის მომცემი საუბრები. თბილად მოსაგონარია, თუ როგორ იხსენებდა ბ-ნი ლადო აკადემიის კედლებში გატარებულ სტუდენტურ წლებს, თავის პედაგოგებს და სტუდენტობიდან მოყოლებულ მეგობარ-კოლეგებს, შემდგომ კი განვლილ რთულ შემოქმედებით გზას. თავს ვალდებულად ვთვლი კიდევ ერთხელ მივაგო პატივი ბ-ნი ლადოს ხსოვნას და კიდევ ერთხელ შევახსენო მკითხველს თუ ვინ იყო  ლადო ქუთათელაძე რა კვალი დატოვა მან, როგორც შემოქმედმა და როგორც პიროვნებამ ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში, რადგან შეიძლება ახალგაზრდებისთვის თანდათან მივიწყებას ეძლევა და უცნობი ხდება იმ შემოქმედთა წვლილი, ვინც მაღალ პროფესიონალიზმზე დამყარებული თავდაუზოგავი შრომითა და ღვაწლით  ქართული სახვითი ხელოვნება დღევანდლამდე მოიტანა.

3

საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მხატვარი ლადო ქუთათელაძე XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების, გრაფიკის დარგის ერთ-ერთი წამყვანი ოსტატი იყოვლადიმერ (ლადო) ქუთათელაძე დაიბადა 1902 წლის 5 აპრილს, სოფელ ივანდიდში (ქუთაისის მაზრა). 1926-1930 წლებში სწავლობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში სადაც      მისი პედაგოგები იყვნენ შესანიშნავი მხატვრები - იოსებ შარლემანი, ევგენი ლანსერე, ჰენრიკ ჰრინევსკი.  
1929 წლიდან მხატვართა გაერთიანება „სარმა“-ს წევრია.
1932 წლიდან შედის საქართველოს სსრ მხატვართა კავშირში.
1938 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1981) ასწავლის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - 1946 წლიდან გრაფიკის ფაკულტეტის დეკანია; 1958 წლიდან ხელმძღვანელობს გრაფიკის სახელოსნოს; 1962 წლიდან იღებს დოცენტის, ხოლო 1967 წლიდან პროფესორის ხარისხს. არის ქართველ გრაფიკოს-მხატვართა მრავალი თაობის აღმზრდელი. 
1925-1981 წლებში თანამშრომლობს გამომცემლობებთან: „სახელგამი", „საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობა“, "Заря Востока" და სხვ. გააფორმა ქართულ და რუსულ ენაზე გამოცემული ასამდე წიგნი, მათ შორის რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი გამოცემა.
1921-1941 წლებში ლ. ქუთათელაძე თანამშრომლობს ასევე საქართველოს სახალხო კომიტეტის გამომცემლობის ლითოგრაფიის სახელოსნოსთან, უნივერსიტეტის პოლიგრაფიულ და ლითოგრაფიულ სახელოსნოებთან - მუშაობს მხატვარ-ლითოგრაფისტად.
. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველკურსდამთავრებულთა რიცხვს მიეკუთვნება.
ლადო ქუთათელაძის შემოქმედება შეეხო როგორც დაზგურ, ასევე წიგნის გრაფიკას, მას შექმნილი აქვს  რამდენიმე ათეული ექსლიბრისის ნიმუში, ქართული ანბანის გარნიტურები, გაფორმებული და გამოცემული აქვს რამდენიმე ათეული წიგნი.
ლადო ქუთათელაძის შემოქმედება გრაფიკის მრავალ სახეობასთან ერთად, მრავალჟანრობრივიცაა. მის შემოქმედებაში დიდ ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის წარსული და აწმყო. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა პეიზაჟის  ჟანრს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისა და ქალაქების ხედების ასახვას (ლიკანი, სვანეთი, თელავი, ახალი ათონი, რიწის ტბა, რუსთავი, ძველი და ახალი თბილისი). მისმა გრაფიკულმა სერიებმა დოკუმენტური მასალის მსგავსად შემოგვინახა აწ ისტორიად ქცეული: ფოთის სანაპიროს (1933) და სამგორის არხის მშენებლობის „კადრები“ (1953), რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აგების ისტორია (1955),  „ბათუმი - სეინერების რემონტი” (1959) და სხვა მრავალი. ეს ნამუშევრები ჩვენი უახლესი წარსულის ფურცლებს გვიშლის თვალწინ.

456
7

მნიშვნელოვანია მხატვრის მიერ დაზგურ გრაფიკაში შექმნილი პორტრეტები (ა. წერეთელის, დ. კლდიაშვილის, გ. წერეთელის, მ. ლერმონტოვისა და სხვების), ნატურმორტები, ჟანრული კომპოზიციები: „მარულა“ (1972), „დოღი“ (1972), „გეოლოგები სვანეთში“ (1975), „ჩაის პლანტაციები“ (1975) და სხვ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლადო ქუთათელაძის წვლილი ქართული არქიტექტურული ძეგლების უკვდავყოფის საქმეში, მას შექმნილი აქვს მთელი სერია, რომელშიც ათობით არქიტექტურული შედევრია ასახული: ანანური, სამწევრისი, გელათი, სვეტიცხოველი, გრემი, საფარა და სხვ.

89

მხატვარი დაზგურ და წიგნის გრაფიკასთან ერთად ავითარებს წიგნის ნიშნის ანუ ექსლიბრისის ხელოვნებასაც. ლ. ქუთათელაძის შემოქმედებაში ჩვენ განსაკუთრებით წამოვწევთ გრაფიკის ამ მინიატურულ ფორმას, რადგან ექსლიბრისს თავისი განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს - შესრულების თვალსაზრისით იგი შემზღუდავ პირობებს უყენებს მხატვარს და მინიმალური საშუალებებით მაქსიმალურ გამომსახველობას ითხოვს. ლაკონიზმი ექსლიბრისის მთავარი დამახასიათებელია და ამ შეზღუდულ პირობებში მხატვარმა უნდა შეძლოს წიგნის ნიშნის მფლობელის პროფესიული თუ პიროვნული ინტერესების გამოვლენა, ამავე დროს, არც მხატვრის ინდივიდუალური ხელწერა უნდა დაიკარგოს. ექსლიბრისი მხატვრის გრაფიკული აზროვნების გამოსაცდელ ქვაკუთხედად არის მიჩნეული და სწორედ ამიტომ სამხატვრო აკადემიის გამოცდილი პედაგოგები, მაღალი რანგის გრაფიკოსები - იოსებ შარლემანი და ევგენი ლანსერე სტუდენტებს სავალდებულო დავალებად აძლევდნენ ექსლიბრისის შექმნას. ლ. ქუთათელაძის მიერ სტუდენტობის დროს შესრულებული ნამუშევრები არ შემოინახა, მაგრამ შემორჩა 1933 წელს შექმნილი სამი ექსლიბრისი, რომელიც მხატვარმა თავის მეგობარს და კოლეგას ლადო გრიგოლიას მიუძღვნა. 1930-იან წლებში განხორციელებული ექსლიბრისები ქსილოგრაფიის ტექნიკით არის შესრულებული. ამ მინიატურულ, გრაფიკულ კომპოზიციებში ვლინდება ლ. ქუთათელაძის მთელი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი უზადო ტექნიკური ოსტატობა, გრაფიკული ხერხების სრულყოფილი ფლობა, დახვეწილი გემოვნება. შემდეგ მის შემოქმედებაში ექსლიბრისის შესრულების თვალსაზრისით ხანგრძლივი პაუზაა. 1969 წლიდან კი  მან აქტიურად განაახლა ამ სახეობაში მუშაობა და აქედან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე, სამ ათეულამდე წიგნის ნიშანი შეასრულა და ტექნიკურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა - იგი იყენებს როგორც ქსილოგრაფიას ასევე ლინოგრავიურას, ხანდახან ტუშითა და კალმით შექმნილი ორიგინალის ქსერო-ტექნიკით გამრავლებას მიმართავს, მაგრამ ძირითადი წარმმართველი მხატვრისთვის მაინც გრაფიკული მასალით გრავირება და დაზგური ბეჭდვით გამრავლებაა. ლ. ქუთათელაძის გრაფიკული ტექნიკის ფლობის ოსტატობა განსაკუთრებით მაშინ ხდება დასაფასებელი როცა მის მიერ ლინოგრავიურის ტექნიკაში განხორციელებულ ქართული ანბანის გარნიტურებს ვეცნობით. ვისაც კი ოდნავი შეხება ჰქონია ბეჭდურ გრაფიკასთან, კარგად იცის, რა განსაკუთრებულ შრომას ითხოვს იგი მხატვარი გრაფიკოსისაგან, რაოდენ ძნელი შესაქმნელია შრიფტი და, მით უმეტეს, მისი განხორციელება ლინოგრავიურის ტექნიკაში. ამგვარი შრიფტის გარნიტურები კი ლ. ქუთათელაძის მხატვრობაში ათეულობითაა - მრგვლოვანი თუ კუთხოვანი, ოთხ-ხაზოვანი თუ ორ-ხაზოვანი, სათავსართო თუ ჩვეულებრივი, არა მარტო ანბანით არამედ ციფრებთან ერთად შექმნილი კომპოზიციები. შრიფტის სრული გარნიტურები შექმნილია, ასევე, ტუშითა და კალმითაც, შესრულებულია წვრილი თუ მსხვილი ხაზით, ფაქიზი კონტურით მოვლებული თუ ფერადოვნად გაცოცხლებული. შრიფტთა გარნიტურები დამოუკიდებელ დაზგურ გრაფიკადაა გააზრებული, ქართული ორნამენტით შემკული და სპეციალური ჩარჩოთი მოსაზღვრული, ლამაზად ჩამოქნილი ასო-ნიშნები ქართული ანბანის მშვენებად წარმოგვიდგებაიან. 1982 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ ლადო ქუთათელაძის „ქართული მხატვრული შრიფტის“ სამი კომპოზიცია წლის საუკეთესო ნიმუშად იქნა აღიარებული. ხოლო 1998 წლის 14 აპრილს თბილისის სამხატვრო გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე ლადო ქუთათელაძის შრიფტის გარნიტურის კომპოზიციებს ლადო გრიგოლიას, შოთა კუპრაშვილის, დავით დუნდუას, მარგარიტა თუშმალიშვილის, ოთარ ჯიშკარიანის და სხვათა გვერდით წამყვანი ადგილი ეკავა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, ასევე, ლ. ქუთათელაძის მიერ შექმნილი რამდენიმე წიგნის ნიმუში, მთლიანად გაფორმებული მხატვრული ელემენტებით - სუპერითა და ყდით, ტიტულ-კონტრტიტულით, შმუცტიტულებით, თავსართ-ბოლოსართებითა და მთავრული შრიფტებით (გიორგი ლეონიძე, ლექსები. თბ., 1947; რუსული პოეზიის ანთოლოგია. თბ., 1948; და სხვ.).

10

ლადო ქუთათელაძე წიგნის მხატვრობაშიც გრაფიკული ნამუშევრის ბეჭდვითი ტექნიკით განხორციელების ხერხს მიმართავდა. გრავირებისთვის სხვადასხვა მასალის გამოყენება წიგნის ილუსტრაციისთვის ჩვეული მოვლენაა, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ მხატვარი წიგნის მხატვრულ ელემენტებს - სუპერს, ყდას, ტიტულს, თავსართ-ბოლოსართებს და შრიფტს ლინოგრავიურის ტექნიკით ახორციელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო ბევრად დიდ დროს მოითხოვდა და ტექნიკურადაც უფრო რთული იყო, ვიდრე ორიგინალის ტუშითა და კალმით შესრულება, მხატვარი მას აშკარა უპირატესობას ანიჭებდა, რადგან თვლიდა, რომ ამგვარად შექმნილი ორიგინალიდან მიღებული ანაბეჭდი წიგნს მეტ ეფექტურობას ანიჭებდა და ეს მართლაც ასეა, როდესაც ხელში ვიღებთ მის მიერ გაფორმებულ წიგნებს („XIX საუკუნის ქართული მოთხრობა“, ალ. ყაზბეგი „მამის მკვლელი“, კ. გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვანა“ და სხვ.) ვგრძნობთ გრაფიკული ტექნიკის „ძლიერ, მეტყველ ენას“  შავ-თეთრის მკვეთრი ლაქების ლაკონიურობა პოლიგრაფიულ ბეჭდვაშიც კი ინარჩუნებს დატვიფვრის შეგრძნებას, რითაც შრიფტი და ნახატი მართლაც მეტ ცხოველხატულობასა და ეფექტურობას იძენს.

11

გამოფენაზე ლადო ქუთათელაძის შემოქმედების მცირე ნაწილი იყო წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ თვალი გადავავლეთ ისეთ ნამუშევრებსაც, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ექსპოზიციაზე არ მოხვედრილა, რადგან გვსურს მკითხველს შევახსენოთ ლადო ქუთათელაძის შემოქმედების ყველა სფერო. მაგრამ ის მცირე ნაწილიც კი, რაც მაყურებელმა ექსპოზიციაში იხილა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქართულ გრაფიკულ ხელოვნებას ადრეც და დღესაც ბევრი შესანიშნავი ხელოვანი ემსახურება, მაინც გვიჩნდება უკმარისობის გრძნობა და გარკვეული ნოსტალგია გრაფიკის ტექნიკური ხერხების ფლობით შესრულებული მაღალ-პროფესიული მხატვრობის მიმართ (ეს განსაკუთრებით ეხება ქსილოგრაფიას, რომელიც თითქმის აღარ გამოიყენება მხატვარ-გრაფიკოსების მიერ), ეს მხატვარი კი მაღალი დონის პროფესიონალი და დახვეწილი გრაფიკოსია. რეპროდუქცირებისას ტექნიკურად ამგვარი სკრუპულოზული დამუშავება, ხანდახან, შესაძლოა, სიმშრალის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ როდესაც ამონაბეჭდ ორიგინალს ვეცნობით, ჩანს, რომ გამომსახველობის მისაღწევად გამოყენებული მასალის ოსტატურად ფლობის ხერხთან გვაქვს საქმე. დაზგური ბეჭდვისას ჭდევისგან მიღებული ეფექტის გადმოცემა, რასაც ინარჩუნებს ამონაბეჭდი ორიგინალი ხშირად იკარგება პოლიგრაფიული ტირაჟირების შემთხვევაში.
დღესდღეობით დიდი მნიშვნელობა აქვს აკადემიური განათლების მქონე პროფესიონალ შემოქმედთა გახსენებას, რადგან საგამოფენო დარბაზებში არც თუ იშვიათად ისეთი რამ ხდება, რასაც ზოგჯერ მხატვრობასთან კავშირსაც კი ვერ მოუძებნის ადამიანი. ეს შეინიშნება თუნდაც იმ სფეროში, რასაც ლ. ქუთათელაძე მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა. დღეს „უჭირს“ ქართულ შრიფტსაც და ქართულ ექსლიბრისსაც. შრომატევად გრაფიკულ ტექნიკებზეც თანდათან უარს ამბობენ მხატვრები.

1213

პრობლემები ძალზე დიდია, შეიცვალა დამოკიდებულება გრაფიკის სხვადასხვა სახეობების მიმართაც. თანამედროვე ტექნიკურმა მიღწევებმა - კომპიუტერის შესაძლებლობებმა, ქსერო-აპარატურამ გაამარტივა ბევრი რამ, მაგრამ, ამავე დროს, მთლიანად შეცვალა ამა თუ იმ სახეობის სპეციფიკა. გამარტივებამ და გაიოლებამ ნამუშევრების ხარისხის დაცემაც გამოიწვია, რამაც განსაკუთრებით დააზარალა გრაფიკის ისეთი სათუთი სახეობები, როგორებიცაა შრიფტი და ექსლიბრისი.  სასათაურო ქართული წარწერები ხშირად რებუსებს გვაგონებენ, ექსლიბრისის გამოფენებზე წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა (2001, 2002, 2006, 2009 წწ.) კი  მხოლოდ ფანქრით, ტუშითა და კალმით, ფლომასტერით ან კომპიუტერული ტექნიკითაა შესრულებული და ეს ნიმუშები მხოლოდ ექსლიბრისების შესაქმნელ პროექტებად შეიძლება წარმოვიდგინოთ. მათი გამრავლება მხოლოდ ქსერო-აპარატურის საშუალებით ხდება შესაძლებელი და მექანიკური შემცირება-გადიდება პრობლემას არ წარმოადგენს. ამის გამო მინიატურულმა ექსლიბრისმა, ხშირად, უჩვეულოდ დიდი, ზოგჯერ პლაკატური ფორმაც კი მიიღო, ამგვარი ორიგინალის მექანიკური შემცირება კი უდაოდ იწვევს მისი გამომსახველობითი ხარისხის კლებას. თავად ექსლიბრისს კი სპეციფიკაც ეკარგება და გრაფიკულ ტექნიკას მოწყვეტილი იგი მხატვრულ ღირსებასაც კარგავს.
ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით, როცა ასე გადაფასებულია ჭეშმარიტი ღირებულებები აუცილებელია, რომ დავიწყებას არ მიეცეს იმ მხატვართა სახელები, რომელთაც თავისი შემოქმედებით მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრეს ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში და მხატვარ-გრაფიკოსი  ლადო ქუთათელაძე მათი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.


ლიტერატურა


გაჩეჩილაძე მ.,ქართული წიგნის გრაფიკისა და ექსლიბრისის ოსტატები
(ლადო ქუთათელაძე, მ. თუშმალიშვილი), „დილის გაზეთი“, 1997, 30 ივნისი 
გვახარია გ.,ლადო ქუთათელაძის საიუბილეო გამოფენა, 2009,
15 დეკემბერი   
http://origin.tavisupleba.org/content/article/152150.html
გვახარია გ.,    ლადო ქუთათელაძისა და მარინე თბილელის გახსენება, 2009,  15 დეკემბერი
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1519851.html
თულაშვილი ე.,ძეგლი, თავად რომ დაიდგა, 2009, 18 დეკემბერი
http://www.open.ge/index.php?m=57&y=2002&art=10017
ჯაფარიძე უ., სანაძე კ.,ყუბანეიშვილი თ., ციციშვილი დ., ნოდია დ., გაჩეჩილაძე მ. 
ლადო ქუთათელაძე, კატალოგი, (1984), თბ.

Беридзе В.,Езерская Н.,Искусство Советской Грузии 1921-1970, (1975), М., Советский художник

ნანახია: 17433-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani