Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ჩუქურთმის არსებობის პირობები - პროცესის ესკიზური რეკონსტრუქცია

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი

არქიტექტურული ნიმუშის კვლევისას ჩვენ ვაფასებთ მის მახასიათებლებს - გეგმას, სივრცით სტრუქტურას, ინტერიერის და ფასადის სახესა და თვისებებს, შემკულობის თუ შეუმკობლობის სტილისტიკას და სხვა...  როგორც წესი, დახასიათება ხდება უკვე შემდგარი არქიტექტურული ნაწარმოების, დასრულებული მთელისა. თუ დროში წარმოვიდგენთ ამ პროცესს, მას შეიძლება ვუწოდოთ „ახლიდან ძველისკენ...“. ჩვენ ვიკვლევთ და ვახასიათებთ უკვე აშენებულ, „შეჯამებულ“ ნიმუშს „ჩვენი“ დროიდან, „აქედან - იქით“.
მაგრამ, საგულისხმოა, პროცესი წარმოვიდგინოთ სხვა თანმიმდევრობით, პირიქით: იქიდან - აქეთ, ჯერ არ არსებულ ნიმუშს „გამოვყვეთ“, შეძლებისდაგვარად, მივადევნოთ თვალი ფიქრისა და იდეის განხორციელება-ხორცშესხმის პროცესს და მივხვდეთ მისი ასე და არა სხვაგვარად „დაგვირგვინების“ პირობებს. ამ პროცესში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩუქურთმის „ხვედრითი წილი“ არქიტექტურულ მთელში, მისი არსებობის პირობა.  
რა შეიძლება იყოს მთავარი მაფორმირებელი, რომელიც დაგვიხასიათებს, დაგვანახებს არქიტექტურული სხეულის ფორმათქმნადობის საბაზისო, „შესაქმისდარ“ სუბსტრატს?
ვფიქრობ, ძალიან შედეგიანი შეიძლება იყოს ძველი არქიტექტურული შენაქმნის მთავარ კომპონენტზე - ქვის კვადრზე, მათ ერთობაზე, წყობაზე დაკვირვება. ესაა არქიტექტურული „გულისგული“. მაგრამ, აქ მთავარია, ვიპოვოთ „გასაღები“, შევქმნათ წყობის დასახასიათებლად მაქსიმალურად ობიექტური, მისი შექმნის პროცესის თვალის გადევნების, აღწერისა და შემდეგ დახასიათების შესაძლებლობა.
ყველა ეპოქაში, არქიტექტურის შექმნისას, მისი საწყისი მასალა - ქვის, ქვების, ქვისა და ხსნარის რაობა, მათი ნაირგვარი ურთიემრთმიმართება გვიჩვენებს და ქმნის ფორმათქმნადობის ყველაზე ბაზისურ, მთავარ პირობას, შესაბამისად, შემოქმედებითი პროცესის ამ „პრაქტიკული“ ნაწილით შეგვიძლია ამოვხსნათ ეპოქის, რეგიონის, ბუნებრივი გარემოს, არქიტექტორთა და მშენებელთა, დამკვეთის, თანამდგომთა ინდივიდუალობა, რაგვარობა, გამოცდილება, სურვილები, მოხერხება და ორგანიზებულობა თუ პირიქით, ახალნერგ-წამომწყებთა თავგადასავალი და სხვა.
ვიდრე პროცესის რეკონსტრუქციის მეთოდზე ვისაუბრებ, განვიხილავ სხვადასხვა საუკუნის წყობის მახასიათებლებს, არქიტექტურულ მთელში ორნამენტის არსებობის, წყობასთან „თანხმიერების“ პირობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამოყოფილ საუკუნეებშიც კი, ბუნებრივია, წყობის დიდი მრავალფეროვნება გვაქვს, მასალის კარდინალური სხვადასხვაგვარობით - მაგალითად, მე-6 საუკუნეში თლილიც და არათლილიც, თუმცა, მხატვრული სახე და „საბაზისო“ თვისებები, მასალის სხვადასხვაობის მიუხედავად, საზიაროა და ეპოქის, დროის მხატვრულ პრინციპებში არსებობს. შესაბამისად, „ეპოქის სახე“ ჰომოგენურია და მასალის დიდი სხვაობის მიუხედავად, ერთიანი.


წყობის ძირითადი ეტაპები:
მე-5 და მე-6 საუკუნეები. ქვები თლილია (ქართლი, ქვემო ქართლი), თანაბრად დიდია ისინი სიგანეში, სიმაღლესა და სიგანე-სიღრმეში. კედელი სქელია. ხსნარი კვადრებს შორის მოიცავს გულს, ქვათა შორის არეს, იგი კედლის ცენტრის გამავსებელია. შედეგად, თლილი კედელი მონოლითივითაა, სავსეა, შემკვის გარეშეც მონუმენტურია და არ ტოვებს შემკულობით ნაკლულის შთაბეჭდილებას. ღიობებთან ქვების გვერდების სიღრმე ჩანს წინაპირის ანალოგიურად,  კედელი აღიქმება მთელი მოცულობით და თვითკმარია, მასზე დეკორი ან ექსპერიმენტულად ეძიებს თავის კონკრეტულ ლოკალურ ადგილს მოსათავსებლად (მაგ: აკაურთა, უკანგორი, ნინოწმინდა და სხვა), ან უკვე მოძებნილ ადგილს, ლაკონიურად, მიბნეული სამშვენიესივით, რელიეფურ დამღასავით თავსდება - ასე, ნიშნისებურად სტატიკურია ფიგურებიც, დეკორიც, წარწერებიც (ბოლნისის სიონი, ანჩისხატი და სხვა).
მსგავსი მხატვრული სახეა მაშინაც, თუ ქვები უთლელია, თითოეული ქვის წინაპირისა და გვერდების ხილული  თანაბარმნიშვნელოვანება  მოცულობითს ხდის კედელს, რომელიც სავსეა და მასზე მინიმალური მახვილები სრულებითაც არ ჩანს ნაკლულად, პირიქით, „დამიზნებულად“ ზუსტია (წოფი).

7 საუკუნე.
ამ საუკუნეში ქვები ინარჩუნებს მოცულობით სახვითობას. წინა საუკუნესავით, ის თანაბრად მეტყველია ზედაპირზე (სიმაღლე-განი) და სიღრმეში, თუმცა, მთავარია, რომ წყობის შემადგენლის ზომიერება - მთავარი პრინციპი ხდება: ქვების სიმაღლე, სიგანე და სიღრმე თანაფარდია, ამ სამ პარამეტრში არ ჭარბობს რომელიმე მათგანი, ზომიერებით განსაზღვრული სიცხადე უპირატესია. თითოეული ქვის კიდეების გადათლით  მიღებული სიღრმე, „კიდეებ-შერბილება“ - მათ სამგანზომილებიანობას (და არა მხოლოდ ზედაპირს) გვაჩვენებს,  გამშვენებული ქვები ფასადზე სიმეტრიულად თავსდება და რახან ამ სამი მოცემულობის „ბალანსი“ აქაც ურღვევია, დეკორი წყობის ნაწილიცაა. შედეგად: კლასიკური სიცხადე ეფინება უმკობ ზედაპირებს და ცენტრალურ ღერძებზე განლაგებულ მკობილ-რელიეფურ აქცენტებს თანაბრად, ერთიანად. ქვათა ზომები მეტ-ნაკლებად ერთნაირია, ზომების „ხტუნვის“ გარეშე, პირიქით, ყოველი მათგანი პროექტის მიხედვით შესრულებას, თარგით გამოთლას და შრომის დანაწილებას მიგვანიშნებს ასეთი თანმიმდევრობით: კარიერში მოპოვება - ოპტიმალური მოცულობამდე დაყვანა - საბოლოო ზომამდე თლა -ადგილზე დადება. ეგებ, ამიტომ, ამ საუკუნეში, ქვის მთლელთა პროფესიული ნიშნების სიჭარბე გვაქვს (მცხეთის ჯვარი, წრომი...).

მე-8 საუკუნე:
წინა ეპოქის კლასიკურობა ძირითადი კედლების უთლელი  ქვების ურთიერთ-თანაფარდობასა და ამ კედლების თლილი ქვით მოჩარჩოებაში ნარჩუნდება, როდესაც კედლები სურათებივით, ფრონტალურად უნდა წაიკითხო. ამ ფრონტალობაში მასალა  კარდინალურად შეცვლილია - „ბრიკეტები“ და არათლილი ქვები კედლებში გამოიყენება, თლილი ლოდები - კედლის ჩარჩოებში. ეს, როგორც ვთქვი, წინა ეპოქის ხედვის ფრონტალურობასაც ინარჩუნებს, თან, ზედაპირის არათანაბარმნიშვნელობასაც უდებს სათავეს. ფასადის ზედაპირის გეომეტრიულობა და დაწყებული კონტრასტულობა ფასადზე დეკორს ხან ზე-მაღალ სიმკაფიოეს სძენს (სარკმლის სათაურები, კარის ტიმპანები), ხან კი მიმალვა-ავტონომიურობის ტენდენციას ავითარებს მოულოდნელ ადგილებზე. თვითონ მამკობი ელემენტები უფრო უხეშია, პროპორციითა და ელემენტებით „ურთიერთდაჯახებული“, ხაოიანი, „ბრუტალური“, ზოგადად, ამ დროის მასალის ხაოიანი ფაქტურულობის შესაბამისი.  
ასეთი არქიტექტურა არაა საჭირო დაიხაზოს პროექტად. ესკიზი და მნიშვნელოვანი კვანძების სქემაც საკმარისია. ქვის მთლელთა პროფესიულ ამქრებს, თითქოს, დაოსტატებულ თემი ცვლის, მოთავე ოსტატ(ებ)ით. საკვანძო ადგილების (სათაური, კარის თავი..) დოკუმენტაცია უეჭველად არსებობს (ალანძა, ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია...), თვითონ შენობას კი, რომელიც დეკორის „წიაღია“, შემძლე თემი აშენებს. მათი ხელობის „ადგილზე ინტერპრეტირების“ დრო დგება. უთლელი ქვის „რიგითი“ წყობისა და მოზრდილი თლილი ქვის კონსტრუქციული ადგილების თანაყოფნა - სიახლისა და „ტრადიციულის“ - კლასიკურობის მიჯნის ფუნქციას აძლევს მე-8 საუკუნის შენობებს.
მე-9 საუკუნე: სრულებით არაგეომეტრიზებული, მრავალსახოვანი: უხეში, თლილი, უთლელი ქვით შესაძლებელია სუფთა არქიტექტურის შექმნა. კონტრასტი საშენი მასალის ამორფულობისა არქიტექტურული მოხაზულობის სისუფთევსთან - მაქსიმუმს აღწევს. ხსნარი მათ შორის ხილვადია და შეიძლება დაფერილიც კი, თხელი შელესვიდან პირჩენილი ქვა და ბრუტალური წყობის თანაყოფნა შესაძლებელია. წაწოლილი და ირიბი მსხვილი ქვის მოხმარება, როცა კვადრის მოცულობა სიღრმეში მეტია, ვიდრე ზედაპირზე - კედლის სიღრმის, მნიშვნელოვანის სიღრმეში არსებობის შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ჩაპირქვავდა თუ ჩაიღვარა ენერგია წიაღში და მორევივით ხან აქ, ხან იქ ამოტუმბდება ფასადზე - წითელი ხაზებით, შელესილობით, უხეში დეკორით თუ ქვათა გადაქუსლული  კიდეებით. წყობა წინასწარ დაუგეგმავია, სპონტანური არანჟირებაა, მრავალფეროვანი ვარიაციით. წინასწარ მისი დახატვა შეუძლებელია, ეს საშემსრულებლო ხელოვნებაა ადგილზე, სამაგიეროდ, “დახატვადია” კონცეფცია დეტალურად - კონკრეტული არქიტექტურული ადგილები და ძველი და ახალი კონსტრუქციები და არქიტექტურული მოხაზულობები (გეგმა, ჭრილი, ტრომპები, აფრა-ტრომპები, ცრუ გუმბათები და სხვა). შემსრულებლებს შეუძლიათ სულ ახალი, მოულოდნელი ამოცანების - ტიპოლოგიურის, შენებითის, არქიტექტურულ-კომპონენტურის - თავისუფლად, გადახარჯვის გარეშე შექმნა-დაძლევა (ვაჩნაძიანთ ყველაწმინდა, სამცხის ღართა თუ სხვა). დეკორიც ვულკანივით ამოხეთქავს სრულებით მოულოდნელ ადგილებში - ცენტრალურ პუნქტებშიც (სარკმელი, კარი) და „ცენტრადქცეულ პერიფერიებზეც“ (კედლის ძირები, შუაწელი, ჩრდ. ფასადი და სხვა), ეს „არა-დაცენტრილი“, ღერძზე არ არსებული მახვილები შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიც იყოს  (ბენისი, მაჩხანი, ტაბარუკი, სირგვა და სხვა...)   
მე-10 საუკუნე. ქვების ურთიერთ-კონტრასტულობა იკლებს,  კვადრები სიმაღლე-სიგანეში ერთიანად დიდდება და მათი სიღრმის შემცირებით  წიაღში ჩაბუდებული ენერგია გადაკრიალებულ ზედაპირზე ამოდის. ხსნარი აღარ ჩანს, ის კედლის გულში დიდრონი ქვების მიღმა მტკიცდება. დიდრონ ქვათა სუფთა ზედაპირი -  ბრდღვიალა დღესავით ენერგიულია.
ქვები მსხვილია, სხვადასხვა კონფიგურაციისაც, მაგრამ წინა, ხილვადი პარამეტრი (სიმაღლე-სიგანე) მთავარი ხდება, ზოგჯერ, მოულოდნელად მთავარიც (უშველებელი ქვები ძირებში, კუთხეებში, ბალავრებზე, ჩრდილო კედლის ზეძირკვლებზე...) მონუმენტური ქვების ზედაპირი ემზადება, გაგვიზიაროს ნაირგვარი, უსაზღვრო ფანტაზიით მოტანილი, სულ ახალი და ახალი დეკორი. თუმცა, ეს ჯერ კიდევ ქვათა მონუმენტალიზმია, სადაც „ტრადიციულ ადგილებს“ (კარ-სარკმელი) გაზაფხულზე მოულოდნელად ამოხეთქილი მცენარეებივით აქა-იქ ემატება აყვავებული მოტივები,  რელიეფები, ჩუქურთმები, თითქოს, ყველაფერი ერთიანად მთავარი ხდება - წყობაც, წნულიც, ფიგურებიც, წითლად დაფერილი წარწერებიც, სიხალისე და ენერგია ისადგურებს გულჩათხრობილ, ღრმა, მტკიცე მე-9 საუკუნის ნაცვლად ...
ასეთი არქიტექტურა გულისხმობს გეგმის, ჭრილებისა და დეტალების მრავალფეროვანი ჩანახატ-პროექტის არსებობას. ტაო-კლარჯეთში დიდ კათედრალებზე შესაძლებელია ვისაუბროთ, როგორც ადგილზე მიღებული დეკორატიულ იმპროვიზაციებზე (ოშკის კარიბჭე), ისე, ქვის მასალის კარიერებში მომზადებასა და მზა მასალის ტრანსპორტირებაზე, რაც პროექტისა და ხაზვა-დოკუმენტირების მაღალ კულტურას გულისხმობს. თანაბარი, წინასწარ მომზადებული კვადრებით კედლის ამოყვანა შრომის დანაწილებას და წინასწარ განპირობებულობასაც უნდა ნიშნავდეს (შეად. გუთურ კათედრალების პროექტით წინდაწინ ქვის მომზადებისა და ადგილზე აწყობის პრაქტიკა).

მე-11 საუკუნე.  
კვადრები შედარებით მცირდება, მათი სიმაღლე-სიგანე თანაფარდია, ურთიერთმორგება ისე უზადოა, რომ წყობის ხაზები სიფრიფანდება, ამიტომაც ქრება ქვის სიღრმის შეგრძნება და გადაწკრიალებული, სტერილური ციმციმა ზედაპირი  მთავარი ხდება, მასზე გადაშლილი დეკორატიული სისტემით. ფასადის, მისი მორთულობის შემქმნელი კვადრების, წყობის სიგანე-სიმაღლე-სიღრმე ოპტიმალურ თანაფარდობას აღწევს, ამის გამო, შენობის კედლები გასაოცრად ზომიერი, თხელი და კონსტრუქციულად მოქნილია, ზედმეტი „გრამის“ გარეშე: თხელი კედელი და მრავალფეროვანი პლასტიკური მორთულობა ერთი არსებაა.
ეს სისტემური არქიტექტურაა და პროექტიანია - დეკორატიული სტრუქტურა მოითხოვს გრაფიკულ ასახულობას, ის მეტია, სრულია და „წინასწარდანახულია“, ვიდრე მშენებლობისას მიღებული გადაწყვეტილებები, ამ უკანასკნელთა ხვედრითი წილი ლოკალიზდება წინასწარ დახაზულ გენიალური არტისტიზმით მოფიქრებულ-შესრულებულ ადგილებში (სვეტიცხოვლის „ მარაო“, სამთავროს სამხრ. ფასადი და სხვა...)
მე-12-13 სს. პერანგის სისქე პატარავდება, თხელდება და ქვები, თითქოს, პირით ჩვენკენ მოქცეულ „დაფებად“ იქცევა. ეს „დაფები“ ზოგჯერ თანაბარია, მაგრამ, რახან მისი „წონის“ ნაცვლად, ზედაპირია მთავარი - სწორკუთხოვნება ხშირად აღარც არის აუცილებელი და კვადრები რომბისებურია, ზედაპირი ჭადრაკოვან-დაკვადრატებული, აცა-ბაცად მიჭრილ-მოჭრილიც. ზედაპირის სიმთავრე განაპირობებს სხვადასხვა ფერის აჟღერებით ნაირფეროვნების პედალირებას და ზედაპირულ გადეკორატიულებას, პერანგი მოპირკეთებისკენ მიდის, ხსნარის როლი იზრდება, მისი მასა დიდდება და კედლის ძირითად მოცულობას ქმნის. „დაფა-ზედაპირზე“ დეკორი თხელდება, აქა-იქ მოულოდნელად ქრება ან იხვეტება უცნაურ ადგილებში (მე-13 ს მეორე ნახ-დან), მზადდება მათი „ჩამოცვენის“ პროცესი. შენობები უხვ დოკუმენტაციას გულისხმობს, რომლებსაც ხელოსნები, საშემსრულებლო ოსტატებით, ჯერჯერობით, მაღალხარისხოვნად ასრულებენ.
მე-14-15 სს. კედლის გული განაგრძობს გადიდებას, პარანგი კი შეფერთხვა-გათხელდებას, ხსნარი “დონდღლოვდება” და ინერტული ხდება. ასიმეტრია მოიცავს ხსნარ სხეულს, პერანგი ძლივს ინარჩუნებს თლილ სახეს, „უფუნქციოდ“ იქცევა, ის, თითქოს, ფორმალური და აწ უკვე „ზედმეტია“, მოურთავი საწყლად ცარიელია, მორთული კი - „გამომგონებლობითი“, ხშირად გაუგებარი მოტივებით დაჭრელებული (ჭულე, ცაიში, საღამოს მესამე ეკლესია, ივანწმინდა და სხვა...)
მე-16-18. თლილი ქვა ფუნქციისგან დაიცალა და „ჩამოვიდა“ ფასადებიდან. კედლები ნაწიბური ქვით და ხსნარის შეზელვით შენდება. პატარა ქვები, რაც ადრე „ხურდად“, კედლის გულში გამოიყენებოდა, ახლა ზედაპირებზე ამოდის. ამიტომაც, ზოგჯერ, მათი წყობის ნახატი კოხტავდება - ხან რიყისაა და თევზისფხურია, ჩამწკრივებულ-ჩაკოპწილი, სხვადასხვა ვარიაციით, ხან კი, მხოლოდ საქმიანად, ფუნქციის სიმთავრით გამშვენების ამოცანამდე არმისული, უბრალოდ შენებული. აგური საუკეთესო გამოსავალია - მარტივი და სახოვანია და ხშირად გამოიყენება. საერო მშენებლობა იჭრება საეკლესიო ნაგებობების საშენი მასალის მოხმარების წესშიც - რიყის ქვა, აგური, ნებისმიერი მასალის სინთეზირებული კედელი სათავდაცვო ნაგებობებივით სქელდება; მაშიკულები, სარბენი ბილიკები, ბუხრები, განმარტოებული სივრცეები, სახლივით დაბალი თუ კოშკივით აწოწილი პროპორციები საეკლესიო არქიტექტურის მყუდრო, საერო, ახლებურ სახვითობას ქმნის. (ხარჭაშნელი ეპისკოპოსის მშენებლობა, საბა ტუსიშვილის მშენებლობა და სხვა). ეს ეპოქა ნამცეცებად ქცეული საშენი მასალის დროა, როცა კედლის მასა, თავის დაზღვევის მიზნით, ფიზიკურად გადიდებული და უტილიტარობით სახოვანია.  იშვიათი დეკორი შეყურსულია მხედრულწარწერიან ქვებზე და საინფორმაციო დაფასავით ზის წყობის რომელიღაც, დასანახ ადგილას, ფასადის მორთვის ამოცანის გარეშე, ამბის აღწერილობის სიმთავრით (მუხრანის გალავანი, ზურტაკეტის „სალომეს საყდარი“ და სხვა)

ასეთია ზოგადი დახასიათება წყობისა, რომელიც მთლიან არქიტექტურასთან ერთადაა მეტყველი და გამომსახველი. როგორი შეიძლება იყოს დაკვირვების მეთოდი წყობაზე, როგორც მაფორმირებელზე? რა ედგათ მაშენებლებს თვალწინ, რა მონახაზი, რას ხედავენ ისინი „წინასწარ“, რას ფიქრობენ მომავალ ქმნილებაზე? რა პროექტი ჰქონდათ ხელთ? რა იყო მოფიქრებული წინასწარ, მშენებლობის პროცესში კი რა იბადებოდა?
შემოქმედებითი პროცესის შესასწავლად, ნაყოფიერი ჩანს მთავარი მაფორმირებლის - ქვის ურთიერთმორგების, წყობის შექმნის პროცესზე დაკვირვება, როგორც განხორციელების  მთავარ, ცენტრალურ ნაწილზე. თუ როგორ ემზადებიან, „ხედავენ“, გეგმავენ და ახორციელებენ ისინი მშენებლობას.
ეს უკანასკნელი წლებია, ილიას სახ. უნივერსიტეტში ჩვენ ვამუშავებთ მეთოდს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური ციკლით შესაძლებლობას გვაძლევს აღვწეროთ და დავაფიქსიროთ, დავაკვირდეთ არქიტექტურის სხვადასხვა ასპექტს. იგი გულისხმობს არა უკვე მიღებული შედეგის შეფასებას, არამედ, შეძლებისდაგვარად, ფიქრისა და ქმედების პროცესის რეკონსტრუქციას, მისი მდინარების გამოყოლას. ამ პროცესს ჩვენ „იმიტირებული დოკუმენტალისტიკა ვუწოდეთ“.
მისი ზოგადი თანმიმდევრობა ასეთია:
მშენებლობისთვის მასალის ადგილმდებარეობის მიგნება განსაზღვრავს, თუ სადაა კარიერი, რამდენადაა დაცილებული სამშენებლო ადგილს, საიდან და როგორ, რა გზით უკავშირდება იგი სამშენებლო მოედანს. გეოსაინფორმაციო სისტემის გამოყენებით ფასდება გზის სირთულე-სიიოლე, რელიეფის, აღმართ-დაღმართების, კილომეტრაჟის გათვალისწინებით დგინდება  ტრანსპორტირების ხერხებიც - მარხილი, ხარი, ზურგით ზიდვა თუ სხვა.
მთავარი ნაგებობის ფოტოგრამმეტრიული დოკუმენტირება და თითოეული ქვის შეფასება საჭიროა, მისი წონის, მოცულობის, ერთმანეთზე მორგების წესის და მეთოდის დასანახ-დასადგენად, როდესაც ფოტოგამოსახულება, იმავდროულად, ანაზომი, თვლადი კრიტერიუმების (სიმძიმე, ზომა და სხვა) დოკუმენტიცაა. ნაგებობათა გეგმაზომიერი დამუშავებით შესაძლებელია ეპოქალური მოდუსის დადგენა, ვიზუალური კრიტერიუმების გაზომვადი ასპექტით დადასტურება, ხსნარის, გულის, ხურდა-ქვის, საფასადო და ინტერიერის, შელესილობის მიმართებების გაზომვადად დასადასტურებლად.
მსგავსი მეთოდი საშუალებას იძლეევა 3დ ფორმატში „თავიდან ავაშენოთ“ ნაგებობა, გამოვყოთ მისი თავდაპირველი და შემდგომი, ძირითადი თუ დალექილი ფენები, განახლებები, წარმოვისახოთ შრომის ორგანიზების ასპექტები - რამდენი ადამიანი აშენებს, ხარაჩოს თანმიმდევრობა, ქვების შეთანადების მოდუსები და სხვა.
კვლევის პროცესი ხანგრძლივია და ეტაპობრივი. დაგროვილი გაზომვადი ასპექტების ბაზები საშუალებას მოგვცემს კიდევ და კიდევ მივუბრუნდეთ სიძველეთა დათარიღების საკთხებს, ყოველდღიური მიმდინარეობის ასპექტებს, რეგიონის, არტელების მახასიათებლების კვლევას თუ სხვა, რასაც დროდადრო გავაცნობთ სამეცნიერო საზოგადოებას.

ნანახია: 3992-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani