Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მიხეილ კალაშნიკოვის გამოფენა


2011 წლის 8 ივნისს თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ., 8; ქარვასლის შენობა) გაიხსნა არქიტექტორ მიხეილ კალაშნიკოვის (1886-1969) 125 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.
გამოფენის კურატორი: გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული  ცენტრის, ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამაზ გერსამია.

1

გამოფენა შედგა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული  ცენტრის, საერთაშორისო კულტურულ საგანმანეთლებლო კავშირი „რუსული კლუბი“-ს და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით.
ექსპონატები მიხეილ კალაშნიკოვის პირადი არქივიდან წარმოადგინა არქიტექტორის მემკვიდრემ, მოსკოვში მცხოვრებმა კ. ფომინმა.

2


მიხეილ გიორგის ძე კალაშნიკოვი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის, როგორც ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლაში, ასევე ქართული არქიტექტურის განვითარებაში.
იგი დაიბადა 1886 წლის 19 (6) ივლისს დაღესტანში ქ. თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი), სადაც იმ დროს საქართველოდან იყო მივლინებული მისი მამა, სამხედრო ექიმი.
1904 წელს, თბილისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იგი გაემგზავრა პეტერბურგში და ჩაირიცხა სამოქალაქო საინჟინრო ინსტიტუტში.
1910 წელს გადავიდა საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში. 1917 წელს, სამხატვრო აკადემიის დამთავრების და მხატვარ-არქიტექტორის დიპლომის მიღების შემდეგ, დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიურ ინსტიტუტში მხატვარ-არქიტექტორად (1922-1931 წწ. - ამავე ინსტიტუტის სასწავლო მდივანი). 1938 წლიდან კი იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის განყოფილების არქიტექტორი.

3

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მ. კალაშნიკოვმა აზომა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი, მათ შორის: ატენი (VII ს.), წრომი (VII ს.), ძველი შუათა (V-VII სს.), იკორთა (XII ს.), ყინწვისი (XII-XIII სს.), ტიმოთესუბანი (XIII ს.), ფიტარეთი (XIIIს.), ბეთანია (XIIIს.) და სხვა.
ამასთან ერთად მ. კალაშნიკოვი შემოქმედებით მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1915 წლიდან - 1940 წლამდე შეადგინა 100-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებათა პროექტი (აქედან განხორციელდა 18), რომლებიც გამოირჩევა მაღალი პროფესიული ოსტატობით.

4

 

მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ლიბანის სანატორიუმი, 1926 წ.; ხაშურის თეატრი, 1927 წ.; თბილისის ადმინასტრაციული შენობა ლეონიძის ქ., 2, 1934 წ.; საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენენებელის პრ., 147, 1935 წ.; ბანლეოლოგიური კურორტის სააბაზონო შენობა, 1937 წ.; ასბინიანი სახლი გმირთა მოედანზე, 1939 წ.; სიონის ტაძრის ძველი (XV ს.) სამრეკლოს რესტავრაცია, 1946 წ. 1945 წელს მ. კალაშნიკოვი დააჯილდოვეს საპატიო ნიშნის ორდენით, 1947 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1957 წელს ოჯახური მდგომარეობის გამო მიხეილ კალაშნიკოვი საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. გარდაიცვალა 1969 წელს 21 მაისს.

ნანახია: 8658-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani