Georgian (Georgia)English (United Kingdom)
საერთაშორისო კონფერენცია „მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში“ გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის ხელშეწყობით და მიეძღვნა აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავს.
ინსტიტუტი დღეს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის სახელს ატარებს. კონფერენცია მომზადდა ამ ორგანიზაციის - ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების განყოფილების ფარგლებში.

1

სამეცნიერო სხდომების მუშაობა მიმდინარეობდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში, 27 და 28 იქტომბერს. პარალელურად, ამ დარბაზის წინ მდებარე ფოიეში გამოიფინა ფოტომასალა „თბილისური სადარბაზოები“ (გამოფენის ავტორები: გ. ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: მ. მეძმარიაშვილი, ც. კილაძე, თ. გერსამია).
სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა მულტიდისციპლინური იყო და მის წარმართვაში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების სხვადასხვა დარგში მომუშავე მეცნიერებმა: ხელოვნებათმცოდნეებმა, ფილოლოგებმა, მუსიკათმცოდნეებმა, არქიტექტურის ისტორიისა და კინოხელოვნების მკვლევარებმა, - როგორც ადგილობრივმა, ასევე უცხოეთიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა.

23

კონფერენციამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მსმენელთა შორის იყვნენ, როგორც შესაბამისი დარგის სპეციალისტები, ასევე, სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები და დაინტერესებული საზოგადოება. კონფერენციის მუშაობისას წარდგენილი ყველა მოხსენება დამსწრეთა აქტიური ჩართვით მიმდინარეობდა, იმართებოდა დისკუსიები, ხდებოდა აზრთა შეთანხმება-შეჯერება.
პირველი სხდომა არქიტექტურის პრობლემებს დაეთმო. დიდი ინტერესი გამოიწვია ქ-ნ მაია მანიას მიერ წარმოდგენილმა მოხსენებამ: „ციხისუბანი - ძველი თბილისის დაკარგული ფასეულობა“. მეცნიერმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინა თავისივე კვლევის შედეგად თითქმის ოცი წლის მანძილზე შექმნილი ფოტო-დოკუმენტური მასალა. მიმოიხილა ძველი და ამჟამინდელი მდგომარეობა და აჩვენა ძველი თბილისის ამ უმნიშვნელოვანესი უბნის რეაბილიტაციის პროცესის დადებითი და უარყოფითი შედეგები.

6

იგივე პრობლემები წარმოაჩინა ამერიკელმა სპეციალისტმა თალინ გრიგორმა, რომლის მოხსენებაც სომხეთის დედაქალაქს, ერევანს ეხებოდა. თვალნათლივ გამოჩნდა, რომ პრობლემები თითქმის ერთგვაროვანია და ეს ყოველივე პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.
შემდგომ სხდომებზე გიორგი ხოშტარიას, სვეტლანა ხრომჩენკოს (რუსეთი), მაია ციციშვილის, ირინე აბესაძის, ნინა გეტაშვილის, ნინო ჩიხრაძის, ანა შანშიაშვილის და გიორგი პაპაშვილის მოხსენებები იქნა წარმოდგენილი. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მაია ციციშვილის მიერ საზოგადოებისთვის მოწოდებულმა მასალამ, რომელიც მხატვარ გიგო გაბაშვილის დღემდე სრულიად უცნობ ნამუშევრებს ეხებოდა. როგორც მკვლევარმა აღნიშნა: „არც თუ დიდი ხნის წინ ნანახი გიგო გაბაშვილის ნაწარმოებთა რამდენიმე სერია (რომელთა რიცხვი ასს აღემატება) არღვევს აქამდე დამკვიდრებულ მოსაზრებას გიგო გაბაშვილის შესახებ და უთუოდ მის შემოქმედებას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის“.

87

კონფერენციის მუშაობისადმი ინტერესი არც მეორე დღეს განელებულა. დილის სხდომებზე განიხილებოდა თეატრისა და კინოს მხატვრობის, მუსიკალური ხელოვნების საკითხები (ე. თუმანიშვილი, თ. ბელაშვილი, თ. ურუშაძე, ქ. შავგულიძე, პ. როლბერგი, ო. ჟღენტი, რ. წურწუმია). საღამოს სხდომაზე ერთობლივი მოხსენება წარადგინეს ა. ოქროპირიძემ და ს. ლეჟავამ; ასევე მოხსენებები წარმოადგინეს: ლ. ანთელავამ, თ. შარაბიძემ, ნ. ჭინჭარაულმა, თ. პაიჭაძემ, მერი ქეი ჯუდმა.
კონფერენციის მუშაობის ორივე დღე მეტად საინტერესოდ და ცოცხლად წარიმართა, არ წყდებოდა დისკუსიაში ჩაბმის მსურველთა ნაკადი, მსმენელს ეძნელებოდა მომხსენებლის ტრიბუნიდან გაშვება.

510


განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ახალგაზრდა მეცნიერების: თამარ ბელაშვილის, გიორგი პაპაშვილის, ანა შანშიაშვილის, ნინო ჭინჭარაულის მოხსენებები, რომლებშიც გამოვლინდა ავტორთა პროფესიული მომზადების მაღალი დონე, ხედვის ფართო დიაპაზონი, საქმისადმი სიყვარული და სერიოზული დამოკიდებულება.
ინტერესი არ მოჰკლებია არც საკონფერენციო დარბაზშივე განთავსებულ ნ. ბურჭულაძის, მ. ოკლეის, ც. კილაძის, ს. გურულის, ლ. ოსეფაშვილის სასტენდო მოხსენებებს. დამსწრე საზოგადოება გულდასმით ათვალიერებდა და სწავლობდა თითოეული მონაწილის მიერ ვიზუალურად წარმოდგენილ მასალას.

11

· P.S. კონფერენციის - „მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში“ - ნაწილი მოხსენებების სრული ტექსტებისა განთავსდება ჟურნალის „ARS GEORGICA“-ს 2011 წლის ნომერში. სრულად კი 2012 წლის მანძილზე ეტაპობრივად შეივსება.
· დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ აგრეთვე: საერთაშორისო კონფერენცია ახალი და თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე, მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში, ეძღვნება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის 70 წლისთავს. თბილისი, 2011 წლის 27-28 ოქტომბერი. თეზისები. თბილისი 2011.




ნანახია: 9216-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani