Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ლადო გრიგოლიას წიგნის გრაფიკა

მარიამ გაჩეჩილაძე

საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მხატვარი გრაფიკოსი ლადო გრიგოლია არის ქართული თანამედროვე წიგნის გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ერთადერთი ხელოვანი, ვინც მთელი თავისი სიცოცხლე ქართული წიგნის გრაფიკული სრულყოფის საქმეს მოანდომა. მის მიერ გაფორმებული წიგნების რიცხვი ორასს აღემატება.
იმ დროს, როდესაც ლადო გრიგოლია შემოქმედებით ასპარეზზე გამოვიდა (XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისი) მწვავედ დადგა ქართული წიგნის მხატვრული გაფორმების საკითხი.
ქართული ბეჭდური წიგნის ისტორია სამი საუკუნით შემოიფარგლება, მაგრამ წიგნის გამოცემას ამ სამასი წლის მანძილზე საქართველოს მძიმე ისტორიული პირობების გამო, სისტემატური ხასიათი არ ჰქონია. წიგნის ბეჭდვა უდიდეს ეროვნულ საქმედ იყო მიჩნეული საქართველოში და როგორც კი საშუალება მიეცემოდათ საქართველოს მესვეურები მიმართავდნენ მის განხორციელებას.
რომში გამოცემული პირველნაბეჭდი წიგნებისათვის შრიფტი მეფე თეიმრაზ I-ის ხელნაწერი წერილის მიხედვით იქნა გაკეთებული, გასაფორმებელი ელემენტები კი ხელნაწერი წიგნებიდან იყო გადაღებული. მეფე ვახტანგ VI-ის დაარსებულ სტამბაში, არჩილის მიერ ცოტა ხნით აღდგენილ ვახტანგისეულ სტამბაშიც, პეტერბურგსა და მოსკოვში დაბეჭდილ ქართულ წიგნებშიც ორნამენტი და შრიფტი ქართული ხელნაწერი წიგნებიდან იყო ნასესხები.
მე-19 საუკუნის სამოციანელა თაობა განსაკუთრებით დაინტერესდა წიგნის ბეჭდვის დონის ამაღლებით. სამოციანელთა თაობის გამოჩენამდე, მე-19 საუკუნის დასაწყისში წიგნის ბეჭდვის მდგომარეობაზე ნათელ წარმოდგენას იძლევა ზ. ჭიჭინაძის სიტყვები, გამოთქმული პლატონ იოსელიანის წიგნის დაბეჭდვის გამო: „პ. იოსელიანმა 1842 წელს ერთი პატარა ქართული ანბანი დაბეჭდა, მთელს საქართველოში წიგნის ჭაჭანება არ იყო, დაბეჭდილი წიგნები

74

სიზმრად ეჩვენებოდა ხოლმე ხალხსა“ ზ. ჭიჭინაძე, პლატონ იოსელიანი (სამშობლო ქვეყნის მოღვაწეები), ტფ., მ. დ. როტინიანცის ტიპ. 1893. გვ. 12. სამოციანელთა თაობამ დასვა წიგნის ბეჭდვის გავრცელებისა და მხატვრულად გაფორმების საკითხი. ამ დროს იქმნება მიხეილ ყიფიანის ბეჭდური, ეგრეთ წოდებული - „ვენური შრიფტი“, ამ დროს გააფორმა გრიგოლ ტატიშვილმა გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“, „ქართული ჩუქურთმა“ და ქართველიშვილისეული „ვეფხისტყაოსანი“; რომლის ბეჭდური გამოცემისათვის შესრულდა ილუსტრაციები მიხაი ზიჩის მიერ. მე-19 საუკუნის სამოციანელთა თაობამ ფაქტიურად პირველმა მიაქცია ყურადღება ბეჭდური წიგნის თანამედროვე სახეს, გ. ტატიშვილმა ქართული ფრესკული, ხისა და ქვის ორნამენტიდან აღებული მოტივები გრავიურაში გადაიტანა და წიგნის მორთულობისთვის გამოიყენა.
გრიგოლ ტატიშვილის დამსახურება იმ დროისათვის უდავოდ დიდია, რადგან ფაქტიურად ის იყო პირველი ქართველი გრავიორი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ქსილოგრაფიის რთული ტექნიკა და პირველმა მოჰკიდა ხელი წიგნის მხატვრულად გაფორმებასა და ილუსტრირებას. როგორც ბენო გორდეზიანი აღნიშნავს: „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტატიშვილი არ ყოფილიყო, ჩვენი საგამომცემლო საქმე იმ ცოტაოდენი კარგად გაფორმებული წიგნებითაც კი ვერ იამაყებდა, რომელიც ჩვენ დღეს მოგვეპოვება იმ დროიდან“ ბ. გორდეზიანი, გრიგოლ ტატიშვილი, თბ., 1957, გვ 26. გ. ტატიშვილის სახელს უკავშირდება ასევე ბეჭდური შრიფტის ახალი სახის შექმნა, რომელიც დღესაც იხმარება და გროტესკული „ჩონჩხის“ სახელითაა ცნობილი. იქვე, გვ. 71   
XX საუკუნის დასაწყისიდან წიგნის ბეჭდვას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში წიგნის გაფორმებაზე მუშაობენ გამოჩენილი მხატვრები დავით კაკაბაძე, შ. ქიქოძე, ი. გამრეკელი, ვ. სიდამონ-ერისთავი. 1921 წელს დაარსდა სახელმწიფო გამომცემლობა, გაიზარდა გამოცემის ტირაჟი, დიდი ყურადღება დაეთმო წიგნის გაფორმების მხატვრული დონის ამაღლებას. 1922 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებამ ხელი შეუწყო ქართული წიგნის მხატვრული გაფორმების ამოცანის გადაწყვეტასაც - მომზადდა ეროვნული კადრები. აკადემიაში, ცნობილი გრაფიკოსების იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს მიერ აღზრდილ პირველ კურსდამთავრებულ გრაფიკოსთა სახელთანაა დაკავშირებული ქართული თანამედროვე წიგნის გრაფიკის დასაწყისიც.
1922 წელს ეგნატე ნინოშვილის იუბილესათვის გამოსაცემად მომზადდა მწერლის ნაწარმოებების ორტომეული. ეს იყო ქართული საბჭოთა დასურათებული წიგნის პირველი ნიმუში. ხოლო იმავე 1922 წელს ი. შარლემანის მიერ ვაჟა-ფშაველასა და ნ. ბარათაშვილის კრებულთა გაფორმების შექმნით წიგნის გაფორმების მეორე პრინციპს ეყრება საფუძველი. ესაა გრაფიკული ელემენტებით, მხოლოდ

75

შრიფტით და ორნამენტით წიგნის ორგანიზმის შექმნა, რაც უკვე 1930-იანი წლების დასაწყისის წიგნის გაფორმებისათვის საერთო მხატვრული საშუალება გახდა. ი. შარლემანი დიდ ყურადრებას უთმობდა ქართული შრიფტის, მისი ღირსებების გრაფიკული ენით გამოვლენას, რასაც შემდგომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნენ მისი აღზრდილები - იოსებ გაბაშვილი, ს. კეცხოველი, ს. ნადარეიშვილი, ლ. ქუთათელაძე და ყველაზე მეტად ლადო გრიგოლია. მან ოთხი ათეული წელი, მთელი თავისი მოღვაწეობა დაუთმო ქართული წიგნის, ქართული შრიფტისა და ორნამენტის გრაფიკულ სრულყოფას. ლადო გრიგილიას შემოქმედება ქართული საბჭოთა წიგნის გრაფიკის განვითარების ძირითად ეტაპებს წარმოგვიდგენს.
ლ. გრიგოლიას წიგნის გრაფიკის განვითარებაში ჩვენ შეგვიძლია, პირობითად, გამოვყოთ ოთხი პერიოდი:  I - 30-იანი, II - 40-იანი, III - 50-60-იანი, IV - 70-იანი წლების წიგნები. ნამუშევრების განხილვისას ეს პერიოდები თვალნათელი ხდება.
1934 წელს გამოიცა ლადო გრიგოლიას მიერ გაფორმებული თეიმურაზ I-ის ნაწარმოებთა სრული კრებული. მხატვარი წიგნისათვის ქმნის სუპერს, ყდას, ტიტულს და კონტრტიტულს. ამ წიგნის მთავარი გასაფორმებელი ელემენტი - შრიფტი წარწერებისათვის სუპერზე, ყდაზე, ტიტულზე გადაბმული მრგვლოვანი ასოებით სრულდება. ყდაზე წიგნის ავტორის სახელია მხოლოდ მოცემული. ოთხ ხაზში ჩაწერილი, ერთმანეთზე გადაბმული ასოები ლამაზად კრავენ წარწერას მთლიანობაში. ასი ე-ს ფეხი ჩამოცილებულია შრიფტის ჩასაწერ პარალელურ ხაზებს და მკვეთრად ეშვება ქვევით, ამის გასაწონასწორებლად კი მხატვარი ოდნავ დაბლა ათავსებს მცირე ზომის ორნამენტულ ელემენტს, რომელიც მცენარის ფოთოლს გვაგონებს, რომლის წაწვეტებული ბოლო ისარივით ქვევით მიემართება. ამით ორგანული კავშირი იქმნება ყდის ფორმატის ქვედა ნაწილთან და კომპოზიცია დასრულებულ სახეს იღებს.

1

ტიტულზე წარწერის განლაგების ცვალებადობა, გადაბმულ ასოთა მოქნილი ხაზი და ფერის რიტმი ქმნის წიგნის მხატვრულ სახეს. წიგნისათვის გამოყენებული შრიფტის ის სახე, რომელსაც მხატვარი ირჩევს შემთხვევითი არაა. მხატვარს სურს ხაზი გაუსვას იმ გარემოებას, რომ ესაა თეიმურაზ I-ის ნაწარმოებები. რომში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნის შრიფტი მეფე თეიმურაზ I-ის ხელნაწერი წერილის მიხედვით იქნა შედგენილი და ეს გადაბმული, ხელნაწერის მსგავსი ასოები ტიტულზე პირველნაბეჭდი შრიფტის სტილითაა შესრულებული. შავი და წითელი ფერის მონაცვლეობა ერთგვარ რიტმს ქმნის, აცოცხლებს კომპოზიციას, გარდა ამისა, წითელი ფერი ხელნაწერ წიგნებში გამოყენებულ სინგურის ფერს ეხმაურება.

76

თეიმურაზ I-ის გამოცემა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ეს პირველი ნამუშევარი ამჟღავნებს ლ. გრიგოლიას შემოქმედების მთავარ პრინციპს - შრიფტითა და ორნამენტით გახსნას ნაწარმოების ხასიათი და წიგნის ორგანიზმის ერთიანობას, სრულყოფას მიაღწიოს. პირველი წიგნიდანვე ჩანს თუ როგორ მახვილად გრძნობს მხატვარი წარწერისა და ფურცლის თანაფარდობას. ფურცელზე მის მიერ დასმული თითქოსდა უმნიშვნელო წერტილიც კი რომ გადაადგილდეს მთელი კომპოზიცია ირღვევა.
1936 წელს მხატვარი ლ. ქუთათელაძესთან ერთად აფორმებს გრიგოლ ორბელიანის „წერილებს“. ეს წიგნი მხატვრული გადაწყვეტით უახლოვდება თეიმურაზ I-ის გაფორმების პრინციპს. ტიტულის კომპოზიციის გასაცოცხლებლად მხატვრები აქაც წითელი და შავი შრიფტის რიტმულ ცვალებადობას იყენებენ. შრიფტი მსგავსია ძველნაბეჭდი წიგნების შრიფტისა, მაგრამ ასოები აღარაა ერთმანეთზე გადაბმული. მე-19 ს-ის 60-იანელთა თაობის დროს ნაბეჭდ წიგნებში უკვე აღარ გვხვდება სათაურების შესრულებისას გადაბმული ასოები და მხატვარი გაფორმების გარეგნული ელემენტებით აღწევს კავშირს წიგნის ავტორის დროსთან.
ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნების შრიფტით ლ. გრიგოლიას დაინტერესებას ისიც განსაზღვრავდა, რომ 1934 წლიდან იგი აკაკი შანიძემ მიიწვია ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანის“ 1712 წლის გამოცემის შრიფტის აღსადგენად. „ვეფხისტყაოსანის“ ეს გამოცემა შ. რუსთაველის 1937 წლის იუბილისათვის იყო განსაზღვრული. ლადო გრიგოლიამ წიგნის შრიფტის აღდგენის გარდა, შეასრულა გაფორმების ელემენტები: ყდა, ფოტზაცი, ავანტიტული, ტიტული და კონტრტიტული. ილუსტრაციების ძირითადი ნაწილი აღებულია წიგნიდან: ლადო გრიგოლია. ორ წიგნად. წიგნი I. თბილისი, გამომცემლობა „ხელოვნება“,1989.

23

გრიგოლიასეული ფორზაცი გადამუშავებული სახით წარმოადგენს ვახტანგისეული ორნამენტის ელემენტს. ორნამენტის გულში ჩასმული კვადრატი იმეორებს ვახტანგისეული წიგნის ბოლოსართს, მის გარშემო შემოვლებული ღეროები, ხვეულები, პატარა ბურთებით და ყვავილებით შესრულების ხასიათით ვახტანგისეული წიგნის თავსართ-ბოლოსართის ჩარჩოს მორთულობიდან გამომდინარეობს. მხატვარმა თითქოს მოუყარა თავი და ერთიან კომპოზიციად შეკრა წიგნის შიგნით გამოყენებული გასაფორმებელი ელემენტები. ამგვარი მხატვრული გადაწყეტისას წიგნის გარე გაფორმება შიგა გაფორმებას უპასუხებს და არ წარმოადგენს საერთო ორგანიზმიდან ამოვარდნილ ელემენტს. ორგანული მთლიანობაა „თანამედროვე“ და ვახტანგისეულ გაფორმებას შორის, რაც მიღწეულია გრიგოლიასეული

77

შრიფტისა და ორნამენტის დაქვემდებარებით ვახტანგისეულ შრიფტთან და ორნამენტთან.
ლ. გრიგოლიას, ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანის“ გარდა, იუბილესთვის გაფორმებული აქვს „ვეფხისტყაოსანის“ გამოცემა ირ. თოიძის ილუსტრაციებით (1937 წ.). ამ წიგნის გარეკანი და მხატვრული ელემენტები მხატვარს გრაფიკულად ლადო ქუთათელაძესთან ერთად აქვს განხორციელებული. წიგნისათვის მხატვრები ქმნიან ყდას, ტიტულს, კონტრტიტულს, რომელთა გასაფორმებელ ელემენტებსაც შრიფტი და ორნამენტი შეადგენს. წიგნის შიდა მორთულობისათვის იქმნება თავსართ-ბოლოსართები, საზედაო ასოები. ყველა გასაფორმებელი ელემენტი ერთი ხასიათისაა, ვგრძნობთ, რომ მათი საფუძველი ძველი ქართული ორნამენტია, მაგრამ სრულიად ახლებურად გადამუშავებული და გრაფიკულ ენაზე ამეტყველებული.
ლ. გრიგოლიას და ლ. ქუთათელაძის მთავარი ამოცანა იყო წიგნის გაფორმებისათვის ეროვნული ორნამენტი გამოეყენებინათ და გადაემუშავებინათ ნაწარმოების ხასიათის გამოსავლენად და წიგნის მთლიანი ორგანიზმიც შეექმნათ. მართლაც, გრაფიკული გაფორმება ერთიანი ხასიათისაა, მაგრამ წიგნის მთლიანობა დარღვეულია დასურათებით. მხატვრული გაფორმებისათვის გამოყენებულ ნაზ გრაფიკულ ელემენტებს, თავსართ-ბოლოსართებსა და საზედაო ასოებს არ ეთანხმება აკადემიური მანერით შესრულებული ილუსტრაციები, რომლებიც დაზგური გრაფიკის ნიმუშებად უფრო წარმოგვიდგება, ვიდრე წიგნის ილუსტრაციად.
ლ. გრიგოლიას 30-იანი წლების ძიებების ნაყოფია აკაკი წერეთლის საიუბილეო შვიდტომეულის პირველი ტომი, გამოცემული 1940 წელს. მხატვარი აფორმებს ყდას, ფორზაცს, ტიტულ-კონტრტიტულს, ავანტიტულს, შმუცტიტულებს, თავსართ-ბოლოსართებს და საზედაო ასოებს.
წიგნის აგების პრინციპი ამგვარია: ლექსები დალაგებულია თარიღების მიხედვით, ტექსტის თითოეულ ნაწილს ახლავს თავსართი, რომელშიც ჩართულია თარიღი და ბოლოსართი, ყველა ლექსს უსათუოდ ახლავს საზედაო ასო, დეკორის სიუხვე არ არის შემაწუხებელი და ზედმეტობის გრძნობის გამომწვევი. პირიქით, მკითხველი ტკბება ლექსთა კეთილხმოვანებასთან შერწყმული ორნამენტის ჰარმონიულობით. წიგნის ორგანიზმი განუყოფელი და მთლიანია.

4567

40-იანი წლებისათვის დამახასიათებელია ნ. ბარათაშვილის 1945 წელს გამოცემული საიუბილეო კრებული, რომელიც პოეტის გარდაცვალებიდან 100 წლის თავისთვის გამოვიდა. წიგნისათვის მხატვარმა შეასრულა ყდა, ფორზაცი, ტიტული, კონტრტიტული, შმუცტიტულები, საზედაო ასოები და თავსართ-ბოლოსართები. თითოეული გა-

78

საფორმებელი ელემენტი დასრულებულ კომპოზიციას ქმნის და ამავე დროს წიგნის საერთო გაფორმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ყდაზე - ღია ფონზე - ნათლად აღიქმება ცისფერ ორნამენტულ ჩარჩოში ჩაწერილი ავტორის გვარი და სახელი. შრიფტი, რომლითაც ეს წარწერაა შესრულებული, მრგვალი ფორმებით კარგად ერწყმის ჩარჩოს ნაზ ხვეულებს.
წიგნის გადაშლისას ფორზაცის მკაფიო კომპოზიცია წარმოგვიდგება. ფორზაცის მუქი ლურჯი ფერი ერთგვარ კონტრასტს ქმნის ყდის ნაზ ტონთან და მასზე გამოყენებულ ორნამენტის სახესთან. მუქ ლურჯ ფონზე ოქროსფრით შესრულებული წრიული ორნამენტული ჩარჩო ფაქიზი ხვეულებისგანაა შედგენილი. ჩარჩოს ცენტრში ჩასმულ კვადრატში საიუბილეო წლებია მოცემული. ციფრები ოქროსფერ ფონზეა დაწერილი, შემდეგ ეს ოქროსფერი - ზოლებით, რკალით და წრეზე შემოვლებული უწვრილესი ხვეულებით - მარგალიტებივით იშლება მუქ ლურჯ ზედაპირზე. იქმნება საზეიმო, ამაღლებული განწყობილება. ფორზაცის ეს სიმუქე შესაძლოა მხატვარს პოეტის ხასიათის ორი მხარის გამოვლენისათვის დასჭირდა, რათა დაეპირისპირებინა ნ. ბარათაშვილის პოეზიის ბობოქარი და ლირიკული განწყობა და გამოესახა ისინი სიმბოლური ელემენტებით. ფორზაცის მუქი ფერი ერთი შეხედვით არ ეთანხმება წიგნის მაკეტს, რომელიც საერთოდ გადაწყვეტილია ნაზი აჟურული ნახატითა და ღია ტონით, მაგრამ აქ შეკრებილი ფერის სიმუქე შემდეგ, როგორც გამოძახილი, როგორც ექო, გაშლილია წიგნის თითოეულ ფურცელზე.

891011

ტიტულისა და კონტრტიტულის კომპოზიციების სადა, ლაკონური გადაწყვეტა უპასუხებს ყდის სახეს. ტიტულის წარწერის შრიფტი იგივე ხასიათისაა, რაც ყდისა. კონტრტიტულის რუსული შრიფტი კი მომრგვალებული ფორმებით ტიტულის ქართული შრიფტის ფორმებს ესადაგება.
ყდის, ტიტულის, კონტრტიტულის სადა კომპოზიციები თითქოს გვამზადებენ წიგნის შიდა ელემენტების სიუხვესთან შესაგუებლად.
განწყობილების გადმოცემაში განსაკუთრებული როლი ენიჭება ფერს. უშუალოდ ნ. ბარათაშვილის ლექსთა გაფორმებისათვის მხატვარი იყენებს პოეტის საყვარელ „ცისა ფერს“, მაშინ როცა წიგნში შესული სხვა ტექსტების დეკორატიული ელემენტები შავი ფერითაა შესრულებული. ღია ცისფერი დეკორატიული ელემენტები, შმუცტიტულის აჟურული, ნატიფი კომპოზიციები, ლექსთა თავსართ-ბოლოსართები და საზედაო ასოები თითქოს გარეგნულადაც ნ. ბარათაშვილისეულ ლირიკულ სულს შთაბერავს წიგნს. ეს

79

მარტო ცისფერი ფერით კი არაა მიღწეული, არამედ საერთო ნაზი დეკორატიული ნახატით, გასაფორმებელი ელემენტების კომპოზიციების დახვეწილობით. მათ გამომსახველობას, რა თქმა უნდა, „ცისა ფერი“ კიდევ უფრო ამძაფრებს.
ამ წიგნის თითოეული შემამკობელი ელემენტის დაწვრილებითი აღწერა შეუძლებელია, სანიმუშოდ შეიძლება ავიღოთ მხოლოდ შმუცტიტული პოემისათვის „ბედი ქართლისა“. მისი კომპოზიციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მოხაზული წრე. წრეში ჩაწერილი წარწერის მომრგვალებული ფორმები ორნამენტის სახეს იღებს და დეკორის ხასიათს ატარებს. ცენტრშია სიტყვა „ქართლისა“, ასო „ქ“ - მთელ სიმაღლეზე აღმართული ტანით სქელი, ღონიერი კონტურითაა დაწერილი, კონტურის გარშემო პატარა ხვეულები და ბურთები ღივდება. ქ-ს ტანი მდგრადობისა და სიმყარის შთაბეჭდილებას ქმნის და თითქოს „ქართლს“ შეეფერება, მაგრამ სიტყვა „ბედის“ საწყისი ასო „ბ“-ს თავის აფრიალებული ბოლო „ნიავის“ სახის შემომტანია და ქართლის ბედს სიმბოლურად გამოხატავს. წრის გარშემო გამოსული „ტოტები“ სპირალური ხვეულებით ფესვებივით იხლადთება, იღვენთება ფურცლის სადა არეში და კომპოზიციის აჟურულ, ფაქიზ სახეს ქმნის. წიგნის უხვად შემკობილ შმუცტიტულებს და ფორზაცს უპასუხებს მისი შემკულობის სხვა ელემენტები. გვერდზე თავსართ-ბოლოსართის, საზედაონ ასოების, ლექსთა ტექსტის განაწილება დეკორის ელემენტთა შორის მანძილი წინასწარ საგანგებოდაა გააზრებული. დიდი ყურადღება ეთმობა გადაშლილი წიგნის აღქმისას სხვადასხვა ლექსის გაფორმებათა ურთიერთშეთანხმებას და გვერდების საერთო, ჩამოყალიბებული კომპოზიციების შექმნას.
ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო გამოცემა წარმოადგენს წიგნის ერთიან, დასრულებულ კომპოზიციას. წიგნის ყველა ელემენტი ერთმანეთს ეთანხმება: ყდა ტიტულისა და კონტრტიტულის კომპოზიციას პასუხობს, სამივე ერთად წიგნის თითოეული ფურცლისათვის ამზადებს მკითხველს. შმუცტიტულები აქცენტებს ქმნიან საერთო აჟურულ ნაზ დეკორში, ხოლო ფორზაცის მუქი ფერით შექმნილი გამომსახველი კომპოზიცია წარმოადგენს მთელი წიგნის ორნამენტული, ფერადოვანი და იდეური ელემენტების შეჯამებას.
წიგნში გამოყენებულია შალვა ცხადაძის ილუსტრაციები პოემისათვის „ბედი ქართლისა“ და ვახტანგ ჯაფარიძის ნახატი „საფლავი მეფე ირაკლისა“. ეს ილუსტრაციები შეუსაბამოა წიგნის დეკორატიულ გადაწყვეტასთან. მრავალფიგურიანი ფერადი ილუსტრაციები არღვევს წიგნის მაკეტის მთლიანობას (თუმცა საბოლოოდ არ ცვლის წიგნით მიღებულ შთაბეჭდილებას). ილუსტრაციების შეტანა კი

80

იმით იყო გამართლებული, რომ ეს იყო ნ. ბარათაშვილის თხზულებათა პირველი ფუნდამენტალური, საიუბილეო გამოცემა, ამდენად გასაგებია სურვილი წიგნში თავმოყრილი ყოფილიყო ნ. ბარათაშვილის გარშემო არსებული მთელი მასალა - ლიტერატურული იქნებოდა ეს თუ მხატვრული.
აუცილებელია აღინიშნოს ლ. გრიგოლიას მიერ გაფორმებული „ქართული პოეზიის ანთოლოგია“ გამოცემული ინგლისურ ენაზე (1948 წ.), რომლის გაფორმების ყველა ელემენტია შექმნილი.
მხატვრის ამოცანა იყო, რომ ინგლისელი მკითხველისათვის ქართული პოეზიის გაცნობასთან ერთად, შეექმნა წარმოდგენა თვით ამ ერის კულტურაზე. ამ წიგნის გაფორმებისას სირთულეს ქმნიდა ის, რომ ლათინური ანბანის კუთხოვანი მოხაზულობა არ შეესაბამება ქართული ორნამენტის პლასტიკურ ხასიათს, მის მომრგვალებულ ფორმებს.

12131415

ლ. გრიგოლიამ მთელი წიგნის გაფორმება ლათინური შრიფტის ხასიათს შესაბამისად გეომეტრიული ფორმით გადაწყვიტა. ყდის, ტიტულის, კონტრტიტულის კომპოზიციებს სწორი ხაზებით შექმნილი ჩარჩოთა დეკორი ქმნის. ამით მიღწეულია ერთიანობა საზედაო ასოების ჩარჩოებთან. შრიფტის კუთხოვანი მოხაზულობა კარგად ეთანხმება შემომსაზღვრელი ჩარჩოს ოთხკუთხა ფორმას, თვითოეული ასოს გარშემო კი მხატვარი ხატავს ორნამენტის ნატიფ ხვეულებს, წვრილი კონტურით, მომრგვალებული მოხდენილი ხაზებით, პაწაწინა მცენარეებით. იქმნება ქართული მაქმანისებური ორნამენტის ასოციაცია.
ლ. გრიგოლიამ შეძლო წიგნის გაფორმებაში გამოევლინა ქართული ეროვნული ორნამენტის ხასიათი, აჩვენა ქართული ორნამენტის სიმდიდრე და, ამავე დროს, შექმნა ლათინური შრიფტის თავისებური გრაფიკული სახე.
40-იანი წლების წიგნების გაფორმებისათვის დამახასიათებელი ჭარბი დეკორატიული ელემენტების გამოყენებაზე თანდათანობითი უარის თქმა ლ. გრიგოლიას შემოქმედებაში აკაკი წერეთლის შვიდტომეულის გამოცემაში ვლინდება. პირველ ტომებში შმუცტიტულები, თავსართ-ბოლოსართები, საზედაო ასოები ყველა ლექსისა თუ მოთხრობის აუცილებელ ატრიბუტადაა წარმოდგენილი.
მეხუთე ტომში საზედაო ასოები უკვე აღარაა, თავსართ-ბოლოსართებიც უფრო მარტივია. მეექვსე ტომში დეკორატიული ელემენტები ცალკეული თავების წინ გვხვდება, ხოლო ბოლო, მეშვიდე ტომში მხოლოდ წიგნის ტექსტის დასაწყისშია საზედაო ასო და თავსართი. შვიდტომეულის გამოცემა ორმოცდაათიან წლებში გაგრძელდა, ამ წლებში კი მხატვრის შემოქმედებითი მიდგომა რადიკალურად შეიცვა-

81

ლა. ყდის, ტიტულის, კონტრტიტულის შეცვლას მხატვარი ვერ მოახერხებდა ახალი შემოქმედებითი მიმართულების გზით, რადგან დაირღვევოდა გამოცემის მთლიანობა, ამიტომ ბოლო ტომებში მან საერთოდ თავი აარიდა დეკორატიული ელემენტების გამოყენებას.
50-60-იან წლებში ლ. გრიგოლიას წიგნის გრაფიკის ხასიათი იცვლება. ამ წლებში გამოსული წიგნები ბევრად უფრო მარტივი ხაზობრივ-გეომეტრიული დეკორატიული ელემენტებით იქმნება. ამ პერიოდში გაფორმებული წიგნების (გ. ტაბიძის „რჩეული“- 1954 წ-ს, გალაკტიონის „100 ლექსი“- 1959 წ-ს, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული - 1957 წ-ს, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო ალბომი - 1959 წ-ს, ვაჟა-ფშაველას „100 ლექსი“- 1961 წ-ს, აკაკის „100 ლექსი“- 1961 წ-ს და მრავალი სხვა) გაფორმებაში უკვე გეომეტრიული ორნამენტი ჭარბობს. გასაფორმებელი ელემენტები თავშეკავებულად, ძუნწადაა წარმოდგენილი, თავსართ-ბოლოსართები მარტივდება, საზედაო ასოები აღარაა. ყდის, ტიტულის ელემენტებს ძირითადად სწორხაზოვანი შრიფტი და ჩარჩო ქმნის.

1617

ნ. ბარათაშვილის პირველი გამოცემა წარმოგვიდგენდა ყველა იმ თვისებას, რომელიც ლ. გრიგოლიას შემოქმედებას ახასიათებდა 40-იანი წლებისათვის. მისი შემოქმედების მესამე პერიოდს ნათლად წარმოგვიდგენს იმავე პოეტის მეორე საიუბილეო გამოცემა, რომელიც მხატვარმა 1968 წელს გააფორმა, პოეტის დაბადებიდან 150 წლისთავისათვის. იმჟამადაც მხატვარი ქმნის მთელი წიგნის მაკეტს: სუპერს, ყდას, ტიტულს, შმუცტიტულებს, თავსართ-ბოლოსართებს. თუ პირველი გამოცემის მხატვრული სახის შექმნაში ფერადოვნებას გარკვეული ადგილი ეთმობა, ამ წიგნის კომპოზიცია შავ-თეთრის კონტრასტებზეა აგებული. მხოლოდ ერთგან, კონტრტიტულზე, იქ, სადაც საიუბილეო თარიღია მოთავსებული, ჩაღვრილია ოქრა, ხოლო ლურჯი ფერი გამოყენებულია თავსართში ლექსისათვის - „ცისა ფერს“. თუ პირველი გამოცემის სამკაულის მხატვრული სახე მთლიანად იყო გაჟღენთილი პოეტის ლირიკული სულით, თითქოსდა წიგნის დათვალიერების დროს უნებურად ჩაგვესმოდა პოეტის „ცისა ფერს“, ახალი გამოცემა უფრო მეტად ნ. ბარათაშვილის ბობოქარი „მერანის“ სულისკვეთებითაა შთაგონებული. შავისა და თეთრის მკვეთრი დაპირისპირება, მკაცრი, ლაკონური და მკაფიო კომპოზიცია, შესაძლოა, უფრო ნათლად გვიხატავს ნიკოლოზ ბარათაშვილის სულის ნამდვილ ძლიერებას.

18192021

წიგნს აქვს შავი სუპერი, რომლის წინა მხარეს თეთრი არეა ამოღებული. ლაკონურ, მკაცრ კომპოზიციას ქმნის ცენტრში გეომეტრიული დეკორის განაწილება. ორნამენტი ქართული არ-

82

ქიტექტურული ჩუქურთმის სახეს იღებს. ზედა ნაწილში ორნამენტთა შორის მოთავსებულია ფრთოსანი რაში - „მერანის“ თავსართის ელემენტი - ქვეშ პოეტის ავტოგრაფი. ავტოგრაფის გასწვრივ შავ არეებზე იმავე სახის კუთხით დაყენებული ორნამენტებია. „მერანის“ თავსართს მარცხენა მხარეს პაწია სპირალური ხვეულები აქვს. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ელემენტი აწონასწორებს მარჯვნივ, ჩარჩოდან გამოსულ „მერანის“ ფრთის ბოლოს.
სუპერის გადაშლისას მის გადანაკეცზე დაფნის ტოტების გამომსახველი ვერტიკალური ზოლია, რომელიც თავ-ბოლოში წნული ორნამენტის პატარა წვრილი ზოლით იკვეთება, ისინი ანელებენ ვერტიკალის მიმართულებას. სუპერის გადანაკეცი ხელს უწყობს წიგნის კომპოზიციაში შესვლას, გარდა ამისა, ეხმაურება კონტრტიტულზე გამოსახულ იმავე დაფნის ჰორიზონტალურ ზოლს. გადამკვეთი ჰორიზონტალური ზოლი, რაც „მერანის“ თავსართზე გვაქვს, იგი შემდეგ წიგნშიც ბევრჯერ მეორდება. დაფნის ფოთლების ზოლი გამოყენებულია აგრეთვე წიგნის სუპერის ზურგის პირზე, სადაც სუპერი მთლიანად შავია, ამით ერთგვარად ცოცხლდება შავი ფერი და რაც მთავარია, ეს ელემენტიც შინაარსობრივად და კომპოზიციურად ერწყმის წიგნის ორგანიზმს.
ყდაც შავი ფერითაა შესრულებული. ზედა ნაწილში მარჯვნივ, ვერცხლისფრით დატვიფრულია მწერლის ავტოგრაფი. ქვევით, მარცხენა მხარეს ორნამენტული ელემენტია - ისეთივე სახის დეკორატიული ზოლი, როგორიც სუპერზე. ეს სტილიზებული ორნამენტიც წიგნის ფურცლებზე არის გამოყენებული. აღსანიშნავია ისიც, რომ შრიფტი სუპერსა და წიგნის ყუაზე სხვადასხვაა. სუპერის კუთხოვანი ასოები შეესაბამება მასზე გამოყენებული ორნამენტის კუთხოვანებას. ყდის გასაფორმებელი ელემენტების მომრგვალებულ ფორმებს კი წიგნის ყუის მომრგვალებული შრიფტი ეპასუხება.
ტიტულის კომპოზიციასაც წარწერისა და სტილიზებული მცენარის ტოტის ორი შავი ლაქის მოხდენილად განაწილება ქმნის. შრიფტი ორ ხაზშია ჩაწერილი, წაგრძელებული ასოები კუთხოვანი მოხაზვით სტულდება.
კონტრტიტულზე დაფნის ჰორიზონტალური ზოლი და თარიღი „150“  ტიტულთან ერთად შინაარსობრივად და მხატვრულად კრავს კომპოზიციას, იძლევა ნაწარმოების დასათაურებას და ხაზს უსვამს მის ხასიათს.
წიგნის შესავალი ნაწილის ტექსტის შმუცტიტულზე წაგრძელებული თანაბარი ასოებით მხოლოდ ავტორის გვარი და სახელია დაწერილი. მოპირდაპირე მხარეს კი მხატვარი გამოსახავს უსურათო

83

ჩარჩოს, დაფნის გვირგვინით, ქვევით პოეტის ლექსის სტროფი და ავტოგრაფია წარმოდგენილი. ეს ერთი კომპოზიცია სიმბოლურად გვიხატავს ნ. ბარათაშვილის ტრაგიკულ ბედს.
წიგნისათვის მხატვარი ქმნის სამ შმუცტიტულს, რომელთა შემადგენელი ელემენტები საერთოა: სწორი ხაზით შექმნილი ჩარჩოები, გეომეტრიული ორნამენტის ლაქები და მცენარეთა სტილიზებული მოტივები. მათგან შედარებით სხვაგვარ ხასიათს ატარებს შმუცტიტული პოემისათვის „ბედი ქართლისა“. მის სქელ, შავი ზოლით შემოსაზღვრულ ჩარჩოზე თეთრი ათინათებია დატანილი, რითაც ბებერი ხის ფაქტურა იქმნება. ჩარჩოს შიგნით გამოსახულია სამად გადატეხილი ხმალი, რომლის ორსავ მხარეს ოთხი დეკორატიული ელემენტია მოთავსებული. გადატეხილი ხმალი ავლენს პოემის შინაარსს. დამტვრეული ხმლის - „ქართლის“ - გარშემო პატარა წრეებით შემოვლებული ოთხკუთხედები აყვავებული კვირტების შთაბეჭდილებას ქმნის და თითქოსდა ნაწარმოებში გატარებული ქართლის გადარჩენის იდეას ეხმარება. თუ შევადარებთ 1945 წლისა და 1968 წლის „ბედი ქართლისას“ შმუცტიტულების გრაფიკულ სამკაულებს, დავინახავთ რომ ორივე გამოცემაში გამოიკვეთება ერთი და იგივე იდეა. პირველი გამოცემის შმუცტიტული ლირიკულ განწყობილებას შეიცავს და ამავე დროს სიმბოლურად გამოხატავს ქართლის გადარჩენის იდეას. მეორე გამოცემის შმუცტიტული კი დრამატიზმით აღსავსე ძლიერი აკორდია.
ლ. გრიგოლიას მიერ შექმნილი წიგნის გასაფორმებელი ელემენტების სახე მკვეთრად იცვლება 1968 წლის გამოცემაში. წრისა და ნაზი ოვალური მოხაზულობის დეკორის, აჟურული ორნამენტისა და მომრგვალებული შრიფტის ნაცვლად სწორხაზოვანი კონტურით შექმნილი ჩარჩოები, ლაქობრივ-გეომეტრიული ორნამენტი, სტილიზებული მცენარეული მოტივები და კუთხოვანი, წაგრძელებული, თანაბარი ზომის შრიფტია გამოყენებული.
პირველ საიუბილეო გამოცემაში მთელი წიგნის გაფორმება განზოგადებული ხასიათისა იყო და საერთო განწყობილება იქმნებოდა, მეორე წიგნში საერთო განწყობილებასთან ერთად დიდი ყურადღება აქვს დათმობილი თითოეული ლექსის ხასიათის გამოვლენას, მაგალითად, თავსართ-ბოლოსართები ლექსებისათვის: „საყურე“, „ფიქრი მტკვრის პირას“, „მერანი“, „ჩონგურს“, „ბულბული ვარდზედ“, „ვპოვე ტაძარი“ და სხვა.
თავსართის ელემენტებში მხატვარს მხოლოდ ერთხელ აქვს გამოყენებული ფერი, ლექსისათვის „ცისა ფერს“. თეთრ ფურცლებზე ჩაღვენთილ ღრუბლის ფორმის ლურჯ ფერში ღრუბლისავე ფორმის

84

შავი ლაქაა შეჭრილი, რაც ლექსის შინაარსის ხატად იკითხება. პირველი გამოცემა იმავე ლექსის პირველი სტროფების ლირიკული განწყობით იყო შთაგონებული:
„ცისა ფერს,
ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიურს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი“.

ამჟამად ლექსის დრამატული ხასიათის გახსნისათვის მხატვარი ბოლო სტროფებზე ამახვილებს ყურადღებას:

„მოვკვდები ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს,
სამარეს ჩემსა როს გარს ნისლი მოეცვას, -
იგიცა შესწიროს ციაგმან ლურჯსა ცას!“

ერთი და იგივე ლექსი, რომელიც გამოხატავს პოეტის ლირიკულ სულს და მეორე მხრივ დრამატიზმითაა სავსე, თითქოს საფუძვლად დაედო მხატვრის მიერ ამ ორი წიგნის სხვადასხვაგვარ გადაწყვეტას.
1968 წლის ნ. ბარათაშვილის გამოცემაში მხატვარი ხატოვნად აზროვნებს, ცოცხლად აღიქვამს ლექსთა განწყობას და ამით თავსართ-ბოლოსართებს ერთგვარად ილუსტრაციის ფუნქციასაც ანიჭებს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი კრებული იმ მხრივაა საინტერესო, რომ თვალნათლივ წარმოგვიდგენს თუ როგორ იცვლება მხატვრის მიდგომა წიგნის გაფორმებისადმი ორი ათეული წლის მანძილზე. ეს ორი წიგნი ქართული საბჭოთა წიგნის გრაფიკის განსხვავებულ ეტაპზეა შექმნილი. სახელდობრ პირველი გამოცემა, დეკორატიული ელემენტების სიჭარბით, შეესაბამება იმდროინდელ მოთხოვნას, რომელიც როგორც წიგნის გრაფიკაში, ასევე ხელოვნების სხვა დარგებშიც გამოვლინდა. ასევე 1968 წლის გამოცემის მკაცრი ლაკონური სახე ეფუძნება 60-იანი წლების ხელოვნებაში დამკვიდრებულ მხატვრულ პრინციპებს. ამ ორი წიგნის მხატვრობაში ნათლად აისახა ქართული საბჭოთა წიგნის გრაფიკაში მომხდარი ცვლილებები. ნიკოლოზ ბარათაშვილის მეორე გამოცემის გაფორმებაში გამოვლენილი ეს მხატვრული ძიებები, მისწრაფება ფორმების გამარტივებისაკენ, გეომეტრიული ორნამენტის გამოყენებისაკენ, შრიფტის კუთხოვანებისაკენ, 70-იანი წლების წიგნებში კიდევ უფრო მძაფრად გამოვლინდა.
70-იან წლებში ლადო გრიგოლია ქმნის მსოფლიო ლიტერატუ-

85

რის ბიბლიოთეკის ტომების გაფორმებას. ამ წიგნის გამოცემა მრავალი წლის მანძილზე უნდა გაგრძელებულიყო. ლ. გრიგოლიამ შექმნა წიგნის კომპოზიციისათვის ისეთი საერთო ელემენტები, რომლებიც ყველა ტომის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდნენ. მისი ჩანაფიქრი შემდეგნაირად ხორციელდება: წიგნის ყველა ტომს (სულ 80 ტომი) გარედან აკრავს თეთრი სუპერი, რომლის ზედა ნაწილში კუთხოვანი, თანაბარი ზომის ასოებით დაწერილია ნაწარმოების სათაური და ავტორის გვარი. სუპერის ძირითადი არე ილუსტრაციის დასაბეჭდადაა განსაზღვრული. ილუსტრაციის განაწილების ადგილი ყველა ტომისათვის ერთი და იგივეა, იგი ოდნავ გადაწეულია მარჯვნივ, თითქოს მხატვარი სთავაზობს მკითხველს წიგნის გადაშლას.
ყველა ტომის სუპერისა და წიგნის ყუაზე მოთავსებულია ერთი და იგივე დეკორატიული ელემენტი, ზედა ნაწილში დატვიფრული პატარა სტილიზებური რტო - ამ ტომების ემბლემა.

2223

ყდის კომპოზიცია ლაკონურია. ძირითადი გასაფორმებელი ელემენტია ორმაგი ჩარჩო, რომელიც სწორი ხაზებისგანაა შედგენილი, ამ ჩარჩოთი შემოსაზღვრულ არეზე, კომპოზიციის ცენტრში, ზედა ნაწილში, როგორც ბეჭედი, 80-ტომეულის ემბლემაა დაბეჭდილი.
წიგნის ტიტული და კონტრტიტული ლაკონური და მხოლოდ კუთხოვანი, ჩამოსხმული შრიფტისაგან შედგენილი უპასუხებს სუპერისა და ყდის კომპოზიციის ხასიათს.
გრაფიკული ენის აბსოლუტურ სისადავესა და სრულ დახვეწილობას მიაღწია ლადო გრიგოლიამ ბოლო წლების ნამუშევრებში. ამის მაგალითია ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის I ტომი. წიგნის ყდის ერთადერთ გასაფორმებელ ელემენტს მის ზედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს ოქროსფრით დატვირთული ენციკლოპედიის ემბლემა შეადგენს. ემბლემის მკაფიო კომპოზიცია შავ ფონზე კონტრასტულად დაბეჭდილი, ზუსტად მონახულ ადგილას მოთავსებული, ყდის დასრულებულ, მკაცრ კომპოზიციას ქმნის.

2425

ასევე მკაცრად ლაკონური და დასრულებულია ტიტულიც, კომპოზიციას ქმნის მსხვილი კონტურით, ჩამოსხმული ასოებით შესრულებული წარწერა და ტომების ციფრთა შემცველი კუთხოვანი ჩარჩო.
1976 წელს ჩატარებულ საცნობარო-ენციკლოპედიური ლიტერატურის XIII საკავშირო კონკურსზე ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის პირველი ტომი პირველი ხარისხის დიპლომით აღინიშნა.
ლ. გრიგოლიას წიგნის გრაფიკული ნამუშევრების განხილვა ცხადყოფს მისი შემოქმედების ძირითად თვისებებს. უპირველესად ეს არის უდიდესი ზომიერების გრძნობა, სტილის კლასიკური ხასიათი, რაც ვლინდება, შრიფტისა და დეკორის განაწილებისას უტყუარი

86

კომპოზიციის შეგრძნებაში. წიგნის დეკორის ხასიათი ყოველთვის წიგნის შინაარსიდან გამომდინარეობს, ყოველ კერძო შემთხვევაში მხატვარი ქმნის ერთიან, მთლიანი წიგნის ორგანიზმს, რომელშიც ყველა ელემენტი ერთმანეთს ეფარდება. მხატვარი მიმართავს შესრულების სრულიად მარტივ ტექნიკას, მისი სამუშაო ინსტრუმენტებია - ფუნჯი და კალამი, შავი ტუში ან გუაში და ქაღალდის თეთრი ან შავი ფონი. შავ ფონზე თეთრი ნახატით ან თეთრ ფონზე შავი ნახატით აღწევს ის საჭირო ეფექტს, მისი შემოქმედების საფუძველი ძველი ქართული ეროვნული ორნამენტია, მაგრამ თავისებურად გადამუშავებული და გააზრებული წმინდა გრაფიკულ ენაზე „გრიგოლიასეულ“ ენაზე ამეტყველებული. ამოუწურავია მისი ფანტაზია ქართული შრიფტის შექმნისას, იგი ზუსტად შეიგრძნობს ქართული ხელნაწერი შრიფტის ფორმებს, მის სილამაზესა და პროპორციულობას. მის მიერ შემუშავებული შრიფტები ღრმა მეცნიერულ შესწავლაზეა დამყარებული, ყოველთვის ნათლად აღსაქმელია.
ლადო გრიგოლიას აქვს განუმეორებელი ხელწერა, რომლის წყალობითაც მის მიერ გაფორმებული წიგნები ყოველთვის ნათლად გამოირჩევა სხვა მხატვრების მიერ გაფორმებული წიგნებიდან.
ლადო გრიგოლიას შემოქმედება წიგნის გრაფიკის გარდა მოიცავს გრაფიკის სხვა დარგებსაც, მან თავისი წვლილი შეიტანა ქართული ექსლიბრისის და პლაკატის ხელოვნების განვითარებაში.
ლ. გრიგოლია იყო ფართოდ განსწავლული, მრავალმხრივი ინტერესების მქონე და საოცრად თავმდაბალი პიროვნება. ის შესანიშნავი პედაგოგი იყო, ძალზე მომთხოვნი და სამართლიანი, ახალგაზრდის ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის საოცარი ალღოთი დაჯილდოებული. მან აღზარდა ქართველ გრაფიკოს მხატვართა მთელი თაობები.
ლ. გრიგოლიას შემოქმედებას დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. მის მიერ შექმნილი მაღალმხატვრული ნამუშევრები წიგნის გრაფიკული გაფორმების ეტალონს წარმოადგენს.


МАРИЯ ГАЧЕЧИЛАДЗЕ

КНИЖНАЯ ГРАФИКА ЛАДО ГРИГОЛИЯ

Резюме

Народный художник Грузии, лауреат Государственной премии им. Руставели, художник-график Владимир (Ладо) Григолия является одним из основоположников современной грузинской книжной графики, совершенствованию которой он посвятил свою деятельность на протяжении четырех десятилетий.
В развитии книжной графики художника условно можно выделить четыре периода:
Оформление книги в 30-х годах. Уже в ранних работах проявилось стремление художника, глубоко освоив национальные традиции переосмыслить их и создать современный орнамент и шрифт. С самого начала его основной задачей является отразить в элементах оформления характер данной книги (Собрание сочинений Теймураза I, 1934, „Письма“ Г. Орбелиани, 1936, „Витязь в тигровой шкуре“ Ш. Руставели, 1937 и др.).
В 40-х годах им исполнены работы, отличающиеся повышенной декоративностью, которая распространяется и на шрифт (Сочинения Н. Бараташвили, 1945, Сочинения А. Церетели, 1940).
В 50-х, 60-х годах стиль его работ постепенно приобретает строгость, уменьшается количество и значение декоративных элементов, упрощается форма шрифта (Сочинения Н. Бараташвили, 1968; Сочинения Важа-Пшавела, 1960; 100 стихотворений А. Церетели, 1960).
В 70-х годах Л. Григолия в оформлении книги достигает максимальной лаконичности линейного орнамента и шрифта („Сокровища мировой литературы“ I Кн. 1970, „Грузинская советская энциклопедия“ Т. I, 1975).
Значителен вклад художника и в другие области графики: станковой графики, искусства афиши и экслибриса.
В различных областях графики, особенно в искусстве книжного оформления проявилась яркая творческая индивидуальность художника, оставившего неповторимый след.

გამოყენებული საილუსტრაციო მასალა: ლადო გრიგოლია, დაზგური და წიგნის გრაფიკა. ქანდაკება, წიგნი I, (ორ წიგნად), თბილისი, 1989
სტატიის ბეჭდური ვერსია: ჟურნალი „ქართული ხელოვნება“ (Ars Georgica), სერია – B, N 9, 1991

ნანახია: 24095-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani