ძველი თბილისის ყოფა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების მხატვართა შემოქმედებაში | Array ბეჭდვა Array |
დალი ლებანიძე
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართულ სახვით ხელოვნებაში ძირითადი ჟანრების და დარგების ჩამოყალიბება იწყება. სწორედ ამ დროს გამოვლინდა მხატვრების ინტერესი ყოფითი ჟანრის მიმართაც. ფერმწერებისა და გრაფიკოსების ყურადღება მიიპყრო საქართველოს ეთნოგრაფიული სინამდვილის მრავალფეროვნებამ, განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ქალაქ თბილისის თავისებური ყოფა. თბილისი, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მისი სახე, თავისებური მდებარეობა და ხუროთმოძღვრების განსაკუთრებული სილამაზე, მრავალფეროვანი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, ძველთაგანვე ხიბლავდა მნახველს. ძველი თბილისის ვიწრო, ქაოტურად განლაგებული ქუჩები, სახელოსნოებით, დუქნებითა და ფარდულებით, შუა ბაზარი, სადაც ყოველთვის ჩქეფდა სიცოცხლე, მოსახლეობა სხვადასხვა იერით და კოლორიტული ჩაცმულობით იზიდავდა მოგზაურებს, განსაკუთრებით მწერლებისა და მხატვრების ყურადღებას. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების ასახავს (ნ. ფიროსმანი, ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, ელ. ახვლედიანი, გ. ზაზიაშვილი და სხვა).
ამ თემას მიუძღვნეს თავისი ნამუშევრები არა მარტო ქართველმა მხატვრებმა, არამედ თბილისში მცხოვრებმა არაქართველმა მხატვრებმაც. მათ შორის საინტერესოა თავისი ინდივიდუალობით ერთმანეთისაგან განსხვავებული სამი მხატვარი - ვანო ხოჯაბეგოვი, ოსკარ შმერლინგი და ბორის რომანოვსკი. ისინი მკვეთრად განირჩევიან ერთმანეთისაგან მხატვრული მიდგომითა და ხელწერით, მაგრამ მათ საერთო თემა - თბილისური ყოფის ასახვისადმი ინტერესი აერთიანებს. ამ მხატვრების შემოქმედებაში XX საუკუნის 10-20-იანი წლების თბილისის ცხოვრება და სპეციფიკური კოლორიტი აისახა. ვანო ხოჯაბეგოვი და ოსკარ შმერლინგი თბილისის მკვიდრნი 46 იყვნენ. ვ. ხოჯაბეგოვი, თბილისის ხელოსნების ფენიდან გამოსული, თვითნასწავლი მხატვარი იყო და მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე თბილისს არ განშორებია. ო. შმერლინგმა კი პეტერბურგისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში მიიღო განათლება და სწავლის დასრულების შემდეგ კვლავ თბილისში დაბრუნდა. თუ ვანო ხოჯაბეგოვი და ოსკარ შმერლინგი მთელი თავისი ცხოვრებით დაკავშირებული იყვნენ თბილისთან, რომელიც მათთვის მშობლიური ქალაქი იყო, რუსი მხატვარი ბორის რომანოვსკი მხოლოდ 20-იანი წლების დასაწყისში ჩამოდის თბილისში. იმ რთულ ისტორიულ პერიოდში თბილისისათვის არა ერთსა და ორ უცხოელს შეუფარებია თავი. მათ რიცხვს მიეკუთვნება ბორის რომანოვსკიც. ვანო ხოჯაბეგოვი წვრილვაჭართა და ხელოსანთა წრიდან იყო გამოსული და მთელი თავისი არსებით ამ ხალხთან იყო შესისხლხორცებული. მათი ყოველდღიური შრომა, დღესასწაულები, სიხარული და მწუხარება - აი, ის თემატიკა, რომელსაც უძღვნა მხატვარმა მთელი თავისი შემოქმედება. ვ. ხოჯაბეგოვის მიერ შესრულებულ ათობით ნახატზე იშლება ძველი თბილისის ყოფაცხოვრება. მათზე გამოსახულია: ნახშირის გამყიდველები, ყასბები, მეკურტნე რაჭველები, ყარაჩოხელები, მეთულუხჩეები და სხვა. განსაკუთრებით აინტერესებდა მხატვარს თბილისელთა ლხინისა და დროსტარების სცენები. ამ თემაზეა დახატული „ჭიდაობა“, „მუშტი-კრივი“, „მამლების ჩხუბი“, „ვერძების ჭიდილი“ და სხვა. ვ. ხოჯაბეგოვის ნაწარმოებები უმეტესწილად ოსტატურადაა შესრულებული. იგი ხატავდა ქაღალდზე მხოლოდ ფანქრით. მხატვარი ძირითადად მიმართავს კონტურულ ნახატს, შუქ-ჩრდილით ფორმის მოდელირების გარეშე. დაძაბული კონტურით იგი გამოკვეთს საგნის მოცულობას. სასურათო სიბრტყეზე ფიგურების განაწილებით იქმნება სიღრმისა და სივრცის შთაბეჭდილება. ამ ნახატების მთავარი მიმზიდველობა თხრობის გამომსახველობაშია. ვანო მათ მეხსიერებით ქმნიდა. იმახსოვრებდა თავისი გმირების ყოველ ჟესტს, მიმიკას, მოძრაობას, აფიქსირებდა ყველაზე სახასიათოს, იშორებდა შემთხვევითს, მეორეხარისხოვანსა და ქმნიდა ძველი თბილისის მცხოვრებთა განზოგადებულ სახეებს. აი რას იგონებდა ვ. ხოჯაბეგოვის შესახებ მხატვარი ჯოტო გრიგორიანი: „ვანოს ძალიან უჭირდა ნატურიდან ხატვა, მაგრამ თუ ვინმე სთხოვდა მეხსიერებით რაიმე დაეხატა, იგი იღებდა ფანქარს და ხატავდა დიდი გატაცებით და თავისუფლებით მისთვის ახლობელ სცენებს თბილისის ცხოვრებიდან“ გ. ტყეშელაშვილი, „საბჭოთა ხელოვნება“, 1957, N 1, გვ. 17. 47 კომპოზიციიც გადაწყვეტის მიხედვით ხოჯაბეგოვის ნახატები შეიძლება ორ ტიპად დავყოთ. პირველი ჯგუფის სურათებისთვის დამახასიათებელია ხედვის ახლო წერტილი. ამ სურათებში მხატვარი ძლიერ უახლოვდება თავის გმირებს, ავსებს მათი გამოსახულებებით მთელ სასურათო სიბრტყეს და ამით ანიჭებს მათ საგანგებო მნიშვნელოვნებას. სქელი კონტურით იგი შემოხაზავს ფიგურებს და გამოკვეთავს მათ სილუეტს. დეტალების აქცენტირებით აძლიერებს ნახატის გამომსახველობას. ამ ტიპის კომპოზიციებში მთელი ყურადღება ფიგურებზე ფიქსირდება. გარემო მათში მინიშნებითაც კი არაა. ვ. ხოჯაბეგოვის ყველა ნახატი წინასწარ შემუშავებული პრინციპითაა აგებული. ამ სურათებში ადამიანთა ფიგურები ნახევარწრიულად, ან სასურათო სიბრტყის პარალელურადაა განლაგებული. ეს ნახატები არ ქმნის სწრაფი ჩანახატის შთაბეჭდილებას. მხატვარი დიდხანს ფიქრობდა მეხსიერებით დაფიქსირებულ სიუჟეტზე. მეხსიერებით სურათის შექმნის მეთოდი კი აპრობირებდა მხატვრის ინტერესს განზოგადებული პლასტიკური ფორმის მიმართ, სადაც უგულველყოფილი იყო დეტალები, ხოლო მასათა კომპოზიციური განაწილება წონასწორობასა და, ხშირად, სიმეტრიაზე იყო დამყარებული. მაგალითად, სურათი „მუშტიკრივი“, სადაც წინა პლანზე დახატული მკლავებდაკაპიწებული ყარაჩოხელები კარგად გადმოსცემენ ძველი თბილისის ფალავნების ძალასა და ხასიათს. კომპოზიცია აგებულია სარკისებური სიმეტრიის პრინციპით. მოკრივეთა ფიგურები, ორივე კიდური მხრიდან, მიმართულია ცენტრისკენ, რაც ქმნის სიმყარის და დასრულებულობის შთაბეჭდილებას. სურათთა მეორე ტიპს განეკუთვნება ნამუშევრები, რომლებშიც შორი წერტილიდან დანახული მრავალფიგურიანი სცენებია წარმოდგენილი. ამ ჯგუფის ნაწარმოებებში მხატვარი ცდილობს კომპოზიცია სივრცეში თავისუფლად გაშალოს, მაგრამ ამ რთულ ამოცანას იგი თავს ვერ ართმევს. მხატვარი ანაწევრებს კომპოზიციას, ცალკეული დეტალების გამოსაკვეთად მოხმობილი ფორმათა შუქ-ჩრდილით მოდელირება აქვეითებს სურათის მთლიანობას და იგი კარგავს თხრობის ლაკონურობას. ფიგურები, ამ ტიპის სურათებში, ნაკლები ოსტატობითაა დახატული. კონტურიც, პირველ ჯგუფთან შედარებით, ნაკლებად გამომსახველია. მეორე ჯგუფის სურათებიდან ტიპიურია ნახატთა სერია თემაზე - შაჰსეი-ვაჰსეი, რომელშიც გადმოცემულია მუსულმანთა რიტუალური სვლა მუჰამედისთვის დაღუპულ პირველ წმინდანთა დატირების დღეს თ. ბერიძე, „ძველი თბილისის სურათები“, 1980, გვ. 140. ვ. ხოჯაბეგოვის ნახატების გამომსახველობა დიდადაა განპირობებული სასურათო სიბრტყეზე გამოსახულებათა რიტმული განაწილებით. ამ თვალსაზრისით სამაგალითოა ნახატი „ნახშირის გამ- 48 ყიდველი“ და „ნახშირის გაყიდვის შემდეგ“. ორივე შემთხვევაში სახედრების ფიგურები ფრიზისებურადაა განლაგებული. პირველ სურათში გამოსახული ნახშირით სავსე კალათებით დატვირთული სახედრების მოძრაობის მონოტონური რიტმი, მძიმე, ერთფეროვანი შრომით გამოწვეული, სევდიან განწყობილებას ქმნის. სურათის ჰორიზონტალური ფორმატის მკვეთრი დაპირისპირება დატვირთულ სახედართა გამოსახულებებთან განსაზღვრავს აღნიშნული ნახატის ხასიათს. მეორე ნაწარმოებში მოძრაობის მონოტონურობას ტვირთისგან განთავისუფლებული სახედრების თავშეუკავებელი რბოლა ცვლის. მხატვარი რიტმულად განლაგებული ცარიელი გოდრების ვერტიკალებით აწესრიგებს მათი მოძრაობის ჰორიზონტალურ მიმართულებას. ვ. ხოჯაბეგოვი დაინტერესებული იყო გარემოს, პეიზაჟის გადმოცემის პრობლემითაც. რამდენიმე ნახატში იგი სწორედ აგებს პერსპექტივს და ოსტატურად განალაგებს ფიგურებს სივრცეში. ამ სურათში, მსუბუქი ხაზის საშუალებით, მხატვარი მეორე პლანს ჰაეროვნებას ანიჭებს. იგი გულდასმით ხატავს გარემოს, მაგრამ პეიზაჟის გადმოცემის დროს ვერ ახერხებს მისი ხასიათის გადმოცემას მაშინ, როცა წინა პლანზე მოქმედი ადამიანის ფიგურები ყოველთვის პლასტიკურად მეტყველი და გამომსახველია. ამ სურათზე შეიმჩნევა პირველადი ნახატის კვალი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ირჩევდა ძიების პროცესში მხატვარი მთავარს. პატარა, მსუბუქი შტრიხებით იგი ცდილობდა მიეკვლია ფიგურების დამაჯერებელი მოძრაობისათვის. შემდეგ დამხმარე ხაზებს შლიდა და მხოლოდ გარშემომწერ ხაზებს ტოვებდა. ნახატს სქელი კონტურით ასრულებდა, რომლითაც გამოსახულებათა ნაპოვნი მოძრაობა იყო ხაზგასმული. ვ. ხოჯაბეგოვი აქტიური, დამკვირვებელი მხატვარი იყო. იგი აფიქსირებდა მოვლენის ყოველ ცალკეულ მნიშვნელოვან მომენტს. ერთი ამბის მოყოლის დროს იგი ხშირად რამდენიმე ვარიანტს ხატავდა, თითქოს კინოკადრებს ქმნიდა. მაგალითად, სურათებში - „ვერძების ჭიდილი“, „ქართული ჭიდაობა“, მხატვარმა აღბეჭდა მოქმედების სხვადასხვა ეტაპი: ბრძოლის დასაწყისი, შერკინება და ფინალი. მხატვარი ხანდახან ერთი და იგივე სცენას იმეორებდა, სადაც ოდნავი კორექტივებით ბევრს ცვლიდა. ასეთია ერთ თემაზე შექმნილი ორი ნახატი: „ქელეხის შემდეგ“. პირველ სურათზე, ფრიზისებრ განლაგებულ მოხუც ხელოსანთა ფიგურებში გადმოცემულია ყოველი მათგანის ხასიათი, მაგრამ ავტორი ამით არ კმაყოფილდება და იმეორებს რა იგივე კომპოზიციას, 4. ქართული ხელოვნება, 9 49 უკანა პლანზე კიდევ ორ ფიგურას უმატებს, რითაც ამძაფრებს მოძრაობის რიტმს. ამავე დროს, იგი ადიდებს ფიგურათა საერთო ზომებს, ავსებს მათი გამოსახულებით მთელ სასურათო სიბრტყეს, ამსხვილებს კონტურს და აძლიერებს გმირების გროტესკულ ხასიათს. ამ ნაწარმოებში ვ. ხოჯაბეგოვი იძლევა ძველი თბილისის ხელოსანთა ტიპიური სახეს. მხატვარი მწვავედ გრძნობდა ძველი თბილისის საზოგადოების მკვეთრ სოციალურ დიფერენციაციას და უბრალო ხალხის მიმართ თანაგრძნობას თავის ნახატებში გამოხატავდა. ასეთია სურათები: „ყასაბთან“, „აღდგომისწინა ბაზარი“, „კინტო ომამდე და იმის შემდეგ“ და სხვა. ვანო ხოჯაბეგოვი უაღრესად ნიჭიერი მხატვარი იყო. იგი საზრდოობდა კონკრეტული ყოფითი მოტივებით, და აღწევდა მათში გარკვეულ განზოგადებას, სახეთა ტიპიზირებას. წუთით შეჩერებული ჟანრული სცენები, მხატვრის შემოქმედებითი ალღოს წყალობით თბილისის ყოფის დამახასიათებელ კრებით სახედ იქცევა, სადაც ყურადღება მთავარზეა გამახვილებული. სხვაგვარად შეიგრძნობდა თბილისის ყოფას მხატვარი ოსკარ შმერლინგი. მისთვის თბილისი ეთნოგრაფიული მრავალფეროვნებით მდიდარ გარემოს წარმოადგენდა. ო. შმერლინგი სიცოცხლის მოყვარე, უშრეტი იუმორის მქონე მხატვარი გრაფიკოსი იყო. იგი თანაბარი ინტერესით მუშაობდა, როგორც პოლიტიკური კარიკატურის თ. ბერიძე, „ძველი თბილისის სურათები“, 1980, გვ. 120. , ასევე ყოფით ჟანრში. 1910-იან წლებში თბილისში გამოიცა ო. შმერლინგის მიერ შესრულებული ღია ბარათების კრებული „წარმავალი ტფილისი“, ამ ღია ბარათების პოპულარობა ძალზე დიდი იყო. საილუსტრაციო მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინო ჭოღოშვილს კრებული რამდენჯერმე განმეორებით გამოიცა. ბოლო, 1983 წლის გამოცემას წამძღვარებული აქვს ო. შმერლინგის სიტყვები: „დაე ქართველი ერის ცხოვრება მუდამ იყოს მხიარული, ბედნიერი და ყველა ქართველმა იცინოს იმაზე, რაც სასაცილოა. ვიყოთ, მხიარულნი და ვიცინოთ“ „ძველი თბილისი“, ფერადი ღია ბარათების კომპლექტი, ავტორი შემდგენელი ლ. ბუზუკაშვილი, თბ., 1983. ამ სიტყვებით მხატვარმა სრულად გამოხატა თავისი შემოქმედების ძირითადი ხასიათი. ოსკარ შმერლინგი „ძველი თბილისის სურათები“, კომპლექტში შესულ ყოველ სურათში მხატვარი თბილისური ცხოვრების ამსახველ მხიარულ ამბავს მოგვითხრობს. აქ მას ეხმარება კარიკატურისტის მახვილი თვალი. იგი ცდილობს მონახოს თბილისის მკვიდრთა ყველაზე გამომსახველი სახეები. ძირითადად მას იზიდავს საზოგადოების დაბალი ფენიდან გამოსული ადამიანები. მხატვარი მათში საინტერესო პორტრეტებს ეძებს. ო. შმერლინგი თანაბარ ყურადღებას აქცევდა, როგორც გარეგნობას, ასევე მათ შინაგან განწყობილებას. მხატვრის მიერ ასახული ქალაქური სცენები დროის
50 დინების განცდითაა შესრულებული. მაყურებელი ყოველთვის შეიგრძნობს ასახული სცენის, მასში მოქმედი ადამიანების დიალოგის ხასიათსა და მოძრაობის ცვალებადობას. სურათები შესრულებულია გუაშით და აკვარელით. კომპოზიციის აგების თვალსაზრისით ისინი ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. პირველი ჯგუფის ნახატებში ორ-სამფიგურიანი კომპოზიციებია, რომლებიც ავსებენ სასურათო სიბრტყეს. ფიგურები მოცემულია ნეიტრალურ ფონზე და ასახული სცენის მთელი სიუჟეტი და გამომსახველი ძალა ამ ფიგურებითაა გადმოცემული. სადა, ნეიტრალურ ფონზე კარგად იკითხება კონტრასტული ფერებით შესრულებული ადამიანების ჩაცმულობა, სადაც აქცენტი ნახატზეა გადატანილი. ნახატი მკაფიოა, სქელი კონტურის ხაზი ფორმას შემოსაზღვრავს, ავლენს მათ სახასიათო მოძრაობასა და სილუეტს. ფერს ამ სურათებში დაქვემდებარებული მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანთა გარეგნობაში მხატვარი ცალკეულ დეტალებს აზვიადებს, რაც მათ კარიკატურულ ჟღერადობას ანიჭებს. ო. შმერლინგი მოქალაქეთა სიცოცხლით სავსე სახეებს ქმნის. ასეთებია სურათები: „შეზარხოშებულნი“, „მეწვრილმანე“, „კინტო თაბახით“, „მეჯღანე“ და სხვა. მეორე ჯგუფის სურათები შესრულებულია აკვარელით. ეს მრავალფიგურიანი კომპოზიციებია. ასახული სცენები თავისუფლად იშლება სივრცეში. მხატვარი დიდ ყურადღებას აქცევს გარემოს, დეტალურად ხატავს ქალაქის პეიზაჟს, ან ოთახის ინტერიერს. ეს სურათები გამოირჩევა ფაქიზი ფერწერითა და აკვარელის გამჭვირვალების, მისი ფერადოვანი შესაძლებლობის ფართო გამოყენებით. მხატვარი გატაცებულია უამრავი წვრილმანით. მას სურს არაფერი გამორჩეს, ზედმიწევით გულდასმით აღწერს გარემოს, რომელშიც მოქმედებენ ადამიანები. დეტალების სიმრავლემ გადატვირთა სურათები. მრავალრიცხოვანი ფიგურები კარგავენ იმ გამომსახველობას, რომელიც ახასიათებდა ორ-სამ ფიგურიან კომპოზიციებს. თბილისის პეიზაჟებიც უღიმღამოა. თბილისური ხუროთმოძღვრების მიმზიდველობა არ იგრძნობა. 1920-იანი წლების ბოლოსთვის მხატვარი მრავალ ამგვარ აკვარელს ქმნის („დილიჟანსის გაცილება“, „სასფლაოზე“, „ბაზარი“ და სხვა). ოსკარ შმერლინგი, რეალისტი მხატვარია, რომლის საუკეთესო ნახატებში მისი იუმორის გრძნობა და კარიკატურისათვის კანონზომიერი თხრობის სიმძაფრე ვლინდება. მხატვარს ყოველთვის სურდა ობიექტურად აღექვა და დაეფიქსირებინა თბილისის მკვიდრთა გარკვეული სოციალური წრის წარმომადგენლობის თავისებური, ტიპიური სახეები, მაგრამ მაინც, იგი 51 ყოველთვის შორიდან დამკვირვებლის პოზიციიდან აღიქვამდა თბილისის ცხოვრებას. შორიდან დამკვირვებლის თვალი, „ეგზოტიკური“ გარემოს მიმართ ინტერესი ო. შმერლინგის შემოქმედებასთან აახლოებს მხატვარ ბორის რომანოვსკის, რომლის შემოქმედება დღემდე თითქმის უცნობ მასალას წარმოადგენდა მ. რომანოვსკი მოხსენებულია ვ. ბერიძის შესავალ წერილში, „ძველი თბილისი“, 1984, გვ. 3. 1927-30 წელში ბ. რომანოვსკიმ შეასრულა გრაფიკული სერია „ძველი თბილისი“, სავარაუდოა, რომ ეს ციკლი მხატვარმა კომუნალური მუზეუმის დაკვეთით დახატა. მხატვრის ყურადღება, ვ. ხოჯაბეგოვის და ო. შმერლინგის მსგავსად, თბილისის დაბალი ფენების ცხოვრებამ მიიპყრო. კინტოების, ყარაჩოხელების, სხვადასხვა ხელოსნების საქმიანობა, მათი ცხოვრების წეს-ჩვეულებანი გადმოგვცა ბ. რომანოვსკიმ თავის ნახატებში. სერია შესრულებულია ტუშით, კალმით და აკვარელით. სურათების მაჟორული ფერადოვნება, ნახატის მკაფიოება და მთხრობელის მახვილი ხედვა იმთავითვე იზიდავს მაყურებელს, სერიის ფურცლებზე დიდი მრავალფეროვნებით აისახა თბილისის ყოფის სხვადასხვა ეპიზოდი. მხატვარი უდავოდ ბევრს აკვირდებოდა ხალხის ზნე-ჩვეულებებს, ქალაქის ქუჩებს, ლანდშაფტს, მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტიპაჟს, ხალხის ჩაცმულობასა და ეროვნულ თავისებურებებს. ბ. რომანოვსკის აღნიშნულ ციკლში ლადო გუდიაშვილის შემოქმედების გამოძახილი შეიმჩნევა. ეს მჟღავნდება როგორც თემატიკაში, ასევე სახვითი ენის ერთგვარ მსგავსებაშიც. საფიქრალია, რომ ბ. რომანოვსკი 1926 წელს თბილისში ლ. გუდიაშვილის პერსონალურ გამოფენას გაეცნო. ლ. გუდიაშვილი, მისი შემოქმედების განუმეორებლობა და, განსაკუთრებით, თბილისის ბოჰემისადმი მიძღვნილი მისი სურათები, უცხოეთიდან ჩამოსულ მხატვარს გულგრილს ვერ დატოვებდა. ჯერ კიდევ პარიზში ცხოვრების დროს ბ. რომანოვსკი XX ს-ის 10-ან წლებში პარიზში ცხოვრობდა, სადაც 1905 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურსში და დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით . ბ. რომანივსკის ეთნოგრაფიული და ნაციონალური თვისებების გამომხატველი ხელოვნება იტაცებდა. პარიზში იგი რუსული ყოფის ამსახველ სურათებს ქმნიდა მხატვრის ნათესავების ოჯახში ამ სურათების რამდენიმე ფოტო ინახება . ეს სურათები მოწმობს, რომ ბ. რომანოვსკი რუსული რეალისტური სკოლის ტრადიციებზე იყო აღზრდილი. უდაოა ისიც, რომ პარიზში მცხოვრები მხატვრისთვის პარიზული სკოლის მიმდინარეობისთვის ჩვეული პლასტიკური ფორმის დეფორმაცია, ფერწერის დეკორატიულ-სიბრტყობრივი მანერა, კარგად ნაცნობ მხატვრულ ხერხებს წარმოადგენდა. საილუსტრაციო მასალა გადმოღებულია წიგნიდან: ჰენრიეტა იუსტინსკაია. პოლონელი მხატვრები საქართველოში. თბ., 2006, ილ. 41, 43, 44, 45, 46, 47, 54, 56; გრაფიკულ ციკლში „ძველი თბილისი“ ბ. რომანოვსკი ცვლის ხატვის რეალისტურ მანერას და მიმართავს გროტესკს, ფორმის გაზვიადებას და მის ხაზგასმულ დეფორმაციას. იგი დიდ ყურადღებას აქცევს კინტოების და ყარაჩოხელების მოძრაობის პლასტიკას. ეს ის
52 თვისებებია, რომლებიც ბ. რომანოვსკის შემოქმედებას ლ. გუდიაშვილის მხატვრულ ხედვასთან აახლოევებენ. ეს სიახლოვე ბ. რომანოვსკის ნახატებისა ლ. გუდიაშვილთან უფრო გარეგნულია და სახვითი ენის მსგავსებით შემოიფარგლება, ხოლო მათი მხატვრული პოზიცია მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ლ. გუდიაშვილის გმირები მხატვრის ფანტაზიით შექმნილ გარემოში არსებობენ. ამ სურათებში ძველი თბილისის წარმავალი ცხოვრების მიმართ სევდაა გამოხატული. ლ. გუდიაშვილი კინტოების, ყარაჩოხელების და ქალების სახეების შექმნის დროს იყენებს დეფორმაციას, მოძრაობის გაზვიადებულ პლასტიკას, ეს სახვითი ხერხები მხატვარს სახეთა სულიერი სიმარტოვის და ტრაგიზმის გადმოცემაში ეხმარება. ბ. რომანოვსკი ლ. გუდიაშვილისაგან განსხვავებით, თბილისის ყოველი კუთხე-კუნჭულის ობიექტურად ფიქსირებას ცდილობს. მისთვის ამა თუ იმ სცენის დამაჯერებელი გარეგნული ასახვაა მნიშვნელოვანი. მხატვარი განსაკუთრებული სიყვარულით გადმოგვცემს ყოფით დეტალებს, გულისყურით აფიქსირებს არქიტექტურას, ცდილობს ზუსტად დაახასიათოს გარემო. მას იტაცებს თბილისის ვიწრო ქუჩები, პატარ-პატარა უსისტემოდ ნაშენი სახლები და ხის აივნების ათასგვარი მოხაზულობა. მხატვარი თითქმის ერთნაირი ყურადღებით გადმოგვცემს როგორც ადამიანთა საქმიანობას, ასევე მათი მოქმედების გარემოს. ბ. რომანოვსკის არც ლ. გუდიაშვილის ნამუშევართა მონუმენტური მასშტაბურობა გააჩნია. ბ. რომანოვსკის მცირე ზომის სურათები კამერული ჟანრული ხასიათისაა. მხატვარი ყველა საგანს ფორმის შემომსაზღვრელი კონტურით გამოჰკვეთს, რაც გამოსახულებებს სიბრტყესთან აახლოვებს და მათ დეკორაციულ ხასიათს ანიჭებს. ამ დეკორაციულობის შეგრძნობას სურათთა ფერადოვნებაც ეთანხმება. ფერების კომპოზიცია სურათების საერთო ტონალობის ერთიანობაზე და მკვეთრ ლაქათა აქცენტებზეა აგებული. მხატვარი დასრულებულ ნახატებს ყვითელი, გამჭვირვალე ლაქით ფარავდა, რაც მათ ფერადოვან ერთიანობას უწყობდა ხელს. გრაფიკული ციკლის ყოველ სურათში ბ. რომანოვსკი კადრის შერჩევის განსაკუთრებულ ხერხს მიმართავდა. იგი უეცრად კვეთდა კომპოზიციის ცალკეულ დეტალს და ამით აძლიერებდა შეჩერებული მომენტის შთაბეჭდილებას. ასეთია ციკლის ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელი „მრეცხავი ქურთი ქალები“. კომპოზიცია ქვედა ხედვის წერტილიდანაა აგებული, რაც მხატვარს საშუალებას აძლევს გამოსახულ სცენას განსაკუთრებული დინამიკურობა, ემოციურობა და დაძაბულობა მიანიჭოს. შთაბეჭდილებას ამძაფრებს პირველ პლანზე, მაყურებელთან სულ ახლოს მოწეული, მრეცხავი ქალების გამოსახუ- 53 ლება. მათი სახეები გროტესკულია, ნაციონალური კოსტიუმების ფერადოვნება, პირქუშ და ტონალურად ნეიტრალურ კლდოვან ფონთან შეხამებით, კონტრასტულია. ძირითადი აქცენტი ბ. რომანოვსკის გრაფიკულ ნამუშევრებში გადატანილი აქვს ხაზის გამომსახველობაზე. ისე როგორც ვ. ხოჯაბეგოვთან და ო. შმერლინგთან მისი ნახატი გამოკვეთრებულია შავი კონტურით, მაგრამ ამ მხატვართან განსხვავებით, ბ. რომანოვსკი სურათს ხაზოვანი რიტმით უფრო ტვირთავს. მის სურათებში ხაზს მეტი დეკორატიულობის და ფაქტურული მრავალფეროვნების გადმოცემის ძალა აქვს. ხაზით იგი ხან ქვაფენილის დაქუცმაცებულ ზედაპირს ააქცენტირებს, რათა მასზე მკვეთრად გამოირჩეს ფიგურები („ინდაურების გამყიდველი“), ხან დუქნებსა და სახელოსნოებში ურიცხვ წვრილმან საგანს გამოჰკვეთს, რათა უკეთ გადმოგვცეს მათი გადატვირთული ინტერიერები, ხოლო იქ მოფუსფუსე ადამიანები, განუყოფელი ხდებიან ამ საგნებისაგან („მეწაღის სახელოსნო“, „ხილის დუქანი“ და სხვა). ლოკალური ფერის გამოყენების მხრივაც ბ. რომანოვსკი განსხვავდება ო. შმერლინგისაგან. თუ კი ო. შმერლინგთან ფერი ნეიტრალურია, იგი მხოლოდ ავსებს ნახატებს, ბ. რომანოვცკისთან ფერს ემოციური დატვირთვა აქვს და იგი სურათის დეკორატიული ჟღერადობის გადამწყვეტი ნაწილია. ბორის რომანოვსკის მიერ შესრულებული გრაფიკული ციკლი „ძველი თბილისი“ მაღალი მხატვრული დონით გამოირჩევა. იგი ბევრი ნიშნით ეხმიანება ვ. ხოჯაბეგოვისა და ო. შმერლინგის ნაწარმოებებს. ეს თანხვედრა უპირველეს ყოვლისა საერთო თემატიკაში მჟღავნდება. სამივე მხატვარს თბილისის ბოჰემა, მისი დაბალი მრავალფეროვანი სოციალური ფენა და ძველი აზიური უბნები აინტერესებს. სწორედ ქალაქის ამ ნაწილში ხედავდნენ ისინი შთაგონების წყაროს და თბილისისათვის დამახასიათებელი ცხოვრების ყაიდას. მათ ბევრი აქვთ საერთო სახვითი ენის მხრივაც. სამივე ოსტატისთვის უმთავრესი ხაზია, მისი გამომსახველობა და პლასტიკურობა. სამივე მხატვარი მიისწრაფის ტიპიურისაკენ, მაგრამ ვ. ხოჯაბეგოვისთვის ტიპიური მისი ახლობელი უბრალო ხალხის წრიდან გამოსული იდილიზირებული გმირია, ო. შმერლინგი ყოველთვის შორიდან აკვირდება თბილისის დაბალ ფენას და კარიკატურული ელემენტების გაძლიერებით თბილისელი მოქალაქეების ტიპებს ქმნის. ბორის რომანოვსკისთვის კი, არსებობდა გარკვეული, ეგზოტიკური თბილისის პერსონაჟები, რომლებიც მის ნახატებში უფრო მეტად მოძრაობის პლასტიკით, ატრიბუტების გამოვლენით და ფორმათა დეფორმაციითაა გადმოცემული. ვ. ხოჯაბეგოვის, ო. შმერლინგის და ბ. რომანოვსკის ნაწარმო- 54 ებები XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქართული სახვითი ხელოვნების, ყოფითი ჟანრის ჩამოყალიბების რთულ პროცესში გარკვეულ როლს თამაშობდნენ. ამ მხატვართა შემოქმედებითი ძიებები თანხვდება იმდროინდელი ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების პროცესს და ჩვენი ეროვნული კულტურის ნაწილს წარმოადგენს. ДАЛИ ЛЕБАНИДЗЕ БЫТ СТАРОГО ТБИЛИСИ В ТВОРЧЕСТВЕ ХУДОЖНИКОВ ДРУГИХ НАЦИОНАЛЬНОСТЕЙ, ПРОЖИВАВШИХ В ГРУЗИИ Резюме Тема быта старого Тбилиси одна из самых интересных и содержательных в грузинском изобразительном искусстве. Помимо грузинских художников она привлекала и художников многих национальностей. В данной работе рассматриваются творчество художников В. Ходжабекова, О. Шмерлинга и Б. Романовского, посвятивших этой теме серии графических работ. Для художника-самоучки В. Ходжабекова быт старого Тбилиси был частью его жизни в то время, как высокорафинированного профессионала О. Шмерлинга, окончившего Петербургскую и Мюнхенскую академии, привлекла этнографическая сторона города. Художник Б. Романовский раскрывает быт через декоративно-стилизованные формы, в которых он опирается на творчество Л. Гудиашвили. Творчество рассмотренных художников вносит свою лепту в общее русло развития грузинского искусства. გამოყენებული საილუსტრაციო მასალა: ჰენრიეტა იუსტინსკაია, პოლონელი მხატვრები საქართველოში, თბილისი, 2006
სტატიის ბეჭდური ვერსია: ჟურნალი „ქართული ხელოვნება“, სერია – B, N 9, 1991 |