Georgian (Georgia)English (United Kingdom)
„მცირე გაერთიანებები“ პოსტსაბჭოთა მხატვრულ სივრცეში - „დაშლის პროდუქტი“ თუ „ახალი მთლიანობა“ Array ბეჭდვა Array

ნინა გეტაშვილი
რუსეთის ფერწერის, მქანდაკებლობისა და ხუროთმოძღვრების აკადემია (რუსეთი)

უახლესი წარსულის ყველაზე დიდმა სახელმწიფომ - საბჭოთა კავშირმა ოცი წლის წინათ მსოფლიო რუკაზე არსებობა შეწყვიტა. მას სხვანაირადაც მოიხსენიებდნენ  - სსრკ, რაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს ნიშნავს. 
ღირს მათი ჩამოთვლა, ვინაიდან დღეს ისინი დამოუკიდებელი და არც თუ მცირე სახელმწიფოებია, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკაზე თანდათან ახდენენ ზეგავლენას. ბალტიისპირა რეგიონი - ლატვია, ლიტვა, ესტონეთი; სამხრეთ-დასავლეთის რეგიონი - უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა; კავკასია - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი; შუა აზია - უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და იქვე - ყაზახეთი. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ თავის დროზე, საბჭოთა კავშირი, ფაქტობრივად, რუსეთის იმპერიის მემკვიდრედ მოგვევლინა, ჩამოთვლილი საბჭოთა ხალხები-რესპუბლიკები კი XXს.-ის დასაწყისში მის შემადგენლობაში შედიოდნენ - შესაბამისად, მათ უკვე ჰქონდათ თანაარსებობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.
საბჭოთა კავშირში შემავალი  „მოძმე რესპუბლიკები“ გარკვეული ავტონომიის მიუხედავად, მოკლებული იყვნენ აბსოლუტურ სუვერენიტეტს და მხოლოდ ერთიანი „იმპერიის“ ფრაგმენტებს წარმოადგენდნენ. ყველა მათი წარმომადგენელი, საზღვარგარეთ, „რუსად“ აღიქმებოდა. ეროვნული დიფინიცია ძალიან იშვიათად თუ იყო გათვალისწინებული.  ამასთანავე, ეთნიკურ წარმომადგენლობათა სიუხვეს და მრავალფეროვნებას (თუმცა, მათი რაოდენობა, მეფის რუსეთთან შედარებითაც კი, მკვეთრად მცირდებოდა ასიმილაციის  პროცესში) საერთო საბჭოურ სახლში ნაციონალურ კულტურულ ეგზისტენციათა თანასწორობის შთაბეჭდილება უნდა შეექმნა. მაგრამ, ვითარება, რეალურად, ცხადჰყოფდა, რომ ეროვნული თვითგამოხატვის განსხვავებული თავისებურებების თუ საკუთარი კონცეპტუალური ინტენციების მქონე მხატვრების არსებობის მიუხედავად, მხატვრული ცხოვრება კავშირის შემადგენლობაში მყოფ ყველა რესპუბლიკაში ერთგვაროვანი და ერთნაირი იყო, რადგან მას „ზევიდან დაშვებული“ ცენტრალიზებული იდეოლოგიური ხაზი და ცალსახად მოსკოვზე ორიენტირებული  ინსტიტუციები (კულტურის სამინისტრო, მხატვართა კავშირი, მხატვართა ფონდები შემოქმედებითი, სახელოსნოები და ა.შ.) განსაზღვრავდა. გარდა ამისა,  სწორედ  მოსკოვზე და მხოლოდ და მხოლოდ მასზე გადიოდა „დიდი სამყაროსკენ“ მიმავალი გზაც.
ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდშიც სიტუაცია თვისობრივად თითქმის არ შეცვლილა. ყველასათვის საერთო, იდეოლოგიურად  განმტკიცებულ  „რეალიზმს“ დაემატა „contemporary art“-ის ცალკეული გამოვლენები და იატაკვეშიდან გამოვიდა ანდეგრაუნდი, რომელიც, ფაქტობრივად, ევროპული მოდერნიზმის მხოლოდ მოკრძალებული გამოხმაურება თუ იყო.
მსგავსი ისტორიული ვითარება, საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობისათვის, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე ბელოვეჟსკის შეთანხმების ხელისმოწერისთანავე შეიცვალა. „მოძმე ხალხებს“ავტორი ბრჭყალებს ხმარობს არა ირონიის, არამედ საბჭოთა პერიოდში იდეოლოგიური რიტორიკისთვის ჩვეული იდიომების ციტირების მიზნითშორის თვითგამორკვევის და „დიდი ძმისგან“ თავის დაღწევის არაეთი მცდელობის მიუხედავად (ზოგჯერ ამას სისხლიანი კონფლიქტების სახეც ჰქონდა: თბილისი, ვილნიუსი და ა.შ.), ამგვარი, მოულოდნელად მოპოვებული დამოუკიდებლობა შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, ჩვეული კავშირების მოშლის პროცესი კი ძალიან სწრაფად წარიმართა. რა თქმა უნდა, მსგავს ვითარებაში, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, მატერიალური თვალსაზრისით ყველაზე ტრამვირებული კულტურა აღმოჩნდა (ზემოთქმულის საილუსტრაციოდ  ერთ-ერთ, თუმც, ირიბ მაგალითს წარმოადგენს ის, რომ ვენეციის ბიენალეზე საბჭოთა კავშირის პავილიონი რუსეთს დარჩა). საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე გადასვლამ ძლიერი კრიზისი გამოიწვია, რასაც სოციალური დაცვის და ფინანსური ბაზრის მოშლა მოჰყვა. მხატვები უეცრად აღმოჩნდნენ ახალი სოციალური თუ შემოქმედებითი ფაქტორების პირისპირ.
მსგავსი მოვლენებისადმი ადაპტაციის პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებული (ამასთან, ადაპტაციასთან დაკავშირებული კრიზისიც სხვადასხვა რესპუბლიკაში განსხვავებულად მიმდინარეობს).  თუმცა, დღეს, ოცი წლის შემდგომ, ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ, რომ გავაანალიზოთ ის შედეგები, რაც თავისუფლების მოპოვებას მოჰყვა.
საინტერესოა, თვალი გავადევნოთ  სხვადასხვა მხატვრული გაერთიანების დაჯგუფების მოღვაწეობას პოსტსაბჭოთაგანსაზღვრება - „პოსტკოლონიალური“, ყოფილ საბჭოთა კავშირთან მიმართებით, საჭიროა იხმარებოდეს, სერიოზული შენიშვნა-შესწორებებით, რადგან მეტროპოლიას წარმოადგენდა არა რუსეთი მთლიანად, არამედ მხოლოდ მოსკოვიპერიოდში. სიტუაციური ანალიზი ავლენს მათი შემდგომი განვითარების არათანაბარზომიერებას, სტერეოტიპებისა და ცრურწმენების მსგავსებასა და განსხვავებას, მითოლოგიის ცვლილებას, მხატვრული ინსტიტუტების, სასწავლო პროგრამების, კრიტიკული რეფლექსიებისა და ესთეტიკური მიდრეკილებების ცვლას, ახალ ეთიკურ ორიენტირებს, ინტერნაციონალურ პროექტებში მათ, როგორც ეროვნული წარმომადგენლების სახით მონაწილეობას, ასევე, იმ შთანმთქმელ კონტექსტში წარდგენას, რომელიც ეროვნული თავისებურებების ნიველირებას ახდენს. აქვე საჭიროა აღინიშნოს გლობალიზიაციის პროცესში მონაწილეობა (და უპირველეს ყოვლისა, გამომსახველობითი საშუალებების უნივერსალურ ნიშანთა ძიება), კულტურულ-ნაციონალური იდენტობის სტრატეგია, ხელოვნებაზე რელიგიური გავლენების უეცარი აფეთქებების ტალღა და მასკულტურის მასირებული შემოტევები; ასევე, არაერთი სხვა მოვლენა, რამაც თავი იჩინა ახალი, „მცირე“ მხატვრული გაერთიანებების ფორმირებისას.
რაში მდგომარეობს განხორციელებული ცვლილების არსი, როგორც მოვლენისმიერი, ასევე ფსიქოლოგიური - აღარ არსებობს „ცენტრის“ ხელმძღვანელი ხელი თუ საორგანიზაციო ხარჯების სიმცირის გამო, რაც რეგიონალურ სივრცეში ხელოვნების გადარჩენისთვის ყოველდღიურ ბრძოლას ესაჭიროება, საკუთარი თავის გარდა, ახლა უკვე ვეღარავის დაადანაშაულებ?  (ამუშავდა ფსიქოლოგიური დაცვის გავრცელებული მექნიზმი: ფესვგადგმული რუსოფობია და ნებისმიერი შიდა პრობლემა (სტიქიური უბედურებების ჩათვლით) შეიძლება „ახლო მეზობლის“  ხრიკებს მიეწეროს.  არც თუ შორსმჭვრეტელური პოლიტიკა კი, ამ ყოველივეს კიდევ უფრო ამძაფრებს.
გავამახვილოთ ყურადღება ორ რეალიაზე,  რომლებმაც ერთიანი  სახელმწიფოს დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე იჩინა თავი და რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია: 1. საგალერეო მოძრაობისა და დილერობის ჩასახვა, ხელოვნების კომერციალიზაციისა და პოტენციური არტ-ბაზრის ნიშნების გაჩენა 2. „რუსული ხელოვნების“ ირგვლივ დასავლეთში აგორებული ბუმი. ბუნებრივია, „სისტემაში“ ჩართულნი იყვნენ მხატვრები რესპუბლიკებიდან.  ეს ინტერესი 1990-იანი წლების შუა პერიოდში   კლებულობს. რუსეთი უკვე აღარ  წარმოადგენს სიახლეს და, ამასთანავე, ანტისაბჭოთა დისკურსის მხარდაჭერის აუცილებლობაც  ქრება. თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში, თავად მხატვრები, ინერციის ტალღით, მათზე ილუზორულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ეიფორიაში იმყოფებოდნენ.
ნიშანდობლივი ფაქტია: საბჭოთა, კერძოდ, დედაქალაქის, მოსკოვის მხატვრული კრიტიკის და ხელოვნებათმცოდნეების რეგიონების ხელოვნებაზე ინტენსიური რეფლექსიის მიუხედავად (მას-მედია, წიგნები, სპეციალიზირებული ჟურნალები, დისკუსიები და ა.შ.) იმპერიის დაშლის შემდეგ, 20 წლის განმავლობაში, არ გამოჩენილა არც ერთი სერიოზული ნაშრომი, რომელიც ამ ასპექტით შეაფასებდა სიტუაცის.  სახეზეა ყოფილი, სახელმწიფოებრივად აქტუალური თემატიკისაგან ფსიქოლოგიური დისტანცირების ტენდენცია. და მაინც, აშკარაა დაახლოების სურვილი, რაც დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ეს ინიციატივა მხატვრებს ეკუთვნის. ჩვენ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ამის მთავარ მიზეზად დავასახელებდით მათ სწრაფვას, უწინარეს ყოვლისა, შეუერთდნენ კომერციულ ნაკადებს თუმცა უდაოდ დიდია პირადი ურთიერთობების აღდგენის სურვილიც. 
სტაბილური ჩინოვნიკური ინტერესები მხატვართა მეინსტრიმში მოხვედრის სურვილს დაემთხვა . უკვე 1992 წელს მოსკოვში დაფუძნდა „მხატვართა კავშირის საერთაშორისო კონფედერაცია“, რომელმაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მხატვართა კავშირები გააერთიანა. თავისი არსებობის პირველ წლებში ეს უფრო ვირტუალური ორგანიზაცია იყო, რომლის შიგნითაც საკუთრების გადანაწილების უხილავი პროცესი მიმდინარეობდა.  1998 წლიდან, როდესაც ფუნქციონირებას იწყებს მოსკოვის საერთაშორისო სალონი და მოსკოვის მხატვრის სახლში სხვადასხვა რესპუბლიკის წარმომადგენლებს უფასო საგამოფენო სივრცეს სთავაზობს, ფაქტობრივად  შემოჰყავს რა მხატვრები მათთვის, შესაძლოა,  არც თუ ხელსაყრელ, მაგრამ ადგილობრივზე უფრო მასშტაბურ საბაზრო სივრცეში, კონფედერაციის პოპულარობა თანდათან მატულობს. კონფედერაციის არსებობის საიუბილეო, მეათე წლის თავზე  გაიჟღერა  თეზისმა, რომელიც ცოტათი ადრე „აგრესიულ-დამპყრობლურად“ მოინათლებოდა: „სსრკ-ს გაუქმებასთან ერთად სრულიადაც არ გამქრალა ორგანული მოთხოვნა მოსკოვზე, როგორც ესთეტიკურ სფეროში წარმოებული „გაცვლების“ ერთ-ერთ მსოფლიო ცენტრზე. (ა. მოროზოვი).
მოსკოვში ეროვნულ ხელოვნებაზე სპეციალიზირებული ახალი გალერეების გახსნას, რასაკვირველია, ახალ მაყურებელზე მოთხოვნაც, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, საფიქრებელია, კომერციული პრობლემები განაპირობებს. ეს მხატვრული ნიშა, უზარმაზარ მეგაპოლისში, დღესდღეობით თანაბრად არსებობს დანარჩენებთან მიმართებაში.
რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მხატვართა კავშირები ჯერ კიდევ ასობით წევრს  ითვლის. შედარებისათვის (2000წ.-ის დასაწყისში) - რუსეთის მხატვართა კავშირში გაწევრიანებულია 5307 პროფესიონალი მხატვარი, ამასთან, ცალკე ორგანიზაციაში,  მოსკოვის მხატვართა კავშირში კი - 6100 მხატვარი. სანქტ-პეტერბურგის მხატვართა კავშირი ყოველწლიურად თავის როგებში იღებს 150-მდე ახალგაზრდა  მხატვარს. უკრაინაში ადგილობრივი კავშირის წევრთა რაოდენობა 4300 აღემატება, ტაჯიკეთში - 144, თურქმენეთში - 250, აზერბაიჯანში - 880, ბელორუსიაში - 1126, საქართველოში - 1700, სომხეთსა და უზბეკეთში - 1000. დაახლოებით 600-ია ყაზახეთში, მიუხედავად იმისა, რომ სახვითი ხელოვნება ამ რესპუბლიკის  ავტოქთონური მოსახლეობისათვის  არ წარმოადგენს მოღვაწეობის ტრადიციულ სფეროს.  400-ზე მეტია მოლდოვეთში. ანალოგიური გამაოგნებელი სიტუაციაა სხვა რესპუბლიკებშიც.
დაფინანსების სიმცირე შემოქმედებით ორგანიზაციებს აიძულებს უარი თქვან ქონებაზე, რომლის დიდი ნაწილი, სხვათაშორის,  საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, „მღვრიე პერიოდში“ დაიკარგა და  მარჯვე ნუვორიშების ხელში აღმოჩნდა, რომელთაც მომენტალურად მოახერხეს ამ სიტუაციაში ორიენტირება და მისი გამოყენება. ქონებრივი და თანამდებობრივი კონფლიქტები დღემდე გრძელდება.
რაც შეეხება საკუთრივ შემოქმედებით პრობლემებს, აქ სურათი  მხოლოდ ნიუანსებით თუ განსხვავდება და, როგორც წესი, ხასიათდება გარკვეულ, მკაფიო კონცეფციებს მოკლებული უცნაური ეკლექტურობითა და, ზოგჯერ, ურთიერთგამომრიცხავი ტენდენციებით.
პოლიტიკური თავისუფლება ვერ გახდა მხატვრული სიახლის შექმნის წინაპირობა. მიუხედავად ამისა, საკუთარი განუმეორებლობის დამადასტურებელი მითების შექმნა ჩვეულებრივ მოვლენად. ამის გამოა, რომ დღეს  სიამაყით აღინიშნება იმ დიდ  შემოქმედთა ეროვნული სათავეები, რომელთა სახელებიც ადრე რუსეთს ეკუთვნოდა.  ამგვარად, დაბადების ადგილის ან  შემოქმედებითი გზის დასაწყისის მიხედვით ბელორუსებად მიიჩნევიან შაგალი, სუტინი, მალევიჩი, ნადია ლეჟე, ელ ლისიცკი, ცადკინი.
დასავლური გრანტები აქტიურად უჭერს მხარს „აქტუალურ ხელოვნებას“ (contemporary art), და ამგვარად ხელს უწყობს ახალ კონიუნქტურას.  მაგალითის სახით შეიძლება დასახელდეს მოლდოვეთსა და ყირგიზეთში სოროსის ფონდის მიერ თანამედროვე ხელოვნების ცენტრების შექმნა.  თუმცა კი, საინტერესო ექსპერიმენტული იდეები, იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდება ამ საერთო ნაკადში (საკმარისია, გავიხსენოთ ვიდეორიგი „მარადისობის ნიშნები“, რომელმაც 2001-2002 წლებში ევრაზიის მხატვრები გააერთიანა). სამწუხაროდ, მსგავსი პროექტების დამფასებლები ცოტანი არიან. მათი აუდიტორია  მწირია. სამაგიეროდ, ადგილობრივი მხატვრები ერთვებიან საერთაშორისო პროცესებში და თავისი პროექტებით  სხვა ქვეყნებში ხდებიან ცნობილნი. აღსანიშნავია, 2011 წლის ვენეციის ბიენალეზე, თამარ კვესიტაძის პროექტით წარმოდგენილი ქართული პავილიონის წარმატება.
თუმცა, ხელოვნების ახალ ფორმებთან და ტექნოლოგიებთან ზიარების პროცესსაც აქვს მრავლისმთქმელი გამონაკლისები, მაგალითად, ტაჯიკეთის ხელოვნების სახით.
საინტერესოა, რომ გარდამავალი პერიოდის დრამატული სოციალური კონკრეტიკისა და სულიერი ცხოვრების არაერთი მძაფრი კოლიზია, როგორც წესი, მცირე გამონაკლისის გარდა, საგამოფენო სივრცის მიღმა რჩება. თითქოს თანამედროვეობის ყველაზე მტკივნეული საკითხების ასახვას –  ვიღაცამ უჩინრად დაადო ვეტო. სამწუხაროდ, უნდა ვიფიქროთ, რომ არ არსებობს „ტკივილის ხელოვნებაზე“ კომერციული მოთხოვნა.
სწორედ სიდუხჭირემ აიძულა  ბევრი მხატვარი, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოსულიყო ქუჩაში და ყველა ტურისტულ ცენტრსა და, პირველ ყოვლისა, დედაქალაქებში „მცირე მონმარტრები“  შეექმნა. იმავე მიზეზმა აიძულა მრავალი მათი კოლეგა, დაეტოვებინა სამშობლო. ხელოვანთა მრავალრიცხოვანი არმიიდან მხოლოდ რამდენიმე ათეულის შემოქმედბით ბიოგრაფიას შეიძლება ეწოდოს წარმატებული.
როგორც დადებითი მომენტი შეიძლება დასახელდეს ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების მხატვართა ადრინდელთან შედარებით გახშირებული გამოფენები საზღვარგარეთის გალერეებში.
ხელოვნების დარგების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების არარსებობის გამო,  და, ზოგჯერ, მართლაც ტრაგიკულ სიტუაციათა გამო (საკმარისია გავიხსენოთ ორმხრივი სროლის დროს, თბილსში დანგრეული მხატვრის სახლი და უსახლკაროდ დარჩენილი აფხაზი ლტოლვილი მხატვრები), მუდმივი ჩივილის მიუხედავად, მაინც მოიძებნება ხოლმე დაფინანსების წყაროები საერთაშორისო პლენერების (მაგ: ვიტებსკში მარკ შაგალისადმი მიძღვნილი ღონისძიება), ბიენალეების (საერთაშორისო ბიენალე ტაშკენტში), სიმპოზიუმების (2003წ. ქართული შექსპირიანისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი თბილისში), სამეცნიერო კონფერენციების (როგორც ახლანდელი, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია) და სხვათა ჩასატარებლად.
აღსანიშნავია, რეალიზებული ერთობლივი პროექტები, როგორც კულტურული ცხოვრების გამოცოცხლების რეალური საშუალება. მაგალითად საქართველოში - ფონდ „ღია საზოგადოებასთან“ ერთად 1999წ. ჩატარებული კერამიკოსთა I საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ძველი პარტნიორები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. აღნიშნული ღონისძიება, ფაქტობრივად, კავკასიაში არსებული საომარი ვითარების პირობებში ხორციელდებოდა. გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ჩატარებული გერმანულ-ქართული ვორქშოფი და ლითოგრაფიების გამოფენა (2000წ.). ცენტრალური აზიის განვითარების და თანამშრომლობის შვეიცარიის ბიუროსთან ერთად გამოცემული ალბომი „ყირგიზეთის ხელოვნება“, ლიტველი ტექსტილის მწარმოებლების პრაქტიკული და თეორიული სემინარი ჩატარებული შოტლანდიელ მხატვართა გაერთიანება „look-look“-თან ერთად: „შოტლანდიის ტრადიციული და თანამედროვე ტექსტილი და ღია შემოქმედებითი სახელოსნოების განვითარების შესაძლებლობები“.
თემის კონტექსტში უნიკალური, თუმცა, ტოტალური სახელმწიფოსათვის არცთუ ორიგინალური სიტუაციაა - სახელმწიფო შეკვეთით დაფინანსებული თურქმენ-ბაშა ნიაზოვის „ოქროს“ ქანდაკებები. მსგავს „დიქტატორულ“ მიდგომასთან შედარებით 2011 წელს ვენეციის 54-ე ბიენალეზე აზერბაიჯანის პავილიონის გახსნასთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი - როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის სურვილის  შესაბამისად, ექსპოზიციიდან მოიხსნა აიდან სალახოვას ნამუშევრები - რომლებიც, ალიევის აზრით, ისლამური იდეის გამომხატველი და საერო სახელმწიფოსთვის შეუფერებელი იყო - შედარებით ტოლერანტულად გამოიყურება. 
„არაფერია ცვლილებების ეპოქაში ცხოვრებაზე უფრო რთული“. ამ ჩინური მაქსიმას სამართლიანობას სრულად შეიგრძნობენ თავიანთი შემოქმედებითი ბიოგრაფიების სირთულეებით მსოფლიოს ახალი ქვეყნების მხატვრები.


ტექსტი რუსულიდან თარგმნა თამარ ბელაშვილმა

ნანახია: 13074-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani