დონ კიხოტი საქართველოში: სერვანტესისა და ჭავჭავაძის გოდერძი ჩოხელისეული სინთეზი | Array ბეჭდვა Array |
პეტერ როლბერგი
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი (აშშ) 1999 წელს ცნობილმა მწერალმა და რეჟისორმა, გოდერძი ჩოხელმა გადაიღო ფილმი - „მიჯაჭვული რაინდები“, იმ დროს საქართველოში გადაღებულ მცირერიცხოვან სრულმეტრაჟიან ფილმთაგან ერთერთი ფილმი დაფინანსდა რუსული მედიის გავლენიანი ლიბერალი წარმომადგენლის-ვლადიმირ გუსისნსკის მიერ, რომელსაც მალევე ქონება ჩამოართვეს და აიძულეს რუსეთიდან გაქცეულიყო. ჩოხელი მიყვებოდა ცნობილი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის კვალს (რომლის ფილმმა, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი“ - 1988წ. არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია სამშობლოში და საზღვარგარეთ) და იყო მეორე რეჟისორი, რომელმაც კიხოტისა და კიხოტიზმის თემას მიმართა. რამდენადაც ჩხეიძისათვის მწუხარე სახის რაინდი ეთიკური და ესთეტიკური აბსოლუტის სიმბოლო იყო, რეჟისორმა მისი თავგადასავლები უდროო თეატრისა და თანამედროვე ესპანეთის პარალელურ კონტექსტებში მოათავსა. 10 წლის შემდეგ, ჩოხელმა ლეგენდარული იდალგო პირდაპირ 19-ე საუკუნის საქართველოში გადმოიყვანა. მან თამამად შეახვედრა თავის ფილმში ტრაგიკომიკური რაინდი და კლასიკური ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი - თავადი ლუარსაბ თათქარიძე ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“-დან (1858-63). სათაური სხვადასხვაგვარად ითარგმნა ინგლისურ ენაზე, მაგალითად, Is He Human?! ან Is That a Man?! ამდენად, კლასიკური მასალისადმი ჩოხელის მიდგომა რადიკალურად განსხვავდება ჩხეიძისეულისაგან და ავლენს უნივერსალურობისა და რეგიონალიზმის უაღრესად ორიგინალურ სინთეზსს. 2007 წელს, ჩოხელის უდროო გარდაცვალების გამო, „მიჯაჭვული რაინდები“ მისი უკანასკნელი სრულმეტრაჟიანი ფილმი აღმოჩნდა - მისი დასრულებიდან რვა წლის მანძილზე ჩოხელმა მხოლოდ ერთი საშუალო ხანგრძლივობის ფილმის შექმნა მოასწრო. ამგვარად, სერვანტეს-ჭავჭავაძის მისეულმა უჩვეულო ადაპტაციამ უნებლიედ მოიპოვა ავტორის ანდერძის სტატუსი. ჩოხელი 1980-1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ, ამოუწურავი შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ქართველ ავტორად იყო მიჩნეული. 1990-იან წლებში გადაღებული მისი ფილმების რეცენზიებში რეჟისორის სახელს ზედსართავი სახელი - „ახალგაზრდაც“ კი ემატებოდა. ჩოხელის წარმომავლობა თვალშისაცემად არაინტელექტუალური იყო (წარმოშობით იგი სოფელ ჩოხიდანაა) და, როგორც ჩანს, არასოდეს უგრძვნია თავი ბოლომდე კომფორტულად ურბანულ გარემოში. მშობლიური რეგიონის უძველესმა კულტურამ, როგორც არტისტიზმის მთავარმა წყარომ, არსებითად განაპირობა ჩოხელის შემოქმედების აუთენტურობა თუმცა, მისი ლიტერატურული და კინემატოგრაფიული ნარატივები შორსაა იზოლაციონიზმისგან და, ზოგიერთ შემთხვევაში, კომპლექსურ ინტერტექსტუალურ განზომილებას ავლენს. ეს განსაკუთრებით „მიჯაჭვულ რაინდებში“ ჩანს. მწუხარე რაინდის თემატური არჩევანი გამოხატავს ჩოხელის მაშინდელ ინტერესს უიმედო სოციალური კორუფციისა და ცინიზმის წინააღმდეგ ამხედრებული ნონკონფორმისტი პერსონაჟებისადმი. მაგრამ ნონკონფორმისტული წინააღმდეგობის ავტორისეული კონცეფცია არასწორხაზოვანია. ასეთივეა მისი სამშობლოს ხატება. „გული მიგრძნობს, რომ საქართველოში შევდივართ“, შესძახებს დონ კიხოტი „მიჯაჭვული რაინდების“ დასაწყისში. „მე კი მეჩვენება, რომ ჯოჯოხეთის კარიბჭეებთან ვართ“ - პასუხობს სანჩო პანსა. საქართველოს მიმართ დუალური დამოკიდებულება მთელ ფილმს გასდევს. მაშინ როცა მოხეტიალე რაინდი მთებისა და ხეობების მშვენიერებასზე მიანიშნებს და ფიქრობს, რომ ეს წმინდა მიწა უნდა იყოს, მისი ჩასუქებული საჭურველთმტვირთველი, მუდამ საღად მოაზროვნე სკეპტიკოსი, ინტუიტურად წინასწარ ჭვრეტს საფრთხეს და გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება ჩქარა დაბრუნდეს მშობლიურ ესპანეთში. მოგვიანებით, როდესაც სანჩო იმ ადგილის მმართველადაა დანიშნული, რომელსაც შესასვლელში „სამოთხე“ აწერია, მას ქალი აცდუნებს და იგი შეჭამს ვაშლს, რის შემდეგაც ეს ადგილი ჯოჯოხეთად იქცევა. სხვა ეპიზოდში, როცა თავად ლუარსაბს და მის უცხოელ სტუმარს შემთხვევით ქორწილში მიიპატიჟებენ, დონ კიხოტი მოქეიფე და მოცეკვავე სტუმრებს რქებით თავზე წარმოიდგენს. ის ასკვნის, რომ ისინი ეშმაკთან შეკრულები უნდა იყვნენ და ვარაუდობს, რომ მომლხენი კოლექტივი სხვა არაფერია, თუ არა ეშმაკეული ცდუნება. ჩოხელის ფილმში დონ კიხოტის გაცხადებული მიზანია, გაათავისუფლოს პრომოთე, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ისევ მყინვარწვერზეა მიჯაჭვული კაცობრიობისათვის ცეცხლის მოტანის სასჯელად. პრომეთეს ჰეროიზმი ყოვლისმომცველი ძალით აღაფრთოვანებს კიხოტს და ის ფაქტიც, რომ პრომეთეს ლეგენდა საქართველოში შემორჩენილია, შემთხვევითობა არ უნდა იყოს: ის აცხადებს, რომ „ესპანელები და ქართველები ძმები არიან“. შემდეგ ჩოხელი წარმოგვიდგენს სოფლის მოუვლელ კარ-მიდამოს, სადაც თავადი ლუარსაბ თათქარიძე და მისი ცოლი - დარეჯანი ცხოვრობენ. უფუნქციო და პარაზიტი არისტოკრატიის პორტრეტი - ლუარსაბი მსუქანი და ზარმაცია და მხოლოდ ჭამაზე ზრუნავს. მაგრამ უცხოელი რაინდის ჩამოსვლა ამ უნიათო კაცის სრულიად სხვა მხარეს გამოაჩენს: ის ქართული სტუმართმოყვარეობის მიდევნებით უაღრესად გულითადად ხვდება სტუმარს და მას და მის მსახურს უხვ საკვებს, ღვინოსა და მუსიკას სთავაზობს. თუ ლუარსაბის ცხოვრების წესის აღწერა მკაცრად მიჰყვება ილია ჭავჭავაძის ნარატივს, ჩოხელის მიერ განვითარებული მომდევნო მოვლენები მნიშვნელოვნად უხვევს ორიგინალური კლასიკური ტექსტიდან. ჭავჭავაძის მოთხრობაში თავადი ლუარსაბი გააზრებული იყო, როგორც გამიზნულად უცოდინარი იზოლაციონისტი, რომელსაც განათლება ზედმეტად მიაჩნია და სოციუმში რაც შეიძლება ნაკლებად ერევა. ჩოხელი ფრთხილად ცვლის ამ სახეს რამდენიმე პოზიტიური თვისების დამატებით, რომელთა შორისაა სტუმართმოყვარეობის მარადიული კანონის პატივისცემა და რაინდობის გრძნობა, რაც არ გვხვდება ჭავჭავაძის ტექსტში. ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილი დონ კიხოტი აღტაცებულია ასეთი მიღებით და სიხარულით ჩაერთვება ტრადიციულ სადღეგრძელოთა გაცვლაში. ის მხოლოდ მას შემდეგ ამბობს წამიერად უარს მეგობრულ ქცევაზე, რაც ლუარსაბი თავის ძალაუფლებაზე ტრაბახს მოჰყვება და თავის ცოლს „მსოფლიოში უმშვენიერესს“ უწოდებს. დონ კიხოტი გაცხარებული ეპასუხება, რომ არც ერთი ქალი არ არის დულსინეა ტობოსელზე მშვენიერი. ირონიული ამაში ის არის, რომ ლუარსაბის ცოლი, მიუხედავად იმისა, რომ ჭავჭავაძე მას აღწერს, როგორც ერთგულსა და მზრუნველს, საკმაოდ უშნოცაა. ამავდროულად, დონ კიხოტი არ ღალატობს თავის idée fix-ს. ამ წარმოსახვით ღირებულებათა შეჯახებას შეიძლებოდა სისხლისღვრა გამოეწვია და მართლაც, დონ კიხოტი თავის მასპინძელს დუელში იწვევს. მაგრამ ქართული ტრადიცია უკრძალავს ლუარსაბს სტუმართან საკუთარ სახლში შებრძოლებას: დუელი მამულის გარეთ უნდა გაიმართოს. გარდა ამისა, როგორც კიხოტი აცხადებს, ბრძოლა უნდა მოხდეს არა ხმლებით, არამედ ოპონენტების თავების შეჯახებით, რომლებიც მხოლოდ ბეწვის ქუდებით არის დაფარული - ესეც უძველესი წესის შესატყვისად ცხადდება. თავადი ლუარსაბი ამარცხებს კიხოტს და სთავაზობს ზავის ჩამოგდებას, ეხვევა მის სტუმარს და კიდევ ერთხელ უწოდებს მას „ძმას“. სახლში, სუფრასთან სიყვარულის სადღეგრძელოს მოჰყვება ბალადა დულსინეაზე, რომელსაც დონ კიხოტი სანჩოს გიტარის აკომპანიმენტის თანხლებით მღერის და ქართველი თავადიც უერთდება ამ ჰარმონიულ სიმღერას. დამშვიდებული და არა შეურაცხყოფილი დონ კიხოტი თხოვს თავად ლუარსაბს, გაჰყვეს მას პრომეთეს გასათავისუფლებლად. ლუარსაბმა იცის ბერძნული ლეგენდის ქართული ვერსია, რომელშიც პრომეთეს ამირანი ჰქვია და რომელმაც ადამიანებს ლითონის მიღების ცოდნა გაუზიარა. ორი მამაკაცი, მსახურების - სანჩო პანსასა და დათოს თანხლებით, მიემგზავრება მითიური გმირის გამოსახსნელად. ამგვარად, ჩოხელის ვერსიაში ქართული ტრადიციულობა ანეიტრალებს ინტერკულტურული შეჯახების სახიფათო პოტენციალს და ავლენს პერსონაჟთა კეთილშობილ მხარეს. თუმცა, ანტაგონიზმი მაინც ჩნდება. დონ კიხოტი და სანჩო, რომელთაც ქართული სამოსი აცვიათ, ქართულ ქორწილში ხვდებიან; ისინი უნდა დაემორჩილონ ტრადიციას და მონაწილეობა უნდა მიიღონ ლხინში, როდესაც კიხოტს უცაბედად ევლინება ეშმაკეული ლხინის ზემოთაღნიშნული ხილვა და იგი გადაწყვეტს წერტილი დაუსვას მის მიერ მკრეხელურ ლხინად დასახულ ქორწილს. ის თავს ესხმის სტუმრებს და ხმაურიან ჩხუბს ტეხს. ჩოხელთან დონ კიხოტის სახე ირონიულ გადასინჯვასაც ექვემდებარება: როდესაც ესპანელი რაინდი მოწმე ხდება ლხინისა, რომლისთვისაც ხარი უნდა დაიკლას, ის საქმეში ერევა. თავის თეთრ ცხენზე ამხედრებული და მთიდან ჩამომავალი, ის ქადაგებს, გაათავისუფლონ უცოდველი ცხოველი. სოფლელები მას (აღიქვამენ, როგორც წმ. გიორგის) და ასრულებენ მის ნებას. თავადი ლუარსაბი იცავს თავის სტუმარს, სამშვიდობოს გაჰყავს და ჭასთან ჭრილობებს უსუფთავებს. უცბად, მათთან ჩნდება პატარა ობოლი ბიჭი, რომელიც თხოვს მოხეტიალე რაინდებს, არაფერი ავნონ მას - მისი მშობლები მოკლეს და ის ახლა ბერთან - მამა გიორგისთან ერთად ცხოვვრობს. როდესაც გაავდრდება, გმირები თავშესაფარს ეძებენ ჩამოქცეულ ეკლესიაში, რომელიც ბერისა და პატარა ბიჭის სამალავი აღმოჩნდება. მამა გიორგი თავის განდეგილად ცხოვრების გადაწყვეტილებას სამყაროში ბოროტის ბატონობით ხსნის. კიხოტი გაცხარებით ეწინააღმდეგება მას - სამყაროს ჭუჭყისაგან გასასუფთავებლად ადამიანი უნდა შეებრძოლოს ბოროტებას. როდესაც სიტყვა პრომეთეზე ჩამოვარდება, მამა გიორგი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ის არ უნდა გათავისუფლდეს, რადგანაც მან შესცოდა; ღმერთმა ის სამართლიანად მიაჯაჭვა კლდეზე. გიორგი ასკვნის, რომ თვითონ დონ კიხოტი უღმერთო და ეშმაკეულია. ოთხი მამაკაცი ჯაჭვების ხმას მიჰყვება, მაგრამ პრომეთეს მაგივრად, რომელსაც ისინი ელოდნენ, ეს მამა გიორგის მიერ გამოხმობილი რელიგიური ფანატიკოსების ჯგუფი აღმოჩნდება. დარწმუნებულები იმაში, რომ რაინდები უნდა შეაჩერონ, ისინი სცემენ მათ და კლდეზე მიაჯაჭვავენ. დონ კიხოტი, თავადი ლუარსაბი, სანჩო პანსა და დათო ერთმანეთის გასამხნევებლად სიმღერას იწყებენ. ამგვარად, საბოლოოდ, რაინდები თვითონ აღმოჩნდებიან მთაზე მიჯაჭვულნი, თუმცა არა ზევსის, არამედ ფანატიკოსების მიერ, რომელთაც რაინდების ღვთიური სამართლის წინააღმდეგ ამბოხი მკრეხელობად შერაცხეს. პატარა ბიჭი, რომელიც მოვლენათა ასეთი მოულოდნელი შემობრუნების მოწმე გახდა, გაკვირვებით ასკვნის: „მაგრამ ისინი კარგი ადამიანები არიან, ისინი არ უნდა დაისაჯონ“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩოხელის მიერ თავის ფილმში დონ კიხოტის მთავარ გმირად არჩევა სრულიად ლოგიკურია და წარმოადგენს კიხოტური პერსონაჟების კულმინაციას, რომლებიც მის მოთხრობებსა და ადრეულ ფიმლებში ჩნდებიან. მათში ვლინდება ღრმა ინტერესი კეთილშობილი, განდგომილი პერსონაჟებისადმი, რომელთათვისაც ადამიანების საზოგადოება მორალს მოკლებული და გასაკიცხია. მისი მოთხრობის - „თევზის წერილები“ - მთავარი გმირი იმდენად იმედგაცრუებულია ადამიანთა სიმდაბლით, რომ მდინარეში მარტო ცხოვრებას გადაწყვეტს. ხოლო, მოთხრობისა და ფილმის - „წერილი ნაძვებს“ (1986) - პერონაჟი ბერი განუდგება სოციუმს, მას შემდეგ, რაც მხარზე ნამდვილი ნაძვი ამოუვა, რომლის მოჭრაც განუზრახავთ მის გარემომცველებს. თუმცა, ეს ცალკეული განდგომილი პერსონაჟები გამოეყოფიან ადამიანთა სამყაროს იმისთვის, რომ ცოცხალი ბუნების ნაწილნი გახდნენ, რომელიც მათთვის სოციუმის ერთადერთი შეურყვნელი ალტერნატივაა. მათი დამოკიდებულება უკომპრომისო განდგომას გულისხმობს. დონ კიხოტი და ლუარსაბ თათქარიძე კი (ყოველ შემთხვევაში, ჩოხელის ინტერპრეტაციის მიხედვით) აქტიურად აგრძელებენ თავიანთი მისიის შესრულებას, როგორც მივიწყებული ანდა ჩაკლული ღირებულებებისათვის მებრძოლი ამაყი ჰეროიკული განდეგილები. თავად ლუარსაბ თათქარიძის გადაფასება გამოხატავს ქართული მენტალობისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გაგებისა და განსაზღვრისაკენ მიმართული ჩოხელისეული ძიებების მნიშვნელოვან ასპექტს. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“ სატირული ნაწარმოებია და ამხელს თვითკმაყოფილ მუქთახორობას, ცრურწმენასა და გლეხების ექსპლუატაციას, იმ თვისებებს, რასაც ი. ჭავჭავაძე ქართველი თავად-აზნაურების წრეებში ამჩნევდა; მან ჩაიფიქრა თავისი ნოველა, როგორც არისტოკრატიული თვითგანდიდების კორექტივა. ჩოხელი უბრუნდება ამ ნაღვლიან კარიკატურას, ამასთან, ის აცნობიერებს 20-ე საუკუნის გამოცდილებას, რაც უწინ ექსპლუატირებული გლეხების უფლებებით აღჭურვის შედეგების ახლებურ გააზრებას მოიცავს. ამგვარად, ლუარსაბ თათქარიძის მისეული სახე, ჭავჭავაძესთან შედარებით, რბილია და, ღირებული მიზნის არსებობის შემთხვევაში, სამართლიანობასა და ჰეროიკულ თავგანწირვასაც კი მოიცავს. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ერთი ამგვარი ასპექტი, რომელიც არ წარმოადგენს ჭავჭვაძის მოთხრობის ნაწილს: ლუარსაბს მისი ერთგული ბოქაული ატყობინებს, რომ გლეხებს არ შეუძლიათ - ან იქნებ არ უნდათ? - ქირის გადახდა. თავადი გაცხარებულია, მაგრამ ბრაზის გავლის შემდეგ ის გადაწყვეტს, არ მოითხოვოს ვალი, როგორც ეს აქამდეც ბევრჯერ გაუკეთებია. ბოლოს და ბოლოს, ფიქრობს ის, როგორ უნდა გამოკვებონ მათ ამდენი შვილი? ამდენად, ჩოხელისათვის ლუარსაბის გულგრილობა და პასიურობა მისი ხასიათის მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენს, ხოლო მისი უნარი, აპატიოს მსახურებს, მნიშვნელოვანი ადამიანური საპირწონეა. ჩოხელი, ალბათ, ქართული კულტურის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა. როგორც გამორჩეულად ორიგინალურმა ხელოვანმა, მან თითქმის საკულტო სახელი დაიმკვიდრა უდროოდ გარდაცვალების შემდეგ. მისი ლიტერატურული და კინემატოგრაფიული ნარატივები ფოლკლორულ და მაღალ კულტურას ერთნაირად მოიცავს. მისი ტრაგიკული მსოფლაღქმა და ნაღვლიანი იუმორი, ადამიანურ ბუნებაში ბოროტისა და ძალადობის მისეული გააზრება და მისი ორაზროვნება კოლექტივიზმისა და ინდივიდუალიზმის, ასევე, წარმართული და ქრისტიანული ღირებულებების თვალსაზრისით, ეხმაურება თანამედროვე ქართულ საზოგადოებას. ეს რეზონანსი გაგრძელდა გამოცდილებით, რომელიც გულისხმობდა საბჭოთა დაქვემდებარებაში მყოფი პოლიტიკურად მართვადი სახელმწიფოს კულტურიდან მკვეთრად კომერციულ კულტურაზე უცაბედ გადასვლას ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე. ჩოხელის ბოლო ფილმი გამოხატავს დამახასიათებელ ინტელექტუალურ ღელვას აქტიური ჰუმანისტური პოზიციის წინააღმდეგ მიმართული მებრძოლი ფანატიზმის გამო. თვალშისაცემია, რომ დონ კიხოტისა და თავად ლუარსაბ თათქარიძის პერსონაჟები არ ახდენენ ორი კულტურის კატასტროფული შეჯახების სიმბოლიზაციას - ბოლოს და ბოლოს, ისინი სრულიად გადალახავენ მათ შორის განსხვავებებს, რომლებიც უფრო ფორმალური, ვიდრე ფილოსოფიური ხასიათისაა. ვერც ერთი მათგანი - ვერც მსოფლიო ლიტერატურის სახელგანთქმული გმირი და ვერც ქართული ლიტერატურის პერსონაჟი ვერ ამარცხებს შეუწყნარებლობას და იძულებულნი არიან, შეუერთდნენ მათ ლეგენდარულ წინაპარს - პრომეთე/ამირანს, როგორც ამ დამარცხების სიმბოლოები. ჩოხელის ფილმი, რომელიც ბევრი მისი მოთხრობის მსგავსია, სავსეა მელანქოლიისა და უარყოფის განცდით, რომელიც შეიძლება შეკავებულია, მაგრამ არა გადალახული იუმორით. საინტერესოა, რომ პრომეთეს მოხმობას შეიძლება პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდეს: ეს შეიძლება მიანიშნებდეს პარიზულ ჟურნალ „პრომეთეზე“ და მოძრაობა პრომეთეიზმზე, რომელიც 1920 წელს ჩამოაყალიბეს კავკასიის ქვეყნებიდან გაძევებულმა პირებმა. პრომეთეს მითისადმი ამგვარი მიმართვის გათვალისწინებით, ჩოხელის ფილმი სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს. 20-ე საუკუნეში პრომეთეს მითმა უცნაური პოლიტიკური აქტუალურობა შეიძინა, რამდენადაც ბერძნების ღმერთებისაგან ადამიანის ემანსიპაციის სიმბოლო რეინტერპრეტირებული იქნა, როგორც იმპერიული ზეწოლისაგან ემანსიპირების, კერძოდ კი, რუსეთის იმპერიაში შემავალი მცირე ერების მოსკოვური მმართველობისაგან გათავისუფლების სიმბოლო. პრომეთე ბრალდების მოწმედ იქცა ბალტიისპირეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ხელხებისათვის, რომელთა გათავისუფლებას რეგიონზე მოსკოვის გავლენა უნდა შეესუსტებინა. როგორც ისტორიკოსი - ჩარლზ კინგი წერდა, „მათი მოქმედებები უფრო და უფრო კიხოტური ხდებოდა და ემსგავსებოდა განადგურებული ქვეყნების მკვიდრ დაბეჩავებულ მოხუცთა ჯვაროსნულ ლაშქრობას, რომლებიც უძლურნი იყვნენ, შეგუებოდნენ საერთაშორისო პოლიტიკის ახალ რეალობებს“, King, Charles. The Ghost of Freedom: A History of the Caucasus. Oxford: Oxford University Press, 2008, p. 176.თუმცაღა, ისტორია მომავალში აჩვენებდა, რომ საბოლოო გამარჯვება მათი იყო. ტექსტი ინგლისურიდან თარგმნა გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ნათია ებანოიძემ |