Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მარიკა ასათიანი - „გაჩერება“ ფოტოსერიიდან „ადგილი, როგორც პაუზა“

გურამ კაპანაძე
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ჩვენ ყველაფერს აღვიქვამთ, აღქმასთან ერთად ვარაუდებს გამოვთქვამთ, ამ ვარაუდს ანალიზის სხვადასხვა ხერხით „ვამყარებთ“, ეს „გამყარებული ვარაუდი“ კი დასკვნის სახეს იღებს. აქვე, ამ აზრის დასაზუსტებლად ინგლისელი ხელოვნებათმცოდნის, იენ ჯეფრის მოსაზრებას მოვიშველიებ ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის ფოტოების თაობაზე: „ნებისმიერი დასკვნის გაკეთება ნიშნავს
ხელთ არსებული სურათის, ბაზრობის, ტრანსპორტის, ამინდის, დილის შუქის, საუბრის კილოსა და ყველა ჟესტის ანალიზს.“ი. ჯეფრი, ფოტოგრაფიები: გურამ წიბახაშვილის, თბილისი 2002წ.
მარიკა ასათიანის ფოტოებზე ექვსწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად უამრავი ადამიანი, სხვადასხვა ადგილი, ობიექტი და საგანთა დეტალები არის აღბეჭდილი. მის ფოტოებზე ხშირად ვნახავთ პეიზაჟებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ხედებით, და ადამიანებსაც, რომლებიც მათთვის ჩვეულ გარემოში იმყოფებიან, არსებობენ. ასევე ხშირია თითქმის სიცარიელეში მდგარი ობიექტები, რომლებსაც კონკრეტული ფუნქცია და ადგილი ჰქონდა ჩვენს არცთუ შორეული წარსულის ყოველდღიურობაში. დღეს კი ეს ფუნქცია ან დაკარგული, ან სახეცვლილია. ფოტოსერიაში ისინი  სახეცვლილად არიან წარმოდგენილნი, სწორედ რომ წარმოდგენილნი, რადგან ფოტოზე ასახული მათი „დგომა“ რეპრეზენტაბელურობის ხასიათის მატარებელია. აქ ვგულისხმობ ავტობუსის გაჩერების ფოტოებს, რომლებიც ერთ ფოტოსერიაშია  გაერთიანებული  სახელწოდებით „ადგილი, როგორც პაუზა“.

0102

ეს ფოტოები 2007 წელს საქართველოს რეგიონებშია გადაღებული. ავტობუსის გაჩერების ყველა დაზიანებული შენობა თითქოს უფუნქციოდ დარჩენილა, მათ შორიახლოს ადამიანებიც არ დგანან. ფოტოზე ასახული შენობა-ფარდული თითქოს სიცარიელეში დგას, მის უკან ზოგან ბუნება, ზოგან კი შენობის დეტალები, ელექტროგადამცემი ანძები და მილები მოჩანს. ასეთი ფოტოს შემხედვარეს, გიჩნდება სიცარიელისა და დროის შეჩერების, უმოძრაობის განცდა. სტატიკურად, ხშირად,  ფრონტალურად გადაღებული, დაფიქსირებული ავტობუსის გაჩერების შენობა-ფარდული, მართლაც, „დამოუკიდებელ სკულპტურას ჰგავს“, როგორც დანიელ ბაუმანი უწოდებს ერთ-ერთ მსგავს ფოტოს.დ. ბაუმანი, მარიკა ასათიანი, ამარტა foto, 2008, #2, 98.

030408

ფოტოსერიის ნაწილები, ცალკეული ფოტოები არ არის დასათაურებული, ჩვენ მათ პირობით ნუმერაციას გთავაზობთ.
ფოტო  #05
მართკუთხედ ფოტოზე ავტობუსის გაჩერების შენობა ცენტრშია მოქცეული ისე, რომ მისი ფასადი, თუ ერთადერთი, მოვარდისფრო კედელი ჩვენკენ ფრონტალურად დგას. ჩრდილში მდგარი გაჩერების შენობის სამად გაყოფილი, მონაცრისფრო გადახურვის ჰორიზონტალი გაშლილ ფრთებს მოგვაგონებს. სახურავის სამივე ნაწილის ქვედა მხარე ამოტრიალებული პირამიდის ფორმისაა, მის ცენტრთან კი საყრდენი ბოძია. სახურავი, ნაწილობრივ, შენობა-კონსტრუქციის ერთადერთ მოვარდისფრო კედელსაც ეყრდნობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახურავისა და კედლის შეხება თითქმის წერტილოვანია, ამიტომ კედელსა და სახურავს შორის სიცარიელეა, რომელიც არა მხოლოდ ჰორიზონტალურ, არამედ ვერტიკალურ ჭრილსაც წარმოადგენს. ამ ჭრილში ვარდისფერი კედლის წინ, გაჩერების ტერიტორიაზე ერთმანეთის პარალელურად, საყრდენ ბოძებთან ახლოს ორი ხეა ამოზრდილი, რომელიც თითქოს საყრდენ ბოძთა ერთიან სისტემაში ეწერება. შენობა-კონსტრუქციის უკან ხეთა რიტმული მწკრივი ჩანს, რომელსაც ფონად მოვარდისფრო-თეთრი ცა ეფინება. გაჩერების წინ კი ცარიელი გზაა, რომელსაც თითქმის შუაზე თეთრი ხაზი ჰყოფს. კონსტრუქციის უკან აღმართულ ხეთა ჩრდილი არ სცდება გზის გამყოფ ხაზს.

05

ფოტოზე ერთი შეხედვითაც ჩანს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების რიტმული „გადათამაშება“,  რაც  შენობის კონსტრუქციის დეტალებთან ერთად  გარშემო არსებული გარემოს, ხეთა მწკრივის, გზისა და გზის გამყოფი ხაზის მეშვეობით იქმნება.  ამ მკაცრ ჰორიზონტალსა და ვერტიკალს ერთი გადახრილი ხის დიაგონალი „ეხმიანება“. ეს ხე ფოტოს მარჯვენა მხარეს კუთხეშია მოქცეული. მისი მხოლოდ შიშველი ტანი ჩანს, დატოტვილი სხეული კი კადრს მიღმაა. დახრილი ხე და ცარიელ გზაზე დაცემული ხის ჩრდილის საერთო, ლაქობრივი მონახაზი თითქოს მარჯვნივ  მიაქანებს ჩვენს მზერას.
აღსანიშნავია, რომ როგორც ამ ფოტოზე, ისე მთელს სერიაში სადა, თითქოს დაბალანსებული, ოდნავ გაცრეცილი ფერთა გამაა. როგორც ფოტოსერიის ავტორი საუბრისას აღნიშნავს, კომპოზიციური სისადავე, ერთგვარი სიცარიელე, სხვა დეტალებისაგან (ადამიანი, ტრანსპორტი) კადრის დაცლა ფარდულების „პორტრეტირების“ სურვილითაა ნაკარნახევი.
ფოტოსერიის ამ ნაწილში, ავტობუსის გაჩერების ფოტოებიც სხვადასხვაგვარია. ამ ნამუშევრების თავისებურებას ორი რამ განაპირობებს: ერთი - თვით  შენობის ვიზუალური მხარე, კონსტრუქციაა, მეორე კი, ფოტოგრაფის დგომის ადგილი, რაკურსი.
ფოტო #06
ამ ნამუშევრის/ფოტოს თავისებურება შენობა–კონსტრუქციის განსხვავებული ხასიათითაა განპირობებული.

06

მართკუთხედი ფოტოს ცენტრში ასახულია ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი შენობა, რომელიც შუაში  მართკუთხაა, ხოლო, მარჯვნიდან და მარცხნიდან ციხესიმაგრის გალავნის ბურჯის მსგავსი მომრგვალებით სრულდება. ამ ბურჯებს  მრგვალი სარკმელი და კარის მართკუთხედი ჭრილი აქვს.
ფარდული აქაც გზის პირას დგას. ის სხვადასხვა ფორმისა და ზომის, უსწორმასწორო ქვით არის ნაშენი. ნაცრისფერი შენობის უკან მთის დახრილი კონტური მოჩანს, მარჯვენა მხარეს კი - ხის ვიწრო ტანი და წიწვოვანი ტოტები. გაჩერების წინ გზის გამყოფი ორი, ერთმანეთის პარალელური თეთრი ხაზი ჩანს. გზის გამყოფ ჰორიზონტალს ამავე გზის დამასრულებელი ჰორიზონტალი და გაჩერების შენობის გადახურვის ხაზი ეხმიანება და ერთგვარ რიტმულ სვლას გვთავაზობს. რიტმული სვლა შენობა-კონსტრუქციის, უსწორმასწორო ქვებით ნაშენი კედლებისა და ამოჭრილი სარკმლების,  კარის შეპირისპირებითაც მიიღწევა. აქ, ამ ელემენტების რიტმული მონაცვლეობით თითქოს ფოტოსერიის სახელწოდების „ადგილი, როგორც პაუზა“-ს ერთგვარი გადათამაშება  ხდება.
ნებისმიერი ფოტოს ყურებისას ჩნდება კითხვა: რატომ გადაიღო ფოტოგრაფმა ეს ფოტო? რა იყო მისთვის საინტერესო? რის გადმოცემას ცდილობს ავტორი? ამ კითხვებზე ზოგჯერ ფოტოს ვიზუალური მხარე გვპასუხობს, ზოგჯერ ფოტოსერიის სახელწოდება, ფოტოს სათაური ან მასზე მიწერილი ტექსტი. მოპასუხე „ელემენტები“ ფოტოს კატეგორიის მიხედვით იცვლება. ასე მაგალითად, თუ ფოტო დოკუმენტური ხასიათის მატარებელია, იქნება ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი აქციის ამსახველი ფოტო თუ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზიანებული უბნები და ა.შ. მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხს ფოტოს ვიზუალური მხარე გაგვცემს, მიუხედავად იმისა, ფოტოს ექნება თუ არა სადმე მიწერილი მომხდარი უბედურების ადგილი ან მისი გამომწვევი მიზეზები. ხოლო როცა არა მხოლოდ დოკუმენტურ, არამედ კონცეპტუალურ ფოტოგრაფიასთან გვაქვს საქმე, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ფოტოგრაფ მარიკა ასათიანის ფოტოსერიის „ადგილი, როგორც პაუზა“-ს რამდენიმე ფოტოს განვიხილავთ, ვხედავთ, რომ ზემოთ დასმულ კითხვებზე ერთდროულად ფოტოსერიის სახელწოდება და ფოტოს ვიზუალური მხარე გვპასუხობს.
და მაინც, რა არის ამ ფოტოზე საინტერესო? მხოლოდ ის, რომ შენობა უფუნქციოდ დარჩენილა? მასზე დამჩნეული დროის კვალი? წარსულისა და აწმყოს ერთგვარი „შეპირისპირება“? ეს, ალბათ, მისი კონცეპტუალური, გნებავთ, აზრობრივი დატვირთვაა. და მაინც, რა არის ფოტოს ვიზუალურ მხარეზე საინტერესო? მე აქ ორ დეტალს გამოვყოფ: ერთი, ეს არის შენობის შიდა, შავ კედელზე თეთრად მიწერილი ტექსტი, ქართული სახელები, რომელთა ასოების მოხაზულობა შენობის კედლების ქვების ფორმებს, კონტურებს „იმეორებს“. მეორე კი შენობის წინ, გზაზე, ფოტოს თითქმის ცენტრში ავტომობილის საბურავის შავი რკალის კვალი. მისი ფორმა კვლავ შენობის მრგვალი სარკმლის ფორმას ეხმიანება. ამ, თითქოს, მცირე ელემენტებმა განსაზღვრა ფოტოს გადაღება და შემდეგ ფოტოსერიაში გაერთიანება? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია და, სავარაუდოდ, ფოტოს ავტორსაც გაუჭირდება. აქ ვაწყდებით ფოტოგრაფის, გნებავთ, ხელოვანის ან შემოქმედის თითქოს გაუცნობიერებელ სურვილს, რომელიც ხშირად ინტუიციის ძალით მოქმედებს.
ფოტო #07
ეს სხვა ტიპის კიდევ ერთი ფოტოა. მისი თავისებურება საგანგებოდ შერჩეული, განსხვავებული რაკურსითაა მიღწეული, რაც, ვფიქრობ, შენობა-კონსტრუქციის ფორმით არის ნაკარნახევი.

07

გზის სავალი ნაწილიდან ოდნავ მოშორებით, აბალახებულ ასფალტზე „მომრგვალებულთავიანი“, ავტობუსის გაჩერების რკინის კონსტრუქცია დგას. შენობა-კონსტრუქცია ჩვენკენ კუთხით დგას, რის გამოც კარგად ჩანს ვერტიკალური საყრდენი და გადახურვის დამჭერი ჰორიზონტალური ბოძები. ასევე, კარგად ჩანს კონსტრუქციის თითქმის ნახევარწრიული გადახურვის გვერდითა მხარე, რომელიც წრეში ჩასმულ, ყვავილის სტილიზებულ ორნამენტს წარმოადგენს. მსგავსად ორნამეტულია გაჩერების კონსტრუქციის უკან, ბეტონის ამაღლებულ ფილაზე მიყუდებული რკინის მართკუთხედი „ჩარჩოც“, რაც, სავარაუდოდ, ფარდულის უკანა კედელი იყო. როგორც ვხედავთ, ავტობუსის გაჩერების შენობა-კონსტრუქცია საკმაოდ ღია და თითქმის უკედლო იყო. მისი მხოლოდ გადახურვა და ერთიანი, მომრგვალებული „სიბრტყე“ არის დაუნაწევრებელი.
ავტობუსის გაჩერების შენობა-კონსტრუქციის უკან, ფონად სატვირთო მატარებლის ვაგონები, ჰაერში გაჭიმული მილი, ბოძები, მასზე გადაჭიმული რკინის გადამცემები, შენობები, მათი დეტალები და მოვარდისფრო ცა ჩანს.
კვლავ ჩნდება კითხვა, რატომ გადაიღო ფოტოგრაფმა ეს ადგილი? რატომ - ამ რაკურსით? თუ ამ კითხვათა პასუხის ძებნას ფოტოს ვიზუალურ მხარეზე დაყრდნობით  დავიწყებთ, ერთი შეხედვითაც დავინახავთ და გამოვყოფთ რამდენიმე დეტალს: პირველი –  ავტობუსის გაჩერების შენობა-კონსტრუქციის თუ რკინის ჩონჩხის „სხეული“ და მისი ჟანგიანი გადახურვის შეფერილობა ეხმიანება მის უკან, ფონად „დადებულ“ მატარებლის სატვირთო ვაგონისა და ჰაერში გაჭიმული მილის შეფერილობას. აქ ფერის კომპოზიციური განაწილების ხერხს ვგულისხმობ, სადაც სხვადასხვაგვარი ფაქტურის გადათამაშებაც გვხვდება. მეორე –  აქ კვლავ შეიძლება ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების ურთიერთობაზე საუბარი, მაგრამ, ვფიქრობ, მეტად საინტერესო ისაა, რომ მხოლოდ ამ რაკურსიდან შენობა-კონსტრუქციის უკან არსებულ მცირესა თუ მოზრდილ საგანს სახურავად ედება რკინის, ჟანგიანი მომრგვალებული თაღი, რაც თითქოს ამ გარემოს ერთიან ობიექტად წარმგვიდგება.
ვფიქრობ, ამ ფოტოების რაობის განსაზღრისთვის მათი დოკუმენტური,  კონცეპტუალური თუ მხატვრული ფოტოგრაფიის ნიმუშებად დაყოფა და დიფერენცირებაა  აუცილებელი.
ეს დოკუმენტური ფოტოებია, რადგან აქ ნათლად ჩანს „ობიექტის“ ფოტოზე აღბეჭდვისდროინდელი  მდგომარეობა, მასზე დამჩნეული დროის სხვადასხვა კვალი, ამგვარი რაკურსი და ფოტოზე გამოსახულ საგანთა ერთიანობის აქცენტირება, ფოკუსირება, ამავდროულად, მათ  გარშემო არსებული გარემოს ასახვა თითქოს ობიექტურობის მანიშნებელია. აქვე უნდა აღინიშნოს ფოტოს მხატვრულ-ესთეტიკური მხარის არსებობაც და კომპოზიციური აგების „კანონების“ შეძლებისდაგვარად ზუსტად გამოყენებაც. ამავდროულად, ფოტოსერია „ადგილი, როგორც პაუზა“ კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ნიშნებსაც ატარებს, რამდენადაც ამ სერიის მთავარი იდეა ფოტოზე გამოსახულ საგანთა პორტრეტირებაა, ფუნქციადაკარგული შენობა, როგორც წარსული.

ნანახია: 9350-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani