ზაქარია მაისურაძე - მხტვარი, კერამიკოსი და მკვლევარი |
კიტი მაჩაბელი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი ვიდრე ზაქარია მაისურაძის შემოქმედების შესახებ მოგახსენებდეთ, მინდა გავიხსენო აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ 1941 წელს შედგენილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (მაშინ „სექტორის“) პირველი წლის სამეცნიერო მუშაობის გეგმა, რომელშიც ხუროთმოძღვრების, მონუმენტური მხატვრობის და ჭედური ხელოვნების კვლევასთან ერთად დიდი ყურადღება დაეთმო დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლას (ჭურჭელი, იარაღი, ქსოვილები, გლიპტიკა)
(ბერიძე, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი 50, თბილისი, 1993, გვ. 23-24).დასახული მიზნების განსახორციელებლად შეიქმნა ინსტიტუტის სტრუქტურა, რომელშიც საგანგებოდ გამოიყო დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების (ე.წ. „მცირე“ ხელოვნებათა) განყოფილება, რომელსაც ბატონი ზაქრო ჩაუდგა სათავეში და უძღვებოდა სიცოცხლის ბოლომდე.
განყოფილებაში იმთავითვე მთავარი ადგილი კერამიკის კვლევას დაეთმო, რაც სავსებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ბატონ ზაქროს შემოქმედებით და სამეცნიერო ინტერესებს. სათავეებთან კი იყო უდიდესი ინტერესი ძველი ქართული კერამიკისადმი. ზ. მაისურაძისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ „სკოლას“, რომელიც მან გაიარა ივ. ჯავახიშვილთან, ლ. მუსხელიშვილთან და გ. ჩუბინაშვილთან თანამშრომლობით. იგი აქტიურად მონაწილეობდა 1930-იანი წლების არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში, ეცნობოდა და იკვლევდა უძველესი კერამიკის ნიმუშებს. აქ იგი ჩამოყალიბდა, როგორც მკვლევარი, რასაც მოჰყვა სამეცნიერო ნაშრომების მთელი წყება ძველი ქართული მხატვრული კერამიკის შესახებ. მან პირველმა დაიწყო უძველესი ქართული შავკრიალა კერამიკის შესწავლა.
შემდეგ იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე სწავლის წლები (კერამიკის ფაკულტეტი _ 1927 წლიდან). მხატვრული კერამიკის განვითარებას საქართველოში თან ახლდა გარკვეული სირთულეები: არ იყო შესაფერისი ბაზა, იწყებოდა ადგილობრივი ბუნებრივი მასალების ათვისება. ზაქრო მაისურაძე, კერამიკის ფაკულტეტის ერთი პირველ პედაგოგთაგანი, აქტიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა, ქმნიდა მცირე ზომის პლასტიკურ ნაწარმოებებს, მოჭიქულ ჭურჭელს. პედაგოგიური მუშაობა, ექსპერიმენტები, შემოქმედებითი ძიებები ურთიერთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ბატონმა ზაქრომ, უფროსი თაობის წარმომადგენლებთან _ ნიკოლოზ გომელაურთან, ალექსანდრე ფიცხელაურთან, დავით ციციშვილთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული კერამიკის განვითარებაში, ახალი ფორმებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში. თავად სამხატვრო აკადემიის აღზრდილმა, მან წლების განმავლობაში ნაყოფიერად იღვაწა მხატვარ-კერამოკოსთა თაობების მოსამზადებლად. ძნელად თუ მოიძებნება ქართველ კერამიკოსთა უფროს თაობაში მხატვარი, რომელიც მადლიერებით არ იგონებს ბატონი ზაქროს დამსახურებას მათ პროფესიულ ჩამოყალიბებაში. 1958წ. სამხატვრო აკადემიაში შექმნილ სასწავლო-ექსპერიმენტულ სახელოსნოში, სადაც მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, ტარდებოდა ცდები სხვადასხვაგვარი ჭიქურების გამოყენებაზე, არაერთი სახელოვანი მხატვარი-კერამიკოსი აღიზარდა.
მრავალწლიანი ექსპერიმენტული და კვლევითი მუშაობის შედეგად ბატონმა ზაქრომ დააგროვა მდიდარი მასალა ქართული ისტორიული კერამიკის ტექნიკურ და მხატვრულ თავისებურებათა შესახებ. თავად მკვლევარი ასე განსაზღვრავდა თავის მიზანს: „ქართული მხატვრული კერამიკის დაკარგული ტრადიციის აღდგენა მამოძრავებელი ფაქტორი იყო ჩემი მუშაობის მთელ მანძილზე…...“. მის ნაშრომებს წმინდა თეორიული მნიშვნელობის გარდა დიდი პრაქტიკული ღირებულება ჰქონდა. შავკრიალა კერამიკის ტექნოლოგია, ანგობიანი ნაწარმის შექმნისა და მისი შემკობის ტექნიკური და მხატვრული თავისებურებანი, კერამიკული ნედლეულის საკითხები, კერამიკის ორნამენტულ სახეთა მხატვრული ანალიზი, სამშენებლო კერამიკა _ აი, მის მიერ გამოკვლეულ საკითხთა არასრული ჩამონათვალი. მისი აზრით, კერამიკის დარგში ჩვენ წინაპართა უმდიდრესი მემკვიდრეობის გაცნობა თანამედროვე ქართული კერამიკის განვითარების აუცილებელი პირობა იყო.
* არასოდეს არ დამავიწყდება, როგორი მღელვარებით ელოდა ხოლმე ბ-ნი ზაქრო ღუმელში მოთავსებული კერამიკული ნივთის გამოწვის შედეგებს. ეს ხომ ჩვეულებრივი თიხის გუნდიდან მისი ხელით გამოძერწილი მხატვრული ქმნილების ხილვის მოლოდინი იყო, რომელიც კერამიკოსს ხშირად უეცარ სიურპრიზებს თავაზობს. ჩვენ ყოველთვის როდი ვუფიქრდებით, რა სასწაულია ჩვენ ყოფაში გავრცელებული ჩვეულებრივი კერამიკული ჭურჭლის დამზადება, როდესაც თიხის უფორმო გუნდიდან მეთუნის ძლიერი ხელების ნაზი შეხებით თქვენ თვალწინ იბადება დახვეწილი ფორმის ტრადიციული სურა ან ჯამი, ოსტატის ფრთხილი მოძრაობით ჭურჭელი იმკობა უმშვენიერესი ორნამენტით. შემდეგ კი მთავარი _ გამოწვის პროცესი, რომელშიც ადამიანი ვეღარ ერევა და მთავარი შემოქმედი არის ცეცხლი, რომელიც თავისი სურვილისამებრ სრულყოფს კერამიკოსის ჩანაფიქრს. ინსტიტუტში ჩვენი ოთახის ბინადარნი არაერთხელ ვყოფილვართ შემოქმედების ამგვარი პროცესის მომსწრენი. ჩვენ ვიცოდით, ამ დროს ბ-ნი ზაქროს შეწუხება არ შეიძლება და ფეხაკრეფით დავდიოდით და მოუთმენლად ველოდით გამოწვის შედეგებს. მრავალი წლის წინათ გაზეთ „მხატვარში“ ბატონი ზაქროსადმი მიძღვნილი პატარა წერილი დავასათაურე „მხატვარი-კერამიკოსი და მკვლევარი“ და მე მგონია, ამ მოკლე განსაზღვრებაში არის ზაქრო მაისურაძის მხატვრული და სამეცნიერო მოღვაწეობის მთელი არსი. მისი მხატვრული შემოქმედება სამეცნიერო კვლევების განხორციელების ასპარეზი იყო, ხოლო სამეცნიერო ძიებები მისი მხატვრული ჩანაფიქრების ხორცშესხმას ემსახურებოდა. ბატონი ზაქროს მოღვაწეობის ეს ორი მხარე ჰარმონიულად ავსებდა ერთმანეთს და განსაკუთრებულ ღირსებას მატებდა მის შემოქმედებას.
* ბატონი ზაქრო ქართული ისტორიული კერამიკის ტექნოლოგიის შესწავლის წამომწყები, უძველესი და შუა საუკუნეების კერამიკის დიდი მცოდნე და დამფასებელი იყო. პროფესიონალი პრაქტიკოსი-შემოქმედის და თეორეტიკოსის ორგანული შერწყმა დიდად უწყობდა ხელს მის წარმატებებს _ მას შესანიშნავად ესმოდა თანამედროვე კერამიკის საკვანძო პრობლემები, ამასთანავე, კარგად იცოდა, რა არის საკვლევ-საძიებელი ჩვენ ეროვნულ მემკვიდრეობაში, რაც თანამედროვე ქართული კერამიკის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის არის აუცილებელი. ზ. მაისურაძის შემოქმედებას შთაგონების რამდენიმე წყარო ასაზრდოებდა. უპირველესად, როგორც უკვე აღინიშნა, ეს იყო ქართული ისტორიული კერამიკის საგანძური, რომელიც სათავეს საუკუნეთა სიღრმეში იღებს. გასაოცარია ჩვენამდე მოსული უძველესი კერამიკული ჭურჭლის მრავალგვარობა. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ კერამიკულ ნაწარმს პლასტიკური ფორმების ლაკონიურობა და გამომსახველობა, ჭურჭლის სტრუქტურის ლოგიკურობა, ფუნქციონალურისა და ესთეტიკურის ერთიანობა გამოარჩევს. მრავალფეროვანი იყო ორნამენტული მოტივების რეპერტუარი, ჭურჭლის ფორმასთან ორგანულად შერწყმული ნაძერწი და გრავირებული დეკორი. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია _ ისტორიული კერამიკა გვთავაზობს მრავალფეროვან ტექნოლოგიურ ხერხებს: დაწყებული ნეოლოთისა და ბრინჯაოს ეპოქის შებოლილი, შავკრიალა კერამიკული ნაწარმით, შუა საუკუნეების ნაირგვარი წერნაქით მოხატული, მოჭიქული ჭურჭლით დამთავრებული. მხატვარი-კერამიკოსი ღრმად ჩაწვდა წინაპართა ტექნიკურ და მხატვრულ ხერხებს _ ფერადი ჭიქურების მრავალფეროვნებას, ჩამოღვრილი ჭიქურების გამოყენებას, ანგობიანი ჭურჭლის ფუნჯით მოხატვას, ლითონის ბზინვარების მქონე შავკრიალა კერამიკის საიდუმლოებას, ანგობის ქვეშ რელიეფური დეკორის შექმნას.
შთაგონების მეორე წყარო იყო ხალხური შემოქმედება, რომელსაც ასე ღრმად იცნობდა და გრძნობდა ბატონი ზაქრო. მის კერამიკულ ნაწარმოებებში თვალი გაედევნება როგორც ისტორიული მემკვიდეობის ტექნოლოგიური მონაპოვების ახლებურ გამოყენებას, ასევე, ქართველი მეთუნეების თაობების მიერ დღემდე შემონახული მარტივი და მარადიული ხერხების ერთგულებას. ქართული პროფესიული კერამიკის განვითარების საწყის ეტაპზე, როდესაც მიმდინარეობდა ეროვნული მხატვრული ფორმების ძიების რთული პროცესი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა ხალხურ ხელოვნებაში არსებული ტრადიციების ათვისება, მათი გააზრება და შემოქმედებითი გამოყენება. ზ. მაისურაძეს განსაკუთრებულად სათუთი დამოკიდებულება ჰქონდა ხალხის წიაღიდან გამოსული ოსტატების ნაწარმოებთა მიმართ, რაც მკაფიოდ გამოვლინდა მის შემოქმედებაში, რომელსაც ეს ეროვნული საწყისები გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს. ბატონი ზაქრო გატაცებით ეძიებდა ხალხური ხელოვნების ნიმუშებს, იქნებოდა ეს თუშური საფენები, ბალხარული კერამიკული ჭურჭელი, თუ რელიეფური სახეებით შემკული სამარხი ქვები, რომლებშიც ხალხის ხალასი ნიჭი და უშუალობა იყო გამჟღავნებული. მისი კერამიკული პანოების თემები ხომ ხალხური ზღაპრების პერსონაჟებითა და სიუჟეტებით არის შთაგონებული. ზ. მაისურაძე თავისი ბუნებით მაძიებელი შემოქმედი იყო. დამოუკიდებელი შემოქმედებითი მუშაობის დასაწყისში იგი 1940-იან წლებში გავრცელებული მხატვრული მიმდინარეობის ჩარჩოებში მუშაობდა, თუმცა ცდილობდა ეროვნული მუხტის შეტანას თავის ქმნილებებში, რისთვისაც თავისებურ მხატვრულ ხერხებს მიმართავდა. ამ ნაკეთობებში ჩანს მასალის შესანიშნავი ფლობა, მისი შესაძლებლობების სრული გამოყენება, კომპოზიციებში ფერადოვანი აქცენტების ოსტატური ჩართვა. მისი ზოომორფული ჭურჭელი, რომელიც შორს არის ნატურალისტური კოპირებისაგან, ბუნებრივ ფორმათა ორიგინალური ტრანსფორმაციით გამოირჩევა. მისი „ჯიხვები“, „შვლები“, „ირმები“ გიზიდავთ აღქმის უშუალობით, ცხოველთა ბუნების კარგი ცოდნით, მათი ფორმების გონებამახვილური გარდაქმნით ჭურჭლის ფორმების შესაბამისად. განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს ცხოველთა რქების, სხეულის ნაკვთების ორნამენტული სტილიზაცია. მხატვარი ხშირად მიმართავს ტერაკოტას, რომელიც ცხოველთა ოდნავ სტილიზებულ ფიგურებს ხალხური ხელოვნების თავისებურ ხიბლს მატებს. ამ ეფექტს აძლიერებს ფირუზისფერ ჭიქურთა ძუნწი აქცენტები. ამ დროს შექმნილ კერამიკულ დეკორატიულ ჭურჭელს ჭიქურების ნათელი ელვარება საზეიმო ხასიათს ანიჭებს. 1950-60-იანი წლების ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები მკაფიოდ გამოვლინდა კერამიკაში. ხელოვნების ამ დარგში გაძლიერდა ინტერესი ეროვნული ისტორიული მემკვიდრეობისადმი. სწორედ ეს პერიოდი აღინიშნა განსაკუთრებული მიღწევებით ტრადიციული შავკრიალა კერამიკის ტექნოლოგიის სრულყოფასა და მის ფართო დანერგვაში. ეს იყო თავის დაღწევა წინარე ხანის საბჭოთა ერთფეროვანი, სტანდარტული კერამიკული ნაწარმის ტყვეობიდან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ექსპერიმენტული ძიებები ინსტიტუტში ჩვენ თვალწინ მიმდინარეობდა. ექსპერიმენტებმა წარმატებით ჩაიარა და ქართულ კერამიკაში ახალი ეტაპი დადგა _ მხატვარმა-კერამიკოსებმა ძველი ტრადიციული კერამიკიდან არა მხოლოდ ფორმების მრავალფეროვნება, არამედ ტექნოლოგიური „საიდუმლოებებიც“ აითვისეს. ამ პროცესში დიდი იყო ზ. მაისურაძის, როგორც მკვლევრის, ასევე, მხატვარ-კერამიკოსის დამსახურება. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ქართული ეროვნული კერამიკის ხელოვნების თავისუფალი განვითარება. ქართულმა კერამიკამ მონახა საკუთარი ეროვნული სამეტყველო ენა. ზ. მაისურაძე არ შეიზღუდა კერამიკისთვის ტრადიციული ჭურჭლის ფორმებით, მან გააფართოვა კერამიკის რეპერტუარი და შექმნა მინიატურული სკულპტურული კომპოზიციების სერია ქართული ხალხური ზღაპრების თემებზე, რომლებმაც ყურადღება მიიპყრეს საინტერესო კომპოზიციური მიგნებებით, ჟღერადი ფერადოვნებით, ოპტიმისტური განწყობილებით. მხატვარი შეეცადა გაერღვია კერამიკული ნაწარმის გამოყენების სფერო და აღმოეჩინა თიხის ახალი გამომსახველი შესაძლებლობები. მას სწამდა, რომ კერამიკას შეეძლო მეტოქეობა გაეწია სახვითი ხელოვნებისათვის. ეს განხორციელდა კერამიკული პანოების სერიაში, რომელთა თემები ხალხური ზღაპრების სამყაროდან, ქართული ფოლკლორიდან იყო აღებული. კერამიკული რელიეფების იდეაც უთუოდ ძველი ქართული რელიეფური პლასტიკით იყო შთაგონებული, რომელსაც ბატონი ზაქრო განიხილავდა არა მხოლოდ როგორც ხელოვნების ისტორიკოსი, არამედ, როგორც შემოქმედი. მე არ დამავიწყდება, რა სიყვარულითა და გატაცებით ასრულებდა იგი საფარის კანკელის „ხარების“ ნატიფი რელიეფური კომპოზიციის მინიატურულ ასლებს, XI საუკუნის ქართველი მოქანდაკის ეს შედევრი იქცა გარკვეულ შემოქმედებით იმპულსად კერამიკის ახალი შესაძლებლობების მოსინჯვისათვის. იგი კვლავ და კვლავ ძერწავდა თიხისაგან წმ. მარიამის ფიგურას და ცდილობდა განსხვავებული ჭიქურების გამოყენებით ამ ქანდაკისათვის განსაკუთრებული გამომსახველობის მიცემას. ეს იყო მხატვარ-კერამიკოსის ლაბორატორია, რომლის სიღრმეებში ჩახედვა, ჩანაფიქრში წვდომა დიდად მნიშვნელოვანი იყო შემოქმედებითი პროცესის შეცნობისათვის. ასეთივე გატაცებით ძერწავდა იგი თიხაში ხანდისის ქვასვეტის ორნამენტულ-დეკორატიული რელიეფის თავისებურ პლასტიკურ სახეებს. ზ. მაისურძე თავისუფლად ფლობდა კერამიკულ მასალას და ამიტომ იყო, რომ თიხას ანდო ისეთი რთული და მისთვის უჩვეულო მხატვრული ამოცანა _ პორტრეტის შექმნა. ზ. მაისურაძის რელიეფური კომპოზიციები, პორტრეტები და სიუჟეტური გამოსახულებები არ იყო ფერწერასთან მიახლოების ცდა, მისი მიბაძვა. მხატვარი-კერამიკოსი შეეცადა კერამიკის სპეციფიკური ენით აემეტყველებინა თავისი რელიეფური „სურათები“. აქედან მომდინარეობდა, ალბათ, გარკვეული პირობითობა, ხალხური ხელოვნების ელემენტების სიჭარბე, უშუალობა და თავისებური სტილიზაცია. ხალხური ტიპაჟი, ზღაპრულ პერსონაჟთა დამახასიათებელი სახეები, პირობითობა _ ყველაფერი მხატვრული ამოცანის გადაწყვეტას ემსახურებოდა. ზ. მაისურაძე თავის ნაწარმოებებში მუდამ ინარჩუნებდა ხედვის უშუალობას, გულწრფელობას, რომლის გარეშე ხალხური ხელოვნების მოტივებისა და დეტალების გამოყენება უბრალო მიმბაძველობად იქცევა. მის ნამუშევრებში იგრძნობა ორგანული კავშირი ეროვნულ საწყისებთან, ხალხურ წარმოდგენათა სამყაროსთან, რამაც განაპირობა მათი მხატვრული ღირსებები. ზ. მაისურაძის შემოქმედების გასაგებად მნიშვნელოვანია კერამიკული პანოების სერია „ბერიკაობა“, რომელშიც მთელი სისავსით გამოჩნდა მისი კავშირი ხალხური ხელოვნების საწყისებთან. პატარა კვადრატულ პანოებზე წარმოდგენილია უძველესი ხალხური სანახაობის _ ბერიკაობის პერსონაჟები _ ნიღბებიანი, ყურძნის მტევნებიანი ვაზის რტოებით დაგვირგვინებულები. მხატვარმა ზუსტად აუღო ალღო დიონისეს უძველესი კულტიდან მომდინარე ამ ხალხური სანახაობის მონაწილეთა ხასიათს. წარმართობის ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნემდე საქართველოში არსებული ეს სანახაობა ხალხური სიბრძნის, მისი არტისტულობის ორიგინალური გამოვლენა იყო. მხატვარი-კერამიკოსი თბილი იუმორით ქმნის ადამიანურ ხასიათთა მთელ გალერეას. ამ პანოებში ჩანს მხატვრის ძიებების საინტერესო სურათი, რომელიც თემატიკური მრავალფეროვნებითა და ტექნიკური მიგნებების ნაირგვარობით გამოირჩევა. ზ. მაისურაძის შემოქმედება ქართული პროფესიული კერამიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების განუყოფელი ნაწილია, მასში აისახა მხატვრული და ტექნოლოგიური ძიებების უმნიშვნელოვანესი ამოცანები, რომლებიც იდგა ხელოვნების ამ დარგის წინაშე გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე. ქართული კერამიკა დღეს ეროვნული ხელოვნების აღიარებული მოვლენაა. იმ მხატვართა უმეტესობა, რომელთა შემოქმედების წყალობით 1950-60-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელოვნების ამ დარგმა არაერთი წარმატება მოიპოვა როგორც ჩვენ ქვეყანაში, ისე მსოფლიო ასპარეზზე, ზ. მაისურაძის ხელმძღვანელობით დგამდა თავის პირველ ნაბიჯებს კერამიკის ხელოვნებაში. მისი შემოქმედება წარმოადგენდა იმ მნიშვნელოვან ეტაპს, რომელმაც მეტწილად განსაზღვრა ქართული კერამიკის ხელოვნების დღევანდელი წარმატებები და დასაბამი მისცა მის მომავალ განვითარებას. |