Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული სცენოგრაფიის ისტორიისათვის

მარიანა ო'კლეი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


ქართული ხელოვნების უდიდესმა ისტორიულმა ტრადიციამ, ქართულმა სულმა, ქართველი ხალხის  თეატრალურმა ბუნებამ  განაპირობა ქართული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების თავისებური, თვითმყოფადი სახე.  ქართული სცენოგრაფია, მხატვრულ-სტილისტური თვალსაზრისით, ყოველთვის იდგა ჩვენი ხელოვნების ავანგარდში. მისი განუმეორებელი ხასიათი თვით საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ განსაზღვრა: ერთი მხრივ, ემოციური, დეკორატიული აღმოსავლური გარემო, მეორე მხრივ კი, რაცოინალური, მუდამ პროგრესირებადი, ცვალებადი, ახალი მხატვრული ფორმის ძიებისაკენ მიმართული, ლაკონიური დასავლური სამყარო.
ამ ტენდენციების შერწყმამ წარმოშვა ცნება ქართული სცენოგრაფიისა. ქართველი ადამიანის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი ნაწილობრივ თეატრალურ ესტეტიკას ეფუძნება, სადაც ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია სამი ძირითადი ასპექტი: პერსონაჟი, მოქმედების ადგილი და გარემოს „ქმედითი ხასიათი“, რომელიც დიდ როლს თამაშობს თვით მის ყოფაში, იჭრება აზროვნებაში და ფსიქოტიპში.
ქართული სცენოგრაფია XX–ის პირმშოა.
თავისი განვითარების საუკუნოვან გზაზე ქართული თეატრალური მხატვრობისათვის დამახასიათებელი იყო კონკრეტული და აბსტრაგირებული ფორმების არსებობა, ფუტურიზმის მოძრავი დაუოკებელი რიტმი, ექსპრესიონიზმის მძაფრი ფერადოვნება, რომელიც სპექტაკლში არსებულ ემოციებს, მღელვარებას და დრამატიზმს მიესადაგებოდა. ქართული თეატრის მხატვრების შემოქმედებაში გამორჩეული ძალით მოდერნის სტილის თვისებებმა გაიჟღერა, რომელიც თავისებურ ნაზავს წარმოადგენდა არქიტექტონიკის, რომანტიკული და ნატურალისტური ელემენტებისა, საბოლოო სახეს კი განუმეორებელ დეკორატიულობაში ავლენდა.
ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდში თეატრი მხატვრებისათვის გახდა „ნიშა“, სადაც მათ შეეძლოთ თავისუფლად გამოევლინათ თავისი დამოკიდებულება ხელოვნების ფორმისა და არსისადმი. თეატრალური სივრცე გახდა თავისებური ადგილსამყოფელი თამამი თეატრალური ექსპერიმენტებისათვის, რომელნიც შედარებით დაცული იყო უხეში რეალობისაგან.
მხატვარი თეატრალურ წარმოდგანაში რეჟისორთან ერთად გვევლინება  სპექტაკლის კონცეფციის შემქმნელად და თუ რას ანიჭებს იგი პრიორიტეტს  ვიზუალური „ხატის“ შესრულებისას - აშენებულ კონსტრუქციას თუ ფერწერულ დეკორაციას, ცალკეულ საგანთა თუ კოსტიუმების თამაშს, ფერადოვან შეხამებას, კონკრეტიკას თუ განზოგადებას, თხრობითობას თუ ლაკონიურობას, პლასტიკურ „მოდულაციას“ თუ გრაფიკულ გადაწყვეტას - ეს მის ინდივიდუალობაზეა დამოკიდებული.
ქართული სცენოგრაფია ეტაპობრივად ახორციელებდა მსოფლიო თეატრალურ მხატვრობაში არსებული ტენდენციების დამკვიდრებას და განვლო გზა სპექტაკლის უბრალო გაფორმებიდან ქმედით სცენოგრაფიამდე.
ყოველი ეპოქა თავის  ახალ კულტურას ქმნის. ხდება უნივერსალური თემების „გადახალისების“ მცდელობა და იბადება სხვადასხვა დროითი პლასტების თანაარსებობის შეგრძნება. ახლის შექმნა უკვე არსებულის გადათამაშების და  სხვაგვარად აწყობის საშუალებით ხორციელდება. შესაბამისად, ახალი აზროვნება, გემოვნება, მსოფლმხედველობა, შეგრძნებები ძველის პირისპირ დგება, თუმცა,  ეს უკანასკნელი განაგრძობს უმნიშვნელოვანესი როლის თამაშს ახლის მოძიებაში.
ძველი ნიმუშების გამოყენებისას მხატვარი, თავისი დამოკიდებულიბიდან გამომდინარე, მოაქცევს მას ინდივიდუალური მხატვრული ხედვის ფარგლებში, ტვირთავს ახალი პრობლემატიკით, რითაც თანამედროვე აქტუალურობას ანიჭებს და მოჰყავს თავის შემოქმედებით კონცეფციასთან  შესაბამისობაში.  შედეგი - საკუთარი სუბიექტური რეალობის შექმნაა.
XXI საუკუნის ქართული თეატრის საერთო ნიშანია - რაც მხატვრობაშიც ხაზგასმით გამოვლინდა -არსებობა დროისა და სივრცის გარეშე, იგავური თხრობა, ირონიაში,  გროტესკში გამოსახული კრიტიკა, რომელიც  ტრაგიკულობის  შეგრძნებას აჩენს, რაც დღევანდელობისათვის შესაფერის ცხოვრებისეულ აღქმას ბადებს.
ნებისმიერი ხელოვანის ნაწარმოები მხატვრის მეორე „მე“-ა, რადგან  შემოქმედი მასში დებს ემოციას და გარკვეულ, მის მიერ ინტერპრეტირებულ იდეას. აქ ხდება გაერთიანება ემოციურ-აზრობრივი ნაფიქრალისა, რაც მაყურებელთან დიალოგს ქმნის. სახელოვნებო ნამუშევრის ამოსაკითხად იდეა და ფორმა თანხვედრაში უნდა მოდიოდეს, მაშინ იზიდავს ის მაყურებელს. მაშინ იქმნება პრობლემა,  რომელშიც თავად მხატვარი აქტიურად ერთვება.
2015 წელს გამართულ   პრაღის კვადრიენალეზე საქართველოს ნაციონალური პავილიონი,  სახლწოდებით „ ქალის ხმა“,   თორმეტი სცენოგრაფი ქალის ნამუშევრებით წარსდგა. ესენი არიან: ნინო ჩუბინიშვილი, ანა კალატოზიშვილი, ნინო კიტია, ნინო ჩიტაიშვილი, ნინო სურგულაძე, ანა ნინუა, მანანა გუნია-რომანო, ეკა სოლოღაშვილი, ანა მოსიძე, თამარ ოხიკოიანი, თეო კუხიანიძე, ნუცა ხიდაშელი.
ახალმა რეალობამ ახალი ამოცანები დააყენა თეატრის წინაშე. ახალი თვითგამოხატვის ფორმის ძიების პროცესმა ასახვა პოვა ადამიანთა პიროვნულ თვითშეგრძნებაში. წინა პლანზე წამოიწია გენდერულმა თვითგამორკვევამ.
ხელოვნების ენით ქალებმა წამოსწიეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: რას ნიშნავს იყო ქალი? როგორ აღიქვამს ქალი სამყაროს? ხშირ შემთხვევაში ქალთა შემოქმედებაში ვაწყდებით ისეთ ემოციურ გამოვლენას და იდეურ პლასტებს, როგორიცაა  სულიერი ექსპრესია, რადიკალურობა, ტანჯვა, აგრესია, შიში. ქალი მხატვრებისათვის  ძალაუფლების მოპოვების აქტი თვითონ შემოქმედებითი პროცესი გახდა. მათ  მოეხსნათ  მხოლოდ მუზის როლი, თუმცა, ამ  ვითარებაშიც,  როდესაც ხდებოდნენ არტისტების შთაგონების წყარო, ქალებმა განსაზღვრეს მრავალი გენიოსის შემოქმედება. ისინი არ ქმნიდნენ, მაგრამ თამამად შეიძლება თანაავტორებად ჩაითვალონ.
ქალებმა აქტიურად დაიწყეს ბრძოლა საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის, საკუთარი უფლებების დასაცავად და თეატრალური ხელოვნება ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.
დღევანდელ ქართულ თეატრში ქალმა-სცენოგრაფმა წამყვანი ადგილი დაიკავეს. ქართული სცენოგრაფიის ისტორიას თვალი რომ გავადევნოთ, მასში არ ყოფილა პერიოდი, სადაც ერთმანეთის გვერდით ამდენ ქალბატონს ემუშავა, თუნდაც, სხვადასხვა თეატრში, მაგრამ დროის ერთ მონაკვეთში. ამ მხატვრების იდეური, მხატვრულ-სახოვანი კონცეფცია სპექტაკლის პლასტიკურ-გამომსახველობით, ვიზუალურ კონტექსტში იკითხება, რომელიც დრამატურგიულად არის ინტერპრეტირებული, კოსტიუმის გადაწყვეტის თვალსაზრისით   მსახიობი ხდება სახვით-პლასტიკური კომპოზიციის ელემენტი, რომელიც სცენოგრაფიულ მოქმედებაშია გაცოცხლებული. ამავე დროს, ჩაცმულობა და აქსესუარები აძლიერებს სპექტაკლის სანახაობრივ მხარეს.
უნდა აღინიშნოს,  რომ მხატვრული ფორმის მხრივ, ქალი სცენოგრაფების ხელოვნებაში  მკაფიოდ იკითხება მხატვრული აზროვნების თვითრეფლექსიის პარადიგმა: ძველი და ახალი ხელოვნების ნიშან-თვისებათა გაერთიანება  ანუ  ტრადიციული  თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობისათვის დამახასიათებელი კლასიკური ფორმის, სტილისტიკის გამოყენება „რეპლიკების“ სახით და მასზე დაფუძნებული ახალი იდეური წაკითხვა, რომელიც დღევანდელ პრობლემატიკასთან  პირდაპირ კავშირშია.
ამ 12 ქალბატონის ხელოვნება მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მათ გარკვეულ ნაწილში იდენტობის კრიზისი სულიერი ტანჯვის, გაორების, სიზმრის, მოზაიკური, შეკუმშული ან დახშული სივრცის სახით იგრძნობა. ნაწილთან მკვეთრად გამოიხატა ესტეტიზმისკენ სწრაფვა, რაც თანამედროვე რეალობის საპირისპიროდ იკითხება და, იმავდროულად, ნამუშევრებში წარმოჩენილი დეკორატიულობა, ნატიფი სილამაზის ხაზგასმა, ფერის როლის მნიშვნელოვანება და შესაბამისი ჟღერადი „აკორდის“ დახვეწილობა ქართული მხატვრობის ერთ-ერთი საბაზისო  ნიშანია. ამ არტისტებს აერთიანებთ ძლიერი სტიქია, რომელიც ენერგიით არის სავსე და ყოველი მათგანი მუდმივი განახლების პროცესში იმყოფება, რაც მიუთითებს, რომ სადღაც, აზრობრივ სიღრმეებში მიმდინარეობს ახალი ფორმის, ახალი რეალობის ძიება.
ნიშანდობლივია,რომ თავის პერსონაჟებს (რეჟისორის ჩანაფიქრის  შესაბამისად, რომელიც, გარკვეულ შემთხვევაში, უშუალოდ სცენოგრაფიული გადაწყვეტის  თანაავტორად გვევლინება), დეკორაციული  სისტემის წყობიდან გამომდინარე, მხატვრები „ჩაკეტილ“, „დამუხტულ“ სივრცეში განალაგებენ, ავითარებენ რა შექსპირისეულ ხატოვანებას „სამყარო – ციხეა“, მეტაფორას,რომელიც დანიის პრინცს ჰამლეტს ეკუთვნის. ეს თითქოს ის გლობალური ტოტალიტარიზმია, საიდანაც ჩვენი ქვეყანა მუდმივად ცდილობს გამოსვლას. სცენიგრაფიული სიმბოლოები მინიმალისტურად არის გამოყენებული, რადგან თვით მაყურებლის წარმოსახვამ უნდა შეავსოს ერთიანი მხატვრული სურათი და შექმნას ერთიანი შთაბეჭდილება, მიმართული  „უჰაერო სივრცის“ გარღვევის სურვილისაკენ.
დეკორაციულ სისტემას იდეური დატვირთვაც აწევს, რაც ანიჭებს მას „ქმედითი“ გაფორმების შესაძლებლობას და პირობითობის საზღვრებში მოქცეული, თავის თავზე იღებს დრამატურგიული და აზრობრივი მხარის პლასტიკურ-ვიზუალურ განსახიერებას.
კოსტიუმის ფერადოვანი ლაქა სცენაზე, დინამიკურ მოძრაობაში მრავალფეროვან ფერადოვან პალიტრას ქმნის და იქცევა სიმბოლოდ, რომლის მეშვეობით ხდება თვით გმირის შინაგანი სამყაროს, მისი ბუნების წარმოჩენა და პერსონაჟის მხატვრისეული, სუბიექტური დახასიათების  გამოვლენა.
კოსტიუმები ხშირად არის დომინანტი სპექტაკლის სტრუქტურაში, რაც  ვ. ბერეზკინის მოსაზრებით, მიეკუთვნება „მხატვრის თეატრის“ ცნებას, როგორც სცენური შემოქმედების განსაკუთრებული სახე. ხშირად, ჩაცმულობის მხატვრულობა რეჟისორის ხედვით არის განპირობებული. ასეთ შემთხვევაში რეჟისორი წყვეტს თუ როგორ წარმოჩნდეს კოსტიუმი - ეპიზოდურად, კულმინაციურ მომენტში თუ სპექტაკლის მსვლელობისას ქმნიდეს ვიზუალურ კონტრაპუნქტს საერთო დეკორაციულ სისტემასთან. ნამუშევრებში კოსტიუმს თავისი ხასიათი აქვს – გროტესკული, ექსპრესიონისტული, ბუფონადური, კომედიური, „საცირკო“. ხან უტრირებულად სადაა, ესთეტიკურად დახვეწილი, ისტორიული ეპოქის  სტილისტიკის გამომხატველი. ზემოთ ჩამოთვლილიდან  ჩაცმულობას ფსიქოლოგიური აქცენტის ფუნქცია ეკისრება და  შესაბამისი განწყობის მატარებელია.
მხატვრების მიერ პერსონაჟისა და კოსტიუმის ვიზუალურ-ხატოვანი გაერთიანება და მათი ერთმანეთთან გაიგივების ტრადიცია, ანუ ერთობლიობაში გააზრება შეიძლება მოვიძიოთ  ქართულ  ეთნო-ფოლკლორულ ტრადიციაში - „ბერიკაობა“  წარმართული ხანიდან მომდინარე დღესასწაულია, რომელიც პირველი მაგალითია ქართული სათეატრო წარმოდგენისა. ეს იყო იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი, დაკავშირებული   საკულტო-რელიგიურ სანახაობასთან, სადაც ქუჩის მსვლელობა  მუსიკისა და ცეკვის თანხლებით მიმდინარეობდა. ბერიკები ფერადოვანი ტანსაცმლით იმოსებოდნენ და სახეზე ნიღბები ეკეთათ. როგორც დღევანდელობაში, იმ დროშიც  ემოციები, ვნებები, რომელიც საზოგადოებაში ღვივდებოდა,  გარკვეულ არქეტიპად ყალიბდებოდა.
ქართველი ქალი - სცენოგრაფები სხვადასხვა მხატვრული ხერხის მეშვეობით ცდილობენ თავისი აზრობრივ-ემოციური პოზიციის დაფიქსირებას. ეს გახლავთ საკუთარი მიდგომისა და შეგრძნებების დეკლარირება და შეურიგებლობა დღევანდელ დისჰარმონიულ, ნიჰილისტურ  სამყაროსთან.
ტრადიციისა და ახალი მხატვრული აზროვნების სინთეზი – ასე შეიძლება დავახასიათოთ თანამედროვე ქართული თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობა. ფორმის ერთგულება, ფერადოვნებისაკენ, მრავალხმოვანებისაკენ სწრაფვა (რაც ქართულ ფოლკლრულ მუსიკაც ახასიათებს) და მოვლენების დანახვა, გაანალიზება დღევანდელობის პოზიციიდან, სწრაფად - ცვალებადი, დინამიკური სამყაროს პრობლემატიკის პრიზმაში, უფრო აქტუალურს ხდის თითოეული ჩვენგანისათის თანამედროვე ხელოვნებას, რომელიც, ერთი მხრივ, აწმყოს პოეტიზაციისაკენ არის მიმართული, მეორე მხრივ კი, აშიშვლებს მის ყველა მანკიერ მხარეს. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების თანაარსებობაში,   მათ ურთიერთჭიდილში საბოლოოდ იბადება ახალი ჭეშმარიტება და ახალი ღირებულებები.

მანანა გუნია დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში; პირველადი განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღო; შემდგომ სწავლა განაგრძო ფლორენციის აკადემიაში ვირტუალი სცენოგრაფიის მიმართულებით და თავისი შემოქმედება ვირტუალურ თეატრს დაუკავშირა. მისი სცენოგრაფიის ძირითად ელემენტებს წარმოადგენს დაზგა, ფონური მულტიმედიური პროექციები, რომელნიც ცნობილი მხატვრების რეპლიკებით ან აბსტრაქტული ვიდეოარტით იქმნება. დეკორაციის ორგანული გაგრძელებაა კოსტიუმი, რომლის არქიტექტონიკა მონუმენტურია. მხატვარი მინიმალისტური ესთეტიკის ფარგლებში ხსნის ნაწარმოების არსს. ზოგიერთ შემთხვევაში სცენოგრაფი მოქმედ პირთა ვნებათაღელვას ასახავს, რაც კონკრეტულ გარემოზე მეტად აინტერესებს. ვირტუალური დეკორაციის მიზანმიმართული სქემატურობის დაპირისპირება რეალისტურად გადაწყვეტილ დეტალებთან ზღაპრულობის, რაციონალურობისა და ირაციონალურობის შერწყმის განწყობას ბადებს  და პარალელს კინოხელოვნებასთან იძლევა. მანანა გუნია მუშაობს მულტიმედიაში, სარეკლამო და საექსპოზიციო დიზაინში, ქმნის ექსპერიმენტულ პროექტებს ვირტუალურ თეატრში; ფლორენციის ხელოვნებათა საერთაშორისო კონკურსზე მიღებული აქვს ოქროს მედალი (2002 წ.). ილ. 1, 2

1

2


ანა მოსიძე 2005 წლიდან მოღვაწეობს მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში კოსტიუმების მხატვრად. მას შესრულებული აქვს კოსტიუმები უ. შექსპირის, პ. მერიმეს, ე. როსტანის, ა. კამიუს ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში; მოღვაწეობდა ცნობილ ქართველ რეჟისორებთან: დ. დოიაშვილთან,ლ. წულაძესთან და სხვა., მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა გამოფენებში,როგორც საქართველოში,ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ანა მოსიძეს მიღებული აქვს ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო კოსტიუმი“ თეატრალურ ფესტივალზე Throughout the world. სპექტაკლისთვის  „მაკბეტი“ (რეჟ. დ. დოიაშვილი)  შექმნილმა კოსტიუმებმა მას ექვსი გამარჯვება მოუტანა.
მხატვარი რეჟისორთან ერთად ქმნის სპექტაკლის  ვიზუალურ-ხატოვან სახეს.მისი კოსტიუმები,როგორც დინამიკური ელემენტები სპექტაკლის სტრუქტურაშია ჩაწერილი და აძლიერებს წარმოდგენის საერთო რიტმულობას, მის ექსპრესიულობას და ემოციურ წაკითხვას. კოსტიუმების მოხაზულობა და ფორმა, მათი ფერადოვნება ხელს უწყობს გმირის ხასიათის  მხატვრულ  წარმოჩენას.  ჩაცმულობა აყალიბებს პერსონაჟის ტიპს და გადმოსცემს სახასიათო შტრიხებს. ის,როგორც მოძრავი დეკორატიული ლაქა, ამძაფრებს სპექტაკლის სანახაობრივობას და ვიზუალურ ეფექტს ქმნის.  კოსტუმის სილუეტი ხაზს უსვამს მსახიობის პლასტიკას და რეჟისორის მიერ სასცენო კომპოზიციის აგების მკვეთრად წარმოჩენისაკენ არის მიმართული. ილ. 3, 4

3
4


ნინო კიტია თავდაპირველად ბალეტის მსახიობის პროფესიას ირგებდა. პარალელურად ის დრამის რეჟისორის და მსახიობის ოსტატობას ეუფლებოდა, თუმცა, საბოლოო არჩევანი სცენოგრაფიაზე გააკეთა; სტუდენტობიდან მონაწილეობას ოღებდა სხვადასხა თეატრალურ და თანამედროვე ცეკვის სადიზაინერო პროექტში. ნინო კიტია მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახ. დრამატულ, მ. თუმანიშვილის სახ. კინო-მსახიობთა, ნ. დუმბაძის სახ. ცენტრალურ საბავშო თეატრებში. გახლავთ „შემოქმედებითი ლაბორატორიის“ დამფუძნებელი, მრავალი მუსიკალური კლიპის,სარეკლამო რგოლის და სანახაობების დიზაინერ-გამფორმებელი.
მხატვარი რეჟისორის თანაავტორია. მისი ნარატივი, „ნაფიქრალი“, კონცეპტუალურია. მასთან ფორმა და არსი იდეის სახეს იძენს.  სცენოგრაფის მონაწილეობა მხატვრული „ხატის“ შექმნაში აქ აშკარად არის გამოხატული. სპექტაკლის ვიზუალური ნაწილი განზოგადებულ, პლასტიკურ-გამომსახველობით კონტექსტში იკითხება, ის დრამატურგიულად არის გახსნილი და თითქოს სივრცეში დროის გარეშე არსებობს. აბსტრაგირებული თუ სიმბოლური დატვირთვის მატარებელი გაფორმება შინაგანი ექსპრესიით ავსებს როგორც სცენას, ასევე, მაყურებელთა დარბაზსაც. ის ეხმარება რეჟისორს, გახსნას ნაწარმოების ფსიქო-ემოციური პლასტები და  მხატვრის ინდივიდუალურ ხედვასაც ასახავს. ილ. 5, 6

5

6


ეკა სოლოღაშვილი თეატრალური ინსტიტუტის სცენოგრაფიული დეპარტამენტის დამთავრების შემდეგ  აქტიურად ჩაერთო პროფესიულ საქმიანობაში. მას სპექტაკლების გაფორმებისათვის, თუ კოსტიუმების შესრულებისათვის თბილისის სხვადასხვა თეატრში იწვევენ: შ. რუსთაველის სახ.სახელმწიფო დრამატული, მ. თუმანიშვილის სახ.კინო-მსახიობთა,ნ. დუმბაძის სახ. სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრები,ასევე, თეატრი ათონელზე, თავისუფალი თეატრი,თეატრალური „სარდაფი“. ხშირ შემთხვევაში ეკა წარმოგვიდგება მთლიანი სპექტაკლის ვიზუალური მხარის ავტორად, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი მისი კოსტიუმებია.  მხატვარი  ჩაცმულობას „თანამედროვე“ ჟღერადობას ანიჭებს (მიუხედავად დროითი მოთხოვნილებისა), რასაც აღწევს კოსტიუმის „მარტივი“ და დახვეწილი სილუეტის შექმნით,  თუმცა, მაქსიმალურად უნარჩუნებს მას ეპოქის სტილისტიკას. აქედან გამომდინარე, კოსტიუმები გამოიყურება ძალზე თეატრალურად  ეპოქის სტილის ზუსტ დახასიათებას იძლევა და, ამავე დროს, საკმაოდ „მოდურიც“ არის და ელეგანტურიც. ეკა სოლოღაშვილი, თავის შემოქმედებაში,  განზოგადებისა და მინიმალისტური სახვითი ენის გამოყენების ხარჯზე მიისწრაფვის ესთეტიზაციისაკენ; კოსტიუმის ფერადოვნება ქმნის დამატებით აქცენტებს გმირის შინაგანი მდგომარეობის გადმოცემისათვის და სპექტაკლის არქიტექტონიკის გაძლიერებისათვის.  ილ. 7, 8, 9

8

7

9


ნინო ჩუბინიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში; მოღვაწეობს როგორც დამოუკიდებელი მხატვარი, ქმნის სადიზაინერო ნამუშევრებს კოსტიუმის და სკულპტურული კოსტიუმის სფეროში, შესრულებული აქვს კოსტიუმები ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით დადგმული საბალეტო წარმოდგენისათვის. თბილისის კულტურული ცხოვრების მეტად ღირშესანიშნავი მოვლენა იყო მისი პერსონალური გამოფენა „ჩუბიკა კარდენისათვის“, ასევე, ჩრდილების გამოფენა art areas შენობაში; ნამუშევარი „სკულპტურა ტყავში“ ნაციონალური მუზეუმის მუდმივი ექსპონატების სიაშია შესული. ის მონაწილეობას იღებდა ავინიონის ფესტივალში, ჰქონდა გამოფენები პარიზში, ამსტერდამსა და ლუქსემბუგში; ნინო არის მოსკოვში ჩატარებული ინტერნაციონალური მოდის ჩვენების „რუსული სილუეტი“-ს გრან-პრის მფლობელი.
ნინო ჩუბინიშვილმა სამოდელო ხელოვნებაში გაითქვა სახელი, თუმცა, მისი შემოქმედებითი აზროვნება  სცდება ამ კონკრეტული დარგის სპეციფიკის საზღვრებს. მისი მოდელები თეატრალური ნამუშევრებია. მისი ქმნილებები კონცეპტუალური ობიექტებია. ცალკე აღებული, თუ ჯგუფურად წარმოდგენილი კოსტიუმი არის პერფორმანსისა და ინსტალაციის შერწყმა. ის ქმნის გარემოს, რომელსაც ძლიერი ზემოქმედების ძალა აქვს და ნინო მასში  თავის მეტაფიზიკურ ფრენაში არსებობს.ამ ხელოვანის აზროვნება უსასრულოა და მუდამ მოულოდნელი. მისი ობიექტები შიგნიდან დამუხტულია სულიერებით. ფორმა, რომლითაც ის „თამაშობს“ - მრავალგვარია, თუმცა, თითოეული ძალზე ინდივიდუალური და პერსონიფიცირებულია. ნინო ჩუბინიშვილის მოდელები სულიერი გზავნილების მატარებელია.  კოსტიუმების „ქარიზმატიულობას“ ორნამენტული ელემენტები ამძაფრებს, რომლებიც გარკვეულ გზავნილებს გადმოსცემს. ის ეძებს კოსტიუმში თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალურ სახეს. ილ. 10, 11

10

11


ნინო ჩიტაიშვილმა 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია თეატრალური მხატვრობის განხრით; გაფორმებული აქვს 50-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 2013 წლიდან ის ნ. დუმბაძის სახ. ცენტრალური საბავშვო თეატრის მთავარი მხატვარია, მოღვაწეობს, აგრეთვე, კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო, მ. თუმანიშვილის სახ. კინო-მსახიობთა თეატრებში, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. დრამატულ თეატრში, თეატრალურ სარდაფში და სხვა; 2005 წელს შესრულებული აქვს კოსტიუმების კოლექცია სახელწოდებით „ მშვენიერი ქართველი ქალი“, რომელიც წარდგენილი იყო მედმოდას ფესტივალზე, იტალიაში; გამართული აქვს პერსონალური გამოფენები, მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენაში პარიზში.
ნინო ჩიტაიშვილის ხელოვნება ესთეტიკურ-აზრობრივი ღირებულებების  ნიმუშს წარმოადგენს.. ის გვთავაზობს სპექტაკლის მთლიან მხატვრულ გაფორმებას, რასაც ჰარმონიულად უხამებს კოსტიუმების მრავალფეროვნებას.. მხატვარი ეყრდნობა რა ლიტერატურულ პირველწყაროს ,თავის წარმოსახვაში დაბადებულ შესაბამის გარემოს ქმნის, სადაც გამოკვეთილია და ხაზგასმულია  მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები. სცენის სივრცე მასთან მორგებულია  მსახოიბებზე და იქ  ძალზე ბუნებრივი ატმოსფერო სუფევს, რაც მაყურებელშიც იწვევს ადეკვატურ შეგრძნებებს. ამ განცდას მხატვარი საკუთარი ზუსტი და უტყუარი ინტუიციიდან და ხედვიდან ღებულობს. მისი ხელწერა განზოგადებულ წაკითხვას ეფუძნება, რომელშიც მკაფიოდ იკვეთება მთავარი იდეა,რაც სპექტაკლის აზრობრივ ღერძს ქმნის. კოსტიუმების მეშვეობით მხატვარი აკონკრეტებს დროს და თეატრალურობის ეფექტს აძლიერებს. მისი ფორმა და ფერი ვიზუალურს ხდის დრამატურგიას და მას ემოციურობას მატებს - ის ხან ჰაეროვანი და მსუბუქია,ხან კი - დრამატული და ექსპრესიული. ილ. 12, 13

12

13


ანა კალატოზიშვილმა განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ კი ავსტრიაში,გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში მიიღო, სპეცილობით სცენოგრაფია და ვიდეო-არტი. ის ძალიან ნაყოფირად მოღვაწეობს თეატრალური მხატვრობის დარგში, გაფორმებული აქვს სპექტაკლები საქართველოს წამყვან მუსიკალურ და  დრამატულ თეატრებში. არის არა ერთი გაფორმებისა და მრავალი კოსტიუმის შემქმნელი.  მოღვაწეობს კინოს სფეროშიც.  რამოდენიმე კინოფილმის დამდგმელი მხატვარიცაა და კოსტიუმების ავტორიც. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო ირანში, დანიაში - კოპენჰაგენში, თბილისში, გერმანიაში, ლონდონსა და სხვაგანაც. ანა კალატოზიშვილი გახლავთ რამდენიმე თეატრალური პრემიის მფლობელი,მათ შორისაა  თეატრალური ფესტივალი „დურუჯი“, პარნასი, „Majic “, თეატრალური საზოგადოება და სხვა.
ანა კალატოზიშვილის შემოქმედებას გამოარჩევს ძლიერი და დახვეწილი ფერადოვნება, უშრეტი ფანტაზია, გემოვნების, ტაქტის, ზომიერების დიდი გრძნობა. მისი სპექტალები, ფერადოვანი პალიტრის და  კოსტიუმების „მრავალხმიანობის“ თვალსაზრისით, ერთიანი ფერადოვანი, მუსიკალურ-დრამატურგიული ნაწარმოებია. ის „მოსავს“ სპექტაკლს და ანიჭებს მას რიტმულ-ემოციურ საფუძველს. გაფორმების სისტემა და კოსტიუმები ერთობლიობაში მიესადაგება და  ქმნის  იმ გამწყობას, რომელიც სპექტაკლმა უნდა აღძრას მაყურებელში. ეს ხან გრაფიკულ სიმკაცრეში, მკაფიოებაში ვლინდება, ხან კი თავისუფალ, მდიდარ ფერწერულობაში.  ყველა არსებული სცენოგრაფიული ელემენტი თუ თავისთავად კოსტიუმი მხატვრის მიერ  დამუშავებულია მრავალგვარი მხატვრული ფორმის გამოყენებით, რომლის გათამაშებით მხატვარი აღწევს სათანადო მხატვრულ ეფექტს -  ხაზგასმულია ყველაზე სახასიათო, რაც უფრო რელიეფურს ხდის ვიზუალურ მხარეს და  სცენაზე წარმოქნის  მაგიურობის შეგრძნებას. ანა კალატოზიშვილის პროფესიონალიზმი, ინდივიდუალურობა, ხედვის სიმძაფრე, საერთო კულტურა ვლინდება ყველა მის ნამუშევარში, რის საფუძველზეც იქმნება დახვეწილი, სანახაობრივად მრავალფეროვანი თეატრალური სამყარო. ილ.  14, 15

14

15


თამარ ოხიკიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემია, სტაჟირება გაიარა გერმანიაში. დღესდღეობით იგი მოღვაწეობს სამეფო უბნის თეატრსა და საქართველოს  სხვადასხვა, რეგიონალურ  - ვ. გუნიას სახ. ფოთის, ი. ჭავჭავაძის სახ. ბათუმის სახელმწიფო თეატრებში. თამარ ოხიკიანი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია და მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ დიდი გამოცდილების დაგროვება შეძლო. მან თავისი საკუთარი ხელწერა დაგვანახა, თუმცა, ჯერ კიდევ ძიების პროცესში იმყოფება, რამაც, შესაძლოა, გააფართოოს მისი მხატვრული ხედვა და სხვა ელფერი შემატოს მის შემოქმედებას. ამ ეტაპზე თამარ ოხიკიანმა თავი გამოავლინა,როგორც მხატვარმა-კონცეფტუალისტმა. მისთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს სცენაზე, გაფორმებაში წარმოაჩინოს საკუთარი დამოკიდებულება ნაწარმოებში ასახული მოვლენის მიმართ.  შესაბამისი სცენოგრაფიული ფორმის დახმარებით გადმოსცეს ლიტერატურული ნაწარმოების მისეული შეგრძნება და შეფასება. ამ მხატვრის შემოქმედებაში მკაფიოდ გამოჩნდა XX საუკუნის ხელოვნებისათვის სახასიათო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება - უიმედობა და ნიჰილიზმი. მხატვარმა მოირგო  ფუნქციური სცენოგრაფიის ფორმა, დატვირთა ის აზრობრივად და ძალზე დამაჯერებელია თავის კონსტრუქციულ-ასოციაციურ სამყაროში. ილ. 16, 17

16

17


თეო კუხიანიძემ თავდაპირველად პროფესიული განათლების მიღება დაიწყო ექვთიმე თაყაიშვილი სახ. კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში, შემდგომ სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. დღეს ის პროფესიულ დახვეწას გადის Art Studio-ში, გამოჩენილ ქართველ მხატვრთან გიორგი მესხიშვილთან. თეო კუხიანიძე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რეგიონალურ თეატრებთან (ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ სახელმწიფო დრამატულ, გ. ერისთავის სახ. გორის, ა. წერეთლის სახ. ჭიათურის, ი. ჭავჭავაძის სახ ბათუმის თეატრები), აგრეთვე, თბილისის თავისუფალ თეატრთან. ქუთაისის თეატრში გაფორმებულმა სპექტაკლმა „მაკბეტი“ მას მოუტანა დიდი წარმატება და აღნიშნულ იქნა 2014 წელს თეატრალური პრემიით „დურუჯი“, როგორც საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარი.
თეო კუხიანიძის მიერ „მაკბეტში“ შემოთავაზებული სცენის აგების კონსტრუქციული პრინციპი „ენერგეტიკულად“ დამუხტულია და იმთავითვე შეჰყავს მაყურებელი დაძაბულ ატმოსფეროში.ჩაკეტილი სასცენო სივრცის გარღვევა  ადამიანებისათვის,რომელთა მთავარი მიზანი ცხოვრებაში ნებისმიერი გზით ძალაუფლების მოპოვებაა - შეუძლებელია. ასეთი მიდგომით  მხატვარი თავის დამოკიდებულებასაც ავლენს და ფსიქო-ემოციურ განწყობას ქმნის. შექსპირის ტრაგედიის სახვით-პლასტიკური განსახიერება ძლიერდება ფერთა მონოქრომულობით. სასცენო გაფორმება განზოგადებულია და დატვირთული სხვადასხვა სიმბოლური ნიშნით. მხატვარი დეკორაციული სისტემის მეშვეობით ცდილობს გამოავლინოს ნაწარმოების მთელი ტრაგიზმი. სთავაზობს რა რეჟისორს თავის სცენოგრაფიულ მოდელს,შემოქმედი იმავდროულად აქტიურად უხამებს გაფორმების საერთო აგებულებას რეჟისორულ გააზრებას. ამ სპექტაკლის წარმატება გაპირობებულია მხატვრისა და რეჟისორის (გ.სიხარულიძე) მიერ სპექტაკლის  ერთიანი კონცეფციის შექმნით. ილ.  18, 19

18

19


ნუცა ხიდაშელი რამდენიმე პროფესიას ფლობს. იგი გახლავთ ხელოვნების ისტორიკოსი, რესტავრატორი, თეატრის მსახიობი და, რაც მთავარია, თოჯინების შემქმნელი და დიზაინერი. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გახლავთ თოჯინების კლუბის დამფუძნებელი; მოღვაწეობდა თბილისის სხვადასხვა თეატრებში. 2001 წელს მას მიენიჭა გამოჩენილი ქართველი რეჟისორის - ს. ახმეტელის სახელობის პრემია თეატრალურ სარდაფში დადგმული სპექტაკლისათვის „ფაუსტი“, რომლისთვისაც  შექმნა თოჯინები. ნ. ხიდაშელი,  ასევე, თანამშრომლობდა ქ. ბაქოს მარიონეტების თეატრთან. ნუცა ხიდაშელი  თოჯინები, სპექტაკლის მთავარი პერსონაჟები, „სულირი არსებებია“ თავისი სახასიათო, განუმეორებელი გარეგნობით, ჩაცმულობით, ხასიათით. ისინი ემოციურად ზემოქმედებენ,  მხატვარი მათ გრძნობებით მუხტავს. თოჯინები,როგორც რეალური მსახიობები, აცოცხლებენ თავიანთ პერსონაჟებს. მათში სულია შთაბერილი, აქედან - სპექტაკლიც მთლიანობაში „ცოცხალი“ და მეტყველია. ყოველი თოჯინის შესრულებისას დიზაინერი დიდ გემოვნებას ავლენს. ისინი რეალისტურია და ხელშესახები. მხატვარს თავისი დამოკიდებულება აქვს თითეულთან. მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე მყარდება ჩვენი კოტაქტიც ამ პერსონაჟებთან. ზოგი მათგანი ლირიზმით გვხიბლავს, ზოგი - გროტესკული გადაწყვეტით, ზოგი - თავისი სინაზით,რომანტიკულობით, სინატიფით, ზოგი კი პირიქით - ექსპრესიულობით. მხატვარი გვაძლევს გრძნობების მთელ პალიტრას და თანამონაწილეს გვხდის იმ განცდისა, რასაც ეს პერსონაჟები გადმოსცემენ. ილ. 20, 21

2021

ანა ნინუამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; მას გაფორმებული აქვს 30-ზე მეტი წარმოდგენა თბილისის სხვადასხვა თეატრში, მათ შორის თბილისის დრამისა და მუსიკის სახელმწიფო, ა. გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული  დრამატული, სამეფო უბნის თეატრებია.  განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მუშაობა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამოჩენილ რეჟისორ რობერტ სტურუასთან.


ანა ნინუა თავის სცენოგრაფიულ სამყაროს რეჟისორთან მჭიდრო ურთიერთკავშირში ქმნის. მის მიერ გააზრებული სცენური გარემო თითქოს მხატვრულ-ვიზუალური ფორმით ნაწარმოებში მოცემული მთავარი იდეისა და  რეჟისორის კონცეფციის დეკლარირებას ახორციელებს. განზოგადებული ესტეტიკური ფორმა მასთან პლასტიკურ გამომსახველობას იძენს. აქ ვხვდებით ჩვეულებრივი სცენოგრაფიული რეკვიზიტის სიმბოლურ ჟღერადობას, რაც თვით დრამატურგიული ნაწარმოების ქვეტექსტის წინა პლანზე წამოწევას უწყობს ხელს. სცენის გაფორმება განწყობის თვალსაზრისით მრავალგვარია - პოეტური,ირონიული, ექსპრესიული. დრამატული შინაარსი და ფიზიკურად  არსებული სცენოგრაფია სპექტაკლის ტემპო-რიტმს ქმნის; სცენაზე ასახული და დაფიქსირებული დრო ზემოქმედებს ჩვენს ემოციაზე. ანა ნინუას ვიზუალური გარემო თეატრალური ხარისხის ტრანსფორმაციას წარმოადგენს. ილ.  22, 23, 24

5

6.

7


ნინო სურგულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მუშაობდა კოსტიუმების მხატვრად თბილისის სხვადასხვა თეატრში. განსაკუთრებით ეტაპური და მნიშვნელოვანი გამოდგა მისი მოღვაწეობა კ.მარჯანიშვილი სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში და შემოქმედებითი კავშირი ამ თეატრის მთავარ რეჟისორთან, ლევან წულაძესთან. მისმა კოსტიუმებმა, რომლებიც  შესრულებული იყო უ.შექსპირის პიესისათვის „როგორც გენებოთ“,დიდი მოწონება დაიმსახურა შექსპირისადმი მიძღვნილ Globe to Globe ფესტივალზე, ინგლისში. ნინო სურგულაძეს გამართული აქვს რამოდენიმე პერსონალური გამოფენა თბილისში და ნიუ-ორკში.
ნინო სურგულაძის კოსტიუმები ეპოქის მხატვრული სტილის მაქსიმალური დაცვით არის შესრულებული. თითოეული კოსტიუმი სახეა, რომელიც ცალკე აღებულიც კი თავისუფლად ქმნის წარმოსახვით პერსონაჟს თავისი სახასიათო ნიშან-თვისებებით. მხატვარი კარგად გრძნობს და იყენებს მასალას, მის ფაქტურას, რომელიც გრაციოზულ, ელეგანტურ სილუეტთან შეხამებით დახვეწილ შთაბეჭდილებას ტოვებს და მაღალი გემოვნებით აღინიშნება.მხატვარი ყოველთვის ამოდის რეჟისირული გადაწყვეტიდან და ერთი სპექტაკლის ფარგლებში ქმნის კოსტიუმების მთელ გალერეას, რომელიც დადგმის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ხან „გლამურულია“, ხან ბუფონადური  და კომედია დელ არტეს პერსონაჟებთან ბადებს ასოციაციას. მისი პალიტრა მრავალგვარია: - ზოგჯერ კოსტიუმი ერთ ფერში იკერება, ზოგჯერ მხატვარი რამდენიმე ჰარმონიულად შეთავსებული ფერის შერწყმაზე მუშაობს, ზოგჯერ - კონტრასტული ფერების შეხამებასაც იყენებს, მაგრამ ყველაგან ვღებულობთ ლამაზ გამომსახველობას; კოსტიუმი აძლიერებს სპექტაკლის სახვითობას, რელიეფურსს ხდის  საერთო ტონალობას და  ვიზუალურად ამდიდრებს მას. ილ. 26, 27

18

19


ნანახია: 12631-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani