Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მუხრანის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოხატულობა

თამარ ხოსროშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მუხრანის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია ნიკოლოზ ედიშერის ძე მუხრანბატონის (1807-1864) ქტიტორობით აგებულა, მასვე მოუწვევია მხატვარი ეკლესიის მოსახატად. როგორც ნიკოლოზის შვილიშვილის, ნიკო ბურის მოგონებიდან ირკვევა, სწორედ ამ მხატვრის ფუნჯს ეკუთვნის დღეისათვის ძალზე ცნობილი მუხრანბატონების საგვარეულო პორტრეტი.
1.
(სურ. 1) აი, რას გვიამბობს ამის შესახებ ნიკო ბაგრატიონი: „ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია [...] რომელიც პაპაჩემმა ააშენა [...] ქართველი მხატვრის მიერ შესანიშნავი ფრესკებით იყო მოხატული (საუბედუროდ, ამ მხატვრის გვარი არ არის ცნობილი) [...] პაპამ ისარგებლა რა იმით, რომ ეკლესიის მოსახატად მუხრანში იმყოფებოდა მხატვარი, მას დაახატვინა ოჯახის ყველა წევრის დიდი სურათიც. იმის გამო, რომ ამ დიდ ტილოზე გამოსახული იყო 11 ადამიანი, ისიც ფრესკული სტილით, ის ძალიან არ მოსწონდა მთელ ოჯახს და სადღაც მიგდებული ჰქონდათ, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი იყო და ამიტომ ვინახავდი მას, ახლა კი ეს სურათი მეტეხის მუზეუმშია და თითქმის საუკეთესო ექსპონატად ითვლება. აი, ასე იცვლება დრო”.ნ. ბაგრატიონი, ბურებთან (მოგონება). თარგმნა და შენიშვნები დაურთო რ. გვეტაძემ, თბილისი, 1951, გვ. 41.
ეს ძალზე ძვირფასი ცნობა მუხრანის ეკლესიის  მოხატულობის დათარიღების საშუალებასაც იძლევა. ვინაიდან ზუსტად ვიცით მუხრანბატონის პორტრეტის შესრულების თარიღი – 1862 წელი, მუხრანის ღმრთისმშობლის ეკლესიის მოხატულობაც სადღაც 1860-იანი წლების დასაწყისში უნდა იყოს   შესრულებული. აქ მხედველობაშია მისაღები ნიკოლოზ მუხრანბატონის გარდაცვალების თარიღიც – 1864 წელი.
2.
მუხრანის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია მუხრანის ციხე-გალავანთან ახლოს, სოფლის ცენტრში მდებარეობს. (სურ. 2) ეკლესია დარბაზული ტიპისაა, შვერილაფსიდიანი. ნაგებობას დასავლეთიდან და სამხრეთიდან  სამმხრივ ღია, სვეტებზე შემდგარი კარიბჭეები აქვს მიშენებული. კარიბჭეებს შიგნიდან ნახევარწრიული კამარა აგვირგვინებს.
3.
სამხრეთ კარიბჭეში შებიჯებისთანავე კამარაში ჩახატული ღრუბლებში მოლივლივე უსხეულო ანგელოზები ეგებებიან მნახველს. (სურ. 3) ანგელოზების სიმრავლეა ინტერიერიერშიც, კამარაზე ათობით ასეთივე ანგელოზი განუთავსებია მხატვარს.
4.
ეკლესია მთლიანადაა მოხატული. (სურ. 4) კონქში, ცისფერ ფონზე ღრუბლებზე მჯდომი წითლით მოსილი მამა ღმერთია გამოსახული, მასზე გარდამომავალი სული წმინდით და ქერუბიმებით გარემოცული. (სურ. 5) ეს წითელი მთელს მოხატულობაში დომინირებს და ყველა სცენაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ასევე, აქტიურად იყენებს მხატვარი ლურჯსაც, რომელსაც წითელთან ერთად განსაკუთრებულ ჟღერადობას სძენს შარავანდებში გამოყენებული ოქრო.
5.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელს სამ-სამი პილასტრი ოთხ ნაწილად და ოთხ პირობით მოსახატ არედ ჰყოფს. პილასტრებზე წმინდანები არიან გამოსახულნი: წმ. მამანი _ ისე წილკნელი და შიო მღვიმელი, (სურ. 6)  წმ. დედანი _ შუშანიკი, პარასკევა, ეკატერინე, ბარბარე, წმ. მოწამენი _ ევსტათი პლაკიდა (სურ. 7) და თეოდორე სტრატილატი. პილასტრებს შორის არეებში სხვადასხვა სცენაა განთავსებული. აღმოსავლეთიდან პირველ მონაკვეთში ფერწერულ მოჩარჩოებაში წმ. წერილის ორი ამბავი სურათებად არის წარმოდგენილი კედლებზე.  ჩრდილოეთ კედელზე აბრაამის მსხვერპლშეწირვაა გამოსახული,  სამხრეთით კი, მის მოპირდაპირე მხარეს, უძღების შვილის დაბრუნების ძალზე განსხვავებული და უცნაური რედაქცია.  (სურ. 8) უმეტესად, ამ თემაზე შექმნილი გამოსახულებები მამისა და მუხლმოყრილი შვილის ჩახუტებას ასახავს, იქვე დგანან ხოლმე ამ ამბის მომსწრე ადამიანები, მათ შორის თითქმის ყოველთვის _ გულმოსული ძმა და მსახური  უძღები შვილისთვის განკუთვნილი სამოსით ხელში.  ისევე, როგორც უძღები შვილის სხვა გამოსახულებებში, მუხრანის მხატვრობაშიც მამის წინაშე მუხლმოყრილ ვაჟს ვხედავთ, თუმცა, ის  ჯერ არ ჩახუტებია მამას და პატიების მოლოდინშია. პირველი, რაც   ეუცნაურება თვალს, მამის გამორჩეულად დიდი ფიგურაა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ზომით შვილზე ორჯერ უფრო დიდია, სამღვდელმთავრო სამოსითაა მოსილი და სამკუთხა შარავანდი აქვს (როგორც მამა ღმერთის გამოსახულებებს გვიანდელ იკონოგრაფიებში). აშკარაა, რომ მუხრანის ეკლესიაში მხატვარი სახარებისეულ იგავს უბრალოდ  კი არ მოგვითხრობს, არამედ მის ინტერპრეტაციას, განმარტებასაც გვთავაზობს. აქ, მნახველს უძღები ვაჟი ღმერთთან წარმდგარი მონანული ადამიანის სახით წარმოუდგება, რომელიც შენდობის მოლოდინშია და ელის ბეჭედს, რომელიც მამას ამ სცენაში გამოსახულმა მესამე პირმა უნდა გადასცეს. მას ხელთ სამოსელი პირველი უპყრია და ძმისთვის გადასაცემ ბეჭედს აწვდის: „ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა” (ლუკა, 15, 22).  სწორედ ეს ძისთვის გადასაცემი  ბეჭედია კომპოზიციის ცენტრი და  მთავარი აზრობრივი მახვილიც. ბეჭედი, რომელიც სახლში დაბრუნებული უძღები შვილივით ყველა ჭეშმარიტ მონანულს მიენიჭება ღვთისგან. უძღები შვილის დაბრუნებას, რომელიც ფაქტობრივად აღსარებისა და სინანულისკენ მოუწოდებს მლოცველს, თავისი შინაარსითა და საზრისით ეხმიანება მის  მოპირდაპირე მხარეს არსებული აბრაამის მსხვერპლშეწირვა, რომელიც მაცხოვარზე, როგორც კაცობრიობის ხსნისთვის ტარიგად შეწირულ მსხვეპლზე  ამახვილებს ყურადღებას. ამიტომაც განათავსეს ეს სურათი მუხრანის ეკლესიაში ასე ახლოს სამკვეთლოსთან, იმ ადგილთან სადაც ევქარისტიის საიდუმლოსთვის კვეთა აღესრულება.
6.
7.
8.
ისევე როგორც ეს ორი ბიბლიური ამბავი, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე არსებული გამოსახულებანი მოპირდაპირესთან პოვებენ საერთოს. უძღები შვილისა და აბრაამის მსხვერპლშეწირვის შემდგომ,  პილასტრებს შორის არსებულ მეორე მონაკვეთში მეუდაბნოე წმინდანები არიან გამოსახული.  ჩრდილოეთ კედელზე სარკმლის ორსავ მხარეს წმ. პეტრე ათონელი და წმ. ონოფრე დიდი განათავსა მხატვარმა, სამხრეთით კი, - წმ. მარიამ მეგვიპტელი და მღვდელი ზოსიმე. წმ. მარიამ მეგვიპტელი გულზე ხელებგადაჯვარედინებული დგას და მრავალწლიანი მარტომყოფობისა და სინანულის შემდგომ წმ. ზოსიმესგან მოელის წმინდა ზიარებას. წმ. მარიამ მეგვიპტელის ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს  მუხრანის მხატვარი სიუჟეტად კი არ მოგვითხობს, არამედ შეგვახსენებს.  აქ, კონკრეტეტული ზიარების ამსახველი მომენტის ნაცვლად, წმ. დედის ხელების ჟესტიკულაციითა და ბერი ზოსიმეს გამოსახვით წმ. მარიამის მრავალწლიან ღვწვასა და სინანულზე, შემდგომ კი ღვთისგან ჯილდოდ მიღებულ ზიარებაზე კეთდება აქცენტი.  წმ. მარიამ მეგვიპტელის მოპირდაპირე მხარეს მდგომი წმ. ონოფრე დიდის ხატება და მის თავს ზემოთ გამოსახული ბარძიმიანი ანგელოზი კი,  კვლავაც წმინდა ზიარების საიდუმლოს შეგვახსენებენ -  წმ. ონოფრეს ცხოვრება მოგვითხრობს, რომ ყოველ მეორმოცე დღეს აზიარებდა ღვთისგან მოვლენილი ანგელოსი მეუდაბნოე, მარტომყოფ მამას. ამრიგად, მუხრანის ეკლესიაში მეუდაბნოე წმინდანების გამოსახვით  ერთი მხრივ ასკეტურ ცხოვრებაზე, მეორე მხრივ კი,  სინანულსა და  ევქარისტიაზე გამახვილებული ყურადღება.
9.
10
პილასტრებს შორის მეოთხე მონაკვეთში ჩრდილოეთით იაკობის კიბე,  (სურ. 11)  მის პირდაპირ კი, იესეს ხეა დახატული. (სურ. 12) ამ ალეგორიულ გამოსახულებებს ძველ აღთქმაში ეძებნება საფუძველი და ორივე სიმბოლურად ქრისტეს განკაცებას გვაუწყებს. მამამთავარ იაკობის ხილვაში ჩენილი ცისა და მიწის მაკავშირებელი კიბე (დაბადება 28, 10-17) დედა ღმრთისას სიმბოლოა  და  ღმრთისმშობლის მიერ მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინებას შეგვახსენებს. ესაიას წინასწარმეტყველებაში ნახსენები იესეს ძირი (ესაია, 11,1)  კი, ქრისტეს ამქვეყნიური გენეალოგიური ხეა, კვლავაც განკაცებისა და და ღმრთისმშობლის მიერ მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინების შემხსენებელი.
11
12
ჩრდილოეთი კედლის პილასტრებს შორის მესამე მონაკვეთში წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთაა ასახული (სურ. 9). იგი ზემოთხსენებულ სცენათა შორის რიგით მესამეა და იაკობის სიზმარსა და მეუდაბნოე მამების გამოსახულებებს შორის მდებარეობს. იოანე ნათლისმცემლის თავმოკვეთილ სხეულთან ჯერაც ხმალამოღებული ჯალათი დგას,  კიბეზე აღმავალი სალომეა კი,  დედისკენ მიიჩქარის, რათა ლანგარზე დადებული წმინდანის თავი გადასცეს მას.  მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკრეტული სიუჟეტის საკმაოდ ცოცხალ განვითარებას ვხედავთ, ეს გამოსახულება  მაინც სიმბოლურ-ალეგორიული უფროა, ვიდრე თხრობითი, რაზეც დანარჩენ სცენებთან მისი ურთიერთმიმართება მიგვანიშნებს.  საქმე ისაა, რომ ზემოთჩამოთვლილი გამოსახულებანი (უძღები შვილის დაბრუნება, ისაკის მსხვერპლშეწირვა, მეუდაბნოე წმინდანები თუ დანარჩენი წმინდანები პილასტრებზე)  ასკეტური და მართალი ცხოვრებისკენ, სინანულისკენ, ზიარებისკენ მოუწოდებენ მნახველს.  წინამორბედთან დაკავშირებული ამბავიც მუხრანის ეკლესიაში სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება. საქმე ისაა, იოანეს თავის კვეთისადმი მიძღვნილ საკითხავებში, ძალზე ხშირად გამოიყენება ე.წ. ანტითეზები -  რომელშიც  სათნოებანი: სიკეთე, სიყვარული, ლოცვა, მარხვა, მკაცრი ცხოვრების წესი, ქალწულობა შეპირისპირებულია აღვირახსნილობას, ბოროტებას, სისასტიკეს, სიძულვილს, მრუშობას, სიცრუესა და ავხორცობას - ისევე როგორც  წმ. იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების წესი  მეფე ჰეროდესას (სწორედ ამ ცოდვების მხილების გამო შეიპყრო და მოკლა მეფემ წინამორბედი).
13
იოანეს თავის კვეთას და სხვა ყველა ზემოთხსენებულ გამოსახულებას დასავლეთი კედლის ძალზე უცნაური გამოსახულება ეხმიანება და აგვირგვინებს. მისი  თანმხლები მხედრული წარწერა მეორედ მოსვლაზე მიგვანიშნებს: „ესე ხატი არს აღსრულებული და აღსასრულებელი“ კომპოზიცია კი შემდეგნაირად გამოიყურება:  ნახატში ცენტრში მდგომი ხელაპყრობილი ღმრთისმშობლის ხატება იქცევს იმთავითვე  განსაკუთრებულ ყურადღებას. (სურ. 13) დედა ღმრთისა სვეტებზე დაყრდნობილ გუმბათიან ნაგებობაში, შვიდსაფეხურიანი კიბის ზედა საფეხურზე დგას და გულზე ყრმა იესო უზის. ფიანდაზად მას მთვარე აქვს დაფენილი და ცალი ფეხი ვაშლით პირგამოტენილ გველზეც უდგას, რომელსაც ყრმა მაცხოვარი გრძელი ლახვრით შემუსრავს. ამგვარი გამოსახულება გამოცხადების ერთ-ერთი მონაკვეთის გამოძახილია: „და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე, და მთოვარე იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ” (გამოცხადება 12, 1). გუმბათს ზემოთ მამა ღმერთია გამოსახული, მისგან გამომომავალი სული წმიდით, მას შვიდი მთავარანგელოზის ამალა ახლავს თან. ღმრთისმშობლის ორსავ მხარეს კი შვიდი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი დგას დედა ღმრთისასათან  დაკავშრებული სიმბოლოებით ხელში. კიბის საფეხურებზე შვიდი სათნოებაა მიწერილი: რწმენა, სასოება, სიყვარული, სიწმინდე, სიმშვიდე, სახიერება, დიდება. სვეტებზე სულიწმინდის შვიდი ძღვენია გამოსახული, რომლებიც სიმბოლურად აპოკალიფსს უკავშირდება (ესაია. 11, 2). ამ უცნაურ გამოსახულებას  პირდაპირი ანალოგი რუსულ ხატწერაში მოეძებნა,ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.icon-art.info/masterpiece.php?lng=ru&mst_id=6272ასეთი იკონოგრაფია, (სურ. 14) დაახლოებით, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსკენ ჩნდება რუსეთში და ის ძველი აღთქმის იგავთა წიგნით, კერძოდ, მეცხრე თავით არის შთაგონებული, სახელწოდებაც სწორედ აქედან აქვს მინიჭებული: „სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი” და, რასაკვირველია, ღვთაბრივ სიბრძნეს, ლოგოსს უკავშირდება.
14
ამგვარად, მუხრანის ეკლესიის მოხატულობაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განკაცებასა და  მსხვერპლზე, ხსნასა და ცხონებაზე, რომელიც ამ მსხვერპლის წყალობით ბოლო ჟამს ყველა მონანულსა და მართალს მიენიჭება. 
მუხრანის ფრესკაში წარწერები ორენოვანია. როგორც ჩანს, დასათაურება და ხატის თანმდევი სხვა დეტალები რუსული ნიმუშის მიხედვით, რუსულად გააკეთა მხატვარმა, მაგრამ ზოგიერთი განმარტებითი თუ მაიდენტიფიცირებელი წარწერა ასომთავრულია.   სხვა ყველა მონაკვეთში -  აღმოსავლეთ, სამხრეთ თუ ჩრდილოეთ კელდებზეც წარწერები ასომთავრულად არის შესრულებული. როგორც წარწერებით ვხვდებით,  წერა მთლად კარგად არ სცოდნია მომხატველს. ეს განსაკუთრებულად შესამჩნევი იესეს ძირის კომპოზიციაში გაკეთებული ვრცელ წარწერაშია, რომლის ამოკითხვაც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მოხერხდა, და რომელშიც მრავალი შეცდომაა დაშვებული:  “წიგნი ისუნავესი თ(ავ)ი ი~ნ ი~ო კ~ თჲთ სამზღვრები | აღწ(ე)რილ არ(ია)ნ თ~ჲთჰა ათორმეჩ(!)ნი და(ანი) ათექვსმეტი | ქალაქები თჲთ მოსეს დ~ა ყ(ოვლა)დ ისუნავესაგან ბოძებული”.
ფრესკათა ფერადოვნება, კომპოზიციათა აგების ხერხი, სცენათა გადანაწილება თუ  ურთიერთმიმართება მეტყველებს შემსრულებლის გამორჩეულ მხატვრულ ხედვასა და ალღოზე, ვფიქრობ მხატვრულ განსწავლულობაზეც. ცისფერ ფონზე მდიდრული და მსუყე ტონალობის წითლისა და ლურჯის შეხამება, ზომიერად ნახმარი ოქრო  სადა, მაგრამ ამასთანავე მდიდრულ და საზეიმო ფერადოვნებას ქმნის. მოხატულობის  ერთ-ერთი თვალშისაცემი მახასიათებელი კომპოზიციათა მკაცრი სიმეტრიულობაა. მუხრანის მხატვარი კომპოზიციათა აგებისას მაღალი რენესანსის დარ წონასწორობასა და ბალანსს ესწრაფვის და ზოგ შემთხვევაში  რენესანსრული სამკუთხედის პრინციპსაც იყენებს (მაგ., აბრაამის მსხვერპლშეწირვა, უძღები შვილის დაბრუნება), დანარჩენ სცენებში კი, სარკისებური სიმეტრიით ანაწილებს ფიგურებს.  სარკმლიან მონაკვეთებში, ორი ადამიანი ყოველთვის სარკმლის აქეთ-იქით ექცევა, ერთი მოქმედი პირი კი (ხან ადამიანი, ხან ცხოველი) სარკმლის ქვემოთ არის განთავსებული. ამის მაგალითად, მეუდაბნოე წმინდანები შეიძლება მოვიყვანოთ - წმ. მარიამ მეგვიპტელი და ბერი ზოსიმე სარკმლის ორსავ მხარეს დგანან, სარკმელს ქვემოთ კი, წმ. ლომია დახატული - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი ღირსი დედის ცხოვრებიდან. ამ სცენის მოპირდაპირე მხარეს სარკმლის ორსავ მხარეს მდგომ მეუდაბნოე ბერებს წმ. ონოფრესა და პეტრე ათონელის ქვემოთ, სარკმლის ძირში  ირმები დგანან, ირემიც წმ. პეტრე ათონელის ცხოვრების ერთ ეპიზოდს უკავშირდება. ამ ორი, ერთმანეთის პირდაპირ განთავსებულ გამოსახულებაში კარგად ჩანს, რომ მხატვარი არა მხოლოდ ცალკეულ კომპოზიციათა სიმეტრიულობას აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, არამედ ერთმანეთის პირდაპირ არსებულ ნახატებსაც სარკისებური პრინციპით უთანადებს ერთმანეთს. ამის დასტურია იესეს ძირისა და იაკობის კიბის სცენაში გაწილილი ფიგურები (ერთში იესე, მეორეში მამათავარი იაკობი), რომლებიც ასევე  სარკისებურად დაუპირისპირა ერთმანეთს მხატვარმა.  მუხრანის მოხატულობა ძნელად თუ გვითვალსაჩინოებს მხატვრის ინდივიდუალურ სტილს, რაც სავარაუდოდ სხვადასხვა ნიმუშის გამოყენებით არის  განპირობებული.  თუ კონკრეტულად რა ნიმუშებით ისარგებლა მხატვარმა, ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მუხრანის მოხატულობაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სახე-ხატების არსებობა სწორედ სხვადასხვა დედანს მიდევნებული ხელწერის  ნაყოფი უნდა იყოს. ამიტომაც  ჭირს  მუხრანბატონების ოჯახური პორტრეტისა და მუხრანის ფრესკების ერთი და იმავე  მხატვარის ხელთან გაიგივება. ცხადია, ამგვარი სხვაობა ერთი მხრივ განსხვავებული მედიუმით, მასალითა თუ ტექნიკითაც იყო განპირობებული, თუმცა ჩნდება განცდა რომ მუხრანბატონის საოჯახო პორტრეტის ხატვა მხატვრისთვის უფრო თავისუფალი და შემოქმედებითი პროცესია, ეკლესიის ხატვისას კი, ის უპირატესობას უკვე არსებული ნიმუშების გამეორებას ანიჭებს.
მუხრანის მოხატულობა 1860-იანი წლების დამდეგს არის შესრულებული, საქართველოსთვის ძალზე რთული პოლიტიკური ვითარების პირობებში. 1860-იანი წლებისთვის სახელმწიფოებრიობა და ავტოკეფალია უკვე რამდენიმე ათეული წლის გაუქმებულია ქვეყანაში და ის წლებია უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ეკლესია მოიხატა საქართველოში, ყველაზე ადრეულები მათ შორის თბილისის ანჩისხატი (1814 წ.) და ბოდბის წმ. ნინოს ეკლესიაა (1823წ.).  ისევე როგორც მუხრანის მოხატულობაში, ანჩისხატშიცა  და  ბოდბეშიც ეკლესიის ტრადიციისამებრ ძველაღთქმისეული თუ სახარებისეული სცენები და ცალკეული წმინდანებია გამოსახული. ბოდბეში ბევრია სიმბოლურ-ალეგორიული ხატებანიც (მსგავსად მუხრანისა), რაც გვიანი პერიოდის მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, საქართველოს იმჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ ეკლესიათა განსაკუთრებული, რელიგიურ-კულტურული თუ ეროვნული მნიშვნელობა - ანჩისხატში ქართველთათვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე,   ხელთუქმნელი ხატი იყო დაცული, რომელიც წმ. ანტონ მარტყოფელმა ჩამოაბრძანა მეექვსე საუკუნეში საქართველოში, ბოდბე კი, საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელის,  წმ. ნინოს განსასვენებელია. ვფიქრობ, შემთხვევითი არ უნდა იყოს   საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ავტოკეფალიის გაუქმებიდან მალევე მათი მოხატვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თანაც, ანჩსხატშიც და ბოდბეშიც, სწორედ ამ მნიშვნელოვანებაზეა მახვილი დასმული - ანჩისხატში ხელთუქმენლ ხატთან დაკავშირებული ამბები და  წმ. ანტონ მარტყოფელია გამოსახული ხატით ხელში, მეორეში კი, წმ. ნინოს ცხოვრების ვრცელი ციკლია განთავსებული. ამ მოსაზრებას განამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ბოდბე საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის, იოანე ბოდბელის ქტიტორობით მოიხატა. ბოდბის მოხატულობის შესახებ იხ. მ. ჯანჯალია, წმ. ნინოს ცხოვრების ციკლი ბოდბის ტაძრის მოხატულობაში, დისერტაცია ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1994. იქნებ  ნიკოლოზ ბაგრატიონის  ინიციატივასაც მუხრანის ეკლესიის მოხატვის შესახებ  გარკვეულწილად ეროვნული მიზნები ამოძრავებდა?
სწორედ ამაზე მიგვანიშნებს მუხრანის მოხატულობაში  სამხრეთი კედლის კარს ზემოთ გამოსახული ღმრთისმშობლის მიერ წმ. ნინოსადმი ჯვრის გადაცემის ამბავი (სურ. 10) -  მუდმივი შეხსენება საქართველოს ეკლესიის ღმრთისმშობლის წილხვდომილობაზე და მის მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე. ძალზე საყურადღებოა მუხრანის ეკლესიის ქტიტორის სამეფო წარმომავლობაც მაშინდელი პოლიტიკური ვითარების კონტექსტში.  შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ  ქტიტორმა  ეკლესიის მოსახატად საგანგებოდ მოიწვია ეროვნებით ქართველი მხატვარი (ამას ნიკო ბურიც სპეციალურად უსვამს ხაზს), მაშინ, როდესაც საქართველოში მრავალი რუსი და უცხოელი მხატვარი მოღვაწეობდა.  მუხრანის მრავალმხრივ საინტერესო მოხატულობა ფაქტობრივად, 1860-იან წლებში შექმნილი ჩვენამდე შემონახული კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია. განსაკუთრებულ მნიშვნელოვანებას ეს მოხატულობა იმ ანონიმური მხატვრის გამო იძენს, რომელმაც გარდა საეკლესიო მხატვრობისა, დაზგური ფერწერის ნიმუშიც დაგვიტოვა და ორივემ მოაღწია დღევანდელ დღემდე.  იგი ფასეულია იმითაც, რომ ქართველი ქტიტორის, კერძოდ, სამეფო გვარის ერთ-ერთი წარმომადგენლის ღვაწლის შედეგად შესრულდა საქართველოსთვის იმ ურთულეს დროს,  როცა ქვეყანა რუსეთის იმპერიის მიერ არის დაპყრობილი.
ვინაიდან მუხრანის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მოხატულობის შესახებ არაფერი დაწერილა, ზემოთ მოყვანილ ტექსტს უფრო გაცნობითი ხასიათი აქვს. სამომავლოდ კი, ეს ძალზე საინტერესო მხატვრობა სიღმისეულ გააზრებასა და ანალიზს საჭიროებს, როგორც მეცხრამეტე საუკუნის მხატვრობის, ასევე, იმდროიდნელი რთული პოლიტიკური ვითარების კონტექსტში.


ნანახია: 7498-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani