Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ

ელენე მაჭავარიანი
ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, დამწერლობათმცოდნე, პროფესორი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული  ცენტრის ხელოვნებათმცნოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

ქართული ანბანის წარმომავლობის საკითხი უკავშირდება ქართული დამწერლობის უძველესი სახეობის - ასომთავრულის გრაფიკულ კვლევას.
* * *
სამეცნიერო ლიტერატურაში ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ივ. ჯავახიშვილის მითითებით, ქართული ანბანი ჩამოყალიბებულია ე. წ. „იგივეობის“ პრინციპით, კერძოდ, სემიტური დამწერლობის ასო-ნიშნების თანდათანობითი გარდაქმნის შედეგად (იხ.„ქართული პალეოგრაფია“, თბ., 1949 გვ.205-231).  ამავე აზრს იზიარებს რ. პატარიძე.  ეყრდნობა რა ე.წ. „იგივეობის“ პრინციპს, ქართული ასო-ნიშნების წარმომავლობას ასევე მიიჩნევს ფინიკიური ანბანის ასო-მოხაზულობათა თანდათანობითი გარდაქმნის შედეგად (იხ. „ქართული ასომთავრული“). კლასიკურ ბერძნულ გრაფიკულ სისტემას უკავშირებენ ქართული ასომთავრულის  გრაფიკას თ. გამყრელიძე (იხ. „წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა“, თბ., 1989, გვ. 181-1870), თ. ჩხენკელი(იხ. „ასომთავრულის გრაფიკული სტრუქტურა“, ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1977, N 8, გვ. 67-81), ვ. ბოედერი  (იხ. „ძველი ქართული ანბანის ანალიზი“, გერმანულ ენაზე, ჰამბურგი, სლავური სემინარი, 1975, გვ.17-35).
1970 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ქართული ხელნაწერები“,  ჩვენს მიერ დახასიათებულია ქართული ანბანური დამწერლობის თავისებურებანი. შემდგომ,  ქართული ასომთავრულის გრაფიკული ანალიზისა და სხვა ანბანებთან -ფინიკიურ, არქაულ ბერძნულ, კლასიკურ ბერძნულ და სომხურ გრაფიკულ სისტემებთან ურთიერთშედარების საფუძველზე - გამოვთქვით მოსაზრება ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ: „ქართული ანბანური დამწერლობა ორიგინალურია, თვითმყოფადია, შექმნილია ერთი პრინციპით, ერთბაშად, სხვა ანბანთაგან დამოუკიდებლად.“(იხ. „ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები“, თბ., 1982, გვ. 56-78, „მწიგნობრობაჲ ქართული“ თბ., 2015, გვ. 51-67).
* * *
ქართული ანბანის „წარმომავლობის შესახებ ჩვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ადასტურებენ მთელი რიგი არგუმენტები.
ქართველი ხელოვან-ოსტატის მიერ უარყოფილია „იგივეობის“ პრინციპი. ასომთავრულის გრაფიკული სისტემა შექმნილია ორი ძირითადი გეომეტრიული ელემენტის - სწორი ხაზისა და წრისაგან (რკალი განიხილება, როგორც წრის ნაწილი). ამასთან დაკავშირებით  უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად შექმნილია გრაფიკული მოხაზულობანი, ხოლო შემდეგ ჩამოყალიბდა ანბანური რიგი ასოთა სახელებითა და რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭებით. ანბანური მწკრივის დაწესება,  როგორც მართებულად აღნიშნავს თ. გამყრელიძე,  მოხდა კლასიკური ბერძნულის მიხედვით „ტაუს“ (ქართულ „ტარის“) ჩათვლით. ივ. ჯავახიშვილის მითითებით, ანბანურ დამწერლობას დაემატა ასო-ნიშნები სახელდებით, რომლებიც ქართულ ჯგუფს შეადგენენ.
ასომთავრულის გრაფიკული ანალიზის საფუძველზე, ყველა ასომოხაზულობა (გრაფემა) იშლება ნაწილებად. გამოიკვეთება გრაფიკის შემადგენელი 9 ელემენტი, რომლებიც ერთმანეთთან პროპორციულ დამოკიდებულებაშია. ესენია 3 დიდი ხაზი, წრე და რკალი, 3 საშუალო ელემენტი - დიდი ხაზის ნახევარი და 3 პატარა ელემენტი დიდი ხაზის სიმაღლის მეოთხედი ელემენტი, რომელნიც, მაგ. ვინის, ჩინის შემთხვევაში, ჩამკეტ როლს თამაშობენ. (ილ.1)
ასომთავრული გრაფიკის შემადგენელი გრაფემები ჩაწერილია კვადრატში. უმრავლესობა კვადრატის ურთიერთგადამკვეთ ხაზებშია მოთავსებული, ნაწილი კი კვადრატის ერთ მარცხენა ან მარჯვენა მხარეს იკავებს. წრიული და რკალური ფორმის მოხაზულობანი სრულად ავსებენ კვადრატულ არეს. ხაზების ურთიერთობა მართი კუთხით ხორციელდება (ილ. 2).
ერთადერთი გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის „ჯან“ ასო-ნიშანი, რომელიც ჯვარცმული ქრისტეს მონოგრამაა.იგი შექმნილია იესო ქრისტეს ინიციალების „ინისა“ და „ქანი“ მოხაზულობათა გადაჯვარედინების შედეგად. ქრისტიანულმა დამწერლობამ ქრისტეს მონოგრამა ანბანის დამამთავრებელ ნიშნად გამოიყენა, მაშინ, როდესაც სომხურ ანბანს ქრისტეს ბერძნული მონოგრამა აქვს დართული. კვადრატის ფარგლებში განთავსებული ასოთა მოხაზულობანი რამდენიმე გრაფიკულ ჯგუფს ქმნიან. ესენია: ასწრივ-ხაზოვანი, ასწრივ-წრიული, ასწრივ-რკალური და წრიული მოხაზულობის ჯგუფები.
* * *
პროპორციულ დამოკიდებულებაში მყოფი ელემენტები ე.წ.  ვარიაციული წესით ავითარებენ გრაფიკის შემადგენელ ასოთა მოხაზულობებს: გარკვეულ ჯგუფებში ერთი ასოს მოხაზულობა ჯერ საშუალო, ხოლო შემდეგ პატარა ელემენტებს იმატებს, რაც სხვა ანბანთა გრაფიკულ სისტემაში გამორიცხულია.
* * *
ქართული ასომთავრულის დამოუკიდებელ წარმომავლობას ადასტურებენ სხვა ანბანთაგან განსხვავებული როგორც ასოთა მოხაზულობანი, ასევე, გრაფიკული სისტემები (ილ. 3).
კლასიკური ბერძნული ანბანური დამწერლობის ასო-ნიშნები გარდაიქმნა არქაული ბერძნულის მიხედვით. მონუმენტური ფორმით გარდაქმნილი ასო-ნიშნები კლასიკურ ბერძნულში წარმოადგენენ ვერტიკალური, ჰორიზონტალური ან დახრილი ასოების მონაცვლეობას იხ. (ელ. მაჭავარიანი „მწიგნობრობაჲ ქართული“, თბ., 2015, გვ. 55-58).
რაც შეეხება სომხური ერკათაგირის გრაფიკულ სისტემას, ასომოხაზულობათა უმრავლესობა ასწრივ-რკალურ ფორმებს ემორჩილება. 17 ასო-ნიშანი ამ ფორმას ატარებს. ამოსავალი ფორმის, „სანის“ (იგი ასო-ნიშანს არ წარმოადგენს) დამატებითი ელემენტით (მეოთხედი ელემენტის გარეშე) ადგილმდებარეობის შეცვლით (გადატრიალებით, შემობრუნებით) იქმნება  აღნიშნული ჯგუფი.
ქართულ ანბანურ დამწერლობაში აღნიშნული „სან“ მოხაზულობისაგან წარმომდგარი ჯგუფი მხოლოდ 5 ასო-ნიშანს ქმნის. უმეტესობა კი მრგლოვანი ფორმებით ვითარდება (ამიტომაც ჰქვია ასომთავრულ დამწერლობას „მრგვლოვანი“), რადგანაც ქართველ ოსტატს  ჩაკეტილი და წრიული ფორმები აინტერესებს.

***
ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა, ეროვნული შემოქმედებითი განვითარების გზაზე, მხატვრულ ფორმათა ძიების ერთ-ერთი კანონზომიერი გამოვლენაა. ამოსავალი ფორმებითა და მხატვრული გადაწყვეტით ასომთავრულის გრაფიკული საწყისები ეროვნული არქიტექტურის ტრადიციებთანაა დაკავშირებული, (ილ. 4), კერძოდ, კვადრატი ურთიერთპერპენდიკულარული ხაზებითა და მასში ჩაწერილი წრით საფუძვლად უდევს მარტივი დაგეგმარების მქონე უძველეს ნაგებობებს - დარბაზული ტიპის შენობებს. გრაფიკის შემადგენელ ელემენტებს შორის არსებული პროპორციული თანაფარდობა, რომელიც გეომეტრიული პროგრესიითაა გამოხატული, ზემოთა ღნიშნულ შენობათა გადახურვის კონსტრუქციას უკავშირდება. თავის მხრივ, კვადრატი, ურთიერთგადამკვეთი ხაზებითა და მასში ჩაწერილი წრით ორი კოსმიური სიდიდის - მიწისა და ცის ერთიანობას წარმოადგენს, ხოლო კვადრატის ურთიერთგადამკვეთ ხაზებს შორის - ოთხივე მხარეს ჩაწერილი, მაგ. ყარის, ზანის, ტარის, ძილის შემადგენელი მრგვლოვანი ელემენტებით შევსებული გეომეტრიული ფიგურა - კვადრიფოლიუმი, სამყაროს შეცნობადობის პირველწყაროა.
ნაგებობათა მარტივი გეგმა, კვადრატის სახით და გადახურვის კონსტრუქცია, მათემატიკური პროგრესიით გამოსახული, ქრისტიანულმა ხელოვნებამ შეითვისა და განავითარა.
ქართულ არქიტექტორულ ძეგლებში შინაგანი სივრცის ზრდის მოთხოვნილება, რაც ბაზილიკური ტიპის ტაძრებში ვერ განხორციელდა, იმ გუმბათიანი ტიპის ტაძრებში გადაწყდა, როგორც აღნიშნავს მ. მაჭავარიანი, სადაც გუმბათქვეშა სივრცე კვადრატი იყო. კვადრატში აღნიშნული ურთიერთპერპენდიკულარული ანუ სიმეტრიის ხაზები შენობის ის მთავარი ღერძებია, რომელთა მიმართულებითაც ხდება მასების თანდათანობითი ზრდა (იხ. „ძველი ქართული მონუმენტური არქიტექტორული ძეგლების მოცულობითი გამოსახულება“ (რუსულ ენაზე), თბ., 2015, გვ. 41).
ცენტრალურ-გუმბათიანი ტაძრების ევოლუციის უმაღლეს საფეხურად, რომელიც თავის დასაბამს ქრისტიანობის წინარე ხანაში უმარტივესი ფორმის გლეხური დარბაზიდან იღებს, გ. ჩუბინაშვილი მცხეთის ჯვარს მიიჩნევს (იხ. „წრომი“, მოსკოვი, (რუსულ ენაზე), 1969, გვ.40).
დიდ გავრცელებას პოულობს ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელოვნებაში კვადრიფოლიუმი. იგი  გარდასახვას პოულობს, მაგალითად, V ს.  ბოლნის სიონის ჯვრის გამოსახულებაში და, ასევე, ჩვენამდე მოღწეულ ქართულ მოხატულ ხელნაწერებში, კერძოდ, IX  ს. ადიშის,  X ს. ჯრუჭის ოთხთავების თავფურცელზე, როგორც სახარების იდეის მატარებელი, ჯვარცმული ქრისტეს სიმბოლური შენაცვლება.
* * *
ამრიგად, სტატიაში სრულად წარმოვადგინეთ ასომთავრული დამწერლობის, როგორც ქართული ანბანის ამოსავალი ფორმების  ის თავისებურებანი, რაც ქართული ანბანის წარმომავლობის საკითხს უკავშირდება და რაც მას სხვა ანბანთა ასო-ნიშნებისა და გრაფიკული სისტემებისაგან განასხვავებს. სტატიაში განხილულია ასომთავრულისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი, კერძოდ, კვადრატის პრინციპით შექმნილი სტილისტურად ერთიანი გრაფიკული სისტემა, ორი გეომეტრიული ელემენტისაგან - ხაზისა და წრისაგან (რკალი წრის ნაწილად მოიაზრება) წარმოებული 9 ელემენტის პროპორციული ურთიერთდამოკიდებულება, ასოთა შექმნის ვარიაციული წესი,   ამოსავალი ფორმების დაკავშირება ძველი ქართული ნაგებობის დაგეგმარებასა და გადახურვის კონსტრუქციასთან, რაც ადასტურებენ ქართული ანბანის წარმომავლობის თვითმყოფადობასა და ორიგინალობას.

ნანახია: 910-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani