ორნამენტი, როგორც ნიშანი და სიმბოლო - თუშური ფარდაგის ორნამენტული ლექსიკონი |
ირინა კოშორიძე
ასოცირებული პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კურატორი შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი თუშური ფარდაგი ქართული მეხალიჩეობის ერთ-ერთ ყველაზე თვითმყოფად, ორიგინალურ და არქაულ ჯგუფს წარმოადგენს,
რომლის დღემდე შემორჩენილი ნიმუშების დიდი უმრავლესობა 1860-1920 იანი წლებით თარიღდება.ი. კოშორიძე. „თუშური ფარდაგი.“ ჟურ. საბჭოთა ხელოვნება, # 6. 1986.გვ.48-52; ი.კოშორიძე, „ქართული მეხალიჩეობის ისტორიიდან -თუშური ფარდაგი,“ ნარკვევები. ტ. 1, თბილისი, 1997. გვ.23-28.აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის-თუშეთის მოსახლეობის მეურნეობაში მეცხვარეობას წამყვანი ადგილი ეკავა. ამან განაპირობა თუშების ადგილმონაცვლე ყოფის ჩამოყალიბება და ხალიჩური ნაწარმისთვის აუცილებელი ნედლეულის, მატყლის არსებობა, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მეხალიჩეობის განვითარებას რეგიონში.ნ. აზიკური. „კახეთ-თუშეთობა,“ კრ. ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, თბილისი: მეცნიერება,(1985):92-109; . ს.მაკალათი. თუშეთი. თბილისი, ნაკადული, 1983.{/footnoteთუშური ცხვრის მატყლი მაღალი მდგრადობით, ბზინვარეებითა და დრეკადობით გამოირჩევა, ამ მატყლის გაზაფხულისა და შემოდგომის საპარსს, თუშები, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესის მეშვეობით ამუშავებდნენ, რომელიც ითვალისწინებდა ცხვრის პარსვას, მატყლის რეცხვას, ჩეჩვას, დართვას, საფარდაგედ მის მომზადებას - მაღალი სიმჭიდროვის ძაფის დამზადებას ქსელისთვის, ასევე, მისაქსელისთვის საჭირო ძაფის მომზადებას სამღებროდ.ლ. მოლოდინი. „ღებვის ხალხური წესები თუშეთში.“ კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის. თბილისი: მეცნიერება, 1987: 198; ნ. აზიკური. მატყლის ღებვის ტრადიცია თუშეთში. თბილისი: კუნა გეორგიკა, 1999; ნ. აზიკური, თუშური ფარდაგი. თბილისი: კუნა გეორგიკა, 1999;ძაფი იღებებოდა ნატურალური მცენარეული და მინერალური საღებავებით. 1870 - იან წლებში, კავკასიაში შემოდის ქიმიური ანილინის საღებავები, რომლების გამოყენებაც დადასტურებულია არქაულ თუშურ ფარდაგებში, თუმცა, შეზღუდული ფერთა გამის გამოყენებით - იასამნისფერი, ნარინჯისფერი და ვარდისფერი. ეს ის ფერებია, რომელთა ხმარებაც თუშმა ოსტატებმა დაიწყეს, თუმცა, ამ საღებავით შეღებილი ნართი ადვილად ხუნდებოდა, ფერები ერთმანეთზე გადადიოდა, რის გამოც, მქსოველებმა მათი გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანეს და მხოლოდ ცალკეულ აქცენტებად ხმარობდნენ კომპოზიციებში.ი. კოშორიძე. ქართული ხალიჩა. თბილისი:სეზანი,2107:23.თუშები მხოლოდ უხაოო ხალიჩურ ნაწარმს -ფარდაგებს ამზადებდნენ, რომლებსაც ფართოდ მოიხმარდნენ ყოფაში, რაც დასტურდება XIX საუკუნის მოგზაურების ჩანაწერებით, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ თუშების კარვები საზაფხულო იალაღებზე მთაში, მორთული იყო ფარდაგებით. ფარდაგებს თუშები ვერტიკალურ დაზგებზე „აკაზმებზე“ ქსოვდნენ, რომელთა სიგანე 1. 5-2 მეტრს არ აღემატებოდა, თუმცა, ამ დაზგების მბრუნავი ზედა ღერძები საკმაოდ გრძელი ფარდაგების მოქსოვის საშუალებასაც იძლეოდა, რაც დასტურდება თუშური ფარდაგების ცალკეული ნიმუშებით, რომელთა სიგრძე ხანდახან 5-7 მეტრსაც აღწევდა.ჩაჩაშვილი, გერცელ. „ქართული დაზგები,“ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XVIII-ბ. თბილისი, მეცნიერება. 1954:183.თუშური დაზგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორი ტიპის თუშური ფარდაგების სტრუქტურაა დადასტურებული. პირველი არის გრძელი და წვრილი ფორმის ფარდაგები, რომელსაც თუშები საგორავს უწოდებენ და იყენებდნენ სახლების ინტერიერების მოსართავად და მათ კედლის გასწვრივ ტახტების თავზე კიდებდნენ ჰორიზონტალურად. თუშური ფარდაგის მეორე ფორმატი არის კვადრატს მიახლოებული ფორმა, რომელიც სიგანეში ხანდახან 2,5-3 მეტრამდეც მერყეობდა. მათ თუშები ფლასებს უწოდებენ. ისინი შეიძლებოდა ყოფილიყო ერთიანი მართკუთხა ფორმის, ან იქსოვებოდა ცალ-ცალკე ორი ნაწილი და შემდეგ ისინი ერთმანეთს გადაეკერებოდა. ფლასებიც კედლებზე იკიდებოდა.აზიკური. თუშური ფარდაგი.თუშური ფარდაგი. თბილისი: კუნა გეორგიკა, 1999. გვ. 42-43.თუშები, განსხვავებით მაჰმადიანი მოსახლეობისაგან, ფარდაგებს იყენებდნენ არა იატაკზე დასაგებად, არამედ, სახლის ან კარვის კედლების გასამშვენებლად. თუშური ფარდაგის უძველესი ნიმუშები ცალკეული ეთნოგრაფების შრომებში აღწერილი და დაფიქსირებულიცაა,თუმცა, მათი საფუძვლიანი კვლევა მხოლოდ 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც თუშები უკვე მთლიანად ჩამოსახლებული არიან კახეთის ბარის სოფლებში, ალვანის ველზე - ძირითადად, ქვემო და ზემო ალვანში. კახეთის ამ სოფლებში ისინი თუშეთის სხვადასხვა სოფლებიდან არიან ჩამოსულები და მათი მიგრაციული პროცესები უკვე 1890- იან წლებშია დაწყებული, ამდენად, საკმაოდ რთული იყო იმ მრავალრიცხოვან მასალაში, რაც ჩვენს ხელში აღმოჩნდა, ზუსტად განგვესაზღვრა ფარდაგის ამა თუ იმ ნახატისა თუ კომპოზიციის წარმომავლობა და დაკავშირება ცალკეულ დასახლებულ პუნქტებთან. ამიტომ, თუშური ფარდაგის სტილისტური ანალიზი და მისი ტიპოლოგიზაცია განხორციელდა მასში გამოყენებული ორნამენტული სახეების, მოტივებისა და ტიპების მიხედვით.ი. კოშორიძე ქართული მეხალიჩეობის ისტორიიდან (თუშური ფარდაგი), დისერტაცია ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი, 1993. თუშური ფარდაგის სტილისტიკას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს - უპირველეს ყოვლისა, ეს მისი ორნამენტული დეკორი და მისი გამოყენების პრინციპებია. ამას გარდა, აღსანიშნავია ძალზე მკაცრი, თავშეკავებული, ძირითადად, შავ-თეთრზე აგებული კოლორიტი და გრაფიკული გამომსახველობითობა, რაც კომპოზიციის აგების დროს,კოშორიძე, „ქართული მეხალიჩეობის ისტორიიდან - თუშური ფარდაგი,“ ნარკვევები. ტ. 1, თბილისი, 1997. 25თეთრი კონტურული ხაზების საოცარი სილაღითა და მრავალფეროვანი მეთოდებით ხმარებას გულისხმობს. თუშურ ფარდაგს ახასიათებს მკაცრი გეომეტრიზმი: ყველა ორნამენტული მოტივი -მთავარი თუ მეორეხარისხოვანი, რამდენიმე გეომეტრიულ ფიგურას, - რომბს, სამკუთხედს, ოთხკუთხედს ეფუძნება, რაც ფარდაგის ქსოვის ტექნიკიდან და თუშური ფარდაგის ქსოვის საშუალო სიმჭიდროვიდან (1 დმ-ზე 35-45 ქსელის ძაფი) გამომდინარეობს. უმეტეს შემთხვევაში, ეს ორნამენტული სახეები ხალიჩისებრი პრინციპით თანაბრადაა განლაგებული ფარდაგის ცენტრალურ მიწარზე კომპოზიციური ცენტრის გამოყოფის გარეშე. მთავარი ორნამენტული მოტივები ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების გადაკვეთის წერტილებშია მოთავსებული, მათ შორის სიბრტყეები კი უფრო მცირე ზომის დამატებითი ორნამენტული სახეებითაა შევსებული. ფარდაგის შიდა სიბრტყეს გარს შემოუყვება 7-10 სმ -ის სიგანის ორნამენტული ზოლი-ოლე, რომელიც სხვადასხვა მცირე ზომის ორნამენტული სახეებითაა შედგენილი.იქვე. 26-27. ფარდაგების სტრუქტურა გარკვეული კანონზომიერებით ხასიათდება. ყველა ტიპის თუშური ფარდაგისთვის დამახასიათებელია გარკვეული ერთიანი პრინციპი - იგი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ესენია, ცენტრალური შიდა სიბრტყე-მიწარი, და ორნამენტული ზოლი -ოლე, რომელიც მას გარს შემოსდევს . ჩვენ შევძელით გარკვეული სტრუქტურული კანონზომიერების დადგენა, რომელიც, მიუხედავად გამოყენებული მთავარი ორნამენტული მოტივების შეზღუდული რეპერტუარისა, თუშური ფარდაგის საოცარ მრავალფეროვნებას განაპირობებს. - ტრადიციული თუშური ფარდაგის ძირითადი ნახატი გარკვეული სქემის მიხედვით იგება: მიწარი ყოველთვის დაფარულია მთავარი და მეორეხარისხოვანი ორნამენტული სახეებით, კომპოზიციური ცენტრის გამოყოფის გარეშე. მთავარი მოტივები, ძირითადად, ზომით აღემატება მეორეხარისხოვან მოტივებს, თან, მთავარი მოტივები უფრო რთული კონფიგურაციისაა, ვიდრე, მეორეხარისხოვანი მოტივები. - ორნამენტისგან თავისუფალ არეებს, საფარდაგე სიბრტყეზე, თავისუფლების შეგრძნება შეაქვს კომპოზიციაში და ეს სტილისტური ნიშანი საკმაოდ იშვიათია სხვა ქვეყნების ფარდაგებში. — მთავარი მოტივების მოხაზულობა და მათი განაწილების პრინციპი საფარდაგე სიბრტყეზე მრავალფეროვანია და ეფუძნება ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და დიაგონალურ ღერძებზე მთავარი მოტივების განლაგების განსხვავებულ პრინციპებს, რაც სხვადასხვა მხატვრულ ეფექტს იძლევა. ამ პრინციპების საფუძველზე, თუშური ფარდაგის კომპოზიციები შემდეგ სტრუქტურულ სქემებად დავყავით: 1. კომპოზიციები, რომლებიც აგებულია ვერტიკალურ ღერძებზე 2. კომპოზიციები, რომლებიც აგებულია ჰორიზონტალურ ღერძებზე. 3. კომპოზიციები, რომლებიც აგებულია დიაგონალურ ღერძებზე, რომლებიც რომბისებრ ბადეს ქმნის საფარდაგე სიბრტყეზე. 4. კომპოზიციები, რომლებიც აგებულია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ღერძებზე, რომლებიც მართკუთხა ბადეს ქმნის საფარდაგე სიბრტყეზე. 5. კომპოზიციები, რომლებიც აგებულია ცენტრალურ ღერძზე, როდესაც მთავარი მოტივები ამ ღერძზეა განლაგებული. 6. შერეული კომპოზიციები. თუშურ ფარდაგში, ძირითადად, რამდენიმე ორნამენტული მოტივი მეორდება, ეს მოტივები მსგავსია აზერბაიჯანულ, ქართულ, სომხურ, ირანულ თუ თურქულ ფარდაგებში, ისევ და ისევ, ქსოვის ტექნიკიდან გამომდინარე, თუმცა, მათი განლაგების პრინციპები, ურთიერთშეპირისპირება, კოლორიტული გადაწყვეტა განაპირობებს ყველა ამ ქვეყნის ფარდაგების ინდივიდუალურ იერსახესა და მათ განუმეორებლობას. თუშური ფარდაგი, მთავარი ორნამენტული მოტივების საფუძველზე, რამდენიმე ჯგუფად დავყავით - ყველაზე საინტერესო და გამორჩეული, მათ შორის, არის ჯგუფი, სადაც მთავარი მოტივია ჯვარი. მას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს და შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე ტიპიურადაც.L. Kerimov, N. Stepanian, T Grigolia, D. Tsitishvili. Rugs &Carpets from the Caucasus–Russian Collections. (Leningrad:Aurora,1984), il. 107; კოშორიძე. ქართული მეხალიჩეობის ისტორიიდან. 26ამ მოტივის მრავალფეროვან კომბინაციებსა და ვარიაციებში ხშირი გამოყენება, უდავოდ, ტიპიური ქართული მოვლენაა და ქრისტიანულ რწმენასთან არის დაკავშირებული. მართალია, ჯვარი, ჯერ კიდევ, წარმართულ რელიგიებში სამყაროს მიმართულებების სიმბოლოა და ხშირია მისი გამოყენება აღმოსავლურ ფარდაგებშიც (განსაკუთრებით, ირანის ფარსის რეგიონი), მაგრამ იქ ის წმინდა დეკორატიულ, დამხმარე, მეორეხარისხოვან ფუნქციას ასრულებს მაშინ, როდესაც თუშურ ფარდაგში მას აშკარად დომინანტური და იდეურად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს - ჯვარია მთავარი მოტივი თუშური ფარდაგის ყველაზე დიდ ჯგუფში. იგი ხან მთელ სიბრტყეს ფარავს, ხან ვერტიკალურ ღერძზეა განლაგებული, ჯვრებითაა შევსებული სხვა მთავარი ორნამენტული მოტივების შუაგულები, ინტერვალები მათ შორის, ჯვარია მთავარი მაორგანიზებელი ელემენტი თუშური ფარდაგის ორნამენტულ ოლეებში. გვხვდება ფარდაგები, სადაც სხვადასხვა ზომისა და ფორმის 200-მდე ჯვრის გამოსახულებაა. არანაკლებ პოპულარულია თუშურ ფარდაგებში ე.წ. რქანახარას მოტივი. იგი წარმოადგენს კვადრატს, რომელიც ბოლოვდება ოთხივე მხარეს მიმართული რქანახარა ხვეულებით. ამ მოტივის სახელწოდება თუშ მქსოველებს დავიწყებული აქვთ. ამ ორნამენტული მოტივის საინტერესო სახე გვხვდება ხევსურულ ხალხურ ნაქარგობაში. აქ მას ჰქვია რქანახარა.ი. კოშორიძე. „ხევსურული ნაქარგობა.“ ჟურ. სპექტრი. 1998.14-23.სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, იგი შესაძლოა ცხოველურ სამყაროს დავუკავშიროთ, მით უფრო, რომ რქების თაყვანისცემა ძალზე გავრცელებული ტრადიციაა საქართველოს მთიან რეგიონებში, მათ შორის, ხევსურეთსა და თუშეთში. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ რქებს დღემდე ამ რეგიონების ქრისტიანულ სალოცავებსა და ნიშებში. მეხალიჩეობაში ძალზე პოპულარულ და გავრცელებულ ამ მოტივს მკვლევრები სხვადასხვანაირად ხსნიან. მათი ნაწილი მის პირველსახედ ყვავილს მიიჩნევენ, რომელსაც გიულს უწოდებენ.Les Tapis Caucasiennes. Ed. Tsitsishvili, D., Tbilisi: Aurora. 1984. 58.ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების უმეტესობა, ამ მოტივს, მემლინგის მოტივს უწოდებს, რადგანაც პირველად იგი ამ მხატვრის ტილოებზე გამოსახულ ხალიჩებზე გვხვდება.Lorquin A., Tissus de lin et de laine provienent d’Egipte de l’Antiquite tardive et du Haut Moyen-Age, Paris, 1991, 145.მოტივი ძალზე გავრცელებული იყო თურქულ და აზერბაიჯანულ ხაოიან ხალიჩებში იმდენად, რომ მას თურქული ეთნოსის ერთ -ერთ ყველაზე ტიპურ მოტივადაც მიიჩნევენ.Л. Керимов, Азербайджанский ковер, т.III (Гянджалик- Баку: Из-во АН АзССР, 1984), 201.თითქმის არ გვხვდება ეს მოტივი ფარდაგებში. თუშური მასალა, ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენს, სადაც იგი დიდი რაოდენობით გვხვდება. ამავე დროს, ეს მოტივი თუშურ ფარდაგებში მრავალფეროვან კომბინაციებში გვხვდება. თავად ფიგურა, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზეა აგებული და მისი ბუნება სტატიკურია, თუმცა, თუშები მას სხვადასხვანაირ კომბინაციაში ათავსებენ, რაც ფარდაგების დიდ მრავალფეროვნებას ქმნის - რქანახარა ორნამენტი ხან ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ღერძებზე, ხანაც დიაგონალურად განლაგებულ ბადეებზეა მოთავსებული, რაც ფარდაგის სტატიკურ ან დინამიკურ ხასიათს განსაზღვრავს. თავად მოტივი ხან ჰორიზონტალურადაა ჩახაზული კომპოზიციაში, ხანაც წვერითაა დაყენებული, რაც დიაგონალურ ხაზებს აძლიერებს ფარდაგის კომპოზიციაში და მის დინამიკურ ხასიათს ზრდის. ძალზე გავრცელებულია ნაფოტა თვალად წოდებული ვარსკვლავისებრი მოტივი.გ.ბოჭორიძე, შინამრეწველობა, საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ.720; აზიკური, თუშური ფარდაგი. 25-27. ეს მოტივი ფართოდ გამოიყენება საქართველოს სხვა რეგიონების - კახეთის, ქართლის, მესხეთის ფარდაგებში. მისი პარალელები გვხვდება ხალხურ, კერძოდ, ხევსურულ ნაქარგობაში და ქართლის, რაჭისა და სხვა რეგიონების ხეზე კვეთილობის ნიმუშებშიც. ნაფოტა თვალი რომბის ღერძების მიმართაა სიმეტრიული და შედგება მის პერიმეტრზე ასხმულ ტოლფერდა სამკუთხედებისაგან (ნაფოტა). ნაფოტა თვალი სხვადასხვა სახის მოტივებით ივსება. მასში შეიძლება იყოს ჩასმული სხვადასხვა ტიპის რომბები, ჯვრები ან უფრო პატარა ნაფოტა თვლები. ამ მოტივის უფრო გართულებული ვერსიაა თეთრი კონტურით შემოხაზული ნაფოტა თვალი. ფარდაგის ერთ-ერთი მთავარი მოტივია კაუჭა თვალი. მას რომბის ან ჰექსაგონის ფორმის გული აქვს, რომლის კუთხეებიდან გაშვერილი მოკაუჭებული ფიგურები ყველა მხარესაა გაშვერილი. ხშირად, ეს კაუჭები იმდენად გრძელია, რომ გულის ზომა თითქმის უმნიშვნელოა. XIX საუკუნის ქართლის ფარდაგების გარდა, ის იშვიათად გვხვდება საქართველოს სხვა რეგიონებში. მოტივის გავრცელების ვიწრო არეალი, ასევე, დეკორატიული ხელოვნების სხვა დარგებში მათი არარსებობა, სავარაუდოდ, გამოწვეულია მისი შედარებითი სიახლით. შესაძლოა, იგი სხვა ქვეყნებიდან იყოს შემოტანილი. ეს მოტივი საკმაოდ პოპულარულია აზერბაიჯანულ კუბას ტიპის ფარდაგებში ე.წ. კილიმგიულის სახელით. მაგრამ, განსაკუთრებით გავრცელებულია იგი თურქეთის ყარსის ოლქის ფარდაგებში, სადაც XIX - XX საუკუნეებში თუშებს ცხვარი გაჰყავდათ და შესაძლოა, ეს მოტივიც სწორედ იმ რეგიონის ფარდაგებიდანაა გადმოსული თუშების რეპერტუარში.კოშორიძე. ქართული მეხალიჩეობის ისტორიიდან. 54. საინტერესოა თუშური ფარდაგის ორნამენტული ზოლები. ისინი სამ ჯგუფად დავყავით; პირველი ჯგუფის მთავარი ორნამენტული მოტივია ჯვარი, რომელიც მკაცრ ვერტიკალებსა და ჰორიზონტალებზეა აგებული, რაც ამ ზოლის სტატიკურ ხასიათს განაპირობებს. მეორე ჯგუფში გაერთიანებულია ორნამენტული არშიები, სადაც ჰორიზონტალურ ხაზზე მძივისებურადაა ასხმული დახრილ ხაზზე აგებული სხვადასხვა ფიგურა. ეს ჯგუფი, თავისი ბუნებით, დინამიკურია და მოძრაობის ილუზიას ქმნის. მესამე ჯგუფის ორნამენტული ზოლის ძირითადი სიბრტყე სამკუთხა არეებადაა დაყოფილი, რომლებშიც ურთიერთშექცევით ერთნაირი ფიგურებია ჩასმული. თავისი ხასიათით ეს ჯგუფიც დინამიკურია. როგორც მთავარი ორნამენტული სახეების ანალიზმა გვიჩვენა, თუშურ ფარდაგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხატვრული ხერხია დინამიკური და სტატიკური მოტივების ურთიერთშეპირისპირება და თანაზომიერება. ეს ჩანს არა მხოლოდ შიდა საფარდაგე სიბრტყისა და ორნამენტული ზოლების ურთიერთმიმართებაში, არამედ, თავად მთავარი ორნამენტული მოტივების შიდა საფარდაგე სიბრტყეზე განლაგების პრინციპებშიც. თუ ფარდაგის შიდა სიბრტყე მკაცრ ვერტიკალებსა და ჰორიზონტალებზეა აგებული, ორნამენტული ზოლი აუცილებლად დინამიკური უნდა იყოს და პირიქით, თუ შიდა არე დახრილ ხაზებზეა აგებული, პირველი ჯგუფის ორნამენტული ზოლით იგი თითქოს წონასწორობასა და სიმყარეს იძენს. ეს პრინციპი დაცულია თუშური ფარდაგის კომპოზიციის ნებისმიერ მონაკვეთში, რაც მას უჩვეულო ჰარმონიულობას ანიჭებს. ორნამენტის გვერდით ფარდაგის მხატვრულ სახესა და მის თვითმყოფადობას განსაზღვრავს მისი ფერადოვანი გამა, რომელიც, თავის მხრივ, განპირობებულია საღებავების სპექტრითა და მქსოველთა გემოვნებით. გარემოდან - მცენარეებიდან და სხვადასხვა მინერალებიდან - თუშები ათამდე ტონალობის ფერს იღებდნენ.ნ. აზიკური. მატყლის ღებვის ტრადიცია თუშეთში. თბილისი: კუნა გეორგიკა, 1999.ცხოვრებისა და კლიმატის მკაცრმა პირობებმა გარკვეული ესთეტიკური გემოვნება და ხასიათი ჩამოუყალიბა თუშებს, რაც კარგად აისახა მათ ზეპირსიტყვიერებაში, ეროვნულ სამოსში, ყოფაში. მათი ტრადიციული სამოსი შავი ფერისაა და გაცოცხლებულია ვერცხლის სამკაულით ქალებთან და ქამარ- ხანჯლით მამაკაცებთან, შავ -თეთრზეა აგებული მათი ტრადიციული ფეხსამოსი - ჩითებიც. თეთრი და შავი კონტრასტული ფერებია და დრამატიზმის გრძნობას აღძრავს. თუშების ყოფაში ომი და მშვიდობა მუდამ ერთმანეთს ენაცვლებოდა. კონტრასტულია თუშის ბუნებაც - მის მკაცრ ხასიათს ნათელ ზოლად გასდევს ნაზი და ლირიკული ბუნება, რაც კარგად აისახა ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა თუ პოეზიაში. თუშურ ფარდაგშიც ეს ორი ფერი დომინირებს-შავისა და თეთრის დაპირისპირებაზეა აგებული ყველა ფარდაგის კომპოზიცია-ფარდაგის შიდა მიწარი ყოველთვის შავია, რომელზეც მთავარი მოტივები მოცემულია სხვადასხვა მუქი ტონალობით (მხიე, მიწისფერი, ენდროსფერი, ლურჯი) ან თეთრი კონტურული ხაზითაა შემოსაზღვრული. ამ შავ შიდა სიბრტყეს გარს შემოსდევს ორნამენტული ზოლის ერთი ან ორი, იშვიათად, სამი რიგი, რომელთა ფონები უმეტესად თეთრია. მათზე გამოსახული ფიგურები კი - შავი. XX საუკუნის დამდეგს, თუშეთში ანილინის საღებავები ვრცელდება, რაც საფარდაგე ძაფის უფრო მკვეთრ ჟღერად ფერებში ღებვის საშუალებას იძლევა, თუმცა, თუშებს არც აქ ღალატობთ ზომიერების გრძნობა-მკვეთრ ნარინჯის, ვარდისფერსა თუ იასამნისფერს ისინი ისეთ კოლორიტულ გამაში აქცევენ, რომ ანელებენ მის ჟღერადობას და ეს ფერი არასოდეს ხდება წამყვანი ფარდაგის საერთო კომპოზიციაში. გეომეტრიული ნახატის, კოლორიტის, დინამიკური და სტატიკური ღერძების ზომიერი ურთიერთშეთანხმება არის ის სტილისტიკური ნიშნები, რომლებიც თუშური ფარდაგის მაღალ მხატვრულ და ესთეტიკურ ღირებულებას განსაზღვრავენ.კოშორიძე. ქართული ხალიჩა. თბილისი: სეზანი,2017. 14-16; ი. კოშორიძე. დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება დარგები, სტილები, ეპოქები. თბილისი, უნივერსალი, 2013. 220-241.ამ ფარდაგების ეროვნულ ხასიათზე მეტყველებს, ასევე, ორნამენტული დეკორის გააზრებული ხმარებაც - მართალია, ბევრ შემთხვევაში ორნამენტი პარალელებს პოულობს სხვა ქვეყნების ფარდაგებშიც, მაგრამ ჯვრის იმ ინტენსივობითა და რაოდენობით გამოყენება კომპოზიციებში, რაც თუშურ ფარდაგშია, ნამდვილად წმინდა ქართული, თუშური ფენომენია და იგი, უდავოდ, ქრისტიანულ რწმენასთან არის დაკავშირებული. ფარდაგის ქსოვის ხელოვნება ჭეშმარიტად ხალხური ხელოვნებაა. იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდე მოაღწია. ეს ხელოვნება მისი შემქმნელი ხალხის მაღალი მხატვრული შემოქმედების ნაყოფია, იგი ასახავს ამ ხალხის ისტორიას, ცხოვრების მკაცრ პირობებს, მათ ღრმად შემოქმედებით ბუნებასა და ფაქიზ ესთეტიკურ გემოვნებას. ბიბლიოგრაფია: 1. აზიკური, ნანული. „კახეთ-თუშეთობა,“ კრ. ისტორიულეთნოგრაფიული შტუდიები, თბილისი: მეცნიერება, (1985):92-109. 2. აზიკური, ნანული. მეცხვარეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (თუშეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით) საკანდიდატო დისერტაცია, თბილისი, 1989. 3. აზიკური, ნანული. მატყლის ღებვის ტრადიცია თუშეთში. თბილისი: კუნა გეორგიკა, 1999. 4. აზიკური, ნანული. თუშური ფარდაგი. თბილისი: კუნა გეორგიკა, 1999. 5. აზიკური, ნ. დეისაძე, გ. ცოცანიძე, გ. ასი ველური მცენარე თუშეთიდან - ტრადიციები და გამოყენება. თბილისი: სეზანი. 2019 6. ბოჭორიძე, გიორგი. შინამრეწველობა. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ.720, 721, 722, 723. 7. გელოვანი, გიორგი. “თუშები და მათი ზნე-ჩვეულებანი” - სახალხო გაზეთი N 816-1913. გვ.67-68. 8. ერაძე, ბ. „მეცხვარეობა თუშეთში,“ სახალხო გაზეთი, N 1007, 1913. 9. კოშორიძე, ირინე. „თუშური ფარდაგი.“ ჟურ. საბჭოთა ხელოვნება, # 6. 1986.გვ.48-52. 10. კოშორიძე,ირინე. „ქართული მეხალიჩეობის ისტორიიდან - თუშური ფარდაგი,“ ნარკვევები. ტ. 1, თბილისი, 1997. გვ.23-28. 11. კოშორიძე, ირინე. ქართული ხალიჩა. თბილისი: სეზანი. 2017. 12. კოშორიძე, ირინე . დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება დარგები, სტილები, ეპოქები. თბილისი: უნივერსალი, 2013. 13. მაკალათია, სერგი. თუშეთი. თბილისი: ნაკადული, 1983. 14. მეგრელიძე, კ. ხალიჩები და ხალიჩური საქონელი. თბილისი: თსუ-ის გამომცემლობა, 1982. 15. მელიქიშვილი, იზოლდა. ნადირაძე, ელდარ. და ტოგონიძე, ლუარსაბ. ქართული ტრადიციული სამოსი. თბილისი: სეზანი, 2015. 16. მოლოდინი, ლეილა. „ღებვის ხალხური წესები თუშეთში“. კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის. თბილისი: მეცნიერება, 1987. გვ.195-213. 17. ჩიტაია, გიორგი. და ბარდაველიძე, ვერა. ხევსურული ორნამენტი. თბილისი: მეცნიერება, 1939. 18. ჩაჩაშვილი, გერცელ. „ქართული დაზგები,“ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XVIII-ბ. თბილისი: მეცნიერება. 1954:179-214. 19. ხახანაშვილი, ალექსანდრე . მგზავრის დღიურიდან. N173, 177, 181, 185 1885. 20. ჯალაბაძე, გოგი. „თუშური კვირტულა (ფარდაგების ერთ-ერთი სახეობა თუშეთში)“. ძეგლის მეგობარი, N24, თბილისი: 1971: 9-11. 21. Керимов, Л. Азербайджанский ковер, т.III. ГянджаликБаку: Из-во АН АзССР, 1984. 22,Kerimov, L., Stepanian, N., Grigolia, T., Tsitishvili, D. Rugs & Carpets from the Caucasus-Russian Collections. Leningrad: Aurora,1984. 23. Les Tapis Caucasiennes. Ed. Tsitsishvili, D., Tbilisi: Aurora. 1984. 24. Lorquin A., Tissus de lin et de laine provienent d’Egipte de l’Antiquite tardive et du Haut. Moyen-Age. Paris, 1991. 25. Petsopoulos, G. Killims. New York, 1979. 26. Nooter, R., with Koshoridze. I., and Tatikyan. V., Flat-woven Rugs &Textiles from the Caucasus. Atglen: Shiffer publishing Ltd., 2004. 27. Tapis des Georgie-chefs-douvres des Musees de Tbilisi. Ed. T. Berishvili. Paris: Association Francais Culturelle et D Amitie avec le People Georgian, 1997. |