Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული წიგნის ხელოვნებაში გამოყენებული ორნამენტი (ლადო გრიგოლიას შემოქმედების მაგალითზე)

მარიამ გაჩეჩილაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი


საქართველოში გრაფიკის ხელოვნება, როგორც სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელი დარგი, ძირითადად, XX საუკუნეში ჩამოყალიბდა, მაგრამ ქართული გამოყენებითი გრაფიკის ისტორია  ქართული ბეჭდური წიგნის წარმოშობის დღიდან იწყებს ათვლას (იგულისხმება 1629 წელი) და აქტიურ განვითარებას XIX საუკუნის მანძილზე აღწევს. ძირითადად, იგი მოიცავს წიგნისა და საჟურნალო-საგაზეთო მხატვრობას, სარეკლამო დანიშნულების პროდუქციას (ესაა: ეტიკეტი, სავიზიტო და ღია ბარათები, თეატრის წარმოდგენების სარეკლამოდ გამიზნული ტექსტებით შედგენილი აფიშები, ჟურნალ-გაზეთების თავფურცლები და სხვ.).
1629 წელს რომში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნი, „პროპაგანდა ფიდეს“ სტამბაში შესრულდა, მხედრული შრიფტით („ქართულ-იტალიური ლექსიკონი“ და „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“). მცირე დეკორაციული ელემენტები, რომლითაც ეს წიგნებია შემკული, იმ პერიოდში გამოცემული ევროპული წიგნის დეკორის ანალოგიურია.
ქართული წიგნის შემდგომი ნიმუშები რუსეთში იქმნება და მეფე არჩილის (1647-1713) სახელს უკავშირდება. 1705 წ.  მოსკოვის სინოდის სტამბასთან მოწყობილ ქართულ წიგნთ საბეჭდში ხუცური შრიფტით იბეჭდება „დავითნი“. ფურცლები შემოვლებულია ვიწრო, უწყვეტი არშიით, რომელიც მიღებულია მცენარეული მოტივის საფუძვლით შედგენილი დეკორის ერთი ნიმუშის განვრცობით.
ამ პერიოდში გამოცემული ქართული წიგნების მორთულობის ელემენტებში ეროვნული ნიშნები არ იკვეთება.
მოსკოვში დაბეჭდილი წიგნების პარალელურად, 1709 წელს,  თბილისში გამოიცემა წიგნები, რომლებიც მეფე ვახტანგ VI მიერ რუმინეთიდან მოწვეული სტამბის ოსტატის, მიხეილ უნგროვლახელის ღვაწლით სრულდება. 1709-10 წლებში ამ სტამბაში იბეჭდება „სახარება“, „ჟამნი“,  „კონდაკი“, „ლოცვანი“;
ამ პერიოდის წიგნთა მკვლევარნი მიიჩნევენ, რომ მათი უმრავლესობა არაფრით ჩამოუვარდება ევროპაში დაბეჭდილ წიგნებს.
ქართულ პირველნაბეჭდ წიგნთა გამოცემებს შორის უმნიშვნელოვანესია ვახტანგის სტამბაში 1712 წელს დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“.  ამ წიგნის შესახებ ა. შანიძე წერს: „პირველი გამოცემა ვეფხის ტყაოსნისა გარეგნულად მშვენივრად გაფორმებული წიგნია: სოლიდური ფორმატი, ლამაზი შრიფტი, კარგი ქაღალდი, სურათები და ორნამენტები, ორ ფერად ნაბეჭდი ტექსტი“შოთა რუსთაველი, ვეფხის ტყაოსანი. 1712. აღდგენილი აკაკი შნიძის მიერ. ფოტორეპროდიქციული გამოცემა. თბ., „მეცნიერება“, 1975, გვ. 343.
ეროვნული ნიშნების მატება თავს იჩენს  მე-18 ს. 90-იან წლებში, თბილისის სტამბაში  ნაბეჭდ  წიგნებში. კერძოდ კი, ეს შეინიშნება 1793 წელს გამოცემული მარხვანის ორნამენტებსა და  ილუსტრაციებში.  ტექსტში ჩართულ ილუსტრაციაზე გამოსახული მამაკაცის ჩაცმულობაში აშკარად შეიცნობა აღმოსავლური სამოსის (ჩოხის) ელემენტები. განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებისაა კომპოზიციის საფუძვლად შემქმნელი მსხვილი ჩარჩო, სასათაურო წარწერით. ნუსხური შრიფტის მრგლოვანი, დახვეწილი ფორმები ორგანულადაა ჩართული მცენარეული დეკორის ხვეულებში.  
მე-19 ს-ის ბოლოს და 1900-იანი წლების დასაწყისიდან, ნაბეჭდი ჟურნალებისა და გაზეთების თავფურცელზე, ძირითადად კი, ყმაწვილთათვის განკუთვნილ წიგნებში ჩნდება ორნამენტით შემკული სასათაურო შრიფტები, საზედაო ასო-ნიშნების ჩანართები, ილუსტრაციები. ზოგჯერ შემსრულებელ მხატვართა გვარებიც არის მიწერილი, მათ შორის,  დღეისთვის ცნობილი, ხოლო, ზოგჯერ ნაკლებად ცნობილი და უცნობი გვარებიც იკვეთება  (მაგ.  მოსე თოიძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი,  მიხეილ ჭიაურელი,  ალექსანდრე ზალცმანი, ოსკარ შმერლინგი, გიგო ზაზიაშვილი, ანტონ გოგიაშვილი, პლატონ მღებრაძე, მომცემლიძე, ივანაშვილი და სხვები...)
მაგრამ, გამფორმებელ მხატვართა შორის ყველაზე მეტად ჭარბობს გრიგოლ ტატიშვილის გვარი, რომლის სახელი და ღვაწლი კარგადაა ცნობილი. იგი არის  თვითნასწავლი მხატვარ-გრავიორი და, ფაქტობრივად, თანამედროვე ქართული საჟურნალო-საგაზეთო და წიგნის გრაფიკის ფუძემდებლად გვევლინება.  
გრიგოლ ტატიშვილი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 ს-ის დასაწყისის ყველა გაზეთისა და ჟურნალის გამოცემაში იღებს მონაწილეობას: 1878 წლიდან - გაზეთები: „კვალი“, „დროება“, „გლეხი“, „დრო“, „თეატრი“ და სხვ. ჟურნალები: „ჯეჯილი“, „ნაკადული“, „მოამბე“, „ნობათი“, ასევე, სომხური ჟურნალი „მშაკი“, „თარზი“ და სხვა. ამ გამოცემებს ამკობს სასათაურო შრიფტით, თავსართ-ბოლოსართებით და საზედაო ასო-ნიშნებით.  
უმნიშვნელოვანესია მისი წვლილი ქართული შრიფტის გარნიტურების შემუშავებაში, 1888 წელს გამოიცა პატარა წიგნი „კანვაზედ საკერი ანბანი“ (გამოცემა განმეორდა 1897 წელს). 1896 წელს იბეჭდება „ჩართული ანბანი“, 1902 წელს კი „ქართული ანბანის თაიგული“.   
გრიგოლ ტატიშვილის ღვაწლი განსაკუთრებულია ე.წ. ქართველიშვილისეული „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში. წიგნი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ არის დასურათებული, ხოლო მაკეტი, ანუ - ყდის, ყუის, ტიტულის, თავსართ-ბოლოსართების, საზედაო ასო-ნიშნების კომპოზიციები, ფურცლების შემომსაზღვრელი დეკორი გრიგოლ ტატიშვილის მიერაა შესრულებული.  „ვეფხისტყაოსნის“ ეს ნიმუში 1888 წელს დაიბეჭდა. (ილ.1)
წიგნის ყველა ფურცელს ახლავს მსხვილ ზოლად შემოსალტული ჩარჩო, კუთხეებში დეკორაციული,  მოჩუქურთმებული აქცენტებით,  ისევე, როგორც ეს ყდის შემომსაზღვრელ ჩარჩოზეა; თითოეულ თავს ამკობს დეკორირებული თავსართი და ოთხკუთხა ჩარჩოებში ჩასმული საზედაო ასო-ნიშანი.  არ მეორდება საზედაო ასო-ნიშანთა ჩარჩოები, თუნდაც, ის ერთი და იმავე ასოს საზღვრავდეს. გამოყენებულია ორნამენტის ძალზე რთული წნულები. ცალკე შრიფტის ნაირგვარობა, ცალკე ორნამენტის სიფაქიზე იწვევს არაჩვეულებრივად მდიდრულ შთაბეჭდილებას. პოემის ეროვნული ხასიათის გადმოცემას ყველაზე მეტად შეუწყო ხელი წიგნის მხატვრულმა ელემენტებმა.
შემდგომი წიგნი, ესაა 1914 წელს გამოცემული ნინო ნაკაშიძის ზღაპარი „ზარაბიბილის ხელმწიფის ქალი“ (გამოცემულია ქუთაისში). ესაა მცირე ფორმატიანი, ილუსტრირებული წიგნი, გაფორმებული საზოგადოებისათვის დღემდე თითქმის უცნობი მხატვრის, პლატონ მღებრაძის მიერ.   
მხატვარი წიგნისთვის ქმნის შვიდ ილუსტრაციას და აფორმებს ყდას.  ლუსტრაციები თანმიმდევრულად მისდევს ზღაპრის შინაარსს.  ყდის კომპოზიციაც და ილუსტრაციებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ ჩარჩოებშია განთავსებული,   რომლებიც მოდერნის სტილშია გადაწყვეტილი.  
მხატვარი მოჩარჩოების ორნამენტში თანაბარზომიერად აჯერებს აღმოსავლური და დასავლური დეკორის ფორმებს  (შეისრული და ოვალური თაღები, ფანჯრის მაქმანისებური დეკორი, კოლონები). ჩარჩოს ორნამენტში ორგანულადაა ჩართული ფანტასტიკური ელემენტებიც.  მომსაზღვრელი დეკორი ხელოსნური, ეთნოგრაფიული ხელ-ნაკეთობით შექმნილი უბრალოების შთაბეჭდილებასაც ტოვებს, თითქოსდა, ხეში იყოს გამოკვეთილი.
1910-იანი წლების მნიშვნელოვან გამოცემას წარმოადგენს ე.წ. გედევანიშვილისეულ გამოცემად ცნობილი, 1914 წელს დაბეჭდილი ილია ჭავჭავაძის „თხზულებანი“, რომელიც მხატვარ ჰენრიჰ ჰრინევსკის  მიერ არის გაფორმებული და დასურათებული. ილუსტრაციებში გამოსახულ პერსონაჟთა ქართული ეროვნული სამოსის გარდა, დიდი ყურადღება ეთმობა ტიტულის, შმუცტიტულებისა და თავსართ-ბოლოსართების დეკორს, რომლის მხატვრული ელემენტები ქართული არქიტექტურული ორნამენტიდან იღებს სათავეს.
ჩვენი ქვეყნის სახვითი ხელოვნების ისტორიაში 1920-იან წლებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პირველი ათწლეულის მხატვრული მიღწევების შემაჯამებელი მოვლენა 1919 წელს მოწყობილი გამოფენა იყო, რომელიც დიდების ტაძარში გაიმართა. გამოფენამ ნათლად აჩვენა, რომ ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში ახალი ეტაპი იყო დაწყებული და ამ ეტაპის დაწყებას თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებამაც შეუწყო ხელი.
1922 წელს დაფუძნებულ სამხატვრო აკადემიას სათავეში ჩაუდგა პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, ევროპული განათლების მქონე, უაღრესად ერუდირებული პიროვნება – გიორგი ჩუბინაშვილი. მის მიერ სამხატვრო აკადემიისთვის შერჩეულ იქნა მაღალპროფესიონალი მხატვრების გუნდი, რომელთაც უნდა აღეზარდათ ხელოვანთა ახალი თაობა.
თანამედროვე ქართველ გრაფიკოსთა აღზრდის საქმეს იოსებ შარლემანი და ევგენი ლანსერე ჩაუდგნენ სათავეში. ორივე ეს მხატვარი ევროპული განათლების მქონე, მაღალი რანგის ხელოვანი იყო. იოსებ შარლემანი (1880-1957) 1917 წლის აპრილის თვეში ჩამოდის თბილისში და თავის ბედს სამუდამოდ უკავშირებს საქართველოს. იგი საფუძვლიანად სწავლობს და ითავისებს ქართული შრიფტისა და ორნამენტის თავისებურებებს. ამის მაგალითია, თუნდაც,  1922 წელს გაფორმებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებთა სრული კრებული, რომლის მხატვრულ სახეს ი. შარლემანი მარტივი ორნამენტული ელემენტებითა და ქართული შრიფტის ჩამოსხმული ფორმებით ქმნის. მხატვარი მხოლოდ წიგნის ყდასა და ტიტულს აფორმებს და ძირითადი მხატვრული დატვირთვა შრიფტზე გადააქვს.
ოციანი წლების წიგნის მხატვართა რიგებს თანდათან უერთდებიან იოსებ შარლემანის მიერ აღზრდილი სტუდენტები. უფროსი და ახალგაზრდა მხატვართა თაობის ერთობლივი შრომის ნაყოფს წარმოადგენდა 1922 წელს გაფორმებული ეგნატე ნინოშვილის  ნაწარმოებთა ორტომეულის საიუბილეო გამოცემა. ეს იყო ქართული საბჭოთა დასურათებული წიგნის პირველი ნიმუში. ამ წიგნის გაფორმებაში უფროსი თაობის მხატვრებიდან მონაწილეობა მიიღეს: მოსე თოიძემ, ევგენი ლანსერემ, იოსებ შარლემანმა; ახალგაზრდებიდან: აპოლონ ქუთათელაძემ, შალვა მამალაძემ, შალვა ძნელაძემ და ირაკლი თოიძემ.  
სხვადასხვა მოთხრობისათვის განკუთვნილ ილუსტრაციას სხვადასხვა მხატვარი ასრულებს.  ტექსტების დასაწყისსა და დასასრულს ერთვის თავსართ-ბოლოსართები. ასევე, განსხვავებულია შმუცტიტულების გასაფორმებლად გამოყენებული შრიფტებიც. მხატვრები ცდილობენ ეროვნული ელემენტების შეტანას ორნამენტში, თუმცა, ამდენი ხელოვანის ჩართვა და მათი სხვადასხვა ხელწერა წიგნს მთლიანობას უკარგავს.
1930-იანი წლების წიგნის ხელოვნებაში გამოვლენილი თავისებურებები, გარკვეულწილად, წინა ათწლეულებში დაწყებული ძიებების გაგრძელებაა და, ამავე დროს, სრულიად ახალი მოთხოვნილებების და ახალი ამოცანების გადაჭრის პროცესიც იწყება.
1930-იანი წლებიდან, უკვე თბილისის აკადემიის კედლებში აღზრდილი თაობა გამოდის შემოქმედებით ასპარეზზე.
პირველ კურსდამთავრებულთა თაობის ცნობილი მხატვრებიდან თითქმის ყველამ გამოცადა თავი წიგნის მხატვრობაში, ზოგმა ეპიზოდურად (ვ. თოფურიძე, ა. ქუთათელაძე, უ. ჯაფარიძე), ზოგისთვის, მიუხედავად იმისა, რომ, ძირითადად, სახვითი ხელოვნების ამა თუ იმ დარგში მოღვაწეობა იყო წამყვანი (ფერწერა, დაზგური გრაფიკა, თეატრის მხატვრობა) წიგნის გაფორმება-ილუსტრირებაც არც თუ მცირე ადგილს იკავებდა (ს. ქობულაძე, ი. თოიძე, თ. აბაკელია, ს. გაბაშვილი, ლ. ქუთათელაძე), ერთეულთათვის კი მხოლოდ შრიფტის ხელოვნებასა და წიგნის გრაფიკაში მოღვაწეობა ხდება მთავარი (ლ. გრიგოლია).
1934 წლების გამოცემათა შორის მნიშვნელოვანია იოსებ (სოსო) გაბაშვილის მიერ გაფორმებული ირანული ეპოსის კრებულის, „შაჰნამეს“ გაფორმება.  მხატვარი  ამოცანად ისახავს აღმოსავლური ელემენტებით შეამკოს წიგნი. პერსონაჟთა ტიპაჟის და, ზოგადად, ირანული მინიატიურებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიშნის გარდა  (იგულისხმება - ორნამენტი, შეისრული თაღები, სამოსი), მხატვარი ქართული შრიფტის და ირანული დამწერლობის ფორმებსაც უსატყვისებს ერთმანეთს.
1930-იანი წლების წიგნის მხატვრობის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა შოთა რუსთაველის საიუბილეოდ გამოცხადებული კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ გაფორმებისათვის. 1937 წელს სხვადასხვა ხელოვანის მიერ გაფორმებული ოთხი გამოცემა შესრულდა. ამ ოთხ მხატვართა შორის ლადო გუდიაშვილის მიერ გაფორმებული პოემა  ჯერ 1934 წელს, შემდგომ კი 1937 წელს გამოდის. წიგნი უხვადაა ილუსტრირებული (33 ილუსტრაციაა შესრულებული);  მხატვრის მიერ სიმბოლურად გააზრებული ყველა ელემენტი ნაწარმოების შინაარსს უკავშირდება და  ქართული ხელნაწერი წიგნის, ფრესკისა და ქვის ორნამენტის შემადგენელი ნიუანსებითაა გაჯერებული. წიგნი მხატვრული ელემენტების სრულყოფილებითაა შექმნილი და ერთ მთლიან ორგანიზმად არის გააზრებული.
1937 წელს, საიუბილეოდ გამოიცა, ასევე. ვახტანგისეული სტამბის (1712 წ.) აღდგენილი ნიმუშიც, რომლის შესახებ ზემოთაც გვქონდა საუბარი.  წიგნზე მუშაობა 1934 წელს იწყება. აკაკი შანიძის შეთავაზებით, ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ განახლებისათვის მხატვარი ლადო გრიგოლია იქნა მიწვეული.
ლადო გრიგოლიამ, ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოს ჩატარების შემდეგ აღადგინა ვახტანგისეული სტამბის შრიფტის ნიმუშები და მათთან შესატყვისობაში განაახლა მხატვრული ელემენტებიც. მიღწეულ იქნა ორგანული მთლიანობა თანამედროვე და ვახტანგისეულ გაფორმებას შორის, რაც მხატვარმა  ვახტანგისეულ შრიფტთან და ორნამენტთან ახლად ჩართული შრიფტისა და ორნამენტის სტილისტიკური დაქვემდებარებით განახორციელა.  
როგორც აღვნიშნეთ, ლადო გრიგოლია იყო მხატვარი, რომელმაც მთელი თავისი შემდგომი შემოქმედება, ძირითადად, ქართული წიგნისა და შრიფტის განვითარებას მიუძღვნა.   
1930-იან წლების დასაწყისში, წიგნების გაფორმებისას, მხატვარი მწირი დეკორაციულო ელემენტების გამოყენებით შემოიფარგლება, შეიცნობა თავისი პედაგოგის, იოსებ შარლემანის გავლენა.  ხოლო 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან მისი ხელწერა იცვლება. 1937 წელს, „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემას იგი ლადო ქუთათელაძესთან თანაავტორობით ასრულებს. მხატვრები მაქმანისებური, მსუბუქი ქარგით ქმნიან წიგნის მხატვრულ ელემენტებს და უთავსებენ მრგლოვანი შრიფტის მოხდენილ ფორმებს. ისინი ასრულებენ წიგნის მთელ დეკორს - ყდის, ტიტულ-კონტრტიტულის, თავსართ-ბოლოსართებისა და კონტრტიტულების კომპოზიციებს.
ამ წლებში ლადო გრიგოლიას „ვეფხისტყაოსნის“ გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნიც აქვს გაფორმებული. მის მიერ შემუშავებული  მხატვრული პრინციპებიც ზოგადად, 1930-40-იანი წლების წიგნის გრაფიკის მხატვრულ პრინციპებად მკვიდრდება, თვით მხატვარი კი ქართული თანამედროვე წიგნის გრაფიკის წამყვან ოსტატად გვევლინება, რომელიც, ძირითადად,  თვითონ წარმართავს და ამკვიდრებს გრაფიკული ხელოვნების ამ მნიშვნელოვანი სახეობის შემდგომი განვითარების ხაზს.
1940-იან წლებში ლადო გრიგოლია მკაფიოდ აყალიბებს საკუთარ ხელწერას. ამ პერიოდის მისი შემოქმედების მთელ ხაზს გასდევს აკაკი წერეთლის 7 ტომეულის გაფორმება, რომლის გამოცემა წლების მანძილზე გაგრძელდა (1940-1959).  წიგნის გასაფორმებელ ელემენტებს წარმოადგენს: ყდა-ყუა, ფორზაცი, ტიტული, კონტრტიტული, შმუცტიტულები, თავსართ-ბოლოსართები და საზედაო ასო-ნიშნები.
გამოყენებული ორნამენტი შედგენილია უწვრილესი პატარა ყვავილებით და ქართული ფრესკის ორნამენტის მსგავსი, ზიგზაგისებური ღეროებითა და ფოთლებით.  ფორზაცის მთელი სიბრტყე ორნამენტითაა შევსებული. (ილ. 2) მუქ ფონზე გამოკვეთილი ნატიფი, უნაზესი ხვეულები მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ნაზი, მსუბუქი  ორნამენტი აკაკის ლირიკული ლექსების განწყობას ეხამება. შმუცტიტულების კომპოზიციებიც ასევე უხვად შემკულ, მაქმანისებური დეკორით იქმნება. წიგნებისთვის შესრულებულია შმუცტიტულის რამდენიმე ვარიანტი. ასევეა შემკული თავსართები და საზედაო ასო-ნიშნებიც.  
გაფორმების თავისებურებებით აკაკი წერეთლის ტომებთან მსგავსებას ამჟღავნებს 1941 წელს გამოცემული „ქართული წიგნი“ -  ბიბლიოგრაფიული კრებული.  (ილ. 3)
ყდა დატვიფრული მდიდრული ორნამენტით ივსება. მხატვარს წიგნის ყდიდანვე სურს, ხაზი გაუსვას „ქართული წიგნის“ მდიდრულ მემკვიდრეობითობას და ეს ხელნაწერი წიგნების ძვირფასი ჭედური ყდების იმიტაციით გააკეთოს.
ფორზაცის კომპოზიციაც ყდის სახეს, მის ორნამენტს იმეორებს, მისი სიბრტყე კალიგრაფიული სიფაქიზით შესრულებული უნაზესი ხვეულებით ივსება.  
წიგნის შიდა ელემენტებიც ძველქართული ხელნაწერების ორნამენტთან ამჟღავნებს მსგავსებას. ორგანული მთლიანობაა შექმნილი წიგნის გარე და შიდა ნაწილებს შორის.  
ლადო გრიგოლიას შემოქმედების პირველი პერიოდისათვის დამახასიათებელ ნიშნებს მთელი სისრულით ავლენს ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველი საიუბილეო გამოცემა, რომელიც 1945 წელს, პოეტის გარდაცვალებიდან 100 წლის თავზეა შესრულებული. ყდის, ფორზაცის, ტიტულის, შმუცტიტულების, თავსართ-ბოლოსართების, საზედაო ასოების დეკორატიული ელემენტების ურთიერთ შერწყმით წიგნის დასრულებული, მდიდრული ორგანიზმია შექმნილი და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებთან თანაარსებობით, ლირიკულობის, სინატიფის გრძნობას იწვევს მკითხველში. (ილ. 4)
აკაკი წერეთლისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის წიგნების გაფორმებით შეიძლება, ორნამენტისა და მხატვრული შრიფტის მთელი სისტემა ჩამოვაყალიბოთ. მთელი ანბანი იკრიბება „აკაკისეული“ და „ბარათაშვილისეული“ საზედაო ასო-ნიშნებით, დეკორირებული თავსართ-ბოლოსართების უამრავი ვარიანტი იქმნება.
1940-იანი წლების მეორე ნახევრიდან, თანდათან, „უკან იხევს“ მაქმანისებური დეკორი და შეინიშნება სწორი, ფაქიზი ხაზების მატება. ეს, განსაკუთრებით, მოჩარჩოების ელემენტებში იგრძნობა. მაქმანისებური დეკორიც უფრო ხალვათი ხდება, ზოგჯერ კი,  სიბრტყობრივ-ლაქობრივ ხასიათს იძენს.  
მნიშვნელოვანია 1948 წელს, ინგლისურ ენაზე გამოცემული ლადო გრიგოლიას მიერ გაფორმებული „ქართული პოეზიის“ ანთოლოგია  (ვ. ურუშაძის თარგმანი). ამ შემთხვევაშიც, მხატვარი, წიგნის მაკეტის გასაფორმებელ ყველა ელემენტს  ქმნის -  სუპერს, ყდას, ტიტულ-კონტრტიტულს, საზედაო ასოებს.  
ლადო გრიგოლიას ამოცანას წარმოადგენს, რომ ინგლისელ მკითხველს პოეზიის გაცნობასთან ერთად, წარმოდგენა შეუქმნას თვით ამ ერის კულტურაზე, მის ორნამენტსა თუ საერთოდ წიგნის გაფორმების მხატვრულ ღირსებებზე. მხატვრის  წინაშე ახალი ამოცანის გადაწყვეტის საკითხი დგება.  მან ინგლისური შრიფტის, ლათინური ანბანის კუთხოვანი მოხაზულობა უნდა შეუთავსოს მის მიერ შერჩეული ქართული ორნამენტის პლასტიკურ ხასიათს, დეკორის ქარგის მომრგვალებულ, ნაზ ფორმებს.
ლადო გრიგოლია მთელი წიგნის გაფორმებას, ლათინური შრიფტიდან გამომდინარე, გეომეტრიულ ფორმებში წარმართავს. ყდის, ტიტულის, კონტრტიტულის, ფორზაცის, საზედაო ასო-ნიშნების დეკორის სწორ ხაზებში მოსაზღვრით ერთობას ქმნის შრიფტის კუთხოვან-ხაზობრივ ფორმებთან; ჩარჩოში ჩაწერილი შრიფტის გარშემო კი იძლევა ორნამენტის ნატიფ ხვეულებს, წვრილი კონტურით, მომრგვალებული, მოხდენილი ხაზებით, პაწაწინა მცენარეებით, რითაც ქართული ორნამენტის ხასიათს ინარჩუნებს.
ლადო გრიგოლიამ შეძლო, წიგნში გამოევლინა ქართული ეროვნული ხასიათი, ეჩვენებინა ჩვენი ორნამენტის სიმდიდრე  და, ამავე დროს, შეექმნა ლათინური შრიფტის შესანიშნავად გაფორმებული მკაფიო, გრაფიკული სახე.  
მომდევნო წლებში, ლადო გრიგოლიას გრაფიკაში, თანდათან ძლიერდება ორნამენტისადმი ხაზობრივ-გეომეტრიული მიდგომა.   
თუ თვალს გადავავლებთ ამ პერიოდში გაფორმებულ სხვა ნაწარმოებებს (მაგ. გალაკტიონ ტაბიძის „რჩეული“, 1954; „გალაქტიონ ტაბიძის „100 ლექსი“, 1959; ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული, 1957; ილია ჭავჭავაძის ალბომი, 1959; ვაჟა-ფშაველას „რჩეული“, 1957; ვაჟა-ფშაველას „100 ლექსი“, 1961; აკაკი წერეთლის „100 ლექსი“, 1961) დავინახავთ, რომ დეკორი მარტივდება. ჭარბობს გეომეტრიული ფორმები. მეტია სქემატიზმი, მკაფიო, თამამი მონასმები. მხატვრული გადაწყვეტა ტონალურ-ლაქობრივია, მეტია განზოგადება და გამომსახველობა, მცენარეული დეკორიც სქემატური ხდება. მათ მკაფიო მონახაზში შეიცნობა მუხის, დაფნის ფოთლები.  თავისთავად, ამ მცენარეების გამოსახვას პოეტთა ნაწარმოებების წარდგენისას, მხატვარი სიმბოლურ მნიშვნელობასაც ანიჭებს. პოეტი კლასიკოსების ნაწარმოებების გაფორმებისას, რკოს ელემენტი უძველეს ხელნაწერ წიგნებშიც გვხვდება. დაფნა კი ყოველთვის იყო ღირსეულთა შემამკობელი.
1950-იან წლებში ორნამენტის ხასიათის ცვლასთან ერთად, შრიფტიც იცვლება: დახვეწილ ლაკონიურ ფორმებს, ლაქობრივ-ტონალურ გადაწყვეტას ორ ხაზში ჩაწერილი, სქელი კონტურით შესრულებული შრიფტი შეეფარდება. შრიფტიც ერთგვარი მონუმენტურობის, მდგრადობის შთაბეჭდილებას იწვევს და კომპოზიციის გადაწყვეტაში, ორნამენტთან ერთად, საერთო განზოგადების ხასიათს ემორჩილება.   
ლადო გრიგოლიას შემოქმედების კარდინალურ ცვლილებას, მისი ახალი სტილის ღირსებებს სრულად წარმოგვიდგენს მხატვრის მიერ შესრულებული ნიკოლოზ ბარათაშვილის მეორე საიუბილეო გამოცემა, რომელიც პოეტის დაბადებიდან 150 წლისთავისადმია მიძღვნილი (გამოცემულია 1968 წელს). (ილ. 5)
გასაფორმებელ ელემენტებს შავი და თეთრი ფერის დაპირისპირებით შესრულებული მკაფიო გეომეტრიული ლაქები ქმნის. სუპერი, ყდა, ტიტული, შმუცტიტულები თავსართ-ბოლოსართები კომპოზიციის ერთი სტილით შესრულებულ გეომეტრიულ ხასიათს ემორჩილება. პირველი გამოცემის ლირიკული, ნაზი განწყობისაგან განსხვავებით, აქ პოეტის სულის მეორე მხარეზეა ყურადღება გამახვილებული. წიგნის მხატვრული მხარე მთლიანად „მერანის“ სულისკვეთებითაა გაჯერებული.
შმუცტიტულიც იმავე სადა ფორმებით იქმნება. ორნამენტიც გეომეტრიული აგებით ხასიათდება.
წიგნის მაკეტი ერთიან შეკრულ კომპოზიციას წარმოადგენს, სადაც ყველა ელემენტი ორგანულად ერწყმის ნაწარმოების საერთო ხასიათს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო კრებულის მეორე გამოცემა ნათლად ავლენს ლადო გრიგოლიას შემოქმედების მეორე ხაზისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს: გრაფიკულ-გეომეტრიულ ხასიათს, ფერადოვან ლაქობრივ განლაგებას, შრიფტის ჩამოსხმულ, სადა ფორმებს, სწორი ხაზის როლის გაძლიერებას. მხატვრის ხელი მკაფიოა, გაბედული. იგი მაესტრო ხდება თავისი პალიტრისა. ყოველთვის იგრძნობა გრაფიკოსის ტაქტი, რაც ძუნწი ელემენტების გამოყენებით, კომპოზიციის დასრულებული, ლაკონიური სახის შექმნაში ვლინდება, ყოველივე ეს კი  „კლასიკურ“, ჩამოყალიბებულ სახეს აღწევს მის მიერვე გაფორმებულ „მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში“ (1980), ვაჟა-ფშაველას ორტომეულში, „ვეფხისტყაოსანი“-ს ინგოროყვასეული გამოცემასა და გალაკტიონის თორმეტ ტომეულში, ასევე, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში. ესაა მხატვრის ბოლო ნამუშევრები, რომლებიც ლადო გრიგოლიას შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს.
ამ წიგნთა შემკულობა მკაფიოდ განსხვავებულია დეკორის ხასიათით - გასაფორმებელი ელემენტი მხოლოდ კონტური და შრიფტია. შრიფტი, ძირითადად, ჩამოსხმული, თანაბარი ასოებით, კუთხოვანი ფორმებით ხასიათდება. გასაფორმებელი ელემენტი, სწორი ხაზით შექმნილი მკაცრი გეომეტრიული სახის ორნამენტი მეტად თავშეკავებულად გამოიყენება. არავითარი ლაქობრივი გადატვირთვა ფურცელზე. ქაღალდის სადა თეთრი ზედაპირი მხოლოდ შრიფტითა და სწორი ხაზით შექმნილი ჩარჩოთი ფორმდება.
დროის მოთხოვნის ცვლასთან ერთად, იცვლება მხატვარიც, რაც ლადო გრიგოლიას ღირსების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ლადო გრიგოლია გვევლინება უდიდესი ფანტაზიის მქონე, ახალი მხატვრული ხერხებისა მაძიებელ მხატვრად. ის ახალი მხატვრული სახეების შემქმნელია. მის შემოქმედებაში არასოდეს არაფერი არ მეორდება, არასდროსაა  შექმნილი საშუალო დონეზე. იგი მაქსიმალურად იყენებს თავის შესაძლებლობებს, ნიჭს და ყოველივე ამას სრულად ავლენს თავის ნაწარმოებებში.
დღესდღეობით, ქართული წიგნის მხატვრულ გაფორმებაში წამყვანი ადგილი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას აქვს დათმობილი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია თბილისის სამხატვრო აკადემიაში წარმართული სწავლების პროცესი და უკვე ჩნდება კიდეც შემოქმედთა ახალ-ახალი სახელები. ეს კი მეტად საშური საქმეა, რადგან დროის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობის გრაფიკოსმა მხატვრებმა შეძლონ, ალღო აუღონ თანამედროვეობას და, ამავე დროს, ქართული შრიფტისა და ორნამენტის განუმეორებელი ეროვნული ხასიათი შეინარჩუნონ.


გამოყენებილი ლიტერატურა:

აპოლონ ქუთათელაძე, Apolon Kutateladze. ფერწერა, გრაფიკა. ნ. ზაალიშვილი. თბ., 2014.
მ. გაჩეჩილაძე. ქართული ბეჭდური წიგნის მხატვრული გაფორმების თავისებურებანი (XVIII-XIX სს.). „საქართველოს სიძველენი“, თბ., 2009
მ. გაჩეჩილაძე. ქართული ექსლიბრისის სათავეებთან. ალმანახი „მწიგნობარი - 99“, თბ., 1999
მ. გაჩეჩილაძე. თანამედროვე ქართული ექსლიბრისის ფორმირება და განვითარება (1920-1930). ალმანახი „მწიგნობარი - 02“, თბ., 2002
მ. გაჩეჩილაძე. იოსებ გაბაშვილის შემოქმედება. ალმანახი „მწიგნობარი - 08“, თბ., 2008.
მ. გაჩეჩილაძე, ქართული წიგნის გრაფიკის ფუძემდებელი, გრაფიკოსი,
მხატვარი და ქსილოგრაფი (გრიგოლ ტატიშვილი), ალმანახი `მწიგნობარი – 90“, თბ., 1990.
მ. გაჩეჩილაძე. XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ერთი უცნობი მხატვრის შესახებ (მხატვარი პლატონ ღიბრაძე). „საქართველოს სიძველენი“, თბ., 2007
ბ. გორდეზიანი. ქართული გრაფიკა. თბ., 1956
ბ. გორდეზიანი. გრიგოლ ტატიშვილი. მონოგრაფია. თბ., საბლიტგამი, 1957
გრიგოლ ტატიშვილი, რეპრინტები, იდეა და დიზაინი მ. სუმბაძისა, თბ.,
2011.
მ. დუდუჩავა, ახალი ქართული ხელოვნება, თბ., 1950.
მ. კარბელაშვილი, ქართული გრაფიკა (1900-1920), ელ. ჟურნალი - Ars Georgica, სერია B, 2010; georgianart.ge;
კარბელაშვილი მ., სერგო ქობულაძის ილუსტრაციები `ვეხისტყაოსნისათვის“,
`საბჭოთა ხელოვნება“, №8, 1959.
კარბელაშვილი მ., ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები ქართული ხალხური ზღაპრებისათვის, თბ., 2000.
პოლონელი მხატვრები საქართველოში, გამოფენის კატალოგი, შემდგენელი
ჰ. იუსტინსკაია, თბ., 2011.
ლადო ქუთათელაძე. კატალოგი. ავტორთა ჯგუფი: უ. ჯაფარიძე, კ. სანაძე, დ, ციციშვილი, დ. ნოდია, მ. გაჩეჩილაძე. თბ.,1984.
ვ. ქიქოძე, შალვა ძნელაძე, თბ., 1965.
ურუშაძე მ., პირველი ქართველი გრავიორი გრიგოლ ტატიშვილი, თბ.,
1958.
მ. ციციშვილი, ნ. ჭოღოშვილი. ქართული მხატვრობა – განვითარების ისტორია XVIII-XX საუკუნეები. თბილისი, 2013
რ. შმერლინგი, იოსებ გაბაშვილის შემოქმედება, Ars Georgica, თბ., 1959.
Беридзе В., Езерская Н., Искусство советской Грузии 1921-1979, М.: Советский художник, 1975.
Беридзе В., Искусство грузинской советской социалистической республики, М.: Изобразительное искусство, 1977.
Лобанов В. М., Книжная графика Е. Е. Лансере, Обложка и заглавные буквы
художника М. В. Маторина, М.-Л., 1948.
Подобедова О. И., Е. Е. Лансере. 1875–1946, М.: Советский художник,1961.

ნანახია: 1634-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani