Georgian (Georgia)English (United Kingdom)
Art Nouveau-ს გამორჩეული ძეგლი მცხეთის მახლობლად - კარსნის მაგნიტური ობსერვატორია

მაია მანია

დედამიწის კვლევის ერთიანი სისტემის ნაწილს XIX საუკუნეში თბილისის ობსერვატორიაც წარმოადგენდა, რომელიც 1830-იან წლებში ჩაისახა და 1844 წლიდან მსოფლიო ობსერვატორიათა ერთიან სისტემაში გაერთიანდა. ამ წელს მან სისტემური, სრულფასოვანი მაგნიტური და მეტეოროლოგიური დაკვირვებები დაიწყო. მსოფლიოს მრავალი ობსერვატორიის მსგავსად, თბილისის მაგნიტური ობსერვატორიაც, როგორც ცნობილია, საკმაოდ დიდ სივრცეს ემსახურებოდა, კერძოდ, რუსეთის იმპერიის სამხრეთ ნაწილს, მთელ კავკასიას და მათ მიმდებარე კასპიის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის აკვატორიებს.
თბილისის ფარგლებში ობსერვატორიამ რამდენჯერმე იცვალა ადგილი, რომლის მიზეზიც მაგნიტური დაკვირვებები იყო, რაც ვერ იტანს დედამიწის ბუნებრივი, ე. წ. ნორმალური მაგნიტური ველის ოდნავ დარღვევასაც კი, განსაკუთრებით, როდესაც ეს ტრანსპორტის ელექტროფიკაციითაა გამოწვეული.
1904 წელს თბილისის ქუჩების ელექტროფიკაციამ თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში მაგნიტური დაკვირვებები შეაფერხა, რამაც ობსერვატორიის მთელი მოწყობილობით კარსანში, მცხეთის მახლობლად გადანაცვლების აუცილებლობა განაპირობა ფიზიკური ობსერვატორიები მეცნიერულ კვლევა-ძიებას მეცნიერების ორ დარგში, მეტეოროლოგიასა და დედამიწის მაგნეტიზმში აწარმოებდნენ, რის გამოც რუსეთის იმპერიაში შემავალი ყოველი ფიზიკური ობსერვატორია მეთოდურად ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი მეტეოროლოგიური და მაგნიტური ობსერვატორიებისაგან შედგებოდა. მათი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, როდესაც XIX საუკუნის მიწურულიდან მაგნიტური ობსერვატორიების მუშაობა შეუძლებელი გახდა დიდ ქალაქებში, სადაც ტრამვაის ხაზების ელექტროდენმა დედამიწის ბუნებრივი მაგნიტური ველი დაარღვია და ამიტომ მათი შემცვლელი მაგნიტური ობსერვატორიები იმავე ქალაქების მახლობლად 40-50 კილომეტრის მანძილზე მოეწყო. მსოფლიოსა და რუსეთის იმპერიის ქალაქებში არსებული ობსერვატორიების ხვედრი, ამ მხრივ, თბილისის ობსერვატორიამაც გაიზიარა .   
1904 წლისათვის თბილისის ობსერვატორიის ბინას ე.წ. კუკიის ობსერვატორია წარმოადგენდა. ეს 1860-1861 წლებში გერმანელი მეცნიერის არნოლდ მორიცის თაოსნობით, არქიტექტორ ოტო სიმონსონის და სამოქალაქო ინჟინერ ფერდინანდ ლემკულის მიერ აშენებული ობსერვატორიის მთელი კომპლექსი იყო, კომპლექსის გამოკვეთილი დომინანტით – ღერძის ირგვლივ მბრუნავი ხის კოშკიანი მთავარი შენობით, რომელმაც სახეცვლილება 1880-იანი წლების დასაწყისშივე განიცადა და დღეს, ფუნქციადაკარგული, თითქმის იმავე სახით დგას დავით აღმაშენებლის პროსპექტის მიმდებარე ერთ-ერთი კვარტალის სიღრმეში (აღმაშენებლის პროსპექტი № 150) თბილისის ობსერვატორიის არქიტექტურის შესახებ იხ. მაია მანიას ნაშრომი „თბილისის ობსერვატორია და არქიტექტურა“, თბილისი, (2010) .   
1904 წელს თბილისის ქუჩების ელექტროფიკაცია გახდა კუკიის ობსერვატორიაში მაგნიტური დაკვირვებების გაუქმების მიზეზი და სწორედ ამ დროს საქართველოს ძველი სატახტოს, მცხეთის მახლობლად, „კარსნის მთაში“ ობსერვატორიის კომპლექსის მშენებლობა გადაწყდა.
წინამდებარე წერილი არქიტექტურული ღირებულებით დიდად გამორჩეულ კარსნის მაგნიტური ობსერვატორიის კომპლექსისა და Art Nouveau-ს სტილით ნაშენი მთავარი შენობის არქიტექტურას ეძღვნება.
კარსნის ობსერვატორიის მშენებლობის ინიციატორი თბილისის ობსერვატორიის იმდროინდელი დირექტორი, წარმოშობით პოლონელი შტეფან ჰლაზეკი იყო. მან წინასწარ მოაწყო დაზვერვითი ექსპედიცია კარსნის მთის მიმდებარე ადგილებში და 1910 წელს კარსნის მთის დამრეც რელიეფზე ობსერვატორიის ნაგებობების მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1913 წელს დასრულდა. მაგნიტური ხელსაწყოების დადგმა-დამონტაჟება შტეფან ჰლაზეკისა და მაგნიტოლოგ მ. სიტნოვის მიერ 1914 წელს მოხდა. დიდად მნიშვნელოვანია, რომ კარსნის ობსერვატორიის მშენებლობასა და მის გამართვაში, მაგნიტური დაკვირვებების წარმოებაში მონაწილეობას თბილისის ობსერვატორიის ვიცე-დირექტორი, წარმოშობით ესტონელი რუდოლფ ასსაფრეიც იღებდა.
კარსნის მაგნიტური განყოფილების კომპლექსის ნაგებობებს წარმოადგენდა: მთავარი შენობა, დროებითი და საცხოვრებელი ბინები, დიდი და მცირე პავილიონები აბსოლუტური დაკვირვებებისათვის, ასევე, მაგნიტოგრაფებისა და მაგნიტომეტრებისათვის განკუთვნილი მიწისქვეშა პავილიონი კარსნის მაგნიტური განყოფილების შენობების, აბსოლუტური და ვარიაციული იარაღების გამართულობის შესახებ იხ.  M. Nodia, Geophysikalisches Observatorium Georgiens in Tiflis. Magnetische Abteilung in Karsani (bei Mzcheta), Magnetische Beobachtungen in Karsani, Tiflis, (1926).      
კარსნის ობსერვატორიის კომპლექსის მშენებლობა სამხედრო გზიდან საკმაოდ მოშორებით, მასთან ციცაბო და ვიწრო საურმე გზით დაკავშირებულ უაღრესად მთაგორიან ადგილას განხორციელდა. ამიტომ, კარსნის ობსერვატორიის მთავარი შენობა 1910-1912 წლებში სპეციალურად მოშანდაკებულ ადგილზე აიგო. კარსნის მთის ფერდზე მოძრაობისას სხვადასხვა რაკურსით იხსნება ხედი მცხეთის წმ. ჯვრის ტაძარზე. ობსერვატორიის მთავარი შენობის ბაქნიდან კი მცხეთის ჯვარი და მიმდებარე მთები ხელის გულივით მოსჩანს.

1

კარსნის ობსერვატორიის კომპლექსის მაღალ ცოკოლზე მდგომი, ორსართულიანი მთავარი შენობა, არქიტექტურული თვალსაზრისით, მრავალმხრივ არის საყურადღებო. ნაგებობა ზურგით მიწაშია შეჭრილი და, მას გარს სამმხრივ თხრილი უვლის. სიმეტრიული შენობა სივრცეში თავისუფლად აღიქმება და თავისი მთავარი ფასადის შვერილი რიზალიტითა და ამოზიდული კოშკურა მოცულობით კომპლექსის გამოკვეთილი დომინანტი იყო.

3

სტილისტური თვალსაზრისით ყურადრებას იპყრობს ნაგებობის კლასიცისტურ მორთულობასთან შეხამებული მოდერნის სტილის ნიშნები. ქვის არასწორი კვადრებისა და აგურის მონაცვლეობითი წყობით მოპირკეთებული ფასადებისა და არქიტექტურული მორთულობის ელემენტების (რიზალიტი, პილასტრი) ფონზე Art Nouveau-ს სტილისთვის დამახასიათებელი ღიობთა სპეციფიკური მოყვანილობის ალათები, კოშკურა ნაწილის ტალღოვანი კარნიზი გამოიყოფა. აღსანიშნავია შენობის შუა ღერძზე მოქცეული ფართო კიბის უჯრედი რკინის აჟურულსაფეხურებიანი, მოქლონიანი შეერთების კიბით, რომლის კოშკურაზე ამავალი მხარე ხის საფეხურებითა და ხის სადა მოაჯირით სრულდება. კიბის არქიტექტურაც Art Nouveau-ს სტილსა და მის ეპოქაზე მიგვანიშნებს. კარსნის მაგნიტური ობსერვატორიის მთავარი შენობის ინტერიერიც მოდერნის ყაიდაზე იყო გამართული (შპალერის დენადი ნახატი, კარების რკინის სახელურები, ავეჯი).

45

მაგრამ ის, რაც კარსნის მაგნიტური განყოფილების კომპლექსის მთავარ ნაგებობას მაღალმხატვრულ მოვლენად აქცევს, მისი განსაკუთრებული მდებარეობა და მისი არქიტექტურის ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიული მიმართებაა. კარსნის ხეობის ერთ-ერთ მაღალ წერტილზე, ხან კლდოვანი, ხან შიშველი, ხან ტყით დაფარული მთებით შემოფარგლული გარემოს გაშლილ ადგილას, კარსნის მთის ბუნებრივ რელიეფსა და კომპლექსის მთავარ შენობას შორის გარდამავალი, ადამიანის ხელით შექმნილი, ბუნებრივ რელიეფს შერწყმული ინგლისური ყაიდის პარკია მოწყობილი, წრიული ღრმა აუზით, საბაღო არქიტექტურის მცირე ფორმებით, დაგეგმილი სერპანტინითა და ბილიკებით, გარემომცველ ფლორასთან შეხამებული მრავალფეროვანი ნარგავებით. სწორედ დამოუკიდებელი მაღალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობის გარემოსთან ასეთ შეხამებაშიც ვხედავთ ჩვენ მისი ავტორის დიდ ნიჭსა და ოსტატობას, რაც კარსნის მაგნიტური ობსერვატორიის Art Nouveau-ს სტილის ნიშნებით გამორჩეულ მთავარ შენობას XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპული სასახლეების არქიტექტურასთან აახლოვებს. არქიტექტურისა და ბუნებრივი ფორმების ასეთი გააზრებული შეპირისპირება-შეხამება ჰმატებს კარსნის ობსერვატორიის მთლიანობას ევროპული და კერძოდ, ინგლისური Picturesque-ის ელემენტებს. კარსნის ობსერვატორიის გავერანებულ ბაღსა და დანგრევის პირას მყოფ შენობას ძველი დიდების კვალი დღესაც ატყვია.

6

ობსერვატორიის მთავარი შენობის არქიტექტურა ევოლუციურად და სტილისტურად XIX-XX საუკუნეთა მიჯნის თბილისის არქიტექტურულ ტრადიციებს უკავშირდება და გვიდასტურებს მოდერნის სტილის გავრცელების ფართო არეალს საქართველოში. მას მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება და ტექნიკური შესრულების მაღალი ხარისხიც გამოარჩევს, რაც მიგვითითებს, რომ მას ჯეროვანი ადგილი არათუ ქართული Art Nouveau-ს, საზოგადოდაც თავისი დროის საუკეთესო საზოგადოებრივ ნაგებობებს შორის უნდა მივაკუთვნოთ.
კარსნის კომპლექსის საცხოვრებელ ბინასა და სხვა დამხმარე თუ საინჟინრო ნაგებობებში ევროპული კლასიცისტური ფორმები ადგილობრივი ტრადიციით ნაკარნახებ ხის გადახურულ აივნებს ერწყმოდა. აქვე იყო 1913 წელს აგებული კოშკურა ტიპის ხისაივნიანი დროებითი საცხოვრებელი ბინაც, რომელიც როგორც ტიპოლოგიურად, ასევე ტრადიციათა სინთეზის თვალსაზრისითაც იყო საყურადრებო. კარსნის საცხოვრებელი ბინა, რომელშიც ტრადიციულად ცხოვრობდნენ ამ ობსერვატორიის დამფუძნებელი და შემდგომი დირექტორები თავიანთ ოჯახებთან ერთად, გადაკეთებული სახით დღესაც არსებობს.

89

კარსნის მაგნიტური ობსერვატორია უნიკალური იყო თავისი ინსტრუმენტული აღჭურვილობის სიმდიდრით, ხოლო საერთაშორისო მეცნიერული ღირებულებით და კვლევათა შედეგების მაღალი სიზუსტით მსოფლიო ობსერვატორიათა ქსელის მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდა.
პირველი მსოფლიო ომის მძიმე პირობებმა დიდად შეაფერხა კარსნის მაგნიტური ობსერვატორიის ნორმალური მუშაობა. აღნიშნულ ვითარებაში ობსერვატორიის ხელმძღვანელები და წამყვანი სპეციალისტები, რომელთა უმრავლესობა უცხოელები იყვნენ, სამუდამოდ დაბრუნდნენ სამშობლოში.
შტეფან ჰლაზეკს კარსანი და თბილისი 1918 წლის 1 იანვარს დაუტოვებია და ვარშავაში დაბრუნებულა. ამავე წელს დაუტოვებია კარსანი მაგნიტოლოგ მ. სიტნოვსაც. ჰლაზეკისა და სიტნოვის საქართველოდან წასვლის შემდეგ თბილისში მაგნიტოლოგი რუდოლფ ასაფრეი დარჩა, რომელიც კარსანში ადვილად სიარულსა და რეგულარულ მუშაობას ხანდაზმულობისა და ავადმყოფობის გამო ვეღარც ფეხით ახერხებდა და ვერც ცხენით. „1917 წლიდან მექანიკურად შეიკვეცა მაგნიტური ობსერვატორიის ნორმალური მუშაობა კარსანში, რის გამოც ის ამოვარდა მაგნიტური ობსერვატორიების მსოფლიო ქსელიდან.“
XX საუკუნის დასაწყისში უცხოელთაგან მიტოვებული, ფაქტიურად უმოქმედო თბილისის ობსერვატორიისა და კარსნის მაგნიტური განყოფილების აღდგენა და მწყობრში ჩაყენება რამდენიმე მოღვაწეს ერგო წილად (ობსერვატორიის დირექტორებს: ანდრია ბენაშვილს(1918-1922), ალექსანდრე დიდებულიძეს (1923-1924), რაჟდენ ხუციშვილს(1924-1925), მიხეილ ნოდიას(1925-1929), მათ თანამოღვაწეებს: ნიკოლოზ ინწკირველს (1902-1943), სისო ფანცხავას (დაიღუპა დიდ სამამულო ომში), შალვა ხუჭუასა და სხვ.).
1925 წლიდან კარსნის მაგნიტური ობსერვატორია უკვე რეგულარულად აგზავნიდა მაგნიტოგრამების საფუძველზე შედგენილ მაგნიტური დღეების დახასიათებას ქალაქ დებილტის (ჰოლანდია) საერთაშორისო მეტეოროლოგიური კომიტეტის მაგნიტურ სექციაში. მასალები იბეჭდებოდა საერთაშორისო ჟურნალ „Caractére Magnétique“-ში. ეს ყოველივე კარსნის მაგნიტური ობსერვატორიის მაგნიტურ ობსერვატორიათა მსოფლიო ქსელში აღდგენას ნიშნავდა, რომელიც ამ დროისათვის 30-მდე ობსერვატორიას აერთიანებდა.
მაგნიტური განყოფილება კარსანში იმდროინდელი საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. აკადემიკოს ნიკო მარს დიდი ყურადრება მიუქცევია კარსნის ობსერვატორიის 1926 და 1927 წლებში გამოცემული წელიწდეულებისათვის. ისინი საერთაშორისო ნორმების საფუძველზე იყო შედგენილი და 1926 და 1927 წლებში მოპოვებული დაკვირვებების შედეგების გაანალიზებულ მასალას შეიცავდა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. 1926 წლის წელიწდეული კარსნის ობსერვატორიის კომპლექსის ძველ, ჰლაზეკისდროინდელ შენობათა გარე ხედებს და სხვადასხვა ნაგებობების ინტერიერში ინსტრუმენტების განთავსების ფოტოებსა და ნახაზებს შეიცავდა. ეს პუბლიკაციები გაცვლის წესით მსოფლიოს ყველა მაგნიტურ ობსერვატორიას ეგზავნებოდა. 1931 წლის 25 ივნისს ნიკო მარი ადგილზე გაეცნო კარსნის მაგნიტური განყოფილების მდებარეობას, მის ნაგებობებსა და მუშაობას.    
კარსნის ობსერვატორიის დიდი აღმავლობის მიუხედავად, ამ დროს უკვე დადგა კარსნის მაგნიტური ობსერვატორიის გაუქმების საკითხი, რაც მცხეთა-ხაშურის რკინიგზის ხაზის ელექტროფიკაციამ გამოიწვია.
ზაჰესის ელექტროსადგურის აგებასა  და თბილის-ხაშურის რკინიგზის უბნის ელექტროფიკაციასთან დაკავშირებით კარსნიდან ობსერვატორია 1935 წელს ქალაქ დუშეთში იქნა გადატანილი.
1946 წლიდან კი კარსნის მაგნიტური ობსერვატორიის მთავარი შენობა ბაგინეთის ექსპედიციის ბაზად იქცა.
აღსანიშნავია, რომ 1953 წელს კარსნის აბსოლუტურ დაკვირვებათა პავილიონი დაშლილ და გადატანილ იქნა დუშეთის ობსერვატორიაში. დუშეთის აბსოლუტურ დაკვირვებათა დიდი პავილიონი კარსნის პავილიონის ფორმას უზუსტესად იმეორებს და დღესაც ფუნქციონირებს.

11

კარსნის მაგნიტური განყოფილებაც და დუშეთის მაგნიტური ობსერვატორიაც 1844 წელს დაარსებული თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის მემკვიდრეა.
კარსნის  მაგნიტური განყოფილების მთავარი შენობა, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით, მსოფლიოს საუკეთესო ობსერვატორიათა ნაგებობებს შორის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს.

ნანახია: 24565-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani