Georgian (Georgia)English (United Kingdom)
XX ს. დასაწყისის საქართველოში მოქმედ ქართულ-სომხური სახელოვნებო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეროვნული იდენტობის კვლევის ასპექტები Array ბეჭდვა Array

ირინე აბესაძე
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

XX ს-ის პირველი ათწლეულები ქართული კულტურისათვის  ეროვნული თვითდამკვიდრების მტკივნეული პროცესით აღინიშნა. ეროვნული მხატვრული ფორმის ძიება განსაზღვრავდა ქართველ ხელოვანთა ინტერესების სფეროს.
ახალგაზრდა თაობის მხატვართა მისწრაფებანი ზუსტ გამოხატულებას ჰპოვებს  მხატვარ შალვა ქიქოძის სიტყვებში: „მხოლოდ ეროვნულ ფარგლებში აღმოცენებულ ფორმას ეძლევა საერთაშორისო მნიშვნელობა“  აბესაძე ირინე, შალვა ქიქოძე, თბილისი (1990) .  XXს. 20-იანი წწ. ქართველ მხატვართა თაობისათვის ეს   შემოქმედებითი კრედო, თავის მხრივ,  გულისხმობდა საკუთარი ეროვნული ფესვების გააზრებას კულტურათა დიალოგის პრიზმაში. ქართული კულტურის იდენტიფიცირებისას, მოწინავე ქართულ საზოგადოებას ყოველთვის ახსოვდა  ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მის ეროვნულ კულტურულ პლასტებში  მოხსნილი და შენახულია, როგორც აღმოსავლური კულტურული ფენომენის ელემენტები, ასევე, დასავლური კულტურისათვის ნიშანდობლივი ცნობიერების საფუძვლები. ყოველივე აღნიშნულის განმსაზღვრელი ხომ თვით საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, თბილისის, როგორც კავკასიის კულტურული ცენტრის ფუნქციონირება გახლდათ.  სწორედ თბილისის ეთნიკურ უმცირესობათა სულიერი მემკვიდრეობისადმი ფაქიზი დამოკიდებულების საკითხი წარმოადგენდა „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ სოციალურ-კულტურული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეთნიკური ნიშნით შეკრული საზოგადოების მოღვაწეობის მრავალწლიანმა ისტორიამ (1916-1932) ცხადყო სამეცნიერო ლიტერატურაში მის მიმართ საბჭოთა პერიოდში წაყენებულ ბრალდებათა სრული უსაფუძლობა, თითქოს ეს ორგანიზაცია ეთნიკური ჩარჩოებით თვითიზოლაციაში იყო მომწყვდეული. ეს მაშინ, როდესაც „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ გამგეობის სხდომებზე, სამეცნიერო ექსპედიციების თუ 1919 წლის ქართველ მხატვართა ნამუშევრების საშემოდგომო და 1920 წლის საგაზაფხულო გამოფენებზე მხატვართა მონაწილეობის საკითხები ირჩეოდა, ყოველთვის საგანგებო ყურადღება ექცეოდა ქართველ მხატვრებთან ერთად, არაქართველ ხელოვანთა მონაწილეობასაც აბესაძე ირინე, ბაგრატიშვილი ქეთევან, დიმიტრი შევარდნაძე,  თბილისი (1998) .             
საქართველოსა და სომხეთის საარქივო და სამუზეუმო ფონდსაცავებში ჩემს მიერ მოძიებული მასალებით ირკვევა, რომ პირველი რევოლუციის წლებსა და მის შემდგომ პერიოდში თბილისში ქართულ-სომხური კულტურათშორისი კავშირების მრავალგვარი ფორმა არსებობდა. 1921 წელს თბილისში ჩამოყალიბებულ სომხური ხელოვნების სახლს – „ჰაიარტუნს“ წინ უსწრებდა 1916 წლის გაზაფხულზე „სომეხ მხატვართა კავშირის“ შექმნა თბილისში, რომლის გამგეობაშიც შევიდნენ მხატვრები – გიგო შერბაბჩიანი, აკოფ აკოფიანი, ვლადიმერ სურენიანცი, ეღიშე თათევოსიანი, ვანო ხოჯაბეგოვი და მწერალი ალექსანდრე შირვან-ზადე. „სომეხ მხატვართა კავშირი“ ზუსტად ოთხი წლის თავზე შეუერთდა 1921 წ. დასაწყისში ჩამოყალიბებულ სომხური კულტურის სახლს „ჰაიარტუნს“, როგორც ერთ-ერთი ქვესექცია. 
საარქივო მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ 1921 წლის 30 მარტს, საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატიდან – ტფილისის მთავარი კომენდატის სახელზე გაიცა ბრძანება, რომლის თანახმადაც დედაქალაქის III რაიონის კომისარსა და ქალაქის რევოლუციურ საბჭოს ეცნობა, რომ ყოფილ პეტრე დიდის ქუჩაზე მდებარე № 6 სახლში უნდა განთავსებულიყო „ჰაიარტუნის“ გამგეობა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ოვანეს თუმანიანი, რუბენ მელიქიანი, ლევონ კალანტარი და გიგო შერბაბჩიანი. „ჰაიარტუნში“  სამხატვრო სექციის გარდა, ფუნქციონირებდა ლიტერატურული, სათეატრო და სამუსიკო სექციები,რომელთა ღონისძიებებს არა მხოლოდ ესწრებოდნენ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ წარმომადგენლები, არამედ თავადაც  აქტიურად მონაწილეობდნენ მათში Абесадзе И. Историческая роль дома армянской культуры («Айартун») в аспекте межкультурных связей. – Сб. Грузино-Армянские культурные взаимосвязи. Тб., 1991 .
აღსანიშნავია, რომ თბილისის სომხური ხელოვნების სახლის „ჰაიარტუნის“ ჩამოყალიბებული სტრუქტურა დაეყრდნო იმ  შუალედურ რგოლს – სომხური  კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა დროებითი კომისარიატის -„ჰაიკულტის“ სახით, რომლის შესახებაც თვით სომხური  სამეცნიერო წყაროები  დუმან. Ованесян Т., Очаги армянской культуры в Грузии (Автореферат диссертации на соискание ученной степени кандидата искусствоведения), Ереван, 1982; Ризаев С., Взаимосвязи искусства народов Закавказья, Ереван,1972; Дароян Н., Налбандян М., Проблемы творчества и литературных связей, Ереван,1975; Агаян Ц., Вековая дружба народов Закавказья, Ереван, 1970-1972, т.1, т.2 .   
აღნიშნულ ორგანიზაციას, („ჰაიკულტს“), რომლის შესახებაც მასალას საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო ცენტრალურ არქივში მივაკვლიე, ფონდი № 9, ანაწ. № 1, საქმე № 131 .  როგორც ჩანს, ძირითადად ევალებოდა საქართველოში არსებული სომხური კულტურული დაწესებულებათა მოღვაწეობის კოორდინირება. „ჰაიკულტის“ ბაზაზე შექმნილი „ჰაიარტუნის“ გამგეობა დაკომპლექტდა იმ პროგრესულად მოაზროვნე სომეხი შემოქმედებითი ინტელიგენციით, რომელთათვისაც, თავიანთი ქართველი მეგობრების მსგავსად „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებიდან“, სრულიად მიუღებელი იყო ვიწრო ნაციონალიზმი. ვინაიდან, აღნიშნული საკითხი დღეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, რომ 1916 წელს მხატვარ დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“  ტოლერანტობა არა მხოლოდ დიმიტრი შევარდნაძის ხასიათის ნიშანს  წარმოადგენდა, არამედ ბუნებრივი შედეგი იყო საქართველოში ადაპტირებულ არაქართველ ხელოვანებთან, ცნობილ მხატვრებთან - ე. ლანსერესთან, ი. შარლემანთან,  ო. შმერლინგთან, ჰ. გრინევსკისთან, ალ. ზალცმანთან, ზიგა ვალიშევსკისთან, ჰალილ-ბეგ მუსაევთან, ჯოტო გრიგორიანთან, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვთან და სხვებთან ქართველ შემოქმედთა ხანგრძლივი, მეგობრული ურთიერთობის.
ზემოაღნიშნულ მხატვრებთან ქართველ ხელოვანთ აკავშირებდათ: ერთობლივი სამხატვრო გამოფენები, პედაგოგიური მოღვაწეობა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ერთობლივი მხატვრული გაფორმება. 
ცნობილი  ქართველი  მწერალი და კრიტიკოსი გერონტი ქიქოძე, სავარაუდოდ, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 1917 წელს გამოქვეყნებულ წერილში „თბილისი“, მიმოიხილავდა თბილისის, როგორც კავკასიის ცენტრის დემოგრაფიულ სურათს დაწყებული რუსეთთან შეერთების პერიოდიდან, ვიდრე 1917 წლის დამლევამდე. მწერლის სიტყვებით, თუკი შეერთებისას  თბილისში 75% სომეხი, 15%. მაჰმადიანი და მხოლოდ 10 % ქართველი ყოფილა, შემდგომ  ქართველთა რიცხვი ნელ-ნელა გაზრდილა. XIX ს. 60–იან წლებისთვის სომხები დაახლოებით ქალაქის მცხოვრებთა ნახევარს შეადგენდნენ, ქართველები - მეოთხედს, ხოლო  1917 წლისათვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მწერალი შემდეგ დასკვნას გვთავაზობს, რომ „ქართველ ერს რიცხვის მხრივ უპირველესი ადგილი დაუჭერია თბილისში, ხოლო მეორე ადგილას კი სომეხი მოსახლეობა გამოსულა“ გ.ქიქოძე, ეროვნული ენერგია, თბ., 1919, .
აღნიშნულის მიზეზს მწერალი ხედავდა ქართველი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებასა, უძრავი ქონების შეძენასა და საკუთარ ხელში ვაჭრობა-მრეწველობის მობილიზებაში. აღნიშნული შეეხებოდა დედაქალაქს, საქართველოს რეგიონებში კი სომხური კულტურული დიასპორა უფრო მომძლავრდა. სულ ახლახან ბუკინისტებში მივაკვლიე ერთ იშვიათ გამოცემას, რომელიც გარდა იმისა, რომ ქართულ-რუსული ავანგარდის საინტერესო ფურცელს წარმოაჩენს, რადგან ეხება ცნობილი ფუტურისტების: სერგეი გოროდეცკის, ბორის კორნეევის, იური დეგენის და შესანიშნავი პოლონელი მხატვრის სიგიზმუნდ ვალიშევსკის მოგზაურობას 1919 წელს ბათუმში, ამავდროულად, ამ მცირეფორმატიანი წიგნიდან საინტერესო ინფორმაცია შევიტყვე, რომ აღნიშნულ პერიოდში აჭარაში არსებულა ისეთი სომხური საზოგადოებრივი გაერთიანებები, როგორიცაა: ეროვნული სომხური საბჭო და სომეხ ახალგაზრდათა კავშირი, რომელთაც შესანიშნავი დახვედრა მოუწყვეს თბილისიდან ჩასულ ფუტურისტებს. აღნიშნული რარიტეტის სახელწოდებაა „Путешествие Сергея Городецкого в Батуми“.  იგი ილუსტრირებულია ზიგა ვალიშევსკის მიერ და გამოიცა 1919 წ. ტფილისში ფუტურისტების „სამიზდატში“: „Безкорыстное служение искусству“.
„ჰაიკულტის“ მსგავსად,  თბილისში მოქმედმა „ჰაიარტუნის“ გამგეობამ, სათეატრო, სამუსიკო, სამხატვრო და ლიტერატურული ქვესექციებით დაიწყო ფუნქციონირება, თითოეულ მათგანს საკუთარი სამოქმედო გეგმა ჰქონდა. „ჰაიარტუნის“ საერთო წესდებაში კი აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაციას მიზნად აქვს დასახული საქართველოს დედაქალაქში მაცხოვრებელი, ოქტომბრის რევოლუციის პლატფორმაზე მდგომი ყველა სომეხი ხელოვანის შეკავშირება. საგულისხმოა, რომ წესდებაში ისიც კი იყო აღნიშნული, რომ „ჰაიარტუნი“ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს მხოლოდ და მხოლოდ „ტფილისის ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან შეთანხმებულად, მათთან მჭიდრო ურთიერთკავშირში განახორციელებს“, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფონდი № 15556 .
ცხადია, თბილისის სომეხ ხელოვანთა კავშირი მოღვაწეობას ფართო მასშტაბით ვერ განახორციელებდა, საკუთარ მიზნებს ხორცს ვერ შეასხამდა, თუ არ ექნებოდა იმ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი, რომელთაც ანალოგიური მიზანდასახულებანი ამოძრავებდა. ასეთ საზოგადოებრივ პროფესიულ გაერთიანებას კი წარმოადგენდა, პირველ რიგში, „ქართელ ხელოვანთა საზოგადოება“. საქართველოს და სომხეთის ცენტრალურ საარქივო საცავებში დაცულ დოკუმენტებში თბილისის ქართველ და სომეხ სელოვანთა ურთიერთკავშირის მრავალი ფაქტი აისახა, რომლებშიც წარმოდგენილია „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მიერ მოწყობილ შეხვედრებსა და საღამოებზე, „ჟურფიქსებზე“, ლექციებსა და დისპუტებზე „ჰაიარტუნიდან“ სომეხი კოლეგების მოწვევის შემთხვევები. თავის მხრივ, ეს სომხური ორგანიზაცია შემოქმედებით საღამოებსა და კონცერტებს, ლიტერატურულ სჯა-ბაასს ქართველი მეგობრების გარეშე არ აწყობდა. როგორც ბატონი ლადო გუდიაშვილი ჩემთან საუბრისას იგონებდა: „სპონტანურად დაბადებული ეს კულტურათაშორისი კავშირები „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებასა“ და სომხური ხელოვნების სახლს „ჰაიარტუნს“ შორის, იმ დროის ხელოვანთა სულში მიმდინარე პროცესებს პასუხობდა, რამაც მათ შემოქმედებაშიც იჩინა თავი ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“, 1976, 9 .
მოგონებიდან ირკვევა, რომ გულწრფელობით და უშუალობით ეროვნებათშორის ურთიერთობების ეს ფორმები საკმაოდ შორს მდგარა იმ პერიოდისათვის მთელს საბჭოურ სივრცეში აგრერიგად დამახასიათებელ მასების ინტერნაციონალური სულისკვეთებით აღზრდის მიზნით ჩატარებულ სავალდებულო ღონისძიებებისაგან.
ამ ორი მსგავსი სახელოვნებო  ორგანიზაციის ურთიერთდაინტერესების ფაქტს მხარს უბამდა იმდროინდელი საზოგადოებრივი აზრიც. ადგილობრივი პრესა (როგორც ქართული, ისე რუსული და სომხური) სისტემატურად, არა უბრალო ფაქტების კონსტატაციით, არამედ საფუძვლიანი გაშუქებით ცდილობდა წარმოეჩინა ამ ურთიერთკავშირის რეალური ძალა. იმისათვის, რომ ურთიერთობათა ეს ფორმები უფრო ქმედითი გამხდარიყო, 1927 წელს გაზეთ «Заря Востока»-ს ფურცლებზე ერთგვარი სოციოლოგიური გამოკითხვაც კი ჩატარდა. ანკეტირებამ, რომელიც გაზეთის საშუალებით მოეწყო, წარმოაჩინა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი შემოქმედი ინტელიგენციის დამოკიდებულება, დაინტერესება კულტურათშორისი კავშირების, ეროვნულ ურთიერთობათა უფრო დახვეწილი ფორმების და მათი მიღწევის ოპტიმალურ გზათა ძიებისადმი. რესპოდენტთა შორის „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ იმჟამინდელი თავმჯდომარე – ვახტანგ კოტეტიშვილიც იყო, რომელიც „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ უმრავლესობის აზრს გამოთქვამდა. იგი, სხვა ქართველ რესპოდენტთა მსგავსად, თვლიდა,  რომ დადგა დრო სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ თავისებურებათა არა ზედაპირული, არამედ სიღრმისეული წვდომისა, რომ თანამედროვე ეტაპზე სრულიადაც არ არის საკმარისი კულტურათშორისი კავშირების დამყარება მხოლოდ კონტაქტების დონეზე, არც ერთმანეთის კულტურის ეგზოტიკური თავისებურებით ტკბობაა საკმარისი, არამედ თბილისის ჭერქვეშ მიმდინარე, სხვადასხვა ხალხთა (განსაკუთრებით კი ამიერკავკასიის) ურთიერთდაახლოების და ურთიერთგამდიდრების პროცესი სპეციალური კვლევის საგანი უნდა გახდესო «Заря Востока», 1927, № 154 .
თბილისის სომხური ხელოვნების სახლი „ჰაიარტუნი“ ათწლეულის განმავლობაში ხელს უწყობდა ისტორიული სამშობლოს გარეთ, ქართულ გარემოში ადაპტირებული ეროვნული კულტურის ყველა დარგის განვითარებას. იგი გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა იმ სოციალურ-კულტურულ კლიმატზე, რომელიც იმ პერიოდისათვის თბილისში არსებობდა და განსაკუთრებულ თბილ გარემოს ქართველ ხელოვანთა სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ურთიერთობაში ქმნიდა. ამრიგად, თბილისის ჭერქვეშ ქართულ-სომხური კულტურათშორისი კავშირები „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ და „ჰაიკულტ“ - „ჰაიარტუნის“ შუალედური რგოლების საშუალებით  ერთ კვანძად იკვრებოდა.
აღსანიშნავია, რომ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ პოლიტიკა ეროვნულ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მხოლოდ ხარისხის ნიშნით იზომებოდა. სწორედ ამ საზომმა განსაზღვრა ის პრინციპული პოზიცია, რომელიც დაიკავა „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ დამაარსებელმა დიმიტრი შევარდნაძემ თბილისში მოღვაწე სომეხი მხატვრის გიგო შერბაბაჩიანის მემკვიდრეობის შეძენისას. ზემდგომი ორგანოებიდან გაცემული განკარგულების თანახმად, ეროვნული გალერეის შემსყიდველ კომისიას წინადადება მიეცა გ. შერბაბჩიანის ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები სრულად შეეძინა. დიმიტრი შევარდნაძე ინტერნაციონალიზმის დაცვის ნიშნით ეროვნულის ნიველირების ზემოდან მომავალ ამ მცდელობას წინ აღუდგა. მან დაასაბუთა, რომ ეროვნული გალერეისათვის გამოყოფილ სახსრებს მომჭირნედ უნდა ხარჯვა, რათა მხოლოდ ხარისხის ნიშნით მკაცრი შერჩევის პრინციპით უნდა სწარმოებდეს ეროვნული გალერეის ფონდების შევსება. მით უფრო, რომ შესანიშნავი სომეხი მხატვრის გ. შერბაბჩიანის საუკეთესო ნაწარმოებები „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ 1919 წლის საშემოდგომო გამოფენიდან საკმაო რაოდენობით იქნა შეძენილი და ეროვნული გალერეის ახლად შექმნილ ფონდებში წარმოდგენილი. ასეთივე პრინციპული შეურიგებლობა გამოიჩინა „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ დამაარსებელმა ეროვნული გალერეის ბაზაზე შექმნილი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის - „მეტეხის“ ფონდების დაკომპლექტებისას, როდესაც საკავშირო დადგენილებით რუსეთის მუზეუმებიდან გადარჩეული მეორე–მესამეხარისხოვანი ექსპონატები უნდა მიეღოთ ფონდების შესავსებად. პიროვნება, რომელიც ხელოვნების მუზეუმის „მეტეხის“  პატარა „ლუვრად“ გადაქცევაზე ოცნებობდა, ბუნებრივია, მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა გადარჩეული ბალასტით მუზეუმის ავსების ამ მცდელობას, რასაც იმ დროის  პარტიული ხელმძღვანელობა  გაგებით მოეკიდა, თუმცა, მალე, 1937-1938 წწ. რეპრესიების დროს მათსავე საწინააღმდეგო სამხილად იქნა გამოყენებული  ვიწრონაციონალისტურ გამოვლინებაში დასადანაშაულებლად.
დღეს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მესვეურთა მიერ ცხოვრებაში გატარებულმა ამ ტაქტიკამ,  თავის დროზე, უდავოდ დადებითი როლი ითამაშა, ერთის მხრივ, საკუთარი ეროვნული კულტურის დაცვის, მეორეს მხრივ, ზეეროვნულ კულტურულ ფასეულობებთან მიმართების, მათი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. სწორედ ეროვნულისა და ზეეროვნულის ურთიერთობათა შესაბამისობაში მოყვანამ განსაზღვრა „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“  სოციალურ-კულტურული პოლიტიკის  ის ბერკეტი, რომლითაც „ხელოვანთა საზოგადოება“ მართვის სადავეებს ხელიდან არ უშვებდა.
მოპოვებულ საარქივო მასალათა განზოგადების საფუძველზე, ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ თბილისში XX ს.-ის პირველ მეოთხედში  აქტიურად მოქმედი ზემოთ აღნიშნული საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაციების მოღვაწეობის სტრატეგია მიმართული იყო, ერთის მხრივ, საკუთარი ეროვნული იდენტობის წარმოსაჩენად, მეორეს მხრივ კი, კულტურული ინტეგრირების ფორმათა მრავალგვარობის წარმატებული ფლობის უნარის გამოვლენისაკენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვცადოთ ჩვენი კონფერენციის  სახელწოდებაში ჩადებული   ეროვნული იდენტობის პრობლემის კონტექსტში  განვიხილოთ აღნიშნულ საზოგადოებრივ-კულტურულ გაერთიანებათა  მისამართით საბჭოთა სამეცნიერო ლიტერატურაში  გამოთქმული  ეროვნულ თვითიზოლაციაში მოქცევის ბრალდება (ლ. რემპელი, მ. დუდუჩავა, ნ. ჯაში და სხვა).
მარტო ის ფაქტი, რომ საქართველო მულტიეთნიკური ქვეყანაა, გამორიცხავს ეთნიკური თვითიზოლაციის ცნებას.
მეოცე საუკუნის დასაწყისიდან თბილისში  მრავალი წლის განმავლობაში  მოქმედმა ქართულმა და სომხურმა კულტურულ საზოგადოებრივი გაერთიანებების - „ქხს“ და „ჰაიარტუნის“ წარმატებულმა მოღვაწეობამ თვალნათლივ დაგვანახა პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა ორივე მხრიდან თბილისურ სივრცეში კულტურული შეერთების წერტილების დაძებნას, ურთიერთობის იმ კონდიციამდე მიყვანას, როდესაც იშლება დახურული კულტურული  არეალები.
თბილისის პირობებში, ქართველ და სომეხ ხელოვანთა ამგვარი კავშირურთიერთობის ანატომიაში გასარკვევად კი დაგვეხმარება ტერმინი „ჰიბრიდული კავშირები“, რომელიც ეკუთვნის  გერმანელ კულტუროლოგს, ტრანსკულტურული იდენტობის ცნობილ  მკვლევარს გიუნტერ ჰეეგს გიუნტერ ჰეეგი, გარდამავალი საზოგადოება, გლობალიზაციის კრიტიკული შეერთების წერტილები და ტრანსკულტურული იდენტობის პრობლემა, თსუ, 1998 .
ამ შემთხვევაში, ტერმინი „ჰიბრიდის“ მნიშვნელობა ბიოლოგიურისაგან  განსხვავებულად უნდა გავიგოთ, არა როგორც  შეჯვარების  შედეგად მიღებული, არამედ როგორც  კულტურათა პლასტების ბუნებრივი შერევის პროდუქტი.
ორივე საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაციის მოღვაწეობის ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ სახეზეა იდენტობის იმგვარი განცდა, რომელსაც ინგლისელი კულტუროლოგი ჯეიმს კელასი სოციალურ ნაციონალიზმად მონათლავს Kellas James, The Politics of Nationalizm and Ethnicity, St. Martin’s Prewss, New-York. 1998 , სოციალური ნაციონალიზმის შემთხვევაში, ეთნიკოსების მხრივ საკუთარ ეთნიკურ თავისებურებათა  ბუნებრივი  აღიარება არ გამორიცხავს სხვათა კულტურული და სოციალური მონაპოვრების წარმატებულ ადაპტირებას. XX ს. დასაწყისის თბილისურ გარემოში დომინანტი ქართული კულტურის წიაღში სომხური კულტურული დიასპორა თავს თბილისის კულტურის სრულუფლებიან ნაწილად თვლიდა. აღნიშნულის დასტური გახლავთ სულ ახლახან თბილისში მოწყობილი ქართულ-სომხური სახელოვნებო კავშირების ამსახველი  ვრცელი ექსპოზიცია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ვანო ხოჯაბეგოვს,  ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვს, ლეო ბოიახჩევს, ალბერტ დილბარიანს, გაიანე ხაჩატურიანს და სხვებს საკუთარი თავი თბილისის კულტურული სივრცის მიღმა ვერც წარმოედგინათ.


ნანახია: 18791-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani