Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გიორგი გაბაშვილის უცნობი მხატვრობა Array ბეჭდვა Array

მაია ციციშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ქართული ხელოვნების მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი ქართული დაზგური მხატვრობის ერთ-ერთი დამაარსებლის გიგო გაბაშვილის შემოქმედება. დღემდე იგი ითვლება  გამორჩეული ფერწერული ნიჭის მქონე,
პერედვიჟნიკების სკოლის გამზიარებელ რეალისტ მხატვრად, რომლის ღვაწლიც უდიდესია იმ თვალსაზრისითაც, რომ მან პირველმა, ქართული დაზგური, - ფაქტობრივად მხოლოდ პორტრეტული მხატვრობა,  მრავალი ჟანრითა და თემით გაამდიდრა. ცნობილია ისიც, რომ მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში გატარებული წლების შესახებ იგი თავის მეგობარს, მხატვარ დავით გურამიშვილს წერდა, რომ გულგრილი დარჩა თანამედროვე ხელოვნების იმ მიმდინარეობებისადმი, რომლებიც იმჟამინდელ მიუნხენში მოწინავედ ითვლებოდა და კვლავ თანადროული რუსული  მხატვრობისა და რეპინის ერთგული იყო. მამია დუდუჩავას მიერ არაერთხელ ხსენებული  ეს ვერსია  არაჩვეულებრივად მოერგო საბჭოთა დროს და სამწუხაროდ დიდი ხნით დამკვიდრდა კიდეც. თუმცა ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი გიგო გაბაშვილის უცნობი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები (რომელთა რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს) და ასევე, მისი უცნობი ფოტოები არღვევს აქამდე დამკვიდრებულ წარმოდგენას მხატვრის შესახებ და არა მარტო მის შემოქმედებას ხდის უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს, არამედ მნიშვნელოვნად ამდიდრებს წარმოდგენას თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე.

0102

გიგო გაბაშვილის ჩემს მიერ პირობითად დაყოფილი რამდენიმე სერია  ერთმანეთთან დიდ მსგავსებას ავლენს და საფიქრებელია, რომ თითქმის ყველა სურათი (ხელმოუწერელი და თარიღის გარეშეც)  დროის ერთ მონაკვეთში, ალბათ მიუნხენში მოღვაწეობის პერიოდში, 1890-იანი წლების ბოლოს უნდა იყოს შესრულებული. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მხატვარს მსგავსი ნაწარმოებების ნაწილი  უფრო მოგვიანებით, გერმანიიდან ჩამოსულს, უკვე საქართველოში XX საუკუნის დასაწყისშიც შეექმნა. ყველა ამ ნაწარმოებში აშკარად გამოვლენილია ევროპული, განსაკუთრებით კი, გერმანული სიმბოლისტური მიმდინარეობის თავისებურებანი.
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის მეორე ნახევარში წარმოშობილი სიმბოლიზმი არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივი მოვლენა იყო. მას არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული საკუთარი სტილისტიკა, უფრო მეტად „იდეურ“ მოძრაობას წარმოადგენდა და იზიდავდა სრულიად განსხვავებული მანერის ხელოვანებს, რომლებმაც  რადიკალურად შეცვალეს ხელოვნებისადმი დამოკიდებულება. სიმბოლისტი მხატვრები უარყოფდნენ რეალიზმს და თვლიდნენ, რომ ფერწერას უნდა გადმოეცა განცდებით აღსავსე ყოველი სულის ცხოვრება, გაუგებარი, ბუნდოვანი განწყობილებები, ფაქიზი გრძნობები, წუთიერი, წარმავალი შთაბეჭდილებები, აზრები და იდეები. ყოველივე ეს კი, მეტაფორულად, აზროვნების ასამოქმედებელი ხერხებით უნდა ასახულიყო. სიუჟეტების უმეტესობას საფუძვლად ედო რელიგიური და მითოლოგიური ქვეტექსტი. ამიტომ, სიმბოლისტების ნაწარმოებები განმსჭვალულია მისტიციზმით, ზებუნებრივისა და იმქვეყნიურის შეგრძნებით. სიმბოლისტები მიისწრაფოდნენ შეგნებული ბუნდოვანებისაკენ, ორაზროვნებისაკენ, ჰერმეტიზმისაკენ. მათი რწმენით, ხელოვნება არსებობს რეალური სამყაროს გვერდით და არა რეალური სამყაროს წიაღში. ისინი იზიარებდნენ ფრანგი პოეტი სიმბოლისტის ტრისტან კორბიეს  აზრს, რომ “უნდა დახატო მხოლოდ ის, რასაც ვერასოდეს დაინახავ“.

0406

გიგო გაბაშვილის აშკარად გამოხატული შემოქმედებითი ინდივიდუალობის  მიუხედავად, მისი ამ რიგის ნაწარმოებები, ერთი შეხედვით, ყველაზე მეტად ფრანც ფონ შტუკისა და  არნოლდ ბიოკლინის შემოქმედებას მოგვაგონებს. როგორც ცნობილია, ორივე მხატვარი მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა და სწორედ გიგო გაბაშვილის მიუნხენში ყოფნის დროს უკვე საკმაოდ ცნობილი გერმანული (ევროპული) სიმბოლიზმის ფუძემდებლად ითვლებოდა. სავარაუდოდ, მიუნხენში შექმნილ გიგო გაბაშვილის ნაწარმოებებში გამოვლენილია ამ მხატვრების მსგავსი მსოფლმხედველობა და თემატიკა: მხატვრის მიერ შექმნილი იდუმალი, ირაციონალური, მისტიკური სამყარო სწორედ სიმბოლისტური ხელოვნების არსებითი მახასიათებელია.
გიგო გაბაშვილის ჩანახატების გარკვეულ ნაწილზე ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ მნახველს დარჩეს თავისებური მოთხრობის ან სცენარის შთაბეჭდილება თავისი განვითარების ხაზით.  მაგალითად, პირობითად პირველი სურათის ორი შიშველი ქალი მეორე სურათშიც  მეორდება, სადაც ერთი მათგანი ბუშტს ბერავს, მეორეს კი ეს ბუშტები ფრთების ადგილას აქვს მიმაგრებული. კიდევ ერთი ესკიზი, ერთმანეთისადმი ზურგით მჯდომ ქალებს უკვე ბუშტების მაგვარი ფრთებით წარმოგვიდგენს. შემდეგ, გაუგებარია, გრძელდება თუ არა ეს სიუჟეტი (შესაძლებელია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცნობთ მხატვრის ამ რიგის ნაწარმოებებს), რადგან ამ ტიპის ნამუშევრებში  სხვა ქალები, შედარებით რეალური ფრთებით უკვე დაფრინავენ.  უზარმაზარი ფრთებით დატვირთულ (დამძიმებულ) ქალებს, მხატვარი განსხვავებულ პოზებსა და სხვადასხვა მიმართულებით ფრენისას გვიჩვენებს. სიმბოლისტები ქალში ხშირად ხედავდნენ დემონის ინკარნაციას. ქალი ხშირად ფატალური და ავის მოქმედია. ბელგიელი მხატვარი ქსავიერ მელერის  ტილოზე „შემოდგომა“ (1893) ქალი გაბმულია ობობას აბლაბუდაში. ქალი ავაზადაა გადაქცეული ბელგიელ ფერნანდ კნოპფთან. ოკულტიზმით გატაცებულ და პელადანის როზენკროიცერთა აქტიურ წევრს ჟან დელვილს უყვარს ვამპირული გამომეტყველების ქალების (მადამ სტუარტ მერილის პორტრეტი, 1892, „ვინ განმათავისუფლებს მე?“) და დახვავებულ სხეულთა („სატანას საუნჯე“, 1895) ხატვა. აქ, ისევე, როგორც რუს მიხაილ ვრუბელთან, არაჩვეულებრივი იბადება მონტაჟის ექსტრავაგანტულობისაგან („დემონი“, 1902). შვეიცარელი ფერდინანდ ჰოდლერის სურათში „ღამე“ (1890) მამაკაცს  შავით მოსხმული დემონური ძალა აღვიძებს. ბელგიელი ფელისიენ როპსი სურათში „წმინდა ანტონის ცდუნება“ (1878) ქრისტეს მაგივრად ქალს  აცვამს ჯვარს. Bertrand Marchal, Lire le Symbolisme, Dunod, Paris, 1998   ყველაფერი მოწმობს მზარდ ინტერესზე სიზმარისა და არაცნობიერის მიმართ, რაც წინ უსწრებდა ფროიდის პირველ პუბლიკაციებს, ხოლო სიურეალისტი მხატვრები ესტაფეტას 1924 წლიდან აიტაცებენ.

070805

თემატურად ერთ ჯგუფად კიდევ რამდენიმე სურათის გაერთიანებაა შესაძლებელი. მიზანდასახულად გამოგონილი, საიდუმლოებით აღსავსე გარემო, ფანტაზიებისა და ალეგორიების ამსახველი სამყაროს სიუჟეტები, ქალთა და მამაკაცთა უზარმაზარ ფრთებში გახვეული, გადახლართული შიშველი ფიგურები, რომლებიც ექსპრესიულ, დინამიურ პოზებში ხან მიფრინავენ, ხან ვარდებიან, ხან კი მიწას ეხეთქებიან. ამავდროულად, მათი სახეები გამძაფრებულად, ორაზროვნად ეროტიკულია. ზოგიერთ სურათში ფრთები იმდენად გაზრდილია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფრთები ხის მსხვილ ტოტებად გადაიქცა, რომელთა მოზიდვას, დაახლოვებასა თუ დაჭერას ლამობენ ფიგურები. აშკარაა, რომ ამ ფიგურებს უსაშველოდ უჭირთ ფრთების ზიდვა, ფრთები მათ ამძიმებთ. სხვა ესკიზებში ანდროგინული,  დემონური ფიგურები ჩნდებიან, რომელთაც მხატვრის მიერ მიზანდასახულად შერჩეული კომპოზიცია, პოზა და  გარემოში განთავსება თავისებურ მნიშვნელობას ანიჭებს. ანდროგინი XIX-XX საუკუნეთა დასავლეთ ევროპელი და რუსი ფილოსოფოსებისთვის (ფროიდი, იუნგი, ბერდიაევი, სოლოვიოვი და სხვ.) ერთ-ერთი მიმზიდველი თემა იყო, ასევე, ანდროგინული ანგელოზი, რომელშიც  ქალური და მამაკაცური საწყისებია გაერთიანებული. მათი განცალკევების შედეგად წარმოქმილი ტრაგედია კი კვლავ  გაერთიანებისაკენ სწრაფვაში აისახება. ფრანგული სიმბოლიზმის დამფუძნებელი გუსტავ მორო მამაკაცი პოეტების გამოსახატავად იმეორებს ლეონარდო და ვინჩის წმინდა სებასტიანის ანდროგინულ გარეგნობას და იდუმალ ღიმილს. მას მოსწონს ლეონარდოს ხელოვნების იდუმალი და მეტყველი ძალა. Elisabeth Lièvre-Crosson, Du réalisme au symbolisme, ESSENTIELS MILAN, 2003  

10

ამ რიგის ნაწარმოებებთან შესაძლებელია დავაკავშიროთ გიგო გაბაშვილის კიდევ რამდენიმე სურათი (მკვეთრად ეროტიკული ჯგუფური სცენები, ქალთევზები, დემონები, გოლგოთის ამსახველი რამდენიმე სცენა, ქალები ჩიტებით და სხვა), რომლებიც თემატურად სიმბოლისტური მიმდინარეობის ტიპურ ნიმუშებს წარმოადგენს. ყველაზე მეტად ეს ნაწარმოებები, განსაკუთრებით - თემატურად, მოგვაგონებენ ფრანც ფონ შტუკის ირაციონალური, დემონური სტიქიების მოქმედების გამოსახვას, რაც საკმაოდ მძაფრ, ბრუტალურ ხასიათს ატარებს. სწორედ ამ ნიშნით გიგო გაბაშვილი შეიძლება მოდერნისტ მხატვრად ჩაითვალოს. ზოგიერთი მისი ნამუშევარი კი ქართველ მხატვართაგან ყველაზე მეტად ლ. გუდიაშვილის ნაწილობრივ ექსპრესიონისტული ანდროგინული შიშველი ფიგურების გრაფიკულ სერიას უახლოვდება.
როგორც დავინახეთ, გიგო გაბაშვილს რადიკალურად აქვს შეცვლილი თავისი სტილი, ხოლო ის ფაქტი, რომ სურათების უმეტესი ნაწილი ხელმოუწერელია, თარიღის გარეშეა და სწრაფი ჩანახატის შთაბეჭდილებას ტოვებს, შესაძლოა, იმაზე მეტყველებს, რომ ამ ნამუშევართა საზოგადოებისათვის ჩვენებას მხატვარი  არც აპირებდა. ცნობილია, რომ გ. გაბაშვილს არც ერთი სურათი არ აქვს შესრულებული სოცრეალიზმის თემასა და მისი მხატვრული პრინციპების გაზიარებით. მისი ახლო ნათესავის გურამ ჩიგოგიძის თქმით, მას ლავრენტი ბერიასთანაც ჰქონია უსიამოვნო შეხვედრა და მისი დავალებით ციხისძირში გამგზავრებულ მხატვარს „მოსავლის აღება“ უნდა დაეხატა, რაც უეცარი სიკვდილის გამო ვერ შეასრულა. http://www.ptpress.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1827:gabashvili&catid=10:10kultura&Itemid=9 ყოველივე ამის შემდეგ არაა გასაკვირი, თუ გ. გაბაშვილი სხვა ქართველი მხატვრების მსგავსად მიზანდასახულად მალავდა კიდეც თავის სიმბოლისტურ ნამუშევრებს (მაგ. ვ. სიდამონ-ერისთავი, დ. კაკაბაძე, რ. თარხან-მოურავი და სხვ.). უდავოდ  სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გ. გაბაშვილის დამალული მხატვრობა და ფოტოები უცნობი დარჩა თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში. თუ გიგო გაბაშვილს აქამდე ვიცნობდით, როგორც რეალისტ მხატვარს, ახლა, მართალია, საკმაოდ გვიან, მაგრამ  აღმოჩნდა, რომ იგი, ალბათ, პირველი ქართველი სიმბოლისტი ხელოვანია.

11

აღსანიშნავია, რომ სიმბოლისტურ ნაწარმოებთა ერთი ჯგუფი, რომელიც ხელმოწერილია, დათარიღებულია 1920-30-იანი წლებით. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს ფერწერული ტილოები - ქალების გამოსახულებები ჩიტებით, ქალთა ჯგუფები ან ცალკეულ ქალთა უფრო განზოგადებული, არცთუ ბოლომდე გასაგები პორტრეტები, მხატვარმა  სიკვდილის წინ  გაიმეორა.
გ. გაბაშვილის სიმბოლიზმი თავისებური სიმძაფრითაა გამოხატული. იგი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც უახლოვდება იმ ნიშნულს, საიდანაც მომავალში გერმანული ექსპრესიონიზმი იწყება. საინტერესოა, რომ გერმანულ მხატვრულ ტრადიციებთან კავშირმა საქართველოში გაგრძელება ჰპოვა, როგორც XX  საუკუნის დასაწყისში, - მაგალითად, შალვა ქიქოძისა და დიმიტრი შევარდნაძის შემოქმედებაში, ასევე, გამოიხატა XX საუკუნის ბოლოს საბჭოთა არაოფიციალური ახალგაზრდა მხატვრების გერმანული ექსპრესიონიზმისადმი ინტერესსა და სწრაფვაში: ი. ფარჯიანი, კ. კაჭარავა, ო. ტიმჩენკო, მ. და ნ. ცეცხლაძეები და სხვა.



ნანახია: 23845-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani