Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მერი კარბელაშვილის მოსაგონრად

დიმიტრი თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების  
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


როდესაც კი მერი კარბელაშვილს (ქ-ნ მერის, დეიდა მერის ჩემი პატარაობისას), გავიხსენებ, ან გამახსენებენ, პირველი, რაც თვალწინ დამიდგება ხოლმე - ბრიალა მზე, მწვანეში წითლად მანათობელი ტიტები და ყვავილებით ანაკვერცხლებული ბროწეულის ხეა.
არ გეგონოთ, ეს წარმოსახვის ახირება იყოს – ეს ნამდვილად ნამყო დღეა, ბაღიც ნამდვილია, დოლიძის ქუჩის ერთ-ერთ ჩიხში დეიდა მერის და ჩემი მშობლების საერთო მეგობრების, კარგი მეცნიერებისა და არაჩვეულებრივი ადამიანების, ციალა და ეთერ ორჯონიკიძეების დედ-მამის  გაშენებული. ასეთ გარემოში ვნახე მე პირველად მერი კარბელაშვილი - ჩემი ანგარიშით 1954 თუ 1955 წელს. მას აქეთ ის მუდამ იყო ჩემი თვალთახედვის არეში - შევხვედრივარ კიდეც (იმავ ორჯონიკიძეებთან, ერთი-ორჯერ, ვგონებ, ჩვენსასაც). კიდევ უფრო ხშირად კი ხსენება მესმოდა თუ სანაცნობო-სამეგობროზე საუბრისას, ანდა, როდესაც რომელიმე ჩვენებური მხატვრის შემოქმედების ავ-კარგზე ჩამოვარდებოდა სიტყვა, მაშინ კი თითქმის ყოველთვის ითქმოდა - მერი კარბელაშვილის აზრი ასეთი არისო, ასე თუ ისე ფიქრობსო.

1
ასე მოხდა, რომ დეიდა მერი ერთი იმათთაგანი იყო, ვინც ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში დამხვდა, იქ რომ პირველად შევაბიჯე 1968 წლის ივლისის დასაწყისში. ბ-მა ლევან რჩეულიშვილმა, ვინც მაშინდელ აბიტურიენტ-ხელოვნებათმცოდნეებს კონსულტაციებს გვიწევდა, გადაწყვიტა, რომ თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიაში მისაღებ გამოცდებამდე „გ. ჩუბინაშვილის სკოლის“ ყველა დამწყები ხელოვნებათმცოდნის გზაზე დამყენებლის, ქ-ნ გაიანე ალიბეგაშვილის დარიგებაც უნდა მომესმინა და ინსტიტუტის იმჟამინდელი ბინისმას, როგორც ცნობილია, 1941-1988 წწ-ში რამდენიმე ოთახი ეჭირა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახ. მუზეუმის ქვედა ქუჩაზე მდებარე შენობის (ალბერტ ზალცმანმა ის თავის დროზე ქალთა II გიმნაზიად ააგო) მეორე სართულზე.ზედ კიბესთან მდებარე დიდ, იმდღევანდელ პაპანაქებაში უჩვეულოდ გრილ ოთახში შემიძღვა, ქ-ნ გაიანეს წარმადგინა და დამტოვა; სანამ ქ-ნი გაიანე განთავისუფლდებოდა, ოთახში დეიდა მერი შემოვიდა, თავის (კარიდან მარცხენა კედელთან, შუაში მდგარ) მაგიდას მიაშურა და მას მიმჯდარ ინსტიტუტის უნგრელ სტაჟიორს, ელიზაბეტ (ერჟი)  ჩემეგი-ტომპოშს გამოელაპარაკა - მეორე დღეს ქ-ნ რუსუდან მეფისაშვილს კოჯრის (ქოროღლის) ციხის დასათვალიერებლად უნდა გაჰყოლოდა, ქ-ნ ერჟისაც შესთავაზა წასვლა და ისიც წვრილად აუხსნა, რა უნდა ჩაეცვ-დაეხურა. ამიერიდან ჩვენი ურთიერთობა, უმთავრესად, ასე ვთქვათ, პროფესიულ ასპარეზზე წარიმართა: ჩემი სტუდენტობის პირველ ხანებში სამხატვრო აკადემიის კიბე-დერეფნებსა თუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის ოთახში, ინსტიტუტის ბიბლიოთეკასა თუ ნაირგვარ სესიასა თუ კონფერენციაზე, მოგვიანებით - სალექციო აუდიტორიაში (ქ-ნ მერის ახალი და უახლესი ქართული სახვითი ხელოვნების კურსი მიჰყავდა); 1974 წლიდან კი, 30-ზე მეტი წლის განმავლობაში, უკვე ჩვენი ინსტიტუტის კედლებში.
წლების განმავლობაში  თვით მ. კარბელაშვილისა თუ სხვათა ნაუბრით, ჩემთვის მისი ცხოვრების გზაც გამოიკვეთა. მოგეხსენებათ, იგი ფრიად ცნობილი ოჯახიდანაა - მეტი რაღა, შარშან მისი პაპა, თავისი ოთხი ძმითურთ, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

2

ყველა ისინი (თავდაპირველი მათი გვარი ხმალაძე ყოფილა), ასევე, მათი წინაპრებიც მღვდლები იყვნენ და ქართლში, წინანდელ საამილახოროში, კერძოდ, სოფ. ჭალაში მკვიდრობდნენ. ძმათაგან სხვებზე მეტად ცნობილი მამა პოლიევკტე კარბელაშვილია - ქართული საეკლესიო თუ საერო საბუთების, საეკლესიო სიძველეთა (თბილისის ანჩისხატის ეკლესია, გარეჯის მრავალმთის სავანეები) თუ ეკლესიის ისტორიის მკვლევარი. დანარჩენ ოთხს ქართულ კულტურულ მეხსიერებაში ადგილი, უწინარესად, ქართული გალობის ზედმიწევნითი ცოდნით აქვთ დამკვიდრებული (ქართული მუსიკის ისტორიაში „კარბელაანთ კილოს“ ცნებაც კი არის!). მათგან ორს, პეტრესა და ანდრიას, კაცებრივი ანგარიშით, ყველაზე მძიმე ხვედრი ერგოთ - 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დღეებში მათ, როგორც ქრისტანებმა და როგორც მოძღვრებმა, შეუძლებლად მიიჩნიეს არ წაჰყოლოდნენ ჩეკისტების მიერ დაპატიმრებულ თანასოფლელებს, მათთან ერთად დაიხვრიტნენ და, წმ. მოწამეთა დასს შერთულნი, სადღაც ქართლის მინდვრებში, ადამიანთაგან მივიწყებულ საფლავში განისვენებენ. თავად პაპა დეიდა მერის, ვასილი (1856-1936) - ისევ და ისევ ჩვენეული საზომით! - უფრო იღბლიანი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, მან თავისი მოღვაწეობის ფრიად ფასეული ნივთიერი კვალი დატოვა - ორ წიგნად დასტამბული საგალობლები, უდაოდ, ჩვენი მუსიკალური მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს პუბლიკაციათაგანია. მის დანატოვარ ქაღალდებში მატერიალური „ნაშთების“ მიმართ გულისყურის არაერთ მოწმობასაც ვნახავთ (ნარკვევს თბილისის კარის წმ. გიორგის ეკლესიაზე, ჩანაწერებს ნანახ ტაძრებსა თუ მოხატულობებზე, წარწერების გადმონაწერებს, ჩანახატებს - მათ შორის კოჯრის კაბენის გუმბათიანი, საუკუნეა უკვე გამქრალი ტაძრის ოთხივე ფასადისა. რეხას, ეტყობა, 1920 წლის მიწისძვრით დანგრეული ეკლესიისა და მისი მხატვრობის აღწერა-გადმონახატები. ამას გარდა, ის 1925 წელს ბოდბელად - სახელად, თანაცვე, სტეფანე ეწოდა, - 1928 წელს კი ალავერდელად ხელდასხეს.

3

ხნოვანი ღვთისმსახურის შეუპოვრობის - გნებავთ, გულუბრყვილობის - მაჩვენებელი უნდა იყოს მისი წერილი იოსებ სტალინს - მისთვის კვლავაც სემინარიელ სოსო ჯუღაშვილს. მეუფე სტეფანე შეაგონებს თავის წინანდელ შეგირდს, რაოდენ უჯეროა ბოლშევიკური ხელისუფლების ეკლესიისადმი, სარწმუნოებისადმი დამოკიდებულება. ეტყობა, რაღაც ძალიან კარგი მოაგონა ამ უსტარმა სემინარიელყოფილ „ბელადს“ - ყოველ შემთხვევაში, მეუფეს მაშინ არათუ რამ უსიამოვნება არ შეხვედრია, მისი დღიურიდან ვგებულობთ, რომ 1926-1927 წლებში, ეკლესია-მონასტრების რბევა-აწიოკების, სასულიერო პირების დევნის ჟამს მას საშუალება მისცეს ეკურთხებინა ჯუგაანის, ნუკრიანის წმ. გიორგის, ბებურიანისა და ბოდბის  ღვთისმშობლის ტაძრები.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვ. კარბელაშვილის ფონდი, №265, გვ. 61-62
ეს იმას როდი ნიშნავს, მეუფე სტეფანეს „წითელ“ საქართველოში ულხინდა - ქ-ნი მერისგან ასეთი ამბავი მსმენია: ეპისკოპოსი-პაპა, რასაკვირველია,  თავისიანებისგან ცალკე ცხოვრობდა, თუმც, ვაჟიშვილს დროდადრო ესტუმრებოდა ხოლმე; სიტყვაძვირი და ძუნწი (ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა ნაამბობმა), ის ერთ ხანს რჩებოდა შვილის ოჯახში, უკან გაბრუნებულს კი ქ-ნი მერის მამა, შალვა კარბელაშვილი მიაცილებდა - მოხუცს ანაფორა ემოსა და მოსალოდნელი იყო, მარტო მავალისთვის ქვები დაეშინათ ან სხვა რამ შეურაცხყოფა მიეყენებინათ... ასეა თუ ისე, ვასილ-ყოფილი სტეფანე ალავერდელი მშვიდობიანად გარდაიცვალა და მერეღა დაატყდათ თავს მის ახლობლებს „სტალინური რეპრესიები“: მისი ძე დააპატიმრეს და გააქრეს.

45

ერთ ხანს ვაპირებდი მეთქვა - თითქოს მამას ამცდარი ათეისტური რეჟიმის რისხვა მომდევნო თაობას მიექცა-მეთქი, მაგრამ ბოლო დროს, ბატონი ლუარსაბ ტოგონიძის წყალობით გამოირკვა, „თითქოს“ უადგილო რომ ყოფილა. მართლაც გაცემული ყოფილა პოლიევქტე და ვასილ კარბელაშვილების დატუსაღების ბრძანება და როდესაც ორთავ ძმა ამ ქვეყნით წასული აღმოჩნდა, მათ ნაცვლად შვილები წაიყვანეს...

ქ-ნ მერის და დედამისს, ცხადია, დიდად გაუჭირდებოდათ - ხელმოკლენი და, პირდაპირი აზრით, შევიწროებულნი (მაშინ ხომ წესად იყო რეპრესირებულთა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის ჩამორთმევა), ისინი „ხალხის მტერთან“ სიახლოვითაც იყვნენ დაღდასმულნი. საბედნიეროდ, როგორც არაერთხელ მომხდარა და კვლავაც ხდება ჩვენში, ამ განსაცდელშიც დეიდა მერის გამოუჩნდნენ თანამდგომნი თუ დარდისა, გინდა სიხარულის გამზიარებელნი - ნათესაობაშიც (უპირველეს ყოვლისა, მისთვის ეგზომ საყვარელი და საამაყო „ძია დათიკო“ - ნუმიზმატი დავით კაპანაძე), სკოლაშიც (წარჩინებულ და ნაფოფინევ მოსწავლედ დაამახსოვრდა იგი მამაჩემს - სხვაგვარად სამი წლით უმცროს სკოლელს მოგვიანებით, ალბათ, ვერც შეიცნობდა), დიდ სამეგობროშიც (სტუდენტობიდან განუყრელნი იყვნენ მაგ. ზემონახსენები ეთერ ორჯონიკიძე, აგრეთვე, მამისა ბერძნიშვილი, მერი ინაძე და ედიშერ ხოშტარია-ბროსე, მოგვიანებით სხვებიც შეემატნენ - მაგალითებრ, ელისო კეცხოველი და თენგიზ ონიანი).

67

თანამოწაფეთა გვარებიც კი გვეტყოდა, რომ ხელობად მ. კარბელაშვილს ისტორია ამოურჩევია - თანდაყოლილი მიდრეკილებითა თუ საოჯახო ტრადიციით, მან, თავისი ცხოვრების საქმედ წარსულის კვლევა დაინახა და დაამთავრა კიდეც თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი. იქნებ, შემთხვევითობასაც უდევს წილი, მან მერე სამსახურად ძეგლთა დაცვის სამმართველოში რომ დაიწყო მუშაობა - ნამდვილი კია, რომ სიძველეთმცოდნე პაპების პატრონი, იგი, ამის შემდეგ ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს უკავშირებს თავის მომავალს და მისი ასპირანტიც ხდება. აქ იგი შუა საუკუნეების მხატვრობის შესწავლის სურვილმა მიიყვანა. მაგრამ, როგორც ვიცით, სინამდვილეში მისი საკვლევი საგანი XIX-XX საუკუნეების გრაფიკა და ფერწერა შეიქნა. ქ-ნი მერის მონაყოლით, გადაწყვეტილება მას გიორგი ჩუბანაშვილმა შეაცვლევინა, რომელმაც ურჩია, სპეციალობად ახალი ქრთული ხელოვნება აეღო. ამის შესახებ თხრობისას დეიდა მერის ხმას ერთგვარი სევდა (იქნებ - წყენაც) შეეპარებოდა ხოლმე და საყვედურიც – ოღონდ არა სათაყვანო მასწვლებლის, არამედ ჩემი და მომდევნო თაობის ახალგაზრდების მიმართ, ინსტიტუტში თბილისის სამხატვრო აკადემიიდან თუ თსუ-დან „საკუთარი“ თემებით რომ მოდიოდნენ, მაშინ, როდესც თავად მას საკუთარი საწადელის დათმობა და საინსტიტუტო საჭიროების წინ დაყენება მოუწია. როგორც უფროსი თაობის ქართველ ხელოვნების ისტორიკოსებს უამბნიათ, 1940-იან წლებში გ. ჩუბინაშვილი ნაადრევად თვლიდა ახალი, მით უმეტეს, საბჭოთა ხანის ქართული ხელოვნების ისტორიულად დამუშვებას - საამისოდ, მისი აზრით, მეტი დროით დაცილება იყო აუცილებელი.

8

ათწლეულის ბოლოსკენ და 1950-იანი წლების დასაწყისში ინსტიტუტის თემატიკა, უმეტესწილად, შუასაუკუნოვანი, მასზე „იდეოლოგიური“ შემოტევის ერთი უმთავრესი საბაბი გახდა. ვითარების გამოსასწორებლად ჩვენმა ხელოვნებათმცოდნე-მედიევისტებმა (ვ. ბერიძე, რ. შმერლინგი, თ. ვირსალაძე, ნ. ჩუბინაშვილი, გ. ალიბეგაშვილი, ნ. ალადაშვილი, ა. ვოლსკაია) თანამედროვეთა ნამუშევრებზე წერასაც მიჰყვეს ხელი. მაგრამ აუცილებელი იყო ვინმე თანადროული ხელოვნებით ყოფილიყო დაკავებული - არქიტექტურის დარგში ამ გზას ნოდარ ჯანბერიძე და სვიმონ კინწურაშვილი დაადგნენ, სახვითი ხელოვნებისა კი - გიორგი მასხარაშვილი და, რასაკვირველია, მერი კარბელაშვილი. მაშ, რა ვიფიქროთ - რომ გ. ჩუბინაშვილმა უბრალოდ შესწირა თავისი შეგირდების შინაგანი მისწრაფებანი მათთვისა თუ მეცნიერებისთვის გარეგან გარემოებებს? ვფიქრობ, ეს მთლად ასე არ უნდა ყოფილიყო. ვერ მოგახსენებთ, დააჩქარა თუ არა ხელისუფალთა დაჟინებამ ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის წლიურ გეგმებში თანამედროვეობის საკითხთა შეტანა, თუ ეს გ. ჩუბინაშვილს მეცნიერული ღვწის შინაგანმა ლოგიკამ გადააწყვეტინა - საამისო რამ საბუთი თუ მინიშნება არსად შემხვედრია და არც თანამედროვეთაგან მსმენია რამე. ის კია ნამდვილი, მას თავისი თანამუშაკების  შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა რომ არ სჩვეოდა - ყველა მცნობი აღიარებს, მას ადამიანთა ბუნების ამოცნობის, ყოველისთვის სწორედ სამისო საკეთებლის მიჩენის იშვიათი უნარი ჰქონდა. ჩემი აზრით, ამ ჯერზეც იგივე შეიძლება დავადასტუროთ. რომც არაფერი ვთქვათ ბ-ნი ნოდარისა და ბ-ნი სისოს (როგორც შინ და გარეთ ყველა ეძახდა ს. კინწურაშვილს) წარმატებულ სამეცნიერო-საზოგადოებრივ  მუშაობაზე, ამას ქ-ნი მერის შემთხვევაშიც ვხედავთ. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ 1984 წელს ის სათავეში ჩაუდგა ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილებას. ავიღოთ, თუნდაც, სულ უბრალო ამბავი - ქართველ მხატვართა სტუდენტებისთვის გასაცნობად ის არ კმარობდა მხოლოდ აუდიტორიაში საუბარსა თუ, გინდაც, ნამუშევრების დათვალიერებას - მას ჰქონდა სურვილი, მისი მსმენელები თავად ხელოვანთა „სამყაროში“ შეეყვანა. ალბათ, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, მათ სულ ასე, ერთი სახელოსნოდან მეორეში წაიყვან-წამოიყვანდა, ხოლო რაკი ეს მუდამ ვერ გამოსდიოდა, ყოველ ჯგუფს იმდენ მხატვარს გააცნობდა, რამდენიც მოუხერხდებოდა. ჩემს კურსს დეიდა მერი ორგან წაუძღვა: პირველად ალექსანდერე ბაჟბეუკ-მელიქოვის ბინაზე მივედით; ფერმწერი რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო, მაგრამ არა მარტო მისი სახლი იდგა ჯერ კიდევ (ის ნიკ. ბარათაშვილის ქუჩის რესტავრაციამ შეიწირა, მდებარეობდა კი ჩახრუხაძის ქუჩის დასაწყისში, ეზოს სიღრმეში შეყუჟული), არამედ ოთახების გამართულობაც უცვლელი გახლდათ, კედლებზეც მისი, მის მიერვე ადგილმიჩენილი სურათები ეკიდა - ჭარბობდა მოგვიანო ტილოები, მოვერცხლისფერო, ლიმონისფერ-ჩაღვენთილი; აქ, ამდენად, უფრო ხელოვანის შექმნილსა და მისი ნაწარმოებების აღმომაცენ გარემოს უნდა გავცნობოდით. სხვა იყო მეორე ჩვენი „გასვლა“ დეიდა მერისთან ერთად - სტუმრობა ლადო გუდიაშვილთან. ის ჩვენ  ცნობილ, empir-ული ავეჯით გაწყობილ, მეწამულფარდებიან  მაღალ დარბაზში დაგვხვდა. ცოტა ხანში მისი მეუღლე შემოგვიერთდა. მათმა საუბარმა, თვით ქცევამაც, სხვათა არ ვიცი, პირადად მე ძალიან ბევრი გამაგებინა, მიმახვედრა, როგორ იბადებოდა ლამისაა ბალღურად მიმნდობი ჭაღაროსნისა (მის გულჩვილობასა და გულღიაობას არც 1940-იან-50-იანი წლების დევნა დასტყობია და არც შემდგომი სახელოვნება) და ნებამტკიცე ქ-ნ ნინოს ურთიერთობაში ფერწერული თუ გრაფიკული ალეგორიები და ზღაპრები. მთავარი კი, რაღა თქმა უნდა, ჩემი შთაბეჭდილებები როდია - ისინი, მათი აწინდელი 40 წელს გაუხუნარი სიცხოველე მარტოოდენ ნათელჰყოფს ქ-ნი მერის პედაგოგიური ხერხის შედეგიანობას. ძირითადი - აქ ცნაურდება თვითონ მერი კარბელაშვილის არა მხოლოდ ქმნილებასთან, არამედ შემქმნელთან პიროვნული, ასე ვთქვათ, „შეხების“, მის მიერ ნანახისა თუ განაცადის შეზიარების მოთხოვნილება. მის ნაწერებში მუდამ გაკრთება ხოლმე ისეთი რამ, რაც მხატვრის სახლში თუ არ შენიშნე, ანდა მან თუ მისმა შინაურებმა არ გაგანდეს, ვერანაირად მიხვდები, ვერასგზით გამოიცნობ. რა ნაწარმოებთა ანალიზი, თუ გინდა მათზე დაკვირვება გაგაგებინებს, მაგ., რომ  სერგო ქობულაძე დედამისის „ნაქარგს ახლაც მოწიწებით ინახავს“მ. კარბელაშვილი, სერგო ქობულაძე, თბ., 1970, გვ.1 [ტექსტი პაგინირებული არაა]., ან, რომ ბავშვობაში ანა შალიკაშვილს ყველაფერი, რაც მამასთან (რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი, ადრევე გარდაცვლილი - დ.თ.) იყო დაკავშირებული - ახლობლების მოგონებები, მისეული წიგნები და ჟურნალები „ხელოვნებისადმი ინტერესს უღვივებდა“.მ. კარბელაშვილი, მხატვარ ანა შალიკაშვილის შემოქმედება, ქართული ხელოვნება, 11, თბ., 2001, გვ.142.მაშინაც კი, როდესაც ქ-ნი მერი ამა თუ იმ მხატვრის ხელწერას თუ ჩვევებზე გელაპარაკებათ, რაც, თავისთავად, სურათებსა თუ გრაფიკულ ფურცლებზე შეიძლება „ამოიკითხო“, არ გტოვებთ შეგრძნება, რომ  მას საკუთარი თვალით უნახავს თუ ხელოვანთაგან მოუსმენია, ვინ როგორ ასრულებს ნამუშევარს. ამას გიმტკიცებთ კიდეც ასეთნაირი მსჯელობა - ელენე ახვლედიანი „თავის ნამუშევრებს უშუალოდ ნატურიდან არასოდეს არ ასრულებდა, ფანქრით გაკეთებული ძალიან სწრაფი ჩანახატებით, ზოგჯერ ფერის ან ტონის აღნიშვნით კმაყოფილდებოდა“მ. კარბელაშვილი, ელენე ახვლედიანი, თბ., 1980, გვ.29., ან კიდევ - „ს. ქობულაძის ნამუშევრების თავისებურებას მხატვრის მუშაობის მეთოდი განსაზღვრავს - თითოეული ნახატის გულდასმით გააზრება, ყოველივე შემთხვევითობის უკუგდება, ხანგრძლივი მუშაობა კომპოზიციის აგებაზე“ (ხაზი ჩემია – დ. თ.)მ. კარბელაშვილი, სერგო ქობულაძე, გვ.2-3.შუასაუკუნოვან მომხატველთა თუ ხატმწერთა ნახელავის გამოწვლილვა მოუკლავდა კი დეიდა მერის ცოცხალი პიროვნების ცქერისა და მისთვის დაყურადების წყურვილს? - ვგონებ, რომ ვერანაირად და, ამდენად, თუ თავად მას არა, ჩვენ ხომ  მაინც არაფერი გვაქვს გ. ჩუბინაშვილის სასაყვედურო, ჩანს, მისმა ფსიქოლოგიურმა განჭვრეტამ ამ ჯერზეც გაამართლა.

ისიც უნდა ითქვას, რომ იმ უკვე შორეულ 1972 წელს, ჩემი და ჩემი თანამოთაობეების წარმოდგენა მ. კარბელაშვილის შეხედულებებზე, მხატვრულ გემოვნებაზე, მასზე, როგორც ხელოვნების ისტორიკოსზე არა იმდენად ნაწერებით (თუმც, მათაც ვიცნობდით, თუნდაც, წერილს დავ. გაბაშვილზე)მ. კარბელაშვილი, მხატვარი დავით გაბაშვილი, ქართული ხელოვნება, 6-B, თბ., 1964., რამდენდაც ლექციებითა და საუბრებით ყალიბდებოდა. ალბათ, სხვა მაშინდელი კურსდამთავრებულებიც დამეთანხმებიან, რომ ეს მეცადინეობები იშვიათად დატვირთული იყო - ემოციურადაც, აზრობრივადაც, - და, წარმოიდგინეთ, იშვიათივე ხალისიანობითაც გამოირჩეოდა – რადგან დეიდა მერი, დაუფარავად გახარებული,  თავის ამა თუ იმ სულ ცინცხალ მიხვედრას გვიზიარებდა და განსაკუთრებული გატაცებით უბნობდა იგი ორ ვრცელ საკითხზე - სივრცის გადმოცემის (შესაბამისად, „სურათოვანი“ სივრცის რაობის) თაობაზე ქართულ მხატვრობაში, მეტადრე პეიზაჟურში და XX საუკუნის  ჩვენებურ მონუმენტურ ფერწერაზე. ვნანობ, რატომ არაფერს ვინიშნავდი-მეთქი. მაგრამ, ჯერ ერთი, არასოდეს მეხერხებოდა ჩაწერა, და მეორეც, რატომ უნდა გავრჯილიყავი, თუკი ქ-ნი მერი ამ პრობლემების შესახებ საცაა გამოკვლევას დაასრულებდა - ცოტა დალოდებაღა იყო საჭირო. მერე და მერე ლოდინი გამიგრძელდა და მით უფრო აღვფრთოვანდი, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, მორიგ ოთხშაბათს - ეს დღე სამოხსენებოდ, მგონი, დაარსების ხანიდან ამოირჩა - დაინიშნა მ. კარბელაშვილის მოხსენება სივრცის აგების თაობაზე ლანდშაფტური მხატვრობის ქართველ ოსტატებთან. თუ არ ვცდები, ვთქვი კიდეც, თუ არადა, დანამდვილებით გავიფიქრე, ერთ სხდომას როგორ იმყოფინებს-მეთქი - აკი ეს იყო უპირატესი სასაუბრო საგანი სულ ცოტა სამი ორსაათიანი ლექციისა ალექსანდრე ციმაკურიძის, დავით კაკაბაძისა და ელენე ახვლედიანის შემოქმედებაზე. და როგორი გულის აცრუება დამეუფლა, როდესაც ექვსი კი არა, ორი საათიც არ მოუნდა ჩემგან ნანატრი ნაშრომის წაკითხვა-წარმოდგენას! იმ დღეს აღმოვაჩინე, რაც, თურმე, ბევრ სხვასაც შეემჩნია - ქ-ნი მერი ქაღალდზე გადატანისას ნაფიქრსა და ნათქვამს ბევრს მოაკლებს ხოლმე. ახლავე დავაზუსტებ - იქნებ, უკმარისობის შეგრძნება მხოლოდ ჩვენ, მომსმენთა და მხსომებელთ გვიჩნდება. ამ ნარკვევის მომზადებისას მ. კარბელაშვილის ნაწერები კიდევ ერთხელ ახლიდან გადავიკითხე. ყველაზე მეტად ის თვისება მომხვდა თვალში, ახალგაზრდობაში შენზე უფროსებთან უეჭველობით რომ გულობ და ამიტომ ვერც კი ამჩნევ - ეს პროფესიონალიზმია. რაოდენ ზუსტად არის „პრეპარირებული“ მოყვანილი ნამუშევრები, როგორი უტყუარობით ნათელყოფილი კომპოზიციის წყობა, ფერადოვნება, ნახატის თუ დამუშავების ხასიათი; დაჯამებად თავისებურებებს ვეცნობით, ხშირად, სხვა დროისა თუ ხელოვნების სხვა დარგის ნიმუშებზე მითითებით ჩენილს - იქნება ეს ამა თუ იმ მხატვრისთვის თუ დასურათებული წიგნისთვის ნიშნეული ილუსტრირების პრინციპი, დავით გაბაშვილის ზოგიერთი პორტრეტის „ქანდაკოვნება“, სერგო ქობულაძის „იგორის ლაშქრობის“ სერიის წითელი ფონის ხატწერასთან კავშირი ანდა, ისევ და ისევ, სივრცის ასახვის სხვაობანი ამწამს დასახელებულ ფერმწერებთან თუ ელენე ახვლედიანის ცალკეულ პეიზაჟებში. მაგრამ, თუნდაც ბუნდად, განწყობილებითად რომ მახსენდება ზეპირი თხრობა, სადაც ანალიზით ნასაზრდოები დებულებების გასათვალსაჩინოებლად მოხმობილი შემოქმედებითი წარმოსახვის მაგალითები მზერისა და გონების წარმტაც, მრავალფერ სანახაობად იშლებოდა, ნაწერთა დასკვნები მაინც მეტისმეტად მოკვეცილად, თითქოს დაწყვეტილად მეჩვენება. კიდევ მეტიც - შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს დეიდა მერიმ „შემდგომთა თვისთა“ ნაკვლევი მასალა და შემდგომი ფიქრის მიმართულების მანიშნები დაახვედრა და ნააზრის განვრცობა და თვით დაბოლოებაც სხვას მიანდო. ერთ შემთხვევაში ეს უკვე მოხდა კიდეც. ახლახან ვახსენე დეიდა მერის მეორე საყვარელი თემა - მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნება. ალბათ, სასაცილოდ, იქნებ, დაუჯერებლადაც ჟღერდეს, ასე კი არის: თუ მოგინდებათ ამ მიმართულებით მისი ნაკვლევის გაცნობა, ქეთევან იმნაიშვილის სამხატვრო აკადემიაში 1977 წელს დაცულ სადიპლომო ნაშრომს უნდა მიაკითხოთ - ჩანს, ჩვენდა ბედად, დიპლომანტს ისე მოსწონებია ქ-ნი მერის მონაყოლი, რომ თითქმის სიტყვასიტყვით დაუმახსოვრებია და ჩაუწერია კიდეც...
რით შეიძლება ავხსნათ ასეთი უცნაურობა? როგორ დავიჩემო, პასუხი ვიცი-მეთქი? რამდენიმე ვარაუდის გამოთქმა კი შეიძლება. პირველად უნდა გამოვრიცხო რისამე ვერდანახვა და ვერჩაწვდომა - უკვე ვიცით, ეს რომ არაფერ შუაშია. ვერც იმას იტყვის კაცი, კალამი არ მოყვებაო - მ. კარბელაშვილი უეჭველად კარგი მოქართულეა, არც სიტყვების მარაგი აკლია, არც წერის ჩვევა. იქნებ, საქმე, როგორც ლევან რჩეულიშვილი იტყოდა, საბჭოური ადამიანის გონებაში ჩასახლებული „ცენზორია“, მისივე სიტყვით - „მაკრატელი“, თქმულს რომ იმწამსვე გაკვეთს, ან მოკვეცს, გადასცდება რა იგი „ზემოდან“ თავსმოხვეულ „საზღვრებს“. ეს არაფერი გასაკვირი იქნებოდა, მით უფრო აწიოკებული ოჯახის შვილისგან და ამის ნიშნები მე ჩემი თვალით მინახავს - დეიდა მერის ძლიერ აფრთხობდნენ მილიციელები, მათ შორის ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმ. მუზეუმის (სადაც ჩვენი ინსტიტუტი 1987 წლის ზაფხულამდე იყო განთავსებული) დაცვა. ეს შიში მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა - დღევანდელ ახალგაზრდებს ვერც წარმოუდგენიათ, რა ფრთათეთრ ანგელოზებად გამოჩნდებოდა ახლანდელი საუწყებო თუ არასაუწყებო დაცვის ყველაზე უკმეხი თანამშრომელი იმჟამინდელ ყველაზე უკეთესთან შედარებით. ძალიან კარგად ვუწყოდი, როგორც იქცეოდნენ ისინი და უფრო მოგვიანებით, წლებიც რომ მომემატა და ჩანთაშიც ნაირგვარი საშვი და მოწმობა მელაგა, მუდამ გულისფანცქალით ჩავუვლიდი ხოლმე დაცვის თანამშრომლებს, რადგან ყოველ წუთს შეიძლებოდა შემოეტიათ, უხეშად დაგლაპარაკებოდნენ და ა.შ. და მაინც, ქ-ნი მერის აღელვება, მიუხედავად მისი მომეტებული გრძნობიერებისა და მაშინდელი ჩემი ყმაწვილკაცური მაქსიმალიზმის ანგარიშში ჩაგდებითაც, ახლაც ასე ვთვლი, გადაჭარბებული იყო. სამეცნიერო თხზულებებს მისას ამ ჰიპოთეტურმა შიდა „მეთვალყურემ“ მათ, შეიძლება, ბევრი არაფერი ავნო. თუმცაღა, ამ „ცენზორს“ შესაძლოა ე. ახვლედიანის „სოცრეალისტური“ ტილოების ცალყბა მოწონება მიეწეროს და დაბეჯითებით - უცნაური ორადობა დავ. გაბაშვილის გრავირებული ნატიურმორტის გარჩევისა, მასზე ჯერ ითქმის - სავსებით მართებულად! - მთავარი აქ სიბრტყეებიო, იაპონურ გრავიურებსაც კია შედარებული, მერე კი საკმაოდ ფართოდ აღიწერება სიღრმეში „შესვლა“ ხოლო, დასასრულ, ისევაა ნათქვამი „დეკორატიულობის შთაბეჭდილებას გვიქმნისო“მ. კარბელაშვილი, მხატვარი დავით გაბაშვილი, ქართული ხელოვნება, 6-B, თბ., 1964, გვ. 47-48. დავუშვათ, ორთავ, სიბრტყითი და ილუზორულ-სიღრმითი საწყისი აქ თანაბრადაა გამოვლენილი, მაშინაც ხომაა ასახსნელი, რანაირადაა ისინი ერთმანეთს შეთანხმებული. ხოლო, რაკი ამაზეც არაფერი წერია, გეფიქრება, ქ-ნი მერი მხატვარს „ფორმალიზმში“  მაშინდელი ყბადაღებული ბრალდებისგან, იქნებ, საკუთარ თავსაც „ფორმალისტის“ თანაგრძნობაში დადანაშაულებისგან იცავსო.
იქნებ, საქმე ხელოვნების ნაწარმოების ზემოქმედების სიტყვით „უთარგმნელობის“ გამო გაუცნობიერებელი თუ ძალიანაც გაცნობიერებული გულისწუხილია? ასეთი რამ დიახაც შეიძლება იყოს - ასე მხატვრობის სიღრმეთა ამოწურვის შეუძლებლობის შეგნებას აგულვებინებს ქ-ნ ეკა პრივალოვას თინათინ ვირსალაძის დაუბოლოებელი, ერთი და იმავე აბზაცის ათობით ვერსიის მომცველი ხელნაწერები... არ იქნება გასაკვირი, თუ მძაფრი ემოციურობისას, დეიდა მერისაც ხელები ჩამოეყრევინებინა შენაგრძნობის გამოუთქმელობით, ვერ-გამოხატვით გამოწვეულ უძლურების განცდას. ოღონდ, ისიც არაა გამორიცხული, საფუძველთა საფუძველი საკუთარი თავისადმი უნდობლობა იყოს, ისევ და ისევ გრძნობის სიჭარბისა და, სულაც, ლიტერატურული სახე-ხატებით მეტყველებისადმი მიდრეკილების შეცნობით შეპირობებული სიფრთხილე, ჩვეულებად ქცეული თვითდაოკება. იქნებ, ამან, თავისი მეცნიერული მიუდგომლობის მიმართ დაეჭვებამ შებორკა იგი, იქნებ, ამის გამოა, თუგინდ, ელენე ახვლედიანზე წიგნში განზოგადებისა და ხატოვანების საჭიროებისას ქ-ნი მერი ლ. რჩეულიშვილის ან კიდევ ვახტანგ ბერიძისა და ნინა ეზერსკაიას ამონარიდებს რომ მიმართავს?
კიდევ ერთხელ ვისაკლისებთ, მომსწრენი, ქ-ნი მერის პუბლიკაციებში - მის თავისებურ ჰიუმორს. სალაღობოს არცთუ იშვიათად იტყოდა რასმე – თუ მოვლენებზე, თუ - ჩემს მეხსიერებაში, უფრო მეტად - ადამიანებზე, რაღაცანაირი, ოდნავ მოგუდული ჩაცინებით. უფრო ხშირად რუსულს მოიშველიებდა - ასე, ძეგლთა ნუსხის განყოფილებაზე, რომლის გამგეს, ვახტანგ დოლიძეს თანაშემწეებად ოთხი მარინე ჰყავდა (გაჩეჩილაძე, მეძმარიაშვილი, ყენია და ჭელიძე) ითქმოდა: “Долидзе и его маринад” (ერთხელაც, ერთ-ერთ თანამშრომელს გერმანული Parteigenosse მიუყენა - ჰიტლერელი ნაციონალ-სოციალისტების ეს პარტიული მიმართვა, კომუნისტების comrade – товарищ – ამხანაგის ფარდი, იმჟამად, ალბათ, საბჭოეთის ყველა მცხოვრებს შეეთვისებინა, ტელესერიალის „გაზაფხულის 17 გაელვება“ წყალობით). ხშირად მის ნათქვამში სიტყვების თვით ჟღერადობა იყო სიცილის მომგვრელი (ეს საერთოდაც სჩვევია ქართულ ხუმრობას - თავისთავად სასაცილოა ხომ „კინკილი“, „ტანტალი“, „ჩლახუნი“ და მისთანანი). საამისოდ „ნივთმტკიცებაც“ შემომრჩა: 1981 წელს ჩვენს ინსტიტუტში საკანდიდატო დისერტაცია წავიკითხე და, წესისამებრ, მასზე მსჯელობაც გაიმართა. სხდომის დამთავრების შემდეგ დეიდა მერიმ რამდენიმე დაწერილი ფურცელი მომაწოდა - თურმე, ჩემთვის მოცემული რჩევა-მითითებები ჩაუწერია; ეს თავისთავადაც დამახასიათებელია - ის ხომ ხედავდა, კალამი რომ მომემარჯვებინა და კოლეგების მოსაზრებებს ვინიშნავდი, მაგრამ მაინც გადაწყვიტა დამხმარებოდა, ერთი იმიტომ, რომ მღელვარების გამო რამე შეიძლება გამომრჩენოდა; მეორეც, ეს თანადგომის ჩვენებაც იყო. უხერხულ თუ რთულ მდგომარეობაში მოხვედრილთა მიშველების სურვილი მისთვის უცხო რომ არ ყოფილა, ჩემი დისერტაციის ამბის გაგრძელებაც მოწმობს. მის დასასრულებლად ერთი თავის ახლებურად დაწერა მომიწია და ერთხელაც წამომცდა დეიდა მერის თანდასწრებით, როგორ მიმძიმს მისი მემანქანისათვის გასარჩევად გადათეთრება. მანაც იმწამსვე ითავა ამ საქმის მოგვარება, ხელნაწერი გამომართვა, თავისი განყოფილების თანამშრომლებს დაურიგა და ასე შემიმსუბუქა ნაშრომის დაცვისთვის შემზადების მომაბეზრებელი შრომა. მაგრამ ეს - ისე; მოდით, იმ შენიშვნებიან დასტას დავუბრუნდეთ. ვათვალიერებ და უცებ, თვალში მხვდება გამომსვლელთაგან ერთის ვინაობის აღსანიშნავად: „ქალბატონი რუდუნება“. ბუნებრივია, არ გამჭირვებია ასე სახელდებულის გამოცნობა - ცხადია,  რუსუდან მეფისშვილი იგულისხმებოდა, რომელსაც ახალგაზრდობიდან მიმართვად „რუდა“ შერჩა. ნურავინ იფიქრებს, ქ-მა მერიმ იგი გააქილიკა, მით უფრო, რომ თავშიც გამოჩნდა მათ შორის დამყარებული კეთილი ურთიერთობა. ნამდვილი ისაა, რომ მანამდე არქაიზმებზე გვქონდა საუბარი და ქ-მა მერიმ მითხრა, ზოგი მათგანი მეხელოვნურება, მათ შორის სიტყვა „რუდუნება“-ო. ასე რომ, ამ შესიტყვებით დეიდა მერიმ ძველქართული გამოთქმების „გამოჩხრეკის“ იმჟამად უკვე ჩვენს წრეში ცნობილ ჩემს მიდრეკილებას გასცინა. თუმცა, ახლა, ყურადღება თავად ორი ცნების  („ქალბატონი“ და „რუდუნება“) შეუღლებას მინდა მიაპყროთ - ის, ვგონებ, საკმაოდ მოულოდნელია, ამიტომ - კომიკურიც; თან ბასრია, თანაცვე იმ თბილი ღიმილით შეფერილი თითქოს, რომლითაც დეიდა მერი თავის bon mot-ებს წარმოთქვამდა ხოლმე...
დასასრულ, ერთიც მაქვს სათქმელი, არადა, მგონი, ამას დიდად არ მომიწონებენ. სიცოცხლის ბოლო წლებში, არ ვიცი ვინ, არ ვიცი რანაირად და არ მესმის, რისთვის დაარწმუნა დეიდა მერი, ვითომ მთელი რიგი ადამიანებისა, მათ შორის მეც, მას ცუდი თვალით ვუყურებთ. სიმართლე ვთქვა, არც მიფიქრია, ის ამ მონაჭორის უსაფუძვლობაში დამერწმუნებინა. ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ იგი ამ ქვეყნით ასეთი უაზრობით გუნებამოწამლული წავიდა. მაგრამ იმ დროსაც დარწმუნებული ვიყავი და ახლაც ვარ: ის ვიღაც თუ ვიღაცეები, ვისი მცდელობითაც ეს უსიამოვნება ჩამოვარდა, ვინც ხანმიტანებული, მარტოხელა, ჯანშელახული ადამიანის გამძაფრებული მგრძნობელობით ისარგებლა, იმასაც მოახერხებდა, იგი ისე შეემზადებინა, რომ რაგინდარა შეგებებული სიტყვა მის კიდევ მეტ გაღიზიანებასა და ვითარების გამწვავებას გამოიწვევდა. ვერაფერი სიამოვნებაა ამის მოგონება, ერთი კი მაქვს ნუგეშად: არასდროს, არც ადრე, არც ახლა ჰქონია ჩემთვის ამ გაუგებრობას მნიშვნელობა და ესღა მახსოვდა და მახსოვს: ეს-ესაა მიგნებულის გაზიარების სახარულით ნათელჩამდგარი სახე და იმ, ოდინდელი მაისის სხივოსანი შუადღე...




ნანახია: 7754-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani