ქართული კერამიკის მოამაგე |
სოფიო ჩიტორელიძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი (მხატვარ ნანა კიკნაძის გახსენება)
მხატვარი ნანა კიკნაძე XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ კერამიკოსთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის პროფესიულ და შემოქმედებით მოღვაწეობას გამორჩეული, ინდივიდუალური ადგილი უჭირავს თანამედროვე ქართულ დეკორატიულ–გამოყენებით ხელოვნებაში.
ნანა კიკნაძე ქალაქ თბილისში 1928 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა (1945 წ.). პროფესიული განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო (1953-1959 წ.წ.), სადაც კერამიკის ფაკულტეტზე სწავლა საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის სიყვარულმა გადააწყვიტინა (პედაგოგები დ. ციციშვილი, ნ. გომელაური). 1963 წელს მხატვარმა იმავე ფაკულტეტის ასპირანტურა დაამთავრა, აქვე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობაც (1961 წლიდან) და სიცოცხლის ბოლომდე თავის ცოდნას ახალგაზრდა თაობებს გადასცემდა. ხაზგასმით აღსანიშნავია მისი, როგორც ხელოვანის მოღვაწეობა. მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფორმებს, ისე დეკორატიული დანიშნულების ნაკეთობებსა და მონუმენტური კერამიკის ნიმუშებს. იგი სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ, რეგიონალურ, საზღვარგარეთის გამოფენებსა და მხატვრული კერამიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში (პრაღის კერამიკის I საერთაშორისო სიმპოზიუმი - 1962 წ., კერამიკის II საერთაშორისო სიმპოზიუმი - ქ. ვილნიუსი (1975 წ.) და სხვ.), ის თავადაც იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკების კერამიკოსთა თბილისის I საერთაშორისო სიმპოზიუმის პროექტის ავტორი და ორგანიზატორი (1998 წ.).
ნანა კიკნაძის კერამიკული ნამუშევრები ხშირად აღინიშნებოდა მედლებით, დიპლომებით, სიგელებით. მხატვარს სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა „საქართველოს დამსახურებული მხატვრის“ საპატიო წოდება (1967 წ.), „ღირსების მედალი“ (1998 წ.) და „ღირსების ორდენი“ (2002 წ.). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა (სემ – სურათების ეროვნული გალერეა, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი და სხვ.) და საზღვარგარეთის მუზეუმებში (რუსეთის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების, ბერლინის მსოფლიოს ხალხთა კერამიკის, პრაღის კერამიკის საერთაშორისო მუზეუმი და სხვ.) ნანა კიკნაძე შემოქმედებით მოღვაწეობას 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყებს. მხატვრის პირველი ნაბიჯები, აღნიშნული პერიოდის გატაცების შესაბამისად, „ფაიფურის ხელოვნებას“ უკავშირდება. მასალით კერამიკოსს მხატვრული ფორმა არ შეუქმნია. იგი მზა, ქარხნულად წარმოებულ თეთრ ნიმუშებზე ჭიქურზედა მოხატულობით შემოიფარგლა (ფინჯანი ლამბაქით, 1955 წ.; ფინჯანი ლამბაქით, 1956 წ.; დეკორატიული თეფში, 1957 წ.; დოქი, 1950–იანი წლები; დეკორატიული ლარნაკი, 1950–იანი წლები და სხვ.). საქართველოში საწარმოო ბაზის გაუმართაობის გამო მხატვარებს ესკიზის ფაიფურის მასალაში შესრულების შესაძლებლობა არ ჰქონიათ. ისინი სარგებლობდნენ რუსეთის ქარხნებიდან შემოტანილი „თეთრეულით“ (მოუხატავი ფაიფურის ნაწარმი) და ნაკეთობას საკუთარი კომპოზიციით შექმნილი ნახატით აფორმებდნენ. ასეთი ნიმუშები ჭიქურზედა მხატვრობით იმკობოდა. ნაკეთობებზე ორნამენტი ზოგჯერ ჭარბი, მაგრამ ფაქიზი ფერთა შეხამებითაა შექმნილი, იგრძნობა ხელოვანის დახვეწილი ხელი და ოსტატობა. (ილ. 1, 2, 3) ფაიფურის მასალა და მისი „მზა ფორმები“ კერამიკოსისთვის მალევე კარგავს ინტერესს და შემოქმედებით ძიებებს ტრადიციული წითელი თიხით იწყებს. თიხისაგან შესრულებული პირველი ნაკეთობები ფორმითა და უხვი ყვავილოვანი თუ დეკორატიული ორნამენტით ფაიფურის ნიმუშებს მოგვაგონებს (დეკორატიული ლარნაკი, 1950–იანი წლები; სუვენირი, 1955წ. და სხვ). იმავე განცდას აძლიერებს ფონად გამოყენებული თეთრი ანგობის საღებავიც, თუმცა, ამ ნაკეთობებში უკვე იკვეთება პლასტიკური ფორმისადმი მხატვრის გაძლიერებული ინტერესი და დეკორით მისი გარკვეული ნაწილების ხაზგასმა-აქცენტირება. (ილ. 4) ნანა კიკნაძე მაძიებელი და ნოვატორი შემოქმედია. თავისი თამამი ნაბიჯებით იგი გარკვეული სიახლეების „შემომტანი“ და „დამმკვიდრებელია“ გამოყენებითი ხელოვნების აღნიშნულ დარგში. ასეთი „თამამი“ გადაწყვეტილება იყო, როდესაც ე.წ. „ფაიფურის პერიოდში“ მან საკუთარი სადიპლომო ნამუშევარი ერთ-ერთმა პირველმა თიხის მასალით შეასრულა და ეს ფაქტი ერთგვარი „შემობრუნების“ საწყისი გახდა ქართულ კერამიკაში. აქედანვე ჩანს უკვე მხატვრის შემოქმედების ძირითადი მიმართულება. როგორც აღვნიშნეთ, იგი ეყრდნობა არქეოლოგიურ თუ ეთნოგრაფიულ მასალასა და ხალხური ხელოვნების ტრადიციებს. ამასთან, მხატვარს ახასიათებს ახალი ფორმების შემოთავაზება. ამ ორი მიმართულების ორიგინალური სინთეზით კი იგი თანამედროვე კერამიკის განსხვავებულ, ახალ სახეს ქმნის. ნამუშევრების დეკორატიული გაფორმებისათვის ის უმეტესად მიმართავს შებოლვისა და აღდგენითი ჭიქურებით შემკობის ტექნიკას, ასევე, ანგობის საღებავებით მოხატვის მეთოდს. ნიმუშებზე სამკაულად გამოყენებული კეცში ჩაკვეთილი თუ რელიეფური ორნამენტი, ძირითადად, გეომეტრიულ-ხაზოვანია და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ხელოვანი მხატვრული სახის შესაქმნელად ოსტატურად იყენებს კერამიკული კეცის ფაქტურულ ნაირგვარობას. ხშირად შეგხვდება ნიმუშის გაპრიალებულ ზედაპიზე დეკორად ჩართული სხვადსხვა მეთოდით მიღებული კეცის ხაოიანი, უხეში ნაწილი ან ხის ქერქის იმიტაციის მქონე ნაკეთობის მთლიანად დაღარული ზედაპირი. (ილ. 5) მეტიც, ხელოვანი მხატვრული ეფექტის შესაქმნელად თიხის მასალით ჭურჭლის შენების ერთ-ერთ მეთოდს - თიხის ზოლებით ფორმის ამოყვანასაც იყენებს. ნ. კიკნაძე საგანგებოდ დაუმუშავებლად ტოვებს ამგვარად ნაძერწი ზედაპირს და ამით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ნიმუშის დეკორატიულ სახეს იღებს. გვხვდება ისეთი ნიმუშებიც, სადაც ხაზოვან-რელიეფური ფაქტურა ნაკეთობის მხოლოდ ერთ, რომელიმე (შიდა ან გარე) მხარესაა შენარჩუნებული.
მხატვრის შემოქმედებაში წამყვანი ადგილი მცირე ზომის ჭურჭელს უჭირავს. მათ შორის -დოქებსა და ჭინჭილებს. ისინი მრავალფეროვანი ფორმითა და განსხვავებული დეკორით ხასიათდება. ნიმუშების ფუნქციურ დანიშნულებას კარგადაა მორგებული სადა, დახვეწილი გემოვნებით შესრულებული ორნამენტი. განსხვავებულია მხატვრის მიერ შექმნილი „დაბალმუცელა“, სამ ფეხზე შემდგარი რელიეფური დეკორით შემკული დოქები. ნიმუშებიდან გამორჩეულია შებოლილი შავკრიალა ზედაპირის მქონე ნაკეთობებიც, სადაც შავ ფერს კარგადაა შეხამებული გეომეტრიული ხასიათის რელიეფური თუ ჩაღარულ–ხაზოვანი მკაცრი, სიმეტრიული გამოსახულებები. (ილ. 6, 7, 8)
აღსანიშნავია მხატვრის მიერ შექმნილი სუფრის სერვიზები. მაგალითად სერვიზი მწვადისა და ხინკლისათვის. აქ ხელოვანმა თიხის მასალასთან ერთად ლითონიც გამოიყენა, რითაც ახალი განსხვავებული ფორმები შექმნა.
ნანა კიკნაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „მარნის“ თემას. ეს ნაკეთობები ორიგინალური კომპოზიციური გადაწყვეტითა და თავისებური მხატვრული ხედვით გამოირჩევა. მხატვრის მიერ შექმნილი მარნები, უმეტეს შემთხვევაში, მარტივი ფორმებით ხასიათდება. ესაა ერთ ან რამდენიმე სტილიზებულi ცხოველის ფიგურაზე დამაგრებული ჭურჭელი. ნიმუშის დეკორატიულობასთან ერთად მხატვარი კარგად ითვალისწინებს ჭურჭლის პრაქტიკულ ფუნქციას. გვხვდება მხოლოდ დეკორატიული დანიშნულების ნიმუშებიც. მაგალითად გამოდგება სასმისი - შეწყვილებული ირმები, რომელიც ასოციაციურად სიახლოვეს ხალხურ კერამიკასთან იჩენს. დამახასიათებელია პლასტიკური ფორმის შესანიშნავი გრძნობა. დაუნაწევრებელი მარტივი ფიგურა მთლიანად დაფარულია აღდგენითი ჭიქურის საღებავით, რაც ვიზუალურად კიდევ უფრო კრავს კომპოზიციას. ამასთან, ლითონისებური სიბზინვარე მის მონუმენტურ იერსაც განსაზღვრავს. ზოომორფული ჭურჭლის სერიიდან გამორჩეულია სასმისი „მტრედი“. ნაკეთობა ნატურალური და სტილიზებული ფორმის ზომიერ სინთეზს წარმოადგენს. იგი ყოფითი ხასიათის ჭურჭელია და, ამავდროულად, მხატვრულად ღირებული პლასტიკა-სამშვენისიც. ეს მთლიანობა კი მინიმუმამდე დაყვანილი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებითაა მიღწეული. შებოლვის მეთოდით მიღებული შავი ფერით შეკრულ ფორმაზე, ზედაპირის გაპრიალებული და უხეში ნაწილების შეპირისპირებით, შექმნილია ნაკეთობის დეკორი. იგი, ამავდროულად, ფრინველის სახასიათო ფაქტურის გამომსახველიცაა. შავ ფონზე რიტმულად შემოყოლებული მარჯნისფერი ჭიქურის ჟღერადი ზოლები აცოცხლებს მონოქრომულ ფერადოვან გამას და აქცენტების სახით ჭურჭლის მკაფიო ხაზოვან სილუეტს შემოხაზავს. (ილ. 9) ცნობილია, რომ 1960–იანი წლების კერამიკაში გაჩნდა გარკვეული ინტერესი ანტროპომორფული ჭურჭლისადმი. შეიქმნა სურები, ხელადები, შანდლები და სხვა ნიმუშები ქართველი ქალის მოხდენილი ფიგურის მსგავსი სილუეტით. ანთროპომორფული ხასიათის ნიმუშები გვხვდება ნ. კიკნაძის შემოქმედებაშიც. ზოომორფული ჭურჭლისგან განსხვავებით, მხატვარი არ ქმნის ადამიანის ფორმის ქანდაკებას. იგი ქალის სახის განზოდაგებულ გამოსახულებას მხოლოდ ჭურჭლის დეკორად იყენებს. ასეთია ფიალები
გოგონას თავის გამოსახულებით, სადაც ნახატი ნიმუშის შიდა მხარეს დაბალი რელიეფური მარტივი ხაზითაა ნაძერწი (1964 წ.). (ილ. 10) საინტერესოა წყლის ჭურჭელი „ხევსური გოგო“ (1964 წ.) - ნაკეთობის პლასტიკური მოცულობა აქცენტირებულია გოგონას სტილიზებული თავით, გაშლილი თმა, რომელიც შვეულად დაუყვება ნიმუშის მთელს ზედაპირს, მის მთავარ დეკორატიულ გაფორმებასაც წარმოადგენს. გვხვდება თემის უფრო განზოგადებული ვარიანტებიც, სადაც „ქალის“ ფიგურა მხოლოდ სამკაულის „გულმკერდზე“ შემოყოლებითაა მინიშნებული. მსგავსი მიდგომის მატარებელია ჭინჭილა „ავტოპორტრეტი“ (1960–იანი წლები). აქ ფორმის დეფორმაციით მხატვრის სახასიათო პოზაა დაჭერილი და მნახველისთვის ზედმეტი დეტალიზაციის გარეშე საცნობი ხდება პორტრეტირებულის სახე. ცალკე ჯგუფს წარმოადგენს ისტორიული მასალის ინტერპრეტაციით შქმნილი ნაკეთობები („დოქი“, 1964 წ.; „ჩიტი“, 1975 წ.). ამ ტიპი ნიმუშების საუკეთესო მაგალითია დეკორატიული თეფში „არწივი“ (1975 წ.). იგი შუა საუკუნეების დმანისური მოხატული კერამიკის რეპლიკას წარმოადგენს, თუმცა, სრულიად ახალი ხედვით შექმნილი ნაკეთობაა. ეს არაა თეფშის მრგვალ ზედაპირზე გამოსახული ფერწერული ნახატი, ფრინველის ფიგურა გამოსულია ორგანზომილებიანი სიბრტყიდან, ის მხრებით თავად ზიდავს ჭურჭლის ფორმას. ამგვარი უჩვეულო მხატვრული გადაწყვეტა ნამუშევრის განსხვავებულ სივრცობრივ-აღქმით ხასიათს განაპირობებს. (ილ. 11)
მხატვრის მრავალსახოვან ნაკეთობებს შორის, ასევე, გვხვდება განსხვავებული ზომის ლარნაკები, ხილის თასები, კედლის დეკორატიული თეფშები, სასმისები, სუვენირები, კერამიკოსს მედეა ჩიხლაძესთან ერთად მხატვარს გაფორმებული აქვს მაღაზიები „საუნჯე“ (დეკორატიული პანო) და „ციცინათელა“ (დეკორატიული პანო, ჭაღი) და სხვ. აღსანიშნავია ნ. კიკნაძის სამეცნიერო მოღვაწეობა. იგი ცალკეული სტატიებისა და მონოგრაფიების ავტორია გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების დარგში.მათ შორის არის ჯერჯერობით გამოუქვეყნებელი ხელნაწერი მასალებიც. ნაშრომი წარმოადგენს თანამედროვე დეკორატიული–გამოყენებითი ხელოვნების განვითარების ზოგად ისტორიას, რაც საკითხის ამგვარი შესწავლის პირველი მცდელობაა. ერთად თავმოყრილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია კი საფუძველი იქნება დარგის მომდევნო სამეცნიერო კვლევებისათვის. ნანა კიკნაძის პიროვნების დახასიათება არ იქნება სრულყოფილი, თუ არ აღვნიშნავთ მის მრავალწლოვან პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში,უძღვებოდა მსოფლიო ხელოვნებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ისტორიის კურსსრომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შემოქმედება. მას, როგორც ხელოვანს, განსხვავებული მიდგომა და სწავლების მეთოდი ჰქონდა, რასაც არაერთხელ აღნიშნავენ მისი ყოფილი მოწაფეები. კერამიკოსმა ნანა კიკნაძემ ხელოვნების მარადიულობას არაერთი ნიჭიერი მხატვარი თუ ხელოვნების ისტორიკოსი აზიარა. |