Georgian (Georgia)English (United Kingdom)
არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი

თამაზ  გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ალექსანდრე გრიგოლის ძე ოზეროვი - XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX  საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თბილისელი არქიტექტორია. იგი დაიბადა საქართველოში, დაბა მანგლისში, 1849 წლის 3 აგვისტოს (ძვ. სტილით). მამა - გრიგოლ ივანეს ძე ოზეროვი იყო სამხედრო ექიმი, რომელიც იმ წლებში მანგლისში განლაგებულ კარაბინერთა პოლკში უფროს ექიმად მსახურობდა. 1853 წელს გრიგოლ ოზეროვი გადაიყვანეს ქ. ანაპაში სამხედრო ჰოსპიტალის "შტაბ-ექიმად" სადაც  მისი ოჯახიც გადავიდა.
1854 წელს იგი ქ. ნოვოროსიისკის საავადმყოფოს მთავარი ექიმია, ხოლო 1856 წელს  გადაყვანილი იყო დაღესტანში სადაც მსახურობდა ჯერ ყიზლარის, შემდეგ ხაჯალმახის, 1864 წლიდან კი ქუთიშას დროებითი სამხედრო ჰოსპიტალის უფროს ექიმად. შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე ოზეროვმა ბავშვობა დაღესტანში გაატარა. მამამისს - გრიგოლ ოზეროვს  მიღებული ჰქონდა "კოლეჟსკი სოვეტნიკის" ჩინი, დაჯილდოებული იყო წმ.ანას მე-3 და მე-2 ხარისხის ორდენებით. მოპოებული ცნობების თანახმად იგი გარდაიცვალა 1864 წელს. არქიტექტორის დედა - ლიუბოვ კარლოს ასული ჰანი (1817-82) წარმოშობით გერმანელი იყო (გერმ. von Hahn, ერთ-ერთი უძველესი სათავადაზნაურო გვარია, რომლის წარმომადგენლები ჯერ კიდევ 1730-იან წლებში გადასახლდნენ რუსეთში მეკლენბურგიდან, გერმანია). მისი ძმა, ბარონი დიმიტრი კარლოს ძე ჰანი (1830-1907), ინფანტერიის გენერალი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე იყო, ფინანსთა მინისტრის საბჭოს წევრი, ფინანსთა სამინისტროს სასაზღვრო დაცვის კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და პირველი ინსპექტორი.
ალექსანდრე ოზეროვმა საშუალო განათლება  სტავროპოლის ვაჟთა გიმნაზიაში მიიღო. საინტერესოა, რომ იმ წლებში სტავროპოლის სამაზრო ექიმი იყო ვასილ ივანეს ძე ოზეროვი, რომელიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გრიგოლ ოზეროვის ძმა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სხვა მოსაზრებებთან ერთად, ამანაც გარკვეულწილად განაპირობა სტავროპოლის გიმნაზიის შერჩევა საშუალო განათლების მისაღებად, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ  ეს გიმნაზია  ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებად ითვლებოდა. 
სტავროპოლის გიმნაზიის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ ალექსანდრე ოზეროვი გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც 1867 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა სასწავლებელში (1882 წლიდან სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი). 1872 წელს მან წარმატებით დაასრულა აღნიშნული სასწავლებელი ინჟინერ-არქიტექტორის წოდებით. მისი გვარი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებულისა  აღნიშნული იყო სასწავლებლის საგანგებო სამახსოვრო მარმარილოს დაფაზე. ამავე დროს, მან მიიღო "კოლეჟსკი სეკრეტარის" ჩინის უფლება.                
1873 წელს ალექსანდრე ოზეროვი მუშაობას იწყებს თბილისის საგუბერნიო სამმართველოში უმცროს არქიტექტორად, შემდეგ კი იქვე სამუშაოს მწარმოებლად იყო. 1879 წლიდან იგი 1885 წლამდე თბილისის საქალაქო არქიტექტორია. 1888 წელს მსახურობს ქუთაისის საგუბერნიო ინჟინრად, 1891-92 წლებში - თბილისის ხანძრისაგან დაზღვევი საზოგადოების არქიტექტორად, მოგვიანებით - თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამშენებლო განყოფილების შტატგარეშე ტექნიკოსად, ხოლო უფრო გვიან, 1898-1907 წლებში, კავკასიაში - საუფლისწულო მამულების ინსპექტორის სამმართველოს არქიტექტორად. 1885-87 წლებში იგი ღებულობდა მონაწილეობას ავჭალის წყალსადენის (ფაქტობრივად, პირველი თბილისის წყალსადენი) პროექტის შედგენაში, ასევე  მისი ერთი მშენებელთაგანი იყო. 1899-1900-იან წლებში ა. ოზეროვი იკვლევდა ნატახტარის წყაროებს მათი გამოყენების მიზნით, როგორც დამატებითი წყაროსი თბილისის სასმელი წყლით მომარაგებისათვის (შემდგომში ნატახტარის წყალსადენი), აგრეთვე, ღებულობდა მონაწილეობას ბორჯომი-ახალციხის და კოჯრის გზატკეცილის დაგეგმარებაში;  1874 წლიდან იგი იყო 1873 წელს დაარსებული კავკასიის სამხატვრო საზოგადოების ნამდვილი წევრი. 
თითქმის ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ალექსანდრე ოზეროვის მიერ შედგენილი პროექტით აშენდა სხვადასხვა დანიშნულების    მრავალი შენობა-ნაგებობა თბილისში, საქართველოში და, ასევე,  ცალკეული შენობები რუსეთში, სომხეთში, უკრაინაში. მისი ნამუშევრების უბრალო ჩამოთვლაც კი უკვე შეადგენს საკმაოდ ვრცელ სიას. აღსანიშნავია, რომ მის მიერ აგებული   შენობებიდან    ბევრი   დღესაც   არსებობს,   კერძოდ   თბილისში,   სადაც  ეს ნაგებობები გარკვეულ როლს ასრულებს საქართველოს დედაქალაქის თავისებური,   ინდივიდუალური არქიტექტურული იერის შექმნაში.

01
02
03

ალექსანდრე ოზეროვი,  თავისი  თანამედროვეების  მსგავსად - ეკლექტიკოსი იყო. მის ფასადებზე სხვადასხვა ისტორიული სტილების არქიტექტურის მოტივებია გამოყენებული - "გუთური", "ირანული", "მავრული", "რენესანსულ-ბაროკული". 1900-იან წლებში იგი მიმართავს "მოდერნს", სადაც ხშირად იყენებს გოთური არქიტექტურის ელემენტებსაც. ამასთან ერთად, მას განსაკუთრებით იზიდავდა ხე, - სამშენებლო მასალა, რომელსაც ფართოდ იყენებდა ხის ელემენტების  სახით თავის შენობებში (ეზოს და ქუჩის ხის აივნები, სადარბაზოს ხის კიბეები და ა.შ.). აღსანიშნავია, რომ მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ე.წ. ქართული სტილის ანუ ისტორიული სტილიზაციის ეროვნული ვარიანტის შენობებსაც, სადაც ქართული ისტორიული არქიტექტურის ფორმები და მოტივებია გამოყენებული. რა თქმა უნდა, ეს ცდები არ სცილდება იმ ეპოქის არქიტექტურის ძირითად პრინციპებს, მაგრამ ამგვარ სტილიზაციას პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ საქმე გვაქვს ეროვნული თვითშეგნებით გამოწვეულ მოვლენასთან. ეს იყო დამოუკიდებელი სტილის შექმნის პროცესი, საკუთარი ისტორიული მემკვიდრეობის გამოყენებით. "ქართული სტილის" ნიმუშები შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფს წარმოადგენს იმდროინდელ განაშენიანებაში და მათ შორის არის ა.ოზეროვის მიერ დაპროექტებული:  ყოფ. საუფლისწულო უწყების ღვინის სარდაფი თბილისში, პ. მელიქიშვილის ქუჩაზე, 20, (1894-96 წწ.), რომლის მოცულობით გადაწყვეტას ქართული ისტორიული არქიტექტურის ფორმების სტილიზაცია უდევს საფუძვლად ანუ აქ  მთელი მოცულობაა სტილიზებული და არა მარტო შენობის არქიტექტურული დეკორი. შენობა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ორი სამნავიანი ბაზილიკის ურთიერთგადაკვეთა სწორი კუთხით. უდავოა ის, რომ მთელი   შენობის  გარეგნული "ბაზილიკური" სახე განაპირობა არა რაიმე ფუნქციურმა მოთხოვნილებამ, არამედ იგი წინასწარ შერჩეული სტილიზებული ტრადიციული „ქართული“ ფორმით იყო ნაკარნახევი. ქართულ ეკლესიასთან მსგავსება ხაზგასმულია იმითაც, რომ ფასადები კედლის სვეტებზე დაბჯენილი დეკორატიული თაღებითაა მორთული. მთავარი სარკმლის საპირე, კარნიზები, დეკორატიული თაღნარის იმპოსტები ქართული ორნამენტული მოტივებითაა შემკული. მაგრამ, ამავე დროს, აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ელემენტი უცხოა ქართული ტრადიციული არქიტექტურისათვის (სურ. 1); ყოფ. თბილისის სათათბიროს და გამგეობის სხდომათა ე.წ. წითელი დარბაზი (1886 წ.), ამჟამად თბილისის  საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახ. სხდომათა დარბაზი, სადაც ქართულ ორნამენტებთან ერთად მოცულობითი ელემენტებიც ჩნდება (სურ. 2, 3); დავით სარაჯიშვილის სახლი თბილისში, ერეკლე II ქუჩაზე, 11 (1896-97 წწ.) - ამ საცხოვრებელი სახლის ფასადის გადაწყვეტისას არქიტექტორი, ასევე, იყენებს ქართული ისტორიული არქიტექტურის ტრადიციულ მოტივებს და, აგრეთვე, ითვალისწინებს XIX საუკუნის თბილისისათვის ტრადიციულ, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდისათვის დამახასიათებელ ხის დაკიდულ აივანს, რომელიც თითქოს ხაზს უსვამს სახლის "თბილისურ" წარმომავლობას; ჭავჭავაძეების სახლი და ღვინის სარდაფი წინანდალში (1886-87 წწ.), რომელსაც ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია "ქართული სტილის" შენობათა შორის.

04
0506

აღსანიშნავია, რომ ის წლები, რომელნიც ალექსანდრე ოზეროვმა გაატარა კავკასიაში საუფლისწულო მამულების ინსპექტორის სამმართველოს არქიტექტორად ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა მის შემოქმედებით საქმიანობაში.  ძირითადად, ეს იყო  "ღვინის სარდაფების" ანუ ღვინის ქარხნების და მათთან დაკავშირებული ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა. საინტერესოა, რომ არსებობს მინიშნება  იმის შესახებ,  რომ ა. ოზეროვი საგანგებოდ იყო  ჩასული საფრანგეთში "ღვინის სარდაფების" პროექტების შედგენის და აგების სპეციფიკის გაცნობის და შესწავლის მიზნით. შესაძლოა, ეს მომხდარიყო პარიზის ერთ-ერთი მსოფლიო გამოფენის დათვალიერებისას,  რომელსაც იგი დაესწრო.  ვვარაუდობთ რომ  ეს, ალბათ,  უნდა ყოფილიყო ან 1889 წლის ან უფრო 1900 წლის გამოფენა.

07
08
09

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მისი პროექტით აშენდა შემდეგი ღვინის ქარხნები: მუკუზანში (1895-1901 წწ.), ნაფარეულში, ძეგანში, მუხრანში (1905-06 წწ.), კარდანახში, სამსახურეობრივი დანიშნულების შენობები ჩაქვის საუფლისწულო მამულში (1900 წ.), საუფლისწულო სარდაფი და შენობა მუშა-მომსახურეებისათვის ოდესაში (1901-02 წწ.), საუფლისწულო ღვინის სარდაფი  და წყალსადენი  მასანდრაში (1901-02 წწ., ყირიმი), ცალკეული ნაგებობები აბრაუ-დიურსოში და სოჭში, მოსკოვის საუფლისწულო ღვინის სარდაფი (1903-04 წწ.), ახალი ცენტრალური საუფლისწულო  ღვინის სარდაფი ოდესაში (1908 წ.), რომლის მშენებლობასთან დაკავშირებით იგი 1906-08 წლებში, ფაქტობრივად, ცხოვრობდა  ოდესაში. 1916 წელს არქიტექტორი ადგენს ღვინის  ქარხნის გაფართოების პროექტს  ვაჭევის საუფლისწულო მამულში  და სხვ.

10
11

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ალექსანდრე ოზეროვის პროექტით და ხელმძღვანელობით ბევრი სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობაც იყო აშენებული,  განსაკუთრებით - თბილისში. სახელდობრ: 1880 წელს მან შეადგინა ე.წ. მირზოევის აბანოს რეკონსტრუქციის პროექტი ისტორიულ ხარფუხში (ყოფ. საბაჟოს, ახლანდელ ი. გრიშაშვილის ქუჩაზე); 1882-84 წლებში ჩატარდა თბილისის სათათბიროსა და გამგეობის (ახლანდელი თბილისის საკრებულოს) შენობის რეკონსტრუქცია (თავდაპირველი შენობა აშენდა 1849-51 წლებში, არქ. ჯოვანი სკუდიერი). შენობის რეკონსტრუქციის გეგმის შედგენა ეკუთვნის ალექსანდრე ოზეროვს, ფასადების გადაწყვეტა კი თბილისელ არქიტექტორს, პავლე შტერნს (სურ. 4). რაც შეეხება სათათბიროსა და გამგეობის სხდომათა  ე.წ. წითელ დარბაზს (სურ. 2, 3), როგორც უკვე იყო აღნიშნული, მისი მშენებლობა ალექსანდრე ოზეროვის პროექტით 1886 წელს დასრულდა. 1910 წელს - ჰანის (ამჟამად გ.ტაბიძის) და - 1912 წელს ველიამინოვის (ამჟამად შ.დადიანის) ქუჩების მხრიდან სათათბიროს გვერდით ფლიგელებსაც დააშენეს მესამე სართული, რის შედეგადაც შენობამ დღევანდელი სახე მიიღო (თავისუფლების მოედანი, 2); საცხოვრებელი სახლები: ბორჯომის ქუჩა, 14, 16, 18 (1890-იანი წწ. დასაწყისი). აქედან # 14 არქიტექტორის საკუთარი  სახლი იყო); არის ცნობა, რომ მისი პროექტით აშენდა ახლანდელი კ.აფხაზის ქუჩაზე, 22-26 მდებარე შენობა, რომელსაც თითქმის მთელი კვარტალი უკავია და რომელიც, თავის დროზე,  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარვასლა იყო თბილისში  (1900-იანი წლების დასაწყისი); ყოფ. ქალთა მე-3 გიმნაზიის შენობა, რომელიც წარმოადგენს გოთური სტილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშს ქალაქში (ლ. ასათიანის ქუჩა, 28). შენობას საძირკველი ჩაეყარა 1903 წლის 23 აპრილს, ხოლო მისი კურთხევა და საზეიმო გახსნა 1905 წლის 9 იანვარს შედგა (თარიღები მოცემულია ძვ. სტილით). აღნიშნული შენობის ასაგებად გიმნაზიამ აიღო სესხი, რომლის გადახდა შემდგომში მას დიდ  ტვირთად დააწვა. კერძოდ, ამის გამო ვერ მოხერხდა შენობის ფასადების შელესვა, როგორც ეს იყო გათვალისწინებული პროექტით - თუმცა, სხვა სახით ეს შენობა თბილისელებს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენიათ. ჩვენი აზრით,  ის, რომ გიმნაზიის შენობა შელესვის გარეშე დარჩა უკეთესიც აღმოჩნდა, ვინაიდან იგი "აგურის გოთიკის" სრულ შთაბეჭდილებას იძლევა (სურ. 5); გ.ქიქოძის ქუჩაზე ყურადღებას იპყრობს ორი საცხოვრებელი სახლი - # 3 (XX ს. დასაწყისი, სურ. 6) და - # 6 (1906 წ., სურ. 7), განსაკუთრებით - უკანასკნელი რომელიც წარმოადგენს მოდერნის სტილის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ნიმუშს თბილისში; ალექსანდრე სარაჯიშვილის ყოფ. საცხოვრებელი სახლი მ. კოსტავას ქუჩისა და ნ.ნიკოლაძის ქუჩის კუთხეში (პროექტი - 1905 წ., სურ. 8); ე.წ. "ტიფლისკოე სობრანიეს" საზაფხულო სათავსოები (საბილიარდე, ნარდის სათამაშო ოთახი და სხვ.) მიხეილის (ამჟამად დავით აღმაშენებლის) გამზირზე (1908 წ.); "კათარზისის" დღევანდელი შენობა, ძმები ფორერის ყოფ. საცხოვრებელი სახლი, დავით აღმაშენებლის გამზირი, 121 (პროექტი - 1910 წ., სურ. 9); ყოფ. კოლმეურნეობის (ამჟამად ორბელიანის)  მოედნის, პუშკინისა და ნ.ვაჩნაძის ქუჩების კუთხე უკავია დიდ სამსართულიან სახლს, რომელიც თავისი მასშტაბით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ მიკროუბნის გარეგნული იერის ჩამოყალიბებაში (პროექტი - 1910 წ., სურ. 10);  მოდერნის სტილის საცხოვრებელი სახლი მ. კოსტავას ქუჩა, 12, რომელის გამოირჩევა ქალაქის იმდროინდელ განაშენიანებაში ფასადის ორიგინალური გადაწყვეტით (პროექტი - 1910 წ., სურ. 11, საერთო ხედი - სურ. 12); საცხოვრებელი სახლი თ. ჭოველიძის ქუჩა, 7 (XX ს. დასაწყისი); არის ცნობა, რომ მას ეკუთვნის მოდერნის სტილის საცხოვრებელი სახლის პროექტი ვერის დაღმართზე, 12 (ამჟამად მ. ჯავახიშვილის ქუჩა, 1910-იანი წლების დასაწყისი), თუმცა, არსებობს ამ სახლის ერთსართულიანი, ვვარაუდობთ, თავდაპირველი,  1910 წლის  პროექტი (ავტორი თბილისელი არქიტ. ა. როგოისკი),  მე-3 სართული კი ამ შენობას დააშენეს 1947 წ., (თბილისელი არქიტ. მ. კალაშნიკოვი); სამიწათმზომლო სასწავლებელი გუნიბის ქუჩაზე (ამჟამად 53-ე საუნივერსიტეტო საშუალო სკოლის შენობა, ვ. ბარნოვის ქუჩა, 50); საქართველოს ფოსტის შენობა დავით აღმაშენებლის გამზირი, 44 რომელშიც წლების მანძილზე მოთავსებული იყო თბილისის მთავარი ფოსტამტი (პროექტი - 1912 წ., სურ. 13), თავდაპირველად აშენებული იყო, როგორც საცხოვრებელი სახლი; მოდერნის სტილის დიდი შემოსავლიანი სახლი ჭოროხის ქუჩაზე, 9 (პროექტი - 1913 წ.); კოსტავას ქუჩა, 23, ყოფ. ვერის ბაზრის შესასვლელთან 1910-11 წწ. აშენებული სახლი (1930-იან წლებში თავდაპირველ ორ სართულს დააშენეს კიდევ ორი სართული); 1912 წელს მისი პროექტით დაიწყო  გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) გამზირის, 19-ში მდებარე სასტუმრო - "ბოიარსკიე ნომერა" შენობის რეკონსტრუქცია (თვით შენობა თავდაპირველად ეკუთვნოდა თავად მამუკა ორბელიანს). რეკონსტრუქციის შემდეგ ამ შენობაში, რომელსაც დააშენეს მესამე სართული და მთლიანად შეუცვალეს ფასადი, 1914 წელს გაიხსნა  თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასტუმრო - "პალას-ოტელი". 1918 წელს ხანძრის შედეგად ეს შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა. 1920 წელს არქიტექტორი თვითონვე ხელმძღვანელობდა აღდგენით სამუშაოებს, თუმცა, არის სხვა ცნობაც, რომ ეს შენობა აღადგინეს  1923-24 წლებში,  "ჭიათურ-მანგანუმის" საზოგადოებისათვის (თბილისელი არქიტ. მ. აბესალომოვი). 2012 წელს ამ შენობის ფასადს ჩაუტარდა რესტავრაცია, რის შედეგადაც  მან დაიბრუნა თავისი თავდაპირველი სახე (არქიტ. თ.შაშიაშვილი). ამ შენობაში, რომელიც ორგანულადაა ჩაწერელი ქალაქის ცენტრალური გამზირის განაშენიანებაში, ამჟამად მოთავსებულია საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (სურ. 14). 1910 წელს ალექსანდრე ოზეროვმა შეადგინა ოთხსართულიანი სარდაფით  საცხოვრებელი სახლის პროექტი,  რომელიც უნდა აშენებულიყო ახლანდელი რუსთაველის გამზირისა და ჯორჯიაშვილის ქუჩის კუთხეში. 1911 წელს დაიწყო კიდევაც  მისი მშენებლობა, თუმცა, შემდგომში, მშენებლობა შეჩერდა. განახლდა იგი 1913 წელს  გოლოვინის (რუსთაველის) გამზირის მხრიდან  დამატებით მეზობელი ნაკვეთის შეძენის და, ასევე, თბილისელი არქიტექტორის, გაბრიელ ტერ-მიქელოვის მიერ შედგენილი ახალი პროექტის დამტკიცების შემდეგ (1913 წ. თებერვალი). აღნიშნული პროექტი, რომელიც, ძირითადად, 1915 წელს დასრულდა, უკვე ითვალისწინებდა სასტუმროს მშენებლობას კინოთეატრით (თვით კინოთეატრი - "მინიონი" გაიხსნა 1917 წ. 28 თებერვალს ძვ. სტილით). ეს გახლავთ ყოფ. სასტუმრო "მაჟესტიკის", ახლანდელი "თბილისი-მარიოტის" შენობაზე; გარდა ამისა, ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აშენებული იყო დავით სარაჯიშვილის "რეკტიფიკაციური ქარხანა" თბილისში, რომელიც მდებარეობდა კოსტავას, ყოფ. ოლღას ქუჩაზე, 18; ფორაქიშვილის სახლი, რომელიც მდებარეობდა ავლაბრის მოედნისა და კახეთის დიდი (ახლანდელი ქეთევან დედოფლის) ქუჩის კუთხეში (1916-17 წწ.) და სხვ.

1213
14

ალექსანდრე ოზეროვი, ძირითადად, მარტო მუშაობდა, თვითონ ადგენდა სამუშაო ნახაზებს, ასევე, ხარჯთაღრიცხვებს, პირადად თვალ-ყურს ადევნებდა სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, უმეტეს შემთხვევაში იყო მის მიერ დაპროექტებული სხვადასხვა შენობა-ნაგებობების მშენებელიც. კერძოდ, შ.ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცულია 1912 წლით  დათარიღებული და მის მიერ ხელმოწერილი "თბილისის მე-9 უბანში, მიხეილის ქუჩის, 42-44-ში ასაშენებელი 3 სართულიანი სარდაფიანი სახლის" ხარჯთაღრიცხვა.  აქვე არის მიწერ-მოწერა (1913 წლის აპრილი-მაისი) ჰამბურგის ერთ-ერთ ქარხანასთან, საუბარია შესაბამისი სამშენებლო მასალების დაკვეთა-მიღებაზე და მოხსენიებულია ა. ოზეროვიც. აღნიშნულია ისიც, რომ ამასთან დაკავშირებით "ერთდროულად გიგზავნით ყველა გეგმას, ფასადებს, ჭრილებს"-ო. გასაგებია, რომ იგულისხმება ზემოთ უკვე აღნიშნული დავით აღმაშენებლის გამზირზე # 44-ში მდებარე საქართველოს ფოსტის ახლანდელი შენობა.
გადმოცემით ცნობილია, რომ ა. ოზეროვი ყოფილა საკმაოდ მკაცრი, მომთხოვნი ადამიანი, უფრო სწორად არქიტექტორი, რომელიც არავის  პატიობდა, მათ შორის მშენებელ მუშებს მშენებლობის მცირე უზუსტობას, უმნიშვნელო ხარვეზსაც კი, ერთი აგურიც რომ ყოფილიყო დადებული არა ისე, როგორც საჭიროა, ანგრევინებდა და თავიდან აშენებინებდა. ამავე დროს, ყოველთვის ზრუნავდა მუშების მატერიალურ პირობებზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე დამახასიეთებელი თვისება იყო განსაკუთრებული პროფესიული პასუხისმგებლობა. გადმოცემითვე, მან კარგად იცოდა გერმანული, ფრანგული, ასევე, ფლობდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მისი პროექტით აგებულ ბევრ შენობას მინიჭებული აქვს ისტორიული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
ალექსანდრე ოზეროვი გარდაიცვალა თბილისში 1922 წლის ნოემბერში. დაკრძალულია ძველ კუკიის სასაფლაოზე.

ცნობები ალექსანდრე ოზეროვის  შესახებ:

ბეჟანიშვილი გ., პირადი ფონდი 156, აღწერა, 1, საქართველოს ეროვნული არქივი. თბილისის ცენტრალური არქივი; საქართველოს ეროვნული არქივი. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი,  ფონდი 192, აღწერა 8-ა;
ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-1917 წლები, ტ. 2, თბ., 1963;
შ.ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის ფონდები; კორძახია ნ., გარკვეული ბიოგრაფიული ცნობები ა.ოზეროვის და მისი ოჯახის შესახებ (ხელნაწერი);
Герсамия Т., "Застывшая музыка Александра Озерова", ჟურნ. Русский клуб, №5, 2006, თბ.; გაზ. "Кавказ" 1880-იანი წლებიდან ცხრაასიან წლებამდე;
"Кавказский календарь" 1860-იანი წლებიდან ცხრაასიან წლებამდე; Известия Тифлисского городского общественного управления, Тифлис, 1882.

ნანახია: 9783-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani