საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მხატვარი შალვა მაყაშვილი |
ირინე აბესაძე
ასაკის მატებასთან ერთად იმ გარდასული დღეების ნოსტალგია გიპყრობს, როდესაც შენს გვერდით არსებობდნენ, ფიქრობდნენ და იღწოდნენ საბჭოური კონტექსტიდან ამოვარდნილი ბრწყინვალე წარმომავლობის სულიერი არისტოკრატიის „უკანასკნელი მოჰიკანები“. ერთ-ერთ მათგანს, - შალვა მაყაშვილს, წელს დაბადებიდან 115 წელი შეუსრულდებოდა.
ბედნიერად ვთვლი თავს, რომ განგების ნებით ახლოს ვიცნობდი ამ არაჩვეულებრივი გარეგნობისა და პიროვნული ხიბლის მქონე ხელოვანს. ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილსა და პოეტ კოტე მაყაშვილის ვაჟს, ლეგენდადქცეული მარო მაყაშვილის ძმობა ბევრს ავალებდა, კიდევ უფრო უათკეცებდა სამშობლოს ტკივილიან განცდას - სამშობლოსი, რომლის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას 1921 წლის თებერვალში ფრონტზე მოხალისედ წასული, ჯერ კიდევ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსწავლე-შალვა მაყაშვილი იარაღით ხელში იცავდა. ადრე დავაჟკაცებულ შვილს კოტე მაყაშვილი დაადევნებს: „წადი შვილო, შეასრულე, რაც გიბრძანა შენმა გულმა“. (ილ.1) სწორედ გულმა უბრძანა შალვას ფრონტზე დაბრუნებულიყო მას შემდეგაც, რაც 1921 წლის 23 თებერვალს ტფილისში, სამხედრო ტაძრის ეზოში, კოჯრის ფრონტზე გმირულად დაღუპულ იუნკერებთან ერთად, მიწას მიაბარეს ომში მოწყალების დად წასული 19 წლის მარო მაყაშვილის ცხედარი. დის დაკრძალვის შემდეგ, შალვა მაყაშვილი, თურმე, გორში დაეწია ლეიტენანტ ლადო ქარუმიძის საარტილერიო ნაწილს, რომელიც ბათუმისკენ მიდიოდა საბრძოლველად.
ჩემს კერძო კოლექციაში ლადო გუდიაშვილის და ელენე ახვლედიანის ფერწერულ და გრაფიკულ ნაწარმოებთა გვერდით შალვა მაყაშვილის რამდენიმე ფერწერული კომპოზიციაა, რომლებიც ძველ თბილისს, სვანეთსა და თუშეთს ასახავს. ამ ნამუშევრებს თითქოს საოცარი ფსიქოტროპული ძალა აქვთ. რაც უნდა ნერვებმა მიმტყუნოს, გადაღლილობისაგან ავფორიაქდე,ადგილს ვერ ვპოულობდე, საკმარისია, შალვა მაყაშვილის მიერ დახატულ ლურჯი ცის ფონზე აზიდულ სვანურ კოშკებს შევხედო, რომ არაჩვეულებრივი სიმშვიდე მიპყრობს.თითქოს ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. მეორე კომპოზიციაში თვალი გარბის გუაშის ტექნიკით შესრულებულ მომხიბვლელი, ზურგზე თუნგმოგდებული თუში ქალიშვილის გამოსახულებისკენ, რომლის პეიზაჟური ფონის დათოვლილი მწვერვალებიდან პანთეისტური განწყობა ეფინება არე-მარეს. ძველი თბილისის კუთხე კი, მზის სხივებით განათებული სიმყუდროვის შეგრძნებას ბადებს და ხალისიან გუნება-განწყობას მიბრუნებს. ასე რომ, ჩემი „ექიმი“ - შალვა მაყაშვილია.
შალვა მაყაშვილი დაიბადა 1903 წელს თბილისში, სწავლობდა სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ შედის ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში, სადაც სახვითი ხელოვნების საფუძვლებს მხატვარი ისეთ ცნობილ ოსტატებთან სწავლობდა, როგორებიც იყვნენ: ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი, ჰენრიხ ჰრინევსკი, იაკობ ნიკოლაძე და თვით გიგო გაბაშვილი. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, შალვა მაყაშვილი „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ წევრი ხდება. თბილი მოგონებები აკავშირებდა მას თავის უფროს კოლეგასთან, „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ დამაარსებელ დიმიტრი შევარდნაძესთან.“..დიტო შევარდნაძე იყო სამხატვრო გალერეის სული და გული. ეს კეთილი, განათლებული ადამიანი ახალგაზრდა მხატვრების ნამდვილი მეგობარი იყო. გალერეაში იდგა დიდი მაგიდა სხვადასხვა კორესპოდენციებით და ბატონი დიტო დაუზარებლად, თავისი კაფანდარა ტანის მიუხედავად, დიდი კარადებიდან გადმოიღებდა დიდ ტომებს ილუსტრაციებით და ურიგებდა მხატვრებს. ეს იყო ჩვენი მეორე აკადემია“-იგონებდა შალვა მაყაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ შალვა მაყაშვილს ერთნაირად ხელეწიფებოდა როგორც ფერწერა, ისე გრაფიკა, მაინც ფერით მეტყველებას ანიჭებდა უპირატესობას. შალვა მაყაშვილ-ფერმწერს საკუთარი პოზიცია ჰქონდა გამომსახველი ხერხების ძიებისას, ფერთა შეხამებისას, ის გაურბოდა მკვეთრ ფერადოვან კონტრასტებს, უპირატესობას ნახევარტონებს ანიჭებდა. სწორედ სწრაფვა ფერთა ჰარმონიული მთლიანობისკენ გამოარჩევს მხატვრის პეიზაჟთა უმრავლესობას.რბილი გადასვლებით, კომპოზიციური სიცხადით, სიმარტივით მხატვარი განაზოგადებს აღქმულს, მისი სულისთვის მონათესავე აუმღვრეველ უშფოთველობას ანიჭებს მას. შალვა მაყაშვილს, ძირითადად, მცირეფორმატიან ტილოებზე უყვარდა მუშაობა, თუმცა, დაკვეთით მას შეუსრულებია მასშტაბური დიდი ზომის ტილოზე პანორამულად დანახული ბატალური სცენები, სიუჟეტები საქართველოს ისტორიიდან. რაც შეეხება მცირე ფორმატის პეიზაჟებს, ავტორი კომპოზიციური წყობით ლაღად ასახავს საქართველოს მთა-ბარს, მაღალმთიან რაიონებს, რომლებიც არაერთხელ დაულაშქრავს ალპინისტ-მხატვარს. ეს ხედები მას იქვე, ეტიუდების სახით ჰქონია დაფიქსირებული, მერე კი, სახელოსნოში დასრულებული ფერწერული ტილოების სახით „შეუსხამს ხორცი“, ასეთებია: „სვანეთი“, „შიო მღვიმე“, „ზარზმა“ „სიონი“, „მთა-თუშეთი“, „ფიტარეთი“, ქართული ხუროთმოძღვრების დიდებული ძეგლები: „სვეტიცხოველი“, „ჯვარი“, „ანანური“. შემოქმედის მღელვარე განცდით დამუხტული ეს პეიზაჟები, ერთი შეხედვით, თითქოს დოკუმენტური სიზუსტით ასახული, ამავდროულად პოეტურ-რომანტიკული გამომსახველობის ძალას იძენს.
შალვა მაყაშვილის თვითგამოსახვისკენ სწრაფვა, მხოლოდ პეიზაჟით როდი შემოიფარგლა. თავშეკავებული და ნატიფი პალიტრა,ფერადოვან ლაქათა განზოგადება, ფაქტურის ფაქიზი შეგრძნება ერთგვარ დეკორატიულობას ანიჭებს მხატვრის ნატიურმორტებს, ხოლო ფსიქოლოგიური ხასიათების გახსნის სურვილი, სახასიათო ჟესტიკულაციის დაჭერა დასამახსოვრებელს ხდის მხატვრის მიერ შესრულებულ პორტრეტებსა და ყოფით სცენებს.
მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი მცირეფორმატიან ტილოებში უფრო პოულობდა თავისი ჩანაფიქრის შესატყვისს ფორმას, როგორც უკვე აღინიშნა, ისტორიულ-ბატალური თემატიკა მხატვარს უკვე სხვა ზომებს კარნახობდა. ფერწერული ტილოები: „თბილისის დაცვა ჯალალედინის შემოსევისგან, „აბულ-ბეგის განდევნა თბილისიდან“, „ანთიმოზ ივერიელი სტამბულის ბაზარზე“ შალვა მაყაშვილს მასშტაბურ, ვრცელ სასურათე სიბრტყეზე გაუაზრებია. ეს მრავალფიგურიანი კომპოზიციები, რეალისტურად ასახული, ყურადღებას იპყრობს საინტერესო ფერადოვანი და კომპოზიციური გადაწყვეტით. ამ ციკლიდან საგულისხმოა ფერწერული ტილო „სულხან-საბას მოგზაურობა“, რომლის რამდენიმე ვარიანტი სახელოსნოში სხვადასხვა ესკიზის სახით იყო წარმოდგენილი. მათში მხატვარი ეძებდა მისთვის ყველაზე სასურველ შედეგს, ჩანაფიქრის ყველაზე ადეკვატურ ასახვას და აი, დასრულებული ნაწარმოები გვხიბლავს ავტორისეული ინტონაციის გულწრფელობით, სამშობლოს ბედ-იღბლის მასში გაცხადებული განცდით.
შალვა მაყაშვილის ფერწერულ ნაწარმოებთა ამ ციკლიდან საგანგებოდ მინდა გამოვყო კოპოზიციის აგების კლასიკური პრინციპების დაცვით შესრულებული ორი ფერწერული ტილო. ერთ-ერთი მათგანი არის დიდი ფორმატის (109 სმ. x 98 სმ.) ფერწერული ტილო, „მეტეხის ციხე-სიმაგრის დაცვა 1226 წ. ხვარაზმელთა შემოსევისგან“, რომელიც დაცულია სემ - ი. გრიშაშვილის თბილისის სახელმწიფო მუზეუმში (ქარვასლა). (ილ.2) აღნიშნულ ნაწარმოებში შალვა მაყაშვილი შეეცადა მაყურებლის თვალწინ გადაეშალა ჩვენი ისტორიული წარსულის გმირული ეპოპეა, შემოსეული მტრის წინააღმდეგ ქართველთა თავგანწირული ბრძოლის ჰეროიკულ-რომანტიკული დატვირთვის მქონე ერთი ფურცელი. ამ მრავალფიგურიანი ბატალური სცენის აგებისას, თვალში საცემია კომპოზიციური ცენტრის მარცხნივ გადახრა. ქართველ მეციხოვნეთა ფიგურები მხატვარმა ჯგუფებად განალაგა. ისინი, ძირითადად, ჩვენკენ ზურგით, ან სამი-მეოთხედით მობრუნებულად არიან წარმოდგენილნი. პირდაპირ მაყურებლისკენ იყურება ერთადერთი ცენტრალური ფიგურა ქართველი მეციხოვნისა და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის იღებს თავის თავზე სიუჟეტური ქარგის მთლიან ემოციურ დატვირთვას. მას მრისხანედ და თავგანწირვით მოუქნევია ხმალი მის მოპირდაპირედ, ჩვენკენ ზურგით მდგომი მომხდური მტრისათვის. ამავდროულად, მის გვერდით მდგომ ხვარაზმელს ხმალი აქვს მოქნეული, რათა დაასწროს და განგმიროს ქართველი. სიუჟეტში ჩატვირთული პატრიოტული მუხტის გამტარი, როგორც აღვნიშნე, ჯაჭვის პერანგში ჩაცმული, მთელი ძალით ხმალმოღერებული მეციხოვნეა. ამ ბატალურ სცენაში მხატვარმა საინტერესოდ განალაგა ფერწერული მახვილები, რომლებიც იქმნება ხვარაზმელთა ჭრელი, ინტენსიური თავსაბურავების დაფერვით, ქართველთა ჯაჭვის პერანგების და მუზარადების ელვარებით, ჰაერში აღმართული იარაღის ბზინვარებით. ყოველივე აღნიშნული ააშკარავებს შალვა მაყაშვილის მიერ სხვადასხვა მასალათა ფაქტურული დამუშავების ფართო შესაძლებლობებს. სწორედ ხმლების რიტმული მონაცვლეობა ქმნის ერთგვარად წრიულ, ტალღისებურად ვიბრირებულ სასურათე სიბრტყეს, რასაც, თავის მხრივ, დაძაბულობის განცდა შეაქვს კომპოზიციაში. როგორც ჩანს, მხატვარი ცდილობს, ისტორიული სიზუსტის დაიცვას იარაღის გამოხატვისას ფორმები ხვარაზმელთა ნალისებურად მორკალულ ხმლებს ენაცვლება ქართველ მეციხოვნეთა ორლესული, სწორი ხანჯლები. კომპოზიციის დინამიკას ხაზს უსვამს მარჯვენა ფლანგზე გამოსახულ ქართველ შუბოსანთა ცენტრისკენ მიმართული შემტევი ფიგურები.
ომში გამარჯვების საზეიმო განწყობა გვიპყრობს შალვა მაყაშვილის კიდევ ერთი ბატალური სცენის ხილვისას. ეს არის კვლავაც დიდი ზომის (109 x 79) ფერწერული ტილო „სპარსელების განდევნა თბილისიდან, 1748 წ.“ (დაცულია სემ - „ქარვასლა“). (ილ.3) შალვა მაყაშვილმა კარგად იცოდა, რომ კომპოზიციაში სიღრმის ილუზიის შექმნას ხელს უწყობს მეორე პლანის ფიგურებით დატვირთვა. ამ შემთხვევაშიც მხატვარი ისტორიზმის პრინციპის დაცვით მოქმედებს: ცხენოსანთა ჯგუფს მიუძღვის პატარა კახი, მეფე ერეკლე თავისი მხლებლებით მტერზე გამარჯვებას ზეიმობს - ქართველებმა თავგანწირული ბრძოლით მოიგერიეს და თბილისიდან განდევნეს მტრის მრავალრიცხოვანი ურდოები.
კომპოზიციის მეორე პლანის გამოსახულებანი - ქართველ მეომართა ფიგურები მთავარსარდლის წინამძღოლობით - ორი, კომპოზიციურ-სიუჟეტური და ოპტიკური ცენტრის ფუნქციას ითავსებს. თემატურ ტილოებზე მუშაობისას, შალვა მაყაშვილისთვის მეტად მნიშვნელოვანია კომპოზიციაში ჰორიზონტის ხაზის მდებარეობის გარკვევა. იგი ან დაბალია, რაც ხელს უწყობს ფიგურათა მონუმენტურ აღქმას, ან იშვიათად-მაღალია, რაც პანორამული მოხილვის საშუალებას იძლევა: ამ დროს მაყურებლის თვალწინ სივრცე ფართოდ იშლება. ამ ასპექტით ძალზე მნიშვნელოვანია მოქმედების ფონად გამოყენებული პეიზაჟური პანორამა, რომელიც დიდი სივრცის ილუზიას ქმნის და ძველი თბილისის ყველაზე ცხოველხატულ უბანს, მტკვრის სანაპიროზე გაშენებულ ნარიყალასა და მეტეხის მიდამოს წარმოგვიდგენს. მხატვრისმიერი ხერხი - სიუჟეტური ცენტრი დაამთხვიოს ოპტიკურ ცენტრს - აქცენტირებას უკეთებს მთავარ მოქმედებას და მას გამოყოფს მეორეხარისხოვანისგან. ამ ხაზგასმას მხატვარი აღწევს, ერთი მხრივ, იზოლაციის პრინციპის შემოტანით სასურათე სიბრტყეზე და, მეორე მხრივ, ცენტრალურ ფიგურათა მასშტაბური გაზრდით, მეორეხარისხოვანის შემცირების ხარჯზე. კომპოზიციის წინა (პირველი) პლანის გამოსახულებები, თავისი პოზებით და ჟესტიკულაციით სწორედ მეორე პლანის სიუჟეტური ცენტრისკენ მიგვითითებენ. მხატვარი რამდენადაც აქცენტირებულად, ზედმიწევნით ამუშავებს მთავარი აზრობრივი დატვირთვის მქონე ფიგურებს, იმდენად განაზოგადებს და ზედმეტი დეტალიზაციისაგან ათავისუფლებს სტაფაჟის ფუნქციის მქონე გამოსახულებებს. მიუხედავად აღნიშნულისა, ორივე ბატალური სცენა ადასტურებს, რომ შალვა მაყაშვილს ხელეწიფება პეიზაჟური ფონის ფაქიზი დამუშავება. თითქოს ჩვენ შევიგრძნობთ ჰაერის მასების მოძრაობას, რაც ხაზს უსვამს სასურათე სივრცის სიღრმისეულ აღქმას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ როგორ მარჯვედ ფლობს მხატვარი ფერწერულ ტილოებზე სინათლის რეჟისურას, რაც ჰაერის მასების გამჭირვალებისა და სიმსუბუქის შეგრძნებას ბადებს, ეს კი აუცილებელია წინა პლანზე დაწერილი საკმაოდ მატერიალური, მოცულობითი მეომართა სხეულებისა და ცხენების გამოსახულებების საპირწონედ. მართლაც, შთამბეჭდავია თბილისის ხედი, რომელსაც გაჰყურებს მეფე ერეკლე მეორე („სპარსელების განდევნა თბილისიდან, 1748 წ.“). აღნიშნულ კომპოზიციაში, ისევე, როგორც მეორე ფერწერულ ტილოზე, მხატვარი განათების წყაროს მარჯვენა ზედა კუთხიდან იძლევა. სურათში „მეტეხის ციხე-სიმაგრის დაცვა 1226 წ. ხვარაზმელთა შემოსევისგან“ მოქუფრულ ცაზე ღრუბლების „მოძრაობა“, ჩამავალი მზის შუქზე მღელვარე განწყობას ქმნის. ციხე-გალავნის ქონგურების ხაზოვანი რიტმი მთის გრეხილის ტალღოვან მონახაზში გადადის, ხაზოვანი და ფერადოვანი რიტმი კი ამთლიანებს და კრავს კომპოზიციას.
უკვე ქრესტომატიულად იქცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული და ახალი და უახლესი ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად რეპროდუცირებული შალვა მაყაშვილის მიერ დიდი სამამულო ომის წლებში შესრულებული ფერწერული ტილო „იღბლიანი ნადირობა“, რომლის ვერტიკალზე ორიენტირებულ სასურათე სიბრტყეზე წარმოდგენილი კომპოზიციციური აგება კავკასიის დამცველი გმირი მეომრების საბრძოლო შემართებაზე მეტყველებს და ხელს უწყობს ფერწერული მხატვრული ფორმის მონუმენტურ-განზოგადოებულ აღქმას.
შალვა მაყაშვილის შემოქმედებაში საინტერესოდ გამოიყურება პორტრეტული ჟანრი. ამ მხრივ, გამოირჩევა როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული პორტრეტები: მიხეილ ძიძიშვილის, თ. ბაგრატიონის, ეკატერინე გაბაშვილის, მამის - კოტე მაყაშვილის, „მთამსვლელის“, ირაკლი თოიძის, ნინო ღუდუშაურის და სხვათა. თუ თვალს გადავავლებთ მხატვრის შემოქმედების ევოლუციურ ხაზს ფერწერული პორტრეტების მაგალითზე, შეინიშნება ადრეული პორტრეტებისთვის ნიშანდობლივი მუქი კოლორიტისა და ლესირების ტექნიკის ცვლა მოგვიანო პერიოდის პორტრეტების რამდენადმე პასტოზური მანერითა და ნათელი ფერთა პალიტრით. არანაკლებ საინტერესოა გრაფიკული პორტრეტების სერია. ასეთია: ახალგაზრდა ქალის ფანქრით შესრულებული პორტრეტი, ასევე, მამის, - მწერალ კოტე მაყაშვილის და ბებიის, - ეკატერინე გაბაშვილის, აგრეთვე, მეგობრის, მხატვარ ირაკლი თოიძის რეალისტური, შესრულების მხრივ კლასიკურად დახვეწილი პორტრეტები. აღსანიშნავია, რომ გრაფიკული პორტრეტული გალერეაც ააშკარავებს შესრულების მანერის ევოლუციას. მსუბუქი, ჰაეროვანი მონახაზი ადრეული პორტრეტებისა ადგილს უთმობს მკვრივ, კონტურულ ნახატს, ნახატშიდა ჩრდილ-სინათლის მოდელირებით. ბოლო პერიოდის გრაფიკულ პორტრეტებში კი მხატვარი გამომსახველობას მკვეთრი დაშტრიხვით აღწევს. აღსანიშნავია და გაკვირვებასაც იწვევს, რომ ამ საოცრად მომხიბვლელი გარეგნობის მქონე მხატვარს არასოდეს უცდია საკუთარი ავტოპორტრეტის შექმნა. მისი პორტრეტი კი შთამომავლობას მხოლოდ მისმა საუკეთესო მეგობარმა, ირაკლი თოიძემ დაუტოვა. (ილ.4)
შალვა მაყაშვილის შემოქმედების ერთ-ერთ საინტერესო ფურცელს წარმოადგენს ფერწერულ ტილოებზე ბავშვური სამყაროს პირველქმნილი სისპეტაკის წარმოსახვა. ასეთია იუმორით გამთბარი: „მაია“, „ირინე“,“გოგონა“ „ელიზბარი“, „პატარა მხატვარი“ და სხვა., რომლებშიც მხატვარმა ონავარი ბავშვების პოზა და მოძრაობა, მათი ცნობისმოყვარე მზერა დააფიქსირა. სახელოსნოშია მხიარული, მაჟორული ჟღერადობის ფერწერული კომპოზიციები, რომლებიც იუმორით სავსე, სახასიათო სცენებს ასახავს. სხვადასხვა ზომის, ძირითადად მცირე ფორმატიან ტილოებზე. რას არ ნახავთ აქ - მხატვრის მიერ ძველი თბილისის ეზოებში დანახულ ქურთი მეეზოვეების ჩხუბს თუ ჭორიკანა ქალების შეხვედრას ქუჩაში, ნარდის თამაშს თუ ურბანული პეიზაჟების ფონზე წარმოდგენილ სხვა სახალისო ამბებს.
აღსანიშნავია მხატვრის შემოქმედების ბოლო პერიოდში შესრულებული, ტილოზე დაკრული ფერადი პლასტილინით შესრულებული იუმორისტული სცენების ერთგვარად ბარელიეფური გამოსახულებანი. ჩემთან საუბრისას, მხატვარმა თავისი განზრახვა გამიზიარა: მას სურდა, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა, მათი კერამიკულ ღუმელში გამოწვა. ამ სერიიდან განსაკუთრებით ორიგინალურია „ადამი და ევა“, ასევე, მკითხავის გამოსახულება და სხვა. ყურადღებას იპყრობს ძალზე საინტერესოა სერია ფანტასტიკურ-ზღაპრული მოტივებისა, რომლებიც შესრულებულია საოცრად მჟღერი, კონტრასტული ფერებით. შერეული ტექნიკით შესრულებულ ამ ნაწარმოებებს თითქოს ბავშვის თვალით დანახული ზღაპრული სამყარო ასაზრდოებს. ეს სერია ნამუშევრებისა, ერთი შეხედვით, თითქოს ამოვარდნილია მხატვრის შემოქმედების საერთო ხასიათიდან, მაგრამ რადგანაც ყოველი ზღაპარი კითხვის ნიშნებითაა სავსე, შალვა მაყაშვილის მიერ 85 წლის ასაკში შესრულებული ეს ნამუშევრები ბევრს გვიტოვებს გასააზრებელს და ამოსახსნელს.
სულ ახლახან, ჩემს არქივში აღმოვაჩინე შალვა მაყაშვილთან სახელოსნოში ამ 33 წლის წინ გაკეთებული ჩემი ჩანაწერები. ვფიქრობ, ყველაზე უკეთ თავად მხატვარი ხსნის თავის შემოქმედებით კრედოს. ამიტომაც, გთავაზობთ ჩემს ინტერვიუს მხატვართან ჩაწერილს 1985 წელს. ეს ინტერვიუ მაშინ არ გამოქვეყნებულა. ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და შალვა მაყაშვილის საიუბილეო წელს გთავაზობთ მხატვრის საუბარს ჩემთან, სტენოგრაფიული სიზუსტით ჩაწერილს, ჩემივე რემარკებით. ადგილის დაზოგვის გამო, მხოლოდ მხატვრის პასუხებს გაგაცნობთ.
1. მახსოვს ბავშვობაში 7-8 წლის ვიყავი, როცა დედას ვყავდი პარიზში. მაშინ მან წამიყვანა იმპრესიონისტების გამოფენაზე, დავყავდი ლუვრში, სამხატვრო სალონებში, მაშინ გავიცანი ფრანგული მხატვრობა ( დელაკრუა, სეზანი და სხვები). ისე შემიყვარდა , ისე მომეწონა მხატვრობა, რომ იქვე ვიხატავდი. მაშინ შემაყვარა დედამ ხელოვნება,უნდოდა, რომ მეხატა, ყიდულობდა ჩემთვის საღებავებს, თორემ ისე, ოჯახში ჩვენთან არავინ ხატავდა. დიდი სურვილი მაქვს, თუ ასაკმა განხორციელების შესაძლებლობა მომცა, დავხატო თამარ მეფის სახით დედაჩემი. ჩაფიქრებული მაქვს თემატური ტილო თამარ მეფის წინაშე მეომრები დროშებს რომ ყრიან. რამდენიმე ესკიზი უკვე შევასრულე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა, ირაკლი თოიძემ მიყიდა დიდი ტილო, გადაკრული და მითხრა, ეხლა მაინც დახატეო ეს ნაწარმოები. ალბათ, დავხატავ.
2. მას შემდეგ პარიზი აღარ მინახავს. ჩემს მიერ შესრულებული პარიზის კაფე ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილების, მოგონების მიხედვით გავაკეთე. საერთოდ, ბავშვობის შემდეგ საზღვარგარეთ არსად ვყოფილვარ. მაქვს ფანტაზიით შექმნილი ესპანეთის სერია -ესპანური მოტივები, კარმენი, კორიდა და სხვა. მინდოდა კიდეც, ხუმრობით მიმეწერა ამ სურათებისთვის: „ესპანეთი, სადაც მე არ ვყოფილვარ, ან „ესპანეთი, რომელიც მე არ მინახავს“.
3. „აი, ეს ხევსური ნატურიდან დავხატე“- და მხატვარი მაჩვენებს, საშუალო ფორმატის ფერწერულ ტილოს, სადაც მთელ სიმაღლეზე, ახალგაზრდა ხევსური მამაკაცია გამოსახული; სამოსი დეტალურად არის დამუშავებული, სახე, უფრო თავისუფლად, „ეს უფრო მომწონს“- მეუბნება მხატვარი „ვიდრე გამოფენაზე, რომ მაქვს, სადაც უკანა პლანზე სხვა ხევსურები მოჩანან. ვფიქრობ, ზედმეტად გადაიტვირთა ტილო. ახალგაზრდობისას, ერთი პორტრეტი მქონდა შესრულებული“-ამბობს ბ-ნი შალვა, „მთასვლელი კ. ბაქრაძის პორტრეტი ჩიბუხით და გოლფებით, მთელი სიმაღლით იყო ასახული, პატარა ზომის ფორმატზე, მაგრამ მონუმენტური გამოვიდა. ძალიან მიყვარდა ეს პორტრეტი, მაგრამ გამოფენიდან დაიკარგა და მას შემდეგ ვერსად ვიპოვე.“
4. მე თბილისის სამხატვრო აკადემიაში გიგო გაბაშვილთან ვსწავლობდი, რომელიც ტექნიკას საუცხოოდ ფლობდა და ჩვენც ოსტატობას გვასწავლიდა, მაგრამ მისი ხელოვნება, ერთგვარად, გამომშრალი იყო. მე ძალიან მინდოდა ევგენი ლანსერეს ჯგუფში გადასვლა, რომელიც უფრო თავისუფლად უყურებდა საგანს. ახალგაზრდებს ეხმარებოდა, თვითონაც ხატავდა მათთან ერთად. ერთხელ იგი შეხვდა მამაჩემს მოსკოვში და უთხრა, შენი შვილი მე მომწონს, ის კარგი მხატვარი დადგებაო. საკუთარ შემოქმედებაზე კი იცით, რა უთხრა მამას - ახლა მე გატაცებული ვარ ჯარისკაცის ჩექმის ხატვით და ჯერჯერობით საწადელს ვერ მივაღწიეო.
5. ძალიან მიყვარს ნატურიდან მუშაობა, ვფიქრობ, ეს კარგია, რადგან ნატურა ყოველთვის ბევრს ახალს გთავაზობს, ბევრ სტიმულს განიჭებს, თითქოს გკარნახობს რა, როგორ და რანაირად გააკეთო. ამავდროულად, მე იმპროვიზაციულად, გზადაგზა ვასწორებ ნახატს, იმის მიხედვით , თუ რა მოუხდება კომპოზიციას.
6. ყველაზე მეტად მხიბლავს ქართლის პეიზაჟები,იცით რატომ? იქ თითქოს ყველაფერი ბოლომდე არ არის ნათქვამი და ბოლომდე გახსნილი. ფანტაზიის ასამუშავებლად კარგია, ბევრს უტოვებს მაყურებელს დასამატებელ-დასასრულებელს. არ მიყვარს, როდესაც სურათში ყველაფერი ნათქვამია,ზედმეტად ყველაფერი ლამაზია და ტკბილია. მაგ., ძალიან ლამაზია გურიის პეიზაჟები, ასევეა კახეთის. ამ პეიზაჟებში თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, მწვანე, ყვითელი ფერები ლამაზად კიაფობს. ქართლში კი მოყავისფრო, ნახევრად დანგრეული, ფერგადასული, ღია იასამნისფერი, მოყავისფრო-ყვითელი, გაცრეცილი ფერებია, ჩალისფერი ჭარბობს, ამიტომ ძალიან მიყვარს ქართლის პეიზაჟების ხატვა. (მხატვარი მაჩვენებს თავის ნამუშევრებს). მე არ შემიძლია არ ვხატო. (მაჩვენებს ძველი თბილისის ორ პეიზაჟს ზეთის საღებავებით შესრულებულს, თან მეუბნება) ორ დღეში დავხატეო ეს ორი ტილო, ძველი თბილისის ხედებით. ამ ბოლო დროს, სიბერეში (იცინის) ძალიან მომწონს არა ნატურიდან, არამედ უფრო წარმოსახვით შექმნილი, ერთგვარად პირობითი გადაწყვეტით შექმნილი ეს პეიზაჟები (მაჩვენებს პეიზაჟებს, რომლებზეც სასურათე სიბრტყეზე ტონალობაში დამცხრალი ფერებია მაყაშვილისეული ჩალისფერი, გამომწვარი აგურისფერი, მოვერცხლისფერო კოლორიტთან შერეული იასამნისფერი. მაჩვენებს და თან აყოლებს) მინდა ასეთი მსუბუქი სერია გავაკეთო ძველი თბილისის კუთხეებისა.
7. ნათქვამია: берегитесь подражать самому себе, это самое ужасное. მხატვარი სულ უნდა ცდილობდეს რაღაცას, ან ვიღაცას ბაძავდეს და არამც და არამც საკუთარ თავს. პირველ რიგში, უნდა ბაძავდე ბუნებას, ან, თუნდაც, შენთვის ვინმე ავტორიტეტს მხატვრობაში. ეს არის მხატვრისთვის სტიმული და მისი წინსვლის საწინდარი. ძალიან მიყვარს დელაკრუა, რემბრანდტი (იმდენად მომწონს, რომ ჩემს სახელოსნოში მიკიდია მისი ჯარისკაცი ოქროს მუზარადით - რეპროდუქცია. ძალიან მეწყინა, როდესაც სადღაც ამოვიკითხე, რომ საექსპერტო ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ეს ნამუშევარი რემბრანდტს არ ეკუთვნის). ამას წინათ ვათვალიერებდი ჟერიკოს „ტივი „მედუზას“ რეპროდუქციას, როგორი ოსტატობითაა შესრულებული კოლორიტის, კომპოზიციური აგების, სხეულების გადმოცემის მხრივ. ძალიან მიყვარს სეზანი. ქართველებიდან - დავით კაკაბაძე.
8. დავით კაკაბაძე შესანიშნავად ხატავდა იმერეთს. მისი იმერეთი ძალიან საინტერესოა, ხატოვანი, ხალისიანი და პირობითი. პირველად იმერეთი როდესაც ვნახე, ვიგრძენი, რომ ის მხოლოდ ისე უნდა დახატულიყო, როგორც ეს დავით კაკაბაძემ დახატა. საინტერესო მხატვარია შალვა ქიქოძე, თუმცა, სამწუხაროდ, მის ცოტა ნამუშევარს ვიცნობ.
9. იცით, როდესაც შედევრს უყურებ, აუცილებლად იტყვი, ასე ხომ მეც დავხატავ, სხვაზე კი, იტყვი, ასე მე არასდროს დავხატავ. ესე იგი ისწრაფვი უკეთესისკენ. გინდა ისე დახატო, მაგრამ... ესკიზებში ზოგჯერ შესანიშნავად აგნებ, თითქოს უკვე დასრულებულია, გადაიტან ტილოზე და აღარ ვარგა. მიყვარს პატარა ფორმატის ტილოებზე მუშაობა, ფორმატი თითქოს აწესრიგებს კომპოზიციებს. თუმცა მაქვს დიდი ზომის ტილოებიც ბატალურ-ისტორიული სცენებით, დაკვეთით, ერთ კვირაში შესრულებული,მაჩქარებდნენ, დღე- და ღამე ვმუშაობდი, დიდი სამუშაო შევასრულე.
10. ძალიან მომწონს რეჟისორი სოსო ჩხაიძე, განსაკუთრებით მისი ფილმი „თუში მეცხვარე“. როდესაც მან მითხრა, რომ უნდა გაგრძელება ამ ფილმის და გადაღება დამატებით ერთი სერიის, მე მას რუსული აფორიზმი შევახსენე: „лучше недосказать, чем пересказать“. ყველაზე ძნელია, დროზე წერტილის დასმა რთულია, მაგრამ აუცილებელი. მეუბნებიან, რომ თურმე, საჭიროა, საკუთარ თავს რეკლამა გაუკეთო. მე კი ეს არ შემიძლია. რამდენჯერ მითქვამს უარი რეჟისორებისთვის , რომლებიც ჩემზე ფილმის გადაღებას აპირებდნენ და უარით გავისტუმრე.
კოტე მაყაშვილის ვაჟს ძალიან უყვარდა პოეზია. განსაკუთრებით - გალაკტიონი და ანა კალანდაძე, (მისი და ქ-ნი ნუგეშა მეუბნებოდა, შალვა თავისთვის ხშირად იმეორებს სტრიქონებს ანას ლექსიდან, „ასეთი დარი თუ იყო მაშინ, ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა“. უყვარს ლადო ასათიანისა და მუხრან მაჭავარიანის ლექსები.
მიუხედავად შემოქმედებითი ხელხვავიანობისა, შალვა მაყაშვილის საოცარი მოკრძალება და უდიდესი მომთხოვნელობა საკუთარი თავისადმი გახდა მიზეზი იმისა, რომ მხატვარმა 81 წლის ასაკში პირველად გამოიტანა ფართო სამსჯავროზე სრული სახით თავისი შემოქმედება.ეს პირველი პერსონალური გამოფენა 1985 წელს ეროვნულ სამხატვრო გალერეაში მოეწყო. ექსპოზიციამ შესანიშნავად წარმოაჩინა მხატვრის ხანგრძლივი, საინტერესო შემოქმედებითი ძიებებით აღსავსე გზა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ შალვა მაყაშვილის ზნეობა და შემოქმედება მხოლოდ და მხოლოდ მაღალი კრიტერიუმებით იზომებოდა. ამიტომაც იყო,რომ მას, როგორც განსაკუთრებული ღირსებით შემკულ რაინდს, 1990 წლის 26 მაისს, ტაბახმელა-კოჯრის გასაყართან აღმართულ 1921 წელს დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნაზე, მადლიერმა საზოგადოებამ საგანგებო ვერცხლის ხანჯალი მიუძღვნა. იმავე წლის 28 ოქტომბერს კი, ეს ბრწყინვალე მამულიშვილი 87 წლის ასაკში აღესრულა.
ჩვენი ვალია, დავიწყებას არ მივცეთ ამ კეთილშობილი, უანგარო მამულიშვილის, შესანიშნავი მხატვრის შემოქმედება და მისი დაბადებიდან 115 წლისთავზე თბილისის რომელიმე საგამოფენო დარბაზში სრული სისავსით წარმოვაჩინოთ მხატვრობა, რომლის შესახებაც ცნობილი ქართველი მხატვრის, ალექსანდრე მრევლიშვილის ქალიშვილი, პოეტი მაყვალა მრევლიშვილი წერდა: „...ახლაც, ამ წუთას, თითქოს მტკვრის დაყოლებაზე ნიავ-ქარს ვგრძნობდე მცხეთის კარამდე, ოღონდ არ ვიცი, ნიჩბისიდან? მეტეხიდან? თუ ხეკორძულიდან მცხეთის ვიწროებამდე! დეტალებით აღარც მახსოვს ბატონი შალვას ის ნახატები, ოღონდ ცამ დამწვა! განუმეორებელმა. არავის შემდეგ აღარ გადმოუცია ისეთი ცხოველი ჰაერი, სივრცე, გამჭვირვალება... მაინც კი, ვერ ვთქვი, ვერა და ვერ გამოვთქვი ის ფერადები, რაც შალვა მაყაშვილის ძლიერმა ნიჭმა განმაცდევინა“.
|