Georgian (Georgia)English (United Kingdom)
პოლკოვნიკო ფლიაგინ!

საქართველოს სახალხო მხატვარის ჯემალ ლოლუას წერილი, პოლკოვნიკ ფლიაგინისადმი დაიწერა 1989 წლის ივნისის თვეში.
1989 წ.-ის ჟურნალ „ნიანგის“ მე-9 ნომრის ყდაზე, განთავსდა გრაფიკოს ჯემალ ლოლუას ნამუშევარი. რომელმაც როგორც ჩანს პოლკოვნიკ ფლიაგინის ყურადღება და ცინიზმი გამოიწვია. ამ რეპლიკას მხატვარმა ვრცელი წერილით უპასუხა, რომელსაც სრული სახით გთავაზობთ. (ორიგინალის ენა, რუსული. მასალა დაცულია მხატვრის არქივში. ინახება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტრორიისა და ძეგლთა დაცვეის ეროვნულ კვლევით ცენტრში)
წერილი გამოსაქვეყნებლად მოამზადეს და თარგმანზე იმუშავეს: მარიამ გაჩეჩილაძემ, მარინა მეძმარიაშვილმა, ნინო ჭინჭარაულმა
1
„პოლკოვნიკო ფლიაგინ!
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ორგანოს გაზეთში „Ленинское знамя“ ამა წლის 10 ივნისს გამოქვეყნებული იყო თქვენი რეპლიკა სათაურით „რას დასცინით?“.
ეს რეპლიკა შექმნილია მრავალრიცხოვანი „პოლკოვნიკების“ ხელმოწერილი პუბლიკაციების იმ სულისკვეთებითა და სტილით, რამაც, ამ ბოლო დროს, ბუკვალურად შეავსო მთელი სამხედრო პრესა, რაც იმისკენ არის მიმართული რომ გაამართლოს ის სისხლიანი სასაკლაო, რომელიც 9 აპრილის ღამეს მოაწყვეს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა „გმირებმა“ .
თქვენი რეპლიკა გამოწვეულია პლაკატით, რომელიც დაბეჭდილია ჟურნალ „ნიანგის“ (N 9)  გარეკანზე. (ილ. 1, 2) პლაკატის ავტორი მე გახლავართ. ამ ნახატის გამოქვეყნებით ჟურნალის რედაქციამ გამოხატა თავისი დამოკიდებულება აპრილის ტრაგიკული მოვლენებისადმი. მაშინ როდესაც ორმხრივად ალესილი სასანგრე ნიჩაბი იყო აღმართული ყოველივე იმის საწინააღმდეგოდ რაც  „წმინდაა და რითაც ამაყობს და საზრდოობს ქართველი ხალხი“.
თქვენ, პოლკოვნიკო, ჩვენი პუბლიკაცია უზნეო პასკვილად მონათლეთ. ეტყობა სიტყვა „უზნეო“ თქვენს ლექსიკონში ნაკლებად მწვავე სიტყვაა და არ მოგერიდათ ამის გამოყენება. წარმომიდგენია როგორ „წმინდა რუსულ სიტყვებს“ ითხოვდა თქვენი შინაგანი ბუნება იმ დროს როდესაც ათვალიერებდით ჩვენი ჟურნალის გარეკანს. მაგრამ რას იზამ, მოგიწევთ თქვენ და არა მარტო თქვენ მოისმინოთ, დაინახოთ და წაიკითხოთ ყველაფერი რაშიც გამოიხატება ქართული საზოგადოების (ჩვენი ქვეყნის მთელი პროგრესული ნაწილის) აღშფოთება და რისხვა, იმ ცინიკური, ცბიერი და ცივილიზებური სამყაროს ნორმებთან სრულ წინააღმდეგობაში მყოფი აქციით, რაც განხორციელდა, ძალებით რომლის აპოლოგეტები ხართ თქვენ და  სხვა პოლკოვნიკ-ჟურნალისტები.
განვიხილოთ  „უზნეოს“  მნიშვნელობა
თქვენ რა თქმა უნდა არ თვლით უზნეობად მათ მოქმედებას ვინც თავს დაესხა მრავალდღიანი შიმშილობით დასუსტებულ ახალგაზრდებს და დაიწყეს მათი ცემა და დახოცვა ნიჩბებით და ხელკეტებით; თქვენ რა თქმა უნდა არ თვლით უზნეობად მომწამლავი გაზის გამოყენებას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ (აბა მითხარით, ამის შემდეგ, როგორ არ დავუჯეროთ „დასავლეთის პროპაგანდის ბოროტ მონაჭორებს“ ჩვენი ჯარების მიერ ავღანეთში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე; მით უფრო, რომ იმ „ბართოლომეს ღამეს“ საქართველოს მთავრობის სასახლის წინ ტრაგედიის „გმირები“ იყვნენ ზუსტად ავღანეთიდან გამოყვანილი ჯარის ნაწილები); თქვენ, რა თქმა უნდა, არ თვლით უზნეობად  სამხედრო ხელისუფლების მოქმედებას, რომელთაც არ მოისურვეს ეღიარებინათ ხალხის საწინააღმდეგოდ ჩადენილი დანაშაული და ამიტომ ექიმებისგან მალავდნენ გამოყენებული გაზის დასახელებას, რითაც გაართულეს ასობით მოწამლული ადამიანის (ძირითადად ბავშვებისა და მოზარდების) მკურნალობა; თქვენ, პოლკოვნიკო, რა თქმა უნდა არ თვლით უზნეობად კომენდანტის საათის გამოცხადებას  მის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე და საბჭოთა არმიის ოფიცერის მიერ ახალგაზრდა კაცის მკვლელობას, რომელმაც არაფერი იცოდა კომენდატის საათის შესახებ და მხოლოდ ამიტომ არ მოახდინა რეაქცია პატრულის შენიშვნაზე (ამბობენ, რომ მას, სიკვდილამდე 4 თვით ადრე გაუჩნდა პირველი შვილი, იყო ბედნიერი და წინ ელოდა - შეიძლება რთული, მაგრამ სავსე და ალბათ ნათელი, იმედიანი ცხოვრება. იმ ღამეს მკვლელების ხელით დაღუპული ახალგაზრდების შესახებ ნეტა არ შეიძლება  იგივე ითქვას?)
ასე რომ, პოდპოლკოვნიკო, თქვენთვის ეს ყველაფერი უზნეობა კი არა, ნორმაა. თქვენთვის ნამდვილი უზნეობა ისაა, როდესაც საზოგადოება სისხლიან დარბევას აპროტესტებს. სწორედ ამ პროტესტის გამოვლინებაა ჩვენი ჟურნალის ყდაზე ამ პლაკატის გამოჩენის ფაქტიც. ის მომხდარის არსს ხსნის და ეს, როგორც ჩანს, გულზე მოგხვდათ. ეს კარგია, რაც იმას ნიშნავს, რომ პლაკატმა იმუშავა.

2

პოდპოლკოვნიკო, თქვენს „რეპლიკაში“ ჩივით იმაზე, რომ „ნიანგის“ ჟურნალისტები და ის პოეტები და მხატვრები, რომლებიც ამ გამოცემასთან თანამშრომლობენ...ლაფში სვრიან საბჭოთა არმიას... ინტერნაციონალი მეომრის სიძულვილს იწვევენ“.
არა, პოდპოლკოვნიკო, ჩვენ არ ვსვრით ლაფში საბჭოთა არმიას. ამას აკეთებენ ისინი, რომლებიც ხალხისგან მალულად, სწორედ იმ ხალხისგან, რომლის წიაღშიც იშვა არმია, მისგან (ხალხისგან) დაუკითხავად ქმნიან სპეციალურ სადამსჯელო ქვედანაყოფებს, ადამიანთა ისეთი კონტიგენტისგან დაკომპლექტებულს, კაცთმოძულეობის გაკვეთილებს ადვილად რომ ითვისებენ და მეთაურების პირველსავე ბრძანებაზე მზად არიან თავს დაესხნენ შეუიარაღებელ, დაუცველ მოქალაქეებს და უსასტიკესად, ცივსისხლიანი მეთოდებით გაუსწორდნენ მათ.
არა, ჩვენ არ ვარცხვენთ საბჭოთა არმიას, არამედ ისინი, ვინც მას სისხლიან შაბაშებს უკვეთავს და მას დამსჯელი ჯალათის როლს აკისრებს, ხან უნგრელების, ხან ჩეხების წინაშე, როგორც ეს იყო წარსულში, დღევანდელ დღეს კი მას ითრევენ ავღანეთის მსგავს ავანტიურაში და საკუთარ პოლიტიკურ სიგიჟეს მსხვერპლად სწირავენ ცხოვრებისეულ გზებზე ახლადფეხშედგმულ ათიათასობით საბჭოთა ყმაწვილებს! ჩვენ არ აღვძრავთ ინტერნაციონალი მეომრის სიძულვილს, რომელიც საქართველოს შვილიც შეიძლება იყოს (მათგან რამდენი დაიღუპა ავღანეთში!), არამედ ისინი, რომლებიც ინტერნაციონალური მოვალეობის მოხდის დემაგოგიური მოწოდებით, მას ჩვენთვის სრულიად უცხო ქვეყნის სამოქალაქო ომის ჯოჯოხეთურ მორევში ამკვიდრებენ. ნება მომეცით ვიკითხო, რომელ ინტერნაციონალურ მოვალეობაზეა აქ საუბარი? განა როდის ვევალეთ ავღანეთს, თანაც იმდენი, რომ მისთვის ჩვენი ბავშვების სიცოცხლით ვაგეთ პასუხი? არანაირი ასეთი ვალი ჩვენ არ გვქონია, ასეთ ვალში მხოლოდ სამშობლოს წინაშე ვართ და არავის სხვის! დროა შევწყვიტოთ ჩვენი ახალგაზრდა (არცთუ ახალგაზრდა) და ისედაც შეცდომაში შეყვანილი „ავღანელების“ მოტყუება!
პოდპოლკოვნიკო, ჩვენ კი არ ვუწევთ არმიას დისკრედიტაციას, არამედ ისინი, რომელთაც არმია ხალხის კონტროლს მოკლებულ, ჩაკეტილ ზონად აქციეს და უძრაობის წყვდიადში ჩაფლულ ქვეყანასთან ერთად დაფლეს ისიც, ხელი შეუწყვეს მასში ყველანაირი სოციალური მანკიერების შეღწევას, რამაც უძრაობის წლებში ჩვენს საზოგადოებაში იჩინა თავი. კორუფციის არსის შემადგენელია ეს მანკიერებები, როგორიცაა გამოძალვა, ძალადობა, ნარკომანია, გულგრილობა და წმინდა ჯარისმიერი მოვლენები: უწესდებო ურთიერთობები და „დედოვშჩინა“.
თქვენი რეპლიკა, პოდპოლკოვნიკო, ასე დაასათაურეთ: „რას დასცინით?“
ჩვენ არ ვიცინით, პოდპოლკოვნიკო ფლიაგინ, ახლა საცინლად არ გვაქვს საქმე. ჩვენ ვგლოვობთ და ვფიქრობთ. ვცდილობთ გავიგოთ, როგორ მოხდა, რომ სწორედ ახლა, გაგანია პერესტროიკისა და გლასტნოსტის ხანაში, პარტიის მცდელობების ფონზე, რომელიც წარსულის შეცდომებში გარკვევასა და დეფორმირებული სოციალიზმის გზების გასწორებას ცდილობს, ჩვენი საზოგადოების მოსალოდნელი ზნეობრივი განახლების გარემოებაში დაიღვარა ადამიანთა სისხლი, რომელთაც სცადეს აზრის გამოთქმა - თუნდაც არა ყოველთვის კორექტულად და თავშეკავებულად, თუნდაც არ ემოქმედათ კანონის მკაცრ ფარგლებში, თუნდაც არ მოეთხოვათ ხელისუფლებისათვის უგუნური პირობები, მათ მხოლოდ ერთი რამ სურდათ: ახლანდელი დროების მიმართ საკუთარი აზრის გამოთქმა, მოვლენებისა და ადამიანების შეფასება - მხოლოდ შეფასება, აწყმოს გარდაქმნასა და ჩვენი საზოგადოების მომავლის შენების პროცესში საკუთარი როლისა და ადგილის განსაზღვრა.
პოდპოილკოვნიკო ფლიაგინ, ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, მომხდარ სისხლისღვრაში ვინაა კონკრეტულად დამნაშავე, თუმცა ერთი რამ უკვე ნათელია: ის მოხდა სწორედ მათი ბრძანებით, ვინც პერესტროიკის წინააღმდეგია, ეს სწორედ მათი ბრალია, ვისთვისაც კანონები და კონსტიტუცია - ცარიელი ხმაა, ეს სწორედ მათი ბრალია, ვინც ადამიანური დაუმორჩილებლობის სულ მცირე გამოვლინებასაც კი თავისი პირადი, უფრო ზუსტად კი, კლანის (და არა სახელმწიფოს) საფუძვლების მოშლად აღიქვამს და ამიტომაც მიმართავს უკიდურეს, და ამდენად, ყველაზე ხისტ ზომებს. მათ არ აწყობთ პარტიის მიერ გატარებული დემოკრატიზაციისა და გლასნოსტის პოლიტიკა, მათ არ აწყობთ ადამიანური სახის სოციალიზმის დამკვიდრებისკენ მ. ს. გორბაჩოვის მისწრაფება. ამის გამო ხომ არ მოხდა, რომ იმ ტრაგიკულ ღამეს, საქართველოს მთავრობის სახლთან შეკრებილმა ხალხმა ურჩხულის სახე დაინახა. ამ ურჩხულმა რაც ჩაიდინა, იცის მთელმა მსოფლიომ.
ასე, რომ, პოდპოლკოვნიკო ფლიაგინ, ჩვენ სახალისოდ არ გვაქვს საქმე, ჩვენ, ვიმეორებ, ვგლოვობთ და ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ შემდეგ, როგორ ვიყოთ და რა ვაკეთოთ? და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იპოვის თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის ტაძრისკენ მიმავალ გზას!
პატივისცემით,
ჯემალ გიორგის ძე ლოლუა,
სსსრ სახალხო მხატვარი“



ნანახია: 7576-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani