Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული წიგნის ხელოვნება XX-XXI

ნინო ჯიშკარიანი
მხატვარ-გრაფიკოსი
თსს აკადემიის პროფესორი
ასოციაცია „ქართული შრიფტი“-ს პრეზიდენტი


წიგნისგან მიღებული სიხარულის განცდა მხოლოდ მის შინაარსს არ უკავშირდება. მკითხველს ეს შეგრძნება ჯერ კიდევ გადაუშლელი წიგნის ხილვისას ეუფლება; და ამ მხარეს მისი შინაარსისაგან დამოუკიდებელი ღირებულება აქვს. ეს წიგნის შექმნის პროცესია და ცალკე ხელოვნებაა, რომელსაც მისი პირველი გულშემატკივარი, მხატვარი ქმნის. ყველა მხატვარს კი თავისი საკრალური დამოკიდებულება აქვს წიგნისადმი - განსაკუთრებული, პროფესიული გამოცდილებიდან მოსული ინდივიდუალური ხედვა. ყველა გაფორმებული წიგნი საავტოროა, თითოეული მათგანი ერთადერთია და განუმეორებელი, საკუთარი გამომსახველობითი ენით გამოხატული უსასრულო შესაძლებლობებით.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი, თვალსაჩინო და ნიჭიერებით გამორჩეულია წიგნის გრაფიკის ის ნიმუშები, რომელთა ავტორი მხატვრები ახლო და შორეული წარსულის დიდ ხელოვანთა გამოცდილებას მონდომებით სწავლობენ, თუმცა, მაინც თვითმყოფადობას ინარჩუნებენ – თავისებურად აღიქვამენ თანამედროვეობას, ცდილობენ, მწერლობას საკუთარი გულითა და მსოფლხედვით ჩაწვდნენ. მათი გზები ისეთივე განსხვავებულია, როგორც თითოეულის ინდივიდუალობა; საერთო მხოლოდ წიგნის გაფორმებისადმი დამოკიდებულებაა, გამომსახველობითი მნიშვნელობა და მათი შემოქმედებით მაღალი ჰუმანიტარული კულტურის ტრადიციის შემდგომი განვითარება.
ქართული წიგნის გრაფიკამ დიდი გზა გაიარა, რაც ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ, კულტურის სახეცვლასთან ერთად, უმთავრესად, ხელნაწერ წიგნებში აისახა. ძალიან საინტერესოა შუა საუკუნეებში შექმნილი წიგნები, თავისი მხატვრული გემოვნებით და წიგნის კულტურის დიდი ცოდნით. ხელნაწერი წიგნების შემქმნელი მხატვარ-კალიგრაფები დიდი ოსტატობით ამკობდნენ ყდებსა და ხელნაწერებს ორნამენტებით და მინიატურებით. ასე დაუკავშირდა გრაფიკული ხელოვნება წიგნს და მისი განუყრელი ნაწილი გახდა.
ძველი ქართული ხელნაწერი თუ ნაბეჭდი, მათ შორის, საბჭოთა პერიოდის ქართული წიგნიც, უკვე მემკვიდრეობაა… მისი მოგონებაც არის და, თუ გნებავთ, ზოგ შემთხვევაში, ჩვენივე ბავშვობის წიგნების ნოსტალგიაც, თავიანთი ყდებითა და ტიტულებით, საზედაო ასო-ნიშნებით, თავსართ-ბოლოსართებითა და ილუსტრაციებით; (ილ. 1)
01
წიგნის ყველა ეს ჩამოთვლილი კომპონენტი ქმნის ერთიან ქსოვილს, სადაც ყოველი ელემენტი დაკავშირებულია შრიფტთან. შეიძლება წიგნს არ ჰქონდეს ილუსტრაცია, მაგრამ წარმოუდგენელია მისი გაფორმება სასათაურო შრიფტის გარეშე.
წიგნი, როგორც უკვე აღვნიშნე, არ არის მხოლოდ შინაარსის წაკითხვის ტექნიკური საშუალება, ის მისი წარმოსახვითი, მხატვრული გამოხატულებაცაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, წიგნის გაფორმებაში, მაინც ყდაა, წიგნის სამოსელი. სანამ შეეხები, ყდამ უნდა მოგვცეს ნიშანი მოცემული წიგნის მიმართ განწყობისა და ინტერესის, ამიტომ, მხატვარს უნდა შეეძლოს სახვითი ელემენტების საშუალებით გადმოსცეს ნაწარმოების იდეური არსი, განწყობა, ხასიათი, და შიგთავსის წარმოსახვის ინსპირაცია.
1940-50-იან წლებში საშრიფტო მეურნეობაში სხვადასხვა ზომის სატიტულო (სასათაურე) პოლიგრაფიული შრიფტების დიდი არჩევანი არ იყო. ამის გამო, გამომცემლობები იძულებულნი იყვნენ მხატვრისათვის ყდებისა და სატიტულო ფურცლების წარწერები დაეკვეთათ. ამიტომ, ამ პერიოდის საქართველოში გამოცემული წიგნები მეტად მრავალფეროვანია ახალი, საინტერესო ხელნაწერი მხატვრული სასათაურო შრიფტებით.
ეს პოლიგრაფიული გამოცემები ქართული ხელოვნების ისტორიაში კულტურის ძეგლებად დარჩა და გამომცემლების, ასოთამწყობების, ცინკოგრაფების, მხატვრებისა და საგამომცემლო საქმის ორგანიზატორების მაღალი ოსტატობის ნიმუშებს წარმოადგენს.
წლების განმავლობაში წიგნის მხატვრულ გაფორმებაზე მუშაობდა მხატვართა მრავალი თაობა, რომლებმაც თავისი ინდივიდუალური ხელწერით უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული წიგნის გაფორმების განვითარების საქმეში.
მეცნიერი ზურაბ კიკნაძე იმ პერიოდს ასე იხსენებს: „ადრე წიგნის ავტორსა და მხატვარს შორის სხვაგვარი თანამშრომლობა იყო. მახსოვს, განსაკუთრებით გამომცემლობა „ნაკადული“ და სხვა გამომცემლობებიც.. დიდ ყურადღებას აქცევდნენ წიგნის გაფორმებას. მხატვრები იკრიბებოდნენ, საგანგებო ოთახი ჰქონდათ, სადაც უამრავი ხალხი ტრიალებდა, თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ნამდვილი თანამშრომლობა იყო წიგნის ავტორსა და მხატვრებს შორის“...
მხატვართა ეს თაობა და მათი ურთიერთობები მეც კარგად მახსოვს, რადგან მამა, გრაფიკოსი ოთარ ჯიშკარიანი, წლების განმავლობაში სხვადასხვა გამომცემლობების, მათ შორის, გამომცემლობა „ნაკადული“-ის მთავარი მხატვარი იყო (1958-68 წწ.). სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება „ნაკადულში“ გამოცემული უამრავი ფერადი წიგნი, რომელთა უმრავლესობა დღესაც რჩება ქართული საბავშვო წიგნის ოქროს ფონდის საუკეთესო ნიმუშად. (ილ. 2, 3)
0203
მართალია, იმ დროს პატარა ვიყავი, მაგრამ ამ ურთიერთობებმა ჩემზე საკმაოდ ღრმა კვალი დატოვა და, ალბათ, გახდა ერთერთი ფაქტორი, რომ მეც ამ პროფესიას ვაგრძელებ. სწორედ ამ ხსოვნამ მომცა სითამამე, რომ თავს უფლება მივეცი, ამ უნიკალური ნიმუშებისთვის თავი მომეყარა და წიგნებად გამომეცა.
1950-70-იანი წლების საქართველოში ხშირად ეწყობოდა წიგნის საანგარიშო გამოფენები და იწერებოდა სტატიები წიგნის მაღალმხატვრულ გაფორმებასა და გამოცემებზე, რაც დღეს, სამწუხაროდ, ნაკლებ საინტერესო მოვლენად მიიჩნევა.. არსებობს მცირე ზომის კატალოგის მსგავსი ბუკლეტებიც ასეთი გამოფენების შესახებ. სწორედ, დღევანდელი ტექნიკით გაჯერებული, ცოტა ზედაპირული წიგნის ვიზუალური სახე და ერთერთი ასეთი თხელი კატალოგი მამას არქივიდან, გახდა ჩემი იდეის ინსპირაცია, გამეკეთებინა ალბომი/კატალოგი წიგნის სატიტულო შრიფტებზე, ჩემს მიერ შერჩეულ გუნდთან ერთად. მასალა იმდენად საინტერესო და დიდი მოცულობის აღმოჩნდა, რომ ვეღარ გავჩერდი და შედეგად გამოვიდა სამტომეული „ქართული წიგნის ხელოვნება“, რომლის პირველი ნაწილი განკუთვნილი იყო წიგნის სატიტულო შრიფტების მაგალითებისათვის(2013 წ.), მეორე ტომი - კონსტრუირებისა და დიზაინისთვის (2014 წ.), მესამე კი - წიგნის ილუსტრაციისათვის (2015 წ.). (ილ. 4)
04
2018 წელს კი, სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის „ქართული წიგნის ხელოვნების“ სამტომეულის სახეცვლილი, ახლებური გამოცემა მომზადდა და დაიბეჭდა ვარშავაში, გამომცემლობა PWN-ში. ამ წიგნში შევეცადე ისეთი მასალა შემერჩია, რომელშიც კარგად ჩანს 1888 – 2018 წწ. ქართული ბეჭდური წიგნის ეტაპობრივი განვითარების პროცესები და მხატვრების მიერ წიგნის კეთების მრავალწლიანი გამოცდილება. ალბომში წარმოდგენილია წიგნის გრაფიკულ დიზაინზე მომუშავე, ძველი და თანამედროვე 85 მხატვრის მიერ გაფორმებული წიგნების ნიმუშები; მათ შორის მხატვრული, სასათაურო შრიფტებით შემკული ცალკეული წიგნის ყდები და წიგნის გასაფორმებლად საჭირო სხვადასხვა დეტალი. (ილ. 5.)
05
ამ ნაშრომის მოკრძალებული მიზანია არსებული მემკვიდრეობის ზედაპირულად გადახედვა და მისი მხატვრული წარმოშობის ზოგადი მიმოხილვა; სპეციფიკური მიღწევების, სხვადასხვა სტილისტური მიმართულების, ეტაპების მიზანმიმართული ცვლის, მიმდინარეობების, მიმართულებების ბრძოლის, მოულოდნელი შემობრუნების, ილუზიების ნგრევისა და ახლის აღმოცენების, როდესღაც ჩამქრალი ტენდენციების უცაბედი აღორძინების გაანალიზება - თუ რა გზა გაიარა წიგნის ხელოვნებამ და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ამ სფეროში. სხვა სიტყვებით, ეს არის ნამდვილი, ცოცხალი ხელოვნების, ჩვენ შემთხვევაში კი მისი ერთ-ერთი სახეობის - ქართული წიგნის მხატვრული გაფორმების მოკლე ისტორია. (ილ. 6, 7)
0607
ალბომში თავმოყრილი ვიზუალური მასალა საშუალებას გვაძლევს, წარმოდგენა შევიქმნათ წიგნის გაფორმების წარსულსა და დღევანდელობაზე, რომ იყვნენ პროფესიონალი მხატვრები, რომლებიც ტილოებზე მუშაობდნენ, ქმნიდნენ დიდ პანოებს, მაგრამ ძალ-ღონეს არ იშურებდნენ წიგნის მხატვრული გაფორმების განვითარებისათვის:
მაგ: გრიგოლ ტატიშვილი, ოსკარ შმერლინგი, ევგენი ლანსერე, ბენო გორდეზიანი, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, სამსონ ნადარეიშვილი, სევერიან მაისაშვილი, ჰენრიკ ჰრინევსკი, ელენე ახვლედიანი, ლადო ქუთათელაძე, ლადო გრიგოლია, თამარ აბაკელია, შალვა ბერიტაშვილი, იოსებ გაბაშვილი, სერგო ქობულაძე, დავით (დუდა) გაბაშვილი, შალვა ცხადაძე, შოთა კუპრაშვილი, თეიმურაზ ყუბანეიშვილი, ზურაბ კაპანაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, თენგიზ სამსონაძე, დავით დუნდუა, ბელა ბერძენიშვილი, ოთარ ჯიშკარიანი, ჯემალ ლოლუა, ზურაბ ფორჩხიძე, ემირ ბურჯანაძე, თამაზ ხუციშვილი, გოგი წერეთელი, სპარტაკ ცინცაძე, დეა ჯაბუა და სხვ. (ილ. 8, 9, 10)
0809
10
მე არ გახლავართ ხელოვნებათმცოდნე და, შესაბამისად, მოხსენება წიგნის მხატვრული გაფორმების შესახებ, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, უფრო ინფორმაციული ხასიათისაა, ვიდრე კვლევითი. ალბათ, უფრო ჩემი ემოცია ან გულისტკივილი. და ვფიქრობ, რომ ამ წიგნში თავმოყრილი უნიკალური მასალა არა მარტო წარსული გამოცდილების შემეცნებას მოემსახურება, არამედ, შესაძლოა, ახალგაზრდა თაობისთვის შთაგონების წყაროდაც იქცეს და თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით წიგნის გრაფიკას ახალი სიცოცხლე შთაბეროს.

 


ნანახია: 3802-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani