Georgian (Georgia)English (United Kingdom)
სამოქალაქო რელიგიის საკითხი და ვიზუალური რეპრეზენტაცია

ანა მგალობლიშვილი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ჩვენი სტატიის მიზანია ვისაუბროდ საომოქალაქო რელიგიის საკითხზე და იმ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც მას უკავშირდება.
სამოქალაქო რელიგია, მეცნიერთა ერთი ნაწილის თვალსაზრისით, რელიგიის დამოუკიდებელი ფორმაა, რომელიც თავისთავში უნივერსალურ ანუ ყველა ნაციონალური სახელმწიფოსათვის მეტ-ნაკლებად  დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავს ან მომავალში შეძლება შეიცავდეს.
ტერმინი სამოქალაქო რელიგია უკავშირდება ფრანგი განმანათებლის ჟან-ჟაკ რუსოს ნაშრომს “საზოგადოებრივი შეთანხების შესახებ”. წიგნის მე-8 თავს ჰქვია “სამოქალაქო რელიგიის შესახებ”. ამ თავში რუსო გამოყოფს სამი სახის რელიგიას, რომელთაგან ერთ-ერთი მოქალაქის რელიგიაა.
ამ რელიგიას „აქვს თავისი დოგმატები, თავისი წესები, თავისი კულტი, კანონებით განპირობებული“ ეს რელიგია  ასწავლის თავის მოქალაქეებს, რომ სახელმწიფოს მსახურება, ღვთის მსახურებაა“ და, ამავე დროს „თითოეულს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, რომლის ცოდნაც სუვერენისთვის არ არის აუცილებელი”Жан-Жак Руссо. Об общественном договоре. Трактаты. М., 1998. С. 316. (ჟან-ჟაკ რუსო, საზოგადოებრივი შეთანხების შესახებ. ტრაქტატები, 1998).
რობერტ ბელა ცნობილი ამერიკელი სოციოლოგია, რომელმაც 1967 წელს  გამოაქვეყნა სტატია „სამოქალაქო რელიგია ამერიკაში“Robert N. Bellah, Civil Religion in America, Journal of the American Academy of Arts and Sciences, from the issue entitled, "Religion in America," Winter 1967, Vol. 96, No. 1, pp. 1-21 (რობერტ ბელა, სამოქალაქო რელიგია ამერიკაში, 1967). ავტორი განიხილავს სამოქალაქო რელიგიას, როგორც რელიგიის დამოუკიდებელ ფორმას, რომელიც მასში არსებული სიმბოლოების ბაზაზე აერთიანებს თავის თავში ქვეყნის (ამ შემთხვევაში - აშშ) ყველა მოქალაქის (ინსტიტუტების, ორგანიზაციების, ასოციაციების და ა.შ.) ინტერესებს, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ კონფესიას მიეკუთვნებიან ისინი.
ნაშრომში ბელა სხვადასხვა საკითხებს უთმობს ყურადღებას, რომელთაგან ჩვენ რამდენიმეს გამოვყოფთ.
სტატიაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ბელას მიერ პრეზიდენტ ჯონ კენედის პრეზიდენტად ინაუგურაციის დროს 1961 წელს წარმოთქმული სიტყვის ანალიზს ენიჭება. წარმოთქმულ სიტყვაში კენედი რამდენიმე ადგილას ახსენებს “ღმერთს”. ბელას აზრით:
1. წარმოთქმულ მიმართვაში კენედი არ ამჟღავნებს თავის რელიგუირ შეხედულებებს (ის კათოლიკეა), არ იყენებს ქრისტიანულ ტერმინოლოგიას და არ ასახელებს რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას. ამ სიტყვაში ღმერთი უფრო საყოველთაო ღვთაებრივ წესრიგს აღნიშნავს და არ არის პერსონიფიცირებული.
2. კენედი, როგორც პრეზიდენტი, დებს ფიცს ადამიანებისა და ღმერთის წინაშე, და აღნიშნავს, რომ სუვერენიტეტი უფრო ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული, ვიდრე ადამიანებისაზე და ამით ერთგვარად ახდენს პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაციას;
3. ამავე მიმართვაში ის აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები ასევე  მომდინარეობს ღვთის ნებიდან, რაც, თავის მხრივ, დამოუკიდებლობის დეკლარაციის  და კონსტიტუციის როლს და მნიშვნელოვნებას ეხება.
ბელა ასკვნის, რომ ამერიკელ ხალხს ზოგადად და ყოველ მოქალაქეს ცალკეულად აქვს მოვალეობა ღმერთის წინაშე და ეს მოვალეობა გამოიხატება მისი ნების შესრულებაში, და ეს მოვალეობის გრძნობა ღრმად არის გამჯდარი ამერიკულ ტრადიციაში.
ბელა ხაზს უსვამს ორ პრინციპულ მომენტს, რომელიც, მისი აზრით, ქმნის ამერიკული სამოქალაქო რელიგიის სპეციფიკას: მისი ბუნებრივი ცალკედ მყოფობა სხვა არსებული რელიგიური კონფესიებისგან და მისი პარადოქსული ცალკედ მყოფობა სახელმწიფოსაგან. პირველი შემთხვევისთვის ის აღნიშნავს, რომ სამოქალაქო რელიგია არ არის ტრადიციული რელიგიური კონფესიების ალტერნატივა, უბრალოდ, ის სხვა ჭრილში არსებობს: ტრადიციულ რელიგიაში ადამიანი ეძებს პიროვნულ გადარჩენას და ამიტომ, ტრადიციული რელიგია საზღვრავს მის პირად ცხოვრებას, ხოლო სამოქალაქო რელიგიის საშუალებით ადამიანი იღებს მის სოციუმში არსებობის საზრისს, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავად სოციუმის არსებობის საზრისს, რადგანაც სამოქალაქო რელიგია არსებობს საზოგადოებრივ ჭრილში. ავტორისთვის, ასევე, ცხადია სამოქალაქო რელიგიის და სახელმწიფოს შეურწყმელობის საკითხიც, იმ გაგებით, რომ სამოქალაქო რელიგია არ არის სახელმწიფოსადმი თაყვანისცემა, არამედ, პირიქით, წარმოადგენს არსობრივ რელიგიურ გამოხატულებას ამერიკული ნაციისა, და სახელმწიფოს უნიკალურობის იდეა დატვირთულია რელიგიურ-სიმბოლური შინაარსიით. თუ დაიკერგება სულიერი შემადგენელი სამოქალაქო რელიგიისა, თუ ამერიკულ ნაციას დაეკარგება პასუხისმგებლობა ღმერთის წინაშე, არსებობას შეწყვეტს სამოქალაქო რელიგიაც და რწმენაც სახელმწიფოსი.
სამოქალაქო რელიგიას აქვს საკუთარი რიტუალური ცერემონიები, დღესასწაულები, რომლებიც საზოგადოებრივი იდენტობის საზრისს ატარებს და გამოიხატება: სიმღერებში, მოთხრობებში, ნახატებსა და მონუმენტებში.
ამერიკული სამოქალაქო რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიზუალური სიმბოლო ამერიკის დღოშაა, რომელიც ნაციის საერთო იდენტობის გამომხატველიაDavid Morgan, The Sacred Gaze, 2005 (დევიდ მორგანი, საკრალური მზერა, 2005). (სურ. 1)
01
ხსოვნის დღე, მადლიერების დღე ის დღესასწაულებია, რომლებიც ამერიკაში  სამოქალაქო ომიდან მიღებული გამოცდილებიდან ამოიზარდა, რადგანაც სწორედ ომი მიეხმარა საზოგადოებას მნიშვნელოვანი საკითხების ახალ ჭრილში გათავისებაში: ცხოვრება, სიკვდილი, თავგანწირვა, აღორძინება, ადამიანის მნიშვნელობა, მონობისადმი დამოკიდებულება და ა.შ.
მაღალი იდეალებისათვის სიკვდილი ბრძოლის ველზე აღიქმება, როგორც მსხვერპლშეწირვა რელიგიური გაგებით, ხოლო დაღუპულები ასრულებენ ღვთის ნებას. გარდაცვალებულების ხსოვნის პატივისცემამ ასახვა პოვა ხსოვნის დღეში. ყოველწლიურობის ტრადიცია თანმხლები რიტუალით და ნაციონალური სტატუსის მქონე ტოპოსებით, საკრალურს ხდის ამ ზეიმს და ის მოიაზრება, როგორც სამოქალაქო რელიგიის შემადგენელიPeter Gardella, American Civil Religion: What Americans Hold Sacred, 2014 (პიტერ გარდელა, ამერიკული სამოქალაქო რელიგია: რას მიიჩნვენ ამერიკელები საკრალურად, 2014). ტოპოსის ჭრილში ასეთ ადგილებად გადაიქცა ნაციონალური სასაფლაოები, ისეთი, როგორიც გეტისბურგია, რომლიც, ამავე დროს, მახსოვრობის ვიზუალური გამოხატულებაა. (სურ. 2)
02
მადლიერების დღე, რომელიც 1863 წლიდან ოფიციალურ ყოველწლიურ დღესასწაულად გამოცხადდა პრეზიდენტ ლინკოლნისთვის - არის „ მადლიერებისა და ქების დღე მამაზეციერის მიმართ“. ის ერთგვარი რელიგიური დღესასწაულია საზოგადოების ყველა წევრისათვის. ტრადიციის მიხედვით, ოჯახის სხვადასხვა თაობა  ოჯახის უფროსი წევრების სახლში იყრის თავს სადღესასწაულო სუფრაზე და მადლიერებას გამოხატავს ყველაფერი კარგისთვის, რაც მათ ცხოვრებაში  მოხდა.
ნორმან როქველის „მადლიერების დღე“ არქეტიპული ხატია, რომელიც სამოქალაქო რელიგიის ვიზუალური გამოხატულებაა. ასაკოვანი წყვილი ოჯახურ შეკრებაზე რიტუალური სადილის მასპინძელია. სიმბოლური  მნიშვნელობით მადლიარაბის დღე მიძღვნის, ერთგულების,  სულგრძელობის, ხელგაშლილობის, სიყვარულის აქტია, რომელის შედეგია შთამომავლობა. ეს კულტურული ხატი შეიცავს ვიზუალურ წვდომას რაღაცისა, რაც შეუცდომლად ამერიკულია, პერსონიფიცირებას უკეთებს ნაციის ხასიათს -ესაა ფიქრები, ღირებულებები, გრზნობები, აღქმა, სულიერი ხატები, რომელიც ქმნის ამერიკას. (სურ. 3)
03
მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი პოსტერი - „გახდი ექთანი“, ახალგაზრდა ქალბატონს წარმოგვიდგენს. ის  ექთნის თეთრ ქუდს სურათის სივრცეში შემოსული ამერიკის დროშის სიმბოლოებით გაფორმებული ხელებიდან ღებულობს, ქვევით კი წარწერაა - შენს ქვეყანას სჭირდები. ხელები ვიზუალურად გვახსენებს ღმერთის მაკურთხებელ ჟესტს, ღმერთისა, რომელიც ნაციას აერთიანებს.  (სურ. 4)
04
სამოქალაქო რელიგიის საკითხი ბევრ სადავო თემას შეიცავს, რომლებზეც მსჯელობა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს თემა საინტრესოა თეორიულადაც და ვიზუალური რეპრეზენტაციის კუთხითაც.

ნანახია: 4153-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani