Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული მხატვრული ფაიფურის ისტორიისათვის

სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ქართული კერამიკის ხელოვნებამ განვითარების რთული და მეტად საყურდღებო გზა განვლო. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან (ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII ათასწლეული) ჩვენი წინაპრები თიხას სათანადოდ ამუშავებდნენ, მისგან ჭურჭლის  ფორმებს ძერწავდნენ, წვავდნენ და დეკორით ამკობდნენ. კერამიკული ხელოვნების განვითარების მაღალ კულტურაზე საქართველოს მუზეუმებში დაცული გასული საუკუნეების მრავალი მაღალმხატვრული ნიმუში მეტყველებს, ხოლო საქართველოს სხვადსხვა მხარეებში მუდმივად მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დღესდღეისობითაც ახალ-ახალი ნიმუშებით ავსებს და ამდიდრებს ქართული კერამიკის უძველეს ფონდს.
საუკუნეების მანძილზე კერამიკული ხელოვნება ხალხურმა რეწვამ შემოინახა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებობდა მეთუნეობის ადგილობრივი მძლავრი ცენტრები, სადაც უწყვეტად მზადდებოდა საყოფაცხოვრებო და მხატვრული კერამიკის ნიმუშები. XIX საუკუნეში ქართული ხალხური კერამიკის გვერდით უხვად გამოჩნდა დასავლეთ-ევროპული საქარხნო კერამიკული ნაწარმი, რომელმაც, გარკვეულწილად, შეავიწროვა და ქალაქების ბაზრებიდან განდევნა შინამრეწველური ქართული კერამიკა. იმავე საუკუნის ბოლო წლებიდან, ქართული კულტურის სხვა დარგებთან ერთად გამოცოცხლება  კერამიკულმა ხელოვნებამაც დაიწყო. მხატვრული კერამიკის წარმოებისა და მისი აღორძინების საკითხს, მოწინავე მოღვაწეებთან ერთად, მხატვრებმაც მიაქციეს ყურადღება. ამ საქმეს განსაკუთრებით დიდი ამაგი დასდეს მხატვრებმა ალექსანდრე ბერიძემ (1858-1917) და ალექსანდრე მრევლიშვილმა (1866-1933). ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მცხეთის კერამიკული სკოლის დაარსება (1912) და მხატვრული კერამიკის წარმოება, რომელსაც მხატვარ-კერამიკოსი ბორის შებუევი (1879-1964) ხელმძღვანელობდა.კვასხაძე შ., „კერამიკული ხელოვნება აღმავლობის გზაზე“, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, №1-2, 1954,  გვ. 45
თანამედროვე ქართული კერამიკის ისტორია კი 1925 წლიდან დაიწყო, როდესაც ახლად დაარსებული სამხატვრო აკადემია (1922 წ.) მცირედ გაფართოვდა, მას შეემატა კერამიკული სახელოსნო. სახელოსნოს გამგედ მხატვარი-კერამიკოსი ბორის შებუევი დაინიშნა. ეს სახელოსნო, ნაწილობრივ, მცხეთის კერამიკული სკოლისა და ქართული ხალხური კერამიკის ტრადიციებს ემყარებოდა. სახელოსნო მხატვრებს კერამიკული ნაწარმის შექმნისა და მისი გამოწვის საშუალებას აძლევდა. აკადემიაში პირველი დღეებიდანვე აღდგა მხატვრული ჭურჭლის წარმოებაც. სახელოსნოს დაარსებამ დასაბამი მისცა მცირე ზომის თიხის სკულპტურისა და ბარელიეფის წარმოებას. 1927 წელს ქანდაკების ფაკულტეტთან გაიხსნა კერამიკული განყოფილება, გამგედ ალექსანდრე ფიცხელაური დაინიშნა. შემუშავდა სასწავლო გეგმა ხუთწლიანი პროგრამით. განყოფილებაში ასწავლიდნენ: ტექნოლოგი ალექსანდრე ფიცხელაური, მხატვარ-კერამიკოსი ბორის შებუევი, ქიმიკოსი მიხეილ ხანანაშვილი, ოსტატები სანდრო იორდანიშვილი, ლიუდვიგ ტომაშუკი. 1930 წლიდან კი სამხატვრო აკადემიის რეფორმის შემდეგ, არქიტექტურულ, ფერწერულ-საქანდაკო და ლითოგრაფიის (პოლიგრაფიის) ფაკულტეტთან ერთად კერამიკის ფაკულტეტიც გაიხსნა.  აკადემიაში არსებობდა ვრცელი ქიმიური ლაბორატორია, სადაც  საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თიხის ნედლეულის შესწავლა ხდებოდა. ამ ლაბორატორიას მიხეილ ხანანაშვილი ხელმძღვანელობდა.კვასხაძე შ., „კერამიკული ხელოვნება აღმავლობის გზაზე“, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, №1-2, 1954, გვ.45-46აღნიშნულ ნიადაგზე 1930-იანი წლებიდან იწყება ქართული ფაიფურის ისტორიაც.
ცნობილია, რომ ფაიფურის წარმოებას ჩინეთში VI საუკუნეში, ტანგის დინასტიის დროს (617-907 წ.წ.) ჩაეყარა საფუძველი. ევროპის ქვეყნებში კი მისი დამზადება XVIII საუკუნის დასაწყისიდან დაიწყეს. იმავე საუკუნის ბოლოს და განსაკუთრებით XIX საუკუნის დასაწყისში, ფაიფური საზოგადოებაში ფართო მოხმარების საგანი გახდა.
საქართველოში ფაიფურის წარმოება, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, კერამიკული ხელოვნების ახალი დარგია. ადგილობრივი საფაიფურე ნედლეულის ძიება, შესწავლა და მისი წამოებაში დანერგვა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. ქართული ფაიფურის ჩამოყალიბება-განვითარების ხანად 1930-50-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ.
ქართული ფაიფურის, როგორც ერთ-ერთი თავისებური მხატვრულ დარგის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ძალზე რთულმა და საინტერესო ძიებებმა. ბევრი მხატვარ-კერამიკოსი დიდი გულისყურით ეუფლებოდა ამ ახალ დარგს და სწორედ ამან გამოავლინა და შეაკავშირა ერთიან ჯგუფად სრულიად სხვადასხვა ასაკისა და მხატვრული მონაცემების მქონე კერამიკოსი მხატვრები. მათი ერთიანი შემოქმედებითი ძიებით ხდება ქართული ფაიფურის ჩამოყალიბება. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ფაიფურის შექმნაში მონაწილეობდნენ სპეციალური განათლების მქონე პროფესიონალი მხატვრები (ბორის შებუევი, ზაქარია მაისურაძე, ნიკოლოზ გომელაური). არსებულმა მდგომარეობამ ხელი შეუწყო ამ დარგის წინსვლას და მიზანდასახულ განვითარებას.
ქართული ფაიფურის ისტორიაში პირობითად სამი ეტაპი შეიძლება გამოვყოთ. პირველი ეტაპის (1930-1940-იანი წლები) ძირითადი ამოცანა საერთოდ ქართული კერამიკის (წითელი თიხა, ფაიფური) კულტურის აღდგენა-განვითარების საკითხი იყო.
1930–იან წლებში საქართველოში გეოლოგიური დაზვერვის შედეგად პირველად აღმოაჩინეს ფაიფურ-ფაიანსის მისაღებად საჭირო სუფთა თეთრი-კაოლინური თიხები, რომლებიც  ქართული თეთრკეციანი კერამიკის განვითარებისათვის მთავარ პირობას წარმოადგენდა. სამრეწველო მნიშვნელობის კაოლინური თიხების საბადოებიდან აღსანიშნავია იკრიბოს, ყოფილ ქ. მახარაძის (ამჟამად ოზურგეთი) და ბოლნისის რაიონებში აღმოჩენილი თიხები. დიდი რაოდენობით მოიპოვება საქართველოში ფაიფურის წარმოებისათვის საჭირო სხვა ნედლი მასალაც (კვარცის ქვიშა, მინდვრის შპატი, თაბაშირი). ცნობილია, აგრეთვე, სხვადასხვა რაიონებში არსებული ცეცხლგამძლე თიხების საბადოები. 30-იან წლებში ჩატარდა ამ მასალის ლაბორატორიული კვლევა, მისი ტექნიკური თვისებების შესწავლა და მათგან ფაიფურის მასის მიღების შესაძლებლობის გამოკვლევა. ასეთი საძიებო მუშაობა თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის კათედრამ და მინერალური ნედლეულისა და საქართველოს სარეწაო კოოპერაციის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარეს. ხანანაშვილი მ., ფაიფური, თბ., 1960, გვ.84დადგინდა ქართული ფაიფურის მასისა და ჭიქურის რეცეპტურა. ამის შედეგად ქარხნის დაარსების საკითხი დაისვა.
1939-1940 წ.წ-ში საფუძველი ჩაეყარა პირველი საცდელი ქარხნის მშენებლობას ქ. მახარაძეში (ოზურგეთი), 1942 წლიდან ქარხანა ექსპლუატაციაში შევიდა და საქართველოს ფაიფურის ისტორიაში პირველად იქნა გამოშვებული თეთრკეციანი კერამიკის ნაწარმი _ ქართული ფაიფური. (ხანანაშვილი მ., ფაიფური, თბ., 1960, გვ.86) თუმცა, საწარმოში ვერ მოხერხდა მხატვრული და საყოფაცხოვრებო ფაიფურის  წარმოებისათვის საჭირო ბაზის შექმნა (ქარხანა უშვებდა ფაიფურის ელექტრო გორგოლაჭებს, ჭერის როზეტებს და სხვა ტექნიკურ ნაწარმს). პირველი პერიოდის დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს სტუდენტების მიერ შექმნილი საკუთარი, ქართული ფაიფურის რეცეპტურა და დამუშავების ორიგინალური ხერხები. მათ შორის: 1937 წლის კურსდამთავრებულმა კერამიკოსმა მიხეილ გიორგაძემ გურიის სოფელ ასკანის კაოლინისაგან შექმნა პირველი ქართული ფაიფურის მასა. ქ. პესოჩნოს ფაიფურის ქარხნის ლაბორატორიამ მ. გიორგაძის ფაიფურს მაღალი შეფასება მისცა. ამ მასალით მან შეასრულა (რუსეთში) სადიპლომო ნამუშევარი _ სასადილო სერვიზი (დღეისათვის არ იძებნება). სამრეწველო ბაზის უქონლობის გამო არ მოხერხდა გიორგაძის ფაიფურის წარმოებაში დანერგვა.
არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი მხატვარ-კერამიკოს ნიკოლოზ გომელაურს. მან შეიმუშავა ფაიფურის ჭიქურქვედა მოხატვის ახალი ხერხი, რომელიც მხატვრული თვალსაზრისით ფრიად მნიშვნელოვანია. მოხატვა წარმოებდა პირდაპირ გამოუწველ ნედლ კეცზე, რაც თავიდან იცილებდა საღებავის ზედაპირზე არასასურველ გაჟონვას და ნახატს გრაფიკულ სისუფთავეს და სიმკვეთრეს უნარჩუნებდა. ეს აღმოჩენაც დაუნერგავი დარჩა.
1930-1940 წლებში არა თუ აკადემიაში, არამედ საერთოდ საქართველოში არ არსებობდა საწარმოო ბაზა, სადაც მხატვარს ესკიზის მასალაში შესრულების საშუალება მიეცემოდა. მხატვრები ხშირად სარგებლობდნენ რუსეთის ქარხნებიდან შემოტანილი „თეთრეულით“ (მოუხატავი ფაფურის ნაწარმი) და იძულებული იყვნენ მზა, უცხო ფორმისათვის საკუთარი კომპოზიციით შექმნილი ნახატი მოერგოთ. ასეთი ნიმუშები ჭიქურზედა მხატვრობით იმკობოდა.
შემდგომში იწყება მეორე ეტაპი (1940-იანი წლების ბოლო - 1950-იანი წლები), როდესაც სტუდენტებს რუსეთის, უკრაინის და რიგის ფაიფურის ქარხნებში გამგზავრებისა და იქ საკუთარი ფორმების (სადიპლომო ან საკურსო ნაშრომი) მასალაში შექმნის საშუალება მიეცათ. აკადემიის პერიოდში ფაიფურში პირველად მუშაობდნენ ეკატერინე ბაბლიძე, მიხეილ გიორგაძე, ევგენი ხაჩიძე, ივანე ბუზარიაშვილი, აბესალომ (კუკური) ბარამიძე, მერი ჯალაღანია, გივი ყანდარელი, მადლენა ბაიდაშვილი, ანა ნაჩარიანი, მედეა ჩიხლაძე, ირინე გაჩეჩილაძე, სულხან სულხანიშვილი, გულნარა გოგიჩაიშვილი, რუსუდან მეტრეველი, ელენე ვატაევა და სხვა მხატვრები. ახალგაზრდა მხატვრებს ასწავლიდნენ გამოცდილი პედაგოგები დავით ციციშვილი, ზაქარია მაისურაძე და ნიკოლოზ გომელაური, რომელთა მოღვაწეობის მთავარი მიზანი ეროვნული ტრადიციების საფუძველზე შემოქმედებითად გააზრებული ქართული კერამიკული სკოლის შექმნა იყო.
ქართული ფაიფურის ხელოვნებაში გამორჩეულია 1950-იანი წლები, რომელსაც კერამიკის ისტორიაში ხშირად ,,ქართული ფაიფურის~ სახელით მოიხსენიებენ, რადგან კერამიკოსები თავიანთ ნამუშევრებს, ძირითადად, ფაიფურის მასალაში ასრულებდნენ. ამ პერიოდში შეიქმნა დიდი ზომის, დეკორით და სიუჟეტური კომპოზიციით უხვად შემკული საზეიმო ხასიათის მქონე ლარნაკები, ტორშერები და სხვადასხვა კომპოზიციებიკიკნაძე ნ., მერი ჯალაღანია, თბილისი, 2007, გვ. 5
ქართულმა ფაიფურმა მხატვრული ლარნაკის ბევრი ნიმუში შექმნა. დეკორატიული ლარნაკები გვხვდება არაერთი მხატვრის შემოქმედებაში. მათ შორის აღსანიშნავია ირაკლი ყანდაშვილის (1948, 1952), ივანე ბუზარიაშვილის (1948), შოთა ციციშვილის (1952), გულნარა გოგიჩაიშვილის (1953) და სხვათა ნაკეთობები. ეს ნიმუშები ამჟამად დაცულია თბილისის სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ფონდებში (სამწუხაროდ, რიგი ნიმუშების ავტორების დადგენა ჯერჯერობით არ მოხერხდა). გამოკვეთილი სილუეტის, სადრესასწაულო ფორმის ლარნაკები, გამოყვანილი შუა წელით და მაღალი ამოყვანილი ყელით, უმეტესად, დგას მოჩუქურთმებულ მყარ სადგამზე, მოხატულობაში გამოყენებულია ფერწერა, სკულპტურული რელიეფი და ჭვირული ორნამენტი. ხშირ შემთხვევაში ისინი მოხატულია ჭიქურზედა კობალტის საღებავით შესრულებული მცენარეული ორნამენტით, მოვარაყებულია ოქროს საღებავით. უმეტეს შემთხვევაში, დეკორატიული ელემენტების სიჭარბე ეკლექტურ ხასიათს ატარებს. იკარგება ნაკეთობის ფორმის მთლიანობა. (სურ. 1, 2, 3)

1-12-3-

ლარნაკების სერიაში გვხვდება ფერწერული პორტრეტებით შემკული ნიმუშები, მათ შორის საინტერესოა გ. ყანდარელის mier Seqmnil yalibSi შესრულებული კერამიკული ფორმით და ს. ადიკაშვილის ნახატით წარმოდგენილი ნაკეთობები. ლარნაკი საზეიმო, პარადული და წარდგენითი ხასიათისაა. კობალტის საღებავით დაფერილი სადა ფორმა გაფორმებულია დეკორატიული პატარა ზომის სახელურებით, მორთულობაში რელიეფური მცენარეული ორნამენტია გამოყენებული. ლარნაკების წინა ფასადებზე წრიულად გამოკვეთილ, მოვარაყებულ ჩარჩოში ერთ შემთხვევაში მწერალ აკ. წერეთელის, ხოლო მეორე შემთხვევაში ილ. ჭავჭავაძის პორტრეტებია გამოსახული.
ხილის ლარნაკების თემა ცნობილია ჯერ კიდევ ძველ ქართულ ჭედურ და კერამიკულ ხელოვნებაში. საყურადღებო ნიმუშია გიორგი ლომიძის ჭვირული ორნამენტით დამუშავებული ლარნაკი (სხმ/213/14), რომელიც მნახველის ყურადღებას არქიტექტონიკით იქცევს. (სურ. 4)

4-

სკულპტურული ფორმების გამოყენებას მიმართავს მ. ჩიხლაძე 1954 წელს ხილის ლარნაკის შესრულებისას („სამაია“). ყურადღებას იქცევს მის გარშემო სამი მოცეკვავე ქალის გამოსახულება. თვითონ ლარნაკი დეკორატიულია. მცენარეული ორნამენტი აქაც, ისევე, როგორც სხვა მხატვრ-კერამიკოსების შემოქმედებაში საწყისს ძველი ქართული თემატიკიდან იღებს. სკულპტურული ფორმის ზემოდან დამაგრებულია ჭვირული ორნამენტით შესრულებული ნიმუშის ზედა ნაწილი, რაც სიმსუბუქეს აძლევს საკმაოდ დიდი ზომის გაშლილ ლარნაკს. ფორმისა და დეკორის გადაწყვეტას ეხამება ნაკეთობის თბილი, ღია მწვანე საღებავის ტონი, რომლითაც ჭურჭელია დაფერილი. (სურ. 5)

5-

აღსანიშნავია, აგრეთვე, კერამიკოს ნოე სურგულაძის მიერ შესრულებული ლარნაკი. მასზე გამოსახულია ქართულ სამოსში გამოწყობილი სამი სკულპტურული ფიგურა, რომლებიც ზეაწეული ცალი ხელით იკავებენ ნაკეთობის თავს.
დიდი მუშაობაა გაწეული კერამიკული ჭაღებისა და ელექტრო-გასანათებელი მოწყობილობის შესაქმნელად. მაგალითისათვის გამოდგება ლევან ყიფიანის ავტორობით შესრულებული ფაიფურის ბრები და ჭაღი (დაცულია მხატვრის ბინაში) (სურ. 6), გიორგი კობერიძის ,,დღის სინათლის ბრა~ და სხვა.

6-

ფაიფურის მასალისაგან სხვადსხვა დანიშნულების მრავალი ნიმუშია შექმნილი. აღსანიშნავია ჟუჟუნა ფორჩხიძის, შოთა ნარიმანიშვილის, გივი ფაჩუაშვილის, სუსანა ველიანის  და სხვათა დეკორტიული ტორშერები. ისინი მონუმენტურობით გამოიჩევიან. მათ შორის გამოვყოფ მხატვარ–კერამიკოს ავთანდილ სპარსიაშვილის „ტორშერს“, რომელიც რთული შედგენილობისაა. ნაკეთობის სიმაღლე 2 მ. 40 სმ–ია. გათვალისწინებულია ათ ნათურაზე. შედგება სადგამისაგან, სვეტისა და მასზე დასადგმელი დიდი ზომის ჯამისაგან. მოზრდილ ჯამში ჩადგმულია უფრო ვიწრო ყელიანი ჯამი, რომელიც თითქოს ამოზრდილია და აგვირგვინებს სვეტს. სადგამი მრგვალია და გარშემორტყმულია ფოთლოვანი დეკორით. ფოთლების ზემოდან ქვემოთ ჩამოფენილი ბოლოები ამოხვეულია. თითოეული ხვეული გაყოფილია ოქროსფერი ხაზით. ფოთლოვანი დეკორის ზემოთ შემოვლებულია სადა რელიეფური ზოლი, შემდეგ წნული და ისევ შედარებით მცირე ზომის ფოთლოვანი ჩუქურთმა. ტორშერის სვეტი აწყობილია ერთ კონად შეკრული მოგრძო-ოვალური ლილვებით, რომელიც ზემოდან ქვემოთ ვიწროვდება. შეერთების ადგილები ოქროს ვარაყის ხაზებითაა აქცენტირებული. სვეტზე დამაგრებული მთლიანი ფორმის ჯამის გარშემო შედარებით თხელი კეცის მქონე ათი შუქგამტარი მრგვალი ვარდულია ჩასმული. ორ ჯამს შორის უხილავად დამაგრებულია ნათურები.  ნაკეთობის ყველა დეტალი სხვადასხვა ხასიათშია  გადაწყვეტილი, რაც მთლიანობაში გადატვირთულობის შთაბეჭდილებას ტოვებს (სურ. 7).

7-

1950–იანი წლების აკადემიის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ბევრი ორიგინალური და პრაქტიკული ამოცანა გადაწყვიტეს. მათ შორის აღსანიშნავია მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიცია წყაროს თემაზე. ფაიფურის მასალაში ორი განსხვავებული წყაროს ანსამბლი შეასრულეს კერამიკოსებმა ნარიმან ცერაძემ და რევაზ იაშვილმა.
ფაიფურის ჭურჭელი ამ პერიოდის თითქმის ყველა მხატვარ-კერამიკოსის შემოქმედებაში გვხვდება. ესენია: ეკატერინე ბაბლიძე, გიორგი ქართველიშვილი, მერი ჯალაღანია, აბესალომ ბარამიძე, ჟუჟუნა ფორჩხიძე, ირინე გაჩეჩილაძე, მედეა ჩიხლაძე, გულნარა გოგიჩაიშვილი,  ლევან ყიფიანი და სხვები.
თვალსაჩინოა ე. ბაბლიძის მიერ შესრულებული ფაფურის ჭურჭლის ნიმუშები. მის ნამუშევრებში შედარებით უკეთაა გამოვლენილი ფაიფურის მასალის გამორჩეული თვისება _ კეცის სიმსუბუქე, რაც ახასიათებს ფინჯანს ლამბაქთან ერთად. ფინჯანი წარმოდგენილია განიერი გაშლილი პირითა და დაბალი ლამაზად გამოყვანილი მუცლით. ნაკეთობას ამშვენებს სტილიზებული მცენარეული სახელური. აღნიშნულ ფორმაზე მხატვარმა სამი (სხმ/213/43,44,45) განსხვავებული ფერწერული ვარიანტი შექმნა, რომელებიც ფერების და ნახატის ღრმა შეგრძნებით ხასიათდება. მხატვარმა შეძლო ერთფეროვან ფორმაში დეკორით მრავალფეროვნება შეეტანა და იმდენად განსხვავებული ვარიანტები მიიღო, რომ თუ სამივე ნიმუშს ერთად არ უყურებ, ძნელად შეამჩნევ მათი ფორმის ერთგვაროვნებას (სურ. 8, 9, 10).

8-9-
10-

ფაიფურის მასალაშია შესრულებული ირინე გაჩეჩილაძის ფინჯანი ლამბაქით (სხმ/213/59). მარტივი ფორმის ნიმუში მოხატულია ღია ვარდისფერი და მოლურჯო–მონაცრისფრო მცენარეული ორნამენტით და გაფორმებულია ოქროს ვარაყით (სურ. 11).

11-

ინდივიდუალური მხარტვრული ნიმუშებიდან, აგრეთვე, საინტერესოა ფაიფურში შესრულებული მცირე ზომის ქანდაკების ნიმუშები. მათ შორის ალდე კაკაბაძის ქართული ხალხური ზღაპრებისა და გურამ დოლიძის დ. კლდიაშვილის ნაწარმოებთა პერსონაჟები (სხმ/213/122,123,124,125) (სურ. 12, 13), იოსებ აჯიაშვილის პოემა ,,ვეფხისტყაოსნის~ გმირი ტარიელი (სხმ/213/69) და სხვები. ცალკეულ ჯგუფს წარმოადგენს სამშვენისები ფრინველისა და ცხოველების გამოსახულებებით: გ. ქართველიშვილის ,,მამალი~ (სხმ/213/26), სულხან სულხანიშვილის ,,მტრედი~ (სხმ/213/47) და ,,ოქროს თევზები~ (სხმ/213/48,49,50) და ა.შ. იუმორითაა სავსე იოსებ მელაშვილის სკულპტურები: ,,ფეხბურთელი გოჭი~ (სხმ/213/31), ,,დირიჟორი იხვი~ (სხმ/213/30), ,,მოკრივე ბაჭია~ (სხმ/213/29) (სურ. 14, 15) და სხვ.
გულდასმით დამუშავებული სხეულის დეტალები, ქსოვილის დრაპირებული ზედაპირი, ფორმების და ფერების ჰარმონიული შეხამება, მეტყველი სახეები და გამოხატული ხასიათი ქართულ მცირე პლასტიკის ნიმუშებს გამორჩეულ ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს.

12-13-
14-15-

განხილული პერიოდის ქართული ფაიფურის მხატვრული სახის ჩამოყალიბება და მისი თავისებურება განაპირობა 1950-იანი წლების მხატვრულმა სტილმა (სოცრეალიზმი) და თვით პროფესიონალი კერამიკოსების სწრაფვამ, შეექმნათ ქართული თანამედროვე კერამიკული ხელოვნება, რომელიც ერის მრავალსაუკუნოვანი კულტურის ორგანული ნაწილი იქნებოდა. ბუნებრივია, მათი ყურადღება ეროვნულ საგანძურზე შეჩერდა. ფაიფურის შემკულობაში ფართოდ გამოიყენეს ძველი ქართული რელიეფის, ჭედურობის, მინიატურის ორნამენტი, რაც ნიმუშებს  ეროვნულ ტრადიციებთან აკავშირებს. აღნიშნულმა პროცესებმა თავისებური  უარყოფითი გავლენა მოახდინა ნაკეთობების მხატვრულ მხარეზე. ძირითადად, ეს ფორმის დეკორით გადაჭარბებულ შემკობაში გამოვლინდა. სხვადასხვა მასალის ზედაპირიდან აღებული დეკორატიული ელემენტები (კედლის რელიეფი, ჭედუროაბა), ხშირ შემთხვევაში, გამოყენებულია პირდაპირ, მხატვრული გადამუშავების გარეშე. არაა გათავისებული ფაიფურის ფაქტურის თვისობრიობა. ნაკეთობებზე ვხვდებით არქიტექტურულ ნიშებს, დაბალ და ჰორელიეფურ ფიგურებს,  რაც არ მიესადაგება ფაიფურის მასალისათვის სახასიათო თხელ კეციან ზედაპირს. ამასთან, უხვი ფერწერული და რელიეფური ორნამენტი ანაწევრებს ფორმას და ხელს უშლის  ნიმუშების  ერთ მთლიანობაში დასრულებულ მხატვრულ ნაკეთობად აღქმას. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კერამიკოსები  თავისუფლად ფლობენ ფაიფურზე ფერწერული მოხატვის და რელიეფური ძერწვის საშუალებებს. მასალაში შესრულების ოსტატობა, ხშირ შემთხვევაში, მაღალი პროფესიული დონით გამოირჩევა.
ინდივიდულალური, მხატვრული ფაიფურის წარმოება საქართველში 1950–იანი წლების ბოლოდან წყვეტს არსებობას. გამონაკლისს წარმოადგენს კერამიკოსების - მერი ჯალაღანიას (ზუგდიდის ფაიფურის ქარხანა), ოთარ მუხიგულის (თბილისის სამხატვრო აკადემია) და ავთანდილ სპარსიაშვილის (თბილისის სამხატვრო აკადემია)  შემოქმედება. მხატვრული ფაიფურის წარმოების შეწყვეტის მიზეზი გაუმართავი საწარმოო ბაზა იყო, რაც მხატვრებს შემოქმედებითი მუშაობის საშუალებას არ აძლევდა.  მომდევნო წლებში ფაიფურის ხელოვნება თავის სიცოცხლისუნარიანობას სერიულ წარმოებაში აგრძელებს და მისი განვითარება სამრეწველო ფაიფურის (ჭურჭელი, სუვენირები და სხვა ნაკეთობები) სახითაა წარმოდგენილი და არა როგორც თავისუფალი შემოქმედება.
აღსანიშნავია, რომ წარმოება თავისუფალ შემოქმედებას გარკვეულ სიძნელეებს უქმნის, უყენებს შესაბამის მოთხოვნებს. ამიტომ საქარხნო წესით შესრულებული ნაწარმი არა მარტო დეკორატიულ ამოცანებს უნდა წყვეტდეს, არამედ მეტი პრაქტიკულობით უნდა ხასიათდებოდეს. გაცილებით მეტი თავისუფლება აქვს მხატვარს, როდესაც იგი ქმნის არა სერიულ,  სტანდარტულ, არამედ მხოლოდ ერთ, უნიკალურ ნაწარმოებს.
სწორედ ამ მდგომარეობამ განაპირობა ფაიფურის ნაკეთობის ორ დიდ ჯგუფად დაყოფა. მათ შორის ნაკეთობის მხატვრული ხასიათის მხრივ დიდი სხვაობაა, მაგრამ ბევრია მსგავსებაც. ეს გამოწვეულია იმით, რომ წარმოებაში მომუშავე კერამიკოსები, იგივე მხატვრებია, ვინც ინდივიდუალური მხატვრული ფაიფურის ხელოვნება შექმნეს ჩვენს ქვეყანაში ან მათი თანადროული და მომდევნო თაობის სამხატვრო აკადემიის აღზრდილები, რომლებიც თავის შემოქმედებაში სწავლებით მიღებულ ცოდნას იყენებდნენ.
საქართველოში ქარხნული წარმოების პერიოდი (1950-იანი წლების ბოლო-1990-მდე), ფაიფურის ხელოვნების ისტორიის მესამე ეტაპს წარმოადგენს, როცა მხატვრებს საშუალება მიეცათ საკუთარი ესკიზი ფაიფურის მასალაში საქართველოში, ადგილობრივ საწარმოებში შეესრულებინათ.
1949 წწ. თბილისში (ნავთლუღი) საძირკველი ჩაეყარა ფაიფურ-ფაიანსის დიდ საწარმოს - თბილისის კერამიკულ კომბინატს, რომელსაც სათავეში რუსეთიდან დაბრუნებული ქართველი სპეციალისტები ჩაუდგნენ.
კომბინატი სანიტარულ-ტექნიკური ნაწარმის გამოსაშვებად იყო დაპროექტებული (პირსაბანი ნიჟარები, უნიტაზები, მოსაპირკეთებელი ფილები), ხოლო საჭურჭლე ნაწარმის დამზადება ამ პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა. თავდაპირველად საწარმოში  სამხატვრო სახელოსნო ორი მხატვრის - ევგენი ხაჩიძის და ნიკოლოზ (კოლია) ლუარსაბიშვილის და ორი მხატვარ-შემსრულებლის - გერასიმოვას და მაქსიმოვას შემადგენლობით ჩამოყალიბდა. თბილისის კერამიკულ კომბინატში ნახევარფაიფურის ჭურჭლის გამოშვება 1954 წლიდან დაიწყეს. 1955 წლიდან კი, როდესაც კომბინატში თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მხატვარ-კერამიკოსების რიცხვი გაიზარდა, მხატვრული ნაწარმის რაოდენობაც საკმაოდ გადიდდა. კომბინატში მუშაობდნენ მხატვარ-კერამიკოსები: მადლენა ბაილაშვილი, აბესალომ (კუკური) ბარამიძე, იოსებ მელაშვილი, გურამ დოლიძე, ნარიმან ცერაძე, რევაზ მეტრეველი, შოთა ნარიმანიშვილი, რევაზ იაშვილი, შოთა ციციშვილი. წლების განმავლობაში კომბინატის მთავარი მხატვრი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სამხატვრო საამქროს დაარსებასა და ჩამოყალიბებაში. პირველ ხანებში ქარხნაში ჭიქურზედა და ჭიქურქვედა საღებავებით მარტივად გაფორმებულ სხვადასხვა სახის დოქებს, სალიქიორე ჭურჭელს, სურებსა და ლარნაკებს ამზადებდნენ. მოგვიანებით, სხვადასხვა სახის ლამაზად დეკორირებულ ჭურჭელთან ერთად მცირე ზომის პლასტიკის ნიმუშები, კედლის დეკორატიული თეფშები და სხვა ნაწარმიც იქმნებოდა.ხანანიშვილი მ., „ქართული მხატვრული კერამიკა და თბილისის სამხატვრო აკადემია“, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, №10, 1971, გვ. 89
1953 წლიდან კერამიკის და ფაიფურის მხატვრული ნაწარმის გამოშვება  თბილისის კაფელის ფილების ქარხანამ (ღრმაღელე) დაიწყო. ქარხანაში მუშაობდნენ კერამიკოსი-მხატვრები: ელენე მეგრელიშვილი, ქეთევან ვაშაკიძე, გულნარა გოგიჩაიშვილი, მადლენა ბაიდაშვილი, ლევან ფოფხაძე, ივანე ბუზარიაშვილი და სხვები. ქარხანა უშვებდა როგორც ჭიქურქვედა კობალტის საღებავებით, ისე ჭიქურზედა ქართული ხვეული ორნამენტით მოხატულ ფაიფურის სხვადსხვა ჭურჭელს.
1955 წ. თბილისის საბურთალოს აგურის ქარხნის (ყოფილი საშენ მასალათა კომბინატი) ბაზაზე შეიქმნა ფაიფურის კერამიკული საამქრო, ტექნოლოგ ვარლამ ჩარგეიშვილის ინიციატივით, რომელსაც  მხატვარი გრიგოლ ლომიძე ეხმარებოდა. საწარმოში მხატვარ-შემსრულებლად მიიწვიეს თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მხატვრები: მურთაზ აბაშიძე, ლევან ყიფიანი, დიმიტრი კობიაშვილი,  მედეა ჩიხლაძე და სხვები.
თავდაპირველად ეს იყო პატარა კუსტარული წარმოება, რომელიც თბილისის კერამიკული კომბინატის ნარჩენ მასალებს იყენებდა და მისი გადამუშავებით  ნაკეთობებს ამზადებდა. ფორმა და ყალიბიც ,,ნათხოვარი~ ჰქონდათ. სათანადო ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო მხატვრები ვერ მუშაობდნენ შემოქმედებითად. მათ უხდებოდათ სტანდარტულ ფორმაში დეკორით შეეტანათ მრავალფეროვნება.შავგულიძე ე., „წარმოება და მხატვარი“, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, №1, 1977, გვ. 74
1956-1958 წლებში, საამქროს რეკონსტრუქციის შემდეგ, ნაკეთობათა ასორტიმენტი გაიზარდა. ტექნიკური პირობების გაუმჯობესებამ აამაღლა ნაწარმის ხარისხობრივი და მხატვრული დონე. ამ პერიოდში წარმოებული 50 დასახელების ფაიფურის ნაკეთობა, ძირითადად, უტილიტარულ მოთხოვნებს პასუხობდა და მხატვრული თვალსაზრისითაც შედარებით საინტერესო იყო. კომბინატის წარმოებაში განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ფაიფურის შესამკობად შავი ჭიქურის გამოყენება, რომლის დამზადების ტექნოლოგია საწარმოში 1963 წლიდან მკვიდრდება. შავჭიქურიანი კერამიკის ნიმუშებიდან მურთაზ აბაშიძის ორი  ნამუშევარი _ ლიქიორის კომპლექტი ,,თინათინი~ და ,,ნარნარი~, რომელსაც ხარისხის ნიშანი მიენიჭა, წლების განმავლობაში დიდი მოწონებით სარგებლობდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იგზავნებოდაშავგულიძე ე. „წარმოება და მხატვარი“, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, №1 გვ.76საბურთალოს კომბინატში განსხვავებული ასორტიმენტის ჭურჭელი, სერვიზები, სუვენირები, სამშვენისები და ა. შ. ნაკეთობები მზადდებოდა წლების მანძილზე. ფორმები იცვლებოდა, იხვეწებოდა და რთულდებოდა დროის მოთხოვნებისა და ტექნოლოგიური ბაზის გაუმჯობესების შესაბამისად.
1975 წ. ფუნქციონირება დაიწყო და სულ რამდენიმე წელი იმუშავა ზუგდიდის ფაიფურის ქარხანამ. საწარმოში სხვადასხვა ტიპის სერვიზები და სუვენირები მზადდებოდა. (ფრუიძე ლ., „ქართული ფაიფურის სათავეებთან“,ქ. ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის წარმოებისა და ისტორიის შესახებ, ჟ., „საბჭოთა ხელოვნება“, №5 1977, გვ. 32აღსანიშნავია, რომ  საწარმოში, დაარსების დღიდან კონსულტანტად მიწვეული იყო მხატვარ-კერამიკოსი მერი ჯალაღანია. მან აქ 1983-84 წლებში არაერთი ნამუშევარი შეასრულა, რამაც ქარხნის მხატვრული პროდუქციის ხარისხზე დადებითი გავლენა იქონია. შემოქმედებით მუშაობასთან ერთად მხატვარს თვით ფაიფურის მასის დახვეწა, დამუშავება უხდებოდა, რათა სუფთა, თხელკეციანი, მსუბუქი ფაიფური მიეღო. მხატვარი და ქარხნის ხელმძღვანელობა ერთად ცდილობდნენ ქართული ფაიფურის საწარმო საჭირო დონეზე აეყვანათ. ზუგდიდის ქარხანაში მ. ჯალაღანიას მიერ შექმნილია ჩაის და ყავის სერვიზები, კომპლექტები სასმისებისთვის, ლარნაკები, ფინჯნების სასუვენირო ნაკრებები და ა.შ. კიკნაძე ნ., მერი ჯალაღანია, თბილისი 2007, გვ. 10-11
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ პერიოდში ქართველი მხატვარ-კერამიკოსები წამყვან მხატვრებად მუშაობენ რუსეთის ცნობილ ფაიფურ-ფაიანსის საწარმოებში. მათ  შემოქმედებაში იგრძნობა ქართული კერამიკის ტრადიციები. მათ შორის  აღსანიშნავია კერამიკოს ოთარ მუხიგულის (რუსეთი, დულევოს ქარხანა) შემოქმედებითი მოღვაწეობა. მხატვარ-კერამიკოსმა შექმნა არაერთი მხატვრული ლარნაკის და ფაიფურის ჭურჭლის ნიმუში, რომლებიც მოხატულობისა და ფორმის ორგანული ერთიანობით ხასიათდება. მის შემოქმედებაში ხშირია ერთი და იმავე ფორმის განსხვავებული სიუჟეტითა და ფერადოვანი გამით გაფორმებული ჭურჭელი, რომელიც დამოუკიდებელ, განსხვავებულ მხატვრულ ნიმუშებს წარმოადგენს (მაგ. სერვიზები: ,,ნადირობა~, ,,იბერია~, ,,რაინდი~). ფაიფურის მოხატულობაში სტილიზებული ცხოველების, ფრინველების, მცენარეთა გამოსახულებები, სხვადსხვა სიუჟეტები, მათ შორის ნადირობის სცენები, წარმართული რიტუალები, პეიზაჟები, მათი შესრულების მაღალი დონე და ოსტატობა  ნამუშევრებს გამოარჩევს საყოფაცხოვრებო მოხმარების რიგითი ნივთებისაგან და ხელოვნების ნიმუშებად აქცევს (სურ. 16, 17).

1617

ასევე წარმატებით და საინტერესოდ მუშაობდა კერამიკოსი ოთარ გაგნიძე კონაკოვოს ფაიფურ–ფაიანსის საწარმოში (რუსეთი), სადაც მან ცალკეული ჭურჭლის განსხვავებული ფორმები, სასადილო, ჩაის და ყავის სევიზების მრავალი ნიმუში შექმნა. მხატვრის  შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დეკორატიულ ლარნაკებს.
ფაიფურის ხელოვნების ისტორიაში თავისი სიტყვა თქვეს ქართველმა მხატვარ-კერამიკოსებმა. 1950-იანი წლების ბოლოს ქარხნული წარმოების დაწყებასთან ერთად, წამყვანი ადგილი ყოფითმა ნაკეთობებმა დაიკავა. ხალხური კერამიკის ტრადიციების გათვალისწინებით უპირატესობა ვაზის კულტურისათვის აუცილებელ სუფრის ჭურჭელს მიენიჭა. ქართული ფაიფურის ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჭინჭილებმა, სხვადსხვა ფორმის სასმისებმა, ხილის და ლიქიორის სერვიზებმა (სურ.18) და საღვინე დოქებმა. გამორჩეულია გიორგი ლომიძის (სხმ/213/12,13,15) (სურ. 19, 20), ჯემალ გოგიშვილის, ევგენი ხაჩიძის, ნიკოლოზ ლუარსბიშვილის, მურთაზ აბაშიძის და სხვათა დოქები.

181920

ყურადღებას იმსახურებს კერამიკოს დიმიტრი კობიაშვილის დოქი (სხმ/213/8). ნაკეთობა ზემოთ აწეული ,,ტუჩით~, გრძელი ,,ყელით~ და ოდნავ გამობერილი ,,მუცლით~ დგას მაღალ სადგარზე. ნიმუში გაფორმებულია დეკორატიული სახელურით. ფაიფურის დოქი დაფერილია ლურჯი კობალტის საღებავით, შემკულია რელიეფური მცენარეული ორნამენტით. ნაკეთობის მოხდენილ ფორმას, მასთან შეხამებულ საღებავის ფერსა და ორნამენტს დეკორატიულობას მატებს ზომიერად გამოყენებული ოქროს ვარაყი. მხატვარი ჯერ კიდევ გატაცებულია შემკულობით, თუმცა, დეკორი შედარებით დაქვემდებარებულია ფორმას და ხაზს უსვამს მის ძირითად ელემენტებს (სურ. 21).

21

მცირე ზომის ფაიფურის ნიმუშებიდან საინტერესოა სუვენირები, საყვავილე ლარნაკები. ამ ტიპის ნაკეთობებიდან ყურადღებას იმსახურებს მურთაზ აბაშიძის დეკორატიული ლარნაკი ,,ორთავა~. უჩვეულოა ლარნაკის ფორმა. დიდ-პატარა ორი სამკუთხედის ფორმის ლარნაკი აცდენილი კუთხითაა ერთმანეთზე მიმაგრებული. სამკუთხედი ფორმის ხაზობრიობა  გაწონასწორებულია ლარნაკების ოდნავ გამობერილი, მრგვალი ფორმებით. ნაკეთობის ძირითადი ნაწილი თეთრი ფერისაა, მოჭიქული, ყელის ნაწილი და ტუჩი - მწვანე. თეთრ ფონზე სპილენძის მავთულის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილია დეკორატიული აბსტრაქტული ორნამენტი, რომელიც ორგანულად ესადაგება ნიმუშის ფორმას და მხტვრული თვალსაზრისით ესთეტიკურ მიმზიდველობას მატებს ნაკეთობას (სურ. 22).

22

ფაიფურის სერიულ წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მცირე პლასტიკის ნიმუშებს. ნაკეთობები თვითმყოფადი, ფორმის ორიგინალური გადაწყვეტით გამოიჩევა. მათ შორის: ნ. გომელაურის „მოცეკვავე ქართველი ქალი“, ი. მელაშვილის „ყარაჩოღელი“  და „კინტო“, მ. აბაშიძის „არაბი ქალები“  (სურ.23) და სხვ.

23

მხატვარ-კერამიკოსები მხატვრული ნიმუშის შექმნის დროს დიდ ყურადღებას უთმობენ დეკორატიულ შემკულობას. მხატვრული გაფორმებისთვის, ძირითადად, მიმართავდნენ ჭიქურზედა მოხატულობას. საღებავი მასალა გამოირჩეოდა ნათელი ფერებით, ღრმა და ინტენსიური ტონალობით. ნაკეთობების გაფორმებისთვის გამოიყენება ამოკაწვრით შესრულებული, ფუნჯით მოხატული და რელიეფური დამუშავების ხერხებით შექმნილი ორნამენტი. მხატვრული ეფექტის გასაძლიერებლად გამოყენებულია ოქროს ვარაყი. გვხვდება ნაკეთობები, რომლებიც ერთდროულად  შემკულობის სხვადსახვა ხერხითაა გაფორმებული.
საქართველოში ფაიფურის საქარხნო წარმოება 1990-იან წლებამდე არსებობდა. წარმოებაში ცნობილი პროფესიონალი მხატვარ-კერამიკოსები მუშაობდნენ, რომლებმაც არაერთი კერამიკული ნიმუში შექმნეს. ნაკეთობები მოთხოვნით სარგებლობდა საქართველოშიც და იგზავნებოდა და მოწონებას იმსახურებდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (ფინეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, შვედეთი, საფრანგეთი, ინგლისი, იაპონია და სხვ.). ნიმუშები წარდგენილი და დაჯილოებული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო გამოფენაზეხატვრული კერამიკის კონკურსი, ქ. ფაენცა (იტალია), 1979; საბჭოთა მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების გამოფენა, ქ. ბუქარესტი (რუმინეთი), 1980); Изделия из керамики декоративного, культурно-бытового и хозяйсственного назначения, М., 1982, стр. 3
როგორც უკვე ითქვა, ფაიფურის ხელოვნებაში ინდივიდუალური შემოქმედებითი ძიებები 1950–იანი წლებით იფარგლება (იშვიათი გამონაკლისების გარეშე), ხოლო სამრეწველო (საქარხნო) წარმოება 1980–იან წლების ბოლოს წყვეტს არსებობას. შეიძლება ითქვას, რომ ფაიფურის ხელოვნებამ სათანადო განვითარება ვერ პოვა ჩვენ ქვეყანაში და იგი ექსპერიმენტის დონით შემოიფარგლა. ქართული კერამიკული წარმოებისათვის ფაიფური უცხო მასალას წარმოადგენდა და, ამდენად, შემოქმედებით მუშაობაში უარყოფითი მომენტები ერთგვარად გარდაუვალიც იყო. ბოლომდე ვერ მოხერხდა მასალის სახასიათო თვისებების გათავისება, ხშირ შემთხვევაში მიუღწეველია ფორმისა და დეკორატიული ელემენტების მხატვრული მთლიანობა.  1950-იან წლებში დეკორი ისე ფარავდა საგანს, რომ იჩრდილებოდა მისი პლასტიკური ფორმა. ნაკეთობები გადატვირთული იყო მაღალი რელიეფით და ფერწერით. ფაიფურის ხელოვნება ვერ გახდა ჩვენი მხატვრული სინამდვილის ორგანული ნაწილი. ამიტომაც, 1960-იანი წლების შემდეგ მხატვარ-კერამიკოსების უმრავლესობა  ეროვნულ, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე მასალას - წითელ თიხას უბრუნდება, რაც მათ მდიდარ ტექნოლოგიურ, ფორმისეულ და დეკორატიულ მემკვიდრეობას სთავაზობდა. ფაიფური კი ამ პერიოდის სერიულ წარმოებაში გვხვედება და იქაც მხატვრული თვალსაზრისით რამდენიმე გამორჩეული ნიმუში თუ იქმნება. გაუმართავი საწარმოო ბაზა და მასალის დაბალი ხარისხი (სქელი, არათეთრი შეფერილობის  კეცი), ხშირ შემთხვევაში, უარყოფით შედეგებს იძლეოდა.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული  ქართველი მხატვარ-კერამიკოსები შემოქმედებითი მონდომებით მუშაობდნენ კერამიკული ხელოვნების ხელახალი აღორძინებისა და პროფესიული კერამიკული სკოლის შექმნისათვის. ახალი მხატვრული გამომსახველობითი შესაძლებლობების გამოსავლენად მხატვრებმა ტრადიციულ მასალასთან (წითელი თიხა) ერთად შემოქმედებითი ძიებები  ქართული გამოყენებითი ხელოვნებისთვის ახალ - ფაიფურის დარგშიც წარმართეს. მხატვრების ძირითად ამოცანას ეროვნული კულტურის ათვისების მეშვეობით, ახალი მასალისათვის საკუთარი, განსხვავებული სახისა და ფორმის მინიჭება შეადგენდა. თითოეულმა მხატვარ-კერამიკოსმა, საკუთარი ინდივიდუალური ხედვიდან გამომდინარე, განსხვავებულად  გადაწყვიტა მხატვრული ამოცანები, ამიტომ, აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს თითოეული მხატვარ-კერამიკოსის წვლილი ამ დარგის განვითარების საერთო საქმეში. მათი შემოქმედების მთლიანობა ქმნის ქართული ფაიფურის ხელოვნებას.
საქართველოში ფაიფურის ხელოვნების ათვისება ექსპერიმენტული ძიებების პროცესში შეჩერდა, თუმცა ეს ძიებები შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს და სათანადო ადგილიც დაიმკვიდროს ქართულ გამოყენებითი ხელოვნების ისტორიაში.





ნანახია: 21196-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani