მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
სერგო ქობულაძე (საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი; გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი) თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველკურსდამთავრებულთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.
სტატიის მიზანია, ისტორიულ ჭრილში მოხდეს მხატვრის შემოქმედებითი პორტრეტის გააზრება და მისი როლისა და ადგილის განსაზღვრა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში, რადგან დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად იკვეთება სერგო ქობულაძის, როგორც შემოქმედის და მოქალაქის პიროვნული და პროფესიული ღირსებები.
დღევანდელ დღეს, როდესაც ზოგადად ყველა დარგში გარკვეული ნოსტალგია გაჩნდა მაღალი დონის პროფესიონალიზმის მიმართ, აუცილებელიცაა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც თავისი ცხოვრებით, საქმისადმი უანგარობით და ეროვნული ღირებულებებისადმი მართლაც რომ მოწიწებითი დამოკიდებულებით განსაკუთრებული კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში. ერთ-ერთ ამგვარ პიროვნებად გვესახება სერგო ქობულაძე.
მიმდინარე 2014 წელს, ბატონი სერგოს დაბადებიდან 105 საიუბილეო წელი შესრულდა.
სერგო ქობულაძე (1909-1978) იყო საქართველოს სახალხო მხატვარი (1958), სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1958), შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979 წ., სიკვდილის შემდეგ). იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველკურსდამთავრებულთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ანუ წარმომადგენელია იმ თაობისა, რომელმაც ქართულ სახვით ხელოვნებაში სხვადასხვა დარგის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.
დაწვრილებით არ შევჩერდები ბიოგრაფიულ დეტალებზე, ვეცდები წამოვწიო მხოლოდ ძირითადი საკითხები და წარმოვიდგინო ის ატმოსფერო, ის „მიკრო-სამყარო“, რომელშიც სერგო ქობულაძე ჩამოყალიბდა პიროვნებად, თავისი საქმის პროფესიონალად და თავისი ქვეყნის მოქალაქედ. მსურს, ასევე, ზოგადად გადავავლო თვალი მის შემოქმედებით მემკვიდრეობასაც.
•
სერგო ქობულაძეს მხატვრობისადმი განსაკუთრებული სიყვარული ბავშვობის ასაკიდანვე გამოუვლენია და საშუალო სკოლაში სწავლის პარალელურად ბ. შებუევისა და ნ. სკლიფასოვსკის ხატვის გაკვეთილებიც აუთვისებია.
1925 წლიდან მას თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე გაუგრძელებია სწავლა, სადაც გამორჩეული ნიჭის ახალგაზრდა, შესანიშნავი პედაგოგების გიგო გაბაშვილის, ევგენი ლანსერესა და იოსებ შარლემანის ხელმძღვანელობით დაუფლებია მხატვრობის უმაღლეს სკოლას და აკადემიის დამთავრებისთანავე დასდგომია ხელოვნის ძიებებითა და სირთულეებით აღსავსე გზას.
იმ პერიოდის სტუდენტთათვის თბილისის სამხატვრო აკადემია სრულიად გამორჩეული „სამყარო“ იყო. ამ „სამყაროზე“ მოგვითხრობს საქართველოს სახალხო მხატვარი, ასევე, პირველკურსდამთავრებულთა ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, დავით ციციშვილი: „თბილისის აკადემიაში, მისი დაარსების პირველ წლებში სულ ოთხი ფაკულტეტი არსებობდა: ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, არქიტექტურის. პროფესორ-მასწავლებელი, უთუოდ, ოცამდე თუ იქნებოდა. პედაგოგების ნაწილი იყო ადგილობრივი მხატვრებიდან, რომელთაც საფუძვლიანი, პროფესიული ცოდნა საქართველოს საზღვრებს გარეთ მიიღეს. ესენი იყვნენ გიგო გაბაშვილი, გენრიხ ჰრინევსკი, ეღიშე თათევოსიანი, იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე, შემდგომ მათ შეემატა დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი.
ასწავლიდნენ, აგრეთვე, რუსეთიდან ჩამოსული ე. ე. ლანსერე, ი. ა. შარლემანი, ნ. პ. სევეროვი. აკადემიას სათავეში ედგა გ. ნ. ჩუბინაშვილი. დღეს ეს სახელები კომენტარს არ საჭიროებს. მცირე იყო სტუდენტთა რიცხვიც, მაგრამ სწორედ ამ მცირერიცხოვანებამ შეადუღაბა პროფესორები და სტუდენტები ერთ ოჯახად. მასწავლებლები მთელ თავიანთ დროს მოსწავლეებს უთმობდნენ, არავინ დაგიდევდათ განრიგს. მოსწავლეებიც გატაცებით შრომობდნენ, ხშირად შუაღამემდე.“
ასეთი სკოლა განვლო სერგო ქობულაძემ და მის გვერდით მდგომმა პირველკურსდამთავრებულებმა, ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფუძემდებლებმა: უჩა ჯაფარიძემ, კორნელი სანაძემ, ვალენტინ თოფურიძემ, ლადო გრიგოლიამ, ლადო ქუთათელაძემ და სხვებმა.
სტუდენტებისთვის ყველა არსებულ ფაკულტეტზე პარალელურად სწავლა ნებადართული იყო და ამან განაპირობა, რომ მოქანდაკე ლადო გრიგოლია გრაფიკოსის პროფესიასაც ფლობდა, ფერმწერი სერგო ქობულაძე კი თეატრის მხატვრობასა და გრაფიკაშიც თანაბარი ინტერესითა და სიძლიერით მუშაობდა.
დღევანდელი გადასახედიდან თუ გავაანალიზებთ ქართული აკადემიის პირველ-კურსდამთავრებულთა ყოფას, ცხადად წარმოგვიდგება ის ურთულესი პრობლემები, რასაც ამ თაობის მხატვართა მხრებზე უნდა გადაევლო. ფაქტობრივად, მათ, აკადემიის პირველკურსდამთავრებულებს უნდა ჩამოეყალიბებინათ და განევითარებინათ თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება და უნდა გაეძლოთ იმ წნეხისთვისაც, რასაც დრო სთავაზობდა.
არსებული დრო კი, 1930-იანი წლები, ნამდვილად დიდ საშიშროებას უქმნიდა პროგრესული და ინდივიდუალური ნიჭის გამომვლენელ თითოეულ ადამიანს. რეპრესიები ჯერ კიდევ მათი სტუდენტობის ბოლო წლებიდან დაიწყო, როდესაც შეწყდა დაზგური ფერწერის სწავლება, გრაფიკის ფაკულტეტი პოლიგრაფიულად გადაკეთდა, საბოლოდ კი სამხატვრო აკადემია საერთოდ გაუქმდა. მართალია, 1933 წელს აკადემია ისევ აღდგა, მაგრამ ამ ათწლეულის მეორე ნახევრიდან კიდევ უფრო გააქტიურდა ცენზურა.
ცნობილია, რომ 1930-იან წლებში დახვრიტეს პროფესორები ჰ. ჰრინევსკი, ვ. კოტეტიშვილი, ა. დუდუჩავა და სხვები; ასევე, სრულიად აბსურდული ბრალდებებით ხდებოდა აკადემიიდან სტუდენტებისა და პედაგოგების გარიცხვა. (მაგ; ტროცკისთან ურთიერთობის გამო გაირიცხა სოსო გაბაშვილი, ხოლო „არასწორი იდეების“ (იმპრესიონიზმის) პროპაგანდისთვის დაითხოვეს პედაგოგი ვალენტინ შერპილოვი. მრავალი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომშიც.
ადვილი წარმოსადგენია, რამდენად რთული იყო ამგვარ ვითარებაში ხელოვნისთვის თავის დამკვიდრება და საკუთარი მრწამსის შენარჩუნება. შემოქმედი ადამიანისთვის განსაკუთრებულ სტრესს წარმოადგენდა, ასევე, დაკვეთით მუშაობის აუცილებლობა, რაც თემატური შეზღუდვების დაწესებასა და სოც-რეალიზმისადმი დამორჩილების დაკანონებაში მდგომარეობდა.
ცხოვრებისეული სირთულის დაძლევის აუცილებლობა მხატვართა გარკვეულ ნაწილს ჩიხში აქცევდა და კომპრომისებზე წასვლას აიძულებდა. როგორც ბ-ნი დიმიტრი თუმანიშვილი აღნიშნავს „ ...ნიჭიერთა და გამორჩეულთა შორის უთუოდ იყვნენ საბჭოური ხელისუფლების წრფელი მიმდევარნიც, შეგნებული კომპრომისი - გნებავთ, ნახევრადშეგნებული, ჩვევად ქცეულიც კი - მაინც ფაქტია. განსაკუთრებით ის ხელოვნებაშია თვალსაჩინო. ყველას, ვისაც სამოქმედო ასპარეზზე ყოფნა სურდა, უხდებოდა ეხატა „ბელადები“, „შრომის მოწინავენი“, ეწერა მათზე ლექსები“... და იქვე - „საბჭოთა დროს ნაცხოვრებ ყველა თაობის ადამიანს ემახსოვრება, რა - ირონიით შეფერილი! - აჩქარება-გულგრილობით ჩავფურცლავდით ხოლმე „იდეურ“, კრებულის თავში გამოტანილ ლექსებს, ჩავუვლიდით გამოფენაზე შუა ადგილას ჩამოკიდებულსა თუ აყუდებულ ტილო-ქანდაკებებს, ჩაღიმებით არ ვუსმენდით „დაკვეთილ“ მუსიკას - გვენანებოდა ნიჭიერთა თავის გადასარჩენად დახარჯული დრო...“
სწორედ ამიტომ ეს პერიოდი, დღევანდელობიდან დანახული, კიდევ უფრო მეტ შესწავლას, კვლევას და ახლებურ შეფასებას ითხოვს, ვერ მოხდება და არც შეიძლება ამ მეტად მტკივნეული მოვლენების ცალსახად გაშუქება. ახლებურად შესწავლის შემდგომ უდაოდ ბევრი რამ გადაფასდება და კიდევ უფრო მკაფიოდ წამოიწევს წინ ისეთი წამყვანი ოსტატების შემოქმედებაც, როგორიც სერგო ქობულაძეა.
დროის მიერ წარმოქმნილი წნეხიდან თავის დაღწევის მიზნით, ამ თაობის ნიჭიერ ხელოვანთა ნაწილმა, თავისი შემოქმედება, ძირითადად, წიგნის მხატვრულ გაფორმებასა (ლადო გრიგოლია) და თეატრის მხატვრობას დაუკავშირა (ნიკოლოზ ყაზბეგი). სერგო ქობულაძის შემოქმედებაშიც ამ ორ დარგს წამყვანი ადგილი აქვს დამკვიდრებული, თუმცა, მხატვარი დაზგურ გრაფიკასა და ფერწერაშიც აქტიურად მუშაობს, მაგრამ ყოველთვის ახერხებს, თავი აარიდოს სოც-რეალისტური იდეოლოგიით გამსჭვალული ნამუშევრების შექმნას.
უდაოდ დიდია სერგო ქობულაძის მიერ წიგნის ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილი. მხატვარი წიგნის გაფორმებაში ილუსტრირების გზას ირჩევს. მის არჩევანს ბიძგს აძლევს 1934 წელს გამოცხადებული კონკურსი, რომელიც გულისხმობდა 1937 წელს, შოთა რუსთაველის 750 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, მხატვრულად გაფორმებული და დასურათებული „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე გამოცემის ბეჭდვას. ს. ქობულაძის გარდა საიუბილეო წიგნები გააფორმეს: თამარ აბაკელიამ, ლადო გუდიაშვილმა (პირველი ვარიანტი ჯერ კიდევ 1934 წელს გამოიცა), ირაკლი თოიძემ; წიგნის მაკეტის მხატვრული ელემენტები თანაავტორობით შეასრულეს, ასევე, ლადო ქუთათელაძემ და ლადო გრიგოლიამ.
შოთა რუსთაველის პორტრეტის შექმნაზე მხატვარი ჯერ კიდევ 1920-იან წლებში მუშაობდა. შემონახულია სტუდენტობის წლებში, ჯერ კიდევ II კურსზე ყოფნის დროს, 1927 წელს შექმნილი შოთას პორტრეტი, რომელიც ფანქარშია შესრულებული. პორტრეტს ჩანახატის ხასიათი აქვს და აკადემიური ნახატის ძიების პროცესს ასახავს, მაგრამ უკვე მკაფიოდაა გამოვლენილი მხატვრის ხელწერის სიძლიერე.
საიუბილეო გამოცემისთვის სერგო ქობულაძე პოეტის ორ პორტრეტს და რვა ილუსტრაციას ქმნის და როგორც ქ-ნი მერი კარბელაშვილი აღნიშნავს:
„მხატვარმა პოემის ილუსტრირების დროს სრულიად გარკვეულად შემოფარგლა თავისი ამოცანები. მას არ დაუსახავს მიზნად აესახა პოემა მთელი მისი მრავალფეროვნებით და სიღრმით. ამავე დროს, უარყო თხრობითი მიდგომა - თვით სიუჟეტის დაწვრილებით თხრობა და ეცადა შეექმნა ზოგადი სახეები, რომლებიც შეესაბამებიან რუსთაველის პოემის საერთო განწყობას, საერთო ხასიათზე მხატვრის წარმოდგენას. რუსთაველის პოემაში ქობულაძე თავისთავს ეძებდა, ისევე, როგორც ყოველი ილუსტრატორი ნაწარმოებში თავისას ხედავს. ქობულაძის ნახატებში გამოძახილს პოვებს პოემის გარკვეული მხარე - საგმირო, ამაღლებული ხასიათი, მისი გმირების კეთილშობილება, სულიერი ძალა“.
საინტერესო სტატისტიკურ სურათს იძლევა ვეფხისტყაოსნის გამოცემებზე დაკვირვება, რომელიც 2008 წლის მონაცემებს ეყრდნობა. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად, ვეფხისტყაოსნის გამოცემათა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით სერგო ქობულაძის მიერ ილუსტრირებული წიგნები ჭარბობს - მისი ილუსტრაციები 46-ჯერაა გამოყენებული სხვადასხვა წლებში და სხვადასხვა ენებზე გამოცემულ რუსთაველის პოემაში. აქედან: 12-ჯერ ქართულად; 22-ჯერ რუსულად; 2-ჯერ ინგლისურად და ერთხელ - აზერბაიჯანულ, არაბულ, გერმანულ, ესტონურ, სომხურ, სპარსულ, ფრანგულ, ყირგიზულ და, ასევე, ესპერანტოს ენაზეც კი.
ს. ქობულაძეს რაოდენობრივად მხოლოდ მ. ზიჩის მიერ გაფორმებული გამოცემები უახლოვდება - 44-ჯერაა გამოცემული; შემდგომ მოსდევს ი. თოიძის ილუსტრირებული - 27-ჯერ, მამუკა თავაქარაშვილის - 18-ჯერ, ლ. გუდიაშვილის 15-ჯერ, თ. აბაკელიასი - 3-ჯერ და ა.შ.
გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, 1934-35 წლებში ს. ქობულაძე ქმნის ოთხ ილუსტრაციას უილიამ შექსპირის ორტომეულისთვის (ესენია: ოთხი ფრონტისპისი პიესებისათვის: „მაკბეტი“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ III“ და „ანტონიუს და კლეოპატრა“). ხოლო 1946 წელს სერგო ქობულაძე კვლავ უბრუნდება შექსპირის „მეფე ლირის“ გაფორმებას და ქმნის წიგნის სრულ მაკეტს: ყდას, თავსართ-ბოლოსართებს, ფრონტისპისს, ტიტულს და ილუსტრაციებს. ს. ქობულაძე გააზრებულად ამოკრებს ისეთ სცენებს, რომლებიც მას აძლევს საშუალებას, მკაფიოდ აჩვენოს მეფე ლირის ხასიათის შეცვლა და ტრაგედიის განვითარება, დრამატული დაძაბულობის თანდათანობითი ზრდა. 1930-იანი წლებში შექმნილი ილუსტრაციებიც ძლიერი ემოციური მუხტით იყო დატვირთული, მაგრამ მუშაობდა კადრის შეჩერების მომენტი, შენარჩუნებული იყო კლასიკური მხატვრობისათვის დამახასიათებელი თავშეკავებულობა, გარინდებულობა. 1946 წელს შექმნილი „მეფე ლირის“ ილუსტრაციებში კი ემოციური მხარე კიდევ უფრო გამძაფრებულია. ყველა ილუსტრაციაში ქარიშხალია აბობოქრებული, ნახატი თავისუფალია, ზოგჯერ ესკიზურიც კი, შესრულებულია ძლიერი ოსტატის ხელით, დრამატულობა კულმინაციამდეა მიყვანილი.
1938-39 წლებში მხატვარი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნამუშევარს ქმნის, ესაა ორი ილუსტრაცია რუსული პოემისათვის „ამბავი იგორის ლაშქრობის“. წიგნის მხატვრობას იგი 1950-იან წლებშიც მიმართავს, ბევრ საუკეთესო ნამუშევარსაც ქმნის, იგი აფორმებს: შალვა დადიანის რომანს „იური ბოგოლუბსკი“ (1951), პუშკინის ნაწარმოებებს (1953), ქართულ ხალხურ ზღაპრებს (1954).
როდესაც სერგო ქობულაძის ილუსტრაციებს ვადევნებთ თვალს, აშკარაა წიგნის მხატვრული ორგანიზმისადმი მისი დამოკიდებულების ცვლა. თუ 1930-40-ანი წლების ილუსტრაციები შერჩეული ნაწარმოების კლასიკურ ხასიათს ესადაგებოდა, ნახატი უზადო ოსტატობისა და სრულყოფილების ნიმუშს წარმოადგენდა, მხატვრის ძლიერი ხელი ფიგურათა მკვრივ, ჩამოსხმულ ფორმებს გამოკვეთდა და მონუმენტური ხასიათის კომპოზიციებს ქმნიდა, რითაც ილუსტრაცია, გარკვეულწილად, დაზგური გრაფიკის თვისებებსაც იზიარებდა და დამოუკიდებლად არსებობის დროსაც ინარჩუნებდა იმ სიძლიერეს და შინაარს, რომელსაც ნაწარმოების გმირები წიგნში განსახიერებდნენ. 1950-ანი წლების ილუსტრაციები უფრო ინტიმური ხასიათისაა, მეტად "ერგებიან" წიგნის წიაღს, "წიგნში ცხოვრეობენ" და მის გარეთ გამოსულნი წყდებიან ნაწარმოებს, ტექსტთან თანაარსებობის უნარს კარგავენ, უფრო ესკიზური ხასიათის ნახატით გამოირჩევიან, ჩანახატის ეფექტს ინარჩუნებენ და ამით ერთგვარ უშუალობასაც იძენენ. ამგვარი მიდგომა, ერთი მხრივ, გამომდინერეა გასაფორმებელი ნაწარმოებების ხასიათიდანაც და, მეორე მხრივ, მხატვრის მიერ წიგნის მხატვრული ორგანიზმის ახლებურად გააზრებაზე მეტყველებს, მისი მუდმივი ძიებებისა და შემოქმედებითი პროცესის, მაღალი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია. ღრმადაა გააზრებული თითოეული დეტალი, წიგნის შემადგენელი ყველა ელემენტი, იქნება ეს თავსართი, ბოლოსართი თუ მთელ ფურცელზე გაშლილი ილუსტრაცია.
სასურველია რაიმენაირად მოხერხდეს სერგო ქობულაძის გაფორმებული წიგნების ხელახლა გამოცემა, განახლებული დიზაინით და მაღალმხატვრული ბეჭდვით, ამგვარი გამოცემები წიგნის გაფორმების კლასიკურ ნიმუშებად გამოდგებოდა ახალი თაობის მხატვრებისთვის. მათი ნაწილის შოვნა თითქმის შეუძლებელია და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობათაა ქცეული. ეს განსაკუთრებით ეხება ქართული ხალხური ზღაპრებისა და შალვა დადიანის „იური ბოგოლუბსკის“ გამოცემას, რომლის მოძიებაც ვერასგზით შევძელი.
გარდა წიგნის გრაფიკისა, სერგო ქობულაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა დაზგურ გრაფიკაში განხორციელებულ სხვადასხვა ჟანრის ნიმუშებსაც მოიცავს, ესაა პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები, კომპოზიციური ჩანახატები. წლების მანძილზე შესრულებული ყველა ეს ნამუშევარი მხატვრისგან წამოსული ძლიერი ემოციური მუხტითაა დატვირთული, თავშეკავებული ფერადოვნებით და მკაფიოდ გამოკვეთილი ნახატის დახვეწილი ფორმებითაა გამორჩეული.
პორტრეტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავანაროლას (1944) და დანტეს (1944) ფანქრით შესრულებული სახეები. მკაფიო კონტურით გამოწერილი პროფილები, პორტრეტირებულთა მსგავსებასთან ერთად, თითოეულის კონკრეტულ, ინდივიდუალურ შინაგან ბუნებას წამოწევს წინ და წარმოგვიდგება თვითკმაყოფილი და სასტიკი ფანატიკოსი დიქტატორისა (სავანაროლა) და ნებისყოფითა და შინაგანი ღირსებით აღსავსე მოაზროვნე პოეტის სახე (დანტე).
ყველა სხვა პორტრეტიც გამოსასახავ პიროვნებათა სიღრმისეული, სულიერი სამყაროს წარმოჩენას ისახავს მიზნად. ფორმები მოცულობითია, კვერცხისებურად მკვრივი, მზერა ერთგვარად ირიბად მიმართული და გარინდებული, თითქოსდა მარადიულობაშია გადასული. ნაძერწი ფორმები თავშეკავებული და დახვეწილი ფერადოვნებითაა გადმოცემული („ქალიშვილის თავი“, 1936; „ქალიშვილი ვაშლებიანი კალათით“, 1936; „ქურთი ქალი“ 1936).
მხატვარი პლენერზე არ მუშაობს, მის მიერ შესრულებული პეიზაჟები წარმოსახვითაა „შექმნილი“, ფორმები განზოგადებულია და კომპოზიციურად შეკრული, სრულყოფილი („პეიზაჟი“, 1933; „ვენეცია“, 1956).
მონუმენტალისტის ძლიერი ხელი ემჩნევა ყველა მის ნამუშევარს, იქნება ეს მრავალფიგურიანი სიუჟეტური კომპოზიცია, ნიუ თუ ნატურმორტი („ჩრდილო კავკასია დიდი სამამულო ომის დროს“, 1947; „შიშველი მოდელი“, 1943; „ნატურმორტი“, 1936).
განსაკუთრებულია სერგო ქობულაძის მიერ თეატრის მხატვრობაში შეტანილი წვლილი. ჯერ კიდევ აკადემიის დამთავრების პირველივე წლებში იწყებს იგი თეატრის დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზებზე მუშაობას. თანამშრომლობს კოტე მარჯანიშვილთან (1932), აფორმებს სპექტაკლებს შოთა რუსთაველის სახ. თეატრში, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მოსკოვის დიდ თეატრში (1931 წლიდან).
1960 წელს მხატვარი ქმნის ფარდას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის, სამწუხაროდ, ს. ქობულაძის ეს უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი 1973 წლის 9 მაისს გაჩენილი ხანძრის დროს განადგურდა. მოგვიანებით მხატვარს განუზრახავს მისი აღდგენა, მაგრამ ეს სურვილი მას განუხორციელებელი დარჩა.
ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკიდან და შემდგომ, აკადემიაში სწავლის წლებში, ს. ქობულაძე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა იტალიური რენესანსის ეპოქის ხელოვნების მიმართ და ეს ინტერესი რეფრენად გასდევდა მთელ მის შემოქმედებას. მხატვარი გატაცებული ყოფილა, ასევე, ძველი ქართული ხელოვნების ძეგლების შესწავლით, რამაც შემდგომ მის თეორიულ კვლევებში პოვა გაგრძელება და შედეგად, თითქმის სიცოცხლის ბოლოს მან დაწერა თეორიული ნაშრომი „ოქროს კვეთის“ შესახებ, სადაც თავი მოუყარა წლების მანძილზე ჩატარებულ კვლევის შედეგებს. ბ-ნი ლევან რჩეულიშვილი აღნიშნავს, რომ „მცხეთის ჯვრის დიდებული ტაძრის არქიტექტურაში მან მიაკვლია მარადიულ პროპორციებს „ოქროს კვეთის“ და ფარგლისა და გრაფიკული ანალიზის საშუალებით ამოხსნა დასახული ამოცანა“ და იქვე დასძენს: „ქობულაძე სწავლობს და აანალიზებს იმას, თუ რით მიაღწიეს ძველმა ქართველმა ოსტატებმა ნახატში უჭკნობ სილამაზეს. მას სწამს ბუნების სილამაზის კანონები და ამ კანონზომიერების მათემატიკურ საფუძველს ეძებს ხელოვნების დიდოსტატთა ნაწარმოებებში. ატენის სიონის XI საუკუნის ფრესკებში მან მიაგნო ადამიანის სხეულის პროპორციული აგების ეტალონს და ამას უძღვნა სპეციალური გამოკვლევა“
პირადი შემოქმედებითი მემკვიდრეობის გარდა, უდიდესია სერგო ქობულაძის მიერ მომავალი თაობის აღზრდაში გაღებული წვლილი. 1938 წლიდან იწყებს მხატვარი თბილისის სამხატვრო აკადემიაში მუშაობას, 1941 წლიდან ხატვის კათედრას ხელმძღვანელობს, 1957 წლიდან პროფესორია, ხოლო 1952-59 წლებში - ამავე სასწავლებლის რექტორი. სერგო ქობულაძემ გაზარდა ქართველ მხატვართა თაობები, იგი უშურველად გადასცემდა ახალგაზრდებს თავის ცოდნას და უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას.
1972 წელს ს. ქობულაძემ დააარსა „გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო“, სადაც ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვრები იმაღლებდნენ პროფესიულ ცოდნას. მისი ინიციატივით შეიქმნა, ასევე, ქართული ფერწერის ძეგლთა ფიქსაციის სპეციალური ფოტო-ლაბორატორია.
მომავალი თაობისათვის გასაზიარებლად კი მეტად მნიშვნელოვანია 1969 წელს, სერგო ქობულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კორესპონდენტთან საუბრისას ჩაწერილი მისი სიტყვები: „შემოქმედებითი ინტუიცია - არსებითი ნიჭია შემოქმედისათვის, ესე იგი ნაწარმოების შესაქმნელად, მაგრამ თუ იგი ინტელექტის მიერ არ არის ორგანიზებული, სტიქიური და ანარქიული იქნება. შემოქმედებითი ინტუიციის ორგანიზება ხდება სახვითი ტექნიკის დაუფლებისა და ცოდნის შეძენის გზით. თუ ტექნიკა ოსტატობამდე ავიდა, იგი ხელოვნების ექვივალენტურია, მაგრამ ტექნიკის სრულყოფილი ცოდნა ჯერ მაინც არ ქმნის ხელოვნებას, ისევე, როგორც მარტო ნიჭი არ ქმნის ხელოვნების ნიმუშს. ხელოვნება სინთეზია შემოქმედებითი ინტუიციისა და მაღალი საშემსრულებლო ტექნიკისა. ეს არის ეგრეთწოდებული მხატვრულობა“.
საბედნიეროდ, იმ ავბედით წლებში, სერგო ქობულაძემ შეძლო შეენარჩუნებინა სიცოცხლე, ადამიანური ღირსება და საკუთარი, მკაფიოდ ინდივიდუალური შემოქმედებითი მემკვიდრეობაც დაეტოვებინა. დაბოლოს, მხატვრის „პორტრეტზე“ საუბარი ბ-ნი ვ. ბარიძის სიტყვებით მინდა დავასრულო. ბ-ნი ვახტანგი წერს: „მკაფიოდ გამოკვეთილი, ფრიად საინტერესო პიროვნება იყო სერგო ქობულაძე - კაცი მაღალი კულტურისა და ზნეობისა, მახვილგონიერი, მტკიცედ შემუშავებული შეხედულებების მქონე, უმაღლესი დონის პროფესიონალი, თავისი ხელობისადმი დამოკიდებულების მხრივაც განსაკუთრებით გამორჩეული“. ასეთი დარჩა იგი ყველა ადამიანის მეხსიერებაში, ვინც კი მას იცნობდა.
სერგო ქობულაძის შემოქმედების შესახებ არსებული ძირითადი ლიტერატურა:
მერი კარბელაშვილი, სერგო ქობულაძე. „ხელოვნება“, თბ., 1970
მერი კარბელაშვილი, სერგო ქობულაძის ილუსტრაციები „მეფე ლირისათვის“. კრებული - ქართული შექსპირიანა, ტ. II, „ლიტერატურა და ხელოვნება“, თბ., 1964; გვ. 105-120.
მერი კარბელაშვილი, სერგო ქობულაძის ილუსტრაციები შექსპირის ტრაგედიისათვის. ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1961, № 10, გვ. 65-71.
მერი კარბელაშვილი, სერგო ქობულაძის ნახატები ქართული ხალხური ზღაპრების კრებულისათვის. ჟურნ. „მნათობი“, 1962, № 3, გვ. 145-149.
მერი კარბელაშვილი, სერგო ქობულაძე „ფრესკა“, 1970, № 3, გვ. 19-20
მერი კარბელაშვილი, სერგო ქობულაძის ილუსტრაციები შექსპირის ტრაგედიისათვის. ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1961, № 10, გვ. 65-71
მერი კარბელაშვილი, სერგო ქობულაძის ილუსტრაციები „ვეფხისტყაოსანისათვის“. ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1959, № 8, გვ. 50-55
ლევან რჩეულიშვილი, სერგო ქობულაძე-70. ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“,1979, № 7,
გვ. 10-17
ლევან რჩეულიშვილი, ახალი ქართული ხელოვნების საკითხები. გამომც. „ნეკერი“, თბ., 1998, გვ. 44-54
ჯუმბერ ჯიშკარიანი, ქართული ხელოვნების რაინდი: სერგო ქობულაძე 100 წლისაა : კვალი ნათელი; ლონდონი, 2009. - ივნისი-ივლისი. - 2 (33). - გვ. 20-22
ნოდარ ჯანბერიძე, სერგო ქობულაძე [მხატვრის გახსენება] „საბჭოთა ხელოვნება“, 1978, № 8, გვ. 115-116
თამარ ჟურული, სერგო ქობულაძის გამოფენა ოცი წლის შემდეგ, ქართული უნივერსიტეტი, 2009, 19-25 მარტი, გვ. 14
ოქროს კვეთაზე : [სერგო ქობულაძის ცხოვრება და მოღვაწეობა], ტაბულა. - თბილისი, 2010, 27 სექტემბერი - 3 ოქტომბერი, გვ. 9-11
ჯუმბერ ჯიშკარიანი, ქართული ხელოვნების რაინდი : სინანულით ვიგონებ ოპერის თეატრის ფარდას, რომელიც ხანძრისას განადგურდა: წერილი ამერიკიდან. საქართველოს რესპუბლიკა. 2009, 18 მარტი. - 49 (6150), გვ. 7
თამარ ჟურული, სერგო ქობულაძის გამოფენა ოცი წლის შემდეგ. ქართული უნივერსიტეტი, 2009, 25 მარტი, გვ. 1 4
სერგო ქობულაძე. ალბომი. ტექსტის ავტორები: მ. გაჩეჩილაძე. ა. მორჩილაძე. თბ., 2012
В. Беридзе, Н. Езерская, Искусство Советской Грузии 1920-1970. «Советский художник», М., 1975
გამოყენებული ილუსტრაციები
წიგნიდან: სერგო ქობულაძე. გრაფიკა, თეატრის მხატვრობა, ფერწერა. თბ., 2012