Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ხუროთმოძღვრული კერამიკის ნიმუშები შიდა ქართლის ტაძრებიდან

თამარ ხუნდაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

შუა საუკუნეების საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში სხვადასხვა ჯიშის ქვასთან ერთად ხშირად იყენებდნენ კერამიკასაცდ. თუმანიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი, დ. ხოშტარია, მშენებელი ოსტატები შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი, 2012, გვ. 210-223. მას მოიხმარდნენ სამშენებლო მასალად, აგურის სახით, ასევე, ტაძართა მხატვრული გაფორმებისთვის ორნამენტული თუ ფიგურულგამოსახულებიანი ფილებით.  წარმოდგენილი სტატია ეხება VIII-IX სს-ის ხუროთმოძღვრული კერამიკის ნიმუშებს, კერძოდ, რელიეფურგამოსახულებებიან  შორენკეცებს, რომლებიც შიდა ქართლის,  ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფლების - წირქოლის, ყანჩაეთის და ქურთას ეკლესიებშია აღმოჩენილი.
შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კერამიკის პრობლემებს იკვლევდა ბატონი ზაქარია მაისურაძე და არაერთი სამეცნიერო სტატია მუძღვნა ამ საკითხებსზ. მაისურაძე, ქართული შორენკეცების საკითხისათვის, ქართული ხელოვნება, № 3, თბილისი, 1950, გვ. 201-210; ზ. მაისურაძე, ქართული მხატვრული კერამიკა XI-XIII სს. (დმანისის ანგობიანი კერამიკა), თბ., 1953; ზ. მაისურაძე, VIII-IX საუკუნის ქართული არქიტექტურული კერამიკა, ძეგლის მეგობარი, კრებული მეცხრე, თბილისი, 1967, გვ. 8-14. ერთ-ერთ წერილში, რომელიც ჟურნალ „ძეგლის მეგობარშია“ გამოქვეყნებული, ბატონი ზაქრო განიხილავს ყანჩაეთის კაბენისა და წირქოლის ეკლესიებში აღდგენითი სამუშაოების დროს (1952-53 წწ) აღმოჩენილ ფიგურულრელიეფებიან შორენკეცებს და მათ ამ ეკლესიების არქიტექტურის თანადროულად, VIII-IX სს-ში შესრულებულად მიიჩნევსზ. მაისურაძე, VIII-IX საუკუნეების ქართული არქიტექტურული კერამიკა, ძეგლის მეგობარი, კრებული მეცხრე, თბილისი, 1967, გვ. 14. მისი დაკვირვებით, ეს ფილები სპეციალურ ყალიბებშია დამზადებული და რამდენიმე მათგანი ერთი ყალიბიდანაა ამოწნეხილი. ყანჩაეთში შორენკეცები გვიანი მინაშენის დასავლეთი მკლავის თაღში ყოფილა ხელმეორედ ჩაშენებული და მისი ჩამოქცევის შედეგად გამოჩნდა.  იმ დროს ყანჩაეთში 5 ფილა (66x33x5 სმ.) გამოვლინდა, რომელთაგან 3 ფოტო სტატიას ერთვის – ეს არის ძველი აღთქმის 2 კომპოზიცია: „წინასწარმეტყველი დანიელი ლომთა ხაროში“ (სურ. 1) და „დავითის ბრძოლა გოლიათთან“ (სურ. 2), ასევე,  შარავანდმოსილი წმინდანის მკერდამდე გამოსახულება წრიულ მოჩარჩოებაში (სურ. 3). წირქოლში კი შორენკეცები ამგვარივე წრეებში ჩასმული წვეროსან მამაკაცთა გამოსახულებებით (სურ. 4) ტაძრის სახურავზე ყოფილა დალაგებული (76x38x3-5 სმ.). ზ. მაისურაძის საინტერესო  მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ ეს რელიეფური ფილები შორიდან დეკორატიულ სახეებად აღიქმებოდა და ტაძარს სადღესასწაულო ელფერს სძენდა, ზეცისკენ მიმართული წმინდანთა გამოსახულებები ადამიანთა უშუალო შუამავლებსა და მფარველებს წარმოადგენდნენ უფლის წინაშეიქვე, გვ. 9. საკრალური გამოსახულებების ეკლესიის სახურავზე ასეთ განლაგებას, უდაოდ, დამცველობითი, აპოტროპეული დანიშნულებაც უნდა ჰქონოდა. ამავე წერილში, ზ. მაისურაძე აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, ყანჩაეთში კიდევ აღმოჩნდეს სხვა გამოსახულებიანი შორენკეცებიიქვე, გვ. 10,  და მართლაც,  2002 წელს, როდესაც ყანჩაეთის კაბენის ტაძრის გუმბათი და კედლების ნაწილი ჩამოიქცა, გამოჩნდა უამრავი შორენკეცი, რომლებიც  XIII ს.-ში ეკლესიის განახლებისას, კედლებში ჩაუყოლებიათ. ბატონი ზაქრო ყანჩაეთში ადრე აღმოჩენილი შორენკეცების შესახებ ამბობს, რომ ეს თავდაპირველი ტაძრიდან შემორჩენილი რელიეფური ხატები, როგორც „წმინდა ნაწილები“ მეტი სიმყარისთვის ჩააყოლეს ახალი ეკლესიის კედლებშიიქვე. ძველი, ნაკურთხი, დანგრეული ეკლესიის ქვების, წარწერიანი თუ რელიეფიანი ფილების, ქვაჯვარებისა და სხვა არქიტექტურული დეტალების, როგორც ღვთიური მადლის მატარებელი რელიქვიების, ერთგვარი „წმინდა ნაწილების“ ხელმეორედ გამოყენების ტრადიცია არსებობდა შუა საუკუნეების ტაძართმშენებლობაში, რაც დასტურდება როგორც ხუროთმოძღვრული მაგალითებითდ. თუმანიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი, დ. ხოშტარია, დასახ. ნაშრ. გვ. 227-242, ისე ძველ ლიტერატურულ ძეგლებშიც, მაგ., ასეთი პრაქტიკის  ეპიზოდი მოთხრობილია ბასილი ზარზმელის თხზულებაშიცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ ღმერთშემოსილისა ნეტარისა მამისა ჩუენისა სერაპიონისი, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I (ილ. აბულაძის რედაქციით), თბილისი, 1963, გვ. 335.

1
234

ყანჩაეთის კაბენის ტაძრის გუმბათის ჩამოქცევის შედეგად გამოვლენილ რამდენიმე შორენკეცზე, ადრე აღმოჩენილი ფილების მსგავსი, წმინდანთა წრეში ჩასმული ფიგურებია გამოსახული (სურ. 5). ერთი ყალიბიდან ამოწნეხილი ფილების ზედაპირი გაცოცხლებულია ფიგურების სამოსზე დატანილი წითელი (სინგურის?) და მოლურჯო-მორუხო საღებავის ზოლებით. უფრო მეტია შორენკეცები, რომლებზეც ძველი აღთქმის სიუჟეტებია გამოსახული, ასეთია, მაგალითად, „სამსონის შერკინება ლომთან“ (სურ. 6). ეს სცენა რამდენიმე ფილაზე გვხვდება, რომელთაგან ორი შედარებით უკეთაა შემორჩენილი. ყველა ფილა ერთი ყალიბიდან უნდა იყოს ამოწნეხილი (მთელი ფილა-55x30 სმ. სცენა მოთავსებულია-26x30 სმ.-ზე).

56

ადრე აღმოჩენილის მსგავსი, თუმცა, უფრო დაზიანებული  და ნაკლული, „დავითისა და გოლიათის  ბრძოლის“ კომპოზიციაც (სურ. 7) იმავე ყალიბიდან დამზადებული ჩანს. აშკარად სხვა ყალიბიდან უნდა იყოს ამოწნეხილი  დავით წანასწარმეტყველის განსხვავებული შინარსის გამოსახულება რამდენიმე ნაწილად გაპობილ შორენკეცზე სოფ. ქურთას ეკლესიიდან (სურ. 8), რომელიც ახალგორის მუზეუმში იყო დაცული. აქ დავითი შურდულის გარეშე, მეცხვარის კომბლით ხელშია წარმოდგენილი. ცალკე ფრაგმენტზე გამოსახული ექვსქიმიანი ვარსკვლავი, ე.წ. „დავითის ფარი“, იგივე, „სოლომონის ბეჭედი“, აზრობრივად დავითის გამოსახულებას უკავშირდება და სავარაუდოდ, ამ შორენკეცის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. ეს გამოსახულება - „დავითის ვარსკვლავი“ ქართულ ძეგლებზე, უმეტესწილად, IX-X სს - დან გვხვდება და ბაგრატიონთა სამეფო გვარის ბიბლიური მეფე-წინასწარმეტყველი დავითისგან  წარმომავლობის ხატოვან დადასტურებას წარმოადგენს. მაგ., ამგვარი გამოსახულება გვხვდება დოლისყანის ტაძრის (X ს.) სამხრეთი და ოშკის (X ს.) აღმოსავლეთი სარკმლების მხატვრულ გაფორმებში. ამ მოტივის ყველაზე ადრეულ გამოსახულებას კი VIII-IX სს-ის  გველდესის კანკელის რელიეფზე ვხვდებითР. Шмерлинг, Малые формы в архитектуре средневековой Грузии. Тб., 1962,  გვ. 72, ტაბ. 4. თუ ქურთას შორენკეციც, წირქოლისა და ყანჩაეთის კაბენის თავდაპირველი ეკლესიების შორენკეცების თანადროულია, რაც მათ მსგავს მხატვრულ-სტილურ გადაწყვეტაში აშკარად ჩანს, მაშინ ამ შორენკეცზე წარმოდგენილი „დავითის ვარსკვლავიც“ ამ გამოსახულების ერთ-ერთ ყველაზე ადრულ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.

7
8

ყანჩაეთის კაბენში აღმოჩენილ მრავალ ფრაგმენტს შორის ყურადღებას იპყრობს ერთი ლომის გამოსახულებიანი ფილის ნატეხი (სურ. 9), რომელიც ადრე აღმოჩენილი წინასწარმეტყველი დანიელის სასწაულებრივი ხსნის კომპოზიციის (სურ. 1) ანლოგიური სცენის ფრაგმენტი უნდა იყოს, რაზეც მეტყველებს ამ გამოსახულების და დანიელის სცენის ლომების იდენტური პოზა, რომელიც განსხვავდება სამსონის ერთთათაღმართული ლომისგან (სურ. 6). ეს ლომი განსხვავდება, ასევე, აქვე აღმოჩენილი ცხოველთა ბრძოლის  ამსახველი (სურ. 10) ფილის  ლომის ფიგურისგან.

9
10

ყანჩაეთის კაბენში ნაპოვნ ერთ-ერთ, ძლიერ დაზიანებულ ფრაგმენტზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული,  შიომღვიმის მონასტრის შორენკეცის (სურ. 11) „აბრაამის მსხვერპლშეწირვის“დ. თუმანიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი, დ. ხოშტარია, დასახ. ნაშრ. სურ. 214(34x20 სმ.) მსგავსი კომპოზიცია უნდა ყოფილიყო გამოსახული (სურ. 12). შედარებით უკეთ შემორჩენილი ისააკის ფიგურის  სახასიათო პოზა - თითქოს უკან შეკრული ხელებით, აბრაამის ფიგურის შემორჩენილი პროფილში მოცემული ფეხები, მოკლე, წვივებამდე სამოსი და შემართული მახვილის ქვედა ნაწილი ზუსტად იმეორებს შიომღვიმის გამოსახულებებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი, შესაძლოა, ერთი ან მსგავსი ყალიბიდან ყოფილიყო ამოწნეხილი. იმდროინდელ კერამიკულ სახელოსნოებში, შესაძლოა, სხვადასხვა ტაძრებისთვის განკუთვნილ შორენკეცებს ამზადებდნენ, რომლებიც ამა თუ იმ გამოსახულების შემუშავებული სქემით ერთი და იმავე ყალიბიდან იწნიხებოდა. ერთ-ერთი ასეთი სახელოსნო, შესაძლოა, ყანჩაეთის კაბენის ეკლესიის მახლობლად ყოფილიყო, რასაც ამ ეკლესიაში აღმოჩენილი შორენკეცების სიმრავლე და თემატური მრავალფეროვნება გვაფიქრებინებს.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყანჩაეთში  ერთ ყალიბში დამზადებული ჩვილედი ღმრთისმშობლის გამოსახულებიანი შორენკეცები აღმოჩნდა. ამ ფილების უმეტესობა დამტვრეულია, ზოგის ზედაპირი ბათქაშის სქელი ფენითაა დაფარული. უკეთ შემორჩენილ ფილებზე ჩანს ღმრთისმშობლის წელსზევითა გამოსახულება, რომელსაც მკერდზე მედალიონში ჩასმული ყრმა იესოს, ასევე, მკერდამდე წარმოდგენილი ფიგურა უჭირავს ორივე ხელით (სურ. 13).  ღმრთისმშობლის ხელები გამოირჩევა ნატიფი გრძელი თითებით. ყრმას თავის გარშემო  ჯვრული შარავანდის ნაცვლად მხოლოდ ჯვრის მკლავები აქვს აღნიშნული, რაც ადრეული ხანის იკონოგრაფიას ახასიათებს. მსგავსი იკონოგრაფიული გადაწყვეტა გვხვდება ყრმა იესოს გამოსახულებებზე რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძრის V ს.-ის მოზაიკებში, საქართველოში  კი – უსანეთის VIII-IX სს-ის ქვაჯვარას ნათლისღების კომპოზიციაში. ჩვილედი ღმრთისმშობლის ასეთი იკონოგრაფიული სქემა, ე.წ. ნიშოვანი (ნიშის) ღმრთისმშობლის გამოსახულება ადრეული ხანიდან გვხვდება ქართულ ქვის რელიეფებზე, მაგ., VI ს.-ის ეძანის (წალკა), ქვემო ბოლნისის ეკლესიების, ამავე ხანის ხანდისისა და ბოლნისის ერთ-ერთ ქვაჯვარაზე, მოგვიანებით, X ს.-ში ბზის და ქოროღოს  ეკლესიების რელიეფებზე.

1112
13

ყანჩაეთის კაბენის ეკლესიაში აღმოჩენილ  კერამიკულ ფილებს შორის გვხვდება ასომთავრულ წარწერებიანი შორენკეცებისა და კრამიტების ფრაგმენტებიც, რომლებიც ცალკე პალეოგრაფიულ კვლევასა და დათარიღებას საჭიროებს. როგორც ზ. მაისურაძე აღნიშნავს, წარწერა ყოფილა ყანჩაეთში აღმოჩენილ „დავითისა და გოლიათის ბრძოლის“ ამსახველ შორენკეცზეც, სადაც იკითხებოდა მხოლოდ ერთი სიტყვა - „სახელითა“.  საგულისხმოა, რომ ეს წარწერა სპეციალისტებს - ი. აბულაძეს და ე. მეტრეველს - სწორედ VIII-IX სს-ით დაუთარიღებიათზ. მაისურაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 13.
შიდა ქართლის ეკლესიებში აღმოჩენილი კერამიკული ფილების რელიეფურ გამოსახულებებში მკაფიოდ არის ასახული ის მხატვრული ტენდენციები და თემატიკა, რაც ზოგადად შუა საუკუნეების, მეტადრე, ადრეული შუა საუკუნეებისა და გარდამავალი ხანის ქართულ სახვით ხელოვნებას, კერძოდ, ქვის რელიეფებს ახასიათებს. ამ შორენკეცების, ისევე, როგორც თანადროული ქვის რელიეფების გამოსახულებათა მხატვრულ გამომსახველობას ქმნის არა მოცულობითი ფორმა, არამედ ფონიდან მცირედ ამოწეული, ზოგჯერ გრაფიკულად ამოკაწრული შტრიხებითა და წერტილებით, იშვიათად კი, ფერით გაცოცხლებული სიბრტყე. ფიგურათა სხეულები ხორციელებისგან დაცლილი, დემატერიალიზებული და აბსტრაგირებულია, პროპორციები _ დარღვეული. კომპოზიციებში ეს „უწონო“ ფიგურები უნიადაგოდ, თითქოს „ჰაერში გამოკიდებულები“ გამოისახებიან.  უკიდურესი პირობითობითა და ფორმათა სქემატიზაციით, შიდა ქართლის შორენკეცების გამოსახულებები VIII-IX სს-ის  გველდესის კანკელის, უსანეთის ქვაჯვარას, თელოვანის, წირქოლის, ოპიზის, ბორჯომის ქვის  რელიეფების ფიგურებთან იჩენენ მსგავსებას და მათთან ერთად ამ ეპოქის პლასტიკის მხატვრულ სახეს წარმოაჩენენ.
როგორც დავინახეთ, შიდა ქართლის ეკლესიებში აღმოჩენილი რელიეფურგამოსახულებიანი კერამიკული ფილების რეპერტუარში ძველი აღთქმის თემებზე შექმნილი კომპოზიციები ჭარბობს.
ქართულ მხატვრულ აზროვნებაში, ისევე, როგორც ზოგადად ქრისტიანულ კულტურაში, სახარებისეულთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ძველი აღთქმის თემებსაც, როგორც ქრისტიანობის უმთავრესი არსისა და მოვლენების  წინასწარუწყებასა და სიმბოლურ გამოხატულებას.
საქართველოში ძველი აღთქმის თემების ყველაზე ადრეული სახვითი მაგალითები ქვაზე კვეთილ რელიეფებზე შემოგვრჩა. ისინი გვხვდება ეკლესიათა ფასადებზე, ქვაჯვარებსა და კანკელის ფილებზეაკაურთის ეკლესიის (V-VI სს.) შესასვლელის ბალავარზე და ზედა თმოგვის ქვასვეტზე (VI ს.) - დანიელი ლომთა ხაროში; ატენის სიონის (VII ს.) ფასადზე - სამსონი და ამბაკუმი; მარტვილის ტაძრის (VII ს.) ფრიზზე - წწ. დანიელი და სამსონის ბრძოლა ლომთან; ბრდაძორის  დიდ ქვასვეტზე (VI ს.) - დანიელი, ელისეს სასწაული, აბრაამის მსხვერპლშეწირვა; წებელდის ფილაზე (VII-VIII სს.) - დანიელი და აბრაამის მსხვერპლშეწირვა; იგივე სცენები გვხვდება უსანეთის ქვასვეტზეც (VIII ს.); მამულას ქვასვეტზე (VIII-IX სს.) - ადამ და ევა, აბრაამის მხსვერპლშეწირვა; თელოვანის რელიეფზე (VIII ს.) - დანიელი; წირქოლის რელიეფზე - დანიელი და სამი ყრმა VIII-IX სს. კუმურდოს ტაძარზე (X ს.) - ადამ და ევა; შიომღვიმის კანკელზე (XI ს.) აბრაამის სტუმართმოყვარეობა და მრავალი სხვა.  განსაკუთრებული სიხშირით ეს სიუჟეტები VIII-X საუკუნეების ხუროთმოძღვრულ სკულპტურაშია წარმოდგენილი.
ისევე, როგორც ქართულ ქვის რელიეფებზე, შიდა ქართლის შორენკეცებზეც  ეს თემები, ყოველგვარი ნარატიული დეტალების გარეშე, შეკვეცილი იკონოგრაფიული რედაქციებით, ლაკონიური, მარტივი კომპოზიციური სქემებით გადმოიცემა, როგორც ამა თუ იმ იდეის გამომხატველი მკაფიო სიმბოლო. აქვე აღსანიშნავია, რომ ყანჩაეთის კაბენის კერამიკულ ფილებზე წარმოდგენილი „დავითისა და გოლიათის შერკინების“ სიუჟეტზე შექმნილი კომპოზიცია (რამდენადაც ცნობილია) ქვის რელიეფებზე არ შემორჩენილა. ეს ორიგინალურად გადაწყვეტილი კომპოზიცია, სოფ. ქურთას შორენკეცის დავით წინასწარმეტყველის გამოსახულებასთან ერთად, ავსებს და ამდიდრებს შუა საუკუნეების ქართულ რელიეფურ პლასტიკაში ასახულ ძველი აღთქმის თემატიკას.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ შევეხოთ ამ ფილების თავდაპირველი მდებარეობისა და ფუნქციის საკითს - ჩვენთვის ცნობილია წირქოლის ტაძარში აღმოჩენილი შორენკეცების თავდაპირველი მდებარეობა, რასაც დანამდვილებით ვერ ვიტყვით ყანჩაეთის ფილებზე, რადგან პირვანდელი ეკლესიის სახე XIII ს.-ის რეკონსტრუქციით სრულიად შეცვლილია, შორენკეცები კი, აღდგენილი ეკლესიის კედლებში - ხელმეორედ გამოყენებული. სავარაუდოა, რომ ყანჩაეთის თავდაპირველ ეკლესიაშიც ეს ფილები სახურავზე იქნებოდა განთავსებული. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ საკრალურგამოსახულებიანი შორენკეცები მრევლისთვის ადვილად სახილველ ადგილებზე - ტაძრის ფასადებსა ან ინტერიერის კედლებში ყოფილიყო ჩასმული, როგორც სალოცავი ხატები. ცხადია, ყველა შემთხვევაში ამ გამოსახულებებს  დამცველობითი, მფარველობითი ფუნქცია უნდა ჰქონოდათ. საქართველოში მსგავსი რელიეფურგამოსახულებიანი კერამიკული ფილების მხოლოდ რამოდენიმე ნიმუშია ჩვენთვის ცნობილი. ასეთია, მაგალითად, მოსაპირკეთებელი ფილა საღარაშენიდან (თეთრი წყაროს რ-ი)დ. თუმანიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი, დ. ხოშტარია, დასახ. ნაშრ. გვ. 215, სურ. 215, რელიეფური ფილის ფრაგმენტი ურბნისიდან, რომლებზეც მხოლოდ ცხოველთა, ფრინველთა, მცენარეთა თუ სხვა ცალკეული სიმბოლური გამოსახულებებია მოცემული და არა ანტროპომორფული ან სიუჟეტური სცენები.
შიდა ქართლის შორენკეცებისთვის საინტერესო პარალელურ მასალას წარმოადგენს მაკედონიაში, ვინიცა-კალეს ციხის არქეოლოგიური გათხრების დროს (1985წ.) ერთ-ერთი ეკლესიის კედლებს შორის აღმოჩენილი ტერაკოტის რელიეფური ხატები, რომლებზეც ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებია ასახულიCh.Walter, The Warrior Saints in Byzantine Art and Tradition, Ashgale, 2003, gv. 52-55, 125, tab. 24, 25. ყოველ ფილას ლათინური განმარტებითი წარწერა ახლავს, რის მიხედვითაც კრისტოფერ ვალტერი მათ VI-VIII სს-ით ათარიღებს- ამ პერიოდში მაკედონია ჯერ კიდევ რომის გავლენის სფეროში შედიოდა, 733 წლიდან კი, იმპერატორმა ლეონ III (717-741 წწ) ეს ტერიტორია ბიზანტიას დაუქვემდებარა. Ch.Walter, დასახ. ნაშრ. გვ. 52. იგი აღნიშნავს, რომ ასეთი რელიეფურგამოსახულებიანი კერამიკული ფილები უნიკალურია და პარალელად ბულგარეთში, ტუზალკაში (პრესლავის მიდამოები) აღმოჩენილი IX ს.-ის კერამიკული ნიმუშები, ასევე, კოპტური და არაბული არტეფაქტები მოჰყავს Ch.Walter, დასახ. ნაშრ. გვ. 52-55.
ვფიქრობ, რომ შიდა ქართლის შორენკეცებიც, თავისი მხატვრულ-იკონოგრაფიული თავისებურებებით, მასალითა თუ დანიშნულებით, ასევე უნიკალურია და შუა საუკუნეების იმ იშვიათ ძეგლთა რიცხვს განეკუთვნება, როგორსაც მაკედონიისა თუ ბულგარეთის კერამიკული ფილები. ამიტომ მათი კვლევა და წარმოჩენა მნიშვნელოვანია არა მარტო ქართული, არამედ ზოგადად აღმოსავლეთ ქრისტიანული ხელოვნებისთვის.

ნანახია: 15782-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani