Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ერეკლე ბაგრატიონის საცხოვრებელი სახლი თბილისში, მისი მნიშვნელობა და ადგილი ქალაქის XIX საუკუნის არქიტექტურის განვითარების ისტორიაში.

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ჩვეულებრივ თვლიან, რომ ძველი თბილისი, ვგულისხმობთ მის ისტორიულად ჩამოყალიბებულ  განაშენიანებას,  ამჟამად უკვე მთლიანადაა  შესწავლილი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც  გვხვდება შემთხვევები, როდესაც ახლად მოპოვებული  ცნობები არა მარტო აზუსტებს, არამედ,  ზოგ შემთხვევაში, ცვლის კიდევაც არსებულ წარმოდგენას ამა თუ იმ შენობა-ნაგებობაზე.  ჩვენი აზრით, ასეთ შემთხვევას  მიეკუთვნება ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების კუთხეში მდებარე საცხოვრებელი სახლი, # 9/1.
1 (1)1 (2)
ეს არის ქვის სამსართულიანი სახლი (ილ. 1), რომელსაც  საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (სააღრიცხვო ბარათი # 010408118), აქვე აღნიშნულია მისი აგების თარიღი - მე-19 საუკუნის დასასრული. საქართველოს ეროვნულ არქივში მუშაობისას, სხვა საარქივო დოკუმენტებთან ერთად შემხვდა ისეთიც, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული იყო აღნიშნული სახლის მშენებლობის ისტორიასთან. ამ საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული სახლის  პროექტი ჯერ კიდევ 1849 წელს შედგა, დამტკიცებულ კი იქნა 1849 წლის  29  სექტემბერს (ყველა თარიღი მოცემულია ძვ.სტილით). მისი მშენებლობა 1850 წლის 4 იანვარს დაიწყო, ხოლო,  ფაქტობრივად, იგი აშენდა უკვე  1851 წელს. აქ უნდა ითქვას ისიც, რომ სახლი, ერთი შეხედვით, მართლაც თავისი გარეგნული სახით უფრო გვიანდელი პერიოდის  ნაგებობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე ის სინამდვილეში  არის. ასევე,  როგორც  მოწმობს  საარქივო მასალები,  სახლის მეპატრონე იყო შტაბს-კაპიტანი, უგანათლებულესი თავადი ერეკლე ბაგრატიონ-გრუზინსკი (1827-82), ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე, ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი. თავდაპირველი პროექტის მიხედვით სახლი ორსართულიანი იყო (დამხმარე სათავსოებითურთ), (ილ. 2) მესამე სართული მას 1932-34 წლებში დააშენეს, თბილისელი არქიტექტორის, მიხეილ კალაშნიკოვის (1886-1969) პროექტით. სახლის დღეისათვის მიღებულ და მისი რეალური აგების თარიღებს შორის კვლევის შედეგად დადგენილი 40-45 წლიანი სხვაობა, ჩვენი აზრით, გარკვეულ გავლენას ახდენს და კიდევაც ზრდის მისი, როგორც ძეგლის ისტორიულ-არქიტექტურულ ღირებულებას. ეს განპირობებულია იმით რომ, როგორც  გაირკვა, იგი მიეკუთვნება თბილისის არქიტექტურის XIX საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარს, როდესაც დაიწყო  ე.წ. ევროპეიზაციის  პროცესი, რომელიც არა მარტო არქიტექტურას, არამედ, ცხოვრების სხვა სფეროსაც შეეხო. რა თქმა უნდა, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, როგორც ამ პერიოდის ერთ-ერთი დღემდე შემორჩენილი ნაგებობა და, რაც მთავარია, თითქმის მთლიანობაში შემორჩენილი თავისი თავდაპირველი გარეგნული სახით, გარკვეულწილად, ასახავს იმ ისტორიულ ვითარებას და იმ პირობებს, რომლებიც საფუძვლად ედო აღნიშნულ  პროცესს. აქედან გამომდინარე, მან შესაბამისი  ადგილი უნდა დაიკავოს თბილისის XIX საუკუნის არქიტექტურის განვითარების ისტორიაში.  გარკვეულწილად, ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი შევადაროთ XIX საუკუნის დასაწყისში მიმდინარე პროცესს, როდესაც რუსული ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ქვეყნის და, კერძოდ, თბილისის არქიტექტურაში, ადგილობრივი პირობების გაუთვალისწინებლად მოხდა სრულიად უცნობი, გვიანი კლასიციზმის (ამპირის) „დეკრეტით“ დანერგვა, რომელიც მაშინ წარმოადგენდა მთელი იმპერიის ოფიციალურ სტილს. თუ ოფიციალურ მშენებლობაში ეს კიდევ შესაძლებელი იყო, ქალაქის საცხოვრებელი სახლის არქიტექტურაში ახალი ფორმების გადმონერგვა შეუძლებელი გახდა. იწყება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი,  რომლის შედეგად XIX საუკუნის 40-იან წლებში ჩამოყალიბდა ძველი თბილისური საცხოვრებელი სახლის გარეგნული სახე. ჩვენი აზრით,  განსხვავება ამ ორ პროცესს შორის  არის, ვინაიდან, ამჟამად, „ევროპეიზაციის“ პროცესის შემთხვევაში საქმე მაინც სხვანაირად იყო. პირველ რიგში, არ ყოფილა მიღებული რაიმე  „დეკრეტი“ დანერგვის შესახებ, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნება, ალბათ, არსებობდა. ისიც  გასათვალისწინებელია,  რომ თვით საზოგადოებაც ან, ყოველ შემთხვევაში, მისი  ნაწილი ამ ცვლილებებისათვის უკვე მზად იყო  და, რაც მთავარია, რაზეც მიუთითებს აღნიშნული სახლი, ეს იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, „თავისუფალი“, ნებაყოფლობითი პროცესი, როდესაც ქალაქის ყველა მაცხოვრებელს უფლება ჰქონდა აეშენებინა თავისი სახლი მის მიერ შერჩეული არქიტექტურული „სტილით“ ამავე დროს, ეს პროცესი თანდათანობით კი არა, (როგორც მანამდე, ე.ი. საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე) არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას,  „პარალელურად“,  თანადროულად მიმდინარეობდა. მაგალითად, აღნიშნულ სახლთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის თანადროულად ან დროის მოკლე მონაკვეთში დამტკიცებულია პროექტები და იწყება მშენებლობა: ე.ბაგრატიონის სახლის „ევროპულ სტილში“, ლეონიძის ქ., 9/1, რომლის პროექტი დამტკიცებულია 1849 წლის 29 სექტემბერს (ილ. 2); ძველი თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლის (თავდაპირველი ვარიანტი, პროექტი დამტკიცებულია 1850 წლის 11 იანვარს, ინგოროყვას ქ., # 4), (ილ. 3), და ე.წ. ლემკულის „გუთურ-თბილისური“ სახლისა, პროექტი 1851 წლისა (ამჟამად, მისი ფასადის დამუშავება შეცვლილია, ლეონიძის, ქ., # 10), (ილ. 4) საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა „ევროპულმა“, თუმცა, ეს მოსალოდნელის  იყო,  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო უკვე ექცევა სრულიად ევროპული განვითარების არეალში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახლის მეპატრონე იყო  თავადი ერეკლე გრუზინსკი, საზოგადო მოღვაწე, რომელიც ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას: იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი; მისი ინიციატივით მთაწმინდასა და ავლაბარში ორი ქართული სკოლა გაიხსნა. მისი გარდაცვალების შემდეგ (დაკრძალულია მცხეთაში - სვეტიცხოველში) სახლის მეპატრონე გახდა მისი მეუღლე, უგანათლებულესი თავადის ქალი თამარ ბაგრატიონ-გრუზინსკი (ქალიშვილობაში თამარ დავითის ასული ჭავჭავაძე, 1852-1933).  ვვარაუდობთ, რომ სახლი ბაგრატიონების საკუთრებაში  1910-იანი წლების ბოლომდე რჩებოდა და ის გარემოება, რომ მან  შეინარჩუნა თავისი პირვანდელი სახე, გარკვეულწილად, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ იგი მრავალი წლის მანძილზე იყო ერთი ოჯახის მფლობელობაში. ასევე, ბაგრატიონებს ეკუთვნოდა ამ სახლის გაგრძელებაზე, ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე კიდევ ერთი სახლი (ლეონიძის ქ., # 7/2), რომლის პროექტი  1863 წელს შეადგინა თბილისელმა არქიტექტორმა, ალბერტ ზალცმანმა.
1 (3)1 (4)
შეიძლება ითქვას, რომ ე. გრუზინსკის სახლის არქიტექტურა თანამედროვეთა  მაღალ  შეფასებას იმსახურებდა (ილ.  5, 6). გაზეთი „კავკაზი“ 1852 წლის, 12 მარტის, # 47-ში გამოქვეყნებულ ფელეტონში წერს. რომ: „... სოლოლაკისა (ლეონიძის,- თ.გ.) და ლაბორატორიის (ინგოროყვას,- თ.გ.) ქუჩების კუთხეში აღმართულია ახალი, მშვენიერი არქიტექტურის, ორსართულიანი სახლი, გარშემორტყმული ბაღებით, რომელსაც შეეძლო ღირსეული ადგილი დაეკავა ნევის პროსპექტზეც“. იგივე გაზეთი „კავკაზი“ 1853 წლის, 6 ივნისის, # 42-ში გამოქვეყნებულ სტატიაში - „ტიფლისი. საქალაქო ქრონიკა“ აღნიშნავს, რომ „..., არ შეიძლება დავტოვოთ ყურადღების გარეშე (საუბარია საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე, - თ.გ.)  კერძო ნაგებობებიც, რომლებიც ძალიან უწყობენ ხელს თბილისის გალამაზებას;“... და შემდეგ „...არ შეგვიძლია თავი შევიკავოთ და არ ვახსენოთ... თავად გრუზინსკის სახლი, რომელიც რომაელი პატრიციების სასახლეებს მოგვაგონებს“. მეფისნაცვალი, თავადი მიხეილ ვორონცოვი ამიერკავკასიის საზოგადოებრივ მზრუნველობის უწყებაში გაგზავნილ წერილში  (1850 წლის, ოქტომბერი)  წერს, რომ „ადიუტანტი ჩემი შტაბს-კაპიტანი თავადი ერეკლე გრუზინსკი ამთავრებს თავისი კაპიტალური, ქვის სახლის მშენებლობას... სოლოლაკში და შეუდგა მის შეფასებას საზოგადოებრივ მზრუნველობის უწყებაში დასაგირავებლად“. ამასთან დაკავშირებით იგი მიიჩნევს, რომ თუ მივიღებთ მხედველობაში თავად გრუზინსკის ნაგებობის  მნიშვნელობას და იმ ადგილის ღირებულებას, რომელზედაც იგი შენდება, სთავაზობს უწყებას მოახდინოს სახლის წინასწარი, მშენებლობის დასრულებამდე შეფასება გირაოს მისაღებად.  თვით ერეკლე გრუზინსკიც ერთ-ერთ ოფიციალურ წერილში (1853 წლის 12 ოქტომბერი) აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ხარისხით და მოხდენილი დამუშავებით ეს სახლი  თბილისში საუკეთესოა  ყველა მანამდე აშენებულ სახლებთან შედარებით“ (გულისხმობს მის ღირებულებას  ქალაქგეგმარების თვალსაზრისით - თ.გ.) რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს ჩვენთვის წარმოადგენს ამ სახლის პროექტის ავტორის ვინაობა. სამწუხაროდ, არც ერთ ჩვენს მიერ მოპოვებულ საარქივო დოკუმენტში ან, თუნდაც, იმდროინდელი პრესის ფურცლებზე იგი არ არის მოხსენიებული. როგორც ჩანს,  ამის დადგენას ან, უფრო სწორედ, ვარაუდის გამოთქმას გარკვეულ  მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებულ მოსაზრებებზე დაყრდნობით უნდა შევეცადოთ.  ვფიქრობთ, რომ, ალბათ, ავტორი უნდა ვეძებოთ იმ არქიტექტორთა შორის, რომლებიც იმ წლებში ეწეოდნენ არქიტექტურულ მოღვაწეობას თბილისში. იმ დროს იყო შემდეგი არქიტექტურული თანამდებობები: საგუბერნიო არქიტექტორი და მისი თანაშემწე, თბილისის საქალაქო არქიტექტორი და მისი თანაშემწე და მეფისნაცვლის კანცელარიის არქიტექტორი. ჩვენი აზრით, მათ შორის უნდა მოხდეს აღნიშნული სახლის პროექტის სავარაუდო ავტორის დადგენა, ვინაიდან თავისუფალი ანუ კერძოდ მოღვაწე არქიტექტორების არსებობა იმ პერიოდში ალბათ გამორიცხულია.
1 (5)
1 (6)
1836-დან 1864 ww.-მდე თბილისის საგუბერნიო არქიტექტორი იყო ტიმოთე ბელოი. როგორც აღნიშნავს აკად. ვ. ბერიძე, მას არავითარი სპეციალური განათლება არ მიუღია, მან მხოლოდ პრაქტიკულად შეიძინა სახუროთმოძღვრო ცოდნა. ამასთანავე, მის მიერ შესრულებული პროექტები არ გვაძლევს უფლებას, ჩავთვალოთ იგი ამ სახლის არქიტექტურის ავტორად; იგივე შეიძლება ითქვას მიხეილ ტანაევცოვის (1812 – 27. VI.1850) შესახებ. იგი სამხედრო პირი იყო, საინჟინრო რაზმში მსახურობდა. 1847 წლის 11 ივნისს დანიშნეს თბილისის საქალაქო არქიტექტორის თანაშემწედ, ხოლო, 1849 წლის 15 მარტს - საგუბერნიო არქიტექტორის თანაშემწედ. საქართველოს ეროვნულ არქივში შენარჩუნებულია მისი რამდენიმე სქემატურად შესრულებული სახლის პროექტი; ედვინ რაისი 1849 წლის მარტში დაინიშნა თბილისის საქალაქო არქიტექტორის  თანაშემწედ. მანამდე, 1840-იან წლების დასაწყისში მუშაობდა ყირიმში, ალუპკაში, თავად მ. ვორონცოვის საყოველთაოდ ცნობილი სასახლის მშენებლობაზე, როგორც ინგლისიდან მოწვეული ავეჯის ოსტატი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მან განაგრძო მუშაობა ყირიმში, კერძოდ, არქიტექტორად იალტაში, საცხოვრებელი სახლების პროექტირებაზე, თუმცა, ჩვენი მონაცემებით მას არ ჰქონდა ამისათვის მიღებული სათანადო სპეციალური განათლება. ერთ-ერთ საარქივო საბუთზე, რომელიც ეხება ერეკლე გრუზინსკის სახლის მშენებლობას, არის ე.რაისის  ხელმოწერა,  რომლითაც იგი, როგორც საქალაქო არქიტექტორის თანაშემწე, მხოლოდ ადასტურებს პროექტის მიღებას არქივში შესანახად. 1873-1878 წლებში,  ე. რაისის პროექტით განხორციელდა დადიანების სამთავრო რეზიდენციების მთავარი - დედოფლისეული  სასახლის რეკონსტრუქცია ზუგდიდში. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მ.ვორონცოვის სასახლის დასრულებისა და დადიანების სასახლის მშენებლობის დაწყებას შორის 25 წელია, ამ უკანასკნელის  არქიტექტურაში აშკარად იგრძნობა „ნეოგოთიკის“, ე.წ. ტიუდორების სტილისა და „მავრული სტილის“ ელემენტების, ანუ, ზოგადად, ალუპკის სასახლის არქიტექტურის გავლენა, რომელიც, როგორც ჩანს, დიდ გავლენას ახდენდა ე.რაისზე, როგორც არქიტექტორზე. კიდევ ერთი: მართალია, ეს არაა აუცილებელი, მაგრამ, ჩვეულებრივ მიღებულია, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ თუ ჩნდება გარკვეული საპროექტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, ამას ავალებენ  შენობის ავტორს. ამ შემთხვევაში, დამატებითი პროექტის (ვგულისხმობთ დამხმარე სათავსოების მიშენება) ავტორი იყო სხვა არქიტექტორი, თუმცა, 1854 წელს ე. რაისი  იმყოფებოდა და მუშაობდა თბილისში; შემდეგი არქიტექტორია ნარკიზ ზბორჟევსკი - თბილისის სამოქალაქო არქიტექტორი 1848-51 წლებში, რომელმაც 1838 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია კლასგარეშე მხატვრის წოდებით. ერეკლე გრუზინსკის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით იგი მოხსენიებულია ერთ-ერთ საარქი ვო საბუთში, მაგრამ როგორც საქალაქო არქიტექტორი, რომელსაც ევალებოდა სახლის საძირკვლის დაკვალვა. თბილისში იგი სხვადასხვა  „სტილით“  აშენებს კერძო საცხოვრებელ სახლებს. აღსანიშნავია, რომ  აკად. ვ. ბერიძე, როდესაც განიხილავს ნ. ზბორჯევსკის მიერ 1849 წელს აშენებულ (უფრო სწორად, გადაკეთებულ- თ.გ.) კ. ფალავანდიშვილის და მ. კიკნაძის სახლებს, პირველ რიგში აღნიშნავს „ფასადთა დამუშავების დაქუცმაცებას“, რაც, ჩვენი აზრით, არ ახასიათებს ერეკლე გრუზინსკის სახლის ფასადს, რომელიც ადვილი აღსაქმელია თავისი  დამუშავების ხასიათით. ნ. ზბორჟევსკის სხვა აგებული სახლების დადგენა დღეს აღარ ხერხდება, თუ  არ ჩავთვლით კიდევ ერთ სახლს. ეს არის  ს.ბოგდანოვის სახლი, რომელიც 1849 წელს აშენდა გოლოვინის (ამჟამად რუსთაველის) პროსპექტზე. დაბოლოს, დაგვრჩა კიდევ ერთი არქიტექტორი - ჯოვანი სკუდიერი, რომელიც იმ დროს მუშაობდა მეფისნაცვლის კანცელარიაში არქიტექტორად. როგორც ცნობილია, თავის შემოქმედებაში ის იყენებდა უშუალოდ ევროპიდან ნასესხებ დეტალებს და ელემენტებს, ძირითადად, რენესანსის პერიოდის ფორმებს XIX საუკუნის არქიტექტურის ინტერპრეტაციით. თანამედროვენი თვლიდნენ ჯ. სკუდიერს იმ არქიტექტორად, რომელიც ავრცელებდა „იტალიურ სტილს“ თბილისის არქიტექტურაში. იმდროინდელი პრესა მიიჩნევდა, რომ „ახლა კი უპირატესობა ენიჭება სუფთა იტალიურ სტილს“ და შემდეგ: „რომლის (ე.ი. ჯ. სკუდიერის, - თ.გ.) ახალი შენობების პროექტები მალე აქცევენ ჩვენს ქალაქს ღირსშესანიშნავ ქალაქად იტალიური სტილის მოხდენილი ნაგებობებით“ (გაზეთი „კავკაზი“, 23 ნოემბერი 1846 წლის, # 47). მის მიერ შესრულებული პროექტები საშუალებას გვაძლევეს ვივარაუდოთ, რომ პროექტზე მუშაობისას არქიტექტორი არა მხოლოდ ცალკე მდგომ შენობას წარმოიდგენდა, არამედ, იმავე დროს, ქალაქის იმ ნაწილსაც, სადაც ის შენდებოდა, ანუ ითვალისწინებდა ქალაქგეგმარებით ასპექტს. ცნობილია ისიც, რომ მეფისნაცვალი თავადი მ.ვორონცოვი ჯ.სკუდიერს ანდობდა ყველაზე მნიშვნელოვან ნაგებობათა პროექტების შედგენას. კერძოდ, 1848 წლის დეკემბერში მეფისნაცვალმა ქუთაისში, კაპიტან ვიტეს მიერ (ქუთაისის თეთრი ხიდის პროექტის ავტორი) შედგენილი ორი პროექტი დაიწუნა და ახლის შედგენა ჯ. სკუდიერს დაავალა. შეიძლება ისიც გავიხსენოთ, რომ ეს ის წლებია, როდესაც  ე. გრუზინსკის სახლის მახლობლად  ჯ. სკუდიერი აშენებდა საოპერო თეატრს, 1849 წლის დასაწყისში მისი პროექტით დაიწყო იმავე ერევანსკის მოედანზე ქალაქის პოლიციის შენობის აგება (ახლანდელი თბილისის საკრებულოს შენობა). აღსანიშნავია, რომ თავადი ე.გრუზინსკი იმ  წლებში  იყო მეფისნაცვლის, მ. ვორონცოვის  პირადი ადიუტანტი, ჯოვანი სკუდიერი კი, შეიძლება ასე ითქვათ, მისი პირადი არქიტექტორი. ძნელად დასაშვებია, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და  არ ჰქონოდათ  გარკვეული ურთიერთობა. ისიც გამორიცხულია, რომ  ე. გრუზინსკის არ სცოდნოდა მეფისნაცვლის დამოკიდებულება ჯ.სკუდიერის, როგორც არქიტექტორის, მიმართ. აქ ვგულისხმობთ იმას, რომ, როგორც ცნობილია, მ. ვორონცოვი იყო პიროვნება, რომელიც საკმაოდ კარგად ერკვეოდა არქიტექტურისა და ხელოვნების საკითხებში. ასევე, ალბათ,  მხედველობაში მისაღები არის ისიც, რომ  მ.ვორონცოვი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ე. გრუზინსკის სახლის მშენებლობაში. შორს რომ არ წავიდეთ, მისი მითითებით დანიშნული იყო „ვაჭრობა“ (აუქციონი), რომელზედაც გასასყიდად (1849 წლის 15 და 19 აპრილს) გამოტანილ იქნა  თბილისში, რომაულ კათოლიკურ ეკლესიის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი (ბაღი, ფართით 4200 კვ.მ.), რომელიც შეიძინა თავადმა ე.გრუზინსკიმ  ანუ „უმაღლესი ფასი გამოაცხადა“. ასევე, მ. ვორონცოვი, როგორც უკვე იყო აღნიშნული, მას ხელს უწყობდა სესხის მიღებაში საზოგადოებრივი მზრუნველობის უწყებაში. ასევე, როგორც ჩვენ ვიცით, ე.გრუზინსკი ერთ-ერთ ოფიციალურ წერილში წერს, რომ მისი „... სახლი  თბილისში საუკეთესოა...“,  გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ  სახლის მშენებლობისას გამოყენებული იყო  საუკეთესო სამშენებლო  მასალები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ ის, ალბათ, იმასაც  ითვალისწინებდა, რომ „საუკეთესო“ სახლის აგებას და „საუკეთესო“ მასალებს, „საუკეთესო“ არქიტექტორიც ესაჭიროებოდა. ყველაფერმა ამან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ  შეაჩერა მისი არჩევანი ჯ. სკუდიერზე. გარდა ამისა, ჯ. სკუდიერის დასაშვებ ავტორობაზე შეიძლება მიუთითებდეს სახლის არქიტექტურაც: სახლის ფასადის დამუშავების დროს გამოყენებულია რენესანსული ფორმები. სახლს, როგორც ვნახეთ, რომაელი პატრიციების სასახლეებს ადარებენ,  რაც,  გარკვეულწილად, შესაძლოა ჩავთვალოთ, „იტალიურ სტილს“ გულისხმობდა; სახლს  აქვს ნამდვილი სადარბაზო შესასვლელი, ნამდვილი ვესტიბიული  (ჰოლი), (ილ. 7, 8) რომლის ადრინდელი ნიმუში, აკად. ვ. ბერიძის ცნობით, გვხვდება 1846 წელს ერთ-ერთი  სახლის პროექტში, რომელიც ჯ. სკუდიერიმ შეადგინა;  სახლი ააგეს  სოლოლაკის და ლაბორატორიის ქუჩების კუთხეში, რაც განპირობებული იყო ქალაქგეგმარების თვალსაზრისით - ლაბორატორიის ქუჩის  საწყისი მონაკვეთის დაფიქსირების საჭიროება (ილ. 9, 10). სხვა შემთხვევაში,  შეიძლებოდა, მაგალითად,  სახლი აშენებულიყო ნაკვეთის სიღრმეში, სადაც გარშემორტყმული იქნებოდა ბაღებით. საინტერესოდაა, რა თქმა უნდა ჩვენი აზრით,  გადაწყვეტილი სახლის კუთხე ან, შეიძლება ასე ითქვას, მისი მინიშნება. ინტერესი ე. გრუზინსკის სახლის მიმართ არ იფარგლება მარტო ზემოაღნიშნულით. არის სხვა საკითხებიც, რომლებიც ასევე იწვევს ჩვენ ინტერესს:  კერძოდ, სახლის სადარბაზო ვესტიბიულით (ჰოლით), რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ადრინდელი ნიმუში თბილისში; მისი ფასადის დამუშავებისას საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ გამოყენებული აკადემიური კანონების დაცვით აგებული ორდერი; სახლის გეგმა, რომელიც თავის კონფიგურაციით და, რაც მთავარია, დაგეგმარების პრინციპით,  გვაგონებს მომდევნო წლებში, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ძალიან პოპულარულ (რუსული ასო Г- ს მსგავსი) სახლის ტიპს, სადაც ჩნდება ეზოს ფლიგელი, დაკავშირებული სახლის ძირითად  ბლოკთან, სადაც განლაგებულია დამხმარე სათავსოები (ილ. 11); ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია სახლის ეზოს აივნის სახე (ილ. 10,12), ეკუთვნოდა თუ არა მას  შემორჩენილი ხის  ფრაგმენტები, ხომ არ ჰქონდა ორივე სართულს ერთმანეთის თავზე აივანი (ილ. 13, 14). მაგრამ, ჯერ ერთი, სტატიის ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას და მეორეც, მეორეც, ამას სჭირდება უფრო დეტალური, სპეციალური კვლევა, თუნდაც, ზონდაჟების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ თუ წარმოდგენილი ვერსია ჯ. სკუდიერის ავტორობის შესახებ მისაღებია, ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი, ვინაიდან ჯ.სკუდიერის მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებიდან ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ: ე.წ.მშრალი ხიდი, ორი გრიფონი, რომლებიც შემორჩენილია საოპერო თეატრისაგან, ახალი კუკიის ანუ ქალაქის მარცხენა ნაპირის დაგეგმარება და ახლანდელი საკრებულოს შენობა, რომელსაც შეცვლილი აქვს ფასადი და დაშენებული მესამე სართული, მაგრამ იგი მაინც მთლიანობაში ინარჩუნებს თავის თავდაპირველ კომპოზიციას. ამ ჩამონათვალს შეიძლება დაემატოს, ქალაქის ისტორიის თვალსაზრისით, ფრიად მნიშვნელოვანი, თავად გრუზინსკის საცხოვრებელი სახლი.  მიგვაჩნია, რომ სასურველია სახლის სრული რესტავრაცია, ამავე დროს, შესაძლოა მას მიეცეს საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის ფუნქცია. დღეს, თბილისში არსებობს ორბელიანის სახლი, მუხრან-ბატონის სახლი და რატომ არ შეიძლება, მათ დაემატოს ბაგრატიონის სახლიც. რამდენად ეს  რეალურია, არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ ამ სახლის მიმართ აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება და, რაც მთავარია, შენარჩუნებული უნდა იყოს ის ავთენტიკური ფრაგმენტები, რის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება.
1 (7)1 (8)
1 (9)
1 (10)
1 (11)
1 (12)
1 (13)
1 (14)
ბიბლიოგრაფია
1.    ბერიძე ვახტანგ, თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-1917 წლები, ტ. 1, თბ., 1960, ტ. 2., თბ. 1963;
2.    ბეჟანიშვილი გიორგი დიმიტრის ძე, პირადი ფონდი 156, აღწერა, 1, თბილისის ცენტრალური არქივი;

3.     გერსამია თამაზ, ჯოვანი სკუდიერი, თბ., 2016;

4.    საქართველოს ეროვნული არქივი. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი,   ფონდი 205, აღ. 1, # 616, # 1120, ფონდი 4, აღ. 2, # 2680.
5.  https://nobility.pro › statia › 31-bagration-gruzinski-ira... ბიოგრაფია

ნანახია: 3122-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani